საბავშვო მოედანი: ბუნებრივი თუ ხელოვნური?

გააზიარე:

დღევანდელი ბავშვების ყოველდღიურობა თითქმის ისეთივე დაგეგმილი და გაწერილია, როგორიც ზრდასრულების. მათ ძალიან ცოტა დრო რჩებათ გარეთ, სუფთა ჰაერზე გასატარებლად, სათამაშო მოედნებზეც ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ბავშვს აღარ სჭირდება წარმოსახვის ამოქმედება, რაც ასე აუცილებელია მისი გონებრივი განვითარებისთვის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბოლო ხანს დასავლეთის ქვეყნებში მოდური გახდა ბუნებრივთან რაც შეიძლება მეტად მიახლოებული სათამაშო მოედნები, სადაც ბავშვებს გამოწვევებთან შეჯახება უწევთ. მაგალითად, გორაკიდან ჩამოსასრიალებლად მათ გარკვეული გზა უნდა გაიარონ, იფიქრონ, ამოხსნან თავსატეხები, აამუშაონ ფანტაზია. მშობლებს, რომლებიც ყოველ უქმეებზე ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანას ვერ ახერხებენ, ასეთი მოედნები ძალიან სჭირდებათ, რადგან ისინი – რასაკვირველია, უსაფრთხოების ნორმების დაცვით – ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. ქვემოთ მოვყვებით, რატომ.

ბუნებრივი საბავშვო მოედნის ღირსებები

ბუნებასთან სიახლოვე ზრდასრული ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, ხოლო ბავშვისთვის – უბრალოდ აუცილებელი. ასეთი სივრცე მას დაუგეგმავი თამაშის საშუალებას აძლევს, რაც აუცილებელია განვითარების ფაზაში მყოფი ტვინისთვის. დაუგეგმავი თამაში ხელს უწყობს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას, ჩარჩოებიდან გასვლას ასწავლის, ავითარებს კრეატიულობას და კრიტიკულ აზროვნებას, რაც ასე გვჭირდება ყველას.

რაც უფრო მეტ დროს გაატარებს ბავშვი ბუნების წიაღში, საგანგებოდ მისთვის დაგეგმილი აქტივობების გარეშე, მით უფრო მეტ ახალ გასართობს მოიფიქრებს, მეტი ინტერესი გაუჩნდება თავის გარშემო არსებული სამყაროს მიმართ, ისე მალე აღარ მობეზრდება გარეთ ყოფნა და აღარ მოგთხოვთ გაჯეტს, როცა სრიალი მობეზრდება და აღარ ეცოდინება, რით გაერთოს.

გაჯეტებით გართობას შეჩვეულ ბავშვებს თავდაპირველად უჭირთ ბუნების წიაღში გასართობის პოვნა, მაგრამ თავად დაინახავთ, რომ ისინი ნელ-ნელა მიხვდებიან, რა საინტერესოა გაჯეტების მიღმა არსებული სამყაროც და ინტერესით დაიწყებენ მის კვლევას.

თუ მოედანი ახლოს არ გაქვთ

სათქმელად ადვილია; რა ქნან მშობლებმა, რომლებიც ვერც ქალაქგარეთ ახერხებენ ბავშვის გაყვანას და არც სახლთან ახლოს აქვთ ბუნებრივი სათამაშო მოედანი?

გულს ნუ გაიტეხთ. თუ სკოლამდელი პატარა გყავთ, იცოდეთ, რომ ქვიშაში თამაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამ ასაკის ბავშვების მოტორიკისა თუ მენტალური განვითარებისთვის, ქვიშა კი თითქმის ყველა სათამაშო მოედანზე მოიძებნება. ქვიშაში თამაშის დროს პატარა იგონებს ახალ-ახალ ფიგურებს, აშენებს კოშკებს, გაჰყავს არხები და გვირაბები. ეს აქტივობები ძალიან ახლოსაა ბუნებასთან.

თუ შედარებით მოზრდილი ბავშვი გყავთ, შეგიძლიათ, ერთად ისეირნოთ ველოსიპედებით ან ეზოსთვის მოიფიქროთ ისეთი აქტივობა, რომლებიც მხოლოდ გორაკზე სრიალს და საქანელაზე ქანაობას არ გულისხმობს. შემოდგომაზე მოაგროვეთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფოთლები, აიტანეთ სახლში და დიდ ფურცელზე აკინძეთ შემოდგომის პეიზაჟი; შეიძინეთ სხვადასხვა მცენარის თესლი და ეზოში ერთად ჩათესეთ, მერე კი დროდადრო მორწყეთ ხოლმე.

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

მიკრობები ყველა მშობელს დაუძინებელ მტრებად მიაჩნია, რადგან ისინი ყველგან არიან – ბუნების წიაღშიც და ეზოში მოწყობილ სათამაშო მოედანზეც. თამაშის დროს ძნელია, გამუდმებით აკონტროლო პატარა, რომ ხელი თვალში არ ამოისვას ან პირში არ ჩაიდოს, მაგრამ ბუნების წიაღში უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ.

სათამაშო მოედნები მოწყობილია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, შესაბამისად, ბავშვის დაშავების ალბათობა მინიმალურია, ბუნების წიაღში კი ძნელია გაუთვალისწინებელი მოვლენების თავიდან აცილება. იქ არც სპეციალური ჯებირებია და არც რბილი ნიადაგი, რომელიც ბავშვს ტრავმებისგან იცავს.

ბუნების წიაღში აუცილებლად დაგჭირდებათ მწერებისგან დამცავი სპრეი ან ლოსიონი, ასევე კარგი იქნება, თუ წაიყოლებთ პირველი დახმარების სამედიცინო საშუალებათა ნაკრებს.

თუ მაღალ ბალახში გიწევთ სიარული, ბავშვს გრძელი შარვალი უნდა ეცვას და, რაც მთავარია, მუდმივად თვალთახედვის არეში გყავდეთ, რომ არ დაიკარგოს, სადმე არ გადავარდეს ან რამე არ გადაყლაპოს. მაგალითად, პატარები შემჩნეულნი არიან ქვებისა თუ კენკრისთვის გემოს გასინჯვის მცდელობებში, ეს უკანასკნელი კი შესაძლოა შხამიანი აღმოჩნდეს.

ბუნების წიაღში უსაფრთხო ქცევის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, წიგნებში... თუ ამ წესებს დაიცავთ, ბავშვებთან ერთად დაუვიწყარ დროს გაატარებთ ყოველგვარი წინასწარ დაგეგმილი თამაშის გარეშე.

თუ არ გცალიათ

თუ ეზოში ან მახლობელ სკვერში ბავშვის ჩაყვანას ახერხებთ, მაგრამ ქალაქგარეთ გასასვლელად დრო არ გრჩებათ, აქედანაც მოიძებნება გამოსავალი. შესაბამის ასაკს (ძირითადად – შვიდ წელს) მიღწეული ბავშვებისთვის არსებობს სალაშქრო ტურები, რომლებსაც პროფესიონალი მოლაშქრეები გეგმავენ და მათივე მეთვალყურეობით მიმდინარეობს – ყოველგვარი წესის დაცვით, საჭირო ეკიპირებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობით. ლაშქრობაში თანატოლებთან ერთად თქვენი შვილი დაუვიწყარ დროს გაატარებს. ოღონდ, რასაკვირველია, ეს მისი სურვილით უნდა მოხდეს. არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ, ხოლო თუ ხედავთ, რომ ეშინია ან უთქვენოდ არ უნდა წასვლა, იქნებ პირველ ჯერზე მაინც გამონახოთ დრო და გაჰყვეთ, მერე კი, ამ გამოცდილებით მოხიბლულს, აღარ გაუჭირდება ახალი თავგადასავლების საძიებლად მარტო წასვლა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: