ელენე შავდია: “ჩემს მოდელებს გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უკავია”

გააზიარე:

“შავდია” ქართული ბრენდია, რომელიც ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანებს მათთვის საინტერესო ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს სთავაზობს. გამოსასვლელი და ყოველდღიური მოდელების ერთგვარი მიქსი სხვადასხვა განწყობისა და სტილის შესაფერისი ნივთის პოვნას გიადვილებთ. რაც მთავარია, ქართველი დიზაინერის ნამუშევრები დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა, თითოეულ მათგანში კონკრეტული ისტორია, ეთნიკური ფესვები და შინაარსი იკითხება, ყველა დეტალში საქმისადმი სკრუპულოზული დამოკიდებულება ჩანს. ალბათ, ამიტომაც გახდა ბრენდი ასეთი ტრენდული და მოთხოვნადი.

ელენე შავდია მოდის ტენდენციებსა და ამ ინდუსტრიაში საკუთარ ნიშაზე გვესაუბრა:

– ნივთში თანხას ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიხდი, თუ ის რაღაც შინაარსის მატარებელია და არ არის შექმნილი მხოლოდ ერთი სეზონისთვის ან კონკრეტული ტრენდისთვის. თავადაც ამავე პრინციპით ვქმნი სამოსს და ამიტომაც ჩვენს მოდელებს გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

გვსურს, რეალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხიანი და განსხვავებული სამოსი. გვინდა, ჩვენი პროდუქცია რაღაც აზრს ატარებდეს და მხოლოდ ჩასაცმელი არ იყოს, რომელიც ადამიანებს უამრავი აქვთ გარდერობში. გვინდა, თითოეული ნივთი რაღაცას ახსენებდეს, ასწავლიდეს, რაღაცაზე აფიქრებდეს ადამიანს, გვინდა, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიასთან ამა თუ იმ ფორმით ყველას შეეძლოს შეხება. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ – "ატარე შენი წილი საქართველო"...

– თქვენს ნამუშევრებში ფიროსმანის თემა ამიტომაც არის აქტუალური?

– ფიროსმანი ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს რეალობას. ესეც რომ არა, ვინ, თუ არა ფიროსმანი?!

მოდა და სტილი

– სტილი ისეთი რამაა, რასაც ყველა თვითონ ირჩევს, რადგან ის ხასიათზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მოდაზე. თუმცა მოდასაც ყველა თავისებურად აღიქვამს. ჩემი აზრით, დღეს ის ბიზნესი უფროა, თანაც არცთუ მეგობრული. თუ მოვლენებს ჩამორჩი, ფეხი ვერ აუწყვე და ცოტათი მაინც ვერ გაუსწარი, შენს ადგილს დაკარგავ ამ ინდუსტრიაში. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ძალიან აჩქარდა. შესაძლებლობებიც გაფართოვდა. მიუხედავად ამისა, ჩნდება განცდა, თითქოს ადამიანებმა უფრო ნაკლები ვიცით, უფრო ნაკლებს ვსწავლობთ, ნაკლებს ვასწრებთ... როცა მოდაზე ვსაუბრობთ, მთავარია, გვესმოდეს იმ ნივთების ღირებულება და საჭიროება, რომლებსაც ვიძენთ, გვესმოდეს, რატომ არის ესა თუ ის ნივთი ზუსტად ისეთი, როგორიც არის და რატომ ღირს იმდენი, რამდენიც ღირს. აჩქარებულმა დრომ მოიტანა პრაგმატული დამოკიდებულებები და გვესმის, რომ ადამიანებს სჭირდებათ შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი ტანსაცმელი, მაგრამ არა ამდენი. თუ ნაკლები პროდუქცია იწარმოება, ხარისხი უკეთესი იქნება და სამოსი დიდხანს არ გაცვდება, მის შემქმნელს კი შედარებით მეტს გადაუხდიან, რაც მის პასუხისმგებლობას და მონდომებას გაზრდის.

და მაინც, ვფიქრობ, თუ მომხმარებელს შესთავაზებ ურთიერთობას და იმ ხარისხს, რომელსაც შენგან მოელის, თუ შეუქმნი გამორჩეულ ასოციაციებს, თუ ადამიანს შეეძლება, შენ მიერ შექმნილი სამოსით გამოხატოს თავისი ინდივიდუალობა, ხასიათი და განწყობა, გაყიდვა აღარ იქნება დამოკიდებული არც ბრენდირებაზე და არც სტატუსზე. ბაზარზე ოპერირებაც უფრო გამარტივდება.

ყოველდღიური რუტინა

– ჩემი სამუშაო დღე ჩვეულებრივი რუტინაა. დილა ბავშვებით იწყება. შემდეგ საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ – ქსოვილების შესყიდვა, მოდელებზე მუშაობა...

მაქსიმალურად ვცდილობთ, ნატურალური ქსოვილები გამოვიყენოთ. ხშირად დავდივართ გამოფენებზე და მასალას იქ ვყიდულობთ, თუმცა პანდემიის გამო მოწოდება საკმაოდ გართულდა. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მომწოდებლებს დიდად არ უნდა ვენდოთ, ამიტომ ქსოვილებს საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც თავად ვარჩევ. მიუხედავად ამისა, ყოფილა შემთხვევები, არჩეული ქსოვილი აღარ მომწონებია, კონკრეტულ მოდელს არ მორგებია ან მუშაობის პროცესში დაგვიწუნებია. სამწუხაროდ, ასეთი ამბისგან არავინ არის დაზღვეული და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები დიდ ფინანსურ ზარალთან არის დაკავშირებული, მაინც მთელ პარტიას ვიღებთ ხოლმე გაყიდვიდან.

პროფესიის ხიბლი

ბუნებით სამართლიანობისთვის მებრძოლმა, თავდაპირველად იურისტის პროფესია აირჩია, მაგრამ მერე პროფილი შეიცვალა – დიზაინერი გახდა.

– პროფესია დღეს ჩემთვის ყველაფერია, თუ არ ჩავთვლით ოჯახს. სწორედ მას მიაქვს ჩემი ყოველი თავისუფალი წუთიც და წამიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა უფრო კომერციული ხასიათისაა და ამის გამო ხიბლის გარდა ყველაფერზე გიწევს ფიქრი, მაინც მიმაჩნია, რომ ამ პროფესიაში ყველაზე მიმზიდველი თავისუფლებაა.

მთავარი კი შრომაა. ამ ეტაპამდე ბევრი შრომისა და უძილო ღამის შედეგად მოვედით. ვისურვებდი, საქმისადმი ყველას ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ალბათ ჩვენი ცხოვრებაც ბევრად უკეთესი იქნებოდა.

მოდის ინდუსტრიაში, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, მთავარი პრობლემა მაინც დაუცველობის განცდა და ხვალინდელი დღის შიშია. ბევრს აქვს ასეთი განწყობა, განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო. იმის მაგივრად, რომ მომავალზე იფიქრო და გრძელვადიანი გეგმები დააწყო, დღევანდელი დღით გიწევს ცხოვრება და ცდილობ, აწმყოსგან მაქსიმუმი მიიღო.

პერსპექტივები

– დღეს პერსპექტივა აქვს ყველას, ვისაც მუშაობა არ ეზარება. შესაბამისად, კონკურენციაც ძალიან დიდია მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი ნიშა და სტაბილურობის განცდაც.

ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა უცხოეთშიც იზრდება, ამიტომ ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას და საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას. ვნახოთ, რა გამოვა. ყველა გეგმას, რომელიც დავისახეთ, ნელ-ნელა ხორცი შევასხით. ვვითარდებით და თითქმის ყველაფერს უკვე თვითონ ვაწარმოებთ, რაც საქმეში უფრო მობილურებს და მოქნილებს გვხდის.

ავტოპორტრეტი

პრიორიტეტები და ამოცანები მკაფიოდ აქვს განსაზღვრული. მიზანს ხედავს და ყოველთვის მასზე იღებს სწორებას. მიაჩნია, რომ მისი წარმატება სიჯიუტის დამსახურებაა. თუ რამეს ვიტყვი და გულში ჩავიდებ, აუცილებლად მივაღწევ, მთების გადადგმაც რომ დამჭირდესო, ამბობს.

ოცნება არ უყვარს. თუ გონებაში რამე იდეა გაუელვებს, ცდილობს, რეალობად აქციოს.

შეცდომებზე სწავლობს. მიაჩნია, რომ სწორედ შეცდომები მიგვახვედრებს, რა უნდა შევცვალოთ.

– ხშირად მიფიქრია, რომ შეცდომა ყველას მოსდის და ეს ტრაგედია არ არის. როცა უსამართლოდ მექცევიან, შეიძლება უცებ გული დამწყდეს, მაგრამ დავფიქრდები ხოლმე და ვხვდები, რომ ესეც ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოვლენაა, არაფერი განსაკუთრებული... მთავარია, პატიება შევძლო. პატიება კი, მგონია, რომ დაპირება უფროა, ვიდრე გრძნობა. როდესაც ადამიანს აპატიებ, თითქოს პირობას დებ, რომ წარსულ შეცდომებს მის წინააღმდეგ არ გამოიყენებ. არაფერი ისე არ ათავისუფლებს, როგორც პატიება.

მიაჩნია, რომ ურთიერთობაში მთავარი გულწრფელობაა, თუმცა მეგობრებს ამ თვისებით არ არჩევს. საამისოდ დრო არ რჩება. დარწმუნებულია, რომ ღმერთი თავად გვიგზავნის საჭირო დროს საჭირო ადამიანებს, ჩვენ კი, როგორც გვჩვევია, უბრალოდ სახელებს ვარქმევთ, სტატუსებს ვუნაწილებთ...

ოჯახი

ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა. ჰყავს უმცროსი და და დედა, რომელიც დღემდე მხარში უდგას და ახლაც ბრენდის ერთ-ერთ ფილიალს ხელმძღვანელობს ბათუმში.

– მამა ადრე გარდამეცვალა. დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულფასოვანი, შემდგარი ადამიანები ვყოფილიყავით. მყავს მეუღლე და სამი შვილი. ჩემი ოჯახი ჩემი საყრდენია.

– როგორი დედა ხართ?

– ლოცვისას უფალს ვთხოვ, გამხადოს უკეთესი ჩემი შვილებისთვის. ვცდილობ, ვიყო მეგობრული დედა. ვფიქრობ, რომ მათთვის პატივისცემა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მოსიყვარულე დამოკიდებულება.

– ბავშვებს თუ აჩვევ სტილის შერჩევას, გემოვნებით ჩაცმას?

– ამ საკითხში თითქმის არასდროს ვერევი. სტილი და გემოვნება მათი არჩევანია. როგორც დედა, უფრო, თავიანთ უფლებებს და მოვალეობებს ვასწავლი. მინდა გაიაზრონ, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული და ჩარჩო. ვცდილობ, ჩავრთო იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც მათ და მათ გარემოს ეხება. ასე გავიზარდე მეც და, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, პიროვნული თავისუფლების გააზრებისთვის, რადგან თავისუფლება არის სიტყვა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობებს აერთიანებს, რომელიც ყველა კეთილშობილურ იდეას იტევს.

თამუნა ციბალაშვილი

გააზიარე: