იმპლანტები – სხეულის ხელოვნური ჩანართები
გააზიარე:
მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლება
ხელოვნური ბროლი და ფაკიური ლინზა
კონტრაცეფციული კანქვეშა იმპლანტი
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ მედიცინაში რევოლუცია მოახდინა. ბევრი რამ, რაც ადამიანს სამუდამოდ უნარშეზღუდულად აქცევდა, დღეს თითქმის რუტინად ქცეულ ოპერაციას ექვემდებარება. ხელოვნური სახსრები, ხელოვნური ბროლი, პეისმეიკერი სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას გვაძლევს. წლიდან წლამდე იხვეწება იმპლანტები, რომლებსაც პლასტიკური და ესთეტიკური მიზნით იყენებენ და რომლებიც, საბოლოო ჯამში, ასევე ამაღლებს ცხოვრების ხარისხს, თუმცა ამჯერად უმთავრესად სამედიცინო დანიშნულების ჩანართებზე შევჩერდებით.
რა უნდა ვიცოდეთ
სამედიცინო იმპლანტები არის სპეციალური მოწყობილობები ან ქსოვილები, რომლებიც სხეულში ან მის ზედაპირზე თავსდება. იმპლანტების დიდი ნაწილი პროთეზებია, რომლებითაც სხეულის დაკარგულ ან დაზიანებულ ნაწილებს ანაცვლებენ. სხვა ტიპის იმპლანტები სხეულს აწვდიან წამალს, აკონტროლებენ ორგანიზმის ამა თუ იმ ფუნქციას ან ამ ფუნქციების შესრულებაში ეხმარებიან.
იმპლანტი შეიძლება იყოს ბუნებრივიც – დამზადებული კანისგან, ძვლისგან ან სხეულის სხვა ქსოვილებისგან – და ხელოვნურიც – ლითონის, პლასტმასის, კერამიკის და სხვა.
არსებობს დროებითი და მუდმივი იმპლანტები. მაგალითად, სისხლძარღვში ჩადგმული სტენტი და ხელოვნური სახსარი მუდმივი იმპლანტებია, ქიმიოთერაპიული პორტი და მოტეხილი ძვლების შემაერთებელი წკირები – დროებითი.
რისკები
ისევე როგორც ყველა ქირურგიულ ოპერაციას, სამედიცინო იმპლანტების ჩანერგვასაც ახლავს რისკი. გართულებამ შესაძლოა თავი იჩინოს იმპლანტის როგორც ჩანერგვისას, ისე ამოღებისას. ყველაზე გავრცელებული გართულებებია ოპერაციის ადგილას გაჩენილი სისხლჩაქცევა, ტკივილი, შეშუპება, სიწითლე, ჭრილობის ინფიცირება, რაც უმეტესად გამოწვეულია ქირურგიული ჩარევის დროს კანის დაბინძურებით. ინფიცირებული ჭრილობის სამკურნალოდ შესაძლოა საჭირო გახდეს იმპლანტის სიახლოვეს დრენაჟის ჩადგმა, ანტიბიოტიკების მიცემა და იმპლანტის ამოღებაც კი.
კიდევ ერთი პრობლემაა თავად იმპლანტის გაუმართაობა. ამ შემთხვევაში ტარდება დამატებითი ოპერაცია იმპლანტის შესაკეთებლად ან გამოსაცვლელად (ასეთივე ჩარევის საჭიროება წარმოიშობა, თუ დროთა განმავლობაში იმპლანტი ადგილიდან დაიძრა ან მწყობრიდან გამოვიდა).
არსებობს იმპლანტის მასალის მიმართ რეაქციის განვითარების საფრთხეც, რაც მკურნალობას მოითხოვს.
თუ გითხრეს, რომ თქვენ იმპლანტი გჭირდებათ, ექიმს რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვათ:
. იმპლანტი მუდმივი იქნება თუ მოსახსნელი? თუ მუდმივია, რამდენ ხანს გაძლებს? თუ მოსახსნელია – რამდენი ხნით უნდა ჩაგინერგონ და რა ფაქტორებით განისაზღვრება მისი ამოღების დრო?
. რისგან არის დამზადდებული იმპლანტი? დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია მის რომელიმე კომპონენტზე.
. იმპლანტების ჩანერგვის რა გამოცდილება აქვს ექიმს?
. როგორია იმპლანტაციის გართულებების მაჩვენებელი?
. რა სარგებლობა მოაქვს იმპლანტაციას? აამაღლებს თუ არა ის თქვენი ცხოვრების ხარისხს?
***
მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლება
მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია, ტოტალური ართროპლასტიკა, ტარდება, როდესაც სახსრის ტკივილი ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში, ხოლო არაქირურგიული მკურნალობა უეფექტოა, უმეტესად – ართრიტის (ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი) და ოსტეონეკროზის დროს. იმპლანტაცია აღადგენს სახსრის მობილობას და ამსუბუქებს ტკივილს.
იმპლანტი სხვადასხვა სახისაა. თითოეულ მათგანს თავისი ღირსება და ნაკლი აქვს. ამასთან, ერთსა და იმავე იმპლანტს სხვადასხვა პაციენტთან შესაძლოა სხვადასხვა შედეგი ჰქონდეს.
მენჯ-ბარძაყის სახსრის იმპლანტაციის შედეგსა და ხანგრძლივობაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას:
* კონსტრუქციის თავისებურება;
* ქირურგის გამოცდილება და იმპლანტაციის ტექნიკა;
*პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, სქესი, წონა, ფიზიკური აქტიურობის დონე, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
ოპერაცია, წესისამებრ, წარმატებულია, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ იმპლანტი დატვირთვის გამო შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს და შეცვლა დასჭირდეს.
იმპლანტის მასალები
მასალის მიხედვით განასხვავებენ მენჯ-ბარძაყის სახსრის რამდენიმე ტიპის იმპლანტს. ესენია:
* მეტალი პოლიეთილენში: სახსრის თავი დამზადებულია ლითონისგან, ხოლო ბუდე – პლასტმასისგან (პოლიეთილენი) ან ამოფენილია პლასტმასით;
* კერამიკა პოლიეთილენში: სახსრის თავი დამზადებულია კერამიკისგან, ხოლო ბუდე – პლასტმასისგან (პოლიეთილენი) ან ამოფენილია პლასტმასით.
* კერამიკა კერამიკაში: სახსრის თავი დამზადებულია კერამიკისგან, ხოლო ბუდე კერამიკით არის ამოფენილი.
* კერამიკა მეტალში: სახსრის თავი დამზადებულია კერამიკისგან, ხოლო ბუდეს შიგნიდან აკრავს მეტალის ფენა.
* მეტალი მეტალში: სახსრის ყველა კომპონენტი მეტალისგანაა დამზადებული.
კონკრეტული პაციენტისთვის ოპტიმალური ვარიანტი ქირურგმა უნდა შეარჩიოს.
ქირურგიული რისკები
მენჯ-ბარძაყის სახსრის იმპლანტაციას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სამედიცინო პროცედურას, ახლავს რისკიც: მოსალოდნელია რეაქცია ანესთეზიაზე, გულის შეტევა, ჭრილობის ინფიცირება, ჭარბი სისხლდენა, თრომბების წარმოქმნა.
ოპერაციის შემდეგ, იმპლანტის ტიპისგან დამოუკიდებლად, შესაძლოა განვითარდეს:
* ბარძაყის თავის დისლოკაცია – ბუდიდან ამოვარდნა;
* ძვლის მოტეხილობა;
* სახსრების ინფექცია;
* ადგილობრივი ნერვის დაზიანება, რაც დაბუჟებით ან სისუსტით გამოვლინდება;
* იმპლანტის დაზიანება;
* სხვადასხვა სიგრძის ფეხები;
* ძვლოვანი ქსოვილის დარბილება და დაშლა (ოსტეოლიზი);
* ადგილობრივი ან სისტემური რეაქციები იმპლანტის გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკების ან იონების მიმართ.
იმპლანტის მქონე პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რა ნიშნები მიუთითებს იმპლანტის არასრულფასოვან მუშაობაზე. ექიმს უნდა შეატყობინოთ, თუ ოპერაციიდან სამი თვის ან მეტი ხნის შემდეგ განვითარდა:
* ტკივილი საზარდულის, თეძოს ან ფეხის არეში;
* შეშუპება ბარძაყის სახსრის მიდამოში;
* კოჭლობა ან სიარულის მანერის ცვლილება;
* ხმაური ბარძაყის სახსარში.
ამ შემთხვევაში, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა დამატებითი ოპერაცია ჩატარდეს.
თრომბების წარმოქმნის პრევენცია
ოპერაციის შემდეგ რამდენიმე ხანს მომატებულია თრომბების წარმოქმნის რისკი. ამის თავიდან ასაცილებლად მოწოდებულია:
* პაციენტის მალე გააქტიურება, მოძრაობის დაწყება ყავარჯნებით ან ჭოჭინით;
* ოპერაციის დროსაც და მის შემდეგაც ელასტიკური კომპრესიული წინდების ტარება;
* სისხლის გამათხელებელი საშუალებების მიღება. კურსის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დაიწყებს სიარულს პაციენტი, რამდენად აქტიური იქნება და როგორ მდგომარეობაშია მისი სისხლის შედედების სისტემა.
შედეგი
სრულ გამოჯანმრთელებას სხვადასხვა დრო სჭირდება, მაგრამ უმეტესობა ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. სრული აღდგენის პროცესი ერთი წელი გრძელდება.
ოპერაციის შედეგად მცირდება ტკივილი და იზრდება ბარძაყის მოძრაობის დიაპაზონი, მაგრამ პაციენტი არ უნდა ელოდეს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც სახსრის დაავადებამდე შეეძლო.
ხელოვნური სახსრისთვის სტრესის გამომწვევია და ამიტომ არ არის რეკომენდებული სირბილი, ფეხბურთისა თუ კალათბურთის თამაში, მაგრამ დროთა განმავლობაში პაციენტთა უმეტესობა თავისუფლად ცურავს, მართავს ველოსიპედს, თამაშობს გოლფს.
მუხლის პროთეზირება
მუხლის სახსრის ჩანაცვლების მიზანი უმეტესად ოსტეოართრიტით გამოწვეული ძლიერი ტკივილის შემსუბუქებაა. ამ დროს ადამიანს უჭირს სიარული, კიბეზე ასვლა. ზოგს ტკივილი მოსვენების დროსაც აწუხებს.
რისკი ისეთივეა, როგორიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ოპერაციის დროს. თუ ინფექციის ნიშნები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ეს ნიშნებია:
* ცხელება – 37,8 გრადუსზე მაღალი სიცხე;
* კანკალი, შემცივნება;
* გამონადენი ჭრილობიდან;
* მზარდი სიწითლე, ძლიერი მგრძნობელობა, შეშუპება და ტკივილი მუხლის არეში
ინფიცირების შემთხვევაში საჭიროა იმპლანტის ნაწილების ქირურგიული გზით ამოღება და ანტიბიოტიკებით მკურნალობა. ინფექციის აღმოფხვრის შემდეგ ტარდება კიდევ ერთი ოპერაცია ახალი პროთეზის ჩასასმელად.
მუხლის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციას თან ახლავს ხელოვნური სახსრის უკმარისობის განვითარების საფრთხეც. ყოველდღიური გამოყენება ყველაზე მტკიცე მეტალისა და პლასტმასის ნაწილებსაც კი ცვეთს. უკმარისობის რისკი უფრო მაღალია, როდესაც სახსარი ძლიერ იტვირთება ან პაციენტს აქვს ჭარბი წონა.
შედეგი
მუხლის სახსრის ჩანაცვლების შემდეგ ტკივილი უმეტესად მსუბუქდება, მოძრაობის უნარი უმჯობესდება, ცხოვრების ხარისხი მაღლდება. მუხლის ხელოვნური სახსარი შესაძლოა 15 წელზე მეტხანსაც ემსახუროს მფლობელს, მერე კი ახალი სახსრის იმპლანტაცია გახდება საჭირო.
ოპერაციიდან სამი-ექვსი კვირის ფარგლებში შეგიძლიათ განაახლოთ ყოველდღიური საქმიანობა – საყიდლებზე სიარული, სახლის დალაგება. კიდევ სამი კვირის შემდეგ ავტომობილის მართვაც შეგეძლებათ, თუ მანქანაში ჩასაჯდომად მუხლს საკმარისად მოხრით და ფეხის კუნთებს კარგად გააკონტროლებთ, რათა პედლებს შესაბამისი ძალით მიაჭიროთ. ასევე – თუ არ იღებთ ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს.
გამოჯანმრთელების შემდეგ თამამად შეგიძლიათ ცურვა, გოლფის თამაში, ველოსიპედით სეირნობა, მაგრამ უნდა ერიდოთ სირბილს, თხილამურებით სრიალს, ჩოგბურთს და სპორტის ყველა სხვა ისეთ სახეობას, რომელიც ხტომას და კონტაქტს მოითხოვს – შესაძლოა, ტრავმა მიიღოთ.
***
ხელოვნური ბროლი და ფაკიური ლინზა
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იმპლანტი ხელოვნური ბროლია. მას უმეტესად კატარაქტის დროს იყენებენ, როცა ბუნებრივი ბროლი იმღვრევა და მხედველობა ბუნდოვანი ხდება, მკვეთრი სინათლე თვალს ჭრის. პაციენტს ოპერაციას სთავაზობენ, თუ კატარაქტა ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში, მანქანის მართვაში, კითხვაში, ტელევიზორის ყურებაში, საყიდლებზე სიარულში...
ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს მაშინაც, როცა, მაგალითად, კატარაქტა ხელს უშლის თვალის უკანა ნაწილის გამოკვლევას ან მკურნალობას.
ხელოვნური ბროლი სხვადასხვა ტიპისაა. ექიმი შესაფერის ვარიანტს პაციენტთან ერთად არჩევს.
ტიპური ნაირსახეობებია:
* ფიქსირებული ფოკუსის მქონე მონოფოკალური ბროლი. ის უმთავრესად მაღალი ხარისხის შორ ხედვას უზრუნველყოფს, კითხვისას კი პაციენტი სათვალეს ხმარობს, თუმცა შეუძლია, ხარისხიანი ახლო ხედვა აირჩიოს და შორს საყურებლად იხმაროს სათვალე.
* აკომოდაციური ფუნქციის მქონე მონოფოკალური ბროლი – ასეთ ლინზებსაც ერთი ფოკუსი აქვს, მაგრამ თვალის კუნთების მოძრაობაზე რეაგირებს და ფოკუსი ახლო ან შორს მდებარე ობიექტებზე გადააქვს;
* მულტიფოკალური ბროლი – ამ ბროლის სხვადასხვა უბანს აქვს ფოკუსირების სხვადასხვა ძალა, რაც იძლევა ახლო, საშუალო და შორ მანძილზე ხედვის საშუალებას;
* ტორიული ბროლი – ეს უკანასკნელი ასტიგმატიზმის კორექციისთვის არის განკუთვნილი.
ოპერაცია
კატარაქტის ოპერაცია ამბულატორიულად, ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. თავდაპირველად სპეციალური წვეთებით აფართოებენ გუგას. შემდეგ რქოვანაზე, თვალის გარეთა გარსზე, კეთდება უმცირესი განაკვეთი და ოპერაციაც მინიმალური დიამეტრის მქონე აპარატურით სრულდება. დაზიანებულ ბროლს იღებენ და მის ნაცვლად ხელოვნურს სვამენ.
ოპერაციის შემდეგ
მხედველობა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში უმჯობესდება, თუმცა პირველ ხანებში შესაძლოა ბუნდოვანი იყოს. ფერებს ადამიანი უკეთესად აღიქვამს, ვიდრე ოპერაციამდე. ექიმი პაციენტს სამ გეგმურ ვიზიტს უნიშნავს: ოპერაციიდან ერთი ან ორი დღის შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ და ერთი თვის შემდეგ.
პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ნორმალურად მიიჩნევა ქავილის შეგრძნება და მსუბუქი დისკომფორტი. ინფექციის თავიდან ასაცილებლად, ანთების დასაცხრობად და თვალის წნევის გასაკონტროლებლად ინიშნება თვალის წვეთები ან სხვა ფორმით მისაღები მედიკამენტები. რამდენიმე დღის შემდეგ დისკომფორტი დიდწილად ქრება. სრული გამოჯანმრთელებისთვის რვა კვირაა საჭირო.
შედეგები
კატარაქტის ოპერაცია უმეტესად შედეგიანია, თუმცა ზოგიერთ პაციენტს განსაზღვრული ხნის შემდეგ უვითარდება მეორეული კატარაქტა, ბროლის უკანა კაფსულის შემღვრევა, რომელსაც მარტივად მკურნალობენ ლაზერული კაფსულოტომიით.
ფაკიური ლინზები
ახლომხედველობის სამკურნალოდ გამოიყენება ე.წ. ფაკიური ლინზაც, რომელიც ბუნებრივი ბროლის ამოღების გარეშე ინერგება თვალში, ფერადი გარსის წინ ან უკან.
***
კოხლეარული იმპლანტი სმენის გასაუმჯობესებელი ელექტრონული მოწყობილობაა. მას უსვამენ სმენადაქვეითებულ ადამიანებს, რომლებსაც შიგნითა ყურის დაზიანების გამო სასმენი აპარატი ვერ შველით.
სასმენი აპარატისგან განსხვავებით, რომელიც ხმას აძლიერებს, კოხლეარული იმპლანტი ხმოვან სიგნალებს პირდაპირ, ყურის დაზიანებული ნაწილების გვერდის ავლით აწვდის სმენის ნერვს.
კოხლეარულ იმპლანტს აქვს ხმის პროცესორი, რომელიც ყურის უკან მაგრდება. ის იჭერს ხმოვან სიგნალებს და კანქვეშ ჩამაგრებულ მიმღებს გადასცემს. მიმღები ამ სიგნალებს გარდაქმნის ელექტრულ იმპულსებად, გადაამისამართებს ლოკოკინას ფორმის შიგნითა ყურში ჩადგმული ელექტროდებისკენ და ასტიმულირებს სმენის ნერვს, რომელიც იმპულსებს თავის ტვინში გზავნის. ტვინი მათ ბგერებად აღიქვამს, თუმცა ეს ბგერები არ ჰგავს ბუნებრივ ხმებს.
კოხლეარული იმპლანტიდან მიღებული სიგნალების ინტერპრეტაცია საგანგებოდ ისწავლება. ამას დრო და ვარჯიში სჭირდება. ოპერაციიდან სამ-ექვს თვეში იმპლანტის მქონე ადამიანების უმეტესობას უკვე საკმაოდ კარგად ესმის მეტყველება.
კოხლეარული იმპლანტი შეიძლება ჩაინერგოს ერთ ან ორივე ყურში. მოზრდილებს ხშირად ერთ ყურში კოხლეარულ იმპლანტს უნერგავენ, მეორეზე კი სასმენ აპარატს ამაგრებენ. თუ სმენა მეორე ყურშიც დაქვეითებულია, შესაძლოა, მასშიც იმპლანტი ჩანერგონ. სმენის ძლიერი ორმხრივი დაქვეითების მქონე ბავშვებს კოხლეარულ იმპლანტებს ხშირად ორივე ყურში ერთდროულად უნერგავენ.
რისკები
ოპერაცია უსაფრთხოა, თუმცა არსებობს რისკებიც, მაგალითად, დარჩენილი ბუნებრივი სმენის დაკარგვა. ძალიან იშვიათი გართულებაა მენინგიტი, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მიმდებარე გარსების ანთება. გამორიცხული არ არის სასმენი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა – ამ დროს ტარდება ოპერაცია მის შესაკეთებლად ან შესაცვლელად, რაც 5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში ხდება. იშვიათია ისეთი გართულებები, როგორიცაა სისხლდენა, სახის დამბლა, ოპერაციის ადგილის ინფიცირება, სასმენ მოწყობილობაზე ინფექციის გავრცელება, წონასწორობის დარღვევა, თავბრუხვევა, გემოს პრობლემები, ყურში ხმაური, ახალი ხმების გაჩენა ან არსებულთა გაუარესება, ხერხემლის სითხის გაჟონვა.
რეაბილიტაცია
ოპერაციის შემდეგ ადამიანებისა და გარემოს ხმები განსხვავდება იმისგან, რაც პაციენტს ახსოვს, ამიტომ რეაბილიტაცია გულისხმობს ტვინის გავარჯიშებას იმპლანტის საშუალებით გაგონილი ბგერების აღსაქმელად. ტვინს დრო სჭირდება, რომ ამ ხმების მნიშვნელობა დაისწავლოს. პროცესი მუდმივია. შედეგი საუკეთესოა, როცა პაციენტი მეტყველების პროცესორს ღვიძილის საათებში უწყვეტად ატარებს.
შედეგები
კოხლეარული იმპლანტის ჩანერგვას სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა შედეგი აქვს. ეს დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და სმენის დაკარგვიდან იმპლანტაციიამდე გასულ დროზე.
საუკეთესო შედეგის მისაღებად იმპლანტი სმენის სრული დაკარგვიდან რაც შეიძლება მცირე ხნის შემდეგ უნდა ჩაინერგოს. თუ ბავშვი სმენის მნიშვნელოვანი დაქვეითებით დაიბადა, სასურველია, კოხლეარული იმპლანტის ჩანერგვა ადრეულ ასაკშივე მოხდეს.
ზრდასრულები, რომლებსაც ბავშვობიდანვე არ ჰქონიათ სმენა ან მალევე დაკარგეს, ნაკლებ სარგებელს იღებენ კოხლეარული იმპლანტაციისგან, თუმცა უკეთესობას მაინც გრძნობენ.
***
პეისმეკერი
პეისმეიკერი, იგივე კარდიოსტიმულატორი, არის გულმკერდში იმპლანტირებული პატარა მოწყობილობა, რომელიც გულის რიტმს არეგულირებს.
ჯანმრთელ გულში რიტმის წარმოქმნა და რეგულირება აკისრია გულის ელექტრულ სისტემას, რომელიც იწყება სინუსურ კვანძში – გულის ზედა ნაწილში მდებარე უჯრედთა სპეციალურ ჯგუფში – და მთელ გულში ვრცელდება. იმპულსის გავრცელებას მოჰყვება გულის კუნთის შეკუმშვა და სისხლის სისხლძარღვებში გადატუმბვა. ორგანიზმის დაბერების, ინფარქტის, გულის კუნთის დაზიანების, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების, ზოგიერთი გენეტიკური მდგომარეობის შედეგად გულის რიტმი შესაძლოა დაირღვეს, რაც კარდიოსტიმულატორის ჩანერგვის საჭიროებას წარმოშობს.
პეისმეიკერს უმთავრესად ქრონიკული ბრადიკარდიის, არითმიის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ იყენებენ. ის თავიდან გვაცილებს გულისცემის პათოლოგიურ გაიშვიათებას.
ტიპები
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, პაციენტს სხვადასხვა ტიპის პეისმეიკერს უნერგავენ. ის შეიძლება იყოს:
* ერთკამერიანი – ასეთი კარდიოსტიმულატორი ელექტრულ იმპულსებს ატარებს მხოლოდ გულის მარჯვენა წინაგულში ან მარჯვენა პარკუჭში;
* ორკამერიანი – ელექტრულ იმპულსებს ატარებს მარჯვენა წინაგულსა და მარჯვენა პარკუჭში და აკონტროლებს დროით შუალედს ამ ორი კამერის შეკუმშვებს შორის;
* ბივენტრიკულური – განკუთვნილია გულის უკმარისობისა და არითმიის მქონე პაციენტებისთვის. ასტიმულირებს მარჯვენა წინაგულს და ორივე პარკუჭს.
როგორ მუშაობს
კარდიოსტიმულატორი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას – თუ გულისცემა ზედმეტად შენელდა, მის ასაჩქარებლად გულში ელექტროსიგნალებს გზავნის.
ზოგიერთ თანამედროვე კარდიოსტიმულატორს აქვს სენსორები, რომლებიც სხეულის მოძრაობას და სუნთქვის სიხშირესაც აღიქვამს. ასეთი მოწყობილობა ფიზიკური დატვირთვის დროს ზრდის გულისცემის სიხშირეს.
კარდიოსტიმულატორი ორი ნაწილისგან შედგება:
* პულსის გენერატორისგან – ლითონის პატარა კონტეინერისგან, რომელშიც მოთავსებულია აკუმულატორი და ელექტრული სქემა. ეს უკანასკნელი აკონტროლებს გულში გაგზავნილი ელექტრული იმპულსების სიჩქარეს;
* ელექტროდებისგან – ერთი, ორი ან სამი მოქნილი, იზოლირებული მავთულისგან, რომლებიც გულის საკნებშია მოთავსებული და კუნთს ელექტროიმპულსებს აწვდის. ახალი ტიპის ზოგიერთი კარდიოსტიმულატორი უსადენოა, პირდაპირ გულის კუნთში ინერგება.
ოპერაციის შემდეგ
კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია უმეტესად ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. ოპერაციის შემდეგ პაციენტი ერთი დღით საავადმყოფოში რჩება. კარდიოსტიმულატორის დაპროგრამება ხდება მისი გულის რიტმის საჭიროების მიხედვით. ნაოპერაციევ პაციენტს ურჩევენ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ერიდოს ძლიერ დატვირთვას და სიმძიმის აწევას, არ დააწვეს გულმკერდის იმ უბანს, სადაც პეისმეიკერია ჩანერგილი.
უსაფრთხოების ზომები
თუ პეისმეკერი გაქვთ ჩანერგილი, სასურველია:
* არ დაიკავოთ მობილური ტელეფონი კარდიოსტიმულატორთან 15 სანტიმეტრზე ახლოს.
* ერიდოთ მეტალის აღმომჩენ სისტემასთან შეყოვნებას. მეტალოდეტექტორში მხოლოდ გავლა კარდიოსტიმულატორის მუშაობას არ შეაფერხებს, თუმცა განგაშს გამოიწვევს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად თან იქონიეთ მოწმობა, რომელშიც მითითებულია, რომ კარდიოსტიმულატორი გაქვთ იმპლანტირებული.
* გააფრთხილოთ ყველა ექიმი, მათ შორის – სტომატოლოგი, პეისმეიკერის შესახებ, რადგან ზოგიერთმა სამედიცინო პროცედურამ (მრი, კტ, კიბოს რადიაციული მკურნალობა, დარტყმითი ლითოტრიფსია) შესაძლოა მისი მუშაობა შეაფერხოს.
* დაიცვათ, სულ ცოტა, 60-სანტიმეტრიანი დისტანცია ელექტროენერგიის გამომმუშავებელ ისეთ აგრეგატებთან, როგორიცაა შემდუღებელი მოწყობილობები, მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები, ძრავის გენერატორები.
კარდიოსტიმულატორის მუშაობაზე, როგორც წესი, არ მოქმედებს მიკროტალღური ღუმელი, ტელევიზორი, დისტანციური მართვის პულტი, რადიო, ტოსტერი, ელექტროსაბანი, ელექტროსაპარსი, ელექტრობურღი.
ექიმმა კარდიოსტიმულატორი 3-6 თვეში ერთხელ უნდა შეამოწმოს. კარდიოსტიმულატორების უმეტესობის შემოწმება დისტანციურადაც შეიძლება, რადგან მოწყობილობა ექიმს თავად უგზავნის ინფორმაციას გულისცემის სიხშირის, რიტმის, აკუმულატორში დარჩენილი ენერგიის შესახებ. აკუმულატორი 5-15 წელიწადს ძლებს, ამის შემდეგ საჭიროა მისი შეცვლა. ეს პროცედურა უფრო სწრაფია, ვიდრე კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია და რეაბილიტაციაც უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს.
დეფიბრილატორი
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (ICD) პეისმეიკერის მსგავსი, მასზე ოდნავ მოზრდილი მოწყობილობაა. ინერგება ისევე, როგორც პეისმეიკერი, ოღონდ მისი ფუნქცია საშიში არითმიის დროს ელექტროშოკის მიწოდებაა.
არსებობს დეფიბრილატორის ორი ძირითადი ტიპი. ტრადიციული ICD გულმკერდში ინერგება და მისი სადენები გულზე მაგრდება (ამ შემთხვევში ინვაზიური ოპერაციაა საჭირო), ხოლო კანქვეშა ICD (S-ICD) კანქვეშ, იღლიის ქვემოთ იმპლანტირდება და მისი ელექტროდი მკერდის ძვალს მიუყვება. ამ უკანასკნელს უმეტესად მაშინ იყენებენ, როცა გულში არის სტრუქტურული დეფექტები, რომლებიც ხელს უშლის ICD სადენის გულზე მიმაგრებას.
როდის
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ჩანერგვას ურჩევენ პაციენტს, რომელსაც:
* აქვს მდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდია გონების დაკარგვის ეპიზოდებით;
* ჰქონდა გულის უეცარი გაჩერების ეპიზოდი;
* აქვს კორონარული არტერიის დაავადებისა და ინფარქტის ისტორია, რომლის შედეგადაც გული დასუსტდა;
* გულის კუნთი გაფართოებული აქვს;
* აქვს გენეტიკური პრობლემა, რომელიც ზრდის გულის რიტმის სახიფათოდ აჩქარების რისკს. მაგალითად, გახანგრძლივებული Qთ სინდრომის ზოგიერთი ტიპი.
გულისცემასთან დაკავშირებული პრობლემის მიხედვით, ICD შეიძლება დაპროგრამდეს:
* დაბალი ენერგიის მიწოდებაზე – გულისცემის მსუბუქ ცვლილებებზე რეაგირებისას პაციენტმა შესაძლოა იგრძნოს უმტკივნეულო ფრიალი მკერდში;
* მაღალენერგეტიკულ შოკზე – გულის რიტმის უფრო სერიოზული პრობლემების შემთხვევაში ICD იწვევს ძლიერ შოკს, რომელიც შესაძლოა იყოს მტკივნეული, გამოიწვიოს მკერდში დარტყმის შეგრძნება. ტკივილი მხოლოდ ერთ წამს გრძელდება და შოკის დასრულებისთანავე გაივლის.
წესისამებრ, ერთი შოკი საკმარისია ნორმალური გულისცემის აღსადგენად. ზოგიერთს შესაძლოა 24 საათის განმავლობაში ორი ან მეტი შოკი დასჭირდეს. მოკლე დროში სამი ან მეტი დარტყმის მიღებას ელექტრული ან არითმიული შტორმი ეწოდება. ამ შემთხვევაში ადამიანმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რათა შემოწმდეს, გამართულად მუშაობს თუ არა ICD ან დამატებით წამლის მიღება ხომ არ არის საჭირო არითმიის დასარეგულირებლად.
უსაფრთხოება
უსაფრთხოების წესები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც პეისმეიკერისთვის. Gარდა ამისა, პაციენტმა არანაკლებ 15-სანტიმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვას მაგნიტებსა და მაგნიტის შემცველ ნივთებთან, მათ შორის – ყურსასმენებსა და უკაბელო დამტენებთან.
შეზღუდვები
თუ ადამიანს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი პარკუჭოვანი არითმიის გამო აქვს ჩანერგილი, არითმიისა და ელექტროშოკის კომბინაციამ შესაძლოა გონება დააკარგვინოს, ამიტომ საკუთარი და სხვების უსაფრთხოებისთვის უმჯობესია ერიდოს მანქანის მართვას. საჭესთან დაჯდომის უფლებას პაციენტს იმ შემთხვევაში აძლევენ, თუ დეფიბრილატორის ჩანერგვიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჰქონია შოკის ეპიზოდი.
თუ ადამიანს დეფიბრილატორი ჩუნერგეს, მაგრამ არ აქვს სიცოცხლისთვის საშიში არითმიის ისტორია, შეუძლია, ოპერაციიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდეს საჭეს (თუ ამ ხნის განმავლობაში შოკი არ ჰქონია).
შედეგები
ICD მკურნალობის ძირითადი საშუალებაა მათთვის, ვინც გულის გაჩერება გადაიტანა. მას უფრო და უფრო ხშირად იყენებენ გულის უეცარი გაჩერების მაღალი რისკის მქონე პირებთანაც. ის უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა, ამცირებს გულის გაჩერებით გამოწვეული უეცარი სიკვდილის რისკს.
ICD-ის ლითიუმის ბატარეა 5-7 წელს ძლებს. მოწმდება ექვს თვეში ერთხელ. როდესაც ბატარეა თითქმის დამჯდარია, ის მცირე ამბულატორიული პროცედურით ახლით იცვლება.
ავადმყოფობის ტერმინალურ სტადიაში, როდესაც დეფიბრილატორი უსარგებლოა და მხოლოდ ტანჯვას ახანგრძლივებს, პაციენტის სურვილისამებრ, ექიმს მარტივი პროცედურით შეუძლია მისი გამორთვა.
სტენტი
მართალია, გული სხეულში არსებულ მთელ სისხლს გადატუმბავს, მაგრამ ის ამ სისხლით არ იკვებება. გულის კუნთს სისხლით ამარაგებს კორონარული ანუ გვირგვინოვანი არტერიები. როდესაც ათეროსკლეროზი ვითარდება და ამ არტერიებში ცხიმოვანი ნალექი გროვდება, გულის კუნთი სათანადოდ ვეღარ მარაგდება საკვები ნივთიერებებით, თუმცა იმავე დატვირთვით მუშაობა უწევს. ეს მდგომარეობა იწვევს სტენოკარდიას, ინფარქტს.
ხშირად გამოსავალია ანგიოპლასტიკა – სისხლძარღვის გამავლობის აღდგენა და შემდგომი შევიწროების თავიდან ასაცილებლად დაზიანებულ ადგილას სტენტის ჩადგმა.
პროცედურა
ანგიოპლასტიკა უმეტესად საზარდულის არტერიის გავლით ტარდება. პროცედურა ზოგად ანესთეზიას არ მოითხოვს. კორონაროგრაფიით ფასდება გულის არტერიების მდგომარეობა, ექიმი პოულობს დაბლოკილ ადგილს, რენტგენის კონტროლით აფართოებს და სტენტს დგამს.
სტენტი ბადისმაგვარი ლითონის კონსტრუქციაა, რომელიც სისხლძარღვს შევიწროების საშუალებას აღარ აძლევს. სტენტების უმეტესობა დაფარულია სპეციალური წამლით, რომელიც თანდათან გამოიყოფა სისხლძარღვში და იცავს მას ნადების ხელახლა წარმოქმნისგან.
პროცედურის შემდეგ
გეგმური სტენტირების შემდეგ პაციენტი მთელი ღამით რჩება საავადმყოფოში, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ჩვეულ რუტინას უბრუნდება.
პაციენტმა გულდასმით უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით მკურნალობას ეხება.
შედეგი
კორონარული ანგიოპლასტიკა საგრძნობლად ზრდის სისხლის ნაკადს შევიწროებულ ან დაბლოკილ არტერიაში. გულმკერდის ტკივილი მცირდება, ვარჯიშის მიმართ გამძლეობა იმატებს. ანგიოპლასტიკა წარმატებულად მიიჩნევა მაშინაც, როცა მისი წყალობით პაციენტი თავიდან იცილებს შუნტირებას, კორონარული არტერიის შემოვლით ოპერაციას.
ანგიოპლასტიკა და სტენტირება არ ნიშნავს განკურნებას. პაციენტმა უნდა დაიცვას ცხოვრების ჯანსაღი წესი და მიიღოს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები.
ხელოვნური სარქველი
გულის ოთხი სარქველი სისხლის ერთი მიმართულებით დენას უზრუნველყოფს. გულის შეკუმშვის დროს მათი დახურვა ხელს უშლის სისხლის უკან დაბრუნებას. ზოგჯერ სარქველები ზიანდება. უფრო სწორად, ზიანდება მათი რომელიმე ნაწილი: კარედები (აფრები), ფიბროზული რგოლი (ჩარჩო), ქორდულ-მყესოვანი აპარატი. თუ სარქველის აღდგენა ვერ მოხერხდა, ის ხელოვნური სარქვლით იცვლება.
ოპერაციის დროს გულის სარქველს იღებენ და მას მექანიკურით ან ბიოლოგიური (ძროხის, ღორის ან ადამიანის გულის ქსოვილისგან დამზადებული) სარქველით ცვლიან. ბიოლოგიურ სარქველებს ის ნაკლი აქვს, რომ ისინი პერიოდულად უნდა შეიცვალოს, მექანიკურის ჩანერგვის შემთხვევაში კი სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად ადამიანმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები. ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს თითოეული ტიპის სარქველის სარგებელს და რისკს და მისთვის საუკეთესოს შეარჩევს.
ოპერაციის შემდეგ პაციენტი ერთ დღეს ან უფრო მეტ ხანს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ატარებს, მერე კი რამდენიმე დღით პალატაში გადაჰყავთ. რეაბილიტაციის პერიოდში რეკომენდებულია აქტიური ცხოვრება – ბევრი სიარული, ხველა, სუნთქვითი ვარჯიშები, რათა გულის დატვირთვა თანდათან გაიზარდოს. პაციენტმა თვალი უნდა ადევნოს ჭრილობას, რომ ინფექციის ნიშნები არ გამოეპაროს, არ უნდა გამოტოვოს მედიკამენტების მიღება. მას რეკომენდაცია ეძლევა, დაიცვას ჯანსაღი დიეტა, რეგულარულად ივარჯიშოს, მართოს სტრესი და არ მოწიოს.
პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა (VAD)
პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა პარკუჭებს სისხლის გადატუმბვაში ეხმარება. ყველაზე ხშირად მას მარცხენა პარკუჭში ნერგავენ (LVAD). ის გამოიყენება შუალედურ პერიოდში გულის გადანერგვამდე ან გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.
LVAD რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ტუმბო მაგრდება გულის მწვერვალში. მოქნილი პლასტმასის მილით სისხლი გადადის აორტაში – მთავარ არტერიაში, რომლიდანაც ის მთელ სხეულში მიედინება. ტუმბო კანში ჩასმული კაბელით უკავშირდება სხეულის გარეთ მდებარე მართვის პულტსა და ბატარეას.
ოპერაციის შემდეგ პაციენტი რამდენიმე დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, შემდეგ პალატაში გადაჰყავთ, ეხმარებიან, რომ ყოველდღიურ აქტივობას დაუბრუნდეს, საჭიროებისას მიმართავენ გულის რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს – ვარჯიშს, დიეტას, სტრესის მართვას.
***
ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) ტვინის განსაზღვრულ უბნებში ელექტროდების იმპლანტაციას გულისხმობს. ამ ელექტროდებით მიწოდებული ელექტრული იმპულსები არეგულირებს ტვინში წარმოქმნილ არასწორ იმპულსებს ან პირდაპირ ზემოქმედებს ტვინის განსაზღვრულ უჯრედებსა და ტვინში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებზე.
სტიმულების ძალას და რაოდენობას აკონტროლებს კარდიოსტიმულატორის მსგავსი მოწყობილობა, რომელსაც გულმკერდის ზედა ნაწილში, კანქვეშ ათავსებენ. კანქვეშვე ტარდება სადენი, რომლითაც სტიმულატორი ტვინში გამავალ ელექტროდებს უკავშირდება.
ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა პარკინსონის დაავადება, ესენციური ტრემორი, დისტონია, ეპილეფსია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. მკურნალობა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომელთა სიმპტომები მედიკამენტებით ვერ კონტროლდება.
სტიმულაციის გვერდითი ეფექტებია:
* დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება;
* სახის ან მკლავის კუნთების დაჭიმულობა;
* მეტყველების დარღვევა;
* წონასწორობის დარღვევა;
* თავის სიმსუბუქე;
* მხედველობის გაორება;
* განწყობის არასასურველი ცვლილებები, ბრაზი და დეპრესია.
ოპერაციის პირველ ეტაპზე გონზე მყოფ, მღვიძარე ადამიანს ტვინში ელექტროდებს უნერგავენ. პაციენტის სიფხიზლე სტიმულაციის ეფექტების შესამოწმებლადაა საჭირო. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება მხოლოდ სკალპის დასაბუჟებლად გამოიყენება, რადგან თავად ტვინს ტკივილის რეცეპტორები არ გააჩნია. მომდევნო ეტაპზე გულმკერდის ან მუცლის კანის ქვეშ ნერგავენ სტიმულატორს და ტვინში ჩანერგილ ელექტროდებს უკავშირებენ. სტიმულატორი ტვინში უწყვეტ ელექტროიმპულსებს გზავნის. პაციენტს შეუძლია მისი ჩართვა-გამორთვა სპეციალური დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით.
ტვინის ღრმა სტიმულაცია დაავადებას არ კურნავს, მაგრამ შეუძლია შეამციროს ჩივილები და საგრძნობლად გააუმჯობესოს პაციენტის მდგომარეობა. სიმპტომები, როგორც წესი, მთლიანად არ ქრება, ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტების მიღება მაინც საჭიროა.
***
ძუძუს სილიკონის იმპლანტი არის მრგვალი ან ცრემლის ფორმის გარსი, რომელიც სავსეა სილიკონის გელით ან ფიზიოლოგიური ხსნარით (მარილიანი წყლით). მას იყენებენ როგორც კიბოს გამო მოკვეთილი მკერდის აღსადგენად, ისე ესთეტიკური მიზნით – მკერდის გასადიდებლად. უკანასკნელ შემთხვევაში სარძევე ჯირკვალი თავის ადგილას რჩება და იმპლანტი თავსდება ძუძუს ქსოვილის ან გულმკერდის კუნთების ქვეშ. სარძევე ჯირკვლის აღდგენა შეიძლება როგორც მოკვეთისთანავე, ისე მოგვიანებითაც.
თავად იმპლანტები უვნებლად მიიჩნევა, მაგრამ იმპლანტაციამ შესაძლოა ყოველთვის არ გამოიღოს იდეალური შედეგი – არსებობს მკერდის ასიმეტრიის, ტკივილის, იმპლანტის გახევის, ჭრილობის ცუდად შეხორცების, მგრძნობელობის შეცვლის, ინფექციის, სისხლდენის რისკი. მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს კაფსულური კონტრაქტურა (იმპლანტის ირგვლივ ჩამოყალიბებული ნაწიბუროვანი ქსოვილის არანორმალური გასქელება და გამკვრივება. ასეთი ქსოვილი იმპლანტს და მკერდის ქსოვილს აწვება და არაბუნებრივ ფორმას აძლევს). არსებობს ანაპლაზიური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის განვითარების ალბათობაც, თუმცა ძალიან მცირე.
თუ პაციენტს მასტექტომიის შემდეგ სხივური თერაპია დასჭირდა, შესაძლოა, იმპლანტმა გაართულოს რადიაციული თერაპიის ეფექტური მიწოდება, მოიმატოს გართულების რისკმა, კანი და მის ქვეშ მდებარე ქსოვილები გამკვრივდეს, შეშუპდეს, ამიტომ ასეთ პაციენტებს იმპლანტის ჩადგმისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ძუძუს რეკონსტრუქცია ქალს უმაღლებს თვითშეფასებას, თავიდან აცილებს გარე პროთეზის ტარების აუცილებლობას, მაგრამ იმპლანტი არც ფორმით და არც შეგრძნებებით არ იქნება ბუნებრივი მკერდის მსგავსი, ამიტომ პაციენტს გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.
***
ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად განკუთვნილი პორტი შედგება პატარა რეზერვუარისა და სილიკონის მილისგან, რომელიც საუღლე ვენაშია ჩამაგრებული. მისი ჩადგმა მარტივი პროცედურაა და ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. გულმკერდზე, კანქვეშ ჩანერგილ რეზერვუარში საჭიროებისას ერთჯერადად მაგრდება კათეტერი და რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტს მეტი ჩხვლეტა აღარ სჭირდება, ყველა გადასხმა და ანალიზი ამ კათეტერის მეშვეობით ტარდება.
პროცედურის შემდეგ პორტის მიდამოში შესაძლოა განვითარდეს შეშუპება, ტკივილი ან სისხლჩაქცევები. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე ჭრილობა არ შეხორცდება, პაციენტმა არ უნდა ჩაიცვას მჭიდრო ტანსაცმელი და არ ასწიოს მძიმე ტვირთი. ამ ხნის გასვლის შემდეგ მას შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და სპორტულ აქტივობას, მაგალითად, ცურვას, მაგრამ უნდა ერიდოს კონტაქტურ სპორტს, რომელმაც შესაძლოა პორტი დააზიანოს.
ქიმიოთერაპიის კურსის დროს პორტს გამჭვირვალე პლასტირით ფარავენ, მკურნალობისგან თავისუფალ პერიოდში კი პორტის ზემოთ კანი განსაკუთრებულ მოვლას არ მოითხოვს.
თუ პაციენტი გარკვეული ხნის განმავლობაში პორტს არ იყენებს, საჭიროა მისი ჩარეცხვა, ოღონდ ეს პროცედურა ჯანდაცვის მუშაკმა უნდა ჩაატაროს, რადგან აუცილებელია სტერილურობის დაცვა.
პორტს, გარდა იმისა, რომ ქიმიოთერაპიული მედიკამენტების მიწოდებას ამარტივებს, ინტრავენურ გადასხმასთან შედარებით სხვა უპირატესობებიც აქვს:
* პორტის ადგილი სტერილდება, რაც ამცირებს ინფექციის რისკს;
* პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა გადასხმისთვის, სისხლის ასაღებად, კონტრასტის შესაყვანად PET და CT სკანირებისთვის;
* პორტი ამცირებს მედიკამენტების კანთან კონტაქტის და შედეგად კანის გაღიზიანების რისკს.
ინტრავენური კათეტერისგან განსხვავებით, პორტი სხეულში შეიძლება დარჩეს რამდენიმე კვირის, თვის ან წლის განმავლობაში. როდესაც ის აღარ არის საჭირო, მარტივი ამბულატორიული პროცედურის საშუალებით იღებენ.
***
კონტრაცეფციული კანქვეშა იმპლანტი
კონტრაცეფციული იმპლანტი ჩასახვის საწინააღმდეგო ხანგრძლივი მოქმედების ჰორმონული საშუალებაა. ეს არის დაახლოებით ასანთის ღერისოდენა მოქნილი პლასტმასის ღერო, რომელსაც მკლავის ზედა ნაწილში კანქვეშ ათავსებენ.
იმპლანტი მუდმივად გამოყოფს პროგესტერონის მცირე დოზას, რომელიც ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოს, ათხელებს ენდომეტრიუმს – საშვილოსნოს შიგნითა გარსს და, წესისამებრ, თრგუნავს ოვულაციას - საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გადმოსვლას.
კონტრაცეფციული იმპლანტის ჩანერგვაზე ექიმი უარს ამბობს, თუ პაციენტს აქვს:
* ალერგია იმპლანტის რომელიმე კომპონენტზე;
* თრომბოზის, ინფარქტის ან ინსულტის ისტორია;
* ღვიძლის სიმსივნე ან ღვიძლის სხვა დაავადება;
* ძუძუს კიბო (ან მასზე ეჭვი);
* დაუდგენელი პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან.
კონტრაცეფციული იმპლანტი არ არის უკუნაჩვენები, მაგრამ შესაძლოა ნაკლებეფექტიანი იყოს ქალებთან, რომელთა სხეულის მასის ინდექსი (BMI) 30-ზე მეტია.
ზოგიერთი მედიკამენტი და მცენარეული საშუალება ამცირებს სისხლში პროგესტერონის დონეს, რამაც შესაძლოა დააქვეითოს იმპლანტის ეფექტიანობა. ასეთია, მაგალითად, კრუნჩხვის ზოგიერთი წამალი, ზოგიერთი სედაციური საშუალება, შიდსის სამკურნალო პრეპარატები, კრაზანას შემცველი მედიკამენტები.
კონტრაცეფციულ იმპლანტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენებია:
* მუცლის ან ზურგის ტკივილი;
* საკვერცხის არასიმსივნური ცისტების განვითარების მომატებული რისკი;
* მენსტრუალური ციკლის ცვლილება, მაგალითად, გამონადენის არარსებობა (ამენორეა);
* სექსუალური ლტოლვის დაქვეითება;
* თავბრუხვევა;
* თავის ტკივილი;
* ინსულინის მიმართ მსუბუქი რეზისტენტობა;
* განწყობის ცვალებადობა და დეპრესია;
* გულისრევა ან კუჭის აშლილობა;
* პოტენციური ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან;
* მკერდის ტკივილი;
* საშოს ანთება ან სიმშრალე;
* წონის მატება.
თავად პროცედურას სულ ერთი წუთი სჭირდება, თუმცა გარკვეული დროა საჭირო მისთვის მოსამზადებლად. ექიმი პოულობს ადგილს მკლავის შიგნითა მხარეს, ბიცეფსსა და ტრიცეფსს შორის, და ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე სპეციალური მოწყობილობით იმპლანტი კანქვეშ შეჰყავს. სასურველია, დაიდოს კომპრესიული ნახვევი, რათა მინიმუმადე დავიდეს სისხლჩაქცევის განვითარების რისკი.
იმპლანტი სამი წლის განმავლობაში მოქმედებს. ამ ხნის შემდეგ ის უნდა შეიცვალოს. მოწყობილობის ამოღებაც ადგილობრივი ანესთეზიით ხდება.
იმპლანტს ვადაზე ადრე იღებენ, თუ განვითარდა:
* შაკიკი აურით;
* გულის დაავადება ან ინსულტი;
* უმართავი მაღალი წნევა;
* სიყვითლე;
* დეპრესია.
***
კბილის იმპლანტი ყველაზე უკეთ აგვარებს კბილის დაკარგვით გამოწვეულ პრობლებებს. ეს არის ხრახნისებური ფესვი, რომელზეც მაგრდება აბატმენტი (საყრდენი), იმპლანტისა და გვირგვინის შემაერთებელი ნაწილი და ბოლოს – გვირგვინი. დენტალური იმპლანტაცია ამბულატორიულად, რამდენიმე ეტაპად ტარდება. ეს ეტაპებია:
* დაზიანებული კბილის ამოღება;
* საჭიროების შემთხვევაში ყბის ძვალში საკუთარი ძვლის ან სინთეზური ტრანსპლანტატის ჩანერგვა (გრაფტინგი), რათა იმპლანტს უფრო მყარი საფუძველი ჰქონდეს. ზოგჯერ რამდენიმე თვეა საჭირო, რომ იმპლანტი ძვალს შეეზარდოს;
* დენტალური იმპლანტის ჩანერგვა. ზოგჯერ ამავე ეტაპზე ამაგრებენ დროებით გვირგვინს;
* ძვლის ზრდა და იმპლანტთან შეხორცება ანუ ოსტეოინტეგრაცია, რასაც ასევე შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს;
* აბატმენტის განთავსება;
* გვირგვინის დამაგრება.
ზოგჯერ რამდენიმე ნაბიჯის გაერთიანება ხდება.
იმპლანტაციას შესაძლოა მოჰყვეს: ღრძილების და სახის შეშუპება, სისხლჩაქცევა კანსა და ღრძილებში, ტკივილი იმპლანტის ადგილას, მცირე სისხლდენა.
იმპლანტაცია უმეტესად წარმატებულია, თუმცა ხდება ისეც, რომ ძვალი საკმარისად ვერ ერწყმის ლითონის იმპლანტს (იმპლანტის უკმარისობას და გართულებებს ხელს უწყობს მოწევა). ამ შემთხვევაში იმპლანტს იღებენ და განსაზღვრული პროცედურების შემდეგ, დაახლოებით სამ თვეში, პროცესს იმეორებენ.
სტომატოლოგიური იმპლანტაციის სისტემები უმეტესად ტიტანის ან ცირკონიუმის ოქსიდისგან არის დამზადებული. ზოგჯერ სხვა უსაფრთხო მასალებსაც იყენებენ.
მარი აშუღაშვილი