ქოლანგიტი – სანაღვლე სადინარების ანთება
გააზიარე:
ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ერთი მათგანია სანაღვლე სისტემა. ადამიანის მთავარი მეტაბოლური ორგანო, ღვიძლი, წარმოქმნის ნაღველს, რომელიც ნაღვლის ბუშტში, მცირე ტომრის მსგავს ორგანოში გროვდება, იქიდან კი სადინართა სისტემით წვრილი ნაწლავის ზემოთა ნაწილში – თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის. ქოლანგიტს სწორედ ამ სისტემის ანთებას უწოდებენ.
ტიპები
არსებობს ქოლანგიტის სამი ტიპი. ყველაზე გავრცელებულია მწვავე ბაქტერიული ქოლანგიტი – სანაღვლე სადინარების სისტემის ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული მწვავე ანთება, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს ნაღვლის დინება სანაღვლე სისტემაში, ეს კი, თავის მხრივ, ლიმფურ და სისხლძარღვოვან სისტემაში ბაქტერიების გამრავლებას და მათ მიერ გამოყოფილი მომწამლავი ნაერთების, ენდტოქსინების, მატებას შეუწყობს ხელს. ამ ტიპის ქოლანგიტი შეიცავს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულებების საფრთხეს, როგორებიცაა ჩირქგროვის განვითარება ღვიძლში და ნაღვლოვანი სეპტიცემია – სისხლის ბაქტერიული ინფექცია.
მეორე ტიპის ქოლანგიტი პირველადი ნაღვლოვანი ქოლანგიტია, რომელიც ღვიძლშიდა მცირე სანაღვლე სადინარების ანთებით მიმდინარეობს. ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც თანდათან მძიმდება და სანაღვლე სადინარებს ანადგურებს. ამ სადინართა ფუნქციის მოშლა ნაღვლის დაგროვებას და შედეგად ღვიძლის დაზიანებას განაპირობებს. დაავადება შესაძლოა გართულდეს ღვიძლის დანაწიბურებით, ციროზით და ღვიძლის უკმარისობით. მეცნიერები ფიქრობენ, რომ პირველადი ნაღვლოვანი ქოლანგიტი ავტოიმუნური დაავადებაა. ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით თავისივე, სანაღვლე სადინარის ჯანმრთელ უჯრედებს აზიანებს.
პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტიც ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს ნაღვლის როგორც ღვიძლშიდა, ისე ღვიძლგარე სადინარების ანთებას და დანაწიბურებას. ის თანდათან პროგრესირებს და ავიწროებს ან ახშობს სანაღვლე სადინარებს. ამის შედეგად ნაღველი გროვდება ღვიძლში, იწვევს ღვიძლის დანაწიბურებას, ციროზს და ღვიძლის უკმარისობას. მეცნიერები პირველად მასკლეროზებელ ქოლანგიტსაც ავტოიმუნურ პათოლოგიად მიიჩნევენ.
როგორ ვლინდება
კლინიკური სურათი სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირია და არასპეციფიკურიდან მძიმემდე მერყეობს. ქოლანგიტს ახასიათებს: სისუსტე; ოფლიანობა ან ცხელება, რომელსაც მოსდევს შემცივნება და კანკალი; კანის ქავილი; ტკივილი მუცლის მარჯვენა ნახევარში, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ზურგში ან მარჯვენა ბეჭის ქვეშ. ტკივილი შესაძლოა იყოს პერიოდული, მწვავე, კრუნჩხვისმაგვარი ან ყრუ და ჰგავდეს ნაღველკენჭოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელ ტკივილს. სხვა დამახასიათებელი ნიშნებია მუდმივი ან გარდამავალი სიყვითლე, განავლის გაბაცება, დიარეა, არტერიული წნევის დაქვეითება. ზოგიერთი ტიპის ქოლანგიტს სახსრების ტკივილიც ახასიათებს.
ქოლანგიტის რისკი მაღალია, როდესაც ადამიანს აქვს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება. ალბათობა იზრდება სხვა რისკფაქტორების თანდართვისას. ასეთებია ნაწლავთა ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება), უახლოეს წარსულში გადატანილი ოპერაციული ჩარევა, რომელიც სანაღვლე სადინარსაც შეეხო, ისეთ ქვეყნებში მოგზაურობა, სადაც დიდია ჭიებსა და პარაზიტებთან კონტაქტის ალბათობა, აივ ინფექცია.
რა იწვევს
მწვავე ბაქტერიული ქოლანგიტი ვითარდება სანაღვლე სისტემის ბაქტერიული ინფექციის შედეგად, რომელსაც ყველაზე ხშირად იწვევს ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭით ნაღვლის სადინარების დახშობა.
მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან პირველადი ნაღვლოვანი და პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათ ავტოიმუნური წარმომავლობა აქვთ. გასათვალისწინებელია გენეტიკური განწყობაც. სპეციფიკური გენები განსაზღვრულ პირობებში ხელს უწყობს ავტოიმუნური რეაქციის ჩართვას.
ქოლანგიტის გამოვლენის რისკს ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მწეველობა, ზოგიერთი ინფექციური დაავადება, განსაზღვრულ ქიმიურ ნაერთებთან კონტაქტი. ქოლანგიტის ნაკლებად გავრცელებული მიზეზებია სიმსივნე, სისხლის კოლტები, ოპერაციის შემდგომ განვითარებული სადინარის შევიწროება, პანკრეასის ანთება, პარაზიტული ინფექცია. ქოლანგიტი შესაძლოა განვითარდეს წვრილი ნაწლავიდან ბაქტერიების ნაღვლის ბუშტში მოხვედრის ან სისხლის ბაქტერიული ინფექციის გამოც.
როგორ სვამენ დიაგნოზს
ექიმი ამოწმებს, აქვს თუ არა პაციენტს ნაწლავთა ავტოიმუნური დაავადება, უპირველეს ყოვლისა – წყლულოვანი კოლიტი, ჰყავს თუ არა ქოლანგიტით დაავადებული პირველი რიგის ნათესავი, რომელი ინფექცია გადაუტანია, რომელ ქიმიურ ნაერთებთან აქვს რეგულარული კონტაქტი. გასინჯვის დროს მოწმდება მუცლის მგრძნობელობა და მტკივნეულობა, განსაკუთრებით – მის ზედა მარჯვენა მხარეს, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სიყვითლის ნიშნები, კანის ქავილი.
გამომსახველობითი კვლევებიდან, უპირველესად, მიმართავენ მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიას, რომლითაც ფასდება სანაღვლე სადინართა გაფართოება, სადინარის კედლების გასქელება, კენჭების არსებობა. ზოგჯერ ტარდება კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტების დონის შესაფასებლად – მათი მომატება ინფექციური პროცესისთვის არის დამახასიათებელი. მოწმდება ღვიძლის ფუნქცია სისხლში მისი ფერმენტების დონის განსაზღვრით. ღვიძლის დაზიანების შესაფასებლად შეიძლება ჩატარდეს ღვიძლის ბიოფსია – იღებენ ქსოვილის მცირე ფრაგმენტს და იკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ. ზოგჯერ პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის მქონე პაციენტს ურჩევენ კოლონოსკოპიის ჩატარებას, ნაწლავთა დაზიანების შესაფასებლად.
კვლევის კიდევ ერთი მეთოდია ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია – რენტგენის სხივებისა და ენდოსკოპის დახმარებით საყლაპავი მილის გავლით მოწმდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მდგომარეობა, ნაღვლის სადინარებში კი შეჰყავთ სპეციალური საღებავი და მათ რენტგენის აპარატით ათვალიერებენ.
მკურნალობა
იმისთვის, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მისი დროულად დაწყება.
მწვავე ბაქტერიული ქოლანგიტის სამკურნალოდ გამოიყენება ინტრავენური თერაპია (სითხის გადასხმა), ანტიბიოტიკები, სანაღვლე სადინარის დრენაჟი. პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის სტანდარტული მკურნალობა შემუშავებული არ არის, სამკურნალო ღონისძიებების მიზანი მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებაა.
ქოლანგიტით გამოწვეული სანაღვლე სადინართა შევიწროების ან დახშობის დროს მიმართავენ ენდოსკოპიურ რეტროგრადულ ქოლანგიოპანკრეატოგრაფიას: სადინარების გასაფართოებლად მათ სანათურში თავსდება სპეციალური სტენტები – მცირე ზომის მილები. თუ სხვა ტიპის მკურნალობა უეფექტოა ან ადამიანის მდგომარეობა უარესდება, ტარდება ოპერაციული მკურნალობა.
მარიამ რამაზაშვილი