საჭმლის მონელების დარღვევა
გააზიარე:
დისპეპსია, საჭმლის მონელების დარღვევა, ცხოვრების თანამედროვე წესის პირობებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მისთვის დამახასიათებელია სისავსის შეგრძნება მუცლის ღრუს ზედა ნახევარში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. შესაძლოა, დისპეპსია თან ახლდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე დაავადებას, თუმცა ხშირად ფუნქციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური მიზეზის გარეშე ვითარდება. ზოგჯერ სიმპტომები ყოველდღე იჩენს თავს, ზოგჯერ კი განსაზღვრული პერიოდულობით. მის აღმოსაფხვრელად უმეტესად ცხოვრების წესის შეცვლაც საკმარისია.
რა იწვევს
საკვების კუჭში გადასვლისას კუჭი, ჩვეულებრივ, დუნდება და ფართოვდება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს კუჭის ეს ფუნქცია დარღვეული აქვს, რაც, თავის მხრივ, მუდმივ სისავსის შეგრძნებას იწვევს.
ზოგიერთ შემთხვევაში დარღვეულია კუჭიდან ნაწლავებში საკვების დროული გადასვლა, რაც აირების დაგროვებას და ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.
დისპეპსიურ მოვლენებს შესაძლოა საფუძვლად ედოს საკვებისმიერი ალერგია ან ჰელიკობაქტერია პილორით გამოწვეული ბაქტერიული ინფექციაც.
ზოგჯერ მიზეზი ზედმეტად მგრძნობიარე ნერვული სისტემაა. ასეთი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებს სტრესისა და ემოციური ძვრების ფონზე ერღვევათ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქცია.
საჭმლის მონელების დარღვევით შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა სამედიცინო მდგომარეობა: გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის რეფლუქსური დაავადება, პეპტიკური წყლული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ცელიაკია, ნაღველკენჭოვანი დაავადება, შეკრულობა, პანკრეატიტი, კუჭის კიბო, ნაწლავთა გაუვალობა.
ხშირად საჭმლის მონელების დარღვევა დაკავშირებულია ცხოვრების წესთან. მას პროვოცირებას უწევს ჭარბი კვება, ძალიან სწრაფი კვება, ცხიმიანი ან ცხარე საკვების, დიდი რაოდენობით კოფეინის, ალკოჰოლის, შოკოლადის ან გაზიანი სასმელების მოხმარება, ასევე – მწეველობა, შფოთვა, ზოგიერთი ანტიბიოტიკის, ტკივილგამაყუჩებლის ან რკინის დანამატის მიღება.
დისპეპსია ხშირია ორსულობის დროსაც, განსაკუთრებით – მის მესამე ტრიმესტრში, რაც ჰორმონულ ცვლილებებს და დედის კუჭზე ნაყოფის ზეწოლას უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ საჭმლის მონელების დარღვევა სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, ცხოვრების ხარისხზე ის უარყოფითად აისახება.
სიმპტომები
საჭმლის მონელების დარღვევისთვის დამახასიათებელია კუჭის სისავსის შეგრძნება, რომელიც ჭამის პროცესში ან ჭამის დასრულების შემდეგ ჩნდება და ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება, დროზე ადრე დანაყრება ან უმადობა, ზოგჯერ – ისეთი ძლიერი, რომ ადამიანი ულუფასაც კი ვერ ჭამს ბოლომდე. შეიგრძნობა მსუბუქი ან ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის ბოლოსა და ჭიპს შორის, წვა ან დაჭიმულობა მუცლის ზედა ნაწილში, ვითარდება მუცლის შებერილობა, ბოყინი.
გულძმარვა, მწველი ტკივილი გულმკერდის შუაში, კუჭსა და საყლაპავს შორის, წესისამებრ, რეფლუქსის – კუჭის მჟავე წვენის კუჭიდან საყლაპავში უკუდენის – ბრალია. ზოგჯერ ის კისერსა და ზურგსაც გადაეცემა, ერთვის მლაშე გემო პირში, კუჭის სისავსის შეგრძნება, უმადობა, მძიმე შემთხვევებში – გულისრევა და ღებინებაც კი.
მსუბუქად გამოხატული დისპეპსია, წესისამებრ, ადვილი სამართავია, თუმცა სპეციალისტთან დროულად მისვლას გირჩევთ, თუ ზემოთ აღწერილ სიმპტომებს თან ახლავს უმადობა, წონის კლება, ყლაპვის გაძნელება, განმეორებითი ან სისხლიანი ღებინება, მოშავო ან კუპრისფერი განავალი, სისუსტე. სასწრაფო სამედიცინო დახმარება აუცილებელია, როცა აღინიშნება სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა ან გულმკერდის ტკივილი, რომელიც გადაეცემა ქვედა ყბაში, კისერში ან მკლავში, თავს იჩენს ფიზიკური აქტიურობის ან ემოციური სტრესის დროს.
დიაგნოსტიკა
საჭმლის მონელების დარღვევასთან დაკავშირებული სიპტომების არსებობისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი პრობლემები, როგორიცაა წყლულოვანი დაავადება და სხვა სტრუქტურული პრობლემები. თუ ასეთი პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, სვამენ ფუნქციური დისპეპსიის დიაგნოზს.
ფუნქციური დისპეპსია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფუნქციურ პათოლოგიად მიიჩნევა. მისი სიმპტომები პეპტიკური წყლულოვანი დაავადებისას ჰგავს, თუმცა გამოკვლეულთა მხოლოდ 1/3-ს უდასტურდება კუჭის წყლული, დანარჩენ 2/3-ს კი ფუნქციური დისპეპსიის დიაგნოზს უსვამენ.
დიაგნოსტიკის დროს ითვალისწინებენ სიმპტომებს, ოჯახურ ისტორიას, სხვა დაავადებების არსებობა-არარსებობას, მისაღებ მედიკამენტებს, კვების თავისებურებებს. სისხლის ანალიზებით გამოირიცხება სხვა დაავადებები, რომლებსაც შეუძლია ანემია და ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს, რადგან ეს ფუნქციური დისპეპსიისთვისაც არის დამახასიათებელი. ჰელიკობაქტერია პილორის არსებობის დასადგენად ტარდება განავლის, სისხლის ან სუნთქვის ტესტი. ენდოსკოპიური კვლევის დროს კუჭსა და წვრილი ნაწლავის დასაწყისს ათვალიერებენ საყლაპავიდან შეტანილი სპეციალური მილის საშუალებით, რომელსაც ბოლოზე კამერა და სინათლის წყარო აქვს დამაგრებული, და იღებენ ქსოვილის ნიმუშს, რომლის შესწავლითაც შესაძლებელია წყლულოვანი ან სიმსივნური დაავადების დადგენა.
მკურნალობა
მკურნალობა გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას და მედიკამენტურ ჩარევას სიმპტომების მიხედვით. მედიკამენტებიდან გამოიყენება:
* აირთა დაგროვების საწინააღმდეგო საშუალებები – მათში შემავალი ნივთიერება სიმეთიკონი უზრუნველყოფს ნაწლავებში აირთა წარმოქმნის შემცირებას;
* მჟავას წარმოქმნის შემამცირებელი საშუალებები – H2 რეცეპტორების ბლოკერები: ციმეტიდინი, ფამოტიდინი ნიზატიდინი;
* პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, რომლებიც კუჭის მჟავას წარმომქმნელ უჯრედებში თრგუნავენ პროტონულ ტუმბოს: ლანსოპრაზოლი, ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი;
* თუ ჰელიკობაქტერიაზე ტესტი დადებითი აღმოჩნდა – ანტიბიოტიკები მჟავას დამთრგუნველ მედიკამენტებთან ერთად;
* ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები) – მათი მცირე დოზები აქვეითებს იმ ნეირონების აქტიურობას, რომლებიც ნაწლავურ ტკივილს აკონტროლებს;
* პროკინეტიკები – აადვილებს კუჭის დაცლას და ამჭიდროებს სარქველს საყლაპავსა და კუჭს შორის, რაც ამცირებს ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში;
* გულისრევის შემამსუბუქებელი (ანტიემეტური) საშუალებები: პრომეთაზინი, პროქლორპერაზინი და მექლიზინი.
ფუნქციური დისპეპსიის სიმპტომების შესამსუბუქებლად რეკომენდებულია ცხოვრების წესის შეცვლაც. პაციენტებს ურჩევენ, მიირთვან მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, საკვები ნელა, საგულდაგულოდ დაღეჭონ, ჭამიდან, სულ მცირე, ორი საათის განმავლობაში არ დაწვნენ. შეზღუდონ ცხარე, ცხიმიანი, შემწვარი საკვების, გაზიანი სასმელების, კოფეინის, რძის, ალკოჰოლის მიღება. დამატებითი შვების მომგვრელია საწოლის თავის წამოწევა 15 სმ-ით, ჭარბწონიანობის შემთხვევაში კი წონის დაკლება.
მარიამ რამაზაშვილი