დოულა – პროფესიონალი მხარდამჭერი ორსულობისა და მშობიარობის დროს
გააზიარე:
მშობიარობა ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ამ დროს მას ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. თანამედროვე მედიცინას შეუძლია, ქალის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს, მაგრამ მშობიარისთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს ემოციურ თანადგომას, რომელიც ამშვიდებს მას და ძალას მატებს.
მსოფლიოში უკვე ფართოდ არის გავრცელებული ორსულობისა და მშობიარობის პროცესში დოულების მონაწილეობის ტრადიცია. ვინ არის დოულა, რა ევალება და რით ეხმარება ის მშობიარეს? ამის შესახებ დოულა, კავკასია-აზიის დოულების ასოციაციის პრეზიდენტი, კლინიკური ფსიქოლოგი, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტი, პროფესიონალი ქოუჩი ნინო ბერძნიშვილი გვესაუბრა:
– უფროსი, გამოცდილი ქალები – დედები, ოჯახის ან თემის უხუცესები – ყოველთვის იყვნენ მშობიარის გვერდით. “დოულა” ბერძნულად მსახურ ქალს ნიშნავს, თანამედროვე ჯანდაცვაში კი ასე უწოდებენ პროფესიონალ მხარდამჭერს. მისი პროფესია კეთილშობილური საფუძვლისა და ღრმა საზრისის მატარებელია. დოულას მოვალეობა მშობიარობისას ქალის გვერდით ყოფნაა, ოღონდ პროცესში ის სამედიცინო კუთხით არ ერევა – ქმნის გულისხმიერ, მშვიდ, ემპათიურ გარემოს და იყენებს დაამხმარე მეთოდებსა და ტექნიკებს, რაც მშობიარობას დადებით გამოცდილებად აქცევს. დოულას მეთოდების ეფექტიანობა არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული.
აშშ-ში დოულების ისტორია უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის. იქ დამხმარე ქალები მუშაობენ როგორც დამოუკიდებლად, ისე სამედიცინო დაწესებულებებშიც. ზოგიერთ შტატში, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, კანონით ნებადართულია სახლში მშობიარობაც – ქალს შეუძლია, მოიწვიოს ბებიაქალი, დოულა ან ორივე ერთად. დოულები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბუნებრივი, ნაკლებად ინვაზიური და ქალის საჭიროებებზე მორგებული მშობიარობის ტრადიციების დაბრუნებაში.
ცოდნა იარაღია
– დოულა ქალთან მუშაობას, როგორც წესი, მეორე ტრიმესტრიდან იწყებს. ამ დროიდან ორსულს უკვე სჭირდება აქტიურობა და მშობიარობისთვის სწორი მომზადება – უნდა გაიაზროს, რომ საკუთარი და ბავშვის კეთილდღეობისთვის მისივე ძალისხმევა და ჩართულობაა აუცილებელი.
პირველ შეხვედრებზე დოულა ორსულს აწვდის კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, მარტივად აღსაქმელ ინფორმაციას: რა ხდება ორსულობისას ქალის სხეულსა და ფსიქიკაში, როგორ ვითარდება ნაყოფი (უკვე ბავშვი), როგორია მისი და დედის საჭიროებები და რა პროცესები ელოდება ქალს წინ.
ინფორმაციისა და მხარდაჭერისთვის ორსული ხშირად მიმართავს სხვა ორსულებს ან ახალბედა დედებს. ამ დროს დიდი დაკვირვებაა საჭირო, რათა არ მოხდეს არაკომპეტენტური ან საზიანო ინფორმაციის ტირაჟირება, რომელმაც შესაძლოა შფოთვის გაძლიერება, მოწყვლადი ფსიქიკის ტრავმირება და ფიზიკური ზიანიც კი გამოიწვიოს, რადგან არ ითვალისწინებს თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურ თავისებურებებს. ორსულს უნდა შეეძლოს კითხვების დასმა კომპეტენტური, მომზადებული ადამიანისთვის.
იმისთვის, რომ ექიმს დამაზუსტებელი კითხვები დაუსვას, აუცილებელია, ორსული საკითხში მინიმალურად მაინც იყოს გარკვეული. სწორედ ამაში ეხმარება მას დოულა.
ამასთან ერთად, დოულა ორსულს – აწვდის ინფორმაციას მშობიარობასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში შესაძლებელია წყალში მშობიარობა, ვერტიკალური მშობიარობა, მშობიარობა სკამზე. თითქმის ყველა სამშობიაროში ორსულებს და მშობიარეებს ფიტნეს-ბურთსაც (ფიტბოლს) სთავაზობენ, თუმცა მის სწორად გამოყენებასაც ცოდნა სჭირდება. შესაძლებელია პალატის ისე მოწყობა, რომ ქალმა თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში – თან წაიღოს ყველაფერი, რაც ამშვიდებს. ერთი სიტყვით, მშობიარობა შეიძლება ნამდვილ დღესასწაულად იქცეს.
მიხარია, რომ ასეთი პირობების შექმნა დღეს საქართველოშიც შესაძლებელია – არიან ექიმები და ბებიაქალები, რომლებიც ამ მიდგომას დიდი მიმღებლობით ეკიდებიან.
რეგულარულად ვესწრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დოულების შეხვედრებს და სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ საქართველოში მშობიარეებისთვის საკმაოდ კარგი პირობებია.
დოულა ორსულს ასწავლის სხეულის სწორად მომზადებას. თუ ქალს არ აქვს ინდივიდუალური უკუჩვენება, ის უნდა იყოს აქტიური, ყოველდღიურად 8000 ნაბიჯი გაიაროს სუფთა ჰაერზე, შეასრულოს ორსულებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშები. მნიშვნელოვანია მენჯის სწორი მოძრაობა: ორსულობის პერიოდში სახსრები უფრო მოქნილია, ხოლო სწორად შერჩეული მოძრაობები და პოზიციები, რომლებიც ქალს მშობიარობის დროსაც დაეხმარება, მენჯის ღრუში მეტ სივრცეს ქმნის და ამით მშობიარობას აადვილებს.
დოულა უხსნის ორსულს, რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა, აცნობს შესაძლო პროცედურებისა და პროცესების დასახელებებსა და სხვა სამედიცინო ტერმინებს, რადგან წინასწარი ცოდნა საშუალებას აძლევს ქალსა და მის მეუღლეს/პარტნიორს, განიხილონ ალტერნატივები, დასვან სწორი კითხვები და ჩამოაყალიბონ პოზიცია.
დოულა ეხმარება ორსულს ისეთი საკითხების მოგვარებაშიც, როგორიცაა, მაგალითად, სამშობიარო ჩანთის მომზადება, ასწავლის მშობიარობის მოახლოების ნიშნების ამოცნობას და ა.შ.
მშობიარობის პოზები
– ზემოთ ვერტიკალური მშობიარობის შესაძლებლობა ახსენეთ...
– თანამედროვე სამშობიარო პრაქტიკაში ქალს აქვს არჩევანი, გამოიყენოს, გარდა ტრადიციულისა, სხვა პოზები და პოზიციებიც: იმშობიაროს მუხლებსა და ხელებზე დაყრდნობით, ჩამჯდარმა, სამშობიარო ბურთზე, ვერტიკალურ პოზიციაში, გვერდზე დაწოლილმა (ეპიდურალური ანესთეზიის დროს), ნახევრად მჯდომარემ ან ვერტიკალურად დაყრდნობილმა, წყალში (სპეციალურ სამშობიარო აუზში).
ჰორიზონტალური მშობიარობის კულტურა მსოფლიოში საფრანგეთიდან გავრცელდა ლუი XIV-ის პერიოდში: კარის ექიმები მიიჩნევდნენ, რომ პროცესს საწოლში უკეთ გააკონტროლებდნენ. ამასთან, საწოლში მშობიარობა მეტად შეეფერებოდა დედოფლის სტატუსს. ცნობილია, რომ შვილების დაბადებას მეფეც ესწრებოდა, რაც ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლებოდა სამეფო ოჯახებში. ამან დაუდო სათავე მოარულ აზრს, რომ ჰორიზონტალური მშობიარობა მეფისთვის დააწესეს, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა, უკეთ დაჰკვირვებოდა შვილების დაბადების პროცესს.
ადრეულ საუკუნეებში კი ქალები უმეტესად ფეხზე მდგომები მშობიარობდნენ. ასეთი პოზა ბუნებრივია: ბავშვიც უფრო ადვილად გაივლის სამშობიარო გზებს და ქალისთვისაც უფრო კომფორტულია პროცესი. წოლისას კი მშობიარეს მეტი ძალისხმევა სჭირდება გაჭინთვისთვის, ამასთან, მწოლიარე ქალი თავს უფრო დაუცველად გრძნობს, დისკომფორტს უქმნის გარშემო ბევრი ადამიანის ყოფნა.
ცნობილი ფრანგი მეცნიერი, მეან–გინეკოლოგი მიშელ ოდენი, რომელიც მიჩნეულია ფიზიოლოგიური "რბილი" მშობიარობის პიონერად, აქტიურად იყენებდა წყალში მშობიარობის პრაქტიკას. ის აქცენტს სვამდა ფიზიოლოგიური მშობიარობის მნიშვნელობაზე, სადაც პროცესის მაქსიმალურად ბუნებრივად წარმართვაში წამყვან როლს ჰორმონები ასრულებს.
სწორედ ოდენმა შემოიღო მშობიარობის სამი "ს"-ს პრინციპი: სიბნელე, სითბო და სიმშვიდე.
ცხოველები მშობიარობისას ბნელ, თბილ, მყუდრო კუთხეში იმალებიან, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ქალსაც სწორედ სიბნელე, სითბო და სიმშვიდე სჭირდება, რათა მის ორგანიზმში წარმოიქმნას ოქსიტოცინი, მელატონინი, ენდორფინი, პროლაქტინი – ჰორმონები, რომლებიც ეხმარება მშობიარობის პროცესს.
განათებული პალატა, კაშკაშა შუქი და თავზე მდგომი დამკვირვებლების სიმრავლე ზრდის სტრესს. სისხლში გამოიყოფა ადრენალინი და კატექოლამინი, რომლებმაც შესაძლოა შეანელოს ან შეაჩეროს მშობიარობა, რადგან ააქტიურებს "ბრძოლის ან გაქცევის" მექანიზმს, ეს კი, თავის მხრივ, წარმოშობს მშობიარობის მედიკალიზაციის საჭიროებას; შესაძლოა, საჭირო გახდეს ხელოვნური ოქსიტოცინის გამოყენება, ეპიზიოტომია და ა.შ. მშობიარობის ნეგატიური გამოცდილება პროვოცირებას უწევს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას და შესაძლოა, მეორეული ფსიქოგენური უშვილობის მიზეზადაც კი იქცეს.
პარტნიორის ჩართულობა
– თუ კაცი მოისურვებს, გახდეს საუკეთესო მხარდამჭერი მეუღლისთვის და ერთგვარი "ოქსიტოცინის წყარო" (ოქსიტოცინი ხომ სიყვარულის ჰორმონია), დოულას შეუძლია, მშობიარობისას მათ გვერდით იდგეს ისე, რომ მეუღლეთა ტანდემი და ჰარმონია არ დაარღვიოს, იყოს უხილავი მხარდამჭერი და საჭირო მომენტებში ჩუმად ჩაერიოს პროცესში.
დოულა ყოველთვის ითვალისწინებს მამაკაცის ფსიქოლოგიის თავისებურებებს. ბევრ კაცს უჭირს სამედიცინო მანიპულაციების ან საყვარელი ქალის უჩვეულო მდგომარეობაში ყურება, მაგრამ ვინაიდან მეუღლის გამხნევება სურთ, ზოგჯერ მშობიარობაზე დასასწრებად საკუთარი ემოციური მდგომარეობის უგულებელყოფა უწევთ.
ემოციური მზაობის უქონლობის შემთხვევაში ეს შესაძლოა ფსიქოლოგიური დაბრკოლებებით ან სქესობრივ ცხოვრებაში სირთულეებით დასრულდეს, ამიტომ პროცესში ჩართული ყველა მხარის ემოციური ფონი გასათვალისწინებელი და პატივისცემით მისაღებია. მამაკაცის მხრივ მშობიარობის პროცესში ჩართვა ნებაყოფლობითი უნდა იყოს, რომ მხარდამჭერი ფუნქციაც ორივესთვის საუკეთესოდ განხორციელდეს.
დოულას მიზანია ისეთი ჰარმონიული გარემოს შექმნა, სადაც ოჯახური ძლიერება და ურთიერთნდობა გამოჩნდება.
ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები
– ბოლო წლებში მოთხოვნით საკეისრო კვეთამ იკლო, მაგრამ აქტუალური გახდა გაუტკივარების მოთხოვნა. რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობის უგულებელყოფა შეუძლებელია, მაგრამ, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, მასაც აქვს პლიუსები და მინუსები. მშობიარობის პოზისა და პოზიციის არჩევის თვალსაზრისით იგი ნაკლებად მოქნილია, რადგან გულისხმობს დაწოლილ მდგომარეობაში ყოფნას. გარდა ამისა, შეგრძნებების შესუსტება ხელს უშლის მშობიარის მხრივ პროცესის ბუნებრივ მართვას (პოზით, სუნთქვით) და აქტიურ ჩართულობას. სწორედ ამიტომ ბევრ ქალს სურს, შეგრძნებების მართვის დამატებითი, ბუნებრივი საშუალებებიც იცოდეს. დოულას არსენალში კი არის მრავალი მეთოდი, რომლებიც ქალს მდგომარეობას უმსუბუქებს, საშუალებას აძლევს, იყოს აქტიური და სხეულის ბუნებრივ შესაძლებლობებს მაქსიმალურად დაეყრდნოს. ერთი მათგანია რებოზოს ტექნიკა. რებოზო მექსიკური მყარი ქსოვილის შალია, რომელსაც მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. სპეციალური მოძრაობების დახმარებით ის ამცირებს წელის, მენჯისა და ზურგის ტკივილს და ეხმარება ქალს პოზიციების ცვლაში მშობიარობის დროს.
დოულა არომათერაპიასაც იყენებს. ნერვულ სისტემაზე ეთერზეთების დადებითი გავლენა კვლევებით არის დადასტურებული.
სასარგებლოა აკუპრესურაც (წერტილოვანი ზეწოლა).
გარდა ამისა, დოულა ეხმარება მეუღლეს/პარტნიორს, სურვილის შემთხვევაში უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესში.
ძალიან მნიშვნელოვანია, ქალმა წინასწარ აითვისოს სწორი პოზები და სუნთქვის ტექნიკა. მშობიარობის სხვადასხვა ფაზაში სუნთქვის სხვადასხვა სტილია საჭირო. ბებიაქალი ყოველთვის მიუთითებს მშობიარეს, როგორ ისუნთქოს, მაგრამ სუნთქვის ტექნიკის წინასწარი, გააზრებული ცოდნა ადგილზე მის გამოყენებას მნიშვნელოვნად აადვილებს.
ყოველი მშობიარობა უნიკალური პროცესია, ამიტომ, განურჩევლად იმისა, პირველად მშობიარობს ქალი თუ განმეორებით, საინფორმაციო, ემოციური თუ ფიზიკური მომზადება ყოველ ჯერზე საჭიროა.
საკეისრო კვეთა
– რა ფუნქცია ეკისრება დოულას საკეისრო კვეთის შემთხვევაში?
– უნდა გვესმოდეს, რომ დოულას მხარდაჭერა მხოლოდ ფიზიოლოგიურ მშობიარობას არ უკავშირდება. თანამედროვე კვლევებმა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ საკეისრო კვეთას – მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს აუცილებელი და სიცოცხლის შემანარჩუნებელი ჩარევაა – თავისი სპეციფიკა აქვს და ემოციური თუ ფიზიკური გამოწვევები ახლავს.
ქალებს საკეისროს წინ ხშირად აქვთ ძლიერი შფოთვა: გარემო სტრესულია, პროცესი – ემოციურად გადატვირთული. ასეთ ვითარებაში დოულა არის ფიგურა, რომელიც ქალს აწვდის ინფორმაციას, ამშვიდებს, ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნის პროცესს, ამცირებს გაურკვევლობის შეგრძნებას და ქმნის უსაფრთხოების განცდას.
დოულას რესურსი ოპერაციის შემდეგაც მნიშვნელოვანია. ის:
* ეხმარება ქალს ფეხზე წამოდგომაში, ჰიგიენური პროცედურების ჩატარებაში;
* აძლევს პირველად რეკომენდაციებს ლაქტაციის შესახებ, აცნობს პროცესის თავისებურებებს, ასწავლის დამხმარე ხელსაწყოების გამოყენებას.
კვლევებით დადასტურებულია, რომ დოულას პროფესიონალური ემოციური მხარდაჭერა და თანაყოფნა საგრძნობლად ამცირებს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების ალბათობას.
დოულა ქალს გვერდით უდგას ნებისმიერი გამოწვევის დროს, მათ შორის – სამშობიარო ტრავმის, გართულებების, მძიმე ემოციური გამოცდილების შემთხვევაში. მისი მიზანია, დედა ემოციურად, ფიზიკურად და ინფორმაციულად ძლიერი იყოს, რათა ნებისმიერი გამოწვევა დაძლიოს.
საჭირო ინფორმაცია
– ორსულობისა და მშობიარობის პროცესში უამრავი მნიშვნელოვანი დეტალია, რომლებიც ბევრმა ქალმა შესაძლოა წინასწარ არ იცოდეს. მაგალითად, საქართველოშიც დაინერგა თანამედროვე პრაქტიკა – ჭიპლარის გადაჭრა მხოლოდ მისი პულსაციის შეწყვეტის შემდეგ. ამ პრაქტიკის მიზანია, ბავშვმა პლაცენტიდან ბოლომდე მიიღოს სისხლი, რომელიც მდიდარია ჟანგბადით, ერითროციტებით, რკინით და ღეროვანი უჯრედებით.
თანამედროვე სამშობიაროებში დედას პლაცენტის ბედის შესახებაც ეკითხებიან: სურს მისი წაღება თუ კლინიკას უტოვებს უტილიზაციისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჭიპლარის სისხლის შენახვა სისხლის ბანკში. ჭიპლარის სისხლი, როგორც უკვე აღვნიშნე, მდიდარია ღეროვანი უჯრედებით, რომლებიც მომავალში შესაძლოა ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენონ. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების სამომავლო ჯანმრთელობისთვის.
მეანობაში არსებობს ასეთი ცნება – "ოქროს საათი“. ეს არის მნიშვნელოვანი დრო კანის კანთან კონტაქტისა და დედა-შვილის ემოციური ბმისათვის, რომლის შესრულება მამებისთვისაც რეკომენდებულია. ახალშობილისთვის კანის კანთან კონტაქტი უზრუნველყოფს სხეულის ტემპერატურისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების სტაბილიზებას, სასარგებლო მიკროფლორის ჩამოყალიბებას, დაბადების სტრესის შემცირებას, ლაქტაციაზე ბუნებრივ გადასვლას, დედისთვის – ოქსიტოცინისა და ენდორფინის ჭარბ გამოყოფას, რაც სისხლდენის პრევენციის მექანიზმი და ძუძუთი კვების ინიციატორია, დედობრივი ინსტინქტის გაღვიძებას და შვილთან ემოციური კავშირის დამყარებას.
ბედნიერი მშობიარობა
– ორსულობის პერიოდში დოულას ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ქალის, ისე მისი პარტნიორის ემოციურ კეთილდღეობაზე. კვლევების მიხედვით, დოულას მხარდაჭერა ამცირებს შფოთვას, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ინფორმაციის დეფიციტთან ან, პირიქით, ზედმეტად მრავალფეროვან, დაუზუსტებელ და ზოგჯერ წინააღმდეგობრივ ცნობებთან. ორსულობისას შფოთვა ასევე უკავშირდება სხვისი გამოცდილების საკუთარ თავზე გადმოტანას, ემოციური არასტაბილურობის პერიოდებს და ორსულობის ბუნებრივი პროცესის არსის არცოდნას. ამ დროს დოულა ხდება ინფორმაციის გადამუშავების, ემოციების რეგულაციის, სიმშვიდის წყარო. შედეგად იმატებს დაცულობის, ძლიერების, ინფორმირებულობისა და მნიშვნელოვნების განცდა. გარდა ამისა, დოულას არსენალში მოიპოვება არაერთი ეფექტური და სასარგებლო მეთოდი, რომლებიც ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში სხეულის სწორ მომზადებას და ეფექტურად გამოიყენება მშობიარობის პროცესშიც.
დოულა არ ერევა სამედიცინო მანიპულაციებში, არ სინჯავს მშობიარეს, არ ნიშნავს და არ აუქმებს მედიკამენტებს, არ იძლევა რჩევებს, არ იღებს მშობიარობას. ის არის ცალკე მდგომი სპეციალისტი და მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც თავისი სპეციალობის კომპეტენციისა და ეთიკის კოდექსის ფარგლებში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ზრუნავს მშობიარობის პროცესის ოპტიმალურად წარმართვაზე.
მშობიარობის პერიოდში და მის შემდეგ დოულას უწყვეტ მხარდაჭერას აქვს მკაფიო, კვლევებით დადასტურებული სარგებელი:
* 39%-ით მცირდება საკეისრო კვეთის რისკი;
* 10%-ით ნაკლებად წარმოიშობა გამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენების საჭიროება;
* საშუალოდ 41 წუთით მცირდება მშობიარობის ხანგრძლივობა;
* 38%-ით მცირდება აპგარის სკალაზე ახალშობილის დაბალი ქულის (≤7 მეხუთე წუთზე) მიღების რისკი;
* მცირდება მედიკამენტური ინდუქციის (მშობიარობის ხელოვნურად დაწყება ან დაჩქარება მედიკამენტების გამოყენებით) საჭიროება;
*იზრდება სპონტანური ვაგინალური მშობიარობის ალბათობა (მიუხედავად იმისა, რომ პროცენტული მაჩვენებელი კვლევებში მერყეობს, ტენდენცია ერთმნიშვნელოვნად დადებითია);
* 31%-ით მცირდება მშობიარობის ნეგატიური გამოცდილების ალბათობა, რაც ზრდის შემდგომი ორსულობების მიმართ დადებით დამოკიდებულებას;
* იკლებს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკიც, რადგან ემოციური მხარდაჭერა და პოზიტიური მშობიარობის გამოცდილება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
დოულების მომსახურებით დღეს მთელ მსოფლიოში უამრავი ქალი სარგებლობს. ეს პროფესია მრავალი ქვეყნის სამედიცინო და სოციალური სისტემის ნაწილია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დოულას მომსახურება საზოგადოებრივი და კერძო სადაზღვევო პაკეტების ნაწილშიც კი შედის. დოულას ჩართულობას შეუძლია, მშობიარობა ქალის ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო გამოცდილებად აქციოს.
მარი აშუღაშვილი











