ლელა ელოშვილი – იდეიდან დეფილემდე
გააზიარე:
სამოსისა და აქსესუარების ქართული ბრენდი ELOSHI დიდი ხანია გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მოდის საერთაშორისო ინდუსტრიაში დაიმკვიდრა თავი. ჯერ თბილისის მოდის კვირეულებზე ჩნდებოდა, შემდეგ წლების განმავლობაში “მერსედეს ბენცის” ჩვენების აქტიური მონაწილე იყო. დღეს ELOSHI-ს სამოსს საქართველოშიც და უცხოეთშიც ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს.
ბრენდის დამფუძნებელი ლელა ელოშვილი თავის ისტორიას გვიყვება.
გზის დასაწყისი
2000-იანების თბილისში სოფო ჭყონია პერიოდულად მართავდა კონკურსებს, რომლებზეც ახალგაზრდა დიზაინერებს თავიანთი მხატვრული ხედვის წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა ეძლეოდათ. 2005 წელს ლელამ, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა, ერთ-ერთ ასეთ პროექტში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. ეს გამარჯვება მომავალი წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.
– კონკურსზე პუშკინის მოთხრობის “ქალბატონი-გლეხის გოგოს” მოტივებზე შექმნილი კოლექცია წარვადგინე. საინტერესო გამოვიდა, ჭრელი, ფერადი, ხალისიანი... რას წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ რუსეთი ამდენად მტრული სახელმწიფო გახდებოდა და რუსული კულტურისადმი დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში ასე შეიცვლებოდა.
პრიზად მერგო სამთვიანი სტაჟირება ლონდონის სენტ-მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში. იქ დამხვდა გუგა ნემსაძე, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩემთან ერთად სწავლობდა. გავიცანი დევიდ კომაც. ჩვენ სამნი ბრიტანეთში ცნობილ ქართველ დიზაინერებთან – თათა და ნაკა სურგულაძეებთან გავდიოდით სტაჟირებას. სენტ-მარტინის კოლეჯი დაამთავრეს ვივიენ ვესტვუდმა, ჯონ გალიანომ, ალექსანდერ მაკქუინმა... წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ჩემთვის იქ სწავლა?!
მერე პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი. ჯერ იყო “ატელიე ინფორმალი”, 2012 წელს კი ბრენდი ELOSHI დავაარსე და ევროპის ბაზარზე გავედი.
დღეს “ელოშის” კოლექციები “ვოგის” გვერდზე იტვირთება, მათ შესახებ დადებითი რეცენზიები იწერება.
ქართული და ევროპული ბაზარი
– საქართველოში მოდის ინდუსტრიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ქართველ მომხმარებელს გემოვნება არ აკლია, მაგრამ უმრავლესობას უბრალოდ არ შეუძლია ძვირად ღირებული სამოსის შეძენა. ჩემი რამდენიმე კოლექცია სწორედ მათზეა გათვლილი.
არც ევროპაში გზის გაკვლევაა შეუძლებელი. მეტიც: ბევრი ქართველი დიზაინერის პროდუქციაზე საზღვარგარეთ მოთხოვნა უკვე საკმაოდ დიდია. ევროპას თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოება ჰყავს, ალბათ ამიტომ უფრო იოლად ესმით დიზაინერის ჩანაფიქრი, მეტი ესთეტიკა სჭირდებათ, მეტი ორიგინალური იდეა...
სამოსი განწყობის პრეზენტაციაა
– კოლექციაზე მუშაობა რამდენიმეეტაპიანი პროცესია. პირველია ინსპირაცია. შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს ნებისმიერი რამ: ფილმი, გამოფენა, წიგნი... შემთხვევით შემჩნეულმა მცირე დეტალმაც კი შეიძლება მოგცეს იდეა, რომელზეც მთელ კოლექციას ააგებ.
მერე იდეას ფორმას ვაძლევ, ესკიზს ვხატავ. ვირჩევ ქსოვილს. ხშირად ქსოვილის პრინტსაც მე თვითონ ვქმნი. ჩემი კოლექციები უმეტესად ფერადი და ნათელია. ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შავ ფერსაც ვიყენებ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სიცოცხლე მიყვარს, თავად სიყვარული მიყვარს, ხოლო როდესაც სიყვარულით ხარ სავსე, ემოციები კაშკაშა ფერებად იღვრება.
ძლიერი ქალის იმიჯი
– რაც უნდა რომანტიკული განწყობით ვქმნიდე ახალ კოლექციას, მასში ყოველთვის არის ძლიერი ქალისთვის დამახასიათებელი შტრიხები: მამაკაცური სილუეტი, უხეში ფაქტურა, მუქი ფერი... შესაძლოა, ამით გამოვხატავ ჩემს სურვილს, ვიყო უფრო ძლიერი. ძლიერად მიმაჩნია ადამიანი, რომელსაც თავის შიშებთან გამკლავება შეუძლია (ეს კი ნამდვილად არ არის იოლი).
ყველა ჩვენგანს თავისი მასშტაბი აქვს, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება ყველას მოეთხოვება. მაგალითად, ბევრი ვიფიქრე, რისი გაკეთება შემეძლო უკრაინელი ხალხისთვის. საბოლოოდ საქველმოქმედო კამპანიას შევუერთდით: მე და ჩემმა მეგობრებმა შევკერეთ ჩანთები უკრაინულ მოტივებზე – მთელი კოლექცია ერთ დღეში გაიყიდა, თანხა მთლიანად გადავრიცხეთ ომით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საბანკო ანგარიშებზე. იმედი მაქვს, ერთ ადამიანს მაინც დავეხმარებით, რომელიც ყინვაში უსახლკაროდ არის დარჩენილი და ბუნკერს აფარებს თავს.
სწორედ იმიტომ, რომ ჩემს ყველა კოლექციას საფუძვლად ემოციები უდევს, ამჟამად მუშაობა ძალიან მიჭირს. ძნელია ფერადი განწყობის შექმნა, როდესაც ამდენი ხალხი იღუპება. ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რისი გაკეთებაც ამჟამად შემიძლია.
ოჯახი
– ორი გოგონა მყავს. უმცროსი ჯერ ცხრა წლისაა, უფროსი უკვე სტუდენტია, ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. ორივე შესანიშნავად ხატავს.
ახალი თაობა პრაგმატული და განვითარებაზე ორიენტირებულია. მათ იციან, რომ ბიზნესის მიმართულებით განათლება მნიშვნელოვანია და ასეთი საბაზისო ცოდნით ნებისმიერი სხვა პროფესიის დაუფლება უფრო ადვილია, მუშაობა კი – უფრო ეფექტიანი. მე საქმიანობა დავიწყე როგორც ხელოვანმა და არა კომერსანტმა. ნაბიჯ-ნაბიჯ მომიწია საბაზრო ურთიერთობების ხრიკების ათვისება. ახალგაზრდა დიზაინერებმა უნდა იცოდნენ, რომ საბოლოოდ ყველა გზა ბიზნესთან მიდის – ხელოვნება დღეს ბიზნესადმინისტრირების გარეშე ვერ იარსებებს.
თამარ ციბალაშვილი