საკვები ძლიერი და მტკიცე ძვლებისთვის

გააზიარე:

ძვლის შენება ბავშვობაში იწყება და 25-30 წლამდე გრძელდება. ამის შემდეგ ძვლის რეგენერაციის უნარი თანდათან სუსტდება და ძვლოვანი ქსოვილის მასა და სიმკვრივეც იკლებს. ძვლის ცვეთას ხელი რომ შევუშალოთ, საჭიროა, ჩონჩხის განვითარების პერიოდში გავზარდოთ კაპიტალი ე.წ. ძვლის ბანკში – სათანადოდ მოვამარაგოთ სხეული ძვლის შენებისთვის აუცილებელი ნივთიერებებით.

იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი და დაბალანსებული კვება და რამდენად დიდი წვლილი შეაქვს ოსტეოპოროზისა და ართრიტის პროფილაქტიკაში, გვესაუბრა პოლიკლინიკების ქსელ "მედკაპიტალის" ოჯახის ექიმი თეა მარტიაშვილი:

– ძვალი ცოცხალი ქსოვილია, რომელსაც აქვს ძლიერი სისხლის მიმოქცევა და მეტაბოლიზმი. ჩონჩხი სხეულის საყრდენს წარმოადგენს, მის გარეშე ნებისმიერი მოძრაობის შესრულება წარმოუდგენელი იქნებოდა. საყრდენ-მამოძრავებელთან ერთად ჩონჩხს დამცავი ფუნქციაც აკისრია. მაგალითად, თავის ტვინს იცავს თავის ქალა, გულს, ფილტვებსა და ღვიძლს – ნეკნები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ძვლოვანი ქსოვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში – ის კალციუმის ერთადერთი რეზერვუარია ჩვენს სხეულში და საჭიროების შემთხვევაში ამ ელემენტს სისხლში გამოყოფს. დაბოლოს, ძვლის ტვინი სისხლის წარმოქმნაში მონაწილეობს. ასე რომ, ჯანსაღი ძვლები ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

– როგორ ვიზრუნოთ ძვლების სიჯანსაღეზე?

– ჩონჩხის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გენეტიკური ფაქტორები, ისე სწორი კვება და ფიზიკური აქტიურობა. ძვლების ჯანმრთელობას ყველა ასაკში უნდა შევუწყოთ ხელი, მაგრამ ყველაზე მეტად – 30 წლამდე. ძვლების ფორმირება მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება და ბავშვობასა და მოზარდ ასაკში გრძელდება. სწორედ ამ პერიოდში უნდა შევივსოთ მაქსიმალურად ძვლის რეზერვუარები საჭირო მინერალებით, რათა შემდგომ წლებშიც გვეყოს და თავიდან ავიცილოთ ძვლოვანი ქსოვილის ხარისხის ნაადრევი გაუარესება.

ძვლოვანი ქსოვილის ხარისხი მისი მიკროსტრუქტურით განისაზღვრება. ძვალმა უნდა გაუძლოს სხეულის წონას და კუნთების შეკუმშვის შედეგად წარმოქმნილ ძალას. თუ ძვლის მიკროსტრუქტურა გაუარესდა და სიმკვრივემ იკლო, ძვალი მყიფე, ადვილად მტვრევადი გახდება. ამას ოსტეოპოროზი ეწოდება. ოსტეოპოროზი, წესისამებრ, ხანდაზმულ ასაკში ვლინდება, მაგრამ მისი პროფილაქტიკა ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოს. მეტიც: ძვლის ჯანსაღი სტრუქტურის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას მუცლად ყოფნის პერიოდში. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორსული ხშირად განიცდის კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტს. მაშასადამე, ეს ნივთიერებები მზარდ ნაყოფსაც აკლია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კალციუმი ძალიან მნიშვნელოვანია ძვლებისთვის, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეს ელემენტი არ არის საკმარისი. არსებობს მრავალი სხვა ნუტრიენტიც, რომლებიც აუცილებელია ძვლების ნორმალური განვითარებისთვის. მხოლოდ ყველა ამ კომპონენტის სწორ კომბინაციას შეუძლია, თავიდან აგვაცილოს ძვლოვანი მასის კარგვა.

– რომელი ნუტრიენტები სჭირდება ძვლებს?

კალციუმი

– ძვლის ფორმირების, ზრდისა და რეგენერაციისთვის საჭირო მთავარი ელემენტი კალციუმია. ის ძვლოვანი მასის 99%-ს შეადგენს. ძვლები კალციუმის ერთგვარი რეზერვუარია. მისი მარაგი განუწყვეტლივ უნდა შევივსოთ, რადგან ორგანიზმი ძვლებიდან მუდმივად იღებს კალციუმს სხვა ფუნქციების შესასრულებლად.

ზრდასრულ ადამიანს საკვებში შემავალი კალციუმის მხოლოდ 30%-ის ათვისება შეუძლია, რადგან ათვისების პროცესს მრავალი ფაქტორი უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, რაციონი ისე უნდა შევადგინოთ, რომ რამდენ კალციუმსაც გამოვყოფთ ყოველდღიურად, სამი იმდენი მაინც მივიღოთ (გამოთვლილია სადღეღამისო ნორმები ასაკის მიხედვით).

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში კალციუმზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ემბრიონიც და ჩვილიც კალციუმს დედისგან იღებენ. როცა მარაგი საკმარისი არ არის, შესაძლოა, ამ მინერალის ხანგრძლივი დეფიციტი განვითარდეს და მომავალში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებმა იჩინოს თავი.

კალციუმზე მოთხოვნა მოზარდ ასაკშიც იმატებს, რადგან სწრაფად იზრდება მოზარდის ძვლები. მშობლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ შვილს კალციუმის საკმარისი მარაგი ჰქონდეს.

კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და რძის პროდუქტები. მაგალითად, 100 მლ რძე დაახლოებით 120 მგ კალციუმს შეიცავს, საიდანაც ორგანიზმი 36 მგ-ს (30%) აითვისებს. კალციუმით განსაკუთრებით მდიდარია მაგარი ყველი: ედამი, ემენტალი, კამამბერი... 100 გ ასეთი ყველი 500-დან 1000 მგ-მდე კალციუმს შეიცავს.

მაღალი ბიოშეღწევადობით გამოირჩევა კალციუმი, რომელსაც შეიცავს კალე, ბროკოლი, ჩინური კომბოსტო.

ამ ელემენტით მდიდარია ჭინჭარი, ოხრახუში, კამა, თხილეული და თესლეულიც, მაგალითად, სეზამი, ყაყაჩოს თესლი, ჩიას თესლი.

კალციუმის კიდევ ერთი უხვი წყაროა მინერალური წყალი. უპირატესობა მიანიჭეთ წყლებს, რომლებიც შეიცავს, სულ მცირე, 300 მგ კალციუმს ლიტრზე და, თუ შესაძლებელია, 200 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს.

კალციუმის შეწოვას ხელს უშლის:

* ფოსფატები. ერთი მხრივ, ეს ნივთიერებები მნიშვნელოვანია ძვლის სიმტკიცისთვის, მეორე მხრივ, მათი მაღალი კონცენტრაცია აფერხებს კალციუმის ათვისებას. ფოსფატები ბევრია ფასტფუდში, ჩიპსებში, კოლაში, ლიმონათსა და სხვა გამაგრილებელ სასმელებში, ასევე – მდნარ ყველში, ხორცსა და ძეხვეულში.

* მჟაუნმჟავა. როცა ორგანიზმში დიდი რაოდენობით ხვდება ოქსალატები (მჟაუნმჟავას მარილები), ხოლო კალციუმი არასაკმარისია, ოქსალატები მთლიანად იერთებს მის მარაგს და კალციუმი ორგანიზმისთვის მიუწვდომელი რჩება. ოქსალატების მაღალი შემცველობით გამოირჩევა ამარანტი, დანდური, პიტნა, შავი ჩაის ზოგიერთი სახეობა, ისპანახი, რევანდი, მანგოლდი (წითელი ჭარხლის ფოთოლი). კერძის ცეცხლზე მომზადებისას მათი ოდენობა მცირდება.

* სუფრის მარილი. დიდი რაოდენობით სუფრის მარილი ხელს უწყობს თირკმელებით კალციუმის გამოყოფას.

* ფიტინის მჟავა. მჟაუნმჟავას მსგავსად, ფიტინის მჟავაც იერთებს კალციუმს და ხელს უშლის მის ათვისებას. ის ძირითადად მარცვლეულის გარსში გვხვდება, მაგრამ თუ ყოველდღიურად საკმარისი ოდენობის კალციუმს იღებთ, მისი გავლენა უმნიშვნელოა. თერმული დამუშავებისას ფიტინის მჟავას ოდენობაც იკლებს.

* ალკოჰოლი და კოფეინი (ყავა, მწვანე და შავი ჩაი, კოკა-კოლა).

D ვიტამინი

– D ვიტამინი ძვლებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კალციუმი. ის მონაწილეობს კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, ფოსფორის ცვლაში. მისი მთავარი მისია ძვლებში კალციუმის ბალანსის შენარჩუნება და ძვლების მინერალიზაციაა, რაც აუცილებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სიჯანსაღისთვის. D ვიტამინი ხელს უწყობს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას და ძვლოვან ქსოვილში მის შეყვანას. კალციუმისა და D ვიტამინის საკმარისი ულუფის (800-2000 სე) ყოველდღიური მიღება ზრდის ძვლის სიმკვრივეს და ამცირებს მოტეხილობის რისკს.

ორგანიზმს D ვიტამინის წარმოქმნა თავად შეუძლია, ოღონდ ამისთვის მზის ულტრაიისფერ B სხივებთან (UVB) კონტაქტი სჭირდება. D ვიტამინს ადამიანი საკვებიდანაც იღებს. მას შეიცავს თევზის ცხიმი (ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია), ცხოველის ღვიძლის ცხიმი, ცხიმიანი რძის ნაწარმი, კვერცხის გული, სოკო.

ასაკთან ერთად ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავების უნარი საგრძნობლად იკლებს, ამიტომ აუცილებელია მისი დონის კონტროლი. დეფიციტის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დანამატის მიღება ექიმის დანიშნულებით.

K ვიტამინი

– ძვლის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობს K ვიტამინიც. ის ააქტიურებს ოსტეოკალცინს, ძვლების შენებაში მონაწილე ცილას, რომელსაც მხოლოდ K ვიტამინის ზემოქმედებით შეუძლია შეიერთოს კალციუმი და წარმოქმნას ძვლოვანი ქსოვილი. ოსტეოკალცინის დეფიციტი იწვევს ძვლის სიმკვრივის შემცირებას და ზრდის მოტეხილობის რისკს.

გარდა ამისა, K ვიტამინი არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს. მას სისხლიდან გამოაქვს ზედმეტი კალციუმი და საჭიროებისამებრ ანაწილებს, რითაც ხელს უშლის სისხლძარღვებსა და თირკმელებში ამ ელემენტის დეპონირებას.

K ვიტამინით მდიდარია მწვანე ბოსტნეული და მწვანილი: ოხრახუში (100 გ – 790 მკგ), ისპანახი (100 გ – 280 მკგ), ბრიუსელის კომბოსტო (100 გ – 250 მკგ), კალე (100 გ – 250 მკგ), ბროკოლი (100 გ – 121 მკგ). გვხვდება ასევე ფერმენტირებულ ყველში, ჩირში. ცოტაოდენ ცხიმს თუ დავამატებთ, საკვებიდან მისი 20-70% შეიწოვება.

სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, K ვიტამინი უმნიშვნელო ოდენობით იშლება თერმული დამუშავების დროს, რადგან მდგრადია სითბოსა და ჟანგბადის ზემოქმედების მიმართ, თუმცა სინათლისადმი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ პროდუქტის დიდხანს შენახვისას მისი დიდი წილი იკარგება. K ვიტამინის შემცველი პროდუქტი უმჯობესია ბნელ ადგილას შეინახოთ.

მაგნიუმი

– ძვლების ჯანმრთელობისთვის ფასდაუდებელია მაგნიუმიც. მეცნიერები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ მისი უკმარისობის შემთხვევაში ძვლების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

მაგნიუმი მონაწილეობს ძვლის შენებაში და ზრდის ძვლის ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეს. ის კალციუმის კოფაქტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ კალციუმის სწორად გამოყენება ორგანიზმს მხოლოდ მაგნიუმის თანაარსებობის შემთხვევაში შეუძლია. მნიშვნელოვანია თანაფარდობაც. კალციუმისა და მაგნიუმის რეკომენდებული თანაფარდობაა 2:1, თუმცა ბევრი საკვები მათ განსხვავებული პროპორციით შეიცავს. მაგალითად, ძროხის რძეში კალციუმისა და მაგნიუმის თანაფარდობაა 10:1, ამიტომ, თუ თქვენთვის კალციუმის მთავარი წყარო რძის ნაწარმია, სასურველია, რაციონში მეტი მაგნიუმის შემცველი პროდუქტი ჩართოთ.

მაგნიუმის რეკომენდებული მინიმალური სადღეღამისო ოდენობაა: ქალებისთვის – 320 მგ, მამაკაცებისთვის – 400 მგ.

მაგნიუმით მდიდარია მთლიანი მარცვლეული და მისი პროდუქტები, ყავისფერი ბრინჯი, ამარანტი, კინოა, შვრია, ჭვავი, წიწიბურა, ბარდა, ლობიო, მდოგვი, მზესუმზირასა და გოგრის გული, სელი, კეშიუ, ფიჭვის კაკალი, ნუში. შედარებით ნაკლებია არაქისში, თხილში, ნიგოზში. მცირე რაოდენობით არის რძესა და რძის პროდუქტებშიც, უმთავრესად ხაჭოში.

მაგნიუმზე მოთხოვნა იზრდება, როდესაც იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, საფაღარათო საშუალებებს, კორტიზონს ან კუჭის დამცავ საშუალებებს.

ამ ელემენტის ათვისებას ხელს უშლის კოფეინი, ალკოჰოლი, ჰიპერმჟავიანობა (ჭარბმჟავიანობა), მარილიანი საკვები.

 ცილები

– თანამედროვე კვლევები იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ცილებით მდიდარი საკვები ხელს უწყობს ძვლის ჯანსაღი სტრუქტურის შენარჩუნებას. ცილოვანი საკვების ადეკვატური მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩონჩხის ზრდა-განვითარების პერიოდში. ძვლის მატრიქსის (ოსტეობლასტების მიერ წარმოქმნილი ძვლის ორგანული ნაერთი, რომელიც ჯერ არ არის მინერალიზებული) მნიშვნელოვანი კომპონენტია ცილა კოლაგენი. ის ელასტიკურობას სძენს ძვლებსა და სახსრებს. ცილები აუცილებელია ოსტეობლასტების (ძვლის წარმომქნელი უჯრედები) და ოსტეოკლასტების (ძვლის დამშლელი უჯრედები) სწორი მუშაობისთვის, რაც ძვლების რემოდელირებას უზრუნველყოფს.

ცხოველური ცილა (რძე, კვერცხი, თევზი, ხორცი) მდიდარია ყველა საჭირო ამინმჟავათი და მაღალი ბიოლოგიური ღირებულება აქვს, თუმცა ცხოველურმა ცილამ შესაძლოა გააძლიეროს კალციუმის გამოყოფა, რაც მასში შემავალი გოგირდშემცველი ამინმჟავების ბრალია. მცენარეული ცილით მდიდარია ლობიო, ბარდა, ოსპი, კარტოფილი, თხილეული, სოია. მცენარეული ცილის ბიოლოგიური ღირებულება შედარებით დაბალია, რადგან არ შეიცავს ყველა აუცილებელ ამინმჟავას. საუკეთესოა ცხოველური და მცენარეული ცილების ზომიერი კომბინაცია. მთავარია, ერიდოთ ცხოველური ცილის ჭარბ მიღებას.

მჟავატუტოვანი ბალანსი

– ძვლის სიმკვრივის დაქვეითების მიზეზებს შორის ჭარბმჟავიანობაც ახსენეთ. რა არის ეს?

– ადამიანის ორგანიზმში ხშირად დიდი ოდენობით მჟავა გროვდება. მას ან თავად წარმოქმნის ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ან საკვებიდან იღებს. მჟავათი მდიდარია, მაგალითად, ცხოველური ცილები, შაქარი და ცხიმები.

რატომ არის ჭარბი მჟავა მავნე? ძვლები შეიცავს ეგრეთ წოდებულ ტუტე მარილებს, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი და მაგნიუმი. როგორც კი ორგანიზმში მჟავების შემცველობა იმატებს, ეს მარილები დაუყოვნებლივ იწყებს სისხლში გადასვლას მჟავების გასანეიტრალებლად და თუ ყოველდღიურ რაციონში მათი შემცველობა საკმარისი არ არის, ძვლებიდან გამოთავისუფლდება.

მჟავების განეიტრალებას ხელს უწყობს ხილი და ბოსტნეული. ასე რომ, რაციონში მათი ნაკლებობა და, ამის საპირისპიროდ, იზოლირებული ნახშირწყლების, ხორცისა და ხორცპროდუქტების სიუხვე ზრდის ორგანიზმში მჟავების შემცველობას და არღვევს მის მჟავატუტოვან ბალანსს.

ორგანიზმში მჟავას მცირე მატებამაც კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სახსრებზე. ამას ისიც ემატება, რომ ასაკთან ერთად ქვეითდება თირკმლის ფუნქცია, შესაბამისად, მჟავების გამოყოფა მცირდება.

ძვლების ჯანმრთელობაზე საუბრისას არ შეიძლება, ნივთიერებები დავყოთ "მეტად მნიშვნელოვნებად" და "ნაკლებად მნიშვნელოვნებად", რადგან, ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ძვლის მეტაბოლიზმში კიდევ არაერთი ვიტამინი, მინერალი და მიკროელემენტი მონაწილეობს.

ჯანსაღი, ძლიერი ძვლის განვითარება შეუძლებელია სილიციუმის გარეშე. ის საჭიროა როგორც კოლაგენის ბოჭკოების სინთეზისთვის, ისე ძვლების მინერალიზაციისთვისაც. სილიციუმის საუკეთესო წყაროა მთლიანი მარცვლეული: ყავისფერი ფეტვი (ყოველდღიურად 2-3 სუფრის კოვზი დაფქული ფეტვი საკმარისია სადღეღამისო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად), შვრია, ჭვავი და ხორბალი. ელემენტი მარცვლეულის გარსის გარეთა ფენებშია თავმოყრილი, შესაბამისად, ნაკლებია ინდუსტრიულად დამუშავებულ პროდუქტში.

თუთია მონაწილეობს ძვლის ფორმირებასა და ზრდაში, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. თუთიის საუკეთესო წყაროა თევზი და ზღვის პროდუქტები (ხამანწკები მოლუსკები, კიბორჩხალები, ლობსტერები), საქონლის, ღორისა და ფრინველის ხორცი, კვერცხი, ყველი, კარტოფილი, ბარდა, ლობიო, ოსპი, ბროკოლი, გოგრა,  თხილეული და თესლეული, შავი შოკოლადი.

C ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას. ამ ვიტამინით მდიდარია ციტრუსი, კენკრა, კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა, წითელი წიწაკა.

ჰომოცისტეინი არის ამინმჟავა, რომელსაც შეუძლია, შეაფერხოს კოლაგენის სინთეზი. კოლაგენი კი ძალიან მნიშვნელოვანია ძვლებისთვის. თუ სისხლში B6, B12 და B9 ვიტამინების დონე დაბალია, ჰომოცისტეინის დონემ შესაძლოა მოიმატოს. შესაბამისად, B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ძვლების ჯანმრთელობას. მათი წყაროა ორაგული, საქონლის ღვიძლი, მთლიანი მარცვლეული, სოია, თხილეული, თესლეული, ოსპი, მწვანე ბოსტნეული, ხორცი.

– რას უნდა ვერიდოთ?

– უპირველესად – ჭარბ ალკოჰოლს. ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ზრდის ოსტეოპოროზის რისკს. ნებადართულია ღვინო, დღეში არა უმეტეს 100-200 მლ-ისა.

მოწევას. მოწევა აფერხებს კალციუმის შეწოვას, უარყოფითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე.

ჭარბ კოფეინს. კოფეინი ზრდის შარდითა და განავლით კალციუმის გამოყოფას, რაც, დაბალკალციუმიან დიეტასთან ერთად, ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. შვედური კვლევის მიხედვით, მას, ვინც იღებს დღეში 330 მგ-მდე კოფეინს (ოთხი ჭიქა/600 მლ ყავა), 20%-ით მაღალი აქვს ძვლის მოტეხილობის რისკი, ვიდრე მას, ვინც დღეში 200 მგ-ზე ნაკლებ კოფეინს იღებს. თუ ბევრ ყავას სვამთ, გირჩევთ, კალციუმის შემცველი საკვებიც უფრო მეტი მიირთვათ.

ჭარბ წონას და წონის დეფიციტს. ოსტეოპოროზის რისკფაქტორებია როგორც ჭარბი წონა, ისე წონის უკმარისობაც. სხეულის მასის როგორც ნორმაზე დაბალი, ისე ნორმაზე მაღალი ინდექსი (BMI) ასოცირდება ოსტეოპოროზის უფრო მაღალ რისკთან. კუნთები ძვლების დამატებით სტაბილურობას უზრუნველყოფს და პირიქით – ჭარბი წონა ზრდის სახსრებზე ზეწოლას, რაც ასევე მავნეა ძვლებისთვის.

პრევენციისთვის:

* შეიტანეთ რაციონში კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი საკვები. ყოველდღე მიიღეთ ხილი და ბოსტნეული.

* ფიზიკურად იაქტიურეთ. სირბილი, ძუნძული, ხტომა უფრო მეტად ასტიმულირებს ძვლის უჯრედებს, ვიდრე ცურვა ან ველოსიპედით სიარული. იმისთვის, რომ ძვლის სიმკვრივე და მასა მაქსიმალურად სტაბილური იყოს, ყოველდღე უნდა ივარჯიშოთ.

* ერიდეთ სიგარეტსა და ალკოჰოლს.

* რეგულარულად შეიმოწმეთ ძვლების მდგომარეობა (ძვლის მინერალური სიმკვრივის ტესტით), განსაკუთრებით – ოსტეოპოროზის რისკის ჯგუფში მყოფებმა. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დანამატები ექიმის რჩევით.

* შეინარჩუნეთ წონის ბალანსი.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: