ჰეპატიტები ბავშვებთან - რა უნდა ვიცოდეთ
გააზიარე:
ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა. მას უმეტესად ვირუსი იწვევს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ანთება ბაქტერიული ინფექციის, ავტოიმუნური პროცესების (როდესაც იმუნური სისტემა თავად უტევს ღვიძლს), ალკოჰოლის ან რომელიმე მედიკამენტის ტოქსიკური ზემოქმედების შედეგია. ბავშვებთან ყველაზე მეტად A და B ვირუსებით გამოწვეული ჰეპატიტებია გავრცელებული.
არსებობს C ჰეპატიტიც, რომელიც უმეტესად ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით გადაეცემა, მაგალითად, საერთო ნემსის გამოყენებისას, და D და E ჰეპატიტებიც. ეს ორი შედარებით იშვიათია და საქართველოში ნაკლებად გვხვდება.
გარდა ამისა, აღრიცხულია მონონუკლეოზით, ციტომეგალოვირუსით, ადენოვირუსით გამოწვეული ვირუსული ჰეპატიტები.
ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვებისა და მედიკამენტების გადამუშავებაში, ენერგიის მარაგის შენახვასა და სისხლის გაწმენდაში, ამიტომ მისი ანთება არღვევს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას.
სიმპტომები
ჰეპატიტები, განურჩევლად მიზეზისა, თითქმის ერთნაირი სიმპტომებით ვლინდება. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ბავშვებთან ყველაზე ხშირად გვხვდება ჰეპატიტის მწვავე ფორმა, რომელიც, წესისამებრ, 6 თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება. მისთვის დამახასიათებელია:
- სიყვითლე – კანისა და სკლერების გაყვითლება;
- მუქი შარდი და ბაცი განავალი;
- ცხელება;
- გულისრევა, ღებინება და უმადობა;
- მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით – ზედა მარჯვენა მხარეს;
- სახსრების ტკივილი.
ქრონიკულია ჰეპატიტი, რომელიც 6 თვეზე მეტხანს გრძელდება. ბავშვებთან ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა შეუძლია, დროთა განმავლობაში ღვიძლი დააზიანოს.
მძიმე შემთხვევებში ქრონიკულმა ჰეპატიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომელიც ვლინდება:
- მუდმივი სიყვითლით;
- კანის ქავილით;
- მუცელში სითხის დაგროვებით (ასციტი) და ფეხების შეშუპებით;
- სისხლდენით ან სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილებით.
ამიტომ ქრონიკული ჰეპატიტის დროული დიაგნოსტირება და მართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ ადგენენ
ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ:
* სისხლის ანალიზს – ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად;
* სპეციფიკური ანტისხეულების გამოკვლევას – ვირუსული ინფექციის გამოსავლენად;
* ულტრაბგერით გამოკვლევას (ექოსკოპიას) – ღვიძლის სტრუქტურისა და მდგომარეობის შესაფასებლად;
* ღვიძლის ბიოფსიას – ღვიძლის ქსოვილის მდგომარეობის დასადგენად, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება საჭირო.
A ჰეპატიტი
A ჰეპატიტი ბავშვებთან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. ის უმთავრესად ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმში ხვდება განავლით დაბინძურებული საკვების, წყლის ან ნივთის საშუალებით.
ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ბაგა-ბაღებსა და სკოლებში, სადაც ჰიგიენის წესების სრულყოფილად დაცვა ძნელია. ამასთან, A ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი განავალში შესაძლოა ავადმყოფობის დაწყებიდან რამდენიმე თვეც დარჩეს, განსაკუთრებით – თუ პაციენტი ჩვილი ან მცირეწლოვანია.
საქართველოში A ჰეპატიტი პერიოდულად ვრცელდება, ამიტომ მისი პრევენცია, რაც ჰიგიენასაც გულისხმობს, უდიდეს მნიშვნელობას იძენს.
6 წლამდე ასაკის ბავშვებთან A ჰეპატიტი უმეტესად მსუბუქი ფორმით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ინფიცირებულებს ვირუსის გავრცელება მაინც შეუძლიათ. მწვავე ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ინფიცირებიდან 2-6 კვირის განმავლობაში ვლინდება.
A ჰეპატიტი, წესისამებრ, თავისით გაივლის და სპეციფიკურ მკურნალობას არ მოითხოვს. რეკომენდებულია:
* ბევრი სითხის მიღება;
* ჯანსაღი კვება;
* გადაღლისთვის თავის არიდება და სრულფასოვანი დასვენება.
იშვიათად A ჰეპატიტი იწვევს ღვიძლის მწვავე უკმარისობას, რაც ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა.
A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიებაა. ბავშვებს ვაქცინას 1 წლიდან უკეთებენ. მეორე დოზა კეთდება პირველიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ. ბავშვებისთვის, რომლებიც გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში მიემგზავრებიან, ვაქცინაცია ნებადართულია 6 თვიდან, თუმცა 1 წლიდან მათ ისევ უნდა ჩაიტარონ ვაქცინაციის სრული კურსი.
საქართველოში A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, თუმცა რეკომენდებულია.
A ჰეპატიტის პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა:
- ხელების ხშირი ბანა საპნით, განსაკუთრებით – ტუალეტის შემდეგ და ჭამის წინ;
- ხილისა და ბოსტნეულის საფუძვლიანად რეცხვა;
- მხოლოდ თერმულად კარგად დამუშავებული საჭმლის ჭამა და სუფთა წყლის სმა.
B ჰეპატიტი
A ჰეპატიტი თუ მწვავე დაავადებაა, B ჰეპატიტმა შესაძლოა ქრონიკული სახე მიიღოს. სწორედ გაქრონიკულებაა ამ დაავადების თანმხლები მთავარი სირთულე, მით უმეტეს, ბავშვებთან საკმაოდ ხშირად ხდება ასე, განსაკუთრებით ახალშობილებთან, რომლებთანაც ქრონიკულ ფორმაში გადასვლის ალბათობა 90%-ს შეადგენს.
ბავშვებს B ჰეპატიტი უმეტესად დედისგან გადაეცემათ მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს, თუმცა არ არის გამორიცხული გადაცემა ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული ნემსის ან სხვა სამედიცინო იარაღის მეშვეობით (ზრდასრულებთან დასნებოვნების ერთ–ერთი გზაა დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულ პირთან).
მწვავე B ჰეპატიტი ინფექციის შეჭრიდან 1-6 თვეში ვლინდება და უმეტესად თავისთავად გაივლის (თვითგანკურნებადია), ქრონიკული ფორმა კი 6 თვეზე მეტხანს გრძელდება. ზოგჯერ ის მწვავე ფორმის გაგრძელებაა, ზოგჯერ კი ისე ყალიბდება, რომ სიმპტომები საერთოდ არ იჩენს თავს. ქრონიკული ჰეპატიტი ღვიძლის სერიოზული დაზიანების რისკს წარმოშობს. სხვისი ინფიცირება სრულიად უსიმპტომო ავადმყოფსაც კი შეუძლია.
ახალშობილებს, რომელთა დედები ორსულობისას დაინფიცირდნენ B ჰეპატიტით, დაავადების უფრო მაღალი რისკი ემუქრებათ, თუმცა დაბადებიდან მალევე ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და სპეციალური იმუნოგლობულინი მათ ინფექციისგან იცავს.
მწვავე B ჰეპატიტს სპეციფიკური მკურნალობა იშვიათად სჭირდება, ექიმი მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას უნიშნავს და რეკომენდაციებს აძლევს პაციენტს (სითხის მიღება, საკმარისი დასვენება და ა.შ.). ქრონიკული B ჰეპატიტი მოითხოვს რეგულარულ მონიტორინგს და ზოგიერთ შემთხვევაში – ანტივირუსულ მკურნალობას.
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა საუკეთესო პრევენციული ღონისძიებაა. ახალშობილებს ვაქცინაცია უტარდებათ დაბადებიდან 12 საათის შემდეგ, მეორე დოზას 1-2 თვის ასაკში იღებენ, ხოლო მესამეს – 6-18 თვის ასაკში.
C ჰეპატიტი
C ჰეპატიტი ბავშვებთან იშვიათია. ახალშობილს ის შესაძლოა გადაედოს დედისგან, მოზარდს – ნემსით ნარკოტიკის ინექციური მოხმარებისას ან სხვა გზით. C ჰეპატიტის სიმპტომებმა შესაძლოა წლობით არ იჩინოს თავი, მაგრამ ინფექციამ სერიოზულად დააზიანოს ღვიძლი, საბოლოოდ კი ღვიძლის ციროზამდე ან კიბომდე მიგვიყვანოს.
უკვე შემუშავებულია სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა, რომლითაც შესაძლებელია C ჰეპატიტის კონტროლი ან აღმოფხვრა.
სამწუხაროდ, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
კვება მწვავე ჰეპატიტის დროს
მწვავე ჰეპატიტი ხშირად იწვევს უმადობას და საჭმლის მონელების პრობლემებს, ამიტომ ავადმყოფმა უნდა მიიღოს კალორიული, მაგრამ ადვილად მოსანელებელი საკვები. სასურველია, ბავშვს ვაჭამოთ ხშირად და მცირე ულუფებით. რეკომენდებულია:
* ადვილად მოსანელებელი ნახშირწყლები – ბრინჯი, შვრია, მოხარშული ბოსტნეული (კარტოფილი, სტაფილო), ბანანი;
* ცილები – ხაჭო, მოხარშული ქათამი ან თევზი, კვერცხის ცილა, ოსპი.
ღვიძლის დატვირთვის შესამცირებლად სასურველია მინიმუმამდე დავიყვანოთ რაციონში ცხიმიანი, მძიმედ მოსანელებელი (შემწვარი, შებოლილი, დამარილებული) საკვების წილი. უმჯობესია, ბავშვს მივცეთ ნაკლებცხიმიანი, ორთქლში ან წყალში მოხარშული ხორცი და ბოსტნეული.
გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად საჭიროა საკმარისი სითხის: წყლის, ბულიონის, უშაქრო ჩაის, – მიღება.
კვება ქრონიკული ჰეპატიტის დროს
ქრონიკული B და C ჰეპატიტების მქონე ბავშვებისთვის ჯანსაღი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორად დაბალანსებული რაციონი ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებას და ღვიძლის ფუნქციის აღდგენას. სწორი კვების მეშვეობით შესაძლებელია ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერება და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
ჯანსაღი კვება ნიშნავს ისეთი მრავალფეროვანი და სასარგებლო საკვების მიღებას, რომელიც ორგანიზმს ყველა აუცილებელი ვიტამინითა და მინერალით მოამარაგებს. ასეთია:
* ხილი და ბოსტნეული – ისინი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რაც მნიშვნელოვანია ღვიძლის ჯანმრთელობისთვის;
* მარცვლეული და მისი ნაწარმი (პური, მაკარონი, ბრინჯი, შვრია). უპირატესობა ენიჭება მთლიანმარცვლოვან პროდუქტებს, რადგან შეიცავს უჯრედისს და B ჯგუფის ვიტამინებს;
* ცილები – მჭლე ხორცი, თევზი, ქათამი, კვერცხი, პარკოსნები (ლობიო, ოსპი), თხილეული აუცილებელია სხეულის ზრდისა და განვითარებისთვის;
* რძე და მისი ნაწარმი – კალციუმის, ვიტამინ B12-ის და სხვათა გამო. თუ ბავშვი ვერ იტანს რძის პროდუქტებს, ალტერნატივად შეიძლება გამოყენებულ იქნეს კალციუმით გამდიდრებული სოიის რძე, ნუში და ლობიო;
* ჯანსაღი ცხიმები – ავოკადო, თხილეული, ზეთისხილი, ცხიმიანი თევზი (შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს).
საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება აუცილებელია, რადგან სხეულს – ტოქსინების გამოდევნაში, ხოლო ღვიძლს ფუნქციობაში ეხმარება.
უმჯობესია, ვერიდოთ ნაჯერ ცხიმებს – კარაქს, მსუქან ხორცს, შემწვარ პროდუქტებს.
რაციონიდან არც შაქრის ამოღებაა აუცილებელი, მაგრამ საჭიროა დამუშავებული შაქრის შემცველი პროდუქტების – კანფეტების, ტკბილი გაზიანი სასმელების – რაოდენობის შემცირება.
რეკომენდებულია კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები) შეზღუდვა, რადგან შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ძილის ხარისხსა და ენერგიაზე.
ბალახეული საშუალებებისა და საკვებდანამატების მიღება ექიმის რჩევის გარეშე არ არის რეკომენდებული, რადგან ზოგიერთი მათგანი ღვიძლისთვის ტოქსიკურია. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, სანამ ბავშვს რომელიმე მათგანს მისცემთ.
მარი აშუღაშვილი











