როგორ მოვუაროთ კანს გაპარსვის შემდეგ
გააზიარე:
მიუხედავად იმისა, რომ სხივები სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ აცილებს არასასურველ თმას, ბევრი ამა თუ იმ მიზეზით კვლავ გაპარსვას ამჯობინებს და მშვენივრად იცნობს ამ პროცედურის უსიამოვნო შედეგებს: სიწითლეს, გამონაყარს, ქავილს.
შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება და როგორ?
რატომ ჩნდება მუწუკები
მუწუკები ბაქტერიებით გამოწვეული ანთების შედეგია. საპარსი მცირე, ხშირად შეუმჩნეველ ჭრილობებს აჩენს, საიდანაც კანში ანთების გამომწვევი მიკროორგანიზმები იჭრებიან.
გამონაყარს ხშირად ახლავს თან ქავილი, წვა, სიწითლე, ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლოა დაჩირქდეს კიდეც. გამონაყარი შესაძლოა სხეულის ნებისმიერ უბანზე გაჩნდეს, რომელსაც რეგულარულად იპარსავთ – ფეხებზე, იღლიებში, თუმცა ყველაზე მგრძნობიარე მაინც ბიკინის ზონაა. აქ კანი ძალიან თხელია, მდიდარია ცხიმოვანი ჯირკვლებით და ნერვული დაბოლოებებით, ამიტომ ამ ადგილის გაპარსვისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. გარდა ამისა, ინტიმური ზონა, სადაც ყოველთვის სითბო და სინოტივეა, იდეალური ადგილია ბაქტერიების გასამრავლებლად.
დერმატოლოგების აზრით, გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:
* ბლაგვი სამართებელი – ის კი არ ჭრის თმის ღერს, არამედ გლეჯს, რაც თმის ფოლიკულს აზიანებს;
* პარსვის არასწორი ტექნიკა – პარსვის დროს კანზე ზედმეტი ზეწოლა, ერთსა და იმავე ადგილზე საპარსის რამდენჯერმე გადასმა, თმას ზრდის საპირისპირო მიმართულებით პარსვა;
* თმის კანში ჩაზრდა – გაპარსვის შემდეგ თმის ღერების კანში ჩაზრდის ალბათობა უფრო დიდია;
* დეოდორანტი, თუ ის გაპარსვისთანავე, ჯერ კიდევ მოუშუშებელ კანზე მოხვდა;
* ვარჯიში პირდაპირ გაპარსვის შემდეგ – კანს ოფლიც აღიზიანებს, რადგანს მარილიანია, კანი კი მუწუკების გაჩენით რეაგირებს;
* პარსვა ქაფის ან გელის გარეშე – საპარსის პირი, ნაცვლად სრიალისა, ხახუნობს კანზე, რაც ზრდის ჭრილობების გაჩენის რისკს;
* მგრძნობიარე კანი – განსაკუთრებით სათუთად რეაგირებს ხახუნსა და გაღიზიანებაზე;
* მშრალი კანი – ნაკლებელასტიკურია და ადვილად სკდება;
* ალკოჰოლის შემცველი ნაწარმი – კანს აშრობს და გაპარსვის მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.
როგორ ავიცილოთ თავიდან გამონაყარი
* კანი წინასწარ მოამზადეთ გაპარსვისთვის. რომ არ გამოშრეს, რეგულარულად დაინოტივეთ კრემით ან ლოსიონით, განსაკუთრებით – ის ადგილები, რომლებსაც ხშირად იპარსავთ.
გასაპარსი ადგილი თბილი წყლით კარგად დაისველეთ. უკეთესი იქნება, თუ შხაპის მიღებისას გაიპარსავთ – შედარებით სქელი ბოქვენის თმა უფრო ელასტიკური ხდება და ადვილი იჭრება.
* მოერიდეთ მშრალ გაპარსვას. საპარსი შეუფერხებლად რომ სრიალებდეს კანზე, საპარსი გელი ან ქაფი გამოიყენეთ. მეტისმეტად მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებულია საპარსი ზეთი, სასურველია, უსუნო. ის კვებავს კანს და ხელს უშლის მშრალი ადგილების ზედმეტად გაღიზიანებას.
* გამოიყენეთ ბასრი საპარსი. თუ ამჩნევთ, რომ თმის მოსაცილებლად ძლიერი ზეწოლაა საჭირო, ესე იგი საპარსის პირი გაცვეთილია.
* გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით.
* ნუ გაისვამთ საპარსს რამდენჯერმე ერთსა და იმავე ადგილზე.
* საპარსმა შეუფერხებლად რომ ისრიალოს, პარსვისას ხშირად რეცხეთ გამდინარე წყლით.
* მიიღეთ ცივი შხაპი. ცივი წყალი ხურავს ფორებს და ხელს უშლის ბაქტერიების ორგანიზმში შეჭრას, ამცირებს თმის ჩაზრდისა და გამონაყარის გაჩენის რისკს.
* გაპარსვის შემდეგ ნაზად, ხახუნის გარეშე შეიმშრალეთ კანი რბილი პირსახოცით.
* კანი კარგად დაინოტივეთ. წაისვით დამამშვიდებელი და გამაგრილებელი საშუალება, მაგალითად, ალოე ვერას გელი. დამატენიანებელი კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ. უმჯობესია, ის ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგებოდეს – ქიმიური კომპონენტების შემცველმა პროდუქტმა შესაძლოა საპირისპირო ეფექტი გამოიღოს.
* გაპარსვისთანავე ნუ დაიტანთ დეოდორანტს.
* ბიკინის ზონის გაპარსვის შემდეგ ჩაიცვით ბუნებრივი ბოჭკოს საცვალი, მაგალითად, ბამბისა. ის კარგად ატარებს ჰაერს და კანი არ გაოფლიანდება. ნუ ჩაიცვამთ ზედმეტად მჭიდრო ტრუსს, რათა ხახუნმა კანი უფრო მეტად არ გააღიზიანოს.
რა უნდა იცოდეთ საპარსის შესახებ
რაც უფრო მეტი პირი აქვს საპარსს, მით უფრო ფაქიზად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აცილებს თმას.
არასდროს შეინახოთ სველი საპარსი. პირები კარგად გააშრეთ და მშრალ ადგილას დადეთ, თორემ სწრაფად დაბლაგვდება.
ნუ ათხოვებთ სხვას თქვენს საპარსს და ნურც თქვენ გამოიყენებთ სხვისას.
როგორ მოვირჩინოთ გამონაყარი
* თუ გაპარსვის შემდეგ კანზე მაინც გამოგაყარათ, გირჩევთ, ეს ადგილი ჯერ კარგად გაიგრილოთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცით ან ყინულის კუბებით, – ე. წ. ცივი შოკი შეამცირებს თანმხლებ სიმპტომებს: შეშუპებას, ქავილს, წვას, – მერე კი უცხიმო, დამამშვიდებელი ეფექტის მქონე კრემი ან ლოსიონი წაისვათ.
* ნუ გააწვალებთ მუწუკს ხელით – კანი უფრო მეტად გაღიზიანდება, უარეს შემთხვევაში კი გაჩნდება აბსცესი, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება. თუ გაპარსვის შემდეგ რეგულარულად გიჩნდებათ ჩირქოვანი გამონაყარი, უმჯობესია დერმატოლოგს მიმართოთ.
აკნესგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ:
* ბავშვის პუდრი, რომელიც შეიცავს თუთიის ოქსიდს – ეს უკანასკნელი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით არის ცნობილი. თუმცა პუდრი კანს აშრობს, ამიტომ ზომიერად გამოიყენეთ ან თუთიის შემცველი მალამოთი შეცვალეთ.
* თაფლი, რომელსაც ასევე ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. თხლად წაისვით დაზიანებულ უბნებზე და დაახლოებით 15 წუთი დაიტოვეთ.
* კრაზანის ზეთი – განსაკუთრებით ეფექტურია ინტიმურ მიდამოში გამონაყარის დროს. დაასველეთ ზეთში ბამბის ბალიში და 10-15 წუთით დაიდეთ გაღიზიანებულ ადგილზე. შეგიძლიათ, სხეულის სხვა ნაწილებზეც გადაისვათ თხლად.
ერიდეთ ალკოჰოლისა და სურნელოვანი კომპონენტების შემცველ ნაწარმს – ასეთი საშუალებები ადვილად აღიზიანებს მგრძნობიარე ბიკინის ზონას. გამაღიზიანებელი ფაქტორებია ულტრაიისფერი გამოსხივება და ქლორირებული წყალიც, რომლებიც აფერხებს კანის შეხორცების პროცესს და ხელს უწყობს გამონაყარის განვითარებას.
ჯილდა გაჩეჩილაძე