გადაჭარბებული კონტროლი
გააზიარე:
გიფიქრიათ ოდესმე, რას უპასუხებდა თქვენი შვილი, მისთვის რომ ეკითხათ, როგორი მშობლები ჰყავს? როგორ დაგახასიათებდათ? როგორც მკაცრს? ლმობიერს? მოსიყვარულეს? მეგობრულს? ზედმეტი კონტროლის მოყვარულს?
ბავშვი დაბადებიდანვე მშობელზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, მას საკუთრებასავით მოვექცეთ და საკუთარი უპირატესობა მისი ცხოვრების კონტროლისთვის გამოვიყენოთ.
რასაკვირველია, ყველა ბავშვს სჭირდება მეთვალყურეობა, სწორ გზაზე დაყენება, რჩევების მიცემა, რათა თავადაც შეიძინოს ის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მშობელს აქვს, მაგრამ კონტროლი დაბალანსებული უნდა იყოს და არ უზღუდავდეს ბავშვს არჩევანის თავისუფლებას იმ საკითხებში, რომლებშიც მას ეს თავისუფლება აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
ძალაუფლების წყარო
სხვა ყველაფერთან ერთად, უფროსები ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადები არიან, რაც კონტროლის კიდევ ერთ ბერკეტად იქცევა ხოლმე. სანამ შვილი განსაზღვრულ ასაკს მიაღწევდეს, მშობელი მისთვის ავტორიტეტია, ამიტომ მცირე ასაკში ბავშვზე გავლენის მოხდენა განსაკუთრებით ადვილია.
როდესაც მშობლები შვილს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას აძლევენ, მათი ძალაუფლება ბუნებრივად სუსტდება. ეს შეუქცევადი პროცესია. თუ მშობელი ადეკვატურად მიუდგება ამ პროცესს და ნელ-ნელა ბავშვს თავისუფლებას მისცემს, ამით ხელს შეუწყობს მის დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ, ჯანსაღი თვითშეფასების მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას.
დგება დღე, როდესაც მშობლები აღმოაჩენენ, რომ თაფლაკვერი და მათრახი, რომლებიც აქამდე შესანიშნავად ჭრიდა, ახლა ნაკლებეფექტურია და მათი მეშვეობით ბავშვზე გავლენას ვეღარ ახდენს. ასეც უნდა იყოს. ნებისმიერ ასაკში მშობელმა პატივი უნდა სცეს შვილს, როგორც ნებისმიერ ზრდასრულს. ის, რომ ბავშვი მთლიანად მასზეა დამოკიდებული, მისი მართვის ბერკეტად არ უნდა იქცეს. მშობელს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მისი შვილი დამოუკიდებელი, მისგან განსხვავებული პიროვნებაა და მცირე ასაკიდანვე დაიწყოს მისი პიროვნული თვისებების განვითარებაზე ზრუნვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს შესაძლოა არ აღმოაჩნდეს სოციუმში თავის დამკვიდრების უნარი.
მორჩილი და შემგუებელი
ზედმეტი კონტროლი და თავისუფალი არჩევანის არარსებობა ბავშვს შემგუებელ, მორჩილ, არა მარტო მშობელთან, არამედ მისთვის ავტორიტეტულ ნებისმიერ უფროსთან ურთიერთობისას დამთმობ პიროვნებად აქცევს. ასეთი ბავშვის მართვა ადვილია, რადგან ის მორიდებული და დაშინებულია. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო ადვილია დასჯის შიშით მისი დამორჩილება, რადგან წინააღმდეგობა, ამბოხი მას ჯერ კიდევ ძალიან სახიფათო ეჩვენება, შესაბამისად, იძულებულია, მშობლის ძალაუფლებას მორჩილებითა და დათმობით უპასუხოს.
მოზარდ ასაკში რეაქცია შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს – ამ დროისთვის ბავშვი უკვე საკმარის ძალასა და გამბედაობას გრძნობს იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მშობელს. იწყება კონფლიქტები, მშობელსა და შვილს შორის ჩნდება განხეთქილება. საუბრით, პროფესიონალთან კონსულტაციებით პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. მთავარია დათმობა და ურთიერთგაგება.
ისეც ხდება, რომ ზედმეტი კონტროლი ბავშვში სრულიად კლავს მეამბოხე სულს, რაც ნიშნავს, რომ ის მოზარდ და ზრდასრულ ასაკშიც მორჩილი და დამთმობი პიროვნება იქნება. გადამეტებული კონტროლის შედეგად მას უყალიბდება შიში ძალაუფლების მქონე ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მკაცრი უფროსი იქნება ეს, მასზე ფიზიკურად ძლიერი ყოჩი თუ სხვა.
ბევრი მთელი ცხოვრება ბავშვად რჩება, პასიურად ემორჩილება ავტორიტეტს, უარს ამბობს საკუთარ მოთხოვნილებებზე, აშინებს საკუთარი დამოუკიდებლობა, კონფლიქტი, საკუთარი შეხედულებების დაცვა. ასეთი ადამიანის ძალიან ადვილი სამართავია, რადგან არ გააჩნია თავისუფალი ნება – ის ბავშვობაში მშობლების ზედმეტ კონტროლს შეეწირა.
შემოქმედებითობის ნაკლებობა, სიახლისა და წარუმატებლობის შიში
მშობლის ზედმეტი კონტროლი ბავშვში კონფორმიზმის განვითარებას უწყობს ხელს, საწყისშივე კლავს შემოქმედებითობას, რადგან შემოქმდებითობას სჭირდება ექსპერიმენტირება, სიახლეებთან და ახალ-ახალ გამოწვევებთან გამკლავება. ზედმეტი კონტროლის ქვეშ აღზრდილმა ბავშვმა არც ზრდასრულობაში იცის როგორ გაუმკლავდეს დამოუკიდებლად გამოწვევებს, ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების, რაიმე ახალის წამოწყების და გამოწვევების. მთელი ცხოვრება ადამიანის გადაწყვეტილებებში უხეში ჩარევა იწვევს მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შიშს, ხოლო შიში სპობს შემოქმედებითობას.
მარტოსულობა, დერეალიცაზია, მეოცნებეობა
როდესაც ბავშვს მეტისმეტად უჭირს მშობლის ავტორიტეტთან გამკლავება, ის იგონებს სამყაროს, სადაც თავს თავისუფლად იგრძნობს, საკუთარ თავში იკეტება, წყვეტს რეალობასთან ჭიდილს და ნებდება.
რეალობისგან გაქცევა და საკუთარ თავში ჩაკეტვა საგანგაშო ნიშანი უნდა იყოს მშობლისთვის. ის უნდა დაფიქრდეს, ხომ არ გადააჭარბა და აუცილებლად იმუშაოს ბავშვთან ურთიერთობის ადეკვატური ფორმების შესარჩევად.
ბავშვს, რომელიც მშობლის გადამეტებული კონტროლის ქვეშაა, ხშირად ახასიათებს:
- მეოცნებეობა;
- პასიურობა, აპათია;
- ინფანტილური ქცევა;
- ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება;
- მარტოსულობა (ხშირია წარმოსახვითი მეგობრის გამოგონების შემთხვევებიც);
- სოციუმისგან დისტანცირება, სკოლისთვის თავის ასარიდებლად ავადმყოფობის მოგონება;
შედარებით მოზრდილ ასაკში:
- მავნე ჩვევები, განსაკუთრებით ისეთი, რომლებსაც რეალობისგან გასაქცევად მიმართავენ (სმა, ნივთიერებების მოხმარება);
- კვებითი დარღვევები;
- დეპრესია.
ვფიქრობ, ცხადია, რომ ბალანსი აუცილებელია. თუ მიგაჩნიათ, რომ ზედმეტი მოგივიდათ, ეცადეთ, გაიაზროთ შეცდომა და გამოასწოროთ. დაეხმარეთ ბავშვს იმის გათავისებაში, რომ არ არის აუცილებელი, მისი ყოველი ქცევა ყველასთვის მისაღები იყოს. ასწავლეთ, თამამად შეეჭიდოს ახალ გამოწვევებს, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და უშიშრად გამოხატოს აზრი.
ლიკა ქათამაძე