დოფამინზე დამოკიდებულება და მოკლე ვიდეოების ეპოქა
გააზიარე:
ერთწუთიანი ვიდეო. მოწონება. შემდეგი ვიდეო. კატები. სიმღერები. სერიალებზე რეაქციები. საჭმელი. ცეკვები. კაპიბარები.
და ასე უსასრულოდ.
TikTok-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე განთავსებულმა მოკლე ვიდეოებმა მთლიანად შეცვალა ინფორმაციის გადაცემისა და მიღების სტანდარტი. რაც მთავარია, შეცვალა ტვინის რეაგირების მექანიზმი. კვლევები აჩვენებს, რომ მოკლე ვიდეოები დამოკიდებულებას იწვევს და ამის მიზეზი, ისევე როგორც ყოველგვარი დამოკიდებულების დროს, დოფამინის ჭარბი გამოყოფაა.
რა არის დოფამინი
დოფამინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც თავის ტვინში გამოიყოფა და უდიდეს როლს ასრულებს ფსიქიკურ პროცესებში. მოტივაცია, ყურადღება, მეხსიერება, სწავლა, ქცევის მართვა მნიშვნელოვანწილად მასზეა დამოკიდებული. დოფამინს ხშირად “სიამოვნების ჰორმონს” უწოდებენ, თუმცა ეს სახელდება მთლად ზუსტი არ არის. დოფამინი სიამოვნების განცდის კი არა, მოლოდინისა და მოქმედების ჰორმონია, ის გვიბიძგებს იმის კეთებისკენ, რაც სიამოვნებას გვანიჭებს.
როგორ მუშაობს დოფამინი?
დოფამინი გამოიყოფა მაშინ, როდესაც გამოცდილება გვკარნახობს, რომ რაც ხდება, ღირებული ან სასარგებლოა.
მაგალითად:
- როდესაც, მოშივებულები, საჭმელს ვხედავთ;
- როდესაც დასახული მიზნისკენ მივიწევთ;
- როდესაც საინტერესო ახალ ინფორმაციას ვიღებთ;
- როდესაც გარკვეულ ქცევას გვიწონებენ და გვაქებენ.
დოფამინი გვიბიძგებს, განვახორციელოთ ესა თუ ის ქმედება, რათა სასიამოვნო, სასარგებლო შედეგი მივიღოთ. როდესაც მისი დონე დაბალია, ადამიანი გრძნობს დაღლილობას, ინტერესის, ფოკუსისა და მოტივაციის ნაკლებობას.
რა ხდება დოფამინის ჭარბი გამოყოფის დროს?
როცა ხელოვნურად ვქმნით ისეთ პირობებს, რომლებიც დოფამინის მუდმივ და ჭარბ გამოყოფას იწვევს, ტვინი ეჩვევა ჰორმონის მაღალ დონეს და ჩვეულებრივი აქტივობები “უფერულდება”. გვჭირდება უფრო ძლიერი სტიმული იმავე ეფექტისთვის.
ექსპერიმენტი ვირთხებზე
1950-იან წლებში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელმაც დოფამინის მოქმედების მექანიზმი გამოავლინა. მეცნიერებს აინტერესებდათ, რა უბიძგებს ცხოველებს მოქმედებისკენ. ვირთხას ათავსებდნენ გალიაში, რომელში დამონტაჟებული ბერკეტიც ტვინის განსაზღვრულ უბანს ასტიმულირებდა. ეს უბანი დაკავშირებული იყო დოფამინის გამოყოფასთან. ვირთხა თავად წყვეტდა, დაეჭირა თუ არა თათი ბერკეტისთვის.
ექსპერიმენტის შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: ვირთხები უარს ამბობდნენ საჭმელსა და წყალზე და განუწყვეტლივ აჭერდნენ თათს ბერკეტს. რამდენიმე მათგანი გამოფიტვისგან მოკვდა.
თავდაპირველად მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ “ბერკეტზე მიჯაჭვულობის” მიზეზი სიამოვნების განცდა იყო, მაგრამ შემდგომმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვირთხები არ ჰგავდნენ ბედნიერ ცხოველებს: ისინი დაძაბულები იყვნენ და მათი ქცევა იძულებით გამეორებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სიამოვნების მიღებას.
სხვა ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა ვირთხებს დაუბლოკეს დოფამინის გამომუშავება და წინ საჭმელი დაუდეს. ცხოველებს ჭამა სიამოვნებდათ, მაგრამ არ ჰქონდათ საჭმლის ჯამისკენ წასვლის მოტივაცია, ანუ სიამოვნება დარჩა, მაგრამ მოქმედების სურვილი გაქრა.
ამ და სხვა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ დოფამინი არ იწვევს სიამოვნებას - ის აღძრავს სურვილს.
რა კავშირია დოფამინსა და მოკლე ვიდეოებს შორის?
მოკლე ვიდეოებში განზრახ არის გამოყენებული განსაკუთრებული სიჩქარე და ინტენსივობა, მუსიკა, ფერები და დოფამინის გამოყოფის მასტიმულირებელი სხვა საშუალებები. ამ ჩანაწერების უმეტესობა 7-დან 60 წამამდე გრძელდება, რაც ტვინს საშუალებას აძლევს, რეგულარულად, თითქმის უწყვეტად მიიღოს დოფამინის აფეთქება.
დროთა განმავლობაში ტვინი ეჩვევა მუდმივ სტიმულაციას, რის გამოც ნელი აქტივობები - კითხვა, სწავლა, მუშაობა, საუბარი - მოსაწყენად და დამღლელად აღიქმება. ჩვენ ვიქცევით ვირთხებად, რომელებიც ვერ სწყდებიან ტელეფონის ბერკეტს.
როდის იქცევა დოფამინი დამოკიდებულებად?
დოფამინზე დამოკიდებულება ოფიციალური დიაგნოზი არ არის, ეს უფრო იმ მექანიზმის აღწერაა, რომელიც რეალურ ქცევით პრობლემას იწვევს - სწრაფი კმაყოფილების მუდმივ ძიებას, მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა.
მოკლე ფორმატის ვიდეოების ყურების შემდეგ დოფამინის დონის აწევის ნიშნებია:
* ტელეფონში ავტომატურად შეძვრომა მოწყენილობის ან სტრესის დროს;
* უყურადღებობა ისეთი ამოცანების მიმართ, რომელთა შესრულებისას მყისიერ უკუკავშირს არ ვიღებთ;
* გაღიზიანება ან მოუსვენრობა, როდესაც კონტენტის გარეშე ვრჩებით;
* ვიდეოებში უსასრულოდ ჩარჩენა.
რატომ არის ეს დამოკიდებულება საზიანო?
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი, რაც მოკლე ვიდეოების ყურებას მოჰყვება, ყურადღების გაუარესებაა. როცა ტვინი ეჩვევა სწრაფ ჯილდოს, ყველაფერი, რაც მოთმინებასა და ფოკუსირებას მოითხოვს, ზედმეტად რთული ეჩვენება.
პარადოქსი: მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმები კრეატიულობაზეა დაფუძნებული, მათი ჭარბი მოხმარება შემოქმედითი აზროვნების უნარს აუარესებს. კრეატიულობას სჭირდება სიწყნარე, ფიქრი და მოწყენილობაც კი -მდგომარეობები, რომლებსაც ვიდეოების უსასრულო ყურება ანადგურებს.
როგორ შევამციროთ დამოკიდებულება
დამოკიდებულებასთან ბრძოლის საუკეთესო გზა მისი ეტაპობრივი დაძლევა და საკუთარ თავზე კონტროლის ნელ-ნელა დაბრუნებაა. ამ დროს ვიდეოების გამორთვა ნაკლებეფექტურია, რადგან ტვინს პანიკა ეუფლება, როცა ყველაფერს ვუკრძალავთ. ამას სჯობია, მიღწევადი მიზნები დავისახოთ, მაგალითად:
* არ ვუყუროთ ვიდეობს დილიდანვე – დოფამინის დილის ულუფა მთელ დღეს არევს.
* ნაცვლად ამისა, გამოვაღოთ ფანჯარა, დავლიოთ წყალი, ვიმოძრაოთ.
* როდესაც ძალიან მოგვინდება, მაშინვე არ ჩავრთოთ ვიდეო – ყურება 30 წუთით გადავდოთ.
* წავშალოთ ტიკტოკისა და იუთუბის აპლიკაციები და დრო დავხარჯოთ ამ პლატფორმებზე ჩვეულებრივი ბრაუზერიდან შესვლისთვის.
* დროდადრო წავშალოთ ნახვის ისტორია, რომ ალგორითმი დავაბნიოთ.
* გამოვიწეროთ და მოვიწონოთ მხოლოდ საგანმანათლებლო კონტენტი.
* გავხადოთ ეკრანი მოსაწყენი: ჩავრთოთ შავ-თეთრი რეჟიმი (გრაყსცალე), მოვაშოროთ სოციალური ქსელების ხატულები მთავარი ეკრანიდან.
* დავაწესოთ ერთი უტელეფონო ზონა, მაგალითად, საწოლი, საპირფარეშო, სამზარეულო.
ჩვენს დროში ყველაზე დიდი საჩუქარიც და ყველაზე დიდი გამოწვევაც გაჯეტებია. მრავალ შემთხვევაში ისინი სასარგებლოა და ჩვენი ძალისხმევა უფრო მოხმარების სიხშირის კონტროლისკენ არის მიმართული, მოკლე ვიდეოებს კი არავითარი სარგებლობა არ მოაქვს და ნერვულ სისტემას ტყუილ-უბრალოდ გვინადგურებს.
მოკლე ვიდეოებზე დამოკიდებულება ჩვენი სისუსტის შედეგი არ არის - ისინი შექმნილია ისე, რომ ჩვენი ყურადღება მიიპყროს და ბუნებრივი მექანიზმები არიოს. პრობლემა დოფამინი კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ და რა სიხშირით ვასტიმულირებთ მის გამოყოფას.
როდესაც ტვინი სწრაფ ჯილდოს ეჩვევა, ნელი პროცესები მისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება, თუმცა ეს პროცესი შეუქცევადი არ არის. ყურადღებაზე კონტროლის დაბრუნება შესაძლებელია, თუ შევძლებთ გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებას, შევზღუდავთ ზედმეტ სტიმულებს და მათ რეალური, ნელი და მდგრადი კმაყოფილებით ჩავანაცვლებთ.
ჩვენ ვერ შევცვლით ალგორითმებს, მაგრამ შეგვიძლია, შევცვალოთ საკუთარი ჩვევები. სამყაროში, სადაც ყურადღება ყველაზე ძვირფასი რესურსია, მისი დაცვა ჩვენი თავისუფლების დასაწყისია.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე











