რატომ აქვთ ბავშვებს დროის განსხვავებული შეგრძნება და რა გავლენას ახდენს ეს რუტინაზე
გააზიარე:
ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ თქვენი შვილი სულ სხვა დროით განზომილებაში ცხოვრობს? ეუბნებით: "მოემზადე, სათამაშოდ ხუთი წუთი დაგრჩა", – ის კი ამ დროს ისე იქცევა, თითქოს მთელი დღე წინ ჰქონდეს, ან დილით მომხდარ ამბავს იხსენებს და გეკითხებათ: "გახსოვს, გუშინ წყალი რომ გადამესხა?“
ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და დამშვიდდით, ბავშვის ასეთი ქცევა ნორმალურია. განვითარების ფაზაში მყოფი მისი ტვინი დროს განსხვავებულად აღიქვამს, ესაა და ეს. თანდათან ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
სტატიაში იმაზე ვისაუბრებთ, რატომ აქვთ ბავშვებს უფროსებთან შედარებით დროის განსხვავებული აღქმა, რა სირთულეებს წარმოშობს ეს ყოველდღიურ რუტინაში და, რაც მთავარია, როგორ გადავლახოთ ეს პერიოდი უმტკივნეულოდ.
პატარა ტვინები და დიდი გრძნობები
უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროთ, რომ ბავშვი განზრახ არ ცდილობს საქმის გაჭიანურებას და თქვენს ნერვებზე თამაშს. უბრალოდ მისი ფრონტალური კორტექსი – ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია დროის აღქმაზე – ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.
ჟურნალ Developmental Science-ში აღწერილმა საინტერესო კვლევამ აჩვენა, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, რამდენ ხანს გაგრძელდება მათი ესა თუ ის მოქმედება. უჭირთ მომავლის პროგნოზირებაც, რაც ართულებს ყოველდღიური რუტინის ისეთი ელემენტების შესრულებას, როგორიცაა ბაღში წასვლა, თამაშის დასრულება თუ დასაძინებლად მომზადება.
მაშასადამე, როცა სამი წლის ბავშვს ვეუბნებით, რომ ათ წუთში ძილის დრო მოვა, მას ესმის, რომ ოდესმე დასაძინებლად დაწოლა მოუწევს, მაგრამ მისთვის სრულიად გაუგებარია, რამდენად მალე მოხდება ეს.
"მოგვიანებით" არაფერს ნიშნავს, "ახლა" – ყველაფერია
პატარები აწმყოში, აქ და ახლა ცხოვრობენ (უფროსები კი ამისთვის მედიტაციას და უამრავ სხვა საშუალებას მივმართავთ და ხშირად მაინც არ გამოგვდის). ისინი მთელი არსებით არიან ჩართული თამაშში, “ლეგოს” კოშკის აწყობასა თუ ეზოში ნაპოვნ ჭიანჭველაზე დაკვირვებაში, და რადგან "მოგვიანებით" მათთვის ბუნდოვანი ცნებაა, მათ "ახლაში" ამ აქტივობის შეწყვეტა სტრესის მომგვრელია.
წუთით წარმოიდგინეთ, რომ მყუდროდ წევხართ და საყვარელ სერიალს უყურებთ, უცებ ვიღაც მოდის, ტელევიზორს გითიშავთ და დასაძინებლად მიჰყავხართ. ხომ უსიამოვნო წარმოსადგენია? სწორედ ამას განიცდის პატარა, როდესაც საყვარელ აქტივობას სწყვეტთ. მართალია, გააფრთხილეთ, მაგრამ მან ხომ ეს გაფრთხილება ვერ გაიგო!
როგორ გავართვათ თავი მსგავს სიტუაციებს ისე, რომ ბავშვს გული არ ვატკინოთ?
მხსნელი რუტინა
ასეთ ვითარებაში რუტინა სამაშველო რგოლის როლს ასრულებს. ის ბავშვის კომფორტისა და სტაბილურობის საწინდარია, მაგრამ როგორ მივაღწიოთ მას, როდესაც პატარას დროის აღქმის უნარი არ გააჩნია?
იმისთვის, რომ რუტინას მისდიოს, ბავშვს საერთოდ არ სჭირდება საათის ცნობა. მთავარია სწორი სიგნალები და თანმიმდევრულობა.
როცა აქტივობები ერთი და იმავე თანმიმდევრობით ხდება (არა აუცილებლად ერთსა და იმავე დროს, მაგრამ აუცილებლად ერთი და იმავე თანმიმდევრობით!), ეს ბავშვისთვის სიგნალია. ის მშვენივრად იმახსოვრებს, რომ კბილების გახეხვას მოსდევს ბანაობა, ბანაობას – საღამურის ჩაცმა, საღამურის ჩაცმას – ზღაპარი, ხოლო ზღაპარს – ძილი. ჩათვალეთ, რომ პატარა საყვარელ რობოტს პროგრამას უწერთ, რომელშიც ალგრორითმიდან გადახვევა წარუმატებლად შესრულებული დავალების ტოლფასია.
ამიტომ, ნაცვლად ამისა: “ცხრის ნახევარზე გავდივართ” ან "5 წუთში გავდივართ“, – უმჯობესია უთხრათ: "გავალთ მაშინ, როდესაც ისაუზმებ და კბილებს გაიხეხავ“.
დროის აღქმის ინსტრუმენტები პატარებისთვის
აი, რამდენიმე ხრიკი, რომლებიც პატარებს დროის აღქმას გაუადვილებს:
* ვიზუალური ტაიმერი – როცა ბავშვი თვალნათლივ ხედავს, როგორ "ქრება" დრო (მაგალითად, როგორ იცლება ქვიშის საათი), უკეთესად აღიქვამს მის დინებას. სურათი მისთვის გაცილებით მეტის მთქმელია, ვიდრე ციფრები.
* რუტინის სქემა – ძალიან კარგად მუშაობს სურათები სიტყვების ნაცვლად: კბილის ჯაგრისი, ფეხსაცმელი, ზურგჩანთა, კარი...
* დროის "ღუზები" – დაუკავშირეთ აქტივობები ერთმანეთს და არა საათს: "ჭამის შემდეგ გავისეირნებთ" ან "ეს სიმღერა რომ დამთავრდება, სააბაზანოში შევალთ".
* ვითვლით ერთად – დააზუსტეთ არა დრო, არამედ მოქმედებათა რაოდენობა: "შეგიძლია, კიდევ ათი წუთი ისრიალო" კი არა, არამედ "შეგიძლია, კიდევ ორჯერ ჩამოსრიალდე, მერე კი წავიდეთ" ან “შეგიძლია, ველოსიპედით კიდევ სამჯერ შემოუარო ეზოს, მერე კი წავიდეთ".
არა სიხისტე, არამედ მოქნილობა
რუტინა არ ნიშნავს მკაცრ ჩარჩოს. სტაბილურობა საჭიროა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა გზით მივაღწევთ მას.
იქნება დღეები, როცა ყველაფერი თავდაყირა იდგება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარებას თავს ვერ ართმევთ – ასეთი დღეები უბრალოდ შეგახსენებთ, რომ თქვენც ადამიანი ხართ და თქვენი შვილიც.
გამოიჩინეთ მეტი მოქნილობა. იქ, სადაც შესაძლებელია, მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება. ბანაობის პროცესი რამდენიმე წუთით გაიწელა? – რა დაშავდა ამით? იმდენად მნიშვნელოვანია ეს რამდენიმე წუთი, რომ ტირილად, ყვირილად და ნერვების შლად ღირს?
გახსოვდეთ, სასწაული ერთ დღეში არ ხდება, პროტესტსაც შეჯახებით, ტანტრუმსაც, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ნელ-ნელა აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს.
ლიკა ქათამაძე











