სკრინინგი – სოციალური პასუხისმგებლობა სიცოცხლის გადასარჩენად

გააზიარე:

 

თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში ავადმყოფობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი მისი ადრეული გამოვლენაა. დროული დიაგნოსტიკა ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მკურნალობასა და მის შედეგზე.

სწორედ დაავადებათა ადრეულ გამოვლენას ისახავს მიზნად სკრინინგი.

საზოგადოებრივ ჯანდაცვაში სკრინინგის როლზე ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორს, ქალბატონ ეთერ კიღურაძეს ვესაუბრეთ.

"სკრინინგი" ინგლისური სიტყვაა და "გადარჩევას" ნიშნავს. მისი არსი მარტივად ასე შეიძლება აიხსნას: სკრინინგი არის ჯანმრთელი მოსახლეობის კვლევა ფარულად მიმდინარე დაავადებების გამოსავლენად. ადამიანები, რომლებსაც საძიებელი დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩნდებათ, სიღრმისეულ დიაგნოსტიკურ კვლევაზე იგზავნებიან.

სკრინინგის მთავარი მიზანი პათოლოგიური პროცესის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის გზით ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაა.

მსოფლიო გამოცდილება

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია:

* პრენატალური (დაბადებამდელი) სკრინინგი – მოიცავს სისხლის ანალიზს, სპეციფიკურ ულტრაბგერით კვლევას და პრენატალური უჯრედებისგან თავისუფალი დნმ-ს შესწავლას. მისი მიზანია, ერთი მხრივ, ნაყოფის პათოლოგიათა განვითარების რისკის ადრეული შეფასება, მეორე მხრივ კი ორსულობასთან დაკავშირებული გართულებების რისკის დადგენა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ჩატარებული სკრინინგი საშუალებას იძლევა, განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები ნაყოფისა და დედის ზოგიერთი პათოლოგიის და მათთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასაცილებლად.

* ახალშობილთა სკრინინგი – თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. ის უმთავრესად ორიენტირებულია ისეთი თანდაყოლილი დაავადებების პრევენციაზე, რომლებიც ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას და შინაგანი ორგანოების დაზიანებას იწვევს, მაგრამ  რომელთა დროული, ჯერ კიდევ სიმპტომების გამოვლენამდე, დიაგნოსტიკითა და სწორი მკურნალობით შესაძლებელია თითქმის სრული გამოჯანმრთელება. საქართველოში ყველა ახალშობილს დაბადებიდან მესამე დღეს უტარდება სამი დაავადების: თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის, ფენილკეტონურიისა და მუკოვისციდოზის, – სკრინინგი.

* სკოლამდელი  ასაკის ბავშვთა მენტალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევების სკრინინგი – გამოავლენს ბავშვებს, რომლებსაც აქვთ განვითარების დარღვევის რისკი. ტარდება სტანდარტული/ვალიდური სკრინინგული ტესტების საშუალებით. ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა ამცირებს სასკოლო ასაკისთვის სპეციალურ საჭიროებათა მქონე ბავშვების რაოდენობას და აუმჯობესებს ადაპტაციური სფეროს განვითარებას.

* დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი –  ნაადრევად დაბადებულებს ხშირად აქვთ თვალის ბადურა გარსის სისხლძარღვების პათოლოგია, რომელიც ბავშვთა სიბრმავის  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დღენაკლულის დაბადებისას სავალდებულოა ოფთალმოლოგიური შემოწმება, რათა დროულად მოხდეს რეტინოპათიის დიაგნოსტირება, შეფასდეს დაავადების სტადია და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს გადაუდებელი მკურნალობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბადურა გარსის ჩამოშლით გამოწვეული სიბრმავე.

* კიბოს სკრინინგი –  კიბო აღარ არის სასიკვდილო განაჩენი, თუ მას დროულად აღმოვაჩენთ, ადრეული დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად კი სკრინინგი მიიჩნევა. ამჟამად საქართველოში მოქმედებს სკრინინგის უფასო ეროვნული პროგრამა, რომლის მიზანი სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენციაა.

– რომელ დაავადებათა სკრინინგი ტარდება თქვენს ცენტრში?

– ეროვნული სკრინინგცენტრი 2008 წელს დაფუძნდა. ამჟამად ის საქართველოს მოქალაქეებისთვის ახორციელებს  უფასო სკრინინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

* ძუძუს კიბოს სკრინინგი – უტარდებათ 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებს, ითვალისწინებს ძუძუს გასინჯვას და ორივე სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფიას, მამოგრაფიას ორ პროექციაში, რომლის გამოსახულებას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორი რადიოლოგი კითხულობს. შესაბამისი პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ინიშნება ექოსკოპია, საჭიროებისამებრ – ძუძუს წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა. თუ პათოლოგიის არსებობა არ დადასტურდა, მომდევნო გეგმური კვლევისთვის სარეკომენდაციო პერიოდია ორი წელი.

* საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – უტარდებათ 25-დან 60  წლის ჩათვლით ასაკის ქალებს, ითვალისწინებს პაპ-ტესტს (ციტოლოგიურ კვლევას), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – კოლპოსკოპიას, საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერებას. თუ ექიმმა საჭიროდ მიიჩნია, ჩატარდება ბიოფსია და ჰისტოლოგიური კვლევა. პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში მომდევნო გეგმური კვლევის სარეკომენდაციო პერიოდი სამი წელია.

* მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – უტარდებათ ორივე სქესის პაციენტებს 50-დან 70 წლის ჩათვლით, ითვალისწინებს ტესტს ფარულ სისხლდენაზე, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – კოლონოსკოპიას, საჭიროებისამებრ – ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ კვლევას. გეგმური სარეკომენდაციო პერიოდი შეადგენს ორ წელს.

* პროსტატის კიბოს მართვა – ითვალისწინებს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას პერიფერიულ სისხლში 50-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის მამაკაცებთან. გეგმური სარეკომენდაციო პერიოდია ერთი წელი.

* თბილისის მუნიციპალური პროგრამა დამატებით აფინანსებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტს 25-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის თბილისში რეგისტრირებული ქალებისთვის. ის ითვალისწინებს ექოსკოპიურ კვლევას და საჭიროებისამებრ – სისხლში თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრას. დამატებით შესაძლოა ჩატარდეს წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობაც. პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში გეგმური სარეკომენდაციო პერიოდი შეადგენს ხუთ წელს.

მიუხედავად იმისა, რომ სარეკომენდაციო პერიოდები გაწერილია, ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტი შეიძლება დაბარებულ იქნეს ვადაზე ადრეც (FU). კვლევა ამ შემთხვევაშიც ფინანსდება.

პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა უფინანსდებათ მხოლოდ წინასწარ გამოვლენილ რისკჯგუფებს – ამით ეს ორი კომპონენტი განსხვავდება სკრინინგისგან, რომელიც ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევას და შეფასებას გულისხმობს.

– რა განსხვავებაა სკრინინგსა და დიაგნოსტიკას შორის?

– დიაგნოსტიკა არის პრობლემის მიზეზის ძიება მისი მეტ-ნაკლები მანიფესტაციის შემდეგ, ხოლო სკრინინგის მიზანია პათოლოგიის აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდე. როგორც უკვე ვთქვით, ადრეულ ეტაპზე ონკოლოგიური დაავადების დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, მოსახლეობას ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგულ პროგრამებში მონაწილეობა. ონკოლოგიური დაავადებების დროს მაღალი სიკვდილიანობისა და დაბალი გადარჩენადობის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ კიბოს გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა მოდის მესამე-მეოთხე სტადიების წილად, როდესაც მკურნალობა ძალიან ძვირია, ეფექტი კი არასაიმედო. სწორედ ამიტომ კიბოს პრევენციულ ღონისძიებათა შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სკრინინგის პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოთი გამოწვეული ავადობისა და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირებას მათი ადრეული გამოვლენის გზით.

კრიტერიუმები და ტიპები

– სკრინინგს, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს ის ავთვისებიანი დაავადებები, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის და რომელთა ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას. გარდა ამისა, საკვლევი ორგანო ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს კვლევისთვის; მეთოდი უნდა იყოს ტექნიკურად ადვილად განსახორციელებელი და არსებობდეს კვლევის განმეორების საშუალება; კვლევის მეთოდს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა, იყოს მოსახლეობისთვის მისაღები და ხარჯეფექტური.

არსებობს სკრინინგის განხორციელების ორი მოდელი: ოპორტუნისტული, როდესაც მოქალაქე თავისი სურვილით მიმართავს სკრინინგცენტრს და იტარებს გამოკვლევას, და ორგანიზებული – ამ შემთხვევაში ხდება მიზნობრივი მოსახლეობის პერსონალიზებული მიწვევა კვლევების ჩასატარებლად და შემდგომი რაუნდების კონტროლი. ამჟამად საქართველოში მოქმედებს შერეული მოდელი. მართალია, სკრინინგის პირველ რაუნდზე მოქალაქეების პერსონალური მოწვევა ვერ ხორციელდება მათი პერსონალური მონაცემების არახელმისაწვდომობის გამო, მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ხელთაა მიზნობრივი მოსახლეობის დეპერსონალიზებული მონაცემები: ასაკი, სქესი, ტელეფონის ნომერი, – იგზავნება ზოგადი ხასიათის მოსაწვევები პროგრამაში ჩასართავად, ყოველ მომდევნო რაუნდზე კი ხდება მოსარგებლის პერსონალური გამოძახება შესაბამისი სარეკომენდაციო პერიოდის გათვალისწინებით. ორგანიზებული მოდელის დანერგვა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, საერთაშორისო გამოცდილება მოწმობს, რომ სწორედ ორგანიზებულმა სკრინინგმა მოახდინა სერიოზული გავლენა ჯანდაცვის ინდიკატორებზე და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა რადიკალურად შეამცირა. იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში სკრინინგის ეს მოდელი სრულად დაინერგება და ამ გზით უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პროგრამაში.

– რა არის სკრინინგცენტრის მთავარი გამოწვევა?

– დღეისთვის ორი გამოწვევა გვაქვს ‒ პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფა და მიზნობრივი მოსახლეობის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებლის ამაღლება. საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, პროგრამა წარმატებულია მაშინ, როდესაც სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი მინიმუმ 60-70%-ია. მიუხედავად იმისა, რომ მოცვის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იმატებს,    ჩვენთან რიცხვი მაინც ძალიან დაბალია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის – ცუდი დიაგნოზის შიში, ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო: სკრინინგცენტრს უნდა მივმართოთ არა რაიმე პათოლოგიის აღმოსაჩენად, არამედ ჩვენი ჯანმრთელობის შესამოწმებლად! ჩვენი ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტების უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანმრთელია საკვლევ დაავადებასთან მიმართებით, მხოლოდ მცირე ნაწილს სჭირდება სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადამისამართება და ამ შემთხვევაშიც, როდესაც დაავადებას ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენენ, მისგან განკურნებაც უფრო ადვილია და გამოსავალიც – კეთილსაიმედო.

მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ეროვნულ სკრინინგცენტრს აქვს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა, ჰყავს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ მოქალაქეებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს.

სკრინინგის კულტურის ჩამოყალიბება მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ნუ აჰყვებით შიშს, გამოიყენეთ შესაძლებლობა, უფასოდ ჩაიტაროთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მაღალი დონის კვლევები და გამოავლინეთ დაავადება საწყის ეტაპზე, რათა სრულფასოვანი ცხოვრება გაიხანგრძლივოთ და სიცოცხლით დატკბეთ.

მარი მარღანია

გააზიარე: