ალექსანდრე ნათიშვილი – მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში
გააზიარე:
ახალდაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ ჩამოვიდა, უკვე საექიმო გამოცდილებაც ჰქონდა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორიც იყო. კავკასიაში პირველ ეროვნულ უმაღლეს სასწავლებელში სამედიცინო განათლებას ეყრებოდა საფუძველი და მისი ცოდნა და გამოცდილება ქართულ საქმეს უნდა მოხმარებოდა.
დიდი ქართველი მეცნიერის ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარ მკვლევარს, სამეცნიერო მდივან მანანა კაკაბაძეს და ბატონი ალექსანდრეს შვილიშვილს თეონა ზედგენიძეს.
გზის დასაწყისი
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ნათიშვილი 1878 წლის 15 მაისს თბილისში დაიბადა. მომავალ მეცნიერს დედ-მამა ადრე გარდაეცვალა. ობლად დარჩენილ ეფემიასა და ალექსანდრეს დედის, ანასტასია მარინდაშვილის ნათესავები ზრდიდნენ. 1899 წელს, თბილისის ვაჟთა მესამე კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ნათიშვილი ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ალექსანდრეს განსაკუთრებით მოსწონდა ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგის, პროფესორ ალექსი ბელოუსოვის ლექციები. შესაძლოა, ამიტომაც გადაწყვიტა ადამიანის აგებულების საფუძვლიანად შესწავლა. ლექციების შემდეგ დროის დიდ ნაწილს პროზექტურაში ატარებდა. ერთხელ პროფესორმა მომდევნო ლექციისთვის ტორსის კუნთების პრეპარატის მომზადება დაავალა. მომავალმა მეცნიერმა მთელი ღამე იმუშავა და მეორე დღეს სადემონსტრაციო პრეპარატით წარდგა ლექციაზე. სწორედ მაშინ დაიმსახურა პირველად პედაგოგის ქება და უფრო მეტი მონდომებით შეუდგა პრაქტიკულ მუშაობას.
მოგვიანებით ალექსანდრე ნათიშვილი სიამაყით იხსენებდა ამ ამბავს. მას მიაჩნდა, რომ "სამედიცინო ფაკულტეტზე ანატომია პირველი საგანია, რომლის შესწავლით სტუდენტი უშუალოდ ეწაფება მედიცინას; მიუხედავად საგნის შესწავლის სიძნელისა, მისი გადალახვის უნარი უტყუარი მაჩვენებელია სტუდენტის მომზადებისა, სპეციალობასთან მისი დამოკიდებულებისა. ანატომიის შესწავლის პროცესში ადვილად გამოვლინდებიან ენთუზიასტი სტუდენტები, რომლებიც ღრმად ეუფლებიან მედიცინის ქვაკუთხედს – ადამიანის სხეულის აგებულებას".
პირველი წარმატება
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პროფესორმა ბელოუსოვმა საყვარელი მოწაფე თავის კათედრაზე პროზექტორის თანაშემწედ მიიწვია, ხოლო ერთი წლის შემდეგ, პრეპარაციის დარგში საგულისხმო მიღწევების, წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისა და საშარდე ორგანოების ანომალიების შესახებ სამეცნიერო ნაშრომისთვის, გრუბერების სახელობის სამწლიან სტიპენდიაზე წარადგინა. ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ალექსანდრე ნათიშვილს ერთხმად მიანიჭა სტიპენდია ჯერ 1908, მერე კი 1911 წელს.
ხარკოვის უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა უდიდესი კვალი დატოვა ქართველი მეცნიერის ცხოვრებაში. სწორედ იქ ჩამოყალიბდა მეცნიერული კვლევა-ძიების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილ, ანატომიის ზედმიწევნით მცოდნე პედაგოგად. 1914 წელს მას ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის უფროსი ასისტენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო 1916 წლიდან საქართველოში დაბრუნებამდე ამავე კათედრის პროზექტორი იყო.
ალექსანდრე ნათიშვილთან ერთად კათედრაზე ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მუშაობდა. მათ შორის იყვნენ ვლადიმირ ვორობიოვი და გორდეი იოსიფოვი, შემდგომში – საბჭოთა კავშირის წამყვანი ანატომები. კურსელები ალექსანდრეს ხარკოვიდან წამოსვლის შემდეგაც აგრძელებდნენ მეგობრობასა და თანამშრომლობას.
ხარკოვში ქართველმა ანატომმა დიდი სახელი მოიხვეჭა, ამიტომ მრავალ სასწავლებელში იწვევდნენ სამუშაოდ. სხვადასხვა დროს ის კითხულობდა ქალის სასქესო ორგანოების ანატომიისა და ფიზიოლოგიის კურსს ხარკოვის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში, ადამიანის ნორმალური ანატომიის კურსს ხარკოვის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში და ფიზკულტურის მასწავლებელთა სპეციალურ კურსებზე. ანატომიას ასწავლიდა საფერშლო სკოლაშიც, რომლის დირექტორიც თავად გახლდათ. თანდათან ახალგაზრდა მეცნიერის სახელი ხარკოვსაც გასცდა და ის ეკატერინოსლავის (დღევანდელი დნიპროს) უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ანატომიის კათედრის გამგედ მიიწვიეს.
თბილისი
როდესაც ახალდაარსებულ ქართულ უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტის შექმნის საკითხი დაისვა, ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგედ უნივერსიტეტის საბჭომ პროფესორი ალექსანდრე ნათიშვილი აირჩია. იმავე წლის ოქტომბერში მეუღლესთან, ევდოკია კონოვალოვასთან, და მცირეწლოვან ქალიშვილებთან ერთად მეცნიერი სამშობლოში დაბრუნდა.
ქართველ ანატომს წილად ხვდა, პირველს წაეკითხა ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე. წინა საღამოს მას ივანე ჯავახიშვილი ესტუმრა და ჰკითხა, რომელ ენაზე აპირებდა სწავლებას. რუსულადო, უპასუხა ალექსანდრე ნათიშვილმა: გარდა იმისა, რომ თავად განათლება რუსულ ენაზე ჰქონდა მიღებული, ხელს უშლიდა ქართული ანატომიური სამეცნიერო ტერმინოლოგიის არარსებობაც, მაგრამ იმავე საღამოს ჯავახიშვილმა და ნათიშვილმა გადაწყვიტეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანატომიის კათედრაზე პირველი ლექცია ქართულ ენაზე უნდა წაკითხულიყო და ლექციისთვის საჭირო ტერმინოლოგია რამდენიმე საათში ერთად თარგმნეს. მეორე დღეს საზეიმოდ წაკითხულ ლექციას ესწრებოდნენ არა მარტო საექიმო ფაკულტეტის სტუდენტები, არამედ უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წევრებიც ივანე ჯავახიშვილის მეთაურობით. ლექციამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე.
ალექსანდრე ნათიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზაციაში. 1919 წელს ის საექიმო ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს, ხოლო 1920-1922 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად და სასწავლო ნაწილის გამგედ. მას შემდეგ, რაც 1930 წელს სამედიცინო ინსტიტუტი თსუ-ს გამოეყო, ნათიშვილი სამი წლის განმავლობაში იყო ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და სასწავლო ნაწილის გამგე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობასთან ერთად ალექსანდრე ნათიშვილი ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრასაც განაგებდა. 1921 წელს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მიიწვიეს, მაგრამ ახალფეხადგმული თსუ მეცნიერმა ბედის ანაბარა ვერ მიატოვა.
უბადლო ორგანიზატორი
ქართული ანატომიური სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნა და დანერგვა ალექსანდრე ნათიშვილის უმთავრეს საზრუნავად იქცა. უკვე 1918-1919 წლებში დაიბეჭდა ბაზელის საერთაშორისო ანატომიური ტერმინოლოგიის შესატყვისი ოსტეოლოგიის (ძვლების), სპლანქნოლოგიის (შინაგანი ორგანოების), გრძნობათა ორგანოებისა და ნერვული სისტემის ქართული ანატომიური ტერმინოლოგია, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არა მარტო ადამიანის ანატომიის, არამედ სხვა სამედიცინო სპეციალობების განვითარებასაც. ეს ტერმინოლოგია შემდგომ მთლიანად იქნა შეტანილი პროფესორ ალექსანდრე ნათიშვილის სახელმძღვანელოში.
ალექსანდრე ნათიშვილის ადამიანის ნორმალური ანატომიის სახელმძღვანელო ქართულად პირველად 1919 წელს გამოიცა. თავდაპირველად – ილუსტრაციების გარეშე, მეოთხე გამოცემიდან კი – დასურათებული (1500-ზე მეტი ილუსტრაცია მისმა მეუღლემ და მხატვარმა ნინო ზაალიშვილმა შეასრულეს). მეექვსე გამოცემიდან სახელმძღვანელოს დაერთო თავის ტვინის გამტარი გზების აღწერილობა. ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ რედაქციაში ტერმინოლოგია პარიზის ანატომიური ნომენკლატურის მიხედვით შეიცვალა. 1920 წელს ქართულ ენაზე დაიბეჭდა თავის ტვინის სექციის სახელმძღვანელო, რომელიც ალექსანდრე ნათშვილმა ჯერ კიდევ ხარკოვში შეადგინა და რუსულ ენაზე გამოსცა. ზოოვეტერინარული მიმართულების სტუდენტებისთვის 1935 წელს შედგენილ სახელმძღვანელოში მოცემული იყო შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ანატომიის სრული ლათინურ-ქართული ტერმინოლოგია. პლასტიკური ანატომიის სახელმძღვანელოს შედგენისას ნათიშვილმა დაამუშავა რუსულ-ქართული ტერმინები მიმიკისა და პლასტიკისთვის.
მისი საყვარელი მოწაფე და პროფესიული მემკვიდრე ნინო ჯავახიშვილი წერდა: "ანატომიის შესწავლა მოითხოვს სიზუსტეს. ამ მოთხოვნას ბატონი ალექსანდრე მეტად მკაცრად იცავდა როგორც ლექციების კითხვის, ისე სამეცნიერო შრომებისა თუ სახელმძღვანელოების წერის დროს. მის ტექსტს ახასიათებს შინაარსის მკაფიო გადმოცემა, ზუსტი განსაზღვრება, ლაკონური გამოთქმები. მის მიერ შედგენილ წინადადებას არ შეიძლება გამოაკლო რომელიმე სიტყვა ან შეცვალო იგი მეორეთი, უკეთესად ვერ იტყვი, უფრო მკაფიოდ და ზუსტად ვერ განსაზღვრავ". ალბათ, ამიტომ არის, რომ, მიუხედავად მრავალი სხვა სახელმძღვანელოს არსებობისა, ალექსანდრე ნათიშვილის "ადამიანის ანატომია" დღემდე ექიმთა სამაგიდო წიგნად რჩება.
დიდი მეცნიერის მოღვაწეობა ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრით არ შემოიფარგლებოდა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სხვადასხვა მორფოლოგიური დისციპლინის განვითარებას. 1920 წლიდან ალექსანდრე ნათიშვილი, უნივერსიტეტის საბჭოს დავალებით, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა, მერე კი ეს თანამდებობა თავის უფროს ასისტენტს, პროფესორ სვიმონ საყვარელიძეს გადაულოცა; 1929-1934 წლებში დაარსებული ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრა მოგვიანებით პროფესორ ნიკოლოზ დემეტრაძეს ჩააბარა; 1930 წელს სტომატოლოგიის ინსტიტუტში დააფუძნა ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრა და მისი ხელძღვანელობა პროფესორ ზაქარია მაისურაძეს დაავალა; ორი წლის შემდეგ ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში გახსნა შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა, რომელსაც სათავეში პროფესორი იროდი კვაჭაძე ჩაუყენა; თბილისის სამხატვრო აკადემიაში თავისივე დაარსებული პლასტიკური ანატომიის კათედრა პროფესორ არტაშეს მალაევს ჩააბარა, ხოლო ფიზკულტურის ინსტიტუტის ადამიანის ანატომიის კათედრა – პროფესორ გიორგი თვალაძეს.
უკანასკნელი წლები
უმაღლეს სამედიცინო განათლებასთან ერთად, ალექსანდრე ნათიშვილი საშუალო სამედიცინო პერსონალის მომზადებასაც ხელმძღვანელობდა. 1921 წელს უნივერსიტეტის გამგეობამ იგი მოწყალების დების კურსების დირექტორად აირჩია. მოგვიანებით ეს კურსები ჯერ ტექნიკუმად, მერე კი საფერშლო სკოლად გადაკეთდა. მეცნიერი ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ედგა სათავეში ამ დაწესებულებას.
მისი ყურადღების მიღმა არც ახალგაზრდა ექიმებისა და მეცნიერების დიპლომის შემდგომი განათლება დარჩენილა. 1943-1946 წლებში ალექსანდრე ნათიშვილი თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და სასწავლო ნაწილის გამგე გახლდათ.
1946 წელს ალექსანდრე ნათიშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მოწინავე და გამორჩეული სამეცნიერო კვლევების ცენტრად იქცა.
კიდევ ერთი დარგი, რომელიც ქართულ რეალობაში პირველად სწორედ მორფოლოგიის ინსტიტუტში აღმოცენდა, ანთროპოლოგია (მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ) იყო. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დაარსების შემდეგ ალექსანდრე ნათიშვილმა ეთნოგენეზის დადგენის მიზნით საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური შესწავლა დაიწყო. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფისა და ზოგიერთი მეზობელი რესპუბლიკის მოსახლეობის შესახებ დიდძალი მასალა შეგროვდა. შემუშავდა საქართველოს თანამედროვე მოსახლეობის კლასიფიკაცია, რომელიც ხუთ ლოკალურ ვარიანტს მოიცავდა: შავიზღვისპირეთის, დასავლეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი საქართველოსი და კავკასიონის. ალექსანდრე ნათშვილმა შეისწავლა მოზარდების ანთროპოლოგია და დაადგინა, რომ თანამედროვე ახალგაზრდები უფრო სწრაფად და მეტად იზრდებიან, ვიდრე მათი წინაპრები. ამის სადემონსტრაციოდ მან ლექციაზე რამდენიმე ძველებური ჯაჭვის პერანგი მიიტანა და სტუდენტებს ჩაცმა სთხოვა, მაგრამ წინაპართა ნაქონი შესამოსელი ვერცერთმა ვერ მოირგო.
ალექსანდრე ნათიშვილი ცამეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მორფოლოგიის ინსტიტუტს. მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, ყოველდღე კოხტად გამოწყობილი დადიოდა სამსახურში.
ქალბატონი თეონა ჰყვება:
– ბაბუა კარგად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ათი წლისა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. პატარაობიდანვე ზრუნავდა ჩემს განვითარებაზე. ქალაქობანას და ბანქოს თამაში მასწავლა. სპეციალური რვეულიც კი გამიკეთა, რომელშიც ანბანის მიხედვით იყო ჩამოწერილი ქვეყნების, ქალაქების, მდინარეებისა და მთების სახელები. წერა-კითხვა და არითმეტიკაც მისი წყალობით ავითვისე. დიდი და მეგობრული ოჯახი გვქონდა, სადაც ყველა ერთად შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. ჩვენს სახლში მუდამ ხალხმრავლობა იყო. მოდიოდნენ ბაბუას მეგობრები და თანამშრომლები. ხშირად ხარკოვიდანაც ჩამოდიოდნენ სტუმრად.
ალექსანდრე ნათიშვილი 1959 წლის 3 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე. მეცნიერის ხსოვნის უკვდავსაყოფად ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში დაწესდა სახელობითი სტიპენდია. თბილისში არის ალექსანდრე ნათიშვილის ქუჩაც.
მარი მარღანია











