როგორ მოვამზადოთ ნაყენი და ნახარში
გააზიარე:
თუ ფიტოთერაპიამ გაგიტაცათ და განზრახული გაქვთ, საკუთარი ცოდნა ოჯახის წევრებისა და ნაცნობ-მეგობრების საკეთილდღეოდ გამოიყენოთ, რამდენიმე პრაქტიკული რჩევით დაგეხმარებით:
. გამომშრალი და დაფასოებული სამკურნალო მცენარეების გამოყენება ყიდვიდან სამი თვის შემდეგ სასურველი არ არის.
. ნაყენისა და ნახარშის მომზადებამდე მცენარე საგულდაგულოდ გარეცხეთ სუფთა წყლით (ცხადია, ეს არ ეხება ფხვნილსა და მცენარის თესლს).
. რამდენიმე სახეობის მცენარეს ერთ ჭურჭელში ერთდროულად ნუ მოათავსებთ.
. ნახარშის მოსამზადებლად ლითონის ჭურჭელი არ გამოგადგებათ – შესაძლოა, ლითონი მცენარის რომელიმე კომპონენტთან ქიმიურ რეაქციაში შევიდეს. ასადუღებლად მხოლოდ მომინანქრებული ჭურჭელი უნდა გამოიყენოთ, დაყენება კი შუშის (თუნდაც თიხის) ქილაში სჯობს.
. შესაძლოა, მცენარეული ნედლეულის გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული იყოს, რომ მზა ფორმით (ნაყენის, ნახარშის სახით) მისი შენახვა რამდენიმე დღე შეიძლება. მიუხედავად ამისა, გირჩევთ, ყოველდღე ახალ-ახალი ნაყენი თუ ნახარში მოამზადოთ.
. დაასხამთ თუ არა ჭურჭელში ჩაყრილ მცენარეს წყალს, უმალვე დაახურეთ თავსახური და რამდენიმე საათს გააჩერეთ.
. ეცადეთ, მცენარე დიდხანს არ ხარშოთ. უმჯობესია, ცეცხლიდან მალე გადმოდგათ და შეგრილებამდე დააყენოთ.
. ნაყენიც და ნახარშიც დალევამდე აუცილებლად გაფილტრეთ.
. ნაყენისა და ნახარშის მიღება თბილად სჯობს. ცივი ნაკლებად სასარგებლოა.
მართალია, სხვადასხვა მცენარის ნაყენი თუ ნახარში სხვადასხვაგვარი ტექნოლოგიით მზადდება (ეს ყოველივე შეფუთული ნედლეულის კოლოფზეა მითითებული), მაგრამ განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა, რომ შესაძლოა, ერთი ზოგადი პრინციპის ცოდნაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს.
ნაყენებისა და ნახარშების მომზადების ზოგადი წესები ასეთია:
. ნაყენი ცეცხლზე 15 წუთზე მეტხანს არ დატოვოთ, ნახარშის მოსამზადებლად კი, სულ მცირე, ნახევარი საათი დაგჭირდებათ.
. გასაგრილებლად ნაყენს ერთ საათამდე სჭირდება, ნახარშს – უფრო ნაკლები, 10-15 წუთი.
. ნაყენები და ნახარშები, როგორც წესი, ასეთი შეფარდებით მზადდება: 1:10 ან 1:20.
. ნაყენის მომზადება აუდუღებლადაც შეიძლება – საკმარისია, მცენარეს (ან მცენარეთა ნაკრებს) დაასხათ მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახუროთ თავზე, თბილად შეახვიოთ (მაგალითად, პლედში ან პირსახოცში) და 4-6 საათს გააჩეროთ.
. ნაყენის მოსამზადებლად თერმოსიც გამოგადგებათ: ჩაყარეთ მცენარეები თერმოსში, დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მთელი ღამით დააყენეთ.
. თუ მზა ნაყენის ან ნახარშის გემო არ მოგწონთ, მას ლიმონის წვენი და თაფლი დაუმატეთ.
. მზა ნაყენისა და ნახარშის შენახვა ბნელ, გრილ ადგილას არის მიზანშეწონილი, დალევამდე კი სასურველია შეათბოთ.
ნეტავი რას ვსვამთ?
რას უნდა შეიცავდეს მცენარე, რომ გულის დაავადებებისა თუ თირკმლის ჭვალისგან განგვკურნოს?
რაკი ფიტოთერაპია დღემდე არსებობს და აურაცხელი ოდენობის სინთეზურ მედიკამენტს ჯერ კიდევ უწევს კონკურენციას, ეს იმის მანიშნებელია, რომ ბალახს მართლაც შესწევს განკურნების უნარი. ყოველ შემთხვევაში, მცენარეული ნაყენის მიღებიდან რამდენიმე ხანს ამგვარი შეგრძნება ნამდვილად ჩნდება...
მოდით, ვნახოთ, რომელ ნივთიერებებს უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს ჯანმრთელობას.
იმ აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა წყალობითაც მცენარეები სამკურნალო თვისებებს იძენენ, ფიტოთერაპევტები და ქიმიკოსები უმთავრესად ორ ჯგუფად ყოფენ.
. პირველი ჯგუფის, ძლიერმოქმედ ნივთიერებებს ფლორის ძალიან ცოტა წარმომადგენელი, უმთავრესად თითო სახეობა შეიცავს, მაგალითად, ქინინს – მხოლოდ ქინინის ხე, მორფიუმს – ყაყაჩოს ზოგიერთი სახეობა, ნიკოტინს – თამბაქო, ხოლო საგულე გლიკოზიდებს – სათითურას გვარის მცენარეები.
. მეორე ჯგუფის, შედარებით სუსტი მოქმედების ნივთიერებები კი ფართოდ არის გავრცელებული და სხვადასხვა სახეობის მცენარის შემადგენლობაში შედის. ასე, მაგალითად: თითქმის ყველა ბუჩქსა თუ ყვავილში მოიპოვება ფლავინოიდები, ტერპენოპიდები, კაროტინოიდები, C ვიტამინი... ამ ნივთიერებათა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინტოქსიკაცია იშვიათია, რასაც ვერ ვიტყვით პირველი ჯგუფის ფიტოკომპონენტებზე.
სამკურნალო თვისებების მქონე ყველაზე პოპულარული ფიტოქიმიის ჩამონათვალი კი ასეთია:
. ალკალოიდები;
. ტერპენოიდები;
. ფენოლის შემცველები;
. ნახშირწყლები;
. გლიცერიდები.