როგორ დავიცვათ საზღვრები ბავშვებთან

გააზიარე:

საზღვრების დაცვა მნიშვნელოვანი უნარია. ის გვეხმარება ფსიქიკური უსაფრთხოების მიღწევაში, საკუთარი საჭიროებების გამოთქმაში, პატივისცემის მოპოვებასა და სხვების პატივისცემაში.

საზღვრების დაცვა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საკუთარი თავის კარგად გაცნობას და მიღებას, ასევე – იმ მოლოდინის გაცნობიერებას, რომელიც სხვების მიმართ გვაქვს. მაგალითად, მე ვიცი, როდის და რამდენი ხნის განმავლობაში ვმუშაობ კლიენტთან და ველი, რომ ორივე დროზე მოვალთ და დროის შეთანხმებული მონაკვეთის განმავლობაში ვიმუშავებთ. ამით განსხვავდება ჩვენი შეხვედრები მეგობრული შეხვედრებისაგან.

სწორედ ასეთი უთქმელი თუ ნათქვამი საზღვრები აძლევს ყველა ურთიერთობას განსაკუთრებულ ელფერს.

ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავადგინოთ, როგორი საზღვრებია ჩვენთვის კომფორტული, როდის ირღვევა ჩვენი პირადი სივრცე, რა პირობების დაცვა გვაგრძნობინებს თავს მშვიდად და თავისუფლად და როგორი ქცევა, რომელი სიტყვები და ემოციები განიცდება უსიამოვნოდ, იმ ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, რომელშიც შევედივართ. მაგალითად, კლიენტისგან განსხვავებით, შვილთან დროითი საზღვრები არ მაქვს. აქ საზღვრებს, კარგად გაწერილი გრაფიკის ნაცვლად, მისი საჭიროებები აყალიბებს. მარტივად რომ ვთქვათ, მზად ვარ, შვილთან უფრო ღია ვიყო, მეტი დრო გავატარო და ნაკლები სივრცე დავიტოვო ჩემთვის.

მეორე ნაბიჯი ჩვენი მოლოდინის სხვებისთვის გაზიარებაა. ხშირად ყველაზე დიდი შეცდომა ამ ეტაპზე მოგვდის. ჩვენ გვგონია, რომ მეორე მხარეს ზუსტად ისევე ესმის ჩვენი საზღვრები, როგორც ჩვენ. გაზიარების გარეშე ზუსტად ვერასოდეს გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ, რომ არც სხვა შევაწუხოთ და არც თავად შევწუხდეთ. გაზიარების შედეგად ჩვენ ვეცნობით სხვების საზღვრებს და ვაცნობთ საკუთარს. ისინი ან გვეთანხმებიან, ან უარზე არიან, ან ორივე მხარე ვთმობთ და ერთმანეთს სადღაც შუაში ვხვდებით.

გამოწვევები

როდესაც ბავშვს ზედმეტად მკაცრი მშობლები ჰყავს, ის ეჩვევა, რომ მის აზრს პატივს არ სცემენ, რომ ყოველთვის ავტორიტეტული ფიგურაა მართალი, რომ საკუთარი სურვილებისა და ემოციების გამოხატვას აზრი არ აქვს. ასეთი ბავშვი ზრდასრულ ასაკში ან ვერ აცნობიერებს თავის საზღვრებს, ან აცნობიერებს, მაგრამ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამის შესახებ ხმამაღლა თქვას. მაგალითად, მას შესაძლოა რამე სტკიოდეს, მაგრამ ეს არავის უთხრას – მას ჰგონია, რომ ავადმყოფობით სხვებს აწუხებს და არ ითხოვს ზრუნვას, რომელიც სჭირდება.

ამის საპირისპიროდ, ოჯახში, რომელშიც საერთოდ არ არსებობს საზღვრები, სადაც ურთიერთობის წესები გაუგებარი და ცვალებადია, სადაც ქცევას არ მოჰყვება შედეგი, ბავშვი სწავლობს, რომ არავითარ სტრუქტურას არ აქვს მნიშვნელობა, არღვევს სხვების საზღვრებს, არ უფრთხილდება სხვების დროს, პირად სივრცეს, სურვილებს, ვერ ეგუება უარსა და წარუმატებლობას, არ ჰყოფნის მოთმინება, დაელოდოს ამა თუ იმ ქმედების შედეგს. ასეთ ბავშვებს უჭირთ სოციალიზაცია, საჭიროებების გადავადება და საკუთარისა და სხვისის გამიჯვნა. მაგალითად, უსაზღვრებო გარემოში გაზრდილი ბავშვი ვერ ხვდება, რატომ უნდა დაიცვას თამაშის წესები და ისე მოითხოვს თამაშს, როგორც მას უნდა და არა ისე, როგორც გუნდისთვის არის საინტერესო.

რა საჭიროა ბავშვებისთვის საზღვრები?

საზღვრების დაწესება და დაცვა ბავშვს თვითდისციპლინის, უსაფრთხოების განცდისა და პრობლემასთან გამკლავების უნარის ჩამოყალიბებაში ეხმარება, ასწავლის, როგორი ქცევაა მისაღები, აჩვვს განსაზღვრული წესების არსებობას, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა თემში: სკოლაში, მეგობრების წრეში, – მის ინტეგრაციას.

მაგალითად, შეგიძლიათ შეუთანხმდეთ ბავშვს, რომ თუ ერთი კვირის განმავლობაში თამაშის შემდეგ სათამაშოებს აალაგებს, კვირის ბოლოს განსაზღვრული ფასის ფარგლებში სასურველ სათამაშოს უყიდით. ეს მას დაანახვებს, რომ არსებობს განსაზღვრული წესები, რომელთა დაცვა ჯილდოს ნიშნავს, ხოლო უგულებელყოფა – პრივილეგიის დაკარგვას. ეს, გარდა იმისა, რომ გაგიმარტივებთ ბავშვთან თანაცხოვრებას და შეამცირებს კონფლიქტებს, რაც თავისთავად სასურველი შედეგია, ბავშვს ოჯახისგარე სამყაროსთვისაც მოამზადებს, სადაც ზოგიერთი ქცევა, მაგალითად, სამსახურში დროზე მისვლა, წახალისებულია, ხოლო ზოგიერთი, მაგალითად სამსახურის გაუფრთხილებლად გაცდენა – მიუღებელი.

როგორ დავიცვათ საზღვრები ბავშვებთან

* დანერგეთ წესები და რუტინული აქტივობები.

* დაეხმარეთ ბავშვს იმის გაგებაში, რას ელით მისგან. რუტინული აქტივობები, რომლებიც არ იცვლება და რომელთა შესახებ განსაზღვრული შეთანხმება არსებობს, ბავშვს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდას უქმნის.

უკეთესი იქნება, თუ წესებს ბავშვთან ერთად შეიმუშავებთ – ეს მას თანამონაწილეობის განცდას გაუჩენს.

* ერიდეთ ბუნდოვნებას, წესები გასაგებად ჩამოაყალიბეთ. პატარა ბავშვები ვერ ხვდებიან ფარულ აზრს, რთულ მეტაფორებს, ვერ სწვდებიან პასიურ-აგრესიულ მიმართვებს (მაგალითად: "კარგი იქნებოდა, სათამაშოები დალაგებული დამხვედროდა"). ეცადეთ, წესები მაქსიმალურად მარტივი და გასაგები იყოს. გადაამოწმეთ, რა გაიგო ბავშვმა თქვენი ნათქვამიდან, რომ თავი აარიდოთ გაუგებრობასა და კონფლიქტს.

* მოიქეცით თანმიმდევრულად. ერთ დღეს წესების დაცვა და მეორე დღეს მათი უგულებელყოფა ბავშვს აბნევს. მაგალითად, თუ დღეს მოსთხოვთ, რომ კბილები გაიხეხოს, ხვალ კი ეტყვით, რომ ამ ერთხელ არა უშავს, თუ არ გაიხეხავს, ბავშვი მიეჩვევა, რომ საზღვრების დარღვევა ჩვეულებრივი ამბავია და მუდამ ეცდება, ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

* იყავით სამართლიანი და თბილი. სამართლიანობა არ ნიშნავს სიმკაცრეს. ამ შემთხვევაში ბავშვი წესებს გაცნობიერებულად კი არა, შიშის გამო იცავს. გარდა ამისა, ეცემა მისი თვითშეფასება, ბავშვი იზრდება ცხოვრებით უკმაყოფილო პიროვნებად. ეცადეთ, შეთანხმების დარღვევა აღიქვათ არა ტრაგედიად, არამედ უბრალო ქცევად, რომელსაც წინასწარ შეთანხმებული შედეგი მოჰყვება.

* დააჯილდოვეთ და შეაქეთ, თანაც არა მხოლოდ მისაღები ქცევისთვის, არამედ მცდელობისთვისაც კი. ამით ბავშვი გამოწვევების გადალახვას მიეჩვევა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეცოდინება, რომ მშობელი აფასებს მას.

* არ აქციოთ მოფერება ჯილდოდ და გაწყრომა –  სასჯელად. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელს ის უყვარს, განურჩევლად იმისა, როგორ იქცევა. მოგვწონს თუ არა ბავშვის ქცევა, მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვართ და ვიღებთ მას ისეთს, როგორიც არის. ამით ის ისწავლის საკუთარი თავის მიღებას, საკუთარი თავის სიყვარულს, სამყაროსა და ადამიანების ნდობას.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: