როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ომზე

გააზიარე:

დღეს ომი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ის არა მარტო ქალაქებს, არამედ ადამიანის ფსიქიკასაც ანგრევს.

მაშინ, როდესაც უფროსებსაც კი უჭირთ ემოციებთან გამკლავება, რა მოუვათ ბავშვებს?

ბავშვები უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას მშობლებში ეძებენ. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, რა ხდება სამყაროში, მაგრამ ფსიქოლოგიურად ყოველთვის არ არიან მზად სიმართლისთვის. სწორედ მშობლები უნდა ვიდგეთ იმის სადარაჯოზე, რასაც ხატოვნად “სულიერ წონასწორობას” ვუწოდებთ.

აკონტროლეთ საკუთარი ემოციები

თუ ომი პირდაპირ ეხება ოჯახს, მშობლის უპირველესი ამოცანა, რასაკვირველია, შვილის ფიზიკური გადარჩენაა, მერე კი, შეძლებისდაგვარად, მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც.

საკუთარი ემოციების კონტროლი, რა რთულ მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდეთ, ბავშვის ფსიქოლოგიურ წონასწორობაზე ზრუნვის ამოსავალი წერტილია. რაც უნდა ხდებოდეს გარშემო, მშობლის ღიმილი, ჩახუტება, მშვიდი ტონი ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

თუ გადაწყვეტთ, ბავშვს ასაკისთვის შესაფერისი ფორმით აუხსნათ, რა ხდება გარშემო, რა არის ომი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ემოციური მდგომარეობა უნდა აკონტროლოთ. იყავით მშვიდი, მომთმენი, ელოდეთ კითხვებს და მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველა მათგანზე პასუხი არ გექნებათ. თუმცა შეგიძლიათ, თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიოთ. აქვე სანდო და არასანდო წყაროების გარჩევასაც ასწავლით.

გაარკვიეთ, რა იცის და როგორ გრძნობს თავს

შეარჩიეთ შესაფერისი დრო და მყუდრო ადგილი ამ სენსიტიურ თემაზე სასაუბროდ (ძილის წინ ამაზე საუბარს ერიდეთ). ჰკითხეთ შვილს, რა იცის და როგორ გრძნობს თავს. ზოგმა ბავშვმა შესაძლოა არც არაფერი იცოდეს და არც აინტერესებდეს, ზოგს კი რაღაც ჰქონდეს გაგონილი ან წაკითხული და თავისთვის ნერვიულობდეს. თუ ბავშვი მცირეწლოვანია, ერთად ხატვა, ისტორიების მოყოლა და სხვა აქტივობები შესაძლოა საუბრის წამოწყებაში დაგვეხმაროს.

დაარწმუნეთ, რომ მისი გრძნობები ბუნებრივია, აჩვენეთ, რომ ყურადღებით უსმენთ და უთხარით, რომ შეუძლია, ნებისმიერ დროს მოვიდეს თქვენთან, როცა კი რამე შეაწუხებს ან კითხვები გაუჩნდება.

ნუ მიიღებთ ისეთ სახეს, თითქოს არაფერი ხდება. დღეს ბავშვს ამით ვერ მოატყუებთ – ის რეალობას მაინც შეეჯახება, სოციალურ ქსელში წააწყდება ახალ ამბებს ან მეგობრის სახლში უფროსების საუბარს მოჰკრავს ყურს... ამიტომ უმჯობესია, მშობელმა თავად გარკვიოს სიტუაციაში ისე, რომ არ შეაშინოს.

აკონტროლეთ მედიაზე წვდომა. მაგალითად, ინტერნეტით დღეს ვრცელდება ბევრი საზარელი ჩანაწერი, რომელთა ნახვაც შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს ბავშვის ფსიქიკისთვის. მორიდეთ შვილი ასეთ ინფორმაციას.

ბავშვთან საუბრისას გამოიყენეთ ასაკის შესაბამისი ენა და დააკვირდით მის რეაქციებს. დაარწმუნეთ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, უთხარით, რომ მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მუშაობს ომის შესაჩერებლად და მშვიდობის დასამყარებლად. აჩვენეთ იმის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები, როგორ ეხმარებიან ომით დაზარალებულ ბავშვებს, რამდენი ხალხია ჩართული ამ საქმიანობაში. თუ შესაძლებლობა მოგეცათ, თავადაც ჩაერთეთ მსგავს აქტივობაში. შესთავაზეთ ბავშვს, საკუთარი ნივთებიდან რამე, რაც გაემეტება, გაუზიაროს უსახლკაროდ დარჩენილ თანატოლებს. შეუძლია, წერილიც მისწეროს, დაამშვიდოს. ამგვარად ბავშვი იგრძნობს, რომ არც ისე უსუსურია, რადგან შესწევს ძალა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სხვის დახმარებაში და თავდაჯერება შეემატება.

ასწავლეთ თანაგრძნობა და ნუ განუმტკიცებთ სტერეოტიპებს

ომს მუდამ თან სდევს იარლიყები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს აწებებენ. არ გირჩევთ, ბავშვებსაც შთააგონოთ ეს სტერეოტიპები. ყურადღება გაამახვილეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ომის გამო იძულებულნი არიან, სახლ-კარი მიატოვონ, მათდამი თანაგრძნობაზე. აუხსენით ბავშვს, რომ სკოლასა და საზოგადოებაში უკლებლივ ყველა ადამიანი უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს, ბულინგი და დისკრიმინაცია გაუმართლებელია.

ნუ დატოვებთ კითხვის ნიშნებს

საუბრის დასასრულს შეამოწმეთ, რამე ხომ არ დარჩა ბავშვს გაურკვეველი. როდესაც მშობლებისადმი მიმართული კითხვები უპასუხოდ რჩება, ბავშვები, როგორც წესი, ინტერნეტში იწყებენ პასუხის ძებნას.

საუბრისას დააკვირდით ბავშვის სხეულის ენას - ხომ არ ოფლიანდება, ხელები ხომ არ უკანკალებს. თუ ატყობთ, რომ ზედმეტად შფოთავს, შესთავაზეთ შესვენება, სუფთა ჰაერზე გასეირნება.

თვალი ადევნეთ ბავშვის ემოციურ მდგომარეობას

ერთი საუბრით ნუ შემოიფარგლებით, თუნდაც ამ საუბარმა ბავშვი დაამშვიდოს, განაგრძეთ მის ემოციურ მდგომარეობაზე დაკვირვება. ჭირვეულობა, აგრესია, უმადობა, უძილობა სტრესის ნიშნებია. თუ მდგომარეობას დამოუკიდებლად ვერ ართმევთ თავს, სპეციალისტს მიმართეთ.

შფოთვის დროს ძალიან ეფექტურია ღრმა სუნთქვა: ხუთჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოისუნთქეთ პირით. ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც დაახლოებით 5-5 წამი უნდა გაგრძელდეს. აუხსენით ბავშვს, რომ ჩასუნთქვისას მისი ფილტვები ბუშტივით იბერება, ხოლო ამოსუნთქვისას ნელ-ნელა იჩუტება.

მზად იყავით, ნებისმიერ დროს ესაუბროთ შვილს მისთვის საინტერესო საკითხზე. თუ ძილის წინ მოინდომა საუბარი, უარს ნუ ეტყვით, მაგრამ საუბრის შემდეგ, დაძინებამდე, აუცილებლად წაუკითხეთ ნაწყვეტი მისი საყვარელი წიგნიდან, უმღერეთ, უამბეთ ზღაპარი, გაახსენეთ სასიამოვნო ამბავი, რომელიც ერთად გადაგხდათ თავს, რომ ემოციურად დამძიმებულმა არ დაიძინოს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: