ვსწავლობთ თამაშით
გააზიარე:
მშობლობა დიდი ბედნიერებაცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ბევრ სიხარულთან ერთად მას ბევრი საზრუნავიც სდევს თან.
ბავშვის თავის ტვინის განვითარება, როგორც მეცნიერები იტყოდნენ, შენობის არქიტექტურას ჰგავს. საფუძველი იმ გენეტიკური მასალით იყრება, რომელიც ბავშვს მემკვიდრეობად ერგო, ხოლო ის, თუ როგორ აშენდება კედლები, როგორ მოეწყობა შიდა სივრცე, იმ ურთიერთობებზეა დამოკიდებული, რომლებსაც პატარა სიცოცხლის პირველ წლებში იღებს. ჩვენი შვილებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი მათთან ერთად თამაში და მათთვის დათმობილი დროა.
ვინმემ რომ გვკითხოს: “რა არის თამაში?” – ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, არადა ინტუიციურად ყველამ ვიცით ამ ცნების მნიშვნელობა. მეცნიერთა თქმით, ყველაფერი, რასაც ბავშვი საკუთარი თავისთვის სპონტანურად აკეთებს, თამაშია. მას მიზანი არ გააჩნია, სიხარულის, სიამოვნების წყაროა და პატარა განვითარების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადაჰყავს.
ბავშვთა ფსიქოლოგები მშობლებს გვირჩევენ, შვილებთან თამაში სიცოცხლის პირველივე დღეებიდან დავიწყოთ. გარდა იმისა, რომ ეს ურთიერთობის იდეალური შესაძლებლობაა, თამაშის დროს ბავშვი თავისი უნარების მაქსიმუმს ავლენს, რასაც თან ახლავს სიხარული, ეს ყველაფერი კი ჯანსაღი თვითშეფასებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარია.
დაბადებისას პატარა ხვდება ახალ გარემოში, რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რომელშიც ცხრა თვე გაატარა. აქ ყველაფერი ცვალებადია: სინათლეს სიბნელე ცვლის, სიცხეს – სიცივე, სიჩუმეს – ხმაური... ჩვილს უჭირს ამ ყველაფრისთვის სახელის დარქმევა, პირველი თვეების განმავლობაში სიმშვიდე მისთვის მხოლოდ მშობლის სახეს, ხმასა და სუნს მოაქვს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში მშობლებმა უნდა გავაკეთოთ, არის ხშირი კონტაქტი შვილთან, წყნარი საუბარი ან ღიღინი, პოზიტიური და კომუნიკაციით მდიდარი თამაშები.
ოთხ თვემდე ბავშვმა არ იცის, რა არის თამაში, თუმცა ინსტინქტურად სხვადასხვანაირად მოძრაობს, აკვირდება საგნებს, უსმენს ხმებს. 6-დან 9 თვემდე ის იწყებს გარემოს შესწავლას, დამოუკიდებლად ჯდომას, ხოხვას და ზოგჯერ დგომასაც კი, შეუძლია მშობლიური და უცხო სახეების გარჩევა. ერთი წლის ასაკში კიდევ უფრო თავდაჯერებული ხდება, კარგად ფლობს სხეულს.
მუცელზე თამაში (TUMMY TIME)
დროის უმეტეს ნაწილს ჩვილი ზურგზე მწოლიარე ატარებს, ამიტომ ცოტა ხნით მუცელზე გადმობრუნება მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. როდესაც პატარა მშვიდად არის და არ ეძინება, დააწვინეთ მყარ ზედაპირზე (სასურველია, საბავშო ხალიჩაზე) რამდენიმე წუთით. ეს პროცესი არც ისე სასიამოვნოა ბავშვისთვის, ამიტომ უმჯობესია, დაიწყოთ მოკლე პერიოდებით და თანდათან გაახანგრძლივოთ. მუცელზე წოლის წასახალისებლად ბავშვს წინ დაუწყვეთ სათამაშოები, შავ-თეთრი ნახატები (სამ თვემდე პატარები სამყაროს სწორედ ამ ფერებში ხედავენ)...
როდის დავიწყოთ tummy time? – ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით, მისი დაწყება შეიძლება ჩვილის სამშობიაროდან გამოწერის პირველივე დღიდან. მაგრამ გახსოვდეთ: პირქვე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკს, ამიტომ ახალშობილს ყოველთვის ზურგზე უნდა ეძინოს!
რა სარგებლობა მოაქვს tummy time-ს?
* ავითარებს მოტორულ უნარ-ჩვევებს – მუცელზე წოლის დროს ხდება კისრისა და ზურგის კუნთების განვითარება, რაც პატარას თავის დაჭერაში, გვერდზე გადაბრუნებასა და ხოხვაში ეხმარება. კვლევების თანახმად, ჩვილს, რომელიც მუცელზე მწოლიარე არ ატარებს განსაზღვრულ დროს, შესაძლოა მოტორული განვითარება დაუგვიანდეს.
* ამცირებს თავის ქალას დეფორმაციის რისკს – ჩვილს, რომელიც ბევრ დროს ატარებს ზურგზე მწოლიარე, შესაძლოა ბრტყელი თავის სინდრომი განუვითარდეს.
* ხელს უწყობს სენსორულ განვითარებას.
ხის პირამიდა
ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, სათამაშო პირამიდა ექვსი თვიდან მივცეთ პატარებს. ხშირად მას საბაზისო სათამაშოდაც მოიხსენიებენ, რომელიც ბავშვს ფერის, ფორმისა და ზომის აღქმის უნარის განვითარებაში ეხმარება. პირველი, რაც ექვსი თვის ბავშვს მოეთხოვება, პირამიდის დაშლაა ყოველდღე თითო რგოლის მოხსნით. რვა თვიდან წლამდე მისი აწყობა უნდა ასწავლოთ, ერთი წლიდან წელიწად-ნახევრამდე კი – სწორად აწყობა. პირამიდის აწყობისას ბავშვი თვალსაჩინოდ ხედავს შრომის შედეგს, შეთანხმებულად მუშაობს მისი თვალი და ხელი, ვითარდება ნატიფი მოტორიკა (ნატიფი მოტორიკა არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს წვრილი კუნთები – ისეთი, როგორიცაა მაჯის კუნთები, თითების მომხრელი და გამშლელი კუნთები, თვალის სწორი და ირიბი კუნთები, რომლებიც მხედველობის მიმართულებას განსაზღვრავს).
“ჭიტა”
“ჭიტა” ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია, რაც კი კაცობრიობას ჩვილისთვის მოუგონია. ეს ერთი შეხედვით მარტივი გასართობი ავითარებს მსხვილ მოტორიკას, აძლიერებს თვალის მიდევნების უნარს და ხელს უწყობს სოციალურ განვითარებას. ყველაფერთან ერთად, “ჭიტა” საუკეთესო საშუალებაა ობიექტის მუდმივობის გასაგებად. იცოდით, რომ ჩვილებს მხოლოდ იმის არსებობისა სჯერათ, რასაც თვალით ხედავენ? ამიტომაც გაეტირებიან ხოლმე ოთახიდან გასულ დედას – მათთვის ყველაფერი, რაც მათი მხედველობის არეალიდან ქრება, აღარ არსებობს.
ახალშობილებს “ჭიტა” შეგიძლიათ სახეზე ხელების აფარებით ეთამაშოთ – თქვენს შვილს ხომ ყველაზე მეტად თქვენი სახის დანახვა ახარებს. ოდნავ რომ წამოიზრდება, ამ თამაშის სხვა ვარიაციები შესთავაზეთ, მაგალითად, დაუმალეთ საყვარელი სათამაშო ბალიშის ან საბნის ქვეშ, სთხოვეთ მოძებნოს, მერე კი დიდი ოვაციებით "იპოვეთ".
დაბოლოს, ეს თამაში საუკეთესო გზაა, განუვითაროთ თქვენს პატარას იუმორის გრძნობა.
სენსორული ბოთლები
ბავშვის გასახარებლად ძვირად ღირებული გასართობები არ არის აუცილებელი. მარტივი, ბრჭყვილა და, რაც მთავარია, განმავითარებელი სათამაშოების დამზადება შინაც შეგვიძლია.
სენსორული (მგრძნობელობითი) სფეროს განვითარება მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის სწორი და ჯანსაღი ჩამოყალიბებისთვის.
ვიღებთ პლასტმასის გამჭვირვალე ბოთლს, ვყრით შიგ ყველაფერ ფერადს, რასაც ვპოულობთ: ღილებს, მძივებს, ბრჭყვიალა ქაღალდის ნაკუწებს, – ვასხამთ წყალს და პატარაც ბედნიერია ახალი გასართობით. სენსორული ბოთლი განსაკუთრებით გამოსადეგია tummy time-ის დროს.
გახსოვდეთ, რომ თამაში აუცილებელია ფიზიკური, ემოციური და გონებრივი განვითარებისთვის. პატარები სწორედ თამაშით შეიცნობენ გარე სამყაროს.
თამთა კაპანაძე