ბუნების ძახილი

გააზიარე:

დარვინის ევოლუციის თეორია აწ უკვე ყოფილ საბჭოთა კავშირში, ვფიქრობ, არავის ესწავლება ― ცოტა ხნის წინ მისი დაზუთხვის გარეშე არამცთუ ხუთიანს, ატესტატსაც კი არავინ გაღირსებდა. მასში ეჭვის შეტანას ხომ ლამის სამშობლოს ღალატთან აიგივებდნენ... დღეს რწმენის სრული თავისუფლებაა: გნებავთ,საკუთარ წინაპრად მაიმუნი აღიარეთ, საწოლ ოთახში მისი პორტრეტი ჩამოიკიდეთ და გულმოდგინედ შეუდექით მსგავსების ძებნას, გნებავთ, ირწმუნეთ, რომ იმ თიხასთან ერთად, შემოქმედმა რომ აირჩია სულის ჩასაბერად, მიწიერი ბუნებაც შევითვისეთ. ასეა თუ ისე, ჩვენი სურვილები თუ ქცევა უმეტესად სწორედ სამყაროსავით ძველი ცხოველური ინსტინქტებით აიხსნება. საით მიგვერეკებიან ჩვენს არსებაში ჩამალული ბუნების ხმები? ღირს კი მათი ჩახშობა? საშიშია თუ არა მათ დაკრულზე ცეკვა? იმის მტკიცება, მე ასეთი არაფერი მემართებაო, სირაქლემასავით თავის ქვიშაში ჩარგვას ჰგავს. საკუთარი სამშვინველის ბნელ კუთხეებში შეჭყეტა და საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარება ურიგო ნამდვილად არ უნდა იყოს. ის კი არა, უმცროსი ძმებისგან რაღაც-რაღაცების სწავლაც არ გვაწყენდა...

მშვიდობისა და თანხმობისთვის
მოდით, განათლება ჩვენივე ვითომ წინაპრისგან დავიწყოთ. თქვენი აზრით, როგორ მოიქცევა ორი პრიმატი, თუ რამე ვერ გაიყო და ჩხუბი მოუვიდა? გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – მალე აგრესორიცა და მსხვერპლიც შერიგების გზას დაუწყებენ ძებნას. თანაც არავითარი “სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი” და “არავის საქმეში არ ვერევი მე” აქ არ მოქმედებს – შინა არეულობა ტომს გადარჩენისთვის ბრძოლაში ხელს უშლის, ამიტომ თუ მოჩხუბრები თვითონვე არ მოეგნენ გონს, მათ შერიგებაში, ბელადებით დაწყებული, ყველაზე მიმზიდველი მდედრით დამთავრებული, მთელი ტომი მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება “ნეკი-ნეკისას”, შერიგების გამოხატვის ფორმებით პრიმატები ჩვენგან მაინცდამაინც შორს არ წასულან – მურა მაკაკები მოწინააღმდეგეს თეძოებზე ეფერებიან, შიმპანზეები ერთმანეთს კოცნიან.
იცით, რომელი მაიმუნი დგამს პირველ ნაბიჯს? ის, რომელიც უფრო ძლიერია. თანაც რაც უფრო მეტი ხვეული აქვს ტვინზე მაიმუნს, მით უფრო მოსალოდნელია, ეს როლი სწორედ აგრესორმა იტვირთოს. ადამიანთა სამყაროში ამ მხრივ ყველას პირველ-მეორეკლასელი ბავშვები ჯობნიან. ზრდასრულები ამ თვალსაზრისით მაკაკებზე უფრო დაბლა დგანან.

ფეხის ხმას აყოლილნი
მშვიდობა და ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ხანდახან სიმშვიდის ნიღაბს საძრახისი ცნება “კონფორმიზმი” ეფარება. საკუთარ პოზიციაზე 
უარის თქმა და სხვისი ფეხის ხმის აყოლა ადამიანისთვის ჩვეული ამბავია. ამ მხრივ ჩვენგან არც ცხოველები განსხვავდებიან. ვაცს მორჩილად ადევნებული ცხვრის ფარა ალბათ საკუთარი თვალითაც გინახავთ, გორილებს მწყობრში სიარული და “უფროსების” მორჩილება ჰყვარებიათ, მაკაკები კი თურმე თანატომელთა საჯარო დასჯას აღმერთებენ და შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ შერცხვენილს ერთი-ორი თვითონაც წაუთაქონ.
ადამიანთა სამყაროში კი საქმე გაცილებით რთულად არის. ყველა მთავრობას მორგებულ მედროვეებზე საუბარს ამჯერად არ ვაპირებ. კონფორმიზმის უფრო ნაკლებად საშიში და ადამიანურად გასაგები ვარიანტებიც არსებობს. ზოგი საკუთარ თავს არ ენდობა და იოლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, ზოგს კი სასჯელისა თუ გარიყვის შიში აიძულებს, სხვის დასანახად დაეთანხმოს იმას, რასაც მთელი შინაგანი არსებით აპროტესტებს. ვაღიაროთ: შიში თუ დაბნეულობა ამა თუ იმ სიტუაციაში ყოველ ჩვენგანს იპყრობს, ასე რომ, კონფორმიზმით ყველა ვცოდავთ. რაც უფრო ნაკლებად დემოკრატიულია ქვეყანა და ნაკლებად თავდაჯერებული – მისი მოქალაქე, მით უფრო მეტად მოსალოდნელია, აზრის გამოთქმა ვერ გაბედოს, კოლექტივს არ გაემიჯნოს, მაგრამ ამაში ინსტინქტს ბრალი არ მიუძღვის – გადაწყვეტილებას ყოველი ჩვენგანი გააზრებულად იღებს. თუ ბრბოში თავს ვკარგავთ, პირველყოფილ მდგომარეობას ვუბრუნდებით და ჯოგურ ინსტინქტს ვემორჩილებით, გონებას უნდა დავაბრალოთ და არა ბუნების ძახილს.

ადამ და ევადან
ის, რამაც “ირემი, მთასა მყვირალი” ბარად ჩამოაგდო, ფარშევანგს ათასფერად მოუხატა კუდი, აღმა წყალში სამშობლოსკენ დაძრა ორაგული, სამყაროსავით ძველია. ცხოველებს თავი დავანებოთ – ადამიანთა არჩევანშიც კი მეცნიერებმა ინსტინქტური კანონზომიერებები აღმოაჩინეს. BBC-ის მაყურებელ 18 000 ქალს მამაკაცის ორი პორტრეტის შეფასება შესთავაზეს. აღმოჩნდა, რომ ფართო სახე, ხშირი წარბები, კვადრატული ნიკაპი უმრავლესობის თვალში სიცრუესთან, სისასტიკესთან, ორგულობასთან ასოცირდებოდა, უფრო ნაზი ნაკვთების პატრონი კი კეთილ, ერთგულ, მზრუნველ ადამიანად მიიჩნიეს. მას უპირატესობა აუდიტორიის ორმა მესამედმა მიანიჭა. მეტსაც გეტყვით: თურმე ქალის არჩევანი მენსტრუაციული ციკლის ფაზაზეც ყოფილა დამოკიდებული. ოვულაციის დროს, როცა დაორსულების რისკი ყველაზე მაღალია, ქალები ძლიერი სქესის ბრუტალურ წარმომადგენლებს ანიჭებენ უპირატესობას, ციკლის დანარჩენ პერიოდში კი უფრო რბილი და დამყოლი პარტნიორები ურჩევნიათ.
ვერ გეტყვით, ბედნიერების მომტანია თუ არა მამაკაცისთვის უხვი თმიანობა (ალბათ გახსოვთ ცნობილი ქართველი კლასიკოსის მოთხრობიდან), მაგრამ საპირისპირო სქესს ინსტინქტურად რომ იზიდავს, ფაქტია. ამ ფაქტს მეცნიერული ახსნაც კი აქვს: თმის ზრდასა და სიუხეშეზე დიდ გავლენას ახდენს ტესტოსტერონის კონცენტრაცია, ჰორმონის მაღალი დონე კი მაღალ ტემპერამენტს ნიშნავს...
იგივე ინსტინქტი მამაკაცებშიც რომ მძლავრობს, იოლი მისახვედრია. ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი დარწმუნებულია, რომ მათ წელისა და თეძოს გარშემოწერილობის შეფარდება აღაგზნებთ. ფუშფუშა სხეულიც მხოლოდ მაშინ იზიდავთ, თუ ზედ საკმარისი რაოდენობის ბორცვი აღმოაჩინეს.
ქალის ჩამოქნილი, გრძელი ფეხები შთამომავლობის სიჯანსაღის საწინდარი ყოფილა. ასეთი ქალის მიმართ გულგრილი ვერც ერთი ნამდვილი მამაკაცი ვერ დარჩებაო, ამტკიცებენ მეცნიერები (ოღონდ მათ სქესსა და ფეხების სიგრძეზე არავითარი მონაცემები არ გაგვაჩნია, ასე რომ, არ ვიცი, ვენდოთ თუ არა).
ამასთან ერთად მნიშვნელობა ჰქონია თმის ფერს. ქერა და ჟღალთმიანი ქალები თურმე ექვსჯერ მეტად იმსახურებენ ძლიერი სქესის ყურადღებას. ოღონდ გადაღებვა-გადმოღებვა ვერ გიშველით – საქმე ფერომონებში ყოფილა, რომლებსაც ქერა და წითურთმიანი ბანოვანები ექვსჯერ მეტს გამოყოფენ.

არა გული გითქუმიდეს...
მამაკაცს თვალი ყოველი კაბისკენ უნდა გაურბოდეს, ქალი კი კერის სიწმინდეს იცავდესო, ამტკიცებს ბევრი და მოწმედ თვით ბუნება მოჰყავს, რომლის წიაღშიც მონოანდრიისა თუ პოლიგამიის მაგალითები უხვად მიმოფანტულა. ინსტინქები ინსტინქტებად დავტოვოთ, ზნეობა – ზნეობად, მონოანდრია და პოლიგამია კი თანდაყოლილი სულაც არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ამ დასკვნამდე მივიდნენ ორნითოლოგები, რომლებიც კემბრიჯის ბოტანიკური ბაღის ბინადარ ჩიტუნებს აკვირდებოდნენ. ეს სახეობა უერთგულესად ითვლება და ერთი შეხედვით ასეთიც ჩანს, მაგრამ უფრო კარგად თუ დავაკვირდებით, “წესიერი” ოჯახების გვერდით ორდედლიან და საერთომამლიან, ერთმამლიან და ორდედლიან და, თქვენ წარმოიდგინეთ, ორმამალ-სამდედლიან ვარიანტებსაც კი აღმოვაჩენთ. თანაც რაც უფრო მეტი ქონება აქვს, უფრო ზუსტად, რაც უფრო დიდ ტერიტორიას ეპატრონება ჩიტი, მით უფრო ეზრდება მადა და მით უფრო მეტი პარტნიორისკენ გაურბის თვალი. წესიერი მონოგამური ოჯახები ამ ფონზე მხოლოდ საშუალო არითმეტიკულს უფრო ჰგავდა, ვიდრე ნორმას.
ამ ყველაფერმა მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ცხოვრება უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მათაც თვალები ფართოდ გაახილეს და მოღალატე ჩიტების მთელი არმია აღმოაჩინეს, კვერცხების ქრომოსომულმა ანალიზმა კი ცხადყო, რომ ბარტყების მნიშვნელოვანი ნაწილი მამებისა არ იყო... რას ვიზამთ, რაკი კარგი მამალი სანთლით საძებარია, ვერაფერიშვილი ქმრების ფრთოსან ცოლებს ისღა დარჩენიათ, ხარისხიანი გენები ბუდის გარეთ ეძებონ, ოღონდ ისე, რომ არც ოჯახი დაენგრეთ და არც ლუკმაპურის... უკაცრავად, ჭიაღუის შემომტანი დაკარგონ.
ეს კიდევ არაფერი – ბუდეებში სხვა დედის შვილებიც აღმოაჩინეს. ამ ფაქტს ერთადერთი ახსნა მოეძებნება: ბუდეებში კვერცხებს მამიკოს დაქალები ყრიან. ეს იმ უცნაურობასაც ხსნის, ბუდობის პერიოდში დედა ფრთოსნები ერთბაშად რომ აღშფოთდებიან ხოლმე და ერთმანეთს სულ ბუმბულს აცლიან – თურმე კანონიერი ცოლები ბუდეებს უკანონო ცოლებისა და მიყრილი შვილებისგან იცავენ.
ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, ჩიტებისგან არც ისე შორს წავსულვართ და მამაკაცების 15%, ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვს, სხვის შვილებს ზრდისო...

რაც ჩემია, ჩემია!
“ჩემო ძვირფასო”, “ჩემო საყვარელო”, “ჩემო ბეღურა”, “ჩემო ტკბილო” – ცხადია, გეცნოთ: ეს ის სიტყვებია, რომლებითაც მიმართავს ერთმანეთს ამქვეყნად ყველა შეყვარებული. ოღონდ ამ ფრაზებში მთავარი საალერსო კომპონენტი კი არა, ნაცვალსახელია.
“ეჭვიანობს, ესე იგი უყვარს”, – ღაღადებს ხალხური სიბრძნე. სინამდვილეში ემოციებს ამაღლებული გრძნობები კი არა, მესაკუთრის ინსტინქტი აღძრავს, დედამიწის ზურგზე მხოლოდ ადამიანთა მოდგმას რომ ახასიათებს.
ეჭვიანობას სიყვარულის ჩრდილსაც უწოდებენ, ოღონდ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩრდილი მისი წყაროსგან დამოუკიდებლად არსებობს. ეჭვიანობის ახლო ნათესავები არიან არასრულფასოვნების კომპლექსი და  საკუთარი თავისადმი მეტისმეტად კრიტიკული დამოკიდებულება. ზოგი იქამდეც კი მიდის, საცოლედ შეუხედავ ქალს ეძებს, თვალი არავის დარჩესო.
ეჭვიანობა შენელებული მოქმედების ნაღმია, რომელსაც ძალუძს, ყველაზე მტკიცე ოჯახსაც კი გამოუთხაროს ძირი. გაყრის ათიდან ორ შემთხვევაში ბრალი სწორედ ეჭვიანობას მიუძღვის. თანაც ნუ იფიქრებთ, რომ ეჭვიანობა მხოლოდ ძლიერი სქესის პრეროგატივაა. არა, გადარევა და “ჯერ მოგკლავ და მერე გაგასამართლებ” პრინციპით მოქმედება მართლაც მამაკაცებს უფრო ახასიათებთ, მაგრამ უფრო მეტს ქალები ეჭვიანობენ. ყველაზე მძვინვარე კაბიანი ოტელოები ახალგაზრდა ცოლები და საყვარლები ყოფილან, სტაჟიან-ბავშვებიანი მატრონები კი ამაზე ფიქრით მაინცდამაინც არ იცხელებენ თავს და პატარ-პატარა ცუღლუტობის პატიებაც უფრო იოლად შეუძლიათ.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ყველაზე გადარეული ეჭვიანობა სჩვევიათ მათ, ვისაც ბავშვობაში დედის სითბო აკლდა და მათ, ვინც მეტისმეტად უყვარდათ და თითოეულ ნაბიჯსა და ამოსუნთქვას უკონტროლებდნენ, ასევე – მათ, ვინც ბავშვობაში მშობლების გაყრა გადაიტანა ან მშობლების სიყვარულს და-ძმები ეცილებოდნენ... მოკლედ, ყველას.

გააზიარე: