რადიაციული ავადმყოფობა
გააზიარე:
ადამიანები რადიაქტიურ სამყაროში ვცხოვრობთ. რადიაცია ჩვენი ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ნაწილია, ამიტომ რეგულარულად ვსხივდებით. დასხივების ნახევარი მოდის ჰაერში არსებული რადონის, კოსმოსური სხივებისა და დედამიწის გამოსხივების წილად, ნახევარი კი – ადამიანის მიერ სამედიცინო, კომერციული თუ ინდუსტრიული მიზნით შექმნილი რადიაციის წყაროების წილად, თუმცა მიჩნეულია, რომ დასხივების ეს დოზა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.
ისტორია
რადიაციული ავადმყოფობის პირველი შემთხვევები იაპონელმა ექიმებმა აღწერეს. ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შემდეგ მათი ყურადღება მიიპყრო უცნობმა დაავადებამ, რომელიც ვლინდებოდა ერთბაშად აღმოცენებული სიმპტომებით ორგანიზმის აშკარა დაზიანების გარეშე. დღეს უკვე ცნობილია, რომ ეს რადიაციული დასხივების დაყოვნებული ეფექტები იყო.
დოზები და კლასიფიკაცია
დასხივების დოზას სხვადასხვა სისტემით ზომავენ. გავრცელებული საზომი ერთეულებია გრეი, ზივერტი, რემი და რადი. 1 რადი 0.01 გრეის ტოლია.
დასხივების შედეგების დოზაზე დამოკიდებულება ასეთია:
. 30 რადამდე – ვითარდება მსუბუქი ცვლილებები სისხლში;
. 30-200 რადი – მოსალოდნელია დაავადება;
. 200-დან 1000-მდე რადი – მოსალოდნელია მძიმედ დაავადება;
. 1000 რადზე მეტი – მოსალოდნელია ფატალური შედეგი.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, რადიაციული ავადმყოფობა ანუ მწვავე რადიაციული სინდრომი დიაგნოსტირდება, როდესაც:
. ადამიანი იღებს 70 რადზე მეტ დასხივებას დროის მოკლე მონაკვეთში – ჩვეულებრივ, წუთების განმავლობაში – მისი სხეულის გარეთ არსებული წყაროდან,
. დასხივება მოქმედებს მთელ ან თითქმის მთელ სხეულზე და
. აღწევს შინაგან ორგანოებში.
ატომური აფეთქებისას ადამიანი რადიაციის ორ დოზას იღებს: ერთს – უშუალოდ აფეთქებისას, მეორეს კი – მოგვიანებით, რადიაქტიური ნაწილაკების გავრცელების შედეგად.
რადიაციას მცირე რაოდენობით საკვები და წყალიც შეიცავს. მწეველებზე რადიაციის უფრო დიდი დოზა მოქმედებს, ვიდრე არამწეველებზე, ვინაიდან თამბაქოს შემადგენლობაში შედის ნივთიერება, რომელიც დაშლისას პოლონიუმ 210-ად გარდაიქმნება.
ყველაზე მეტ დასხივებას იღებენ ასტრონავტები – ერთი კოსმოსური შატლის მისიის შესრულებისას მიღებული რადიაციის დოზა 25 რადს აღწევს.
რა არის რადიაცია
რადიაცია ენერგიაა, რომელიც გამოთავისუფლდება ატომებისგან ტალღის ან უმცირესი ნაწილაკების სახით. რადიაციული ავადმყოფობა მაიონიზებელი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედების შედეგია. ასეთია რენტგენის სხივები, გამა სხივები და ნაწილაკების (ნეიტრონების, პროტონების და სხვ.) ნაკადები. ამ ტიპის რადიაციას იყენებენ სამედიცინო (დიაგნოსტიკა, მკურნალობა), სამრეწველო და ტექნოლოგიური მიზნით. ასეთ დასხივებას გამიზნული ეწოდება.
მაიონიზებელ გამოსხივებასთან კონტაქტის შედეგების სამ ტიპს განასხვავებენ: მწვავეს, დაყოვნებულს და ქრონიკულს. რადიაციის დიდი დოზები საშიშია ორგანიზმზე მყისიერი გავლენის გამო, ხოლო მცირე დოზებს აქვს პოტენციალი, მოგვიანებით გამოავლინოს ეფექტები, რომლებიც სხეულის ორგანული და გენეტიკური დაზიანებით გამოიხატება. რადიაცია უჯრედებს შეუქცევადად აზიანებს და რაც უფრო ხშირად სხივდება ადამიანი, მით უფრო იმატებს ჯანმრთელობის პრობლემების რისკიც.
რადიაციულ გამოსხივებას ადამიანზე კუმულაციური ანუ დაგროვებითი ეფექტი ახასიათებს.
სხვადასხვა რადიაქტიურ ნივთიერებას სხვადასხვა თვისებები და მოქმედების მექანიზმი აქვს. ეფექტი დამოკიდებულია რადიაციის დოზაზე, ტიპზე, ხანგრძლივობაზე, სიხშირეზე, დასხივების ფართობზე. მაგალითად, ერთჯერადი რენტგენოგრაფიის დროს მიღებული რადიაციის დოზა, წესისისამებრ, მავნე არ არის, თუმცა დანარჩენი სხეული მაინც იფარება ტყვიის ფარით ზედმეტი დასხივების თავიდან ასაცილებლად, ხოლო რადიოლოგი გადაღების დასრულებამდე ტოვებს გამოსახულებითი კვლევის ოთახს.
როდის და როგორ
მწვავე რადიაციული ავადმყოფობის დროს დასხივება ხდება ერთჯერადად და დიდი დოზით. დაავადებაც მალევე ვითარდება, ქრონიკული ფორმა კი გახანგრძლივებული მცირე დასხივებათა ჯამური შედეგია და სიმპტომები დასხივებიდან გარკვეული ხნის, ზოგჯერ წლების შემდეგაც კი მჟღავნდება.
რადიაციული ავადმყოფობის სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, დიარეა, მადის დაქვეითება, სისუსტე, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, ცხვირიდან, პირის ღრუდან, ღრძილებიდან, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევა, დამწვრობა ან ღია წყლულები კანზე, დეჰიდრატაცია (სხეულის გაუწყლოება), ცხელება, თმის ცვენა, დასხივებული უბნების ანთება (სიწითლე, მგრძნობელობა, შეშუპება, სისხლდენა), წყლულების გაჩენა პირის ღრუში, საყლაპავში, კუჭსა და ნაწლავებში. მდგომარეობის სიმძიმე იმაზეა დამოკიდებული, რადიაციის მიმართ რამდენად მგრძნობიარე ქსოვილები დასხივდება. რადიაციული დაზიანების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ძვლის ტვინი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. განვითარებადი ნაყოფი და ბავშვები ზრდასრულებზე გაცილებით მოწყვლადნი არიან.
სიმპტომების მიხედვით განასხვავებენ მწვავე რადიაციული მოწამვლის 4 სტადიას:
. პროდრომული სტადია – გულისრევა, ღებინება, დიარეა, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება;
. ლატენტური სტადია – სიმპტომები თითქოს ქრება და რამდენიმე საათის, ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს;
. აშკარა სტადია – დასხივების ტიპის მიხედვით, პრობლემები წარმოიშობა გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, სისხლმბად და ცენტრალურ ნერვულ სისტემებში;
. ბოლო სტადია – შესაძლოა, დასრულდეს ნელ-ნელა გამოჯანმრთელებით ან ფატალურად.
ვინაიდან ატომური აფეთქების დროს რადიაციული დასხივების ოდენობის განსაზღვრა ძნელია, დასხივების სიმძიმეს ყველაზე თვალსაჩინოდ ასახავს დასხივებიდან სიმპტომების გაჩენამდე გასული დრო, სიმპტომების სიმძიმე, სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების, ცვლილებათა სიმძიმე.
თუ ადამიანს ღებინება დაეწყო დასხივებიდან არა უგვიანეს 1 საათის შემდეგ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანმა ძალიან ძლიერი დასხივება მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
საშუალო დოზით დასხივების შემდეგ ავადმყოფობის სიმპტომები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე პერიოდის განმავლობაში მჟღავნდება.
ერთჯერადი ან განმეორებითი მცირე დოზა ასე მალე არ იწვევს სიმპტომებს, მაგრამ მოგვიანებით შესაძლოა პრობლემების წყაროდ იქცეს.
განმეორებითი დასხივების გახანგრძლივებული ეფექტებია ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, რაც ამცირებს ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარს, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, რაც ზრდის გარეგანი და შინაგანი სისხლდენების რისკს, უნაყოფობა, თირკმლის ფუნქციური ცვლილებები, რასაც რამდენიმე თვეში ანემიამდე, არტერიული წნევის მატებამდე და სხვა დაავადებებამდე მივყავართ. მოსალოდნელია კანის სიწითლე, კატარაქტა, გულის პრობლემები.
ქრონიკული დასხივების მოგვიანებითი შედეგებია სიმსივნური დაავადება, ნაადრევი დაბერება.
დიაგნოზი
დიაგნოზი ეფუძნება რადიაციული დასხივების ისტორიას. დასხივებიდან ღებინებამდე გასული დროის საფუძველზე აფასებენ ადამიანის რადიაციული დაზიანების დონეს.
მათი მდგომარეობის მონიტორინგისთვის, ვისაც რადიაციასთან ჰქონდა კონტაქტი, გამოიყენება სპეციალური მრიცხველები (მაგალითად, გეიგერის მრიცხველი). თუ სავარაუდოა კონტაქტი არაგამაგამოსხივებად რადიონუკლიდებთან, მოწმდება შარდი, ხოლო თუ საეჭვოა რადონის შთანთქმა, ტარდება რადონის სუნთქვის ტესტი.
პირველი დახმარება
პირველი დახმარების გაწევისას დამხმარე პერსონალი სათანადოდ უნდა იყოს დაცული, რათა დასხივებულმა მასაც არ შეუქმნას საფრთხე. უპირველეს ყოვლისა, მოწმდება სუნთქვა და გულისცემა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება გულ-ფილტვის რეანიმაცია. შემდგომი რადიაციული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად დასხივებული ადამიანის ტანსაცმელი სპეციალურ კონტეინერში თავსდება. ამის შემდეგ რეკავენ გადაუდებელი დახმარების ცენტრში, რათა მოხდეს პაციენტის უსაფრთხო გადაყვანა.
დაზიანების შესამცირებლად კანს დაუყოვნებლივ ბანენ წყლითა და სპეციალური ხსნარებით, რომლებიც შეიცავს ეთილენდიამინ ტეტრააცეტატს (EDთA – აგენტი, რომელიც ბევრ რადიაქტიურ იზოტოპს ბოჭავს). მცირე ზომის ჭრილობები საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. ჩაყლაპვის შემთხვევაში იწვევენ ღებინებას ან, თუ მცირე ხანია გასული, ამორეცხავენ კუჭს.
თუ ავადმყოფობის სიმპტომები რადიაციული მკურნალობის დროს ან მის შემდეგ განვითარდა, პაციენტს სასწრაფოდ უწევენ სამედიცინო დახმარებას პროტოკოლის მიხედვით. ბავშვებს დასხივებისას სიმპტომებისა და ლეიკოციტების რაოდენობის მიხედვით მკურნალობენ. მდგომარეობის სათანადოდ შესაფასებლად ხშირად ტარდება სისხლის ანალიზი.
რეკომენდებულია, ადამიანი არ დარჩეს იქ, სადაც დასხივება მიიღო, სხეულის დამწვარ უბნებზე არ წაისვას (ან არ წაუსვან) მალამო, გამოიცვალოს დაბინძურებული ტანსაცმელი და აუცილებლად მიმართოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.
სიმპტომების მიხედვით ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც შეამცირებს გულისრევას, ღებინებას და ტკივილს. სისხლის გადასხმა საჭიროა, როცა გამოხატულია ანემია – ჯანსაღი ერითროციტების ნაკლებობა. ანტიბიოტიკებს კი ინფექციის დროს გამოწერენ.
თუ სავარაუდოა რადიაქტიური იოდის გამოფრქვევა, ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციით, დასხივებულს უნიშნავენ კალიუმის იოდიდის ტაბლეტებს, რათა დაიბლოკოს ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიაქტიური იოდის შთანთქმა და გაიზარდოს დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფილი შარდის რაოდენობა.
ბერლინის ლაჟვარდი ბოჭავს ცეზიუმის და თალიუმის მარილებს და ხელს უშლის მათ შეწოვას.
ნეიპოგენი (ფილგრასტიმი) ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების გამრავლებას. გამოიყენება ძვლის ტვინის დაზიანების დროს.
გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს მკურნალობა დამხმარეა და სიმპტომების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მისი მიზანია შოკისა და ჟანგბადის ნაკლებობის დაძლევა, ტკივილისა და შფოთვის შემსუბუქება, კრუნჩხვების კონტროლი.
მთელი სხეულის დასხივების შემდეგ განვითარებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების შემთხვევაში მკურნალობის ტიპს სიმპტომების სიმძიმის მიხედვით არჩევენ. მსუბუქი დასხივების შემდეგ, წესისამებრ, საკმარისია ღებინების საწინააღმდეგო და სედაციური საშუალებები. თუ პაციენტს დამოუკიდებლად კვება შეუძლია, სასურველია, შეუდგინონ კვების მსუბუქი რეჟიმი. საჭიროების შემთხვევაში ხდება სითხეების, ელექტროლიტების და პლაზმის გადასხმა. მათი რაოდენობა და ტიპი განისაზღვრება სისხლის ქიმიური შემადგენლობის (ელექტროლიტები და ცილები), არტერიული წნევის, პულსის, გამოყოფილი შარდის რაოდენობის და კანის ტურგორის (ელასტიკურობის) მიხედვით.
სისხლმბადი სისტემის დაავადები, რომლებსაც თან ახლავს სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, სისხლდენა ან ანემია, ისევე იმართება, როგორც ძვლის ტვინის სხვა მიზეზებით გამოწვეული ჰიპოპლაზია და პანციტოპენია. ამ დროს მოწოდებულია ანტიბიოტიკებით თერაპია, სისხლის გადასხმა, თრომბოციტების გადასხმა (ამ უკანასკნელის გვერდითი ეფექტია იმუნური პასუხის განვითარება განმეორებითი ტრანსფუზიის შემდეგ). აუცილებელია სტერილიზაციისა და ასეპტიკის წესების ზედმიწევნით დაცვა ყველა ტიპის პროცედურის დროს და მკაცრი იზოლაცია პათოგენურ მიკრობებთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად. გასათვალისწინებელია, რომ პარალელურად არ შეიძლება ჩატარდეს სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპია ან გამოყენებულ იქნეს ძვლის ტვინის დამთრგუნველი სხვა მედიკამენტები.
რადიაციული წყლულები და სიმსივნეები მოითხოვს ქირურგიულ მოკვეთას და პლასტიკურ აღდგენას. რადიაციით გამოწვეულ ლეიკემიას მკურნალობენ როგორც სხვა სპონტანურად განვითარებულ ლეიკემიებს, ანემია კი სისხლის გადასხმით იმართება. თრომბოციტული მასების გადასხმით ხდება თრომბოციტების დეფიციტით გამოწვეული სისხლდენის მართვა.
პრევენცია
რადიაციული დაავადების თავიდან ასაცილებლად უნდა ვერიდოთ ზედმეტ და უსარგებლო დასხივებას, მაგალითად, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან რენტგენოგრაფიას, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის. სამედიცინო პერსონალს ყოველთვის უნდა ეკეთოს დამცავი ფარი რენტგენოგრაფიული კვლევისა თუ რადიაციული თერაპიის დროს. მან, ვინც რადიაციის წყაროს არეალში მუშაობს, უნდა ატაროს სპეციალური რადიაციული დოზიმეტრები დასხივების დონის შესაფასებლად.
მარიამ რამაზაშვილი