პამპერსიანი სპორტსმენები
გააზიარე:
6-9 თვე
ყოველი ახალი დღე პაწაწინას ახალ მოთხოვნას უყენებს, დედიკოსთან თამაშსა თუ ვარჯიშში გატარებული თითოეული წამი დიდი სიხარულით ავსებს. მით უმეტეს, ამ შუალედში ჯდომა და ცოცვა უნდა ვისწავლოთ, სიარულისთვის მოვემზადოთ, ამიტომ ვარჯიშებსაც გამრავალფეროვნება სჭირდება.
მაია ხვიჩია
“ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამსახური
– მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მარტივი ვარჯიშები შევარჩიოთ, ჩვილის ინდივიდუალური სუსტი წერტილების გამოვლენა დაგამოსწორება მხოლოდ რეაბილიტაციის თანამედროვე სამსახურის დახმარებით არის შესაძლებელი, ჩვენი კლინიკა კი კვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებებით ჩვილების მომსახურების ყველა პირობას ქმნის.
ვარჯიშთა კომპლექსი, რომელიც წინა ნომერში შემოგთავაზეთ, 6 თვის შემდეგაც უნდა განაგრძოთ, მაგრამ რაკი პატარა სპორტსმენს უკვე მეტი შეუძლია და სურს, დროა, ახალ-ახალი ვარჯიშების ჩართვაზეც ვიფიქროთ.
ასათვისებელ-დასაძლევი უნარები, პირველ რიგში, ბუნებრივია, ჯდომას, მერე კი ცოცვას გულისხმობს. ამ ასაკში ყურადღება ძირითადად ზურგისა და ქვედა კიდურების კუნთებზე უნდა გავამახვილოთ. ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მენჯ-ბარძაყის სახსარსაც, დროულად გამოვავლინოთ მისი დისპლაზია (განუვითარებლობა). ეს, რა თქმა უნდა, პედიატრისა და ბავშვთა ორთოპედის კომპეტენციაა. მსუბუქი დისპლაზიის შემთხვევაში რეკომენდაციები მოვლის თაობაზე, მასაჟი და ვარჯიში სავსებით საკმარისია, რომ სახსარი სრულყოფილად განვითარდეს და მომავალში ბავშვს პრობლემები აღარ შეუქმნას.
აღარ გავიმეორებ იმას, რომ ოთახის ტემპერატურა პატარა სპორტსმენისთვის კომფორტული უნდა იყოს. ტანსაცმელი შეგიძლიათ მთლიანად გახადოთ ან მხოლოდ ბოდე დაუტოვოთ. დრო გულდასმით შეარჩიეთ – არც ახალი ნაჭამი უნდა იყოს, არც უნდა შიოდეს, არც ეძინებოდეს და, რა თქმა უნდა, ვარჯიშის გუნებაზეც უნდა იყოს.
მოძრაობებს ფრთხილად და გაბედულად ვასრულებთ, თან ვითვლით. თვლა ბავშვს სიტყვების დამახსოვრებაშიც ეხმარება და ვარჯიშის საწყის ელემენტებსაც ათავისებინებს.
მიუხედავად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად მარტივი ვარჯიშები შევარჩიეთ, კარგი იქნება, პირველად ისინი პედიატრთან ან მეთოდისტთან ერთად შეასრულოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ.
1. ბავშვი ზურგზე დააწვინეთ, თქვენ კი მარჯვენა მხარეს, ფეხთით დაუდექით. მარცხენა ხელით მუხლები გაუკავეთ, რომ ფეხები ვერ მოხაროს, მარჯვენა
ხელისგულით კი ორივე ტერფის ზურგზე დააწექით და მაგიდისკენ დაახრევინეთ. დაითვალეთ ხუთამდე. შემდეგ მარჯვენა ხელი ფეხისგულებისკენ გადაიტანეთ და ტერფები საპირისპირო მხარეს გააშლევინეთ. მაქსიმალური გაშლის წერტილში ისევ ხუთამდე დაითვალეთ. გაიმეორეთ 5-7-ჯერ.
2. ბავშვი ისევ ზურგზე წევს, თქვენ ფეხთით უდგახართ. ორივე ხელი მუხლებზე მოჰკიდეთ, ისე, რომ მარცხენა ფეხი გაშლილი ჰქონდეს, მარჯვენა კი მუხლში მოხრილი. ნელი და თანაბარი მოძრაობებით შეასრულებინეთ 5 წრიული მოძრაობა საათის ისრის მიმართულებით მენჯ-ბარძაყის სახსარში. ამის შემდეგ მარჯვენა ფეხი გააშლევინეთ, მარცხენა კი მოახრევინეთ და იგივე მოძრაობები მეორე ფეხითაც გააკეთებინეთ.
3. ამ ვარჯიშს “შაჰის პოზასაც” ვუწოდებთ. ბავშვს თქვენი და მისი პოზიციის შეუცვლელად მოახრევინეთ ორივე ფეხი მუხლის სახსარში, ტერფი ტერფზე მიადებინეთ და მოხრილი ფეხები აქეთ-იქით გადაუშალეთ. იდეალურშემთხვევაში ისინი მაგიდის ზედაპირს უნდა შეეხოს. შეაჩერეთ ამ მდგომარეობაში ხუთ თვლამდე.
4. საწყისი მდგომარეობა: დააწვინეთ მუცელზე და ფეხთით დაუდექით.
ორივე ხელი წინამხრებში მოჰკიდეთ ისე, რომ ხელისგული იდაყვებს აფიქსირებდეს. თვლაზე “ერთი, ორი” ნელა ააწევინეთ ხელები და გულმკერდი, თვლაზე “სამი, ოთხი” კი დააშვებინეთ. გაიმეორეთ 5-7-ჯერ.
5. საწყისი მდგომარეობა: იგივე
მოჰკიდეთ ორივე ხელი წვივებზე ისე, რომ ხელის ზურგები გარეთა მხარეს მოექცეს. თვლაზე “ერთი, ორი” მოახრევინეთ ორივე ფეხი მუხლის სახსარში, თვლაზე “სამი, ოთხი” – გააშლევინეთ. გაიმეორეთ 5-7-ჯერ.
6. საწყისი მდგომარეობა: იგივე.
ცალი ხელით წელი დაუფიქსირეთ, მეორე კი წვივზე მოჰკიდეთ და მუხლის სახსარში მოახრევინეთ. თვლაზე “ერთი, ორი, სამი” მოხრილი ფეხი ზემოთ ააწევინეთ, თვლაზე “ოთხი” – დააშვებინეთ. გაიმეორეთ 5-5-ჯერ ხან ერთი, ხან მეორე ფეხით.
7. იგივე, ოღონდ ხელი ერთდროულად ორივე წვივზე მოჰკიდეთ და ორივე ფეხი ერთად ააწევინეთ. გაიმეორეთ 5-7-ჯერ.
8. ბოლო ორი ვარჯიშისთვის ტანვარჯიშის ბურთი დაგჭირდებათ.
პატარა ბურთზე პირქვე დააწვინეთ – ისე, რომ მუცლით ბურთს მიეკროს, ფეხები კი მუხლებში მკვეთრად მოახრევინეთ. ცალი ხელით დუნდულები დაუფიქსირეთ, მეორით – მხარი. გააკეთეთ რამდენიმე მსუბუქი ვიბრაცია.
9. ბურთზე ზურგით დააწვინეთ და ხელები ხელებზე მოჰკიდეთ (მიაქციეთ ყურადღება: თქვენი მტევანი მხოლოდ წინამხარსა და მაჯებს კი არა, მხარსა და იდაყვსაც უნდა აფიქსირებდეს). ოდნავ გადააგორეთ ბურთი წინ და უკან. გაიმეორეთ 3-5-ჯერ.
ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლია მიმართოთ “ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამსახურს. ტელ: 506 506 (5568)