მნიშვნელოვანი საკვები დანამატები

გააზიარე:

ვიტამინების და მინერალების მოთხოვნილებას საკვებით ვიკმაყოფილებთ, მაგრამ არასწორად მომზადებული კერძები, ტოქსინებით გაჯერებული გარემო და, იმავდროულად, ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა მათი დეფიციტის მიზეზად იქცეს. ბავშვებთან საკვები ნივთიერებების უკმარისობა განვითარების მაჩვენებლების ჩამორჩენას განაპირობებს, მოზრდილებთან კი - შრომის უნარის დაქვეითებას და დაავადებების მიმართ ბრძოლისუნარიანობის შემცირებას.

მზის საჩუქარიD ვიტამინს ჩვენი ორგანიზმი თავად წარმოქმნის. მისი სინთეზისთვის აუცილებელია მზის ულტრაიისფერი B სხივები (UVB). თუმცა საკვებიდან მიღებული და კანში სინთეზირებული D ვიტამინი ბიოლოგიურად აქტიური არ არის. თავისი ფუნქცია რომ შეასრულოს, საჭიროა მისი ფერმენტული გარდაქმნა ანუ აქტიურ ფორმაში გადაყვანა, რაც ღვიძლსა და თირკმელებში მიმდინარეობს. ვიტამინ D3-ის აქტიური ფორმა კალციტრიოლია, რომელიცსაჭიროების შემთხვევაში ცხიმოვან ქსოვილში შენახული ან სისხლში მოცირკულირე კალციდიოლისგან წარმოიქმნება. კალციდიოლის წარმოსაქმნელად საჭიროა ქოლეკალციფეროლი, რომელიც საკვებიდან ან დანამატიდან ხვდება ორგანიზმში ან კანში წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.

ფარმაცევტულ ბაზარზე D ვიტამინის ფართო არჩევანია. მას პოლივიტამინებისა და მინერალების მრავალი კომპლექსი შეიცავს, რომელთა შემადგენლობაში ვიტამინთან ერთად შედის, მაგალითად, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მიკრონუტრიენტები ძლიერ გავლენას ახდენს ერთმანეთის შეწოვაზე, როცა ორგანიზმში რომელიმე მათგანის დონე დაბალია, სხვების ათვისებაც რთულდება.

სიმტკიცის მინერალები

დანამატის სახით კალციუმის გამოყენება აუცილებელია, როდესაც ცოტას მივირთმევთ კალციუმით მდიდარ საკვებს ან მომატებულია ორგანიზმის მოთხოვნა ამ მინერალზე, მაგალითად, ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, აქტიური ზრდის ასაკში. კალციუმის დეფიციტი ემუქრებათ ვეგეტარიანელებს,`ვეგანებს და რძის აუტანლობის მქონე ადამიანებს, რომლებიც რძის ნაწარმს არ ან ვერ იღებენ.

კალციუმთან ერთად ძვლების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მაგნიუმიც. ეს ელემენტი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს იწვევს.

თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და 200-ზე მეტი ფერმენტისა და ჰორმონის, მათ შორის - ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების, წარმოქმნასა და ფუნქციობაში მონაწილეობს. ის აუცილებელია ცილების სინთეზისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმალური მუშაობისთვის.

ფუტკრების ნობათი

ფუტკრის რძე უზრუნველყოფს იმუნური სისტემის, მხედველობის, ნერვული სისტემის, გულ- სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, აძლიერებს მადას, ავსებს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს და აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს.

პროპოლისი, ფუტკრის წებო, ფუტკრების მიერ მცენარეთა კვირტებიდან მოგროვებული ნივთიერებების გადამუშავებით მიიღება. მისი ბიოლოგიური თვისებების (ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური, ტკივილგამაყუჩებელი, მარეგენერირებელი, იმუნომოდულატორული, სიმსივნის საწინააღმდეგო და სხვ.) მრავალფეროვნებას მასში შემავალი ბიოფლავონოიდები, არომატული მჟავები და ეთერზეთები განაპირობებს. პროპოლისი ზრდის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ამტანობას გარემოს არასასურველი ფაქტორების მიმართ.

ბიოფლავონოიდები, მცენარეული წარმოშობის ვიტამინის მსგავსი ნივთიერებები, ხელს უწყობს C ვიტამინის ათვისებას, ამაგრებს სისხლძარღვის კედელს და აუმჯობესებს მის განვლადობას, აქვეითებს ლიპიდების ზეჟანგურ დაშლას, დადებითად მოქმედებს ღვიძლის მუშაობაზე, ამცირებს ქოლესტეროლის დონეს.

გააზიარე: