ნანა ბეიტრიშვილის თოჯინების სამყაროში
გააზიარე:
სადაც არ უნდა ნახოთ ნანა ბეიტრიშვილის ნახელავი, ავტორს იოლად ამოიცნობთ – დიზაინერმა საზოგადოებას საკუთარი, მკვეთრად ინდივიდუალური სტილით დაამახსოვრა თავი.
განსხვავებული თემატიკა, განწყობა, ემოცია და ხელწერა ერთნაირად მიჰყვება ნანას ხელით შექმნილ შემოდგომის დედოფლებს, თოვლისფერ პატარძლებს, იისფერ ფერიებს, ზღვისფერ და ქარვისფერ მინიატურულ ქალბატონებს – თოჯინა-სამკაულებს, რომლებითაც ყველა ასაკის ქალს შეუძლია მოიწონოს თავი.
ნანა საკუთარ თავსა და შემოქმედებაზე ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ის, რასაც მისი ნამუშევრები ჰყვებიან ავტორის შესახებ, საკმარისია.
როცა მუშაობს, თითქოს მინიატურულ განზომილებაში გადადის. უმცირესი დეტალებისგან ულამაზეს თოჯინებს ქმნის. მუზა რომ არსებობს, ამაზე შემოქმედი ადამიანები არც კი დავობენ, თუმცა ის ყოველთვის სხვადასხვანაირია და ნანასაც უყვარს ექსპერიმენტები. ალბათ ამიტომ არის, რომ ქალი მის ნამუშევრებში ყოველთვის ახალ, განსხვავებულ ამპლუაში გვევლინება, ყოველი თოჯინა განსხვავებულ ასოციაციებს ქმნის.
– გჭირდებათ სპეციალური გარემო ან განწყობა მუშაობისთვის?
– რასაკვირველია, მჭირდება, რადგან ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინსპირაცია, არამედ შრომაც, დეტალებზე ორიენტაციაც, საბოლოო შედეგზე ფიქრთან ერთად – თავად მუშაობის პროცესით ტკბობაც. თავდაპირველად დეტალები – თავი, თმა, ტანი, ხელები იქმნება, მერე – შესაბამისი აქსესუარები: ქუდი, ჩანთა, ქოლგა... ბოლოს კი იწყება ყველაზე საინტერესო – თოჯინის აწყობის პროცესი. სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ სრულყოფს თავის თავს თითოეული მათგანი. სავსებით იდენტური დეტალებისგან აწყობილი ორი თოჯინაც კი არასოდეს გამოდის ერთნაირი – ეს საიდუმლო დღემდე ვერ ამოვხსენი.
პროფესიით ექიმია, მაგრამ ხელოვნება ბავშვობიდანვე იტაცებდა. ხელსაქმისკენ ყოველთვის მიუწევდა გული. ჯერ კერვა დაიწყო, მერე ფოთლებით მხატვრობამ გაიტაცა, მერე სამკაულის დიზაინით დაინტერესდა... ხუთი წელია, რაც თოჯინებს ერთგულობს. ალბათ იმიტომ, რომ მათში ყველა ინტერესის გაერთიანება შეძლო –პაწაწინა ქალბატონებისთვის მინიატურულ ტანსაცმელს და აქსესუარებსაც ხომ თვითონვე ქმნის.
– წლების წინ მოდელიორობაზე ვოცნებობდი, საკუთარი ხელით შეკერილი კაბებით ვიწონებდი თავს. სამოსისთვის შესაფერის აქსესუარებსაც თვითონვე ვქმნიდი, ვუხამებდი ფეხსაცმელს, ჩანთას, სათვალესაც კი. გარშემო მყოფები აღნიშნავდნენ, რომ სტილის გამორჩეული შეგრძნება მქონდა... მინდოდა, საკუთარი სალონი გამეხსნა, მაგრამ ოცნებას ხორცი ვერ შევასხი. ახლა თოჯინების მოდელიორი ვარ და ვფიქრობ, რომ გამიმართლა.
თოჯინების ისტორია
იდეა სპონტანურად გაჩნდა. მეგობრის გულსაკიდმა – მინატურულმა მეტალის თოჯინამ მიიპყრო მისი ყურადღება. ისე მოიხიბლა, რომ დაიწყო ფიქრი, რით შეეძლო ლითონის ჩანაცვლება. თავი, ტანი და ხელები მძივებისგან ააწყო, ფეხებად თოკები გამოიყენა, კაბა შეუკერა და თოჯინაც შეიქმნა. მოგვიანებით ტყავის აქსესუარები დაამატა – კოპწია ფეხსაცმელები, მაქმანებით გაწყობილი ქუდი, ციცქნა საყურეები, სამაჯურები, მარცვლისოდენა ჩანთა და ასე შეიმოსა პრანჭია გოგო.
თავდაპირველად თოჯინა-საკიდებს ამზადებდა გასაღებებისთვის. მათ გულსაბნევების, საყურეებისა და გულსაკიდების სერია მოჰყვა. მერე თოჯინებს სადგამი გაუკეთა და სუვენირებად აქცია. თუმცა ყველაზე მეტი მყიდველი, როგორც თავად ამბობს, მაინც თოჯინა-გულსაბნევებს ჰყავს.
– თოჯინის კეთება რთული და საინტერესო პროცესია, რომელიც უფიდეს ფიზიკურ და სულიერ ენერგიას მოითხოვს. თითქმის ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს. ბევრი რამის გაგება შეიძლება იმ ადამიანისგან, რომელიც თოჯინას ყიდულობს. მისი გამომეტყველება, მისი გულწრფელი ემოცია ყველაფრის მთქმელია. სასიამოვნო სანახავია, როგორ არჩევს აქსესუარს და როგორი სიხარულით მიაქვს. ძალიან მახარებს, როცა ჩემს თოჯინებს შვილები დედებს სჩუქნიან, ქმრები – ცოლებს, მოსწავლეები – მასწავლებლებს. ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა ჩემი თოჯინები ასე შეიყვარა.
თოჯინა გოგონასთვის, რომელიც ჩვენს სულში ცოცხლობს
– მეგონა, ჩემი თოჯინებით უმთავრესად ახალგაზრდა გოგონები დაინტერესდებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ უფრო ხშირად ოცდაათ წელს გადაცილებული ქალბატონები ყიდულობენ. ამ ფაქტმა გამაოცა, მერე კი მივხვდი მიზეზს: ქალი, რომელიც ახალგაზრდობას ეთხოვება ან უკვე გამოეთხოვა, თოჯინებით თავის შინაგან ბავშვთან კავშირის შენარჩუნებას ცდილობს.
ჩემს თოჯინებს არ აქვთ სახე, ისინი პლასტიკით, სამოსით და ფერებით გადმოსცემენ თავიან ინდივიდუალურობას. მფლობელს შეუძლია, წარმოსახვით საკუთარი ნაკვთებიც დაინახოს თოჯინაში და ეს ბევრს ხიბლავს.
ხელოვნების მიღმა
– მიყვარს ბავშვები. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. პედიატრიის ფაკულტეტი დავამთავრე და ექიმობის ხანმოკლე გამოცდილებაც მაქვს – სამი წელი ვიმუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად, მაგრამ მალევე მივატოვე ეს საქმიანობა – ხელოვნებამ თავის გზაზე წამიყვანა.
თვრამეტი წელი ვაკის სამების ტაძარში ვგალობდი, შვიდი წელი კი გრიგოლ ხანძთელის სახელობის საჯარო სკოლაში გალობასა და ხელოვნებას ვასწავლიდი. ბავშვებთან ურთიერთობამ აქაც დიდი გამოცდილება შემძინა. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. თანაც პატარები სიცოცხლის საოცარ ხალისს ასხივებენ.
ჩემი მეუღლეც ექიმია. სამი შვილი გვყავს. უფროსი ქალიშვილი პროფესიით ფლორისტია, უმცროსმა, ჩემს მაგალითზე, სამკაულის დიზაინერობა არჩია, თორმეტი წლიდან ქმნის აქსესუარებს და აქვს თავისი ბრენდი NINUთშA.
ორი ქალიშვილის შემდეგ, ორმოცდაორი წლისას, ნაბოლარა ვაჟი შემეძინა.
ექვსი შვილიშვილი გვაჩუქა უფალმა. ვცდილობ, მათთვის საუკეთესო მეგობარი ვიყო. ოჯახია ჩემი მთავარი სიმდიდრეც და ბედნიერებაც.
ჯადოსნური პროცესი, რომელიც თამაშს ჰგავს
თავდაპირველად ნამუშევრებს მაღაზიებში აბარებდა, მერე ინტერნეტით დაიწყო გაყიდვა. ამჟამად წელიწადში რამდენიმე კოლექციას ქმნის და პარალელურად შეკვეთებზეც მუშაობს. მისი კოლექციები თემატურია – ხან წელიწადის დროებს უკავშირდება, ხანაც მუზის ნაჩურჩულებ იდეებს ასხამს ხორცს.
– მიღწეულით არასოდეს ვარ ბოლომდე კმაყოფილი, გამუდმებით უკეთესის შექმნისკენ ვისწრაფვი. შემოქმედი საკუთარ წარმოსახვას ემორჩილება, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმაზეც უნდა ფიქრობდეს, ვისთვისაც ქმნის, მაშასადამე, ხალხის მოთხოვნებზეც იყოს ორიენტირებული. ეს ალბათ საკმარისია იმისთვის, რომ ხელოვნება და ბიზნესი დამეგობრდნენ.
ნანა ამბობს, რომ თოჯინების შექმნა ჯადოსნური საქმიანობაა, რომელიც რაღაცით თამაშსაც ჰგავს:
– ადრე პასტელური, ჩამქრალი ფერები მომწონდა, მერე მკვეთრი, ნათელი პალიტრა შემიყვარდა, მაგრამ მწვანე ფერი ჩემს ფავორიტად რჩება – მას ხომ ყველაზე ფართო გრადაცია აქვს და მთელ დედამიწას აფერადებს.
უყვარს შემოდგომის თბილი ფერებიც, ამიტომ საშემოდგომო კოლექციაზე განსაკუთრებული სიყვარულით მუშაობს. ბროწეულის ყვავილებით შთაგონებული თოჯინების სერიაც აქვს და ფირუზისფერი დედოფლებიც, რომლებიც გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს.
რამდენიმე გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მორიგი პროექტის საკითხი პანდემიის გამო ჯერ კიდევ გაურკვეველია. დიდი ხანია, პერსონალური გამოფენისთვის ემზადება და იმედი აქვს, ამ ოცნებასაც აიხდენს.
თამარ ციბალაშვილი