ცხელი წერტილები, სადაც მსოფლიო ისვენებს

გააზიარე:

იქ, სადაც ტანის დაბანის რიტუალზე, აბანოების ისტორიასა და ტრადიციებზე ჩამოვარდება საუბარი, ჩვენც, ქართველებსაც გვეთქმის ერთი-ორი სიტყვა.

ამ კონტექსტში ქვეყნის დედაქალაქის დაარსების ყველასთვის კარგად ცნობილ ლეგენდას შეგახსენებთ:

ქართლის მეფეს, ვახტანგ გორგასალს, ნადირობისას შველი დაუჭრია. შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს.

სხვა ვერსიით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვენილან და გაფუფქულან.

წყაროს სამკურნალო თვისებებისა და ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს მის შემოგარენში ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. “თბილისი” სწორედ თბილი (ძვ. ქართულად – ტფილი), თერმული მინერალური წყაროების გამო ეწოდა ქალაქს. შემდგომში აქ გოგირდის აბანოებიც გაშენდა, რომლებმაც, თავის მხრივ, სახელი მისცა მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თბილისის ისტორიულ უბანს – აბანოთუბანს.

X საუკუნის არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი “გზათა და სამეფოთა წიგნში” აღნიშნავს: “ქალაქში (თბილისში) არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს”.

XIII საუკუნის თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა, რის შესახებაც ცნობებს ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო გვაწვდის.

თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი დედაქალაქია, რომლის სახელიც პირდაპირ თერმულ წყლებს უკავშირდება. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ წარსულის დანატოვარი კი არა, ეროვნული იდენტობის, უძველესი კულტურის ნაწილი და სავიზიტო ბარათია.

სხეულის განბანა-გასუფთავების კულტურა ყველა უძველესი ცივილიზაციის ნაწილია. იაპონიაში ეს სენტო და ფურაკოა, მექსიკაში – ტემასკალი, თურქეთში – ჰამამი, ფინეთში – საუნა... განსხვავება არა მხოლოდ სახელებში, არამედ ტრადიციებშიც იკვეთება.

აბანო, გარდა ჰიგიენური და სამკურნალო დანიშნულებისა, საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცის ფუნქციასაც ითავსებდა. ეს იყო სოციალიზაციის, პოლიტიკური დებატების, სულიერი განწმენდისა და მკურნალობის ადგილი.

მოკლე ისტორიული ექსკურსი

აბანოს ისტორია რამდენიმე ათას წელს ითვლის. ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ნაგებობა ძვ. წ. 2500 წლით თარიღდება. არქეოლოგებმა მის ნანგრევებს მდინარე ინდის ხეობაში მიაკვლიეს. ინდი სამხრეთ აზიაში, ჩინეთის ტერიტორიაზე, ტიბეტში იღებს სათავეს და პაკისტანისა და ინდოეთის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილების გავლით არაბეთის ზღვაში ჩაედინება. წყლის დიდ რეზერვუარს, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოაჩინეს, მხოლოდ ჰიგიენური პროცედურებისთვის როდი იყენებდნენ – ის საკრალური დანიშნულებისა იყო და ერთგვარ საკურთხევლად მიიჩნეოდა.

ძველი ბერძნული აბანოების შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვება. მათი გავრცელება ანტიკურ საბერძნეთში ძვ. წ. IV საუკუნიდან იწყება. აღწერილობებიდან ვასკვნით, რომ ეს აბანოები წარმოადგენდა კლდეში ნაშენ ან ნაკვეთ ოთახებს, რომლებსაც ორთქლი თერმული წყაროებიდან მიეწოდებოდა.

ბერძნული ორთქლის აბანოების ტრადიციების მემკვიდრე რომაული თერმების განვითარება ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში იწყება და საკულტო რიტუალის სიმაღლეს აღწევს.

ძველ რომში საზოგადოებრივ აბანოებს უმეტესად პირდაპირ ცხელ წყაროებზე ან მათ მახლობლად აგებდნენ. ელინური (ძველი ბერძნული) აბანოებისგან განსხვავებით, ამ უზარმაზარ კომპლექსებში განთავსებული იყო ბიბლიოთეკები, ბაღები, სპორტული დარბაზები და ფილოსოფიური დებატებისთვის განკუთვნილი ოთახებიც კი. ისტორიკოსების თქმით, ზოგიერთი შენობა 2500-მდე ადამიანს იტევდა.

ჰიპოკაუსტი – დღევანდელი ცენტრალური გათბობის წინაპარი იატაკქვეშა გათბობის სისტემა – სწორედ ძველი რომაელების გამოგონებაა.

თერმები მხოლოდ წყლის პროცედურების ჩასატარებელი ადგილები კი არა, თანამედროვე სპა-ცენტრების მსგავსი, დასვენებისა და გართობისთვის განკუთვნილი სრულფასოვანი ბალნეოლოგიური კურორტები გახლდათ.

IX საუკუნიდან მდიდრული აბანოები პოპულარობას კარგავს და მათ ადგილს ქალაქის პატარა აბანოები იკავებს.

საზოგადოებრივი აბანოები ძველ ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1292 წელს პარიზში, სულ მცირე, 26 აბანო იყო, რომლებსაც მოქალაქეები, წესისამებრ, კვირაში ერთხელ სტუმრობდნენ.

შუა საუკუნეების ევროპაში ვითარება იცვლება. აბანოების მასობრივ დახურვას ისტორიკოსები შავი ჭირის ხშირ ეპიდემიებსა და ეკლესიის მოთხოვნას მიაწერენ, რომელსაც აბანოები ცოდვის, გარყვნილებისა და ყოველგვარი ინფექციის გავრცელების კერებად მიაჩნდა.

აღორძინების ხანიდან ევროპაში კვლავ ბრუნდება ჰიგიენის კულტი.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ სხეულის სისუფთავის კულტმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთში.

ისლამურ სამყაროში წყლით განწმენდას რელიგიური მნიშვნელობა მიენიჭა. ჰამამი გახდა ადგილი, სადაც ადამიანები საუბარსა და დასვენებაში საათებს ატარებდნენ. რომაული აუზებისგან განსხვავებით, აქ აქცენტი გამდინარე წყალსა და ნოტიო ორთქლზე დაისმოდა.

სამხრეთის მარმარილოს აბანოებისგან განსხვავებით, ჩრდილოეთში ხის ნაგებობებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ფინურ საუნას, რომელიც UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს, ორიათასწლოვანი ისტორია აქვს. თავდაპირველად მიწაში ამოთხრილი ორმოები თანდათან ხის ქოხებმა ჩაანაცვლა. სამკურნალო თვისებების გამო ფინელები საუნას “ღარიბი კაცის აფთიაქს” ეძახდნენ. ამ სუფთა და წმინდა ადგილას ფინელი ქალები მშობიარობდნენ.

ვულკანურმა აქტივობამ იაპონიაში ონსენის კულტურა ჩამოაყალიბა. “ონსენი” ცხელი წყაროებისა და უშუალოდ მათ სიახლოვეს საგანგებოდ აგებული ინფრასტრუქტურის – სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა სარელაქსაციო სივრცეების – კომპლექსური სახელწოდებაა.

ბუნებრივ ცხელ წყაროებს ბუდისტი ბერები სამკურნალოდ იყენებდნენ. VI საუკუნიდან გავრცელებულ ქალაქის საზოგადოებრივ აბანოებში – სენტოსა და ფურაკოში – კი რიტუალური განბანა ხელოვნებასთან გათანაბრებულ რიტუალად იქცა.

ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ, მექსიკაში ორთქლით თერაპია დღესაც მედიტაციის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს: ტემასკალი სულისა და სხეულის განწმენდის უძველესი რიტუალია, რომელიც “ცხელი ქვების სახლში” მიმდინარეობს. გუმბათოვანი ნაგებობა სიმბოლურად დედა-დედამიწის საშვილოსნოს გამოხატავს, სადაც ვულკანური ქვების ორთქლის, სამკურნალო ბალახების, სიმღერებისა და შამანის ლოცვების მეშვეობით მონაწილეები სულიერი აღორძინების პროცესს გადიან.

მსოფლიოში სხვადასხვა ერისთვის დამახასიათებელი, კულტურ-ცივილიზაციური დეტალების მატარებელი უამრავი “სისუფთავის სახლია”. ამ ტრადიციებთან დაახლოება ჩვენი მრავალფეროვანი სამყაროს უკეთ შეცნობის საშუალებას იძლევა.

ფინური საუნა

საუნა ფინური კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამას სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს: ხუთმილიონნახევრიან ფინეთში დაახლოებით სამი მილიონი საუნაა. ორიათასწლოვანი ტრადიცია დღემდე თითქმის უცვლელად არის შემორჩენილი.

საუნა რელაქსაციის, სულიერი დასვენებისა და სხეულის განწმენდის ადგილია, სადაც, ტრადიციისამებრ, სრული სიმშვიდე სუფევს.

კლასიკურ ფინურ საუნაში ორი ან სამი ძირითადი ზონაა: მისაღები, საპირფარეშო და ორთქლის ოთახი ორ (ზედა და ქვედა) რიგად განლაგებული ხის დასაჯდომებით. ჰაერი აქ 90-120°ჩ-მდე თბება, ტენიანობა კი დაბალია – 10-25%-ს შეადგენს.

საუნის გავარვარებულ ქვებზე წყლის მისხურება, ოთახში არომატიზატორების გამოყენება და ორთქლის აბაზანის შემდეგ ცივ აუზში ან თოვლში ჩახტომა ყველასთვის კარგად ცნობილი პოპულარული ფინური ტრადიციაა.

“საუნაში ისე უნდა მოიქცე, როგორც ეკლესიაში”, – ამბობენ ფინელები და ახალდაბადებულ, ორი-სამი კვირის პატარებსაც აზიარებენ განწმენდის ეროვნულ ტრადიციას.

საუნაში განბანა დასაქორწინებელ გოგონებს შორისაც პოპულარულია. ქვეყნის ჩრდილოეთში რიტუალი ლაპლანდიური დოლურას თანხლებით მიმდინარეობს. აქაურები მიიჩნევენ, რომ ინსტრუმენტის ხმა სხეულის მოდუნებას, ორთქლის აბაზანისთვის მზადებასა და ბუნებასთან ჰარმონიას უწყობს ხელს.

დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰელსინკიში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე არქიტექტურულად გამორჩეული საუნა ლოილი (Löyly). მრავალწახნაგიანი ხის ბლოკები რთულ გეომეტრიულ ფიგურას ქმნის. მფლობელების ვარაუდით, მასალა დროთა განმავლობაში გამუქდება, სანაპირო კლდეს დაემსგავსება და ჰარმონიულად ჩაჯდება ლადშაფტში. ლოილიში ორი სექციაა: საჯარო, რომელსაც მამაკაცები და ქალები ერთად სტუმრობენ და კერძო – მცირე ჯგუფებისთვის.

ქალაქ ტამპერეში განლაგებული Rajaportin-ი ქვეყნის უძველესი საზოგადოებრივი საუნაა. ის 1906 წელს გაიხსნა და თითქმის პირვანდელი სახით არის შემონახული. მისი მთავარი ხიბლი უზარმაზარი ღუმელია, რომელიც ტონაზე მეტი წონის ქვას აცხელებს.

თურქული ჰამამი

ჰამამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აბანოა. მისი სახელწოდება თურქული სიტყვა hammam-ისგან მომდინარეობს, რაც “ცხელ ადგილს” ნიშნავს.

ტრადიციული ჰამამი სამ სხვადასხვა დანიშნულების სივრცეს აერთიანებს: ჯამეგაჰს – გასახდელს, სოუკლუკს – მოსასვენებელს და სიჯაკლიკს – საკუთრივ ორთქლის ოთახს.

თურქული აბანოს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გუმბათოვანი ჭერი და მარმარილოთი მოპირკეთებული დიდი ორთქლის ოთახებია, რომელთა გეგმარება მაღალი ტენიანობისა და ოპტიმალური, 60-გრადუსიანი ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

თითქმის ყველა ჰამამში ორთქლის ოთახები და გასახდელები ტრადიციული აღმოსავლური მოზაიკით არის მორთული.

თურქული აბანოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სპა-პროცედურების მრავალფეროვნებაა: არომატული ზეთებით სხეულის მასაჟი შესანიშნავ დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა.

ორთქლის ოთახში შესვლამდე აუცილებელია შხაპის მიღება.

პარასკევის ლოცვის წინ, ხუთშაბათს, სულისა და სხეულის განსაწმენდად ორთქლის აბაზანის მიღება მორწმუნე მუსლიმისთვის აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ანატოლიაში, ეს წესი ქორწილის წინა და შვილების დაბადების დღეებზეც ვრცელდება.

ყველაზე ცნობილი ჰამამები სტამბოლში მდებარეობს. მათი უმეტესობა ქალაქის ისტორიულ ცენტრში, სულთანაჰმედის რაიონშია კონცენტრირებული.

თუ ორთქლის აბაზანის მიღებასთან ერთად მცირე ისტორიული მოგზაურობაც გსურთ, ჰამამ ჰიურემ-სულთანში მიბრძანდით. ის XVI საუკუნეში, სულთან სულეიმან I-ის საყვარელი ცოლისთვის აშენდა და სამართლიანად მიიჩნევა სტამბოლის ერთ-ერთ ულამაზეს შენობად. მისი პირვანდელი ინტერიერი დეტალურად არის რესტავრირებული. მთლიანად არის აღდგენილი ორთქლის ოთახების მარმარილოს მოპირკეთება, სადაც ონკანებიც კი მოოქროვილია.

რომაული თერმები

კლასიკური რომაული აბანო სხვადასხვა ტემპერატურისა და ტენიანობის რამდენიმე ოთახისგან შედგებოდა. ესენი იყო:

. აპოდიტერიუმი – გრილი გასახდელი;

. ტეპიდარიუმი – თბილი ოთახი 37-40°ჩ ტემპერატურითა და 40%-მდე ტენიანობით;

. კალიდარიუმი – ცხელი და ნოტიო ოთახი 45-50°ჩ ტემპერატურითა და 100%-მდე ტენიანობით;

. ლაკონიუმი – მშრალი ორთქლის (ფინური საუნის მსგავსი) ოთახი, სადაც ტემპერატურა 80°C-ს აღწევდა, ტენიანობა კი 15-20%-ს არ აღემატებოდა;

. ფრიგიდარიუმი – ცივი ოთახი ორი აუზით კონტრასტული აბაზანებისთვის (ერთი – ცხელი, მეორე – ცივი წყლით);

. ლავარიუმი – ოთახი მასაჟის, კოსმეტიკური და ჰიგიენური პროცედურებისთვის.

ტემპერატურისა და ტენიანობის ასეთი თანმიმდევრული, დამზოგავი რეჟიმი ხელს უწყობდა თერმული სტრესის, ორგანიზმის გაუწყლოების, პირის ღრუს სიმშრალისა და დაუძლეველი წყურვილის თავიდან არიდებას.

რომაული თერმების კლასიკურ ვარიანტს დღემდე არ მოუღწევია. მდიდრული კომპლექსებიდან ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ამ ნაგებობათაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომში, კოლიზეუმის ახლოს მდებარე იმპერატორ ტიტუსის აბანოებია.

თანამედროვე რომაული სპა-ცენტრები ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნების სერვისების ფართო სპექტრს გვთავაზობენ: ტალახის აბაზანებს, მასაჟებს და სხვა. ყველაზე ცნობილი პაპის თერმები (Terme dei Papi), წინამორბედთა მსგავსად, ცხელ წყაროებზე დგას და რომიდან 80 კილომეტრზე მდებარეობს.

იაპონური აბანოები

ამომავალი მზის ქვეყანაში აბანოების ორი ძირითადი სახეობა არსებობს. ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი აბანო სენტოა, რაც იაპონურად “ფასიან მდუღარეს” ნიშნავს. მისი ისტორია მეექვსე საუკუნიდან იწყება.

სენტო სხვადასხვა ტემპერატურის აბაზანების კომპლექსია. შხაპის მიღებით დაწყებული რიტუალი პატარა აუზში ჩასვლით გრძელდება. აუზები სხვადასხვა ტიპისაა: ცხელი, ცივი, ჰიდრომასაჟით, არომატული ბალახებით... ზოგიერთ სენტოში გარე აუზებიც არის.

იაპონური აბანოს კიდევ ერთი სახეობაა ფურაკო – ხის დიდი, გადატიხრული კასრი უკან დამონტაჟებული შეშის ღუმლით. ფურაკოები სხვადასხვა ზომისაა, როგორც ერთი-ორი, ისე ათამდე მობანავისთვის განკუთვნილი. მეტი კომფორტისთვის კასრებში სკამებს დგამენ.

ფურაკოს შემდეგ ხშირად ოფუროში გადადიან – ცხელი ქვებითა და ნახერხით სავსე ხის ყუთში, სადაც ტემპერატურა 50°-60°C-ს აღწევს.

ნახერხი კარგად იწოვს ოფლს. მას ხშირად სამკურნალო მცენარეებს ამატებენ. ზედა ფენა სისტემატურად იცვლება. 60°C-მდე გახურებულ ქვებზე 10-15 წუთის განმავლობაში ზურგზე წოლა კუნთების სასიამოვნო მოდუნებას იწვევს.

1923 წლიდან კიოტოში “ფუნაოკა ონსენი” ფუნქციონირებს. კედრის ბარელიეფებით დეკორირებულ შთამბეჭდავ ინტერიერთან ერთად, ის ელექტროაბაზანითაც არის ცნობილი – იაპონელების აზრით, სუსტი ელექტროიმპულსი აძლიერებს კუნთებს და აუმჯობესებს სხეულის ტონუსს.

ასევე პოპულარულ საზოგადოებრივ აბანო “გოკო-იუში” კონტრასტულთან ერთად რადონის აბაზანების მიღებაც შესაძლებელია.

ინდური ტემასკალი

ტემასკალი ნახევარწრის ფორმის პატარა ნაგებობაა იმდენად დაბალი შესასვლელით, რომ მასში მოხვედრას მხოლოდ დაოთხილი თუ შეძლებთ. ნაუატლიდან (მექსიკასა და სალვადორში გავრცელებული აცტეკური ენა) მისი სახელი ითარგმნება როგორც “ცხელი ქვების სახლი”.

ნაგებობის ცენტრში ან კედელთან ახლოს ქვის ღია ღუმელია განთავსებული. როგორც წესი, აქ ცეცხლს არ ანთებენ, ქვებს შენობის წინ მდებარე პლატფორმაზე აცხელებენ და შიგნით შეაქვთ.

რიტუალი არომატული ბალახების დაწვით იწყება. შამანის მიერ მაიას ენაზე შესრულებული სარიტუალო სიმღერა-შეძახილის ფონზე მონაწილე ამბობს ყველაფერს, რაც თავში მოსდის – ეს გონებისა და სულის განწმენდის აუცილებელი პირობაა. რიტუალის შემდეგ მონაწილეები ვალდებულნი არიან, სხეული სენოტში (ბუნებრივი ჭა ან მცირე ტბა) განიბანონ.

მაიას ტომებს სენოტები “საიქიოს კარიბჭედ” მიაჩნდათ, ხოლო ამ ჭებიდან ამოღებული წყალი – წმინდად. სენოტების გაჩენა უკავშირდება წვიმისა და ჩამდინარე წყლებს, რომლებიც მიწისქვეშა მდინარეებს უერთდება.

მექსიკის ზოგიერთ სოფელში რიტუალს ნამდვილი შამანი ატარებს და მედიტაცია საუკუნოვანი ტრადიციების დაცვით მომდინარეობს.

შეძლებთ თუ ვერა სულის განწმენდას, ძნელი სათქმელია, მაგრამ იმის გარანტიას გაძლევთ, რომ მცდელობა ნამდვილად დაუვიწყარი იქნება!

ირაკლი კარტოზია

გააზიარე: