ბავშვის პირველი რეპუტაცია - როგორ ხდებიან ბავშვები “მხიარულები”, “ჭკვიანები” ან “ცელქები”
გააზიარე:
სანამ ბავშვი საკუთარ თავს დაუსვამს კითხვას: “ვინ ვარ მე?” - მის გარშემო მყოფები უკვე იწყებენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. მშობლები, მასწავლებლები, ნათესავები ხშირად დაუფიქრებლად აკრავენ პატარებს იარლიყებს: ერთს მხიარულად ნათლავენ, მეორეს - ჭკვიანად, მესამეს - ცელქად...
ეს ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვები უმეტესად სიყვარულით არის ნათქვამი, მაგრამ დროთა განმავლობაში უფროსების შეფასება ბავშვის პირველ რეპუტაციად იქცევა და სწორედ ამ რეპუტაციის მიხედვით იწყებს ის საკუთარი თავის აღქმას.
ადამიანი ჩამოყალიბებული თვითშეფასებით არ იბადება. ის ჯერ არკვევს, ვინ არის, რა შეუძლია და რა ადგილი უკავია ოჯახსა თუ საზოგადოებაში. ამ პროცესზე კი დიდ გავლენას ახდენს იმ ადამიანების რეაქციები, რომლებიც მათ ყოველდღე ხედავენ. ბავშვები გამუდმებით აკვირდებიან, რას ელიან მათგან უფროსები, რისთვის აქებენ, რისთვის საყვედურობენ და რა თვისებებს უსვამენ ხაზს.
თუ ბავშვის ყველა ხუმრობაზე ეცინებათ, შესაძლოა, მან გადაწყვიტოს, რომ სწორედ ხალხის გამხიარულებაა მისი მთავარი როლი. თუ უმეტესად კარგი ნიშნების გამო აქებენ, შესაძლოა, დაიჯეროს, რომ მისი ღირებულება წარმატებითა და ნიჭით განისაზღვრება. ბავშვი, რომელსაც ცელქს, ზარმაცს ან რთულს უწოდებენ, შესაძლოა, ნელ-ნელა თავადაც დარწმუნდეს, რომ სწორედ ასეთია.
იარლიყების გავლენა
ფსიქოლოგები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ მოლოდინი ადამიანის ქცევაზე ძლიერ გავლენას ახდენს. ამ მოვლენას თვითახდენად წინასწარმეტყველებას უწოდებენ. როდესაც სხვები ჩვენგან რაღაცას ელიან, ხშირად საკუთარი თავისთვისვე შეუმჩნევლად ვიწყებთ იმგვარად მოქცევას, რომ ეს მოლოდინი გავამართლოთ. ამიტომ ბავშვებიც ხშირად იმ როლების მიხედვით ცხოვრობენ, რომლებიც მათ სხვებმა დააკისრეს. ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ იმიჯი, რომელსაც გარემო მათგან ელის, მაშინაც კი, როდესაც ის უკვე აღარ შეესაბამება მათ ნამდვილ ბუნებას.
პირველი რეპუტაცია უმეტესად ოჯახში იბადება. ეს ბუნებრივი პროცესია. შვილების დახასიათებისას მშობლები მათ გამორჩეულ თვისებებზე ამახვილებენ ყურადღებას: ერთი მუსიკალურია, მეორე - სპორტული, მესამე - მშვიდი, მეოთხე - მოუთმენელი... ბავშვის განსაკუთრებული თვისებების დანახვა თავისთავად არ წარმოადგენს პრობლემას; სირთულე მაშინ იწყება, როდესაც ეს თვისებები იარლიყად იქცევა.
რეალურად, ადამიანი გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს. ბავშვი ერთსა და იმავე დროს შეიძლება მხიარულიც იყოს და სერიოზულიც, მორცხვიც და თავდაჯერებულიც, ზოგ ვითარებაში - მშვიდი, ზოგში კი ძალიან აქტიური. ის გამუდმებით იზრდება, იცვლება და ახალ-ახალ თვისებებს ავლენს, ამიტომ მას სჭირდება თავისუფლება, რათა საკუთარი თავი სხვადასხვა რაკურსით დაინახოს და არა მთელი ცხოვრება ერთ როლში იყოს გამომწყვდეული.
ზოგჯერ კარგიც მავნებელია
საინტერესოა, რომ დადებითი იარლიყიც კი ზოგჯერ მძიმე ტვირთად იქცევა. მაგალითად, ჭკვიანი ბავშვის რეპუტაცია ერთი შეხედვით სასურველი ჩანს, მაგრამ ასეთი ბავშვები ხშირად უფრთხიან შეცდომებს. მათ ეშინიათ, რომ წარუმატებლობა დააზიანებს იმიჯს, რომლის შენარჩუნებასაც წლებია ცდილობენ, ამიტომ შესაძლოა, რთულ ამოცანებს თავი აარიდონ, რათა ჭკვიანის სტატუსი არ დაკარგონ. “კარგად აღზრდილმა” ბავშვმა კი შესაძლოა დამალოს უარყოფითი ემოციები. მას ეჩვენება, რომ სხვები მისგან მუდამ დინჯ, გაწონასწორებულ, პასუხისმგებლობიან ქცევას ელიან, ამიტომ საკუთარ გრძნობებს უკან სწევს.
“ცუდი ბავშვის” იარლიყი კიდევ უფრო მტკივნეულია. თუ ბავშვს გამუდმებით ესმის, რომ უსაქციელოა, ზარმაცია, არაფრის მაქნისია, დროთა განმავლობაში შესაძლოა შეწყვიტოს ბრძოლა. თუ მისგან ყველა ცუდ საქციელს ელის, შესაძლოა, თავადაც დაასკვნას, რომ შეცვლას აზრი აღარ აქვს.
ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე ბავშვი სხვადასხვა გარემოში სხვადასხვანაირად იქცევა. მშობლებს ხშირად უკვირთ, როდესაც მასწავლებელი მათ შვილს მშვიდსა და პასუხისმგებლობიანს უწოდებს, მაშინ როცა სახლში ის ჯიუტი და ემოციურია. ზოგჯერ კი ბავშვი, რომელსაც ერთ მასწავლებელთან რთულის რეპუტაცია აქვს, მეორესთან სრულიად სხვა თვისებებს ავლენს.
მშობლის როლი
მშობლებს შეუძლიათ, დაეხმარონ შვილებს, იარლიყის ტყვეობაში არ აღმოჩნდნენ. ამის საუკეთესო გზა ქცევისა და პიროვნების ერთმანეთისგან გამიჯვნაა. მაგალითად, ნაცვლად ამისა: “რა ზარმაცი ხარ!” უმჯობესია, ვუთხრათ ბავშვს: “ბოლო დროს ყურადღების მოკრება გიჭირს”. ნაცვლად იმისა, რომ ცელქი ვუწოდოთ, შეგვიძლია, კონკრეტულ საქციელზე გავამახვილოთ ყურადღება და ვთქვათ: “ეს საქციელი არ იყო სწორი”.
ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვები მხოლოდ თანდაყოლილი უნარების გამო არ შევაქოთ. გაცილებით სასარგებლოა მათი ძალისხმევის, მონდომების, შეუპოვრობის აღნიშვნა. ეს მათ იმის გაცნობიერებაში ეხმარება, რომ წარმატება მხოლოდ ნიჭზე არ არის დამოკიდებული და შეცდომები განვითარების ნაწილია.
მშობლებს ასევე შეუძლიათ, ბავშვებს სხვადასხვა სფეროს აღმოჩენაში შეუწყონ ხელი. სპორტით გატაცებულ ბავშვს შესაძლოა მუსიკაც შეუყვარდეს, მორცხვმა თეატრში საკუთარი თავი სრულიად ახალი კუთხით აღმოაჩინოს... ყველაზე პასუხისმგებლობიან ბავშვსაც უნდა ჰქონდეს უფლება, ზოგჯერ დაიღალოს, შეცდეს და დახმარება ითხოვოს.
მიეცით თავისუფლება
ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მშობლებს შეუძლიათ შვილებისთვის გაიმეტონ, ალბათ სწორედ ცვლილების უფლებაა. ბავშვი, რომელიც დღეს კლასის მასხარაა, ხვალ შესაძლოა პასუხისმგებლობიანი ლიდერი ან სანდო პარტნიორი გახდეს, მან, ვისაც ახლა სწავლა უჭირს, მომავალში შესაძლოა თავისი განსაკუთრებული ნიჭით ყველა გააოცოს, ხოლო მორცხვი პატარა ერთ დღესაც თავდაჯერებულ და ძლიერ პიროვნებად მოგვევლინის.
ასე რომ, ბავშვები არც ჭკვიანები არიან, არც ცელქები და არც მხიარულები. ისინი ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ საკუთარი თავის აღმოჩენის გზაზე დგანან და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ შეგვიძლია ვაჩუქოთ, იდეალური რეპუტაცია კი არა, თავისუფლებაა. უფლება იმისა, რომ დროთა განმავლობაში იმაზე ბევრად მეტნი გახდნენ, ვიდრე ოდესღაც მათზე ნათქვამი ერთი სიტყვა იტევს.
ლიკა ქათამაძე











