ორსულობა და ალერგია

გააზიარე:

აპრილის შხაპუნა წვიმებს მაისის ყვავილობა და ალერგიული დაავადებების გამწვავება მოსდევს. საინტერესოა, როდის არის მიზანშეწონილი ალერგიული ქალისთვის დაორსულება, რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისას ალერგიამ და როგორ ვუმკურნალოთ, თუ გამწვავდა.

იცოდით?

ორსულობასთან ალერგიის თანხვედრა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქრონიკული დაავადებისა, არ არის სახარბიელო, თუმცა ალერგია ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა. მომავალი დედის ორგანიზმში იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ამიტომ არის, რომ ორსულებთან ალერგიული რეაქცია იშვიათი და მსუბუქია. ისეთმა სერიოზულმა დაავადებებმაც კი, როგორიც არის ბრონქული ასთმა და ჭინჭრის ციება, ორსულობის პერიოდში შესაძლოა საერთოდ არ იჩინოს თავი. მშობიარობის შემდეგ კორტიზოლის რაოდენობა თანდათან პირვანდელ დონეს უბრუნდება და ალერგიული დაავადებაც ჩვეულ სახეს იღებს.

თუ პირველი ორსულობისას ალერგიამ თავი საერთოდ არ შეგახსენათ, შესაძლოა, მომდევნო ორსულობებმაც მშვიდად ჩაიაროს. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ორსულობისას ალერგია ადრინდელზე მძაფრად გამოვლინდეს. ეს გამოწვეულია ქალის იმუნურ სისტემაში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრებით და, ამის კვალობაზე, უკვე ცნობილ ან ახალ, ორგანიზმისთვის უცნობ ალერგენებზე უფრო აქტიური რეაქციით.

ალერგიისკენ მიდრეკილთათვის

თუ პაციენტს ალერგიული დაავადება აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, მისი სიმპტომები ორსულობის დაგეგმვამდე დასტაბილურდეს, რათა ქალი უსიმპტომოდ შეხვდეს ორსულობას და   მინიმალური მედიკამენტური ჩარევა დასჭირდეს. თუ ალერგია სეზონურია, უმჯობესია, ორსულობის პერიოდი მცენარეთა ყვავილობის ფაზას არ დავამთხვიოთ, თუმცა ეს არ არის იოლი, რადგან ორსულობა ხანგრძლივი პროცესია.

ალერგიული დაავადების მართვის პირველი ნაბიჯი ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტაა. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორსულობისას იძენს, რათა სისტემური მოქმედების მედიკამენტების გამოყენება მინიმუმამდე იქნეს  დაყვანილი.

ქალებს, რომლებსაც  ალერგიული დაავადება აქვთ, ორსულობამდე ზედმიწევნითი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეთ კანის სინჯებით, პროვოკაციული ტესტებით და სხვ., განსაკუთრებით – ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგია იმ მედიკამენტების მიმართ, რომელთა გამოყენება შესაძლოა ორსულობის პერიოდში გახდეს საჭირო (ადგილობრივი  ან ზოგადი საანესთეზიო საშუალებები). წარსულში გადატანილი ანაფილაქსიური სისტემური რეაქციის შემთხვევაში საჭიროა დადგინდეს მიზეზი, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დედისა და ნაყოფისთვის სახიფათო მდგომარეობის ხელახლა განვითარების რისკი.

პირველი გამოვლენა

ალერგიის პირველი გამოვლენა ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი, მათ შორის – ორსულობის დროსაც, ამიტომ სასურველია, ორსულმა მაქსიმალურად არიდოს თავი ალერგენებთან კონტაქტს, ხშირად დაიმუშაოს ცხვირის ღრუ ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით, ერიდოს ქარიან ამინდში გარეთ გასვლას. ამასთან ერთად, აუცილებელია საცხოვრებელ გარემოში სისუფთავის შენარჩუნება, იატაკის, ავეჯის ზედაპირის სველი წესით დამუშავება.

ალერგია როგორც პროცესი გავლენას არ ახდენს არც ორსულობაზე და არც ნაყოფზე, თუმცა მისმა შედეგებმა და ფარმაკოლოგიურმა მკურნალობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, ხანგრძლივად მიმდინარე, უკონტროლო ალერგიული რინიტი, როდესაც ცხვირის ლორწოვანი შეშუპებულია, სუნთქვა კი  გაძნელებული და ორსული მუდმივად განიცდის ჟანგბადის უკმარისობას, არასასურველია როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის, ამიტომ ინიშნება არაფარმაკოლოგიური მკურნალობა, ხოლო საჭიროებისამებრ – ადგილობრივი მედიკამენტებიც, რომელთა უსაფრთხოება სარწმუნო კვლევებით არის დადასტურებული.

ჰგავს, მაგრამ არ არის

კანი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები: თმა, ფრჩხილები და  ლორწოვანი, – ორსულობისას ცვლილებებს განიცდის. არსებობს უშუალოდ ორსულობით გამოწვეული ალერგიის მსგავსი ჩივილები, რომელთა გამო ქალი შესაძლოა ალერგოლოგთან მოხვდეს. ესენია გამონაყარი, ქავილი და რინიტი.

ორსულთა 20%-თან გამონაყარის გარეშე გამოვლენილი ქავილი შესაძლოა ფიზიოლოგიური იყოს. ის ძირითადად თავის კანს, ანუსს, ვულვას, მესამე ტრიმესტრში კი მუცლის არეს მოიცავს. დამატენიანებელი აბაზანები და მზის სხივები სიმპტომებს ხსნის და მდგომარეობას აუმჯობესებს.

არ უნდა გამოგვრჩეს ორსულობასთან ასოცირებული ღვიძლშიდა ნაღვლის დაგროვება, რომელიც ხელისგულებისა და ფეხისგულების ძლიერი, შემაწუხებელი ქავილით გამოვლინდება და ნელ-ნელა პროგრესირებს. შესაძლოა, თან ახლდეს სიყვითლეც. საჭიროა ექიმთან დროულად მისვლა, რადგან ეს მდგომარეობა ნაყოფისმიერ რისკებთან არის დაკავშირებული.

ორსულობასთან ასოცირებულ კანის დაავადებათაგან, რომლებიც გამონაყარით და ქავილით მიმდინარეობს, საყურადღებოა ორსულთა პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც პირველი ორსულობის ბოლო კვირებში 300-დან ერთ ორსულს უჩნდება. ვარაუდობენ, რომ მას  დედის ორგანიზმში ნაყოფის ანტიგენების ცირკულაცია იწვევს. გამონაყარი ჩნდება სტრიების გასწვრივ და თან ახლავს ძლიერ შემაწუხებელი ქავილი. პროცესი მუცლის სტრიებიდან იწყება და თანდათან გადადის ბარძაყებზე, გულმკერდსა და ზურგზე. სახე, მტევნები და ტერფები, წესისამებრ, სუფთაა. მკურნალობის მთავარი მიზანი სიმპტომების შემსუბუქებაა, რისთვისაც კრემებს იყენებენ. გამონაყარი 4-დან 6 კვირამდე გრძელდება და მშობიარობიდან ორ კვირაში გაივლის.

ორსულობა  ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და სისხლმოდინების მომატებას იწვევს. ორსულთა 20-30%-ს  უვითარდება ე.წ. ორსულთა რინიტი, რომელიც ცხვირის გაჭედვით, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით გამოიხატება. სიმპტომები გრძელდება ექვს კვირას ან უფრო მეტხანს, სხვა ჩივილები თან არ ახლავს, თუმცა ცხვირის გაჭედვის გამო ქალი იძულებულია, პირით ისუნთქოს, ხოლო სუნთქვის დარღვევას ძილის დარღვევამდე მიჰყავს. ორსულთა რინიტი მშობიარობიდან ორ კვირაში ალაგდება. მისი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მას ჰორმონული ცვლილებები უდევს საფუძვლად. რისკფაქტორებად მიიჩნევა მწეველობა და მტვრის ტკიპაზე ალერგია. მკურნალობას, წესისამებრ, არ მოითხოვს და ცუდადაც ემორჩილება. მართვისთვის გამოიყენება არაფარმაკოლოგიური მეთოდები:

  • ცხვირის ღრუს სანაცია  ფიზიოლოგიური ხსნარით – სპრეით ან რინოშხაპით, რომელიც ძალიან კარგად ასუფთავებს ცხვირის ღრუს ლორწოვანს.  საჭიროა თითო ნესტოში არანაკლებ 200 მლ-ის გამოვლება. პროცედურის ჩატარება შეიძლება ყოველდღე ან საჭიროებისამებრ;
  • ვარჯიში –  რეგულარული ფიზიკური აქტიურობა ცხვირის სისხლძარღვების ფიზიოლოგიურ შევიწროებას იწვევს და მდგომარეობას აუმჯობესებს;
  • ცხვირის გამაფართოებელი –  წებოვანი სტრიპი,  რომელიც  მაგრდება ღამით და ხელს უშლის ცხვირის სარქველების დახურვას.  იყიდება ურეცეპტოდ და ძალიან ეფექტურია;
  • ძილის დროს თავის  აწევა 30-45 გრადუსით –  საწოლის ფეხების ქვეშ რაიმე მყარი საგნის მოთავსება უფრო ეფექტურია, ვიდრე დამატებითი ბალიში.

დიაგნოსტიკა

ორსულობის დროს, წესისამებრ, კანის პრიკ-ტესტი არ ტარდება, რადგან არსებობს ალერგიული რეაქციის განვითარების თეორიული რისკი. სპეციალისტები გვირჩევენ დიაგნოსტიკის რამდენიმე უსაფრთხო მეთოდს: სისხლში სპეციფიური იმუნოგლობულინების განსაზღვრას, ცხვირის ნაცხის ციტოლოგიურ კვლევას, ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის განსაზღვრას ან იმუნოლოგიურ ტესტს თანამედროვე ბიოჩიპის მეთოდით (IშAჩ), რომლის დროსაც შესაძლებელია ალერგენების 112 კომპონენტის ერთდროული შესწავლა.

როგორ გავუმკლავდეთ

ორსულობამდე არსებული ალერგიული დაავადება შესაძლოა ორსულობის პერიოდშიც გამოვლინდეს.

* ატოპიური დერმატიტი ვლინდება ისეთ ორსულებთან, რომლებსაც ანამნეზში უკვე აქვთ დაავადების თუნდაც ერთი შემთხვევა. ეს, სავარაუდოდ, იმუნოლოგიური ძვრების შედეგია და უმეტესად პირველ ტრიმესტრში აღირიცხება, იშვიათად – მეორეში. სპეციფიკურ მკურნალობას არ მოითხოვს. რეკომენდებულია მხოლოდ კანის რეგულარული დატენიანება.

* ალერგიული რინიტის დროს ცხვირის გაჭედვას ხშირად თან ახლავს ცემინება, ცხვირის ქავილი, უხვი წყლიანი გამონადენი, თვალების ქავილი. ორსულებთან რინიტი ხშირად მწვავდება კონიუნქტივიტით, სინუსიტით და რინორეაც (ცხვირიდან გამონადენი) უფრო ძლიერია, ამიტომ აუცილებელია დინამიკაზე დაკვირვება, რადგან შესაძლოა მოიმატოს გესტაციური ჰიპერტენზიის, პრეეკლამფსიისა და ნაყოფის ზრდის შეფერხების რისკმა. ფარმაკოლოგიური თერაპია გამოიყენება მძიმე ფორმის რინიტის დროს, თუმცა ორსულებისთვის ის არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში.

* ურტიკარიის, იმავე ჭინჭრის ციების დროს კანზე შეინიშნება მოვარდისფრო გამონაყარი, რომელიც ხელის დაჭერისას ქრება, მაგრამ თითის აღებისთანავე ხელახლა ჩნდება. იშვიათად გამონაყარი ერთიანდება და თან ახლავს შეშუპება თვალბუდის, ტუჩების ან სახსრების არეში. ამ მდგომარეობას უმეტესად საკვები ან მედიკამენტები – ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ვიტამინები იწვევს. ქალები, რომლებსაც ადრეც ჰქონიათ ჭინჭრის ციება ან ის პირველად ორსულობის დროს განუვითარდათ, მთელი ორსულობის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ ალერგოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და სასურველია, ყოველგვარი მედიკამენტის მიღებამდე ჩაიტარონ ალერგიული სინჯი.

* ბრონქული ასთმა ორსულობის უკუჩვენებად აღარ მიიჩნევა. მთავარია გამწვავების პრევენცია და დაავადების ადეკვატური კონტროლი. თუ ასთმა მკურნალობას არ ექვემდებარება და ორსულს აქვს ხშირი შეტევები, რომლებიც ასთმურ სტატუსში გადადის, ქალს ათავსებენ სტაციონარში და სვამენ ორსულობის ვადამდე შეწყვეტის საკითხს. ბრონქული ასთმის შეტევის დროს ქალის ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის ჟაგბადს და შესაძლოა, ნაყოფსაც განუვითარდეს ჰიპოქსია. თუ შეტევები ხშირი ან ხანგრძლივია, ჟანგბადის ნაკლებობამ შესაძლოა ნაყოფის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს.

მკურნალობის გეგმა ინდივიდუალურია. სპეციალისტი გამოწერს წამლებს, რომლებიც მაქსიმალურად უსაფრთხოა ორსულისა და ნაყოფისთვის.

ორსულებთან ასთმის კონტროლისთვის შეიძლება საინჰალაციო სტეროიდების გამოყენება. ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტის ინჰალაციები ამცირებს ასთმის მწვავე შეტევებისა და ასთმის გამწვავების გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს. მათი კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ინჰალაციის დროს წამალი პირდაპირ დედის ფილტვებში ხვდება და ძალიან მცირე რაოდენობით გადადის სისხლში, ამიტომ ნაყოფის ორგანიზმში მისი მოხვედრის შანსიც მინიმალურია. რაც შეეხება ორალურ (დასალევ) და საინექციო (შპრიცით შესაყვან) მედიკამენტებს, მათი გამოყენების დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან სწრაფად შეიწოვება და არსებობს საფრთხე, ნაყოფის ორგანიზმში მოხვდეს.

არ შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება და არ შეცვალოთ წამალი ან მისი დოზა ექიმის უნებართვოდ. მკურნალობაში ცვლილების შეტანა საჭიროა მხოლოდ ორსულობის დასრულების შემდეგ.

მშობიარობის დროს ასთმური შეტევა იშვიათია, დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ასთმის მქონე ქალების მხოლოდ 10%-ს აღენიშნება. ასთმა არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას, ამიტომ ასთმიანი ორსულები,  ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიურად მშობიარობენ. ასთმა არც ძუძუთი კვების უკუჩვენებაა. ძუძუთი კვების დროს გამოიყენება იგივე მედიკამენტები, რომლებიც ორსულობის დროს, შესაბამისი დოზებით, რისკისა და სარგებლის მეტ-ნაკლებობის გათვალისწინებით.

პრევენცია

ალერგიული დაავადების განვითარებისთვის სამი ფაქტორია საჭირო:  გენეტიკური წინაპირობა,  ალერგენთან (ალერგიული რეაქციის გამომწვევ ფაქტორთან) კონტაქტი და გარემო ფაქტორები. მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა პირველი რიგის თუნდაც ერთი ნათესავი (დედა, მამა, და, ძმა) ალერგიულია.

უსაფუძვლოა შიში, რომ თუ დედა პოტენციურად ალერგენულ საჭმელს შეჭამს, ნაყოფს კვებითი ალერგია განუვითარდება, ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ასეთი საკვებისთვის თავის არიდება რეკომენდებული არ არის.

მარი მარღანია

გააზიარე: