ზაფხული და ბავშვები
გააზიარე:
ზაფხული ის დროა, როცა მზე და თავისუფლება თავგადასავლების წყურვილს აღვიძებს. მთასა თუ ბარში ლაღად მონავარდე ჩვენი შვილები ფიზიკურად და გონებრივად ვითარდებიან, სწავლობენ ურთიერთობას, ეჩვევიან დამოუკიდებლობას, გადაწყვეტილების მიღებას, გუნდურ მუშობას, თუმცა ფათერაკებიც ხშირია და კიდევ რა უშავს, თუ ყველაფერი მუხლებისა და იდაყვების გადაყვლეფით დამთავრდა.
რა უნდა ვიცოდეთ, რომ ხიფათს მომზადებულები შევხვდეთ? როგორ გავუფრთხილდეთ ზაფხულში ბავშვის ჯანმრთელობას?
***
ნატკენები
თუ ბავშვს მხოლოდ მცირე ჭრილობები ან ნაკაწრები აქვს:
* უპირველეს ყოვლისა, დაიბანეთ ხელები, რომ ჭრილობაში უნებლიეთ ინფექცია არ შეიტანოთ.
* შეაჩერეთ სისხლდენა. მცირე ჭრილობიდან სისხლდენა, წესისამებრ, თავისთავად წყდება. თუ არ შეწყდა, მსუბუქად დააწექით სუფთა დოლბანდით ან ნაჭრით, სანამ არ შეწყდება. თუ სახვევიდან სისხლი ჟონავს, ზემოდან მეორე სახვევი გადაახვიეთ და დაზიანებული ადგილი ააწევინეთ.
* გაასუფთავეთ ჭრილობა ― კარგად ჩამობანეთ გამდინარე წყლით, მის გარშემო კი კანი წყლით და საპნით მობანეთ. ჭრილობაზე საპონს ნუ მოახვედრებთ. ნუ დაასხამთ წყალბადის ზეჟანგს ― ის კანს აღიზიანებს და შეხორცების პროცეს აფერხებს. დიდ და ღრმა ჭრილობაზე არც იოდის წასმა შეიძლება. ჭუჭყი (მიწა, მტვერი და სხვა) სპირტით გაწმენდილი პინცეტით მოაშორეთ. შეგიძლიათ, კარგად გაწურული სველი ნაჭერიც დაიხმაროთ. თუ თავად ვერ მოახერხეთ ჭრილობის კარგად გასუფთავება, ბავშვი ექიმთან წაიყვანეთ.
* გასუფთავებულ ჭრილობაზე თხლად გადაუსვით ანტიბიოტიკის შემცველი მალამო ან ვაზელინი – ის ჭრილობის ზედაპირს ტენს შეუნარჩუნებს და უხეში ნაწიბურების წარმოქმნისგან დაიცავს. მალამოს რომელიმე ინგრედიენტმა შესაძლოა მცირე გამონაყარი გამოიწვიოს. თუ ასეთი რამ შეამჩნიეთ, მალამოს გამოყენება შეწყვიტეთ.
* სისუფთავისთვის ჭრილობაზე სუფთა ქსოვილის ნაჭერი ან დოლბანდის ტამპონი დააფარეთ და გადაუხვიეთ ან მწებავი ლენტი დააკარით. თუ დაზიანება ძალიან პატარაა, მისი ღიად დატოვებაც შეიძლება.
* გამოუცვალეთ სახვევი, სულ მცირე, დღეში ერთხელ, ასევე – დასველებისა და დაბინძურებისთანავე.
* თუ ბავშვს სრულყოფილად არ აქვს ჩატარებული ტეტანუსის ვაქცინაცია, ხოლო ჭრილობა ღრმა ან ჭუჭყიანია, აცრაც მოუწევს.
* დააკვირდით ინფექციის ნიშნებს. მიმართეთ ექიმს, თუ ჭრილობის ირგვლივ კანი გაწითლდა, გახურდა ან შესივდა, თეთრმა, ყვითელმა ან მწვანე სითხემ დაიწყო დენა ან ტკივილმა იმატა.
როდის მივმართოთ ექიმს
სხეულის თვითაღდგენის საოცარი უნარის წყალობით მცირე ჭრილობების, ნაკაწრების, ნატეკენების უმეტესობა თავისთავად გაივლის, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ექიმის ჩარევა აუცილებელია. მაგალითად, ძლიერი სისხლდენისას, თუ დამოუკიდებლად ვერ შევაჩერეთ.
თუ ჭრილობა მეტისმეტად დიდი ან ღრმაა ან მისი კიდეები ერთმანეთისგან დაშორებულია, შეხორცების გასაადვილებლად საჭიროა მათი ერთმანეთთან მიტანა. ამ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად ჭრილობას ადებენ ერთ ან მეტ ნაკერს. ნაკერებს 5-10 დღეში ხსნიან ან, თუ გაწოვადი მასალის ძაფითაა შესრულებული, თავისთავად გაიწოვება. მცირე ჭრილობის კიდეების შესაკავებლად ზოგჯერ სამედიცინო წებო ან სტერილური მწებავი ლენტიც საკმარისია. თუ დიდი ჭრილობა კიდეების ერთმანეთთან მიტანის გარეშე შეხორცდა, ამ ადგილას შესამჩნევი ნაწიბური დარჩება.
ექიმთან მისვლა საჭიროა ნაკბენი ჭრილობის დროს. ადამიანისა და ცხოველის პირის ღრუში არიან მიკრობები, რომელთა ჭრილობაში მოხვედრამ შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკებს იყენებენ. მნიშვნელოვანია ცოფის რისკების შეფასება და სათანადო რეაგირება.
***
ნაკბენი და ნაკაწრი
ცხოველის უმნიშვნელო ნაკბენმა და ნაკაწრმაც კი შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. არ აქვს მნიშვნელობა, ცხოველი შინაურია თუ გარეული, სახლში ცხოვრობს თუ ღია ცის ქვეშ.
ნაკბენი, განსაკუთრებით ― კატისა, შესაძლოა ცხოველის პირის ღრუს ბაქტერიებით დაინფიცირდეს, კატის ნაკაწრმა კი შესაძლოა გამოიწვიოს კატის ნაკაწრის დაავადებად წოდებული ბაქტერიული ინფექცია, თუნდაც ნაკაწრი ინფიცირებულს არ ჰგავდეს. აუცრელი ძაღლები და კატები, ასევე ― გარეული ცხოველები (ღამურები, მელიები და სხვა) ცოფს ავრცელებენ, ამიტომ თუ ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ექიმი მიიჩნევს, რომ არსებობს ამ დაავადების საფრთხე, ბავშვს ცოფის ვაქცინაციას ჩაუტარებენ. იმ ბავშვებს, რომლებსაც ტეტანუსის აცრა არ აქვთ განახლებული, ეს უკნაკასკნელიც დასჭირდებათ.
როგორ ვიქცევით
თუ ნაკბენიდან ან ნაკაწრიდან სისხლი დის, დააწექით მას სუფთა დოლბანდით ან პირსახოცით, სანამ სისხლდენა არ შეჩერდება. თუ ხელი მიგიწვდებათ, გამოიყენეთ სუფთა ლატექსის ან რეზინის ხელთათმანები, რათა თქვენც დაიცვათ თავი ინფექციისგან და არც ბავშვს დაუბინძუროთ ჭრილობა.
თუ სისხლდენა ძლიერი არ არის, კარგად ჩამობანეთ ჭრილობა საპნით და გამდინარე წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში.
ჭრილობა შეამშრალეთ, წაუსვით ანტიბიოტიკის შემცველი მალამო და დააფარეთ სტერილური დოლბანდი ან სუფთა ნაჭერი.
რა მცირე ზომისაც არ უნდა იყოს ნაკბენი ან ნაკაწრი, დაურეკეთ ექიმს, რათა შემდგომი მოქმედების ინსტრუქცია მიიღოთ. სახეზე, ხელზე, ფეხზე არსებული ნაკბენები და ნაკაწრები უფრო საჩქაროა, ისინი ექიმმა მალევე უნდა ნახოს.
დაუყოვნებლივ საჭიროა სამედიცინო დახმარება, თუ:
- ნაკბენი ან ნაკაწრი არის სახეზე, კისერზე, ხელზე, ფეხზე ან სახსრის ახლოს;
- სისხლდენა ჭრილობაზე ათწუთიანი პირდაპირი ზეწოლის შემდეგაც არ წყდება;
- ჭრილობა ღრმა ან დიდია;
- თავდამსხმელი ცხოველი იყო მაწანწალა, ველური ან უცნაურად იქცეოდა;
- დაზიანებული ადგილი დაჩირქდა, გაწითლდა, გაცხელდა, შეშუპდა ან ძლიერ მტკივნეული გახდა;
- ბავშვს აქვს სუსტი იმუნური სისტემა ან სხვა ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს ინფიცირების რისკი;
- ბავშვს ჩატარებული არ აქვს ტეტანუსის იმუნიზაცია.
ბავშვები უნდა გავაფრთხილოთ, რომ თავი შორს დაიჭირონ გარეული ცხოველებისგან, არ გააღიზიანონ თუნდაც სახლში მცხოვრები შინაური ცხოველი, არ შეაწუხონ ჭამისა და ძილის დროს.
თუ შინ ცხოველი გყავთ, ჩაუტარეთ ყველა საჭირო აცრა და სხვა საპროფილაქტიკო პროცედურა.
***
ხიწვი
ხიწვი პატარა, წვეტიანი ანახლეჩია, რომელიც კანქვეშ შედის. ყველაზე ხშირად ის ხისაა, თუმცა ასევე შესაძლოა მოტყდეს მინას, ლითონს, პლასტმასას. ხიწვის შერჭობისთანავე ამოღებით თავიდან ავიცილებთ ინფექციის გავრცელებას და თავად ამოღებაც უფრო ადვილია, რადგან კანი შეხორცებას ვერ ასწრებს.
ნიშნები
ხიწვის არსებობაზე მიგვანიშნებს პატარა ხაზი კანქვეშ, ― როგორც წესი, ხელზე ან ფეხზე, იმის შეგრძნება, რომ კანქვეშ რაღაც გაიჭედა, ტკივილი ამ ადგილას, ზოგჯერ ― ინფექციის ნიშნები: სიწითლე, შეშუპება, სიმხურვალე ან ჩირქი.
ხიწვის ამოსაღებად:
* დაიბანეთ ხელები, ხიწვის ირგვლივ მიდამოც მოიბანეთ საპნით და თბილი წყლით.
* გაასტერილეთ პინცეტი და ნემსი: წვერები მდუღარე წყალში ჩააყოფინეთ, მერე კი სუფთა ბამბით ან სპირტიანი ტამპონით გაწმინდეთ.
* თუ ხიწვის ბოლოს კანი არ ეფარება, მოსდეთ პინცეტი, მოუჭირეთ და ნელა ამოსწიეთ იმავე კუთხით, რომლითაც კანში შევიდა, რომ არ გატყდეს.
* თუ ხიწვს ბოლო არ უჩანს, ამ ადგილას ნემსით ფრთხილად აქერცლეთ კანი, სანამ პინცეტით დასაჭერი ბოლო არ გამოჩნდება.
* ხიწვის ამოღების შემდეგ ისევ ჩამობანეთ ნაჩხვლეტი ადგილი და გადაახვიეთ.
ექიმის ჩარევა საჭიროა, თუ ხიწვი მეტისმეტად ღრმადაა და ვერ იღებთ, ფრჩხილქვეშ არის ჩამალული და ვერ სწვდებით, ნაჩხვლეტიდან სისხლი დის, ნაჩხვლეტის ირგვლივ კანი ინფიცირებულია, ბავშვს არ აქვს გაკეთებული აცრები იმუნნიზაციის სქემის მიხედვით.
პრევენცია
ბავშვს ყურადღება მიაქციეთ, რომ:
- ხელები არ უსვას ხის ზედაპირზე (საპიკნიკო მაგიდა, გარე ავეჯი, სათამაშო მოედნის აღჭურვილობა, მოაჯირები, სათამაშოები),
- ფიცარნაგზე და წყალში სიარულისას ეცვას ფეხსაცმელი;
- სახლში ფეხსაცმლით იაროს, თუ მინის საგანი გატყდა;
- ერიდოს ეკლიან და წვეტიან მცენარეებს.
***
დაჭიმვა, ღრძობა
დაჭიმვა და ღრძობა მოზარდებთან უფროა მოსალოდნელი, ვიდრე მცირეწლოვან ბავშვებთან.
ღრძობა იოგის ან სასახსრე კაფსულის გაჭიმვა ან ნაწილობრივი დარღვევაა. იოგი შემაერთებელი ბოჭკოვანი ქსოვილია, რომელიც სახსარში ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებს. ღრძობა შეიძლება გამოიწვიოს დაცემამ, კიდურის უხერხულად მოტრიალებამ, დარტყმამ. ყველაზე ხშირია კოჭისა და მაჯის სახსრების ღრძობა.
დაჭიმვა კუნთების ან მყესების დაზიანებაა. მყესი კუნთის ძვალთან დამკავშირებელი მკვრივი ქსოვილია. შეიძლება დაიჭიმოს ერთბაშად ან თანდათანობით. ყველაზე ხშირია ზურგისა და ბარძაყის კუნთების დაჭიმვა.
როგორ ამოვიცნოთ
დაჭიმვისა და ღრძობის ნიშნებია:
- სახსრის ან კუნთის ტკივილი;
- შეშუპება და სისხლჩაქცევა;
- ნატკენი ადგილის მხურვალება და სიწითლე;
- ნატკენ ადგილას მოძრაობის შეზღუდვა.
როგორ მოვიქცეთ
როგორც კი ტრავმის ნიშნებს შეამჩნევთ, ბავშვს დაუყოვნებლივ შეაწყვეტინეთ მოძრაობა. თუ ტრავმიდან 48 საათზე ნაკლებია გასული, გამოიყენეთ ღIჩE სტრატეგია:
* Rest – სხეულის დაზიანებული ნაწილის მოსვენება ტკივილის შემცირებამდე;
* Ice – ყინულის დადება. ყინულის ნატეხები ან ყინულის სპეციალური პაკეტი გაახვიეთ ქსოვილში (ჩაის ტილოში, პირსახოცში) და რამდენიმე წუთით (არა უმეტეს 20 წუთისა) დაზიანებულ ადგილზე დაადეთ – ეს შეშუპებას და სისხლჩაქცევას შეამცირებს. ყინულის პროცედურა ჩაატარეთ დღეში რამდენიმეჯერ (ოთხიდან რვამდე);
* Compression– ზეწოლა. ზომიერად მჭიდროდ გადაუხვიეთ ნატკენი ადგილი ელასტიკური სახვევით, სულ მცირე, 2 დღით, რათა კიდურმა არ იმოძრაოს;
* Elevation – აწევა. ააწევინეთ დაზიანებული კიდური გულის დონეზე მაღლა – შეშუპებას ესეც შეამცირებს.
ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად შეგიძლიათ იბუპროფენი ან პარაცეტამოლი მისცეთ.
პრევენცია
დაჭიმვისა და ღრძობის თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია, სპორტული თამაშის ან ვარჯიშის წინ ბავშვი სათანადოდ მოითელოს. თვალი ადევნეთ, რომ ყოველთვის ჰქონდეს თან სათანადო დამცავი აღჭურვილობა.
***
ამოვარდნილობა
ამოვარდნილობა სახსარში შემავალი ძვლების დაბოლოებათა ერთმანეთისგან დაცილებაა. მას იწვევს დაცემა ან ძლიერი დარტყმა. ამოვარდნილობა მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ნიშნები
ამოვარდნილობაზე მიუთითებს სახსრის:
- შეშუპება;
- სილურჯე ან სიწითლე;
- მტკივნეულობა;
- მოძრაობის გაძნელება;
- ფორმის შეცვლა.
როგორ მოვიქცეთ
თუ ვარაუდობთ, რომ თქვენს შვილს სახსარი ამოვარდნილი აქვს, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად ნუ ეცდებით ჩასწორებას – შესაძლოა, დააზიანოთ სისხლძარღვები, კუნთები, იოგები, ნერვები. საკმარისია, სახსრის გარშემო დაადოთ ქსოვილში გახვეული ყინულის პაკეტი – სიცივე ხელს შეუშლის შეშუპებისა და ტკივილის განვითარებას. ტკივილის გასაყუჩებლად გამოიყენეთ იბუპროფენი ან პარაცეტამოლი.
იდაყვის სახსრის ამოვარდნილობა
ჩვილებსა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან საკმაოდ ხშირია იდაყვში შემავალი სხივის ძვლის თავის ამოვარდნილობა, რაც გამოწვეულია ამ ასაკში სხივის იოგების სისუსტით. აშშ-ში ამოვარდნილობის ამ ტიპს “ძიძის იდაყვს” ეძახიან.
ამოვარდნილობას იწვევს ბავშვის ხელზე მოქაჩვა, როდესაც:
- ის წინააღმდეგობას უწევს ხელჩაკიდებულ უფროსს;
- უფროსი ცდილობს, ბავშვი წაქცევას გადაარჩინოს ან იჭერს, რომ არ გაექცეს;
- ხელჩაკიდებული ბავშვი თავისავე ხელზე შემოტრიალდება;
- უფროსი ხელებით სწევს მაღლა ბავშვს.
ამოვარდნილობა შესაძლოა არ გამოიხატოს აშკარა ნიშნებით: შეშუპებას და დალურჯებას ის არ იწვევს, – მაგრამ მასზე მიგვანიშნოს ბავშვის ქცევამ: ის თავს არიდებს დაზიანებული ხელის გამოყენებას, რადგან მოძრაობა მტკივნეულია, ხელი გაშლილი ან იდაყვის სახსარში ოდნავ მოხრილი აქვს, მაღლა ვერ სწევს.
ექიმი, წესისამებრ, გამოკითხვით და გასინჯვით სვამს დიაგნოზს, რენტგენოგრაფია მხოლოდ მაშინ ტარდება, თუ ექიმმა მოტეხილობა იეჭვა ან დაზიანების მიზეზი უცნობია. სპეციალური მოძრაობით ექიმი მარტივად აბრუნებს ძვლის თავს თავის ადგილზე.
იდაყვი შესაძლოა რამდენჯერმე ამოვარდეს, ამიტომ მშობლები და მომვლელები უნდა ეცადონ, არასოდეს მოქაჩონ ბავშვს ხელზე, საჭიროების შემთხვევაში ხელი მოჰკიდონ იღლიასთან და არა მტევანზე ან მაჯაზე.
***
მოტეხილობა
ბავშვები ძვლებს უმეტესად წაქცევისას იტეხენ. სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, რომელი ძვალია მოტეხილი და რა ტიპისაა მოტეხილობა.
ძვლის მოტეხვა ყოველთვის მტკივნეულია. გარდა ტკივილისა, მოტეხილობაზე მიუთითებს:
- ტრავმის მიღების დროს მოტეხვის ხმის გაგონება;
- შეშუპება, სისხლჩაქცევა, მტკივნეულობა;
- დაზიანებული კიდურის მოძრაობის გაძნელება, ტკივილი განძრევისას ან შეხებისას;
- დაზიანებული ნაწილის დეფორმაცია.
როგორ მოვიქცეთ
* ეცადეთ, მოტეხილი კიდური არ გაინძრეს.
* ფრთხილად მოაშორეთ ტანსაცმელი ამ ადგილიდან. თუ გახდისას სტკივა, შემოაჭერით.
* გააკეთეთ არტაშანი მყარი საგნისგან (დაფა, მუყაო, დაკეცილი გაზეთები), კიდურს გვერდიდან მიადეთ და ელასტიკური ბინტი ან სხვა სახვევი შემოახვიეთ.
* არტაშნის დადების შემდეგ შეგიძლიათ სამედიცინო დახმარებისთვის მიმართოთ კლინიკას.
* დიაგნოზის გარკვევამდე ბავშვს არაფერი აჭამოთ და დაალევინოთ - შესაძლოა, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდეს.
* თუ თავის, კისრის ან ზურგის სერიოზულ დაზიანებას ეჭვობთ ან აშკარად ჩანს ღია მოტეხილობა: დარღვეულია კანის მთლიანობა, – არ წამოაყენოთ ბავშვი, არ დაუწყოთ ჭრილობას მობანა, არ სცადოთ გარეთ გამოსული ძვლის ჩაბრუნება. სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ და დაელოდეთ.
პრევენცია
მოტეხილობის თავიდან აცილებას ყოველთვის ვერ მოვახერხებთ, თუმცა შეგვიძლია, შევამციროთ რისკი. ამისთვის ბავშვის ძვლების სიმტკიცეზე უნდა ვიზრუნოთ: მივაწოდოთ საკმარისი კალციუმი, D ვიტამინი და ხელი შევუწყოთ ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებაში.
ბავშვები უნდა მივაჩვიოთ, ველოსიპედით, სკეიტბორდით, სკუტერით, გორგოლაჭებით ქროლის დროს ეხუროთ ჩაფხუტი და ეკეთოთ სხვა დამცავი აღჭურვილობა (სამაჯეები, სამუხლე ბალიშები).
ეცადეთ, არ გამოიყენოთ ჭოჭინა.
დიაგნოზი და მკურნალობა
მოტეხილობის დიაგნოზი რენტგენოგრამის საფუძველზე ისმება. ძვლები თაბაშირით ან ფიქსატორით ფიქსირდება, ვეღარ მოძრაობს და შეხორცების საშუალება ეძლევა. თაბაშირის დადებამდე შესაძლოა საჭირო გახდეს მოტეხილობის ჩასწორება. ზოგჯერ ეს ტკივილგამაყუჩებლის ფონზე პირდაპირ, გაუჭრელად კეთდება, ზოგჯერ კი ოპერაციული ჩარევით. ძვლების სწორ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად ქირურგი იყენებს სპეციალურ ფირფიტებს, მავთულებს და სხვა საშუალებებს.
***
თავის ტრავმა
თავის ტრავმა სხვადასხვა სიმძიმისაა. შესაძლოა, მხოლოდ კანი დაზიანდეს, შესაძლოა, თავის ქალა და ტვინიც. საბედნიეროდ, თავის დაზიანება უმეტესად მსუბუქია, სერიოზული ტრავმების დროს კი სამედიცინო დახმარებაა საჭირო.
თავის ტრავმის დროს მოსალოდნელია:
* თავის კანის ჭრილობა;
* კონტუზია – თავის კანში სისხლის ჩაქცევა, დახურული დაზიანება კანის მთლიანობის დაურღვევლად;
* ტვინის შერყევა – ტვინის დაზიანება, რომელიც იწვევს თავის ტკივილს, თავბრუხვევას და ცნობიერების დარღვევას;
* ჰემატომა ან სისხლდენა თავის ტვინში ან მის ირგვლივ;
* თავის ქალას გატეხვა.
სიმპტომები
თავის ტრავმის სიმპტომები დაზიანების ტიპზეა დამოკიდებული. მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში ერთადერთი სიმპტომი მცირე ტკივილია. თუ კანის მთლიანობა დაირღვა, შესაძლოა სისხლდენაც განვითარდეს. უფრო სერიოზულმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს გონების დაკარგვა, თავბრუხვევა, ღებინება.
მსუბუქი ტრავმისთვის დამახასიათებელია:
- თავის კანის მცირე შეშუპება;
- ჭრილობა თავის კანზე;
- მსუბუქი თავის ტკივილი;
- ღებინება ერთხელ ან ორჯერ.
მძიმე ტრავმაზე მიუთითებს:
- გონების დაკარგვა;
- კითხვაზე პასუხის გაცემის უუნარობა;
- ხილული სერიოზული ჭრილობა;
- ცხვირიდან ან ყურიდან სისხლის ან გამჭვირვალე სითხის დენა;
- ქცევის ცვლილებები - აგზნება, დაბნეულობა, ძლიერი ძილიანობა;
- მომხდარის დავიწყება;
- თავბრუსხვევა ან წონასწორობის დაკარგვა;
- კრუნჩხვა;
- ღებინება ორზე მეტჯერ ან ტრავმიდან რამდენიმე საათის შემდეგ;
- ძლიერი ან მზარდი თავის ტკივილი.
ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ექიმის შეფასება. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეთ.
მსუბუქი დაზიანების დროს კი დაურეკეთ პირად პედიატრს ან ოჯახის ექიმს. ის გამოკითხვით შეაფასებს მდგომარეობას და გადაწყვეტს, საავადმყოფოში მიიყვანოთ ბავშვი თუ შინ მიხედოთ. რა თქმა უნდა, შესაბამის რჩევებსაც მოგცემთ.
თუ ბავშვმა თავის ტრავმა სპორტული თამაშის დროს მიიღო, თამაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს, თუნდაც ტრავმა მსუბუქი ჩანდეს. ზიანი ექიმმა უნდა შეაფასოს, რათა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ბავშვს სამედიცინო დახმარება.
პრევენცია
თავის ტრავმას ყოველთვის ვერ გადაურჩებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გონივრულია:
* შეამოწმოთ, ახურავს თუ არა ბავშვს ჩაფხუტი ველოსიპედით, სკუტერით, სკეიტბორდით, გორგოლაჭებით ქროლის დროს. თავი შეიძლება მაინც დაარტყას, მაგრამ ჩაფხუტი თავის ქალას – გატეხვისგან, ხოლო ტვინს სერიოზული დაზიანებისგან დაიცავს;
* გამოიყენოთ მანქანაში ბავშვის სავარძელი, სპეციალური ასამაღლებელი, ღვედი;
* უპირატესობა მიანიჭოთ რბილსაფარიან სათამაშო მოედნებს და არა ბეტონით დაფარულს;
* თუ ბავშვი სპორტზე დადის, შეამოწმოთ, იცავენ თუ არა ვარჯიშის დროს წესებს.
გააფრთხილეთ ბავშვი, არასოდეს დაგიმალოთ თავის ტრავმა. თუ თავი დაარტყა ან თავში მძიმე საგანი მოხვდა, მაშინვე შეწყვიტოს თამაში (ვარჯიშიც!) და დაუყოვნებლივ მოგმართოთ თქვენ, მწვრთნელს ან მასწავლებელს.
***
მწერები და ნაკბენები
ზოგი მწერი იკბინება, ზოგი ინესტრება. მაგალითად, რწყილი და ბაღლინჯო პირით კბენენ ადამიანს და ნაკბენიდან ამოწოვილი სისხლით საზრდოობენ. მათი ნაკბენი ქავილს იწვევს. ფუტკარი, კრაზანა და ზოგიერთი სხვა მწერი კი ნესტრით ჩვრეტენ კანს და მასში შხამს უშვებენ. დანესტვრის მიზანი თავდაცვაა. ის უფრო მტკივნეულია, ვიდრე კბენა.
არც კბენა, არც დანესტვრა, წესისამებრ, არ იწვევს ჯანმრთელობის ხანგრძლივ და სერიოზულ პრობლემებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნაკბენიდან ინფექცია იჭრება ან ადამიანს მძიმე ალერგიული რეაქცია უვითარდება, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
დანესტრილი ადგილი წითლდება და ხურს. სიწითლე და სიმხურვალე რამდენიმე საათში გაივლის, თუმცა შეშუპება შეიძლება რამდენიმე დღეც გაგრძელდეს. თუ ნესტარი კანში ჩარჩა, შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე ამოიღოთ ფრჩხილის ან სუფთა ქსოვილის ნაჭრის გაკვრით, არ გამოიყენოთ პინცეტი – შესაძლოა, უნებურად შხამის პარკს მოუჭიროთ და კანში უფრო მეტი შხამი შევიდეს.
დანესტრილი ადგილი დღეში ორ-სამჯერ ჩამობანეთ საპნითა და წყლით და რამდენიმე წუთით დაადეთ ქსოვილში გახვეული ყინულის პაკეტი. ტკივილის შესამსუბუქებლად მიეცით პარაცეტამოლი ან იბუპროფენი, ქავილის დასაცხრობად – ურეცეპტოდ გასაცემი ანტიჰისტამინური საშუალება. წამლის დოზები შეათანხმეთ პედიატრთან. შეგიძლიათ, წაუსვათ კორტიკოსტეროიდის შემცველი მალამო.
სამედიცინო დახმარება საჭიროა, თუ:
* ბავშვი პირის ღრუშია დანესტრილი;
* გამონაყარი და შეშუპება კანის დიდ უბანზეა;
* შეშუპება ან ტკივილი სამ დღეზე მეტია გრძელდება.
ძლიერი, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციის შემთხვევაში გაუკეთეთ ეპინეფრინის ავტონემსი (თუ გაქვთ) და დარეკეთ 112-ზე.
სიცოცხლისთვის საშიში რეაქციის სიმპტომებია:
* მსტვენი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;
* ყელში ან გულმკერდში მოჭერის შეგრძნება;
* ტუჩების, ენის, სახის შეშუპება;
* თავბრუხვევა, გულის წასვლა;
* გულისრევა, ღებინება.
ტკიპის ნაკბენი უმეტესად უვნებელია და მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ ზოგიერთ ტკიპას დაავადების გამომწვევი მიკრობები გადააქვს (ასეთი დაავადებებია ჰემორაგიული ვირუსული ცხელება, ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ტულარემია, ბრუცელოზი, ბორელიოზი, რიკეტსიოზი), ამიტომ ტკიპა რაც შეიძლება მალე უნდა მოაშოროთ ბავშვს. ამისთვის:
* მყარად ჩაავლეთ ტკიპას პინცეტი კანთან რაც შეიძლება ახლოს.
* შეუსვენებლად მოქაჩეთ, სანამ ტკიპა მთლიანად არ ამოძვრება. არ ატრიალოთ, არც აქეთ-იქით ამოძრაოთ. ტკიპის ნაწილები შესაძლოა კანში ჩარჩეს, მაგრამ საბოლოოდ თავისით გამოვა.
* დაიბანეთ ხელები და მობანეთ ნაკბენი საპნითა და წყლით.
* ნაკბენზე სპირტი წაუსვით.
არ გამოიყენოთ ვაზელინი, ზეთი და ასანთის ან სანთებელას ალი – ტკიპა ასე არ მოშორდება, პირიქით, შესაძლოა უფრო ღრმადაც ჩავიდეს კანში და მეტი ნერწყვი შეუშვას ნაკბენში, რაც ინფიცირების ალბათობას ზრდის.
ტკიპის ნაკბენით გამოწვეული დაავადებების ნიშნებია:
* ხარის თვალი – დიდი წითელი მუწუკი, რომელიც გარშემორტყმულია წითელივე გამონაყარით (ლაიმის დაავადება);
* წითელი წერტილები ტერფებსა და მაჯებზე (კლდოვანი მთის ლაქოვანი ცხელება);
* მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, დაღლილობა, ღებინება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, წელის ტკივილი, მუცლის ტკივილი, სისხლჩაქცევები (ყირიმ-კონგოს ცხელება).
ექიმს უნდა დაუკავშირდეთ, თუ:
- ვარაუდობთ, რომ 24 საათზე მეტია, ტკიპა კანზეა;
- ტკიპის ნაწილი კანში ჩარჩა;
- გაჩნდა გამონაყარი;
- ნაკბენი ადგილი ინფიცირებულივით გამოიყურება (გახურებული, შეშუპებული, დაჩირქებული ან მტკივანია);
- განვითარდა ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა, კისრის ან ზურგის დაჭიმულობა, კუნთების ან სახსრების ტკივილი.
ზოგიერთი სახეობის კოღო მალარიას ავრცელებს, კოღოს მსგავსი მწერი ფლებოტომუსი კი – ლეიშმანიოზს.
მდედრი კოღო საკვების გარეშე ვერ მრავლდება, ამიტომ მამრზე აგრესიულია. ის კანს ხორთუმით ხვრეტს და სისხლს ამოწოვს, ნაკბენში კი ნერწყვს უშვებს. ადამიანის სხეული სწორედ ნერწყვზე რეაგირებს. ნაკბენ ადგილას ჩნდება მქავანა მუწუკი.
ზოგს მსუბუქი რეაქცია აქვს ნაკბენზე, ზოგს კი ძლიერი, რაც ვლინდება უფრო დიდი შეშუპებით, ტკივილით, სიწითლით.
შეშუპება და სიწითლე რამდენიმე წუთში იჩენს თავს. მოგვიანებით შესაძლოა გაჩნდეს მოწითალო-მოყავისფრო მქავანა მუწუკები, ბუშტუკები, სისხლჩაქცევების მსგავსი მუქი ლაქები.
ბავშვებს შესაძლოა ნაკბენ ადგილას დიდი მუწუკი გამოუვიდეთ, მისცეთ დაბალი სიცხე, დაემართოთ ჭინჭრის ციება, გაუდიდდეთ ლიმფური კვანძები.
კოღოს ნაკბენი საპნითა და წყლით უნდა ჩამობანოთ, შეშუპებისა და ქავილის შესამცირებლად კი 10 წუთით დაადოთ ნაჭერში გახვეული ყინულის პაკეტი. ასევე 10 წუთით ედება ერთი სუფრის კოვზი საჭმელი სოდისა და წყლისგან მომზადებული პასტისებრი მასა, რომელიც შემდეგ უნდა ჩამოიბანოს. შეიძლება ურეცეპტოდ გასაცემი ქავილის საწინააღმდეგო ან ანტიჰისტამინური საცხის გამოყენებაც.
თუ ბავშვმა ნაკბენი დაიკაწრა, შესაძლოა, ინფექცია შეეჭრას. ამ დროს ნაკბენი ადგილი წითლდება და ხურდება.
ნაკბენების თავიდან ასაცილებლად
* სიცხეში მოარიდეთ ბავშვები ისეთ ადგილებს, სადაც დამდგარი წყალია და კოღოები მრავლდებიან, მაგალითად, გუბურებს, ტბორებს. ეცადეთ, შინ დატოვოთ დღის იმ მონაკვეთში, როცა კოღოები ყველაზე აქტიურები არიან (გამთენიისას და შებინდებისას). გარეთ გასვლისას მწერების საწინააღმდეგო საშუალება წაუსვით. ეზოში დიდხანს არ გააჩეროთ წყლიანი ავზი, ჩიტების აბაზანა, სათლი, ფანჯრებზე ააკარით ბადეები.
* ბალახში ან ხეებში თამაშის შემდეგ ბავშვებს დაუთვალიერეთ ტანი და თმა. შეხედეთ ყურებში, ყურების უკან, საზარდულის მიდამოში, მუხლების უკან, იღლიებში. შინიდან გასვლისას ჩააცვით გრძელსახელოებიანი მაისურები და გრძელტოტებიანი შარვლები, უმჯობესია, ტანსაცმელი ღია ფერისა იყოს, რათა ტკიპა მასზე უფრო ადვილად დაინახოთ. ერიდეთ ადგილებს, სადაც ტკიპებია გავრცელებული. ლაშქრობისას იარეთ ბილიკებზე, ერიდეთ ბუჩქნარს და მაღალ ბალახს. გასეირნების შემდეგ შეამოწმეთ ტანსაცმელი, ზურგჩანთები, საძილე ტომრები.
* ლაშქრობისა და ღია ცის ქვეშ დაბანაკების დროს გამოიყენეთ რეპელენტები, რომლებიც შეიცავს 10%-დან 30%-მდე DEET-ს (N,N-დიეთილ-მეტა-ტოლუამიდი), პიკარიდინს (KBR 3023) ან ევკალიპტის ზეთს (p-menthane 3,8-diol ან PMD). წინასწარ აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, ყურადღება მიაქციეთ, რა ასაკის ბავშვებისთვის შეიძლება ამა თუ იმ რეპელენტის გამოყენება და ნუ წაუსვამთ საჭიროზე მეტს – არ გეგონოთ, რომ ეს უკეთესად დაიცავს.
* ტყიან ადგილას ტანსაცმელი რაც შეიძლება კარგად დაფარული შეინახეთ ზურგჩანთებში, შარვლის ტოტები წინდებში ჩაიტანეთ, მაისური – შარვალში. ნუ ივლით ფეხშიშველი ბალახზე – შეიძლება ფუტკრის ან კრაზანის სამიზნედ იქცეთ.
* ბავშვები გააფრთხილეთ, არ შეეხონ ფუტკრის სკას და კრაზანის ბუდეს.
***
სითბური დაავადება
ძლიერი სიცხისა და მაღალი ტენიანობის პირობებში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა სახიფათო დონეს მიაღწიოს და განვითარდეს სითბური დაავადება: სითბური კრუნჩხვა (კუნთების უნებლიე შეკუმშვა), სითბური გამოფიტვა ან სითბური დაკვრა.
სითბური გამოფიტვა თანდათან ვითარდება, მაგრამ ზომები თუ დროულად არ მივიღეთ, შესაძლოა სითბურ დაკვრაში გადაიზარდოს.
სითბური დაკვრის დროს ადამიანის სხეულის ტემპერატურა 40.5°C-ს და უფრო მეტსაც კი აღწევს. ეს მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს, რადგან სიცოცხლისთვის სახიფათოა.
როგორ ამოვიცნოთ
სითბური გამოფიტვის ნიშნებია:
* წყურვილის შეგრძნება;
* სისუსტე და უკიდურესი დაღლილობა;
* გულის წასვლა;
* კუნთების კრამპი;
* გულისრევა და ღებინება;
* გაღიზიანებადობა;
* თავის ტკივილი;
* ძლიერი ოფლიანობა;
* გრილი, დაცვარული კანი.
სითბური დაკვრის ნიშნებია:
* თავის ძლიერი ტკივილი;
* სისუსტე, თავბრუ;
* დაბნეულობა, ცნობიერების დაბინდვა;
* სუნთქვისა და გულისცემის აჩქარება;
* გონების დაკარგვა;
* კრუნჩხვა;
* მცირე ოფლიანობა ან ოფლის არარსებობა;
* გაწითლებული, ცხელი, მშრალი კანი;
როგორ ვიქცევით
თუ ბავშვს სითბური დაკვრის ნიშნები აქვს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო. მის მოსვლამდე:
- დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ბავშვი სახლში ან ჩრდილში;
- გახადეთ ტანსაცმელი;
- დააწვინეთ და ოდნავ აუწიეთ ფეხები;
- თუ ფხიზლადაა, ჩააწვინეთ ნელთბილ აბაზანაში, ასხურეთ ნელთბილი წყალი ან დაადეთ კანზე გრილი სველი ტილო;
- თუ კონტაქტურია, ყლუპ-ყლუპად დაალევინეთ გრილი წყალი ან სხვა სასმელი;
- თუ აღებინებს, გვერდზე გადააბრუნეთ, რომ არ დაიხრჩოს.
როგორ დავიცვათ
ასწავლეთ ბავშვებს, სიცხეში სვან ბევრი სითხე, მაშინაც კი, როცა არ სწყურიათ.
ჩააცვით ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი.
შეახსენეთ, გარეთ ყოფნისას ხშირად დაისვენონ ჩრდილში.
წაუსვით მზისგან დამცავი კრემი და დაახურეთ მზის ქუდი.
დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში გარეთ ნუ გაუშვებთ სათამაშოდ.
ასწავლეთ, თუ გადახურება იგრძნეს, დაუყოვნებლივ შევიდნენ სახლში.
გაჩერებულ მანქანაში მარტო არ დატოვოთ.
***
მზით დამწვრობა
მზით დამწვრობა შეიძლება 15 წუთშიც განვითარდეს, მაგრამ სიწითლე და დისკომფორტი გამოვლინდეს მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ. განმეორებითი დამწვრობა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. მზის სხივების ჭარბი მოხვედრა კიდევ უფრო საშიშია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ხალები, ჭორფლი, ძალიან ბაცი კანი ან კანის კიბოს ოჯახური ისტორია.
მზით მსუბუქი დამწვრობის ნიშნებია კანის სიწითლე და სიმხურვალე, ტკივილი, ქავილი.
ძლიერი დამწვრობის ნიშნებია:
- კანის სიწითლე;
- ბუშტუკები;
- კანის ამა თუ იმ უბნის ტკივილი, ჩხვლეტა;
- შეშუპება;
- თავის ტკივილი;
- გულისრევა;
- ცხელება და შემცივნება;
- თავბრუხვევა.
როგორ მოვიქცეთ
უპირველეს ყოვლისა, მოარიდეთ ბავშვი მზის სხივებს.
გადაავლეთ გრილი (და არა ცივი) შხაპი, ჩააწვინეთ გრილ (არა ცივ) აბაზანაში ან დაადეთ გრილი კომპრესები.
მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ასვით ჩვეულებრივზე მეტი სითხე.
თუ ტკივილმა შეაწუხა, დაალევინეთ იბუპროფენი ან პარაცეტამოლი ასაკის შესაბამისი დოზით.
წაუსვით დამატენიანებელი კრემი ან ალოეს გელი.
სანამ დამწვრობა გაუვლის, შინიდან გასვლისას ისე ჩააცვით, რომ მზისგან დამწვარი ადგილები მთლიანად დაეფაროს.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება საჭიროა, თუ:
* გაუჩნდა ბუშტუკები ან დამწვარი ადგილი ძალიან სტკივა;
* დამწვრობის გამო სახე შეუშუპდა;
* დამწვრობა დიდ ტერიტორიას მოიცავს
* დამწვრობის შემდეგ ბავშვს აქვს სიცხე ან ამცივნებს
* უჩივის თავის ტკივილს, დაბნეულობას (ცნობიერების არევას) ან გონების დაკარგვის შეგრძნებას;
* აქვს დეჰიდრატაციის ნიშნები (გაძლიერებული წყურვილი, შემცირებული შარდვა, თვალებისა და პირის სიმშრალე).
მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად
- მოარიდეთ ბავშვი ზაფხულის მზეს დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.
- მზეში ჩააცვით ისე, რომ ტანი მაქსიმალურად ჰქონდეს დაფარული (არსებობს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი სპეციალური ტანსაცმელიც, რომელსაც ამოიცნობთ UPF (Ultraviolet Protection Factor) აღნიშვნით), გაუკეთეთ მზის სათვალე, დაახურეთ ქუდი.
- წაუსვით მზისგან დამცავი კრემი, რომელიც უზრუნველყოფს UVA და UVB დაცვას, სულ მცირე, 30-ის ტოლი მზისგან დამცავი ფაქტორით (SPF).
- მზისგან დამცავი კრემი წაუსვით შინიდან გასვლამდე 15-30 წუთით ადრე, გასვლიდან 30 წუთის შემდეგ, ასევე – ბანაობის ან გაოფვლის შემდეგ.
- 6 თვისა და უფრო მცირე ასაკის ბავშვების დასაცავად საუკეთესო გზაა ჩრდილში ყოფნა, თუმცა მათაც შეგიძლიათ წაუსვათ სახეზე ძალიან თხლად მზისგან დამცავი კრემი (მინიმუმ 30 SPF).
***
მოძრაობის ავადმყოფობა
ბევრი ბავშვი ვერ იტანს მგზავრობას. მოძრაობის ავადმყოფობა იმის გამო ვითარდება, რომ ტვინი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას იღებს შიგნითა ყურიდან (წონასწორობის ორგანოდან), თვალიდან, სახსრებისა და კუნთების ნერვებიდან.
ყველაზე ხშირად მანქანის ავადმყოფობასთან გამკლავება გვიწევს. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები. რატომ აწუხებს ზოგ ბავშვს მანქანის ავადმყოფობა, ზოგს კი არა, დაუდგენელია.
წარმოიდგინეთ პატარა, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე ზის და ფანჯარას ვერ სწვდება ან მოზარდი, რომელიც მანქანაში წიგნს კითხულობს ან პლანშეტზე თამაშობს. ბავშვის შიგნითა ყური გრძნობს მოძრაობას, ხოლო თვალები და ტანი – ვერა. სწორედ ეს შერეული სიგნალები მიდის ტვინამდე და იწვევს გულისრევას, თავბრუხვევას, ღებინებას, გაფითრებას, ცივი ოფლის დასხმას, მადის დაკარგვას.
როგორ ავიცილოთ თავიდან
* ეცადეთ, მგზავრობისას ბავშვი ფანჯრიდან იყურებოდეს და არ ჩასცქეროდეს წიგნს ან ეკრანს. ყურადღება გაამახვილებინეთ შორეულ ან უძრავ ობიექტებზე და არა მოძრავზე, მაგალითად, სხვა მანქანებზე.
* თუ ბავშვი დღისით იძინებს, უმჯობესია, მგზავრობისთვის ეს დრო გამოიყენოთ.
* ფრთხილად დაგეგმეთ კვება. მგზავრობის წინ და მგზავრობის დროს ბევრი არ აჭამოთ. თუ გზა გრძელია, ბავშვს კი გამგზავრებამდე მოშივდა, მიეცით ცოტაოდენი ხემსი, მაგალითად, მშრალი კრეკერი, და წყალი. მოარიდეთ ცხიმიან საკვებს.
* გაითვალისწინეთ, რომ არც მშიერი კუჭით მგზავრობა შეიძლება. უზმოზე მოძრაობის ავადმყოფობა უფრო მეტად გამოიხატება.
* ფანჯარა ოდნავ ღია დატოვეთ, რათა სალონში სუფთა ჰაერი შემოვიდეს.
* თუ ბავშვი მიდრეკილია მანქანის ავადმყოფობისკენ, ეცადეთ, მგზავრობიდან ყურადღება გადაატანინოთ. ესაუბრეთ, მოუსმინეთ მუსიკას, იმღერეთ.
* თუ შესაძლებელია, ხშირად გაჩერდით დასასვენებლად.
* შეუთანხმდით ბავშვის პედიატრს დიმენჰიდრინატის ან დიფენჰიდრამინის შემცველი წამლის მიცემის შესახებ. ორივე მათგანი საუკეთესოდ იმოქმედებს, თუ მისცემთ მგზავრობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. ყურადღებით წაიკითხეთ დოზირების წესი. გაითვალისწინეთ: მათი თანმხლები ეფექტია ძილიანობა.
* თუ ამჩნევთ, რომ ბავშვი თავს ცუდად გრძნობს, გააჩერეთ მანქანა, გადმოიყვანეთ და მიეცით გავლა-გამოვლის საშუალება. შეგიძლიათ, რამდენიმე წუთით თვალდახუჭული ზურგზე დააწვინოთ. კარგია შუბლზე გრილი ქსოვილის დადებაც.
***
დიარეა და დეჰიდრატაცია
დიარეის შემთხვევები ხშირდება მოგზაურობის დროს. კუჭ-ნაწლავის აშლილობის მიზეზი უმეტესად დაბინძურებული საკვებიდან ან წყლიდან მიღებული მიკრობებია.
დიარეა განსაკუთრებით სახიფათოა მცირეწლოვანი ბავშვებისა და ჩვილებისთვის, რადგან მათ უფრო ადვილად ემართებათ გაუწყლოება.
დიარეს შესაძლოა თან ახლდეს სიცხე, უმადობა, გულისრევა, ღებინება, წონის კლება.
როგორ ვიქცევით
ვირუსული გასტროენტერიტით გამოწვეული დიარეა თავისთავად გაივლის. ბაქტერიული დიარეის დროს შესაძლოა დაგჭირდეთ ანტიბიოტიკი. პარაზიტებს კი აუცილებლად უნდა უმკურნალოთ პარაზიტის საწინააღმდეგო საშუალებებით. არავითარ შემთხვევაში თვითნებურად არ მისცეთ ბავშვს დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.
თუ ბავშვი არ აღებინებს და ჭამის სურვილი აქვს, შეგიძლიათ, ჩვეულებრივ აჭამოთ, ოღონდ მცირე ულუფებით.
მსუბუქი დეჰიდრატაციის შემთხვევაში ბავშვს ასვით დასალევი სარეჰიდრატაციო ხსნარი. ის ისეთი თანაფარდობით შეიცავს წყალს, შაქარს და მარილებს, რომ ორგანიზმმა მალევე აღიდგინოს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგი. დოზები და მიღების ხანგრძლივობა ექიმთან შეათანხმეთ. არ მისცეთ ბავშვს ტკბილი გაზიანი სასმელი, არც ჩვეულებრივი სასმელი წყალი.
ძლიერი დიარეის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს სითხის ვენაში გადასხმა.
დაუკავშირდით ექიმს, თუ ბავშვი:
* რამდენიმე საათია ვერ იღებს სითხეს;
* ჩვეულებრივზე ნაკლებს შარდავს;
* აქვს დეჰიდრატაციის ნიშნები (უცრემლოდ ტირილი, პირის სიმშრალე, დახეთქილი ტუჩები, თავბრუ, თავის სიმსუბუქე, ძილად მივარდნა, მოდუნება);
* აქვს მაღალი სიცხე;
* აქვს სისხლიანი განავალი;
* დიარეა რამდენიმე დღეა არ ლაგდება.
დიარეის პრევენცია
გასტროენტერიტის გამომწვევი მიკრობები გადამდებია. დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა მიკრობების გავრცელების თავიდან აცილება:
- ხელები ოჯახის ყველა წევრმა უნდა იბანოს ხშირად და კარგად, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, საპნითა და წყლით, განსაკუთრებით – ტუალეტის შემდეგ, საჭმლის მომზადებამდე, ჭამამდე.
- გაწმინდეთ მაგიდები, კარის სახელურები და სხვა ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ეხებიან, ისეთი საწმენდი საშუალებით, რომელიც ვირუსებს კლავს.
- დაიცავით სურსათის უვნებლობის წესები, რათა თავიდან აიცილოთ საკვებისმიერი ინტოქსიკაცია (იყიდეთ სანდო საკვები, შეინახეთ სწორად, კერძები მოამზადეთ წესების დაცვით).
წყალში
ღია წყალში ცურვა აუზში ცურვისგან განსხვავდება, ამიტომ სიფრთხილე არც კარგ მოცურავეებს აწყენთ. როცა ბავშვები წყალთან ახლოს თამაშობენ ან წყალში შედიან, ზრდასრულმა აუცილებლად უნდა ადევნოს თვალყური.
ასწავლეთ ბავშვს, არასოდეს იცუროს მარტომ; ცუდ ამინდში, განსაკუთრებით – ჭექა-ქუხილის დროს, სასწრაფოდ ამოვიდეს წყლიდან.
გაითვალისწინოს ტბებში, მდინარეებსა და გუბურებში წყალმცენარეების არსებობაც.
ბავშვს უნდა ეცვას სპეციალური ფეხსაცმელი, რათა წვეტიან ქვებზე ან შუშის ნამსხვრევებზე ფეხი არ გაიჭრას.
ზღვაში ცურვისას ასწავლეთ ბავშვს ტალღებისთვის თვალის დევნება, რათა დიდ ტალღასთან შესახვედრად მზად იყოს.
სამოგზაურო აფთიაქი
დასასვენებლად მიმავალმა, აუცილებლად წაიყოლეთ ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც მშობლები ან ბავშვები რეგულარულად იღებთ (მაგალითად, ინჰალატორი, ალერგიის წამალი, ინსულინი).
გარდა ამისა, წაიღეთ:
- ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (პარაცეტამოლი ან იბუპროფენი);
- ანტისეპტიკური საშუალება, ანტიბიოტიკის შემცველი მალამო, ბინტი, პლასტირი;
- თერმომეტრი;
- მზისგან დამცავი კრემი;
- მწერების საწინააღმდეგო საშუალება;
- ალკოჰოლის შემცველი სველი ხელსახოცები იმ შემთხვევისთვის, თუ საპონი და სუფთა წყალი ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა.
გონივრული იქნება, თან იქონიოთ თქვენი ბავშვის სამედიცინო ისტორიის ასლიც.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.
მარი აშუღაშვილი