უშბა ანუ ლეკვის აღზრდის შესახებ

გააზიარე:

(პირველი ნაწილი)

ყოველთვის ვიცოდი, რომ ძაღლი მეყოლებოდა, ოღონდ, როგორც ხდება ხოლმე, ამ საქმეს განუსაზღვრელი მომავლისთვის ვდებდი. ძაღლების თავშესაფარში ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურმა მოხალისეობრივმა საქმიანობამ კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ძაღლის ყოლა... მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ დილას სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა ჩემმა გოგონამ თან ციცქნა ლეკვი მოიყოლა: მთელი ღამე მესმოდა ტირილი, დილით გარეთ გავედი და ხმით მივაგენი ამ აბღავლებულ არსებას; იქ ხომ ვერ დავტოვებდი, არც დედა ძაღლი ჩანდა ახლომახლო და არც ადამიანი, შევიფაროთ და ოჯახი მოვუძებნოთო.

სასაცილო, მოცუცქნულ ლეკვს გზაში ჩასძინებოდა. უსაფრთხო ადგილას რომ დაიგულა თავი, ტირილის რეჟიმი გამორთო და ცნობისმოყვარეობა და მადლიერება ჩართო. დაბანცალებდა, კუდს განუწყვეტლივ აქიცინებდა და ყოველ კუთხე-კუნჭულს იკვლევდა.

ლეკვს პაწაწა შავი კუდის ბოლოს თეთრი სამკუთხედი უმშვენებს. ამის შემხედვარე ანას თოვლიანი მწვერვალი გაახსენდა და ბიჭუნას სახელიც შევურჩიეთ – უშბა.

უშბა კატის საკვებით დავაპურეთ. ჩამთბარმა, დანაყრებულმა და დამშვიდებულმა, ტკბილად ჩაიძინა, მე კი იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ მეპოვა უშბასთვის კარგი ოჯახი.

უპირველეს ყოვლისა, უშბა ექიმთან უნდა წაგვეყვანა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, წონა შეგვემოწმებინა, კვების რეჟიმი და აცრების განრიგი დაგვედგინა. ამას ფოტოსესია და გაჩუქების პროცედურები მოჰყვებოდა.

ასე დასახლდა მოუსვენარი, საოცრად ენერგიული, ქარაშოტივით დაუცხრომელი არსება ჩვენს ბინაში. უშბას გამოჩენამ ყველაზე მეტად ფოსო, ჩემი კატა შეაღონა. ფოსოს ჰქონდა სხვა კატებთან ურთიერთობის გამოცდილება – დროდადრო ვიფარებდი ხოლმე ქუჩის ფისოებს, მაგრამ ლეკვი მისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. ჩემდა გასაოცრად, ფოსო მოთმინებით იტანს უშბას ცელქობას და ცდილობს, ისე შეაჩეროს, რომ კლანჭებისა და ეშვების გამოყენება არ დასჭირდეს. უშბაც ხვდება, რა შეიძლება და რა – არა, სად და რა სიმძლავრით აქვს თავისი სამართებელივით ბასრი კიჭების გამოყენების ნება. სხვათა შორის, ფოსოს მეთოდი ჩვენც გადმოვიღეთ და ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა, თუმცა ამის შესახებ დაწვრილებით მომდევნო წერილებში მოგიყვებით.

ერთი სიტყვით, უშბა დღემდე ჩემი ოჯახის წევრია და მის გაჩუქებაზე ფიქრიც კი აღარ მინდა. ვერ წარმომიდგენია, შინ შევიდე და ეს უზრმაზარი სიხარული არ შემომეგებოს. უშბა ზღაპრის გმირივით დღეობით კი არა, საათობით იზრდება. ახლა იმაზე ხუთჯერ დიდია, ვიდრე პოვნისას იყო. ექიმის თქმით, ის მალამუტის ან ჰასკის მეტისია და შინიდანაც, სავარაუდოდ, ამ მიზეზით გამოაგდეს – როგორც ჩანს, “სუფთა სისხლით” ვერ მოაწონა თავი ადამიანებს.

მინდა, ჩვენი რუბრიკის მკითხველებს იმ უმთავრეს სირთულეზე ვესაუბრო, რომელსაც აუცილებლად წააწყდებით, თუ შინ, ბინაში, პატარა ოთხფეხის მიყვანა გაქვთ გადაწყვეტილი.

გამოგიტყდებით, მეგონა, საკმაოდ გამოცდილი ვიყავი და ყველა დაბრკოლებას ადვილად გადავლახავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის რამდენიმე მომენტი, რომლებზეც აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, თუ ჯერ კიდევ ორჭოფობთ და ლეკვის აყვანა ბოლომდე არ გადაგიწყვეტიათ. პირველ რიგში, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თქვენს ბინაში დასადგურებულ სიმშვიდეს, წესრიგსა და სისუფთავეს პერიოდულად დაემუქრება ბუნებრივი “კატასტროფა” – შარდის გუბე ან “სურნელოვანი განძი”, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით არაერთი საათის გატარება მოგიწევთ ბინის დასუფთავებასა და დეზინფიცირებაში.

დავიწყოთ თავიდან. ლეკვი შინაა. რა გამოწვევებისთვის უნდა ვიყოთ მზად?

გამოწვევა პირველი – ტუალეტი

ლეკვი ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ადგილს არ და ვერ არჩევს. ის შარდავს ნებისმიერ ადგილას, კუჭის მოქმედებაც იმდენჯერ შეიძლება ჰქონდეს, რამდენჯერაც იკვებება და უფრო მეტჯერაც.

გავრცელებული შეხედულების თანახმად, ლეკვს საკუთარ ექსკრემენტებში ცხვირის ჩაკვრით, ყვირილით, წამორტყმით უნდა მივახვედროთ, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ნებისმიერ ადგილას არ შეიძლება.

ძალიან გთხოვთ, დაივიწყეთ ყველა ასეთი რჩევა და ნურასოდეს გამოიყენებთ ამ საზარელ მეთოდებს თქვენი ოჯახის ოთხფეხა წევრის მიმართ.

თუ გსურთ, ფსიქიკურად ჯანსაღი, თქვენდამი პატივისცემითა და სიყვარულით განმსჭვალული ზრდასრული ძაღლი იყოლიოთ, ფიზიკური სასჯელი დაივიწყეთ. აღიჭურვეთ მოთინებით და უკიდეგანო, უპირობო სიყვარულით.

მაშ, როგორ გადავაჩვიოთ ლეკვი ყველგან მოსაქმებას?

არსებობს სპეციალური საფენები, რომელთა ფასიც, ხარისხის, ზომის, ყიდვის ადგილის მიხედვით, ლარ-ნახევრიდან სამ ლარამდე მერყეობს. დღეში ორიდან ხუთამდე საფენი დაგჭირდებათ. როგორც ხვდებით, ხარჯი საკმაოდ სოლიდურია. თუ თქვენი ბიუჯეტი მას ვერ გასწვდება, საფენების ნაცვლად შეგიძლიათ ძველი გაზეთები ან ნაჭრები გამოიყენოთ.

როგორც კი ლეკვი დაიწყებს იატაკის ყნოსვას, მოუსვენრად რაღაცის ძებნას, სხეულის უკანა ნაწილის “მომზადებას”, სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ იმ ადგილას, სადაც საფენი აფენია. გირჩევთ, ის ბინიდან გასასვლელი კარის სიახლოვეს დააფინოთ. მოგვიანებით, როცა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება დასჭირდება, ლეკვი სწორედ იმ ადგილს მიაკითხავს.

ექსცესების თავიდან ასაცილებლად ლეკვზე მუდმივი დაკვირვებაა საჭირო. საათში ერთხელ დასვით იმ ადგილას, სადაც მისთვის ნებადართულია მოსაქმება.

სამახსოვრო:

• სანამ ლეკვი აცრების კომპლექსს არ დაასრულებს, მისი გარეთ გაყვანა არ შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებები მან შინ უნდა დაიკმაყოფილოს.

•  მოიმარაგეთ საფენები, ძველი გაზეთები, ძველი ტანსაცმელი, რომელიც გადასაყრელად არ დაგენანებათ.

•  საფენი დააფინეთ გასასვლელი კარის ახლოს. მოგვიანებით უკვე ზრდასრული ლეკვი იქ დგომით მიგახვედრებთ, რომ გარეთ გაყვანის დროა.

•  საათში ერთხელ, ყოველი ჭამისა და წყლის დალევის შემდეგ, და ღამის განმავლობაში ორ-სამჯერ დასვით ლეკვი იმ ადგილას, სადაც მოსაქმება ნებადართულია. როგორც კი საქმეს მოითავებს, შეაქეთ.

• არავითარ შემთხვევაში არ უყვიროთ, არ დაარტყთ და არ ჩააყოფინოთ ცხვირი საკუთარ ექსკრემენტებში. ამ შემთხვევაში ის ადგილსა და ქმედებას კი არ დაუკავშირებს ერთმანეთს, არამედ ქმედებასა და თქვენს რეაქციას. მაშასადამე, ჩათვლის, რომ სასჯელი მოსაქმებას მოჰყვება და არა კონკრეტულ ადგილზე მოსაქმებას და მომავალში შეეცდება, კარგად დამალოს “განძი”.

•  მზად იყავით იმისთვის, რომ მოსაქმებულის მოწმენდა დღეში რამდენჯერმე მოგიწევთ. ლეკვი არ არის რობოტი, რომელსაც დააპროგრამებ და მყისიერად მიიღებ სასურველ შედეგს. ტუალეტის რუტინის მიჩვევას ორი-სამი კვირა და მეტიც კი სჭირდება.

• ყველა ლეკვს ჰყავს ჭიები. ჭიებზე დამუშავების პროცედურის შემდეგ მის ექსკრემენტებს, დიდი ალბათობით, ჭიებიც გამოჰყვება. ამისთვის მზად უნდა იყოთ და დასვრილი ადგილი შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო სადეზინფექციო ხსნარით დაამუშაოთ.

• ქლორისა და ქლორის შემცველი ქიმიური საშუალებების გამოყენება არ შეიძლება – ლეკვები ყველაფერს ლოკავენ და თუ იატაკი ქლორით იქნება დამუშავებული, ამ ნივთიერების ნაწილაკები მის ორგანიზმშიც მოხვდება, ლეკვისთვის კი ისინი მომწამვლელია!

• დროთა განმავლობაში, ლეკვის რეჟიმზე დაკვირვებისა და ცდისა და შეცდომის მეთოდის წყალობით, დაადგენთ, დღის რომელ მონაკვეთში იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს ლეკვი.

მომდევნო წერილებში მოგაწვდით დეტალურ რჩევებს იმის თაობაზე, როგორ ასწავლოთ ლეკვს მნიშვნელოვანი ბრძანებები: “დაჯექი! დაწექი! არა!” – და როგორ გაუმკლავდეთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას – პაწაწა ბასრი კბილების შემოტევებს.

სხვათა შორის, ჩემმა ნიჭიერმა მოწაფემ, რომელიც, ექიმის თქმით, ჯერ მხოლოდ თორმეტი-ცამეტი კვირისაა, უკვე წარმატებით დაისწავლა ეს ბრძანებები, ტუალეტის რუტინაზე კი ჯერაც მოთმინებით ვმუშაობთ.

ნინო ლომიძე

გააზიარე: