როგორ დავეხმაროთ ბავშვს მუშა მეხსიერების განვითარებაში
გააზიარე:
მუშა მეხსიერება მეხსიერების სისტემის ის ნაწილია, სადაც ახალმიღებული ინფორმაცია პირველად ხვდება, სულ რამდენიმე წამს რჩება და შემდეგ ხანგრძლივ მეხსიერებაში უკვე დაგროვილ ინფორმაციას უერთდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუშა მეხსიერებაში ის ინფორმაციაა, რომელზეც იმ წამს, კონკრეტულ მომენტში ვფიქრობთ. მასში ხდება ინფორმაციის განსაზღვრული ხნით დაყოვნება და მისი აქტიურ ფაზაში გადამუშავება.
მუშა მეხსიერება აუცილებელია არა მხოლოდ სასკოლო დავალებების შესასრულებლად, არამედ, საზოგადოდ, ცხოვრების ყოველ ეტაპზე, რადგან მისი განვითარების გარეშე ნებისმიერი მიზნის მიღწევა ძალიან ძნელია.
ინფორმაციის შენარჩუნება მუშა მეხსიერებაში
ვინაიდან მუშა მეხსიერებაში ინფორმაცია ძალიან მცირე ხნით ინახება, საჭიროა მისი უწყვეტი სტიმულაცია. მუშა მეხსიერებაში ინფორმაცია აღიქმება მანამდე, სანამ ბავშვი მასზეა კონცენტრირებული, ყურადღების სხვა რამეზე გადატანის შემდეგ კი ეს ინფორმაცია მეხსიერებიდან ქრება.
მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის შენარჩუნების ორი გზა არსებობს. ერთია მუდმივი გამეორება. ალბათ თქვენც არაერთხელ გიცდიათ ტელეფონის ნომრის დასამახსოვრებლად გონებაში მისი უამრავჯერ გამეორება ნომრის აკრეფამდე. ამგვარად ის სწორედ მუშა მეხსიერებაში ნარჩუნდება, ხოლო აკრეფის ანუ მიზნის მიღწევის შემდეგ მეხსიერებიდან იშლება.
მეორე გზაა დაკავშირება, რაც გულისხმობს ახალი ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში არსებულთან დაკავშირებას. მაგალითად, თუ ბავშვს სახელების დამახსოვრება უჭირს, ხოლო მისი ახალი თანაკლასელი მისი ახლო მეგობრის სეხნია აღმოჩნდა, შეუძლია, მხოლოდ ეს კავშირი დაიმახსოვროს. თანაკლასელთან შეხვედრისას სწორედ ეს კავშირი გაახსენებს მის სახელს, რადგან მეხსიერებაში ამოატივტივებს მისი მეგობრის სახელს, რომელიც უკვე ხანგრძლივ მეხსიერებაშია.
მუშა მეხსიერების გავარჯიშების კიდევ ერთი გზაა ინფორმაციის დაჯგუფება. მაგალითად, თუ ბავშვს უწევს რამდენიმე ციფრისგან შემდგარი რიცხვის დამახსოვრება, ამას უფრო ადვილად გააკეთებს, თუ ამ ციფრებს ორ-ორად ან სამ-სამად დააჯგუფებს და ისე დაიმახსოვრებს, რადგან ექვსი ახალი ინფორმაციის მაგივრად სამი ან ორი ექნება დასამახსოვრებელი.
გაითვალისწინეთ ბავშვის შესაძლებლობები
მუშა მეხსიერების გასავარჯიშებლად აუცილებელია იცოდეთ, რა დონეზე აქვს ბავშვს ის განვითარებული და რამდენად ეშლება ხელი დავალებების შესრულებისას, შეუძლია ორი თანმიმდევრული მითითების შესრულება შეხსენების გარეშე თუ პირველის შესრულების შემდეგ მეორის კიდევ ერთხელ მითითება სჭირდება.
თუ ატყობთ, რომ ბავშვს უჭირს სამი, თუნდაც ორი დავალების შესრულება, დაყავით ისინი და ცალ-ცალკე მიუთითეთ. მაგალითად, ნუ ეტყვით, რომ თავის ოთახში შევიდეს, ფანჯარა გამოაღოს, შემდეგ სკოლის ჩანთა ჩაალაგოს, ხოლო ტანსაცმელი დაკეცოს და თაროზე შეაწყოს. ამის მაგივრად ჯერ უთხარით, რომ ოთახში შევიდეს და ფანჯარა გამოაღოს. როდესაც ამ დავალებას შეასრულებს, მერეღა მიეცით მეორე დავალება. ნელ-ნელა დავალებები გაართულეთ.
დაყავით და გაამარტივეთ საშინაო დავალება
საშინაო დავალების შესრულებისას ბავშვის მუშა მეხსიერება ინტენსიურ რეჟიმში იწყებს მოქმედებას. ბავშვი ცდილობს, გაიხსენოს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც იმ დღეს პირველად მიიღო. შეგიძლიათ, საქმე გაუმარტივოთ და შესთავაზოთ, ყოველი დავალება კიდევ უფრო მცირე დავალებებად დაყოს. მაგალითად, თუ თავისუფალი თემა აქვს დასაწერი, ჯერ მოკლედ მოხაზოს, რაზე იქნება მისი ნაშრომი, მერე მნიშვნელოვან მონაკვეთებად დაყოს და გეგმა ჩამოწეროს, მერე განავრცოს თითოაული პინქტი, ბოლოს კი გადახედოს, და დახვეწოს.
რუტინა მნიშვნელოვანია
ბავშვს მუშა მეხსიერება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც სჭირდება პატარ-პატარა მიზნების მისაღწევად. მის გაუმჯობესებაში დიდ როლს ასრულებს რუტინა. როდესაც ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ბავშვი ერთსა და იმავე მოქმედებას ასრულებს: იხეხავს კბილებს და შლის საწოლს, – ის გონებაში ერთმანეთთან აკავშირებს ამ ორ მოქმედებას და აღარ უჭირს თანმიმდევრობის დაცვა, აღარც შეხსენება სჭირდება.
იყავით თანმიმდევრული
ნუ დაარღვევთ რუტინას. ეცადეთ, იყოთ თანმიმდევრული. შეარჩიეთ მოდელი, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენი ოჯახის ყოველდღიურობას და მას მისდიეთ.
მოიკრიბეთ მოთმინება
ჩვევების ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, ამიტომ გამოიჩინეთ მოთმინება. ნუ მოიტყუებთ თავს, რომ ბავშვი პირველივე მცდელობაზე შეძლებს, შეხსენებების გარეშე მიჰყვეს რუტინის ყველა პუნქტს. დაეხმარეთ ვიზუალური ან ვერბალური ფორმით.
შეგიძლიათ, დიდ ფურცელზე დიდი ასოებით ჩამოწეროთ კვირის ყოველი დღის რეჟიმი ან დახატოთ, რა რის შემდეგ უნდა გაკეთდეს. შეგიძლიათ, ყოველ პუნქტს მიანიჭოთ ნომერი – ამგვარად ბავშვი დავალებასთან ნომრის დაკავშირებას დაიწყებს და მუშა მეხსიერება უკეთესად გაუვარჯიშდება.
მიაჩვიეთ ყველაფრის ჩაწერას
ბავშვებს ხშირად ჰგონიათ, რომ მოსმენილ ინფორმაციას აუცილებლად დაიმახსოვრებენ და გაიხსენებენ შემდეგ გაკვეთილზე, მაგრამ მეორე დღეს აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ეს ინფორმაცია მათი მეხსიერებიდან უკვალოდ გამქრალა. მიაჩვიეთ ბავშვი ყოველგვარი ინფორმაციის მოკლედ, მისთვის გასაგებად ჩაწერას, მასწავლებლის საუბრიდან მნიშვნელოვანი მომენტების გამოყოფას და პუნქტებად ჩანიშვნას, რომელთა გადახედვის დროსაც გაახსენდება, რაზე იყო საუბარი.
ის, თუ როგორ გამოიყენებს ბავშვი ნასწავლს პრაქტიკაში, დაგანახებთ, როგორ მუშაობს ეს სტრატეგია, რა არის შესაცვლელი და რა დაეხმარება თქვენს შვილს ყველაზე მეტად.
ლიკა ქათამაძე