სურვილები და საჭიროებები

გააზიარე:

გყავთ შვილი? თუ კი, დარწმუნებული ვარ, ერთი ისეთი შემთხვევა მაინც გაგახსენდებათ, როდესაც ბავშვი დაჟინებით გთხოვდათ სათამაშოს ან სხვა, მისთვის “აუცილებელი” ნივთის ყიდვას, თქვენ კი არ იცოდით, როგორ მოქცეულიყავით – შესაძლოა, იმწუთას მართლა არ გქონდათ ფული, ან გქონდათ, მაგრამ მიგაჩნდათ, რომ ბავშვისთვის ეს ნივთი სრულიად ზედმეტი იყო.

დარწმუნებული ვარ, ასეც გიფიქრიათ: ვითომ რა დაშავდება, რომ ვუყიდო? სანამ პატარაა, მანამდე მაინც ჰქონდეს ყველაფერი, რასაც მოისურვებსო, – მაგრამ თუ თქვენს შინაგან ხმას მიუგდებთ ყურს, მიხვდებით, რომ ეს არ არის გამოსავალი.

მაშ, რა არის?

პედაგოგები გვირჩევენ, ბავშვს ცნება “საჭიროს” მნიშვნელობა ავუხსნათ.

სურვილი და საჭიროება სხვადასხვა რამაა. სიამოვნება მხოლოდ ნივთებს არ მოაქვს. რაც უფრო მეტ სასურველ ნივთს მივიღებთ, მით მეტი მოგვინდება, რაც საბოლოოდ მუდმივი დაუკმაყოფილებლობის გრძნობამდე მიიყვანს. რაც უფრო მცირე ასაკიდან ასწავლით ბავშვს ამას, მით უკეთესი მისთვის.

რატომ ვერ ასხვავებენ ბავშვები საჭიროებებს და სურვილებს

როდესაც ჩემი ექვსი წლის შვილი სკოლაში მივიდა, დაიჟინა, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა ტელეფონი. მიზეზი: მის რამდენიმე თანაკლასელს ჰქონდა მობილური და მანაც იგრძნო ამ ნივთის “საჭიროება”. წუთით დავფიქრდი: რა დაშავდებოდა, მართლაც რომ გვეყიდა მისთვის ტელეფონი? ალბათ არაფერი, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ისწავლიდა ზედმეტი ნივთების შეძენით სიამოვნების განცდას, რაც ცხოვრებაში არ გამოადგებოდა, ამიტომ მშვიდად ავუხსენი, რომ სკოლაში მაინც ვერ გამოიყენებდა ტელეფონს, რომ საკუთარი მობილურის შეძენის შემდეგაც კი ვერ გაატარებდა ეკრაანთან უფრო მეტ დროს, რომ მშობლების გარეშე ვერაფერს გადმოიწერდა. ამან გაუქრო ის დაჟინებული სურვილი, თავდაპირველად რომ ჰქონდა და მიახვედრა, რომ ეს ნივთი არ სჭირდებოდა.

ასე რომ, მცირეწლოვანი ბავშვიც გაიგებს, თუ აუხსნით, რატომ არ სჭირდება ესა თუ ის ნივთი და რატომ ჯობია, მის მაგივრად სხვა, უფრო ღირებული რამ შეიძინოთ.

სკოლამდელი ასაკის პატარებთან კი საქმე ასე მარტივად არ არის. ისინი ეს-ესაა იწყებენ სურვილების კონტროლს და ძალიან უჭირთ სიამოვნების გადადება, სურვილის ასრულებაზე ცოტა ხნით მაინც უარის თქმა. მარტივი მაგალითი: მანქანით გზატკეცილზე მიქრით და უცბად ბავშვი წყალს გთხოვთ. თქვენ ეუბნებით, რომ უახლოეს მაღაზიასთან გაჩერდებით და უყიდით, მაგრამ ბავშვი ისტერიკას მართავს და ითხოვს, წყალი ამწამსვე გაუჩინოთ. სწორედ ეს არის სიამოვნების ცოტა ხნით გადადების უუნარობა. თუ ბავშვს მოთმენის ჩვევას ჩაუნერგავთ, ცხოვრება თქვენც გაგიადვილდებათ და მასაც.

ამ ასაკში ბავშვის ტვინი ჯერ საკმარისად არ არის განვითარებული საიმისოდ, რომ გაიაზროს ლოდინის, ფულის ხარჯვისა და დროის მნიშვნელობა. სწყურია? – ესე იგი წყალი უნდა დალიოს. მას უჭირს გააზრება, რომ მართლაც შესაძლებელია უახლოეს მაღაზიასთან გაჩერება და წყლის შეძენა, ამიტომ ისტერიკის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ყურადღების გადატანაა.

თუ ატყობთ, რომ დიალოგი არ ჭრის, ყურადღება ისეთ რამეზე გადაატანინეთ, რაც, თქვენი აზრით, დააინტერესებს. მაგალითად, შესთავაზეთ წითელი ავტომობილების დათვლა, შეეჯიბრეთ, ვინ უფრო მეტს დაითვლის და სხვა. ნუ მიაჩეჩებთ ხელში ტელეფონს ან სხვა ელექტრომოწყობილობას – ამით იმას მიაღწევთ, რომ ტელეფონსა და პლანშეტზე დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებთ.

აკონტროლეთ, თავად როგორ იყენებთ სიტყვა “მჭირდებას”

ხშირად უფროსების ბრალია, რომ ბავშვს მოზრდილ ასაკშიც უჭირს საჭიროებებსა და სურვილებს შორის ბალანსის პოვნა. როდესაც მისი თანდასწრებით ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს ის ლამაზი პალტო, რომელიც გუშინ მაღაზიაში ვნახეთ, ან სწორედ ის უგემრიელესი ყავა გვჭირდება, რომელსაც ჩვენს საყვარელ კაფეში ამზადებენ, ბავშვი “სწავლობს”, რომ მსგავსი ნივთებიც შეიძლება “საჭირო” იყოს და შემდეგში მასაც “დასჭირდება” ახალი სათამაშო ან გაჯეტი.

ასწავლეთ ყოველდღიური პრივილეგიების დაფასება

ბავშვის ძირითად საჭიროებებს მშობლები აკმაყოფილებენ, მაგრამ ისე, რომ ბავშვმა ეს არც იცის და არც აინტერესებს. მაგალითად, ის ვერ ხვდება, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ შინ ყოველთვის არის საჭმელი, რომ სახლში თბილა, რომ ყოველი სეზონისთვის აქვს შესაფერისი ტანსაცმელი... მან ამ საკითხებზე მართლაც არ უნდა იდარდოს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს პრივილეგიები ბევრს არ გააჩნია და ამიტომ დასაფასებელია.

აუხსენით მაგალითების მეშვეობით

დილით, სკოლაში წასვლის წინ, ჰკითხეთ, რა სჭირდება დღეს: წიგნები, რვეულები, კალამი, – და რისი შინ დატოვება თამამად შეუძლია (ეს შეიძლება იყოს მისი საყვარელი ბრელოკი ან სტიკერი, რომლის მიკვრაც სკოლის კარადაზე სურდა).

როგორ მოვახდინოთ რეაგირება ბავშვის სურვილებზე

საუკეთესო შედეგისთვის მანამდე აუხსენით ბავშვს სიტუაცია, სანამ მაღაზიაში ან თანატოლის ხელში სასურველ ნივთს დაინახავს. ერთად დაგეგმეთ, რა საჭიროება გაქვთ ამ თვეში, რისთვის რა თანხის დახარჯვას აპირებთ. ბავშვიც წინასწარ ჩააყენეთ საქმის კურსში იმის თაობაზე, რა ნივთის შეძენა შეგეძლებათ მისთვის.

შესაბამისად, როდესაც ის ახალ სათამაშოს ან გაჯეტს დაადგამს თვალს, უკვე ადვილად ეტყვით, რომ ეს ოჯახის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, მაგრამ თუ ასე ძალიან სურს მისი შეძენა, მაშინ სხვა სურვილებზე მოუწევს უარის თქმა. ასე მხოლოდ სურვილებსა და საჭიროებებს შორის განსხვავებას კი არ დაინახავს, არამედ პრიორიტეტების განაწილებასაც ისწავლის, რაც ზრდასრულ ცხოვრებაშიც დიდ სამსახურს გაუწევს.                                                                         

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: