დიმიტრი უზნაძე – ფსიქოლოგიის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

დიმიტრი უზნაძის სახელი ფართო საზოგადოებისთვის, უპირველეს ყოვლისა, განწყობის თეორიასთან ასოცირდება და სამართლიანადაც – ამ თეორიამ, რომელიც თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად მიიჩნევა, მოუხვეჭა მსოფლიო სახელი ქართველ მეცნიერს.

დიმიტრი უზნაძის ნააზრევი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში მისმა საქმიანობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გეზი.

თუმცა ცნობილი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსისა და პედაგოგის პროფესიულ ცხოვრებაში იყო ისეთი წახნაგიც, რომელიც საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა...

დიდი მეცნიერის ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

დიმიტრი უზნაძე 1886 წლის 2 დეკემბერს დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ საქარაში, შეძლებული გლეხის ოჯახში. ნიკო უზნაძეს და ანა ჭუმბურიძეს ექვსი შვილი ჰყავდათ. დიმიტრის მამა გამრჯე კაცი იყო და შვილებსაც პატარაობიდანვე აჩვევდა შრომას.

წიგნის მოყვარული ნიკოსთვის შვილების განათლება უპირველესი საზრუნავი ყოფილა. მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – ოთხივე ვაჟმა უმაღლესი განათლება მიიღო, მათ შორის ორმა – საზღვარგარეთ.

დიმიტრი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა ნიჭიერებით. სამი წლისა თურმე ხელიდან არ უშვებდა "დედა ენას“. ოთხი წლისა უკვე გამართულად კითხულობდა.

ერთხელ უზნაძეებს ნათესავი სწვევიათ, რომელსაც დიტოს კბილა ბავშვი ჰხლებია თან. პატარა მასპინძელმა ძალიან გაიხარა, მაშინვე დაუმეგობრდა სტუმარს, გამოუტანა თავისი სათამაშოები და წიგნები... ცელქმა ბიჭუნამ კი სათამაშოების ფანჯრიდან გადაყრა დაიწყო. წიგნებს რომ მიადგა, დიტომ აღარ დაუთმო. დედის შენიშვნაზე, სტუმართან ჩხუბი არ შეიძლებაო, პატარა დიტოს უთქვამს, მე ასეთი სულელი სტუმარი არ მინდაო, წაუღია თავისი წიგნები, ხის ძირას დამჯდარა და დღის ბოლომდე იმ ბავშვს აღარ გაჰკარებია.

პირველი წარმატება და მარცხი

1896 წელს დიმიტრი უზნაძე ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის უფროს მოსამზადებელ კლასში შეიყვანეს.

მომავალმა მეცნიერმა პატარაობიდანვე გამოამჟღავნა მასწავლებლობისკენ სწრაფვა: პირველი სიტყვა რომ ამოიკითხა, თურმე სირბილით მიაშურა მეზობლის ბავშვებს და დაჰპირდა, რასაც ვისწავლი, თქვენც გასწავლითო. სიტყვა არ გაუტეხია – სოფლის ახალგაზრდებს წერა-კითხვას სწორედ ის ასწავლიდა.

გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დიმიტრი რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. 1905 წლის მარტში მოწაფეთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის მერვე კლასიდან გარიცხეს. სასწავლებლის დირექტორმა გარიცხვის ოფიციალურ მიზეზად სწავლის საფასურის გადაუხდელობა დაასახელა, რათა ნიჭიერი მოსწავლისთვის რეპრესიები აერიდებინა.

იმავე წლის შემოდგომაზე, მამის მონდომებით, დიმიტრი სასწავლებლად ლაიფციგში გაემგზავრა.

ევროპული განათლება

1905 წელს დიმიტრი უზნაძე ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მასთან ერთად სწავლობდნენ მომავალი აკადემიკოსები გიორგი ჩუბინაშვილი და გერონტი ქიქოძე.

ფსიქოლოგიას მომავალ მეცნიერს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მამამთავრად წოდებული ვილჰელმ  ვუნდტი ასწავლიდა. 1879 წელს ვუნდტმა ლაიფციგში მსოფლიოში პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია დააარსა. ამ ლაბორატორიაში ჩაეყარა საფუძველი ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას, რომლის შესასწავლადაც ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. შემდგომში ვუნდტის მოწაფეებმა ფსიქოლოგიური ცენტრები გახსნეს გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეს პატივი დიმიტრი უზნაძეს ხვდა წილად.

ვუნდტის ლექციების პარალელურად დიმიტრი ცნობილი ფსიქოლოგის იოჰანეს ფოლკელტის და ფსიქოლოგისა და სოციოლოგის პაულ ბარტის ლექციებსაც ესწრებოდა.

ლაიფციგში სწავლის პერიოდში ახალგაზრდა მეცნიერმა დაწერა ნაშრომი, რომელიც სამეცნიერო საბჭომ ვუნდტის ხელმძღვანელობით პრემიით დააჯილდოვა.

ცნობილი ქართველი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე გერონტი ქიქოძე, რომელიც ლაიფციგის უნივერსიტეტში უზნაძესთან ერთად სწავლობდა, წერდა: “დიტო ლაიფციგში თავისებურ ცხოვრებას ეწეოდა. ის მთლიანად საუნივერსიტეტო ცხოვრებაში იყო ჩაფლული, ბოჰემურ ცხოვრებას არ მისდევდა. ის ყველას თავს არიდებდა და წიგნებისკენ მიეშურებოდა”.

1907 წელს დიმიტრი უზნაძე საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისის გიმნაზიაში ჩააბარა გამოცდები სიმწიფის ატესტსტის მისაღებად, 1909 წელს კი დაასრულა და დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიას მიეძღვნა. ვინაიდან ლაიფციგში რუსი ფილოსოფოსის, პოეტისა და ლიტერატურათმცოდნის მოძღვრებას არ იცნობდნენ, დისერტაციის დაცვა ჰალეს უნივერსიტეტში დაინიშნა, სადაც დიმიტრი უზნაძეს ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიენიჭა.

ძველი გატაცება

ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მიღებისთანავე დიმიტრი უზნაძემ ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იმავე წელს ქუთაისის ახალდაარსებული სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრადაც აირჩიეს. სწორედ ქუთაისიდან იწყება მისი აქტიური პედაგოგიური საქმიანობა.

ვინაიდან ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები ფაქტობრივად არ არსებობდა, უზნაძემ შეადგინა და საკუთარი ხელით დაასურათა რამდენიმე სახელმძღვანელო: “პირველყოფილი კულტურა”, “ძველი აღმოსავლეთი”, “ძველი და ახალი ისტორია”. ამ წიგნებმა დიდი როლი შეასრულა მაშინდელი ახალგაზრდობის აღზრდაში.

1912 წელს დიმიტრი უზნაძემ გამოაქვეყნა ნაშრომი ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესახებ. ერთი წლის შემდეგ მასწავლებელთა სახალხო კრების დელეგატებმა დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს რეზოლუციები ქართულ სკოლებში ყველა საგნის ქართულ ენაზე სწავლების და სკოლის მმართველობის დემოკრატიულ პრინციპებზე აგების შესახებ. როგორც სწავლა, ისე სკოლის მართვაც ეფუძნებოდა მეცნიერულად დამტკიცებულ პრინციპებს, სწავლების ინოვაციურ მეთოდებს და, რაც მთავარია, მოსწავლეებს სთავაზობდა ქართულ ენაზე წარმართულ საგაკვეთილო პროცესს. სკოლა პრიორიტეტად ისახავდა მოსწავლის ინდივიდუალური უნარის გათვალისწინებას, მოსწავლეთა ემოციურ აღზრდას, ესთეტიკისა და ხელოვნების სწავლებას.

1915 წელს ქუთაისში დიმიტრი უზნაძის ძალისხმევით გაიხსნა ქალთა სკოლა "სინათლე", რომელსაც მეცნიერი თავად ჩაუდგა სათავეში და თბილისში გადმოსვლამდე ხელმძღვანელობდა. უზნაძე ყველა გაკვეთილს შემდეგი სიტყვებით იწყებდა: მომავალო ქართველო დედებო, თქვენ ისეთი განათლება უნდა მიიღოთ, რომ ქვეყანას ეროვნული შთამომავლობა აღუზარდოთო.

დიმიტრი უზნაძე აქტიურად მონაწილეობდა 1910-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი, ხოლო 1917-1919 წლებში – საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე, დიმიტრი უზნაძემ ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

ფილოსოფიიდან ფსიქოლოგიამდე

1917 წლიდან დიმიტრი უზნაძის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო. იგი თბილისში გადასახლდა და ქართველ მეცნიერთა მხარდამხარ ჩაება იმ დიდ სამზადისში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნით დაგვირგვინდა. 1918 წელს უმაღლეს სასწავლებელში ფსიქოლოგიის კათედრისა და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორიის დაარსებით იწყება საქართველოში მეცნიერული ფსიქოლოგიის განვითარება.

პირველ წლებში, სანამ მისი მოწაფეები დაიზრდებოდნენ, ყველა დისციპლინას, მათ შორის – პედაგოგიკას და პედაგოგიკის ისტორიასაც, თავად ასწავლიდა, უძღვებოდა სემინარებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში. “თებერვლის რევოლუციის მომენტისათვის ქართული ფსიქოლოგიური ლიტერატურა ამოიწურებოდა ერთი წიგნით (“ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის შესავალი”), – ვკითხულობთ დიმიტრი უზნაძის შესახებ მოგონებებში, – ხოლო ფსიქოლოგიური კადრების რაოდენობა ამ წიგნის ავტორით (დიმიტრი უზნაძე) განისაზღვრებოდა. მაშასადამე, უნივერსიტეტის გახსნისას ქართველთა შორის მხოლოდ ერთი პირი მოიპოვებოდა, რომელიც საგანგებოდ სამეცნიერო ფსიქოლოგიის კუთხით მუშაობდა. ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის კურსის წაკითხვა და კათედრის მოწყობა მას დაევალა.

საზოგადოებაში ამ მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება და ცოდნის გავრცელება, ასევე ქართულ ენაზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავება დიმიტრი უზნაძის მთავარი საზრუნავი იყო. ისეთი სიტყვები, როგორიც არის “აღქმა”, “ცნობიერება”, “შეგრძნება”, “თვითდამკვიდრება” და მრავალი სხვა, ქართულ სამეცნიერო ლექსიკონში სწორედ მისი მეოხებით დამკვიდრდა.

უნივერსიტეტში მოღვაწეობის პირველივე დღიდან უზნაძე ისე ენერგიულად არჩევდა და ამზადებდა კადრებს, რომ უკვე 1927 წელს საქართველოში მისი ხელმძღვანელობით დაარსდა საბჭოთა კავშირში პირველი ფსიქოლოგიური საზოგადოება. ქართული მეცნიერული ფსიქოლოგიის მაღალმა დონემ 1941 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩამოყალიბებისთანავე, განაპირობა ფსიქოლოგიის ინსტიტუტის გახსნა. ეს იყო აკადემიის სისტემაში შემავალი პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში.

1941 წელსვე დიმიტრი უზნაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. საბჭოთა კავშირისთვის ესეც გაუგონარი მოვლენა იყო – იმ დრომდე მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად ფსიქოლოგი არასდროს აერჩიათ.

სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად დიმიტრი უზნაძე პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწეოდა. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში გამოყენებითი დარგების განვითარებას. მისი თაოსნობით გაიხსნა რამდენიმე ფსიქოტექნიკური ლაბორატორია, სადაც გაიშალა სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა ბავშვის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საკითხების შესასწავლად.

მას შემდეგ, რაც მარქსიზმმა საქართველოში მტკიცედ მოიკიდა ფეხი, უზნაძისთვის ცხადი გახდა, რომ ფილოსოფიურ კვლევებს თავისუფლად ვეღარ გააგრძელებდა – თუ მარქსის მოძღვრებას არ გაიზიარებდა, სამეცნიერო საქმიანობის საშუალებას აღარ მისცემდნენ, ამიტომ თავი დაანება ფილოსოფიას და პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის საკითხებზე დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ დიმიტრი უზნაძეს არცერთი ფილოსოფიური ნაშრომი აღარ დაუწერია.

შტრიხები პორტრეტისთვის

თანამედროვენი დიმიტრი უზნაძეს ახასიათებენ როგორც მახვილი და შორსმჭვრეტელი გონების ადამიანს. უდრეკი და პრინციპული, მიმტევებლობის იშვიათი ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოებული. გაკიცხვაზე მეტად სიკეთე მოქმედებსო, – ამბობდა თურმე, – სიკეთე უფრო სწვდება ადამიანურ არსს, აამოძრავებს, აამოქმედებს ადამიანურ საწყისს და ეგებ კაცი კარგ გზას დაადგესო.

უბრალო, მხიარული და სტუმართმოყვარე ყოფილა. ჰყვარებია წვეულებები, საზოგადოებაში დროის გატარება.

სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად, მას თანამშრომლებზე ზრუნვაც საკუთარ მოვალეობად მიაჩნდა. მისი ყურადღება ასკეცდებოდა, როცა ვინმეს უჭირდა. მაგალითად, როცა მისი მოსწავლე ავად გახდა, დღეში რამდენჯერმე მოინახულებდა ხოლმე და ექიმთა თათბირებსაც კი ესწრებოდა, რათა მუდამ საქმის კურსში ყოფილიყო.

დიმიტრი უზნაძის მეუღლე შუშანა ბუტულაშვილი ექიმი იყო. ჰყავდათ ორი ქალიშვილი – მედეა და ეთერი. დიმიტრი თბილი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე მამა ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობდა, შვილებს ყურადღებას არასოდეს აკლებდა. ხშირად ესაუბრებოდა ხელოვნებაზე, მხატვრულ ლიტერატურაზე, ადამიანის ბუნებაზე...

1950 წლის 11 ოქტომბერს დიმიტრი უზნაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ტრადიციულ ყოველკვირეულ სხდომაზე მივიდა. თავისი უკანასკნელი ნაშრომი თანამშრომელს გადააბარა დასაბეჭდად და დარბაზს მიაშურა. განწყობის თეორიის შესახებ ისაუბრა. შემდეგ კამათში სხვებიც ჩაერთნენ. მეცნიერი გულდასმით უსმენდა მოპაექრეებს. ბოლოს ისევ ითხოვა სიტყვა. ტრიბუნასთან მივიდა და სალაპარაკოდ მოემზადა, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვის წარმოთქმა მოასწრო, შეტორტმანდა, მარჯვენა ხელი საფეთქელთან მიიდო და ჩაიკეცა. მისი უკანასკნელი სიტყვა იყო "ფსიქიკა".

დიმიტრი უზნაძე 1950 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1988 წლის 21 მაისს დიდი მეცნიერის ნეშტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადაასვენეს.

მარი მარღანია

გააზიარე: