ბავშვობის ფარული ტრავმები

გააზიარე:

ზრდასრულ ასაკში გამოვლენილი მრავალი პრობლემის წყარო ბავშვობაში გადატანილი ტრავმაა. ბავშვობის ტრავმები სიცოცხლის ბოლომდე ახდენს გავლენას ემოციებსა და ქცევაზე, მეხსიერებასა და ზოგად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამასთან, ბავშვისთვის შესაძლოა ისეთი სიტუაციაც კი ტრავმული აღმოჩნდეს, რომელიც დიდებს უმნიშვნელოდ ან ნორმალურად მიგვაჩნია.

რა შეიძლება იყოს ბავშვობის ფარული ტრავმის მიზეზი, როგორ ვლინდება ის და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ამ საკითხებზე ფსიქიატრი ლევან ანდრონიკაშვილი გვესაუბრა:

– ზრდასრულ პაციენტთან გასაუბრებისას ბევრ დროს ვუთმობ ბავშვობის შესახებ კითხვებს: რა ახსოვს სახლიდან, საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან? როგორი ურთიერთობები ჰქონდა, რამდენად წარმატებული იყო სწავლასა და სპორტში? როგორ ატარებდა თავისუფალ დროს და როგორ სოციალურ გარემოში იზრდებოდა? ბევრს უკვირს, რა კავშირი აქვს ამ კითხვებს მათ ამჟამინდელ პრობლემებთან, მაგრამ ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მიღებული გამოცდილება ხშირად წარუშლელ კვალს აჩნევს პიროვნებას. ის არა მხოლოდ ფსიქიკას, არამედ ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციობასაც ცვლის.

ბიოლოგიური საფუძვლები

– ევოლუციური განვითარების მიხედვით ტვინს სამ ძირითად სისტემად ყოფენ:

რეპტილური ტვინი – მოიცავს ტვინის ღეროსა და ნათხემს და პასუხისმგებელია გადარჩენისთვის აუცილებელ ძირითად ფუნქციებზე: გულისცემაზე, სუნთქვაზე, სისხლის მიმოქცევაზე. ის მართავს ინსტინქტურ რეაქციებსაც – კვებასა და გამრავლებას.

ლიმბური სისტემა – მოიცავს ჰიპოთალამუსს, ამიგდალას, ჰიპოკამპს და სხვა სტრუქტურებს. ეს სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ემოციების მართვასა და ემოციური მეხსიერების ჩამოყალიბებაში. რეპტილური ტვინიდან მიღებული ინფორმაცია ჯერ ლიმბურ სისტემაში მუშავდება, მერე კი ტვინის უფრო ზემოთ მდებარე ცენტრებს გადაეცემა.

ნეოკორტექსი – მოიცავს ტვინის ქერქს და პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე, დაგეგმვაზე, თვითკონტროლსა და შემოქმედებით უნარებზე.

როდესაც ადამიანი ახალ გამოცდილებას იღებს, რეპტილური ტვინი მეყსეულად აფასებს საფრთხეს და საჭიროების შემთხვევაში “იბრძოლე-გაიქეცი-გაშეშდი” (fight-flight-freeze) რეაქციას ააქტიურებს, ლიმბური სისტემა ემოციურ გამოცდილებას ინახავს და მომავალში მსგავს სიტუაციას ემოციური რეაქციით პასუხობს, ხოლო ნეოკორტექსი ამ გამოცდილებას აანალიზებს და ცდილობს, რაციონალური მიდგომა შეიმუშაოს. შესაბამისად, გამოცდილება შესაძლოა აღიბეჭდოს ინსტინქტურ დონეზე (რეპტილური ტვინი), ემოციურად დამუშავდეს (ლიმბური სისტემა) და რაციონალურად გაანალიზდეს (ნეოკორტექსი).

სასურველია, ბავშვობაში ტვინის ნაწილებს შორის რაც შეიძლება მეტი ნეირონული კავშირი ჩამოყალიბდეს და განმტკიცდეს. ამ პროცესისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ფაქტორია მიელინიზაცია – ნერვული ბოჭკოების ირგვლივ მიელინის გარსის ჩამოყალიბება, რაც ჰგავს ძაფზე ასხმული ნიგვზის თათარაში ამოვლებას და ჩურჩხელად ქცევას. მიელინის გარსი არა მხოლოდ იცავს ნერვულ ბოჭკოებს, არამედ ნერვული იმპულსების გადაცემასაც აჩქარებს. ბავშვობაში ტვინი აქტიურად ქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს, უსარგებლო კავშირები კი იშლება, რაც ტვინის ოპტიმალურ ფუნქციობას უწყობს ხელს. ეს პროცესი გარემოსთან ურთიერთქმედებისა და გამოცდილების საფუძველზე მიმდინარეობს.

ზოგიერთი გამოცდილებისა და ტრავმული მოვლენის უარყოფითი ეფექტი აშკარაა, მაგალითად, ძალადობის, უბედური შემთხვევის, ადამიანის დაკარგვის, მაგრამ ბავშვისთვის შესაძლოა ამგვარადვე დამაზიანებელი აღმოჩნდეს ისეთი მოვლენებიც, რომლებსაც უფროსები ტრავმის სერიოზულ მიზეზად არ განიხილავენ: უარყოფა, მიტოვება, ღალატი, უსამართლობა.

უარყოფის ტრავმა

– პრაქტიკაში შემხვედრია არაერთი შემთხვევა, როცა სასწავლო წლის დაწყებისას მშობელს შვილი ბაღში ან სკოლაში რამდენიმე დღის დაგვიანებით მიუყვანია. ასეთ დროს ბავშვი ხედავს, რომ მის თანატოლებს შორის უკვე არსებობს სოციალური კავშირები, ისინი ერთად თამაშობენ, ერთმანეთს ეკონტაქტებიან, თავად კი არ იცის, როგორ იპოვოს ადგილი უკვე ჩამოყალიბებულ სტრუქტურაში.

ბავშვი სოციუმში თავს მიუღებლად აღიქვამს და ხშირად ყველაფერს ნეგატიური კუთხით განმარტავს. შესაძლოა, ეგონოს, რომ სხვები მის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი, რაც მომავალში უნდობლობის განცდას გაუძლიერებს.

ეს გამოცდილება ნეირობიოლოგიურ დონეზეც აისახება – შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს პრეფრონტალურ ქერქში (შუბლის წინა ქერქში), რომელიც პასუხისმგებელია ემოციების რეგულაციასა და სოციალიზაციაზე.

უარყოფის ტრავმის მქონე ადამიანებს ზრდასრულ ასაკში ხშირად უჭირთ ჯგუფურ საქმიანობაში ჩართვა. ისინი გამუდმებით ცდილობენ საკუთარი მნიშვნელოვნების დამტკიცებას, ხანდახან – სხვების მორჩილებით, ხანდახან – მათზე გადამეტებული ზრუნვით. შესაძლოა, განიცდიდნენ დაუცველობას, სოციალიზაციის შიშს ან ჯგუფში ადაპტაციის სირთულეებს.

მიტოვების ტრავმა

–  ბავშვებს ხშირად აქვთ მიტოვების შიში. ბაღში პირველად მისვლისას შესაძლოა წარმოიდგინონ, რომ მშობლები აღარ მიაკითხავენ და სამუდამოდ იქ დატოვებენ. ასეთ გამოცდილებას ხშირად მოჰყვება ტანტრუმები და რთული ქცევები, რომლებითაც ბავშვი ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

მიტოვების ტრავმის შედეგი ხშირად ვლინდება ზრდასრულ ასაკში დაბალი თვითშეფასებით. ასეთ ადამიანებს შესაძლოა ეშინოდეთ მიტოვებისა და უარყოფის, მაგალითად, მეუღლის, მეგობრების, ოჯახის წევრების მიერ. ზოგჯერ ეს შიში ისეთი ღრმაა, რომ შესაძლოა, არაცნობიერადაც ეჭვი ეპარებოდეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებში, მაგალითად, იმაში, რომ შვილი ნამდვილად მათია, მიუხედავად გენეტიკური ტესტებით დადასტურებული ფაქტებისა.

ეს პროცესები ააქტიურებს ლიმბურ სისტემას – ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი. შედეგად ემოციები გადაფარავს რაციონალურ აზროვნებას, რაც იწვევს გადამეტებულ რეაქციებს, არაპროპორციულ შიშებს და ურთიერთობებში გაურკვევლობის განცდას.

ღალატის ტრავმა

–  ბავშვს ღალატის განცდა უჩნდება მაშინ, როდესაც მისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ნდობას უცრუებს, დაპირების შეუსრულებლობით იქნება ეს, ტყუილით თუ ემოციური ან ფიზიკური უგულებელყოფით. ბავშვობაში ასეთმა გამოცდილებამ შესაძლოა შფოთვა, დეპრესიული სიმპტომები, ძილის დარღვევა და ღამის კოშმარები გამოიწვიოს, ზრდასრულ ასაკში კი ღალატის ტრავმის მქონე ადამიანები ხშირად თავს არიდებენ ახლო ურთიერთობებს ან, პირიქით, განიცდიან ძლიერ ემოციურ დამოკიდებულებას სხვაზე. ზოგიერთ ზრდასრულს, რომელსაც ბავშვობაში ღალატის ტრავმა აქვს გადატანილი, შესაძლოა განუვითარდეს აუხსნელი, ფსიქოსომატური ტკივილები, რომელთა ორგანული მიზეზი ნევროლოგიურად არ იკვეთება.

ღალატის ტრავმა ცვლის ტვინის სტრუქტურას და მასში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს. ამიგდალას ჰიპერაქტიურობა იწვევს გადაჭარბებულ ემოციურ რეაქციებს და შფოთვას, ჰიპოკამპის მოცულობის შემცირება კი გავლენას ახდენს სტრესის მართვის უნარსა და მეხსიერებაზე. პრეფრონტალური ქერქი ეფექტურად ვერ არეგულირებს ემოციებს, რაც აძლიერებს უნდობლობასა და იმპულსურობას.

უსამართლობის ტრავმა

– უსამართლობის განცდა შესაძლოა გაჩნდეს, როდესაც ბავშვი ეჯახება ძალადობას, უგულებელყოფას, უთანასწორო მოპყრობას ან დისკრიმინაციას. მაგალითად, როცა მასწავლებელი უფრო დაბალ ქულას უწერს, ვიდრე დაიმსახურა ან ადანაშაულებს იმაში, რაც არ ჩაუდენია.

კვლევების თანახმად, იდეალურ პირობებში საბავშვო ბაღში ერთ მასწავლებელზე უნდა მოდიოდეს არა უმეტეს ხუთი ბავშვისა, რათა თითოეულს სათანადო ყურადღება მიექცეს და უსამართლობის განცდის რისკი შემცირდეს.

ბავშვობაში უსამართლობის ტრავმამ შესაძლოა გამოიწვიოს გუნება-განწყობილების სწრაფი ცვლა, ემოციებისა და შიშების გააზრების სირთულე, განმარტოებისადმი მიდრეკილება და დაუცველობის განცდა.

ზრდასრულ ასაკში ასეთი ტრავმის მქონე ადამიანებს შესაძლოა უჭირდეთ დამოუკიდებელი აზროვნება, იყვნენ მომეტებულად მგრძნობიარენი უსამართლობის მიმართ, განიცდიდნენ აგრესიას ან, პირიქით, უსუსურობასა და უნდობლობას.

ნეირობიოლოგიურ დონეზე უსამართლობის ტრავმამ შესაძლოა გააძლიეროს ამიგდალას ფუნქცია (იწვევს გაძლიერებულ ემოციურ რეაქციებს, გადაჭარბებულ შიშს და შფოთვას) და შეასუსტოს პრეფრონტალური ქერქის უნარები (იწვევს ემოციების მართვის სირთულეს, იმპულსურობას).

სტრესი და ტრავმა

სტრესი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა გარეგან ან შინაგან გამაღიზიანებელზე. ის ხანმოკლეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. თუ სტრესი დროთა განმავლობაში არ მოიხსნა ან უკიდურესად ძლიერია, შესაძლოა, ტრავმად გარდაიქმნას.

ტრავმა უფრო ღრმა, ხანგრძლივი და მტკივნეული გამოცდილებაა, რომელიც გრძელვადიან ფსიქოლოგიურ და ნეირობიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. სხვა სიტყვებით, ყველა სტრესი ტრავმაში არ გადაიზრდება, მაგრამ ყველა ტრავმა სტრესს უკავშირდება. ტრავმას ვვარაუდობთ, თუ ადამიანს სტრესული გამოცდილების შემდეგ სამი თვე არ ეყო ფიზიკური და ემოციური წონასწორობის აღსადგენად. თუ ეს მდგომარეობა ექვს თვემდე გაგრძელდა, მოიმატებს სერიოზული, განგრძობადი ტრავმის რისკი.

როცა სტრესი გაივლის, ჰორმონული ბალანსი ნორმაში ბრუნდება, ტრავმამ კი შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული ჰორმონული დისბალანსი, ამიგდალას ჰიპერფუნქცია (გაძლიერებული ემოციური რეაქციები), ჰიპოკამპის ზომის შემცირება (მეხსიერებისა და სტრესის რეგულაციის პრობლემები) და პრეფრონტალური ქერქის სისუსტე (ემოციების მართვის სირთულე).

სტრესზე რეაქცია

– რაზეა დამოკიდებული სტრესზე ადამიანის რეაქცია?

– პიროვნულ თავისებურებებზე, გენეტიკურ მიდრეკილებებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. ერთსა და იმავე სიტუაციაში ერთ ადამიანს შესაძლოა ტრავმული გამოცდილება დარჩეს, მეორეს კი თითქმის არ მიადგეს ზიანი.

დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ატმოსფეროში ჩაივლის ადრეული ბავშვობა. პიროვნება დაახლოებით 4-5 წლამდე ყალიბდება და ამ პერიოდში მიღებულ ქცევით და ემოციურ მოდელებზე (პატერნებზე) მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ადამიანის ქცევა ზრდასრულ ასაკში. ნაწილობრივ ეს პატერნებიც განსაზღვრავს, როგორ უპასუხებს პიროვნება სტრესს. სტრესულ სიტუაციებში ყოველი ჩვენგანი სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავს. იმის გასაგებად, როგორ ხდება ამ სტრატეგიების გამოყენება, საჭიროა, შესწავლილ იქნეს თითოეული სტრესული რეაქცია და მისი შედეგები:

გაქცევა – ადამიანს აძლევს ენერგიას, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება გაქცევის თაობაზე, რათა თავი დააღწიოს საშიშ ვითარებას. ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი არის შრომაზე დამოკიდებული, ჭარბმოფიქრალი, პერფექციონისტი, ზოგჯერ – ობსესიურიც; ხშირად გრძნობენ მოწყენილობას, მიისწრაფვიან არასასიამოვნო სიტუაციებისთვის თავის არიდებისკენ ემოციური დისტანცირებით, საქმეების გაუთავებელი გადადებით ან პრობლემების იგნორირებით.

ბრძოლა – პიროვნება აქტიურად ებრძვის პრობლემას. მისი მიზანი კონფლიქტის მოგვარება და გამოწვევაზე პასუხის გაცემაა. ასეთი ადამიანები ხშირად არიან რისკიანები, მებრძოლები და კონფლიქტურები. ადვილად ღიზიანდებიან, ხანდახან თვითდაზიანებასაც ეწევიან.

გაშეშება/გაყინვა – ძლიერი შიშის გამო პიროვნება ვერ ახერხებს აქტიურად მოქმედებას. ასეთ ადამიანებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, არასათანადოდ ჰქონდეთ განვითარებული დროისა და ინფორმაციის შეგრძნება, სხვებზე ხშირად სჭირდებათ დასვენება (ძილი).

შვლის ნუკრის პოზიცია – პიროვნება ფოკუსირდება სხვებზე: ცდილობს, იყოს მათთვის სასიამოვნო და სასარგებლო, რათა თავი არ დაიზარალოს. ასეთი ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ საკუთარ საჭიროებებსა და საზღვრებს, ხშირად ამბობენ კომპლიმენტებს, რომლებიც შესაძლოა გულწრფელი არ იყოს.

ტრავმის ნიშნები

– რა ძირითადი განსხვავებაა ბავშვობასა და ზრდასრულ ასაკში მიღებულ ტრავმებს შორის?

– ბავშვი, მოზრდილისგან განსხვავებით, ვერ აანალიზებს, რა მოხდა. სტრესი პირდაპირ მოქმედებს ნეირონულ ქსელებზე და შესაძლოა, გამოიწვიოს ძლიერი ემოციური და ფიზიოლოგიური რეაქცია, დიდებს კი მეტი ინსტრუმენტი გვაქვს სტრესსა და ტრავმასთან გასამკლავებლად. როდესაც ზრდასრული ადამიანი განიცდის სტრესს, მას აქვს მეტი რესურსი, რათა გააანალიზოს სიტუაცია, მოძებნოს გამოსავალი და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. სეირნობა, ვარჯიში, მედიტაცია და სხვა მეთოდები ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, თავიდან გვაცილებს მის გადაქცევას ხანგრძლივ და დამანგრეველ ტრავმად.

– როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვმა ტრავმა გადაიტანა?

– ტრავმის ნიშანია ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით – რეგრესია, უფრო მცირე ასაკისთვის დამახასიათებელი ქცევის განახლება.

ტრავმის ფონზე ბავშვი:

  • იწყებს ჩასველებას;
  • უარს ამბობს საყვარელ საჭმელზე;
  • ეცვლება ძილის რეჟიმი;
  • ეცვლება მოფერებისადმი დამოკიდებულება (აქამდე თბილი იყო, ახლა კი აღარ გეკარებათ ან, პირიქით, გადამეტებულად ითხოვს ჩახუტებას და სითბოს);
  • უჩნდება კვებითი დარღვევები (ანორექსია, ბულიმია, ემოციური ჭამა);
  • დაბნეულია, ნაკლებორგანიზებული;
  • გადამეტებულად შფოთავს და ღიზიანდება;
  • კარგი მოსწავლე იყო, მაგრამ უეცრად უკლებს სწავლას.

ამ ნიშნების შემჩნევისას საჭიროა, უპირველესად, პედიატრის, მერე კი ფსიქიატრის კონსულტაცია, რათა ამ უკანასკნელმა დასვას დიაგნოზი და საჭიროების შემთხვევაში პროცესში ფსიქოთერაპევტიც ჩართოს.

თაობებს გადაცემული ტრავმები

– ტრავმა მხოლოდ პიროვნულ გამოცდილებაზე არ ახდენს გავლენას – ის შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ბიოლოგიური მექანიზმებით.

ისტორიულად მასშტაბური მოვლენები: ომი, გენოციდი, რეპრესიები, შიმშილი, კოლონიზაცია, –  მომდევნო თაობებსაც აჩნევს ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ კვალს. მიუხედავად იმისა, რომ შთამომავლებს ეს მოვლენები პირადად არ გამოუცდიათ, მათ ტვინში მაინც შეინიშნება სტრესთან დაკავშირებული ბიოქიმიური და ნეიროფიზიოლოგიური ცვლილებები. ასეთ ტრავმას ტრანსგენერაციული ეწოდება.

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰოლოკოსტს გადარჩენილთა შვილებს ხშირად აღენიშნებათ ძლიერი შფოთვა, დეპრესია და სტრესის მიმართ გადაჭარბებული მგრძნობელობა. მათ ტვინში აღირიცხა კორტიზოლის დონის ცვლილებები, რაც ნიშნავს, რომ სტრესის მიმართ მათი ბიოლოგიური რეაქცია ისეთი არ არის, როგორიც სხვა ადამიანებისა.

ინტერგენერაციული ტრავმა უფრო მეტად ოჯახურ დინამიკასა და აღზრდის მექანიზმებზეა დამოკიდებული. თუ მშობელი ბავშვობის მძიმე გამოცდილების გამო ვერ ახერხებს ემოციურად ჯანსაღი გარემოს შექმნას, ეს მის შვილზეც აისახება. ასეთ ოჯახებში ბავშვებს შესაძლოა ჩამოუყალიბდეთ დაბალი თვითშეფასება, შფოთვა, აგრესია, ურთიერთობების პრობლემა ან დეპრესიისკენ მიდრეკილება.

1990-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში ბავშვების უმეტესობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდა. დღეს მრავალი მათგანი თავად არის მშობელი, მაგრამ მათი მძიმე გამოცდილება გავლენას ახდენს აღზრდის მეთოდებზე – ზოგისთვის ნორმად რჩება ბავშვის ფიზიკური დასჯა, ემოციური სიცივე ან ავტორიტარული აღზრდის სტილი.

ტრავმა მოლეკულურ დონეზეც აისახება. სტრესი იწვევს ეპიგენეტიკურ ცვლილებებს: თუმცაღა დნმ-ს კოდი უცვლელი რჩება, გენების აქტივობა შესაძლოა ჩაირთოს ან გამოირთოს გარემოს გავლენით. მაგალითად, ძლიერი სტრესის პირობებში შესაძლოა გააქტიურდეს გენი, რომელიც გაზრდის შფოთვისა და დეპრესიისკენ მიდრეკილებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ერთმა თაობამ გადაიტანა ტრავმა, მაგრამ სათანადო დახმარება ვერ მიიღო, დიდი შანსია, მომდევნო თაობას სტრესისადმი ჭარბი მგრძნობელობა და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს.

პრევენცია

– ყველაზე მნიშვნელოვანია, რა სახის მხარდაჭერას მიიღებს ადამიანი სტრესულ სიტუაციაში. თუ კრიტიკულ მომენტში მის გვერდით აღმოჩნდა მზრუნველი ადამიანი, მნიშვნელოვნად მცირდება რისკი, რომ სტრესი ხანგრძლივ ტრავმულ გამოცდილებად გადაიქცეს.

ამ პრინციპზეა დაფუძნებული, მაგალითად, ისრაელში 90-იან წლებში დანერგილი სისტემა: ომის დროს დაჭრილ ან ძლიერ სტრესში მყოფ ჯარისკაცებს დროებით უსაფრთხო გარემოში გადაიყვანენ, სადაც ისინი იღებენ სითბოს, საკვებს და ემოციურ მხარდაჭერას. ასეთი სწრაფი რეაგირება ხელს უწყობს სტრესის იმგვარად დამუშავებას, რომ ის მძიმე ტრავმად არ გადაიქცეს. ვიეტნამის ომის დროს ჩატარებული ექსპერიმენტები კი საპირისპირო შედეგს აჩვენებს: იქ ჯარისკაცებს ნარკოტიკულ საშუალებებს (მაგალითად, მარიხუანას) აძლევდნენ, რათა მათ დროებით ვერ ეგრძნოთ სტრესი, თუმცა მოგვიანებით მეხსიერება მაინც აბრუნებდა ამ გამოცდილებას და მათთან ძალიან მაღალი იყო პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მაჩვენებელი. ეს მდგომარეობა ხანგრძლივ და კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს.

დღეს სამხედროებს უტარდებათ ფსიქოლოგიური ტესტირებები, რათა განისაზღვროს, რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა სახის დავალების შესრულება სტრესულ გარემოში.

უამრავ ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო სტრუქტურები და პროგრამები, რომლებიც ტრავმების პრევენციასა და მათი შედეგების შემსუბუქებას ისახავს მიზნად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული ადამიანების, ისე მთელი ქვეყნის მომავლისთვის.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: