ნიჰილიზმი ინფორმაციული გადატვირთვის ფონზე
გააზიარე:
თანამედროვე კულტურამ უცნაური პარადოქსი დაგვატეხა თავს: ერთი მხრივ, ინფორმაციის ღიაობის ოქროს ხანა გვიდგას, მეორე მხრივ კი ინფორმაციის ეს ნაკადი ერთგვარ ეგზისტენციურ დამბლას გვმართებს. ახალგაზრდები უარს ამბობენ საზრისის ყოველგვარ წყაროზე – ისეთებზე, როგორიც არის რელიგია, თემი, კარიერა – და წარმოქმნილ სიცარიელეს არაფრით ავსებენ, ზრდასრულებს კი იმდენი პასუხისმგბელობა და ყოველდღიური კრიზისი გვახრჩობს, რომ ხშირად ყველაფერი ფუჭი გვეჩვენება.
ნიჰილიზმი ერთგვარი რწმენაა, რომ ყველაფერი თავისთავად უაზროა, რომ საზრისი არ არსებობს, რომ ჩვენ არავითარ დიდ მიზანს არ ვემსახურებით. ეს ყველაფერი არახალია. ჯერ კიდევ ნიცშე გვაფრთხილებდა რომ "ღმერთის სიკვდილს" დიდი სიცარიელე მოჰყვება. აქ ღმერთი მხოლოდ რელიგიურ კონტექსტში არ უნდა იქნეს გაგებული – აქ ის, საზოგადოდ, ჩვენზე დიდი მნიშვნელობის მატარებელ იდეას გულისხმობს.
დღეს ნიჰილიზმი ჩუმად მკვიდრდება ყოველდღიურ ცხოვრებაში – ხუმრობებში, ინტერნეტში გავრცელებულ მიმებში, ზოგად ფრაზებში, რომლებსაც ერთმანეთს ვეუბნებით (თქვენც ხომ გაგიგონიათ, როგორ ნატრობენ, მაგალითად, მეტეორის დაცემას, როდესაც სიტუაცია ზღვარგადასულად აბსურდული ეჩვენებათ). ირონია და დისტანცირება ყველაზე გავრცელებული პოზა ხდება, რადგან სხვისი ტკივილის განცდისა და გარემოს არასტაბილურობისგან გვიცავს.
თუმცა ყოველი ნიჰილისტური ხუმრობის ქვეშ მარტოობით, დაუცველობით, ტკივილითა და შფოთვით გატანჯული საზოგადოების მღელვარება ისმის.
სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება რწმენა, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია, თორემ ყოველდღიურ გამოწვევებს თავს ვეღარ გავართმევთ. ვეღარ მოვუვლით ოჯახს, ვეღარ ვივლით სამსახურში, ვეღარ ვისწავლით, ვეღარ დავაღწევთ თავს დეპრესიას.
ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია განტვირთვის დღეები ან თუნდაც საათები, რომელთა განმავლობაშიც არავითარ ინფორმაციას აღარ მივიღებთ და მხოლოდ კონკრეტულ ამოცანებზე ვკონცენტრირდებით.
კავშირის ილუზია: სოციალური მედიის არარსებული მხარადაჭერა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის ონლაინ სივრცეში გატარებული დრო. შესაძლოა, არ შეგვწევდეს ძალა გარემოს შესაცვლელად, მაგრამ გვაქვს ძალა, ვაკონტროლოთ სოციალური მედიიის მოხმარება. დარწმუნებული ვარ, თქვენც განგიცდიათ იმედგაცრუება, რომელიც სოციალურ მედიას მოაქვს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მართული ხდება მედიის ეს დარგი. მეგობრებს და მათ მიერ გაზიარებულ ახალ ამბებს თავად კი არ ვარჩევთ, – ალგორითმი გვკარნახობს. რას მიჰყვება ალგორითმი? – იმას, რასაც ყველაზე მეტი ნახვა აქვს. და რას აქვს ყველაზე მეტი ნახვა? – ბრაზს, სენსაციას, შურს.
ნეიროფსიქოლოგებიც კი გვეუბნებიან, რომ სოციალური მედიის ასეთი მოხმარება დამოკიდებულებაა. ამ დროს თავის ტვინი ჭარბად გამოყოფს დოფამინს და ვიღებთ მარტივად მისაღწევ, თუმცა არადამაკმაყოფილებელ შედეგებს. მნიშვნელოვანია, მიზანმიმართულად შევზღუდოთ სოციალურ მედიაში გატარებული დრო და ყურადღება დავუთმოთ იმას, რაც რეალურად ხდება ჩვენ წინ.
ნამდვილობის დეფიციტი
ისედაც ზედაპირულ ურთიერთობებს ახლა მუდმივი შიში და შფოთვა დაემატა. შიში, რომ ყველასთან ნამდვილი ვერ იქნები, რომ ფრთხილად უნდა შეარჩიო სიტყვები, რომ შენს ნებისმიერ ქმედებას შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოჰყვეს. შფოთავ მომავალზე, ვინაიდან რისიც გჯეროდა – ვეღარ გიცავს, რაც ადრე მუშაობდა – აღარ მუშაობს, ვისი იმედიც გქონდა – ვეღარ ეყრდნობი.
გააზრებული ცხოვრება
ყოველივე ამის გაანალიზებამ შესაძლოა უფრო მეტად გადაგვაგდოს ნიჰილიზმში. სწორედ ამიტომ არსებობს ფსიქოლოგიაში მიმდინარეობები, რომლებიც ომისა და არასტაბილურობის პირობებში ჩამოყალიბდა. ყველა ეს მიმდინარეობა ხაზს უსვამს რეალობაში დარჩენის მნიშვნელობას. მთავარი გზავნილი კი ასეთია: ტკივილი არ გვანადგურებს; გვანადგურებს ტკივილისგან დისტანცირება, დამალვის მცდელობა.
ჰოლოკოსტს გადარჩენილი ფსიქიატრი ვიქტორ ფრანკლი ხშირად ციტირებდა ნიცშეს სიტყვებს: “ჭერ ეინ ჭარუმ ზუ ლებენ ჰატ, ერტრäგტ ფასტ ჯედეს ჭიე”. ქართულად ეს ფრაზა დაახლოებით ასე შეიძლება ითარგმნოს: “ვინც იცის, რისთვის ცოცხლობს, გაუძლებს ყოველგვარ განსაცდელს”. გასაკვირი არ არის, რომ ისეთ დაძაბულობაში, როგორშიც ამჟამად ვცხოვრობთ, თავის დასაცავად ირონიას და დისტანცირებას ვებღაუჭებით, რეალობას გავურბივართ და პასუხისმგებლობას თვალს ვარიდებთ, მაგრამ გრძელვადიანად ეს სტრატეგია დამღუპველია, რადგან გარემოსთან ადაპტაციის ნაცვლად მისგან გაქცევას გვასწავლის.
რა თქმა უნდა, სათქმელად ადვილია, რადგან ყველამ ვიცით, რა ძლიერ გვაზიანებს ფსიქოლოგიური ტკივილი. და მაინც, არსებობს რამდენიმე მიდგომა, რომლებიც ამ ტკივილთან გამკლავებაში გვეხმარება:
* მივიღოთ – მტკივნეულ აზრებს თავი კი არ უნდა ავარიდოთ, არამედ უნდა მივიღოთ ისინი როგორც სინამდვილეზე ბუნებრივი რეაქცია. ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ ტკივილთან ერთად, ნაცვლად იმისა, რომ ტკივილმა წაგვლეკოს.
* დავაკვირდეთ – ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს აზრებს, ნაცვლად იმისა, რომ აზრებმა გვმართონ. მაგალითად, როცა ვამბობ: “არაფერი გამომივა“, – უიმედოდ ვგრძნობ თავს. მაგრამ თუ ვიტყვი: "გამეფიქრა, რომ არაფერი გამომივა", – ეს უკვე დაკვირვებაა. აზრები იცვლება, განწყობები გაივლის, ამიტომ უჯობესია, დავაკვირდეთ მათ, ვიდრე აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიღოთ.
* ვიყოთ აქ და ამჟამად – თუ ჩვენი აწმყო ან კონკრეტული სიტუაცია, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, უსაფრთხოა, მაქსიმალურად ვეცადოთ, იქ დავრჩეთ და თავი დავანებოთ მომავალზე ღელვას. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალზე არ ვიფიქროთ; ეს ნიშნავს, გამუდმებით არ ვუსწრებდეთ დროს.
* არ დავემორჩილოთ მუდმივობის ილუზიას – ადრე თუ გვიან ყველაფერი გაივლის, პირადი პრობლემები იქნება ეს თუ გარემოთი გამოწვეული დაუცველობის განცდა. ნიჰილიზმი კი გვავიწყებს, რომ რაც ჩვენ გარშემო ხდება, დროებითია. ქაოსის ფონზე იმედის მომცემია ცვალებადობაზე ფიქრი.
* გადავაფასოთ ღირებულებები – კრიზისულ პერიოდში მნიშვნელოვანია არსებული ღირებულებების გადაფასება, მაგალითად იმაზე დაფიქრება, რა უნდა ჩვენგან საზოგადოებას და რა მიგვაჩნია სწორად ჩვენ. შესაძლოა, ყველაზე ბაზისური ღირებულებების გადახედვა მოგვიწიოს, მაგალითად, დავეხმაროთ თუ არა ახლობლებს; რა უფრო მნიშვნელოვანია – ინდივიდუალური გადარჩენა თუ საზოგადო სიკეთე; რას დავთმობ კეთილდღეობისათვის და რის მიღმა არ მიშვებს სინდისი. ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა მათზე მსჯელობა გვაძლიერებს და გვიბრუნებს სიცოცხლის საზრისს, გვიბრუნებს საკუთარი თავის რწმენას.
* მოვიტანოთ სარგებლობა – ჩვენი ღირებულებების დასაცავად გადადგმული თუნდაც მცირე ნაბიჯი, სხვისთვის გაწეული თუნდაც მცირე დახმარება უფრო მეტად გვაყვარებს საკუთარ თავს და გვეხმარება, თავადაც გადავრჩეთ.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე











