გიორგი ტარსაიძე – ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ფუძემდებელი
გააზიარე:
გიორგი ტარსაიძე, ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, იმ ექიმთაგანი იყო, რომლებმაც თავიანთი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობით განსაზღვრეს საქართველოში დარგის განვითარების მიმართულება. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ოფთალმოლოგიის დამოუკიდებელ სამეცნიერო–კლინიკურ მიმართულებად ჩამოყალიბებას, ევროპული კლინიკური პრაქტიკის დანერგვას და პროფესიული განათლების სისტემურ განვითარებას, რითაც შექმნა მძლავრი სამეცნიერო-კლინიკური სკოლა, რომელმაც ქვეყანას არაერთი სახელოვანი ექიმი აღუზარდა.
ადრეული წლები
1857 წლის 8 ივლისს გორის მაზრის სოფელ ბერშუეთში, ალექსანდრე ტარსაიძის ოჯახში, ვაჟი, გიორგი (გიგო) დაიბადა. ალექსანდრე ტარსაიძე სახალხო სამსჯავროში მსახურობდა, მის მეუღლეს, ნატალია ამბარდანაშვილს კი დებთან ერთად კერძო პანსიონი ჰქონდა გახსნილი, სადაც, სხვათა შორის, ცნობილი ქართველი მწერალი ეკატერინე გაბაშვილიც სწავლობდა. ტარსაიძეების ოჯახს ახლო ნაცნობობა აკავშირებდა პლატონ იოსელიანთან, გიორგი წერეთელთან, ალექსანდრე ყაზბეგთან, დიმიტრი ბაქრაძესა და იმ ეპოქის სხვა ცნობილ მოღვაწეებთან.
გიგომ ბავშვობა და-ძმასთან, ნიკოლოზსა და მარიამთან ერთად ბერშუეთში გაატარა. მკვირცხლმა და გონებამახვილმა ბავშვმა დედის დახმარებით ადვილად შეისწავლა ქართულად და რუსულად წერა-კითხვა, 1865 წელს კი თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში მისაღები გამოცდები ჩააბარა.
ოჯახს არ ჰქონდა საკმარისი მატერიალური შეძლება, რომ გიმნაზიის დასრულების შემდეგ გიგოს სწავლა უნივერსიტეტში გაეგრძელებინა. ალექსანდრე ტარსაიძის თხოვნით, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა გიორგის როგორც წარჩინებულ მოსწავლეს სტიპენდია გამოუყო და სახელმწიფოს ხარჯზე გაგზავნა ხარკოვის უნივერსიტეტში, სადაც მისი უფროსი ძმა, ნიკოლოზი, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით სწორედ ნიკოლოზ ტარსაიძემ, თბილისის საოლქო სასამართლოს წევრმა, დანერგა სასამართლო პრაქტიკაში საქმის წარმოება ქართულ ენაზე.
სტუდენტობა
იმ წლებში ხარკოვის უნივერსიტეტში მუშაობდა ცნობილი ოფთალმოლოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ლეონარდ ჰირშმანი, ისეთი გამოჩენილი დასტაქრების მოწაფე, როგორებიც იყვნენ გერმანელი პათოლოგი და ჰისტოლოგი რუდოლფ ვირხოვი, გერმანელი ფიზიოლოგი ჰერმან ფონ ჰელმჰოლცი, გერმანელი ოფთალმოლოგები ალბრეხტ ფონ გრეფე და ჰერმან პაგენშტეხერი.
ჰირშმანი იყო პირველი, ვინც ხარკოვის უნივერსიტეტში ოფთალმოლოგიის დამოუკიდებელ კურსს ჩაუდგა სათავეში – მანამდე თვალის სნეულებები ქირურგიის კურსის ნაწილს შეადგენდა.
პროფესორს დიდი გავლენა ჰქონდა სტუდენტებზე, რომლებიც მასში ექიმისა და ჰუმანისტის იდეალს ხედავდნენ. სწორედ ჰირშმანის დამსახურება იყო, რომ გიორგი ტარსაიძე ოფთალმოლოგიით დაინტერესდა. ქართველი სტუდენტი თავისუფალ დროს პროფესორის კლინიკაში ატარებდა, რომელიც მადლიერმა ხარკოველებმა საყვარელ ექიმს უსასყიდლოდ აუშენეს მას შემდეგ, რაც ჰირშმანმა ხარკოვის საუნივერსიტეტო კლინიკა პროტესტის ნიშნად დატოვა.
1881 წელს, ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა პერსპექტიულ ექიმს პროფესორმა ჰირშმანმა თავის კლინიკაში ორდინატორად დარჩენა შესთავაზა, მაგრამ გიორგის ამ წინადადებაზე უარის თქმა მოუხდა, რადგან, როგორც კავკასიის სტიპენდიანტს, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განსაზღვრული ვადით პროვინციაში უნდა ემუშავა.
1881 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის მკურნალ ექიმად დაინიშნა. მართალია, ამ თანამდებობაზე დიდხანს არ უმუშავია, მაგრამ უანგარო და გულისხმიერმა ექიმმა მოკლე ხანში ხალხის დიდი სიყვარული მოიპოვა. კავკასიის სამედიცინო სამმართველოს ბრძანებით, გიორგი ტარსაიძე მალე თბილისში გადაიყვანეს, სადაც მან მიხეილის საავადმყოფოში ორდინატორად დაიწყო მუშაობა. 1882 წლის 16 აპრილს ახალგაზრდა ექიმი კავკასიის სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
ცოდნის სრულყოფის დაუოკებელმა წყურვილმა გიორგი ტარსაიძე კვლავ ხარკოვში, პროფესორ ჰირშმანის კლინიკაში მიიყვანა. იქ მან ექვსი წელი გაატარა და დიდი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. ლეონარდ ჰირშმანს იმედი ჰქონდა, რომ თავის საქმეს საყვარელ მოსწავლეს გადააბარებდა, მაგრამ ახალგაზრდა ექიმმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი, რადგან მას მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა – თავისი ცოდნით სამშობლოს გამოსდგომოდა.
თბილისი
1888 წელს გიორგი ტარსაიძე საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისის 1864 წლის 4 აპრილის სახელობის სამკურნალო დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ ის იყო პირველი ქართველი ექიმი ოფთალმოლოგი, რომლის პროფესიული საქმიანობა მთლიანად მხედველობის ორგანოთა პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მიეძღვნა. მის გამოჩენამდე თვალის დაავადებათა მართვა, როგორც წესი, შინაგან სნეულებათა სპეციალისტების ან ქირურგების კომპეტენციაში შედიოდა. "სახალხო სამკურნალოს" გარდა, სადაც უსასყიდლოდ უწევდა სამედიცინო დახმარებას თვალის პათოლოგიის მქონე პაციენტებს, გიორგი ტარსაიძემ საკუთარ ბინაშიც გახსნა პატარა სტაციონარი, რომელიც სოფლიდან ჩამოსული გლეხებისა და ქალაქის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. იქ პაციენტები უმეტესად უფასო სამედიცინო დახმარებას იღებდნენ. სტაციონარში მკურნალობდნენ ძირითადად საოპერაციო და განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფები, რომლებსაც ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა და ინტენსიური მზრუნველობა სჭირდებოდათ.
პროფესიონალიზმმა და კაცთმოყვარეობამ გიორგი ტარსაიძეს საზოგადოების ნდობა და პატივისცემა მოუტანა. მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა. ექიმს ესმოდა, რომ დამოუკიდებელი თვალის საავადმყოფოს დაარსების შემთხვევაში მისი საქმიანობა გაცილებით ნაყოფიერი და სისტემური გახდებოდა. ასეთი დაწესებულება არა მხოლოდ მოსახლეობისთვის კვალიფიციური ოფთალმოლოგიური დახმარების გაწევას უზრუნველყოფდა, არამედ სპეციალისტთა მომზადებასა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებასაც შეუწყობდა ხელს.
მისი ჩანაფიქრის რეალიზებას ხელი შეუწყო თბილისში 1880-იან წლებში კერძო ინიციატივით დაარსებულმა ბრმათა სამზრუნველოს კავკასიის განყოფილებამ, რომელმაც ოფთალმოლოგიური დახმარების ორგანიზაციული საფუძვლების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 1892 წლის 24 ნოემბერს გიორგი ტარსაიძის თაოსნობით თბილისში გაიხსნა თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფო, რომელიც მესამე იყო რუსეთის იმპერიის მასშტაბით მოსკოვისა და პეტერბურგის კლინიკების შემდეგ და რომელსაც გარდაცვალებამდე ტარსაიძე თავად ედგა სათავეში.
ევროპული სამკურნალო
ტარსაიძის ათწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ოცსაწოლიანმა საავადმყოფომ პირველადი მომართვით 45 ათასზე მეტი პაციენტი მიიღო, ხოლო განმეორებითი მომართვით შემოსულთა რაოდენობა თითქმის ნახევარ მილიონს აღწევდა. სტაციონარში ამ პერიოდში ათი ათასმა ადამიანმა იმკურნალა. ამავე წლებში ჩატარდა ცხრა ათასი ქირურგიული ჩარევა, რომელთა მესამედი მხედველობის აღდგენას ემსახურებოდა. პაციენტთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, რის გამოც 1898 წლიდან მიღება საღამოს საათებშიც დაიწყო. სახელგანთქმულ თვალის ექიმთან მოდიოდნენ არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან და რუსეთიდანაც კი. თითოეულ ოპერაციას, განსაკუთრებით კი იმ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც მხედველობის აღდგენასთან იყო დაკავშირებული, ექიმი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. მისი მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისა და სიფრთხილის გამო ოპერაციის შემდგომი გართულებები საავადმყოფოში იშვიათი იყო.
თვალის სნეულებათა საავადმყოფო პაციენტებს უფასო სამედიცინო და მედიკამენტურ დახმარებას უწევდა. გარდა ამისა, იქ მიმდინარეობდა სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობაც. სიტყვიერ რჩევა-დარიგებასთან ერთად, პაციენტებს აძლევდნენ კავკასიის ხალხთა ენებზე გამოცემული ბროშურებს, რომლებშიც თვალის გავრცელებული დაავადებების პრევენციისა და პირველადი სამედიცინო დახმარების წესები იყო აღწერილი.
ტარსაიძე განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა კადრების აღზრდას. მის ხელმძღვანელობით საავადმყოფო თანდათან იქცა ახალგაზრდა ექიმების პროფესიული მომზადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად. საავადმყოფოს ჰყავდა ორი მუდმივი ორდინატორი, ხოლო სპეციალობის დაუფლების მიზნით ყოველწლიურად იქ კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან რამდენიმე ექიმი იგზავნებოდა.
გიორგი ტარსაიძის პროფესიულ ოსტატობასთან ერთად თანამედროვეები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მის კაცთმოყვარეობას. ოფთალმოლოგ ზებედე ცხვედაძის მოგონებებში ვკითხულობთ: "ღარიბ გლეხობას ძლიერ უყვარდა ტარსაიძე. ერთხელ კასპში ყოფნისას ნაცნობმა გლეხმა მითხრა: ეს რა ღვთისნიერი კაცი ყოფილა გიორგი ექიმიო, თავის სახლში დამაწვინა, უფასოდ მიმკურნალა და მაჭამაო. თავიდან გავიფიქრე, ალბათ გლეხს საავადმყოფო ტარსაიძის სახლი ეგონა-მეთქი, მაგრამ როდესაც დაწვრილებით გამოვკითხე, აღმოჩნდა, რომ მას მართლაც ტარსაიძის საკუთარ სახლში უმკურნალია“.
თბილისის სამედიცინო წრეებში გიორგი ტარსაიძე დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ის ქალაქის საავადმყოფოების უცვლელი კონსულტანტი გახლდათ, მის აზრს ყოველთვის ყურადღებით ისმენდნენ და იზიარებდნენ.
დიდი გამოცდილების მქონე დასტაქარი მედიცინის უახლესი მიღწევების შესწავლით მუდმივად იმაღლებდა პროფესიულ კვალიფიკაციას. თითქმის ყოველ წელს ის ორი თვით მიემგზავრებოდა სამეცნიერო მივლინებით საზღვარგარეთ, სადაც დაწვრილებით ეცნობოდა გერმანიის, საფრანგეთისა და ავსტრიის წამყვან თვალის კლინიკებში დანერგილ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მეთოდებს, მუშაობდა ცნობილ ოფთალმოლოგებთან. სამშობლოში დაბრუნებულს, თან ჩამოჰქონდა ახალი ინსტრუმენტები და საკვლევი ხელსაწყოები, იძენდა ოფთალმოლოგიურ ლიტერატურას და ასე ამდიდრებდა თავისივე ინიციატივით გახსნილ თვალის საავადმყოფოს ბიბლიოთეკას.
გიორგი ტარსაიძე უმთავრესად პრაქტიკოსი ექიმი გახლდათ. პროფესორ ჰირშმანის კლინიკაში მუშაობის პერიოდში შესრულებული მისი სამეცნიერო ნაშრომები ჩვენთვის უცნობია, საქართველოში მოღვაწეობისას კი ის იმდენად იყო გადატვირთული ყოველდღიური სამკურნალო და საზოგადოებრივი საქმიანობით, რომ მეცნიერული კვლევისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა.
საზოგადოების სამსახურში
1901 წელს კავკასიის ექიმთა II ყრილობაზე გიორგი ტარსაიძე გამოვიდა მოხსენებით "ტრაქომა ტფილისის თვალის სამკურნალო დაწესებულებაში (1893 წლის 1-ელი იანვრიდან 1901 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული მონაცემების მიხედვით)", რომელშიც წარმოდგენილი იყო ტრაქომით დაავადებულ პაციენტებზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგების მეცნიერული ანალიზი.
მანვე გამოთქვა გარკვეული შეხედულებები მალარიული კერატიტების, ბროლის რეკლინაციის ოპერაციისა და მისი შესაძლო მავნე შედეგების, ქუთუთოების პლასტიკური ოპერაციების, კანის გადანერგვისა და სხვა ოფთალმოლოგიური საკითხებზე.
გიორგი ტარსაიძის ინიციატივით შეიქმნა "ბრმათა სამზრუნველოს" კავკასიის განყოფილება. თვალის დაავადებათა კვლევისა და მკურნალობის მიზნით ყოველწლიურად რამდენიმე თვით კავკასიის სხვადასხვა რეგიონში იგზავნებოდა ე.წ. თვალის მფრინავი რაზმები. მართალია, ისინი ვერ ჩაანაცვლებდნენ მუდმივ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ უდავოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კავკასიაში ოფთალმოლოგიური დახმარების განვითარებაში.
რაზმების საქმიანობის ერთ-ერთი ღირსება ის იყო, რომ, ამბულატორიული მიღების პარალელურად, სახელდახელოდ მოწყობილ დროებით სტაციონარებში ტარდებოდა მრავალი ქირურგიული ჩარევა, განსაკუთრებით – ოპტიკური ოპერაციები. ყოფილა შემთხვევები, როდესაც რაზმების მუშაობის ვადა რამდენიმე თვით გაუგრძელებიათ, რაც მათ მაღალ პრაქტიკულ მნიშვნელობასა და პოპულარობას ადასტურებს.
როგორც უკვე ვთქვით, XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისისთვის მთელ კავკასიაში ერთადერთი თვალის საავადმყოფო თბილისში იყო, 1902 წლისთვის კი მსგავსი დაწესებულებები გაიხსნა ერევანში, ვლადიკავკაზში, პიატიგორსკში, ყიზლარში, ეკატერინოდარსა და სტავროპოლში. ამ დაწესებულებათა უმრავლესობას სათავეში თბილისში დახელოვნებული ოკულისტები ედგნენ.
ახალგაზრდა ქირურგი დიდ მზრუნველობას იჩენდა თბილისის უსინათლოთა სკოლის აღსაზრდელების მიმართ. ეს სკოლა 1893 წელს გაიხსნა თბილისში ბრმათა სამზრუნველოს ინიციატივით. ნაყოფიერი და საზოგადოებისთვის სასარგებლო მოღვაწეობისათვის ტარსაიძეს ბრმათა სამზრუნველოს კომიტეტისგან არაერთი მადლობა მიუღია. 1895 წელს მას გადაეცა "ბრმათა სამზრუნველოს" ვერცხლის, ხოლო 1902 წელს – ოქროს ნიშანი.
არ დარჩენილა მნიშვნელოვანი კულტურული თუ საზოგადოებრივი წამოწყება, რომელშიც გიორგი ტარსაიძეს მეუღლესთან, ელისაბედ ერისთავთან ერთად მონაწილეობა არ მიეღოს. როდესაც ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ცხვედაძემ ქართული გიმნაზიის გახსნის ინიციატივა გამოთქვა, მიწის ნაკვეთის შეძენისა და მშენებლობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში გიორგი ტარსაიძემაც შეიტანა წვლილი.
სამწუხაროდ, ქართველი ექიმი ვერ მოესწრო თბილისში უმაღლესი სასწავლებლის დაარსებას, მაგრამ თბილისის უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ მისი საავადმყოფოს ბაზაზე ჩამოყალიბდა თვალის სნეულებათა კლინიკა. გიორგი ტარსაიძის სახელს ატარებდა თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, რომლის ბაზაზე ამჟამად მრავალპროფილური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" ფუნქციონირებს.
1903 წელს გიორგი ტარსაიძეს მძიმე დაავადება აღმოაჩნდა, რამაც აიძულა, საექიმო პრაქტიკისთვის თავი დაენებებინა. იმავე წლის აპრილში ბერლინში, ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გაემგზავრა, მაგრამ ექვსთვიანმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.
გიორგი ტარსაიძე 1904 წლის 24 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს თბილისის კალოუბნის ეკლესიის ეზოში, 1932 წელს კი, როდესაც ეკლესიის ადგილას კინოთეატრი "რუსთაველი" აშენდა, მისი ნეშტი ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს. ცნობილმა ქველმოქმედმა დავით სარაჯიშვილმა გიორგი ტარსაიძის საფლავი გრანიტის ძეგლით დაამშვენა, რომელზეც აკაკის სტრიქონებია ამოკვეთილი: “...და ხორციელად თვალის ექიმი სულიერადაც იყო მკურნალი...’’
მარი მარღანია











