ლამაზი ღიმილი

გააზიარე:

 

 აუცილებელი ინფორმაცია კბილების შესახებ

კბილის ფერი

კარიესი

გინგივიტი და პერიოდონტიტი

თანკბილვა

კბილების აღდგენა

 

ღიმილი ყველას უხდება, განსაკუთრებით მას, ვისაც ჯანსაღი, მწყობრი კბილები აქვს. თუმცა კბილების სიჯანსაღეზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ სილამაზისთვის არ ვზრუნავთ – კარიესი და არასწორი თანკბილვა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

როგორ მოვუაროთ კბილებს? როგორ გამოვასწოროთ თანკბილვა? რას გვთავაზობს სტომატოლოგია დაზიანებული კბილების აღსადგენად?

 

აუცილებელი ინფორმაცია კბილების შესახებ

კბილები სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ნაწილებია. მათი მთავარი ფუნქცია საკვების მოკბეჩა და დაღეჭვაა, თუმცა ისინი მეტყველებაშიც მონაწილეობენ.

ზრდასრულ ადამიანს ოთხი სახის კბილები აქვს:

  • საჭრელები – ზედა და ქვედა ყბის წინა ოთხი კბილი. შუა ორ კბილს ცენტრალური საჭრელები ჰქვია, დანარჩენ ორს – გვერდითი საჭრელები;
  • ეშვები – სულ ოთხია, თითო-თითო საჭრელების ჯგუფის აქეთ-იქით. ისინი  ყველაზე ბასრი კბილებია;
  • პრემოლარები ანუ მცირე ძირითადი კბილები – რვა ცალია, ორ–ორი თითოეული ეშვის შემდეგ;
  • მოლარები ანუ დიდი ძირითადი კბილები – მდებარეობს პირის ღრუს უკანა მხარეს. ზრდასრულთა უმეტესობას თორმეტი მოლარი აქვს. მესამე მოლარები სიბრძნის კბილებია. ხშირად ისინი პირში ვერ ეტევა და ამოღებას მოითხოვს.

თითოეული ყბის ცალ მხარეს კბილების თანმიმდევრობა ცენტრიდან ასეთია: ორი საჭრელი, ერთი ეშვი, ორი პრემოლარი და სამი მოლარი, ანუ ზრდასრულ ადამიანს 32 კბილი აქვს.

ბავშვები

ბავშვებთან საქმე სხვაგვარად არის. მათ ჯერ ოცი სარძევე კბილი ამოსდით. ეს პროცესი დაახლოებით სამ წლამდე გრძელდება. სარძევე კბილები სამი სახისაა: საჭრელები, ეშვები და მოლარები. სარძევე პრემოლარები არ არსებობს, პრემოლარები პირდაპირ მუდმივი ამოდის, ოღონდ სარძევე მოლარების ადგილას. მუდმივი მოლარები პრემოლარების შემდეგ ამოიჭრება და ამისთვის საჭირო არ არის სარძევე კბილების მოცვლა.

პირველად ცენტრალური საჭრელი კბილები ამოიჭრება დაახლოებით 6 თვის ასაკში, შემდეგ – გვერდითი საჭრელები, პირველი მოლარები, ეშვები და ბოლოს – მეორე მოლარები. დაახლოებით 2.5 წლის ასაკში ბავშვის პირის ღრუში ყველა სარძევე კბილი ჩანს. კბილების მოცვლა დაახლოებით 6 წლიდან იწყება. მუდმივი კბილებიდან სულ ბოლოს, დაახლოებით 17-21 წლის ასაკში, სიბრძნის კბილები ამოდის.

არსებობს რეტენციული კბილები, უმეტესად – სიბრძნისა, რომლებიც ვერ ამოიჭრება სივრცის ნაკლებობის ან სხვა კბილების არასწორი მდებარეობის გამო. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ერთი ან რამდენიმე კბილის ჩანასახი საერთოდ არ ჰქონდეს. ეს კბილები მას, რა თქმა უნდა, არ ამოუვა. ყველაზე ხშირად ასეთებია სიბრძნის კბილები, ზედა გვერდითი საჭრელები და მეორე პრემოლარები.

შესაძლოა, ბავშვი კბილით დაიბადოს ან პირველი სარძევე კბილი სიცოცხლის პირველსავე თვეს ამოეჭრას. უმეტესად ეს ქვედა საჭრელია. ასეთ კბილებს ზოგჯერ ჩვილ ასაკშივე იღებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაზიანდა ან ძუძუს წოვებას უშლის ხელს.

როგორია კბილი

კბილი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. გვირგვინი ხილული, ღრძილის ზემოთ მდებარე ნაწილია. ფესვი მოთავსებულია ღრძილში და კბილს ყბის ძვალში ამაგრებს. საჭრელ კბილებსა და ეშვებს თითო ფესვი აქვთ, პრემოლარებს – თითო ან ორი, ხოლო მოლარებს – ორი ან სამი.

კბილის მინანქარი არის გვირგვინის მფარავი თეთრი, მყარი, კალციფიცირებული (ძირითადად კალციუმის ფოსფატისგან შემდგარი) სტრუქტურა. ის ადამიანის ორგანიზმში არსებული უმტკიცესი ნივთიერებაა და კბილის შიგნითა ნაწილებს დაზიანებისგან იცავს. დაზიანებულ მინანქარს თავისთავად აღდგენის ძალიან მცირე შანსი აქვს. მასში არ არის ნერვული დაბოლოებები, რის გამოც ტკივილის შეგრძნება არ გააჩნია.

დენტინი კბილის შიგნითა ფენაა. ის მიკროსკოპული მილებისგან შედგება, ძვალზე მტკიცეა, მოყვითალოა და მასში არის ნერვული ბოჭკოები, რის გამოც მგრძნობიარეა შეხებისა და ტემპერატურის ცვლილების მიმართ.

ცემენტი თხელი ძვლის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ფესვების დენტინს ფარავს. ეს არის მყარი შემაერთებელქსოვილოვანი ფენა, რომელიც ფესვებს ღრძილებსა და ყბის ძვალთან აკავშირებს. სიმტკიცით ჩამოუვარდება მინანქარს.

კბილის პულპა კბილის შუაგულში, დენტინში არსებული რბილი, ცოცხალი ქსოვილია. პულპაში არსებული ნერვები და სისხლძარღვები კბილის ფესვის  წვერის გავლით ყბის ძვლის ნერვებსა და სისხლძარღვებს უკავშირდება.

პერიოდონტული იოგი – რბილი ქსოვილის ბოჭკოვანი სტრუქტურა – კბილის ფესვის ცემენტზეა შემოხვეული და კბილს ყბის ძვალთან მჭიდროდ აკავშირებს.

ვუვლით კბილებს

პირის ღრუს ჯანმრთელობა გავლენას ახდენს ჭამის, ლაპარაკის, ემოციების გამოხატვის უნარზე, ადამიანის თვითშეფასებაზე, აკადემიურ და პროფესიულ წარმატებაზე. პირის ღრუს დაავადებები იწვევს ტკივილს, ზოგჯერ – შრომისუნარიანობის დაქვეითებას. მათ თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია კბილების სწორი მოვლა.

იმისთვის, რომ ჯანსაღი პირის ღრუ და ძლიერი კბილები სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოთ:

* იხეხეთ კბილები ფთორის შემცველი პასტით.

* გულდასმით გამოიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ, რეგულარულად გამოიყენეთ ფლოსი, კბილის ძაფი, კბილებს შორის არსებული სივრცის გასასუფთავებლად.

* წელიწადში ერთხელ მაინც (უმჯობესია ორჯერ) მიმართეთ სტომატოლოგს, თუნდაც ბუნებრივი კბილები არ გქონდეთ. ჩაიტარეთ პირის ღრუს რეგულარული შემოწმება და პროფესიული წმენდა.

* თუ ეწევით, თავი დაანებეთ.

* ერიდეთ ალკოჰოლიან სასმელებს.

* თუ დიაბეტი გაქვთ, მისი სათანადო მართვისთვის ძალისხმევა არ დაიშუროთ. ეს შეამცირებს სხვა გართულებების, მათ შორის – ღრძილების დაავადებების რისკს. ღრძილების გაჯანსაღება, თავის მხრივ, სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაში დაგეხმარებათ.

* თუ იღებთ წამალს, რომელიც პირის სიმშრალეს იწვევს, ექიმს მისი შეცვლა სთხოვეთ. თუ პირის სიმშრალის თავიდან აცილება შეუძლებელია, სვით ბევრი წყალი, ღეჭეთ უშაქრო კევი, ერიდეთ თამბაქოს ნაწარმს და ალკოჰოლს.

* მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ გემოსა და ყნოსვის უეცარი ცვლილება შეამჩნიეთ.

დაეხმარეთ ხანდაზმულებს კბილების გახეხვასა და ძაფით გაწმენდაში, თუ მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ამის გაკეთება.

ხეხვის ტექნიკა

იხეხეთ კბილები ორი წუთის განმავლობაში. ჯაგრისის ზომა და ფორმა თქვენი პირის ღრუს ზომასა და ფორმას უნდა შეესაბამებოდეს. ის ყველა ადგილს უნდა მიუდგეს. ცვალეთ კბილის ჯაგრისი სამ-ოთხ თვეში ერთხელ, თუ გაცვდა – უფრო ადრეც.

* ჯაგრისი დაიჭირეთ ღრძილების მიმართ 45-გრადუსიანი კუთხით.

* ნაზად ამოძრავეთ ჯაგრისი კბილებზე.

* გაიხეხეთ კბილების გარეთა, შიგნითა და საღეჭი ზედაპირები.

* წინა კბილების შიგნითა ზედაპირების გასაწმენდად ჯაგრისი ვერტიკალურად დახარეთ და ზევით-ქვევით ამოძრავეთ.

* ბოლოს გაიხეხეთ ენის ზედაპირი.

ფლოსით წმენდა

საუკეთესო კბილის ჯაგრისსაც კი არ შეუძლია კბილებს შორის არსებული სივრცეების სათანადოდ გასუფთავება, ამიტომ ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გვირჩევს, დღეში ერთხელ საწმენდი ძაფი გამოვიყენოთ. ის კბილთაშორისი სივრცეებიდან საკვების ნაწილაკებს და ნადებს აცილებს. არ აქვს მნიშვნელობა, როდის გამოიყენებთ ფლოსს – კბილების გახეხვამდე თუ გახეხვის შემდეგ, დილით თუ საღამოს, მთავარია, ეს პროცედურა ყოველდღიური იყოს. ფლოსით წმენდა მტკივნეული არ უნდა იყოს. მეტისმეტი ძალდატანებით შესაძლოა ღრძილები დავიზიანოთ, მაგრამ არც ისე მსუბუქად უნდა დავაწვეთ, რომ საკვების ნაწილაკები ან ნადები ვერ გამოვიტანოთ.

* მოწყვიტეთ 40-50 სმ სიგრძის ძაფი და მისი ბოლოები ორივე ხელის შუა თითებზე შემოიხვიეთ.

* კარგად დაიჭირეთ ძაფი ცერა და საჩვენებელი თითებით.

* ძაფი ნაზი მოძრაობით მოაქციეთ კბილებს შორის.

* როდესაც ძაფი მიაღწევს ღრძილების ხაზს, მორკალეთ, ისე, რომ ერთ კბილს შემოეხვიოს (მიიღოს ასო ჩ-ს ფორმა) და ფრთხილად ამოძრავეთ ღრძილსა და კბილებს შორის სივრცეში.

* ძაფი მჭიდროდ შემოაჭდეთ ჯერ ერთ, შემდეგ მეორე კბილს და გაისუფთავეთ კბილის გვერდითა ზედაპირი ზევით-ქვევით მოძრაობით.

* ასე გაიწმინდეთ ყველა კბილი.

წყლის ფლოსი – ირიგატორი

წყლის ფლოსერი ანუ ირიგატორი აპარატია, რომელიც განსაზღვრული წნევით მიწოდებული წლის ჭავლით ასუფთავებს კბილებს. არსებობს მისი მრავალი ვარიანტი: რეზერვუარიანი და პირდაპირ ონკანზე მისაერთებელი, სტაციონარული და პორტატიული, კაბელიანი, აკუმულატორიანი, ელემენტიანი... აქვს წნევის, პულსაციის, სითხის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმი.

ირიგატორი განსაკუთრებით მოხერხებულია მათთვის, ვისაც უჭირს ფლოსის გამოყენება, აქვს ბრეკეტები, პროთეზები, იმპლანტები და სხვა.

პროფესიული წმენდა

კბილების პროფესიული წმენდა დღეს უმეტესად ულტრაბგერითი სკალერით ტარდება. ულტრაბგერა ნადებსა და ქვებს შლის, ხოლო წყლის ჭავლი მას ღრძილისზედა და ღრძილისქვედა ნაწილებიდან აშორებს. პროცედურის დროს კბილს ზედაპირული ლაქებიც სცილდება. ამის შემდეგ კბილების ზედაპირები სპეციალური პასტებით, რეზინებით, ჯაგრისებით მუშავდება. გაპრიალება, ვიზუალურ ეფექტთან ერთად, კბილებს ნადების მიწებებისგანაც იცავს. პროცედურის ბოლოს ტარდება რემინერალიზაცია – კბილის ფთორით დაფარვა უმეტესად ფთორის შემცველი სავლების საშუალებით. 

ჩვილები

ბავშვის პირის ღრუს მოვლა ჩვილობიდანვე უნდა დავიწყოთ.

* ჩვილს გაუწმინდეთ ღრძილები სუფთა, რბილი ქსოვილით (მაგალითად, დოლბანდით)  დღეში ორჯერ – დილით, პირველი კვების შემდეგ, და ძილის წინ, რათა მოაშოროთ ბაქტერიები და შაქარი, რომლებმაც შესაძლოა კარიესი გამოიწვიოს.

* როდესაც კბილები ამოსვლას დაიწყებს, გაუხეხეთ ისინი დღეში ორჯერ რბილი, პატარაჯაგრულებიანი ჯაგრისით და წყლით, პასტის გარეშე.

* აჩვენეთ ბავშვი სტომატოლოგს, როდესაც ერთი წელი შეუსრულდება.

* მოარიდეთ საწოვარას – მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს თანკბილვაზე.

* არ მისცეთ ბავშვს ბოთლით ხელში ჩაძინების უფლება – კბილებზე შერჩენილი რძე და წვენი ე.წ. ბოთლის კარიესს გამოიწვევს.

* მიაჩვიეთ ბავშვები შაქრის დაბალი შემცველობის საკვებს: ხილს, ბოსტნეულს, ყველს. ნუ მისცემთ წებოვან, საღეჭ, საწუწნ კანფეტებს.

ორ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის ფთორიანი კბილის პასტის გამოყენების თაობაზე კონსულტაცია პედიატრთან ან სტომატოლოგთან გაიარეთ.

ორი წლიდან

ორი წლიდან ბავშვმა კბილები დღეში ორჯერ ფთორიანი კბილის პასტით უნდა გამოიხეხოს, თუმცა სანამ კარგად ხეხვას ისწავლის, მას თქვენი დახმარება დასჭირდება. ექვს წლამდე სასურველია, თვალყური ადევნოთ კბილების ხეხვის პროცედურას და აკონტროლოთ კბილის პასტის ოდენობა, რომ ბავშვმა მეტისმეტად ბევრი არ წააცხოს ჯაგრისზე (ბარდის მარცვლისოდენა ულუფა საკმარისია) და არ გადაყლაპოს.

ორსულობისას

ორსულები მეტად არის მიდრეკილნი ღრძილების დაავადებისა და კარიესისკენ, რამაც შესაძლოა ნაყოფის ჯანმრთელობაზეც მოახდინოს გავლენა, ამიტომ დაორსულებამდე უნდა ეწვიოთ სტომატოლოგს კონსულტაციისთვის, იხეხოთ კბილები დღეში ორჯერ და ფლოსით იწმინდოთ.

თუ გაღებინებთ, ღებინების შემდეგ პირში გამოივლეთ სოდიანი წყალი (1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე). ის მინანქრიდან ჩამორეცხავს ღებინების დროს პირის ღრუში ამოსულ კუჭის მჟავას და კბილებს მისი დამაზიანებელი მოქმედებისგან დაიცავს.

 ***

კბილის ფერი

კბილის ბუნებრივი ფერი თეთრი და მოყვითალოა, თუმცა შესაძლოა, მან არაბუნებრივი შეფერილობაც მიიღოს. ფერს იცვლის მთელი კბილი ან მისი ნაწილი – უჩნდება ლაქები ან ხაზები. ცვლილება დროებითი ან მუდმივია.

კბილების ფერზე, გარდა გენეტიკისა, გავლენას ახდენს თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადებები, წამლები, რომლებსაც იღებდა დედა ორსულობის დროს ან ბავშვი კბილების განვითარების  პერიოდში, მეტაბოლური დარღვევები, გარემო ფაქტორები,  ინფექციები.

მიზეზები

კბილების ფერის შეცვლა შესაძლოა გამოიწვიოს:

* 8 წლამდე ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინის გამოყენებამ;

* ისეთი საკვების ან სასმლის მიღებამ, რომელიც დროებით ფერავს კბილებს (ასეთია ჩაი, ყავა, წითელი ღვინო, რკინის შემცველი სითხეები);

* თამბაქოს მოწევამ და ღეჭვამ;

* გენეტიკურმა დეფექტებმა (დენტინოგენეზი, ამელოგენეზი);

* სხეულის მაღალმა ტემპერატურამ კბილების ფორმირების ასაკში;

* პირის ღრუს ცუდმა მოვლამ;

* კბილის ნერვის დაზიანებამ;

* პორფირიამ (დაავადება, რომლის დროსაც სისხლში პორფირინი გროვდება);

* ახალშობილთა სიყვითლემ;

* ფთორის ჭარბმა მიღებამ.

კბილების გათეთრება

პროფესიული გათეთრებისას კბილები სამი-რვა ტონით ბაცდება.

კბილების გათეთრების პროცედურა სტომატოლოგმა უნდა ჩაატაროს. ის აიღებს კბილების ანაბეჭდს, დაამზადებს სპეციალურ კაპს და გასწავლით მისი დახმარებით მათეთრებელი გელის გამოყენებას. ადამიანი რეგულარულად ისვამს კბილებზე გელს რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგიერთი მათეთრებელი გელის კბილებზე ერთჯერადად დატოვება 8 საათის განმავლობაშიც შეიძლება, რაც პროცესის საერთო ხანგრძლივობას ამცირებს.

მეორე მეთოდია კბილების ლაზერული გათეთრება: ექიმი პაციენტს კბილებზე უსვამს სპეციალურ მათეთრებელ საშუალებას და შემდეგ ლაზერს ანათებს. ამ პროცედურას  დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.

კბილების გათეთრების პროცედურას ყველა ვერ ჩაიტარებს. მაგალითად, თავის შეკავებას ურჩევენ მათ, ვისაც ღრძილების დაავადება აქვს ან გვირგვინები აქვს დაზიანებული.

ისიც უნდა იცოდეთ, რომ კბილების გათეთრებით ფერი სამუდამოდ არ იცვლება. ეფექტი რამდენიმე თვიდან სამ წლამდე გრძელდება. თუ ეწევით ან სვამთ წითელ ღვინოს, ჩაის, ყავას, კბილებმა შესაძლოა მალევე იცვალოს  ფერი.

პროცედურის შედეგად არ თეთრდება პროთეზები, ხელოვნური გვირგვინები, ბჟენები და სხვა ხელოვნური ჩანართები.

სახლში გათეთრება

კბილების სახლში გასათეთრებლად დღეს უამრავ საშუალებას გვთავაზობენ: სავლებს, გელს, საღეჭ რეზინს, კბილის პასტას, კბილის მათეთრებელ ლენტს. ჯობია, კბილები სტომატოლოგთან გაითეთროთ, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ რომელიმე ამ პროდუქტის გამოყენებას, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან. შესაძლოა, პროცედურა თქვენთვის არ აღმოჩნდეს მიზანშეწონილი, მით უმეტეს, თუ გაქვთ მგრძნობიარე კბილები, სტომატოლოგიური ჩანართები, ძალიან მუქი ლაქები, ბევრი ბჟენი ან ხელოვნური გვირგვინი.

მათეთრებელი კბილის პასტები  რბილ აბრაზივებს შეიცავს და კბილებს ზედაპირულ ლაქებს აშორებს. ზოგიერთი მათგანის შემადგენლობაში შედის სხვა ტიპის ქიმიური აგენტებიც, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტურად აცილებს ლაქებს, რაც კბილის ფერის ერთი ტონით გაბაცების შესაძლებლობას იძლევა.

სიფრთხილე

მნიშვნელობა არ აქვს, რა მეთოდით ითეთრებთ კბილებს – ღრძილები ნებისმიერ შემთხვევაში რეაგირებს გამოყენებულ ქიმიკატებზე. არსებობს მათი დამწვრობის საშიშროებაც. სახლში გამოსაყენებელმა ზოგიერთმა მათეთრებელმა შესაძლოა კბილის მინანქარიც დააზიანოს, ამიტომ არ გაითეთროთ კბილები სტომატოლოგთან კონსულტაციის გარეშე. ზედმიწევნით მიჰყევით ინსტრუქციას. არ დაიტოვოთ კბილებზე ლენტი ან გელი იმაზე მეტხანს, ვიდრე ინსტრუქციაშია მითითებული. გათეთრების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მოერიდეთ გაზიან, სპორტულ, მჟავე სასმელებს. სასურველი ეფექტის შესანარჩუნებლად პერიოდულად სეანსის გამეორება მოგიწევთ.

როგორ შევინარჩუნოთ

შედეგი დიდხანს რომ შეინარჩუნოთ, შეზღუდეთ მჟავებისა და ტანინების შემცველი პროდუქტები, რომლებიც ლაქების წარმოქმნას იწვევს: ღვინო, სპორტული სასმელები, გაზიანი სასმელები, შავი ჩაი, ყავა, კენკრა, სოუსები (სოია, კარი, ტომატი). ასეთი საკვების მიღებისთანავე გაიხეხეთ კბილები ან გამოივლეთ წყალი. კბილების მოვლის რუტინაში ჩართეთ დღეში ერთხელ ანტიბაქტერიული სავლების გამოყენება, ხოლო კვირაში ერთხელ ან ორჯერ – მათეთრებელი პასტისა. მიირთვით კალციუმით მდიდარი საკვები (ყველი), ასევე – ხილი და ბოსტნეული, რომლებიც კარგად ასუფთავებს კბილებს. თავი დაანებეთ თამბაქოს მოხმარებას.

 ***

კარიესი

კარიესი არის მინანქრის დაზიანება, რის შედეგადაც კბილში ღრუ წარმოიქმნება. ის ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. განსაკუთრებით ხშირია ბავშვებთან, მოზარდებსა და ხანდაზმულებთან, თუმცა შეიძლება დაემართოს ყველას, ვისაც კბილები აქვს, მათ შორის – ჩვილებსაც.

რა იწვევს

პირის ღრუ სავსეა ბაქტერიებით. ზოგიერთი სასარგებლოა, ზოგი – მავნე, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც კბილებს აფუჭებენ. როდესაც კბილებს დროულად არ ვისუფთავებთ საკვებსა და სასმელში არსებული შაქრისა და სახამებლისგან, პირში მობინადრე მავნე ბაქტერიები მათგან ნადებს წარმოქმნიან. ნადები თავდაპირველად რბილი და წებოვანია, მაგრამ თანდათან მკვრივდება და ქვად იქცევა. ქვა ძნელად სცილდება კბილის ზედაპირს და ბაქტერიებს ფარივით იცავს. ბაქტერიები წარმოქმნიან მჟავებს, რომლებიც მინანქარს მინერალებს აცლის და ეროზიას იწვევს. მინანქარში ჩნდება უმცირესი ხვრელები, საიდანაც ბაქტერიები და მჟავები დენტინში აღწევენ. დენტინი უფრო რბილია, ვიდრე მინანქარი და ნაკლებად მდგრადია მჟავას მიმართ, ამიტომ ადვილად ზიანდება.

მინერალები მინანქარში

კბილები მთელი დღის განმავლობაში კარგავენ და აღიდგენენ მინერალებს. როცა მათ სათანადოდ არ ვუვლით, ბევრს ვჭამთ, ვსვამთ შაქრიან ან სახამებლიან პროდუქტებს, მინანქარი კვლავ კარგავს მინერალებს და კბილებიც ზიანდება.

თვითაღდგენაში მინანქარს ნერწყვი და ფთორი ეხმარება. ფთორს რამდენიმე წყაროდან ვიღებთ: კბილის პასტიდან, წყლიდან, სავლებიდან, საკვებიდან... დადასტურებულია, რომ კარიესი უფრო იშვიათად ემართებათ ბავშვებს, რომელთა საცხოვრებელ ადგილზე ფთორიანი ონკანის წყალი მოდის ან რომლებიც ყოველდღე იხეხავენ კბილებს ფთორის შემცველი პასტით.

მინერალების დაკარგვის ადგილას კბილს შესაძლოა გაუჩნდეს თეთრი ლაქა, რომელიც ამ შემთხვევაში კარიესის ადრეული ნიშანია. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შესაძლებელია დაზიანების შეჩერება. მინანქარი შესაძლოა თავისთავად აღდგეს, თუ უკეთ მოუვლით კბილებს და შაქრიან და სახამებლიან საკვებს შეზღუდავთ, მაგრამ თუ მინერალების კარგვა გაგრძელდა, დროთა განმავლობაში კბილში გაჩნდება ღრუ.

ვის ემუქრება

კარიესი ბავშვებთან ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. აშშ-ში 6-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტს ერთ სარძევე კბილზე მაინც აქვს კარიესი.

კარიესის მთავარი რისკფაქტორებია: 

*კბილების არასათანადო მოვლა, არასწორი, არადროული ხეხვა – თუ ჭამის შემდეგ კბილები მალევე არ გავისუფთავეთ, ნადები სწრაფად წარმოიქმნება და მინანქრის დაშლა დაიწყება;

*ბევრი შაქრიანი და სახამებლიანი საკვების მიღება, განსაკუთრებით ისეთისა, რომელიც კბილებს ეწებება და ნერწყვი ადვილად ვერ ჩამორეცხავს (ასეთია რძე, ნაყინი, თაფლი, შაქარი, ჩირი, ნამცხვარი, კანფეტები, ხრაშუნები, ჩიფსები), ხშირად წახემსება და ტკბილი სასმელების ხშირი სმა – უკანასკნელ შემთხვევაში პირის ღრუს ბაქტერიები მეტ "საწვავს" იღებენ მჟავების წარმოსაქმნელად.

გარდა ამისა, ბავშვს კარიესის განვითარების მეტი შანსი აქვს, თუ:

* ბოთლით იკვებება, განსაკუთრებით – ძილის წინ. ეს იწვევს მის კბილებზე შაქრის ხანგრძლივ ზემოქმედებას;

* ოჯახის წევრებს (უფროს ძმებს, დებს ან მშობლებს) აქვთ კარიესი;

* სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო მოვლა ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემის გამო;

* ატარებს ბრეკეტებს ან სხვა ორთოდონტულ აპარატს.

ამ შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი ზომების მიღება დაგვჭირდეს კბილების დასაცავად.

ზრდასრულ ადამიანს კბილების გაფუჭების უფრო დიდი ალბათობა აქვს, როცა:

* მისი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ნერწყვს დაავადების ან მედიკამენტების, მაგალითად, კიბოს სამკურნალო საშუალებების გამო;

* არ იღებს საკმარისი რაოდენობის ფთორს;

* ხანდაზმულია, აღენიშნება რეცესია (ღრძილების დაწევა) და კბილების ცვეთა;

* აქვს დაძველებული ან ცუდად მორგებული ჩანართები;

* აქვს გულძმარვა ან ღებინება (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ანორექსია,  ბულიმია) – კუჭიდან ამოსული წვენი აზიანებს მინანქარს.

ყველაზე მეტად ზიანდება უკანა კბილები (მოლარები და პრემოლარები), რადგან მათ ზედაპირზე ბევრი ჩაღრმავებაა. 

სიმპტომები

თავდაპირველად კარიესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დროთა განმავლობაში მან შესაძლოა გამოიწვიოს კბილის ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა ტკბილის, ცხელის ან ცივის მიმართ, თეთრი ან ყავისფერი ლაქების გაჩენა კბილის ზედაპირზე, ღრუების წარმოქმნა, მერე და მერე – კბილების მტვრევა, ღეჭვის გაძნელება, კბილების დაკარგვა და შედეგად დარჩენილი კბილების პოზიციონირების შეცვლა. მწვავე პროცესის დროს ტკივილი ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, პაციენტი იკლებს წონას. იშვიათად ვითარდება კბილის აბსცესი – ბაქტერიული ინფექციით გამოწვეულია ჩირქოვანი ჯიბე, რომელმაც, თავის მხრივ, შესაძლოა უფრო სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია გამოიწვიოს

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

წესისამებრ, კარიესს სტომატოლოგი აღმოაჩენს კბილების დათვალიერებისას და სპეციალური ინსტრუმენტებით გამოკვლევისას. ზოგჯერ საჭირო ხდება სტომატოლოგიური რენტგენოგრაფია.

არსებობს კბილების დაზიანებისა და კარიესის მკურნალობის რამდენიმე გზა. საწყის ეტაპზე, სანამ მხოლოდ მინანქარია დაზიანებული, მის აღსადგენად შესაძლოა ფთორით მკურნალობაც საკმარისი აღმოჩნდეს. ფთორს უსვამენ ლაქის ან გელის სახით.

ბჟენი ღრუს შესავსებად გამოიყენება. სტომატოლოგი აცილებს კბილის დაზიანებულ ქსოვილს და გვირგვინის დეფექტს სპეციალური მასალით ავსებს.

თუ დაზიანება პულპაზეცაა გადასული, შესაძლოა, საჭირო გახდეს ფესვის არხის მკურნალობა: დაზიანებული პულპის ამოღება, კბილისა და მისი ფესვის გასუფთავება და არხის შევსება ჯერ დროებითი, მერე კი მუდმივი შიგთავსით, საბოლოოდ კი – გვირგვინის აღდგენა ან ხელოვნური გვირგვინის გაკეთება.

თუ დაზიანება ვერ გამოსწორდა, ხდება კბილის ამოღება, ექსტრაქცია. ამოღებული კბილის ჩანაცვლება შესაძლებელია ხიდით ან იმპლანტით. უამისოდ შესაძლოა გვერდითმა კბილებმა ცარიელი ადგილისკენ გადაინაცვლოს და თანკბილვა შეიცვალოს.

პრევენცია

კბილების გაფუჭების თავიდან ასაცილებლად:

* შეამოწმეთ, საკმარის ფთორს იღებთ თუ არა კბილის პასტის, სავლების, ონკანის წყლის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ ბოთლებში ჩამოსხმული წყლების უმეტესობა ფთორს არ შეიცავს.

* იხეხეთ კბილები დღეში ორჯერ მაინც, უმჯობესია, ყოველი ჭამის შემდეგ, ყოველდღე იწმინდეთ ისინი სპეციალური ძაფით – ფლოსით.

* თუ თქვენს სტომატოლოგს მიაჩნია, რომ კარიესის განვითარების მაღალი რისკი გაქვთ, შესაძლოა, ფთორიანი სავლების გამოყენება გირჩიოთ.

* შეზღუდეთ შაქრისა და სახამებლის შემცველი საკვების მიღება.

* თავი დაანებეთ მოწევას.

* რეგულარულად ეწვიეთ სტომატოლოგს შემოწმებისა და პროფესიული წმენდისთვის.

* ერიდეთ ხშირ-ხშირად ჭამას – ამით თვითონვე შეუწყობთ ხელს ბაქტერიებს მჟავების წარმოქმნასა და მინანქრის განადგურებაში.

* გაითვალისწინეთ, რომ ხილი და ბოსტნეული ზრდის ნერწყვის ნაკადს, ხოლო უშაქრო ყავა, ჩაი და უშაქრო საღეჭი რეზინი ხელს უწყობს კბილების გაწმენდას საკვების ნაწილაკებისგან.

* თუ რომელიმე სამედიცინო მდგომარეობის გამო კბილის კარიესის რისკი ძალიან მაღალია, სტომატოლოგმა შესაძლოა გირჩიოთ პირის ღრუს სპეციალური ანტიბაქტერიული სავლები ან სხვა სამკურნალო საშუალება, რომელიც ხელს უწყობს პირის ღრუში მავნე ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას.

* კარიესის რისკს ამცირებს ქსილიტოლის შემცველი კევის, ფთორის (მიღება შეიძლება სხვადასხვა გზით) და ანტიბაქტერიული სავლების კომბინირებული გამოყენება.

* ბავშვებთან კარიესის თავიდან აცილება შესაძლებელია ფისურების ჰერმეტიზაციით (კბილების ჩაბეჭდვით): ძირითადი კბილების საღეჭ ზედაპირზე არსებულ ვიწრო, ღრმა ნაპრალებს სპეციალური თხევადი ნივთიერებით, სილანტით, ავსებენ. ჩაბეჭდვა კბილს ათიდან 8 შემთხვევაში იცავს კარიესისგან. სასურველია, პროცედურა კბილების ამოსვლისთანავე ჩატარდეს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (ჩDჩ) რეკომენდაციას უწევს ფისურების ჩაბეჭდვას სასკოლო ასაკის ყველა ბავშვისთვის. ეს "ლუქი" შეიძლება რამდენიმე წელი ჰქონდეს ბავშვს, მერე კი გამოიცვალოს, თუმცა მისი მდგომარეობა რეგულარულად უნდა შემოწმდეს.

***

გინგივიტი და პერიოდონტიტი

გინგივიტი ღრძილების (პერიოდონტის) დაავადების მსუბუქი ფორმაა. ის ვლინდება ღრძილების სიწითლით, შეშუპებით, ღრძილებიდან სისხლდენით, პირის ღრუში უსიამოვნო სუნით, ღრძილების კბილებისგან მოშორებით. მტკივნეულობით.

გინგივიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი პირის ღრუს ცუდი ჰიგიენაა. გინგივიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ღრძილების უფრო სერიოზული დაავადება – პერიოდონტიტი, რომელიც კბილების გარშემო არსებულ რბილ ქსოვილს აზიანებს. მკურნალობის გარეშე პაროდონტიტის გამო შესაძლოა კბილები დავკარგოთ.

ამის თავიდან აცილების საუკეთესო გზა პირის ღრუსა და კბილების კარგად მოვლაა.

***

თანკბილვა

თანკბილვა ზედა და ქვედა კბილების ერთმანეთის მიმართ განლაგებაა. ზოგს ბუნებრივად კარგი თანკბილვა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირის მოკუმვისას ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს ეხება, ზედა წინა კბილები ოდნავ გადმოდის ქვედა წინა კბილებზე, ხოლო ზედა და ქვედა გვერდითი კბილები ერთმანეთის მიმართ ნახევარი კბილით ისეა წანაცვლებული, რომ პირის მოკუმვისას ერთმანეთში ჯდება და ყბას მთლიანად კეტავს. ასეთი განლაგება თანაბრად ანაწილებს საღეჭ ძალებს და ეფექტურ ღეჭვას უზრუნველყოფს. თუ თანკბილვა დარღვეულია, საჭიროა მისი გასწორება, რასაც ხანგრძლივი ორთოდონტიული მკურნალობა სჭირდება.

რას აშავებს

კბილების არასწორი განლაგება მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის – ის ცვლის სახის ფორმას, იწვევს დისკომფორტს ღეჭვისას, მეტყველების დარღვევას, ართულებს პირით სუნთქვას, მოკბეჩას.

თანკბილვის დარღვევა, მალოკლუზია, შესაძლოა გამოიხატოს:

* ზედა და ქვედა კბილების ერთმანეთის მიმართ ჯვარედინი დგომით, მაგალითად, ზედა კბილი შესაძლოა მოექცეს ქვედას შიგნით ან ქვედა კბილი – ზედას გარეთ;

* ქვედა კბილების მიერ ზედა კბილების გადაფარვით;

* ღია თანკბილვით, რომლის დროსაც ყბების მოკუმვისას წინა კბილებს შორის ნაპრალი რჩება;

* ღრმა თანკბილვით – ამ შემთხვევაში ზედა წინა კბილები ისე გადმოდის ქვედაზე, რომ შესაძლოა, მათი წვერი ქვედა ღრძილის კიდეს გაუთანაბრდეს;

* კბილების სიმჭიდროვით, რამაც შესაძლოა კბილის შეტრიალება და რიგიდან გაძევება გამოიწვიოს;

* კბილებს შორის ზედმეტი სივრცეების არსებობით;

* პროტრუზიით ანუ წინა კბილების კიდეების წინ გაწევით.

თანკბილვას აფასებს ორთოდონტი და ზუსტ დიაგნოზს სვამს.

რა იწვევს

თანკბილვის დარღვევა უმეტესად მემკვიდრეობითია, თუმცა მის განვითარებას სხვა ფაქტორებიც განაპირობებს, მაგალითად:

* ბავშვობაში ცერა თითის წოვა, კბილებს შორის ენის მოქცევა, საწოვარას წოვა სამ წელზე მეტხანს, ბოთლის ხანგრძლივი გამოყენება;

* დამატებითი კბილები, დაკარგული კბილები, რეტენციული კბილები,  დეფექტური კბილები;

* არასწორად მორგებული სტომატოლოგიური ჩანართები, გვირგვინები, რეტეინერები, ბრეკეტები;

* მოტეხილი ყბის არასწორი შეხორცება;

* პირის ღრუსა და ყბის ძვლის სიმსივნეები.

რატომ მკურნალობენ

ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც კბილების იდეალური განლაგება აქვს, მაგრამ პრობლემების უმეტესობა უმნიშვნელოა და მკურნალობას არ მოითხოვს. მკურნალობა საჭიროა მალოკლუზიის დროს და მისი მიზანი კბილების პოზიციონირების კორექციაა. კორექციის შედეგად ადამიანს უადვილდება კბილების წმენდა, რაც ამცირებს კარიესისა და პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკს, იხსნება კბილებზე, ყბებზე, კუნთებზე ზეწოლა და დაძაბულობა, მაშასადამე, იკლებს კბილების მოტეხვის რისკიც. თუ მანამდე საფეთქელ-ყბის სახსრის დარღვევის სიმპტომებიც შეინიშნებოდა, კორექციის შემდეგ შესაძლოა მდგომარეობა ამ მხრივაც გაუმჯობესდეს.

როგორ  მკურნალობენ

თანკბილვის გასაწორებლად სხვადასხვა მეთოდს ან მათ კომბინაციას იყენებენ. მეთოდი`მეთოდები ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, თანკბილვის ტიპისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ირჩევა.

თანკბილვის კორექციის ყველაზე გავრცელებული საშუალებებია:

* ბრეკეტები ან სხვა აპარატები, რომლებიც დროთა განმავლობაში ასწორებს თანკბილვას;

* ერთი ან მეტი კბილის ამოღება – შესაძლოა, საჭირო გახდეს, თუ პრობლემა კბილების სიმჭიდროვის ბრალია;

* კბილის დადაბლება, ფორმის შეცვლა, ჩანართების არსებობის შემთხვევაში – მათი კარგად მორგება;

* იშვიათად – ყბის ძვლის დასაგრძელებელი ან დასამოკლებელი ოპერაცია.

ბრეკეტები

ბრეკეტსისტემების უმეტესობა ლითონისაა, თუმცა არსებობს გამჭვირვალე და კბილებისფერი ბრეკეტებიც, ზოგიერთი სისტემა კი კბილებზე ენის მხრიდან მაგრდება და გარედან არ ჩანს.

ბრეკეტებს სათითაოდ აწებებენ კბილებზე და მათში მავთულს უყრიან. მავთული კბილებს  საჭირო მიმართულებით ქაჩავს და თანდათან ასწორებს. უკეთესი ეფექტის მისაღებად უმეტესად საჭიროა რეზინის ზონარის დამაგრებაც. მავთულები კბილებს გადაანაცვლებს, რეზინი კი ხელს უწყობს ერთმანეთის გვერდით მათ მწყობრ განლაგებას. თვეში ან ორ თვეში ერთხელ საჭიროა ორთოდონტთან ვიზიტი. ის წმენდს და არეგულირებს ბრეკეტის სიტემას – მავთულს ჭიმავს, რეზინებს ცვლის... ახალდაჭიმული ბრეკეტი 2-3 დღე დისკომფორტს იწვევს, ზოგჯერ - ტკივილსაც. თუ ტკივილი ძლიერია, ექიმი ტკივილგამაყუჩებელს გირჩევთ.

ბრეკეტებთან ერთად ზოგჯერ საჭიროა დამატებითი საშუალებებიც.

ბრეკეტების ტარება დაახლოებით ორი წელია საჭირო. მათი მოხსნის შემდეგ რეკომენდებულია რეტეინერის ხმარება. ეს არის მყარი პლასტმასისგან, ლითონისგან ან მათი კომბინაციისგან დამზადებული სპეციალური დამჭერი, რომელიც კბილებს თავდაპირველ პოზიციაში დაბრუნებისგან იცავს. ის ინდივიდუალურად მზადდება. ინდივიდუალურია მისი გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობაც: ზოგს შესაძლოა ორი წელი მოუხსნელად ტარება დასჭირდეს, ზოგს ნახევარი წლის განმავლობაში ღამღამობით გაკეთებაც ეყოს, ზოგს კი სულაც ღამეგამოშვებით გამოყენება ურჩიონ.

ბრეკეტების მოვლა

ბრეკეტებში ადვილად იჭედება საჭმლის ნარჩენები და მრავლდება ბაქტერიები, ამიტომ მათ დიდი ყურადღებით უნდა მოვუაროთ. საჭიროა კბილების გახეხვა ყოველი ჭამის შემდეგ ფთორის შემცველი კბილის პასტით. ზოგჯერ  ფთორიან სავლებსაც უნიშნავენ. ბრეკეტის სისტემა საკვების ნარჩენებისგან სპეციალური ჯაგრულათი უნდა გასუფთავდეს. ზოგიერთს ბრეკეტებისგან პირში წყლულები უჩნდება. მათ მალამოს გამოუწერენ. ზოგჯერ ეფექტურია ბრეკეტის ცვილით დაფარვა იმ ადგილებზე, რომლებიც ლორწოვანს აღიზიანებს.

შედეგი

რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყება, მით უფრო ადვილი, სწრაფი და იაფია კბილების გასწორება. ის ძალიან ეფექტურია ბავშვებსა და მოზარდებთან, რადგან მათი ძვლები ჯერ კიდევ რბილია და კბილები ადვილად მოძრაობს. მკურნალობა შესაძლოა 6 თვიდან 2 წლამდე და მეტხანსაც გაგრძელდეს – გააჩნია, რა ტიპის კორექციაა საჭირო.

ორთოდონტიული დარღვევების მკურნალობა უმეტესად მოზრდილებთანაც შედეგიანია, მაგრამ შესაძლოა, მათ ბრეკეტების`სხვა მოწყობილობების უფრო მეტხანს გამოყენება დასჭირდეთ.

პრევენცია

მალოკლუზიის თავიდან აცილება უმეტესად შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია, თავი დავიზღვიოთ მავნე ჩვევებით გამოწვეული დარღვევებისგან. თვალი ვადევნოთ, რომ ბავშვმა არ წოვოს თითი, ენა არ ჰქონდეს გადმოგდებული, პირღიას არ ეძინოს. თუ პრობლემას დროულად აღმოვაჩენთ, ის უფრო ადვილად მოგვარდება და შედეგიც უკეთესი იქნება.

 ***

კბილების აღდგენა

თანამედროვე სტომატოლოგიაში კბილების განახლების მრავალი საშუალება არსებობს. შესაძლებელია როგორც დაზიანებული კბილის გამთელება, ისე ცარიელი ადგილის შევსება მთლიანი კბილით.

ბჟენი

ბჟენი კბილების აღდგენის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. კბილის შესავსები მასალა მრავალნაირია. ყველაზე ხშირად იყენებენ სინათლით გამყარებად კომპოზიტებს (ჰელიობჟენი). პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე ტარდება. ექიმი ბურღით მოაშორებს კბილს დაზიანებულ ნაწილს, კარგად გაასუფთავებს, ანტიბაქტერიული საშუალებით დაამუშავებს და ფენა-ფენა აავსებს საბჟენი მასალით, თან სპეციალური სინათლით გაამყარებს. ბოლოს ზედმეტ ნაწილს მოაქლიბავს და კბილის ზედაპირს გააპრიალებს.

გვირგვინი

ხელოვნური გვირგვინი კბილის ფორმის “ქუდია”, რომელიც კბილზე მაგრდება, რათა აღდგეს მისი ფორმა, ზომა, სიძლიერე, გაუმჯობესდეს შესახედაობა. გვირგვინი მთლიანად ფარავს კბილის ხილულ, ღრძილის ზემოთ მდებარე ნაწილს.

გვირგვინები შეიძლება დამზადდეს უჟანგავი ფოლადისგან, სხვადასხვა ლითონისგან (ოქროსგან ან სხვა შენადნობისგან), ლითონ-ფაიფურისგან (ანუ მეტალოკერამიკისგან), ცირკონისგან (“ფაიფურის კბილები“) და სხვა.

პირველი ვიზიტის დროს კბილებს იკვლევენ, ამოწმებენ, რამდენად ძლიერი ფესვები აქვთ. შესაძლოა, ჯერ ფესვის მკურნალობა გახდეს საჭირო. გვირგვინის მიმღებ კბილს კარგად ამუშავებენ (ქლიბავენ, დაზიანებულ ადგილებს შეავსებენ). იღებენ კბილების ანაბეჭდებს, რომელთა მიხედვითაც მზადდება გვირგვინი. მუდმივი გვირგვინის გაკეთებამდე ხშირად დროებითი მაგრდება. არსებობს ისეთი ტექნოლოგიაც (ცერეკი), რომლის წყალობითაც გვირგვინს რამდენიმე საათში ამზადებს კომპიუტერი და დროებითის გამოყენება აღარ ხდება საჭირო.

მუდმივი გვირგვინი სპეციალური ნივთიერებით მაგრდება.

ხიდი

ხიდი არის მოუხსნელი კონსტრუქცია, რომელიც იქმნება ერთი ან მეტი დაკარგული კბილის ჩასანაცვლებლად. ის ორ ან მეტ საყრდენ კბილზე მაგრდება. შეიძლება იმპლანტზე დამაგრებაც. უპირველეს ყოვლისა, საყრდენ კბილებს ამზადებენ. ხიდს რამდენიმე ხანს არ აცემენტებენ, რათა პაციენტი დარწმუნდეს, რომ ის კარგად არის მორგებული.

იმპლანტი

იმპლანტი კბილის ხელოვნური ფესვია. ეს არის ლითონის პატარა ხრახნი, რომელიც ძვლის ბუდეში თავსდება. როდესაც ის ყბას შეეხორცება, ზედ ამაგრებენ დამაკავშირებელ ნაწილს, ბოლოს კი – ხელოვნურ გვირგვინს. იმპლანტი საუკეთესო საშუალებაა დაკარგული კბილის აღსადგენად.

პროთეზი

პროთეზი არის მოსახსნელი კონსტრუქცია, რომელიც ხელოვნური კბილებისა და ღრძილებისგან შედგება. მთლიანი პროთეზი ყველა კბილს ცვლის. ნაწილობრივი პროთეზები მაშინ კეთდება, როდესაც ზოგიერთი ბუნებრივი კბილი შენარჩუნებულია.

სასურველია, პროთეზი დამზადდეს კბილების ამოღებიდან დაახლოებით 8-12 კვირის შემდეგ, როდესაც ღრძილები დაცხრება და საბოლოო ფორმას მიიღებს. ზოგჯერ დროებით პროთეზებსაც აკეთებენ. ადამიანი რამდენიმე კვირა ეჩვევა პროთეზს, პირველ ხანებში შესაძლოა, გაუჭირდეს ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა, თუმცა  მცირე ვარჯიშის შემდეგ ისევ სწორად ამეტყველდება. ღამით პროთეზს, წესისამებრ, იღებენ და ღრძილებს ასვენებენ.

პროთეზის უკეთ დასამაგრებლად შეიძლება სპეციალური წებოს გამოყენება.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: