პიტნა (Mentha)

გააზიარე:

როცა გარეთ თოვს, შინ კი სასიამოვნო სითბო ტრიალებს, სრულ კომფორტს პიტნის ჩაი თუ შეგვიქმნის – მენთოლით გაჯერებული ნაყენი ერთსა და იმავე დროს გემრიელიც არის და სასარგებლოც. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი საუკუნეების წინათვე იცოდნენ. სახელიც მაშინ დაარქვეს, თუმცა მასაც, 
ტრადიციისამებრ, მითოლოგიას დაესესხნენ: მიწისქვეშეთის ქალღმერთმა პერსეფონემ მშვენიერი ნიმფა, სახელად მინთე (minthe), სურნელოვან მცენარედ გადააქცია და აფროდიტეს მიუძღვნა. ლათინურად პიტნას mentha ჰქვია.
პიტნა მათეს სახარებაშიც იხსენიება: თურმე ეს სურნელოვანი მცენარე სხვა პროდუქტებთან ერთად მოსაკრებელთა ნუსხაში ყოფილა შეტანილი.
ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ. მიაჩნდათ, რომ პიტნის სურნელი გონებრივ შესაძლებლობებს ზრდიდა, ამიტომ მეცნიერები პიტნის გვირგვინს ატარებდნენ (იმდროინდელ მეცნიერულ ნაშრომებს დღესაც არ დაუკარგავს ფასი. როგორც ჩანს, პიტნა “მუშაობს” ).

პიტნის ძირითადი კომპონენტი ეთერზეთი მენთოლია, რომელსაც სასიამოვნო სუნი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. მცენარის ფოთლებში მენთოლი 2,2-2,75%-ია, ყვავილებში – დაახლოებით 5%. პიტნის ფოთოლი აგრეთვე მდიდარია კაროტინით (40 მგ-მდე), ფლავონოიდებით, ბეტაინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ მენთოლის დამსახურებაა პიტნის ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, ანტისეპტიკური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ნაღველმდენი ეფექტი.
სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება პიტნის ნაყენი (ჩაი), ნახარში და ზეთი არომათერაპიისთვის.
პიტნისგან მზადდება სხვადასხვა დაავადების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებები:
 . ჩაყარეთ თერმოსში 2 ს.კ. პიტნა, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე, დააყენეთ რამდენიმე საათით. სვით ჭიქის მესამედი დღეში სამჯერ. შეგიძლიათ, დაამატოთ შაქარი ან თაფლი. ეს ნაყენი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ეფექტურად ხსნის ტკივილს კუჭის არეში.
. პიტნის ნაყენი (შეგიძლიათ, თერმოსის გარეშეც მოამზადოთ) დაგიწევთ ტემპერატურას, დაგეხმარებათ ოფლის მოდენაში. 
. თუ თბილ წყალში რამდენიმე წვეთ პიტნის ზეთს გახსნით და დალევთ, უკეთ ჩაგეძინებათ. ეს საშუალება დაგეხმარებათ დეპრესიის შემოტევისას, გულისცემის აჩქარებისას. ასეთივე მოქმედება ახასიათებს პიტნის ჩაის.
. პიტნის ნაყენი საუკეთესო აფროდიზიაკია. სქესობრივი ლტოლვის გასაძლიერებლად სვით ნაყენი ერთი თვის განმავლობაში.
. პიტნის ნახარშის საფენი ეფექტურია ტკივილის, მათ შორის – რევმატულის, დროს, აამებს მწერის ნაკბენს, ხსნის ქავილს.
. თუ პიტნის ნახარშს შეურევთ ზეითუნის ზეთს, მიიღებთ საუკეთესო საშუალებას დამწვრობის დასაამებლად, თავის ტკივილის დროს კი გირჩევთ, ერთმანეთში აურიოთ პიტნისა და ევკალიპტის ზეთი და საფეთქლები დაიზილოთ.

პიტნის ჩაის სმა ყველას შეუძლია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისთვის კონცენტრირებული ნაყენის მიცემა არ შეიძლება – მასში მაღალია მენთოლის შემცველობა. თუ ბავშვს ნაწლავთა სპაზმი აქვს და მუცელი სტკივა, მოუმზადეთ მას პიტნის ძალიან ბაცი ჩაი. გახსოვდეთ ისიც, რომ ქრონიკული გულძმარვის დროს პიტნის ზეთის მიღება არამც და არამც არ შეიძლება.  

გააზიარე: