კუნთოვანი დისმორფია: მოდა თუ ფსიქიკური აშლილობა?
გააზიარე:
საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ქალბატონების წყალობით პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინის პრიორიტეტულ დარგად იქცა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ უფრო და უფრო იზრდება სხეულის ფორმების დახვეწის მსურველ მამაკაცთა რიცხვიც, რაც, მეცნიერების აზრით, ყურადსაღებია და შესაძლოა სახიფათოც კი იყოს.
რას ნიშნავს
კვლევების თანახმად, სპორტდარბაზში მოვარჯიშე ათი მამაკაციდან დაახლოებით ერთს სხეულის დისმორფული აშლილობის ერთ-ერთი ფორმა – კუნთოვანი დისმორფია აღენიშნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სხეულის დისმორფული აშლილობის (იმავე სხეულის დისმორფიის, დისმორფული სინდრომის ან დისმორფოფობიის) მქონე ადამიანები იტანჯებიან თავიანთი გარეგნობის შესახებ აკვიატებული უარყოფითი აზრებით, რამაც შესაძლოა თვითშეფასების დაქვეითება, სოციალური ურთიერთობებისთვის თავის არიდება და სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს. განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში ადამიანი შესაძლოა სახლში ჩაიკეტოს და სუიციდური ფიქრები მოეძალოს. თვითმკვლელობის მცდელობაც კი არ არის გამორიცხული. ასეთი ადამიანები ასრულებენ განსაზღვრული ტიპის კომპულსიურ ან განმეორებად მოქმედებებს (მუდმივად იმოწმებენ კუნთებს სარკეში და ეჯიბრებიან სხვებს).
ვის და როდის ემართება
კუნთების დისმორფული აშლილობა უმეტესად მამაკაცებს ემართებათ. მისი სიმპტომები საშუალოდ 19 წლის ასაკში იჩენს თავს, უმთავრესად კი 20-დან 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აღირიცხება. დაავადების გავრცელების ზუსტი მაჩვენებელი უცნობია, თუმცა, კვლევების თანახმად, სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე მამაკაცების 22% აკმაყოფილებს კუნთების დისმორფიის კრიტერიუმებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ დაახლოებით 0,5%-ს შესაძლოა აღნიშნული აშლილობა ჰქონდეს. დაავადებულთა უმეტესობა ძალოსანი და ბოდიბილდერია.
ასევე უცნობია დისმორფოფობიის მიზეზი. ვარაუდობენ, რომ მის განვითარებაში გენეტიკური და გარემო ფაქტორები (ბულინგი, დაბალი თვითშეფასება) მონაწილეობს. მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სოციალურ მედიას – სადღეისოდ აღიარებული “იდეალური სხეულის” მოდელი ვარჯიშით, ერთი შეხედვით, იოლი მისაღწევია, მაგრამ სინამდვილეში არარეალურია.
კვლევები მოწმობს, რომ მედიის მიერ დაკუნთული სხეულის გაფეტიშებით გამოწვეულ დისმორფოფობიას ადამიანები სხეულის არასწორ და დამახინჯებულ აღქმამდე მიჰყავს.
რწმენა, რომ დაკუნთული სხეული მნიშვნელოვანია, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გავლენითაც შეიძლება ჩამოყალიბდეს. შეყვარებული გოგონას მიერ ნათქვამი ფრაზაც შეიძლება დისმორფოფობიის გამშვებ მექანიზმად იქცეს. ზოგიერთი მამაკაცი დაკუნთული სხეულისკენ ისწრაფვის, რათა თავი დააღწიოს გარშემო მყოფების აგდებულ დამოკიდებულებას, დაცინვას, ბულინგს.
გაქვთ თუ არა დისმორფოფობია
დიაგნოსტიკა სპეციფიკური კრიტერიუმების მიხედვით ხდება. ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ კუნთების დისმორფიის მქონე ადამიანებს მიდრეკილება აქვთ სტეროიდების მიღებისკენ. მათთვის ასევე დამახასიათებელია დაბალი თვითშეფასება, შიშველი სხეულის გამოჩენით გამოწვეული მაღალი შფოთვის დონე, დეპრესიის მაღალი მაჩვენებელი და ვარჯიშისა და დიეტის აკვიატება. მაგალითად, პროფესიულ თუ სოციალურ საქმიანობას ისინი ვარჯიშს ამჯობინებენ, კუნთოვანი მასის მოსამატებლად იკვებებიან მკაცრი განრიგით, სამ საათში ერთხელ, რეჟიმის დარღვევა კი მათში შფოთვას და ემოციურ აშლილობას იწვევს.
რითია საშიში
კუნთების დისმორფიის მქონე მამაკაცებს სჯერათ, რომ მეტისმეტად გამხდრები ან არასაკმარისად დაკუნთულები არიან, თუმცა სინამდვილეში შესაძლოა პირიქით იყოს. ასეთი გაუკუღმართებული შეხედულების გამო მათ მთავარ საზრუნავად იქცევა სხეულის სასურველი ფორმების მიღწევა, რაც ხშირად ისეთი საშიში ჩვევების ჩამოყალიბებას იწვევს, როგორიცაა ზღვარგადასული ვარჯიში, რომელსაც ტრავმისა და ტკივილის შემთხვევაშიც კი არ წყვეტენ, რაციონის შეზღუდვა და ანაბოლური სტეროიდების გამოყენება. ასეთმა რეჟიმმა შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია და უარყოფითი გავლენა მოახდინოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
მსგავსება და განსხვავება
კუნთოვანი დისმორფიის მქონე ადამიანები გულმოდგინედ იცავენ დროში გაწერილ დიეტებს, რითაც კვებითი აშლილობის მქონე პირებს ჰგვანან, თუმცა, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, კუნთოვანი დისმორფიით დაავადებულთა დიეტა კუნთოვანი მასის გაზრდას ისახავს მიზნად. შესაძლოა, დისმორფოფობიის მქონე ადამიანი თვითკმაყოფილი მოგეჩვენოთ, მაგრამ მას, ჭეშმარიტი ნარცისისგან განსხვავებით, ხშირად აწუხებს ეჭვი, დაბალი თვითშეფასება, დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა. გარდა ამისა, ის უმთავრესად კუნთების სრულყოფაზეა კონცენტრირებული, მაშინ როდესაც ნამდვილ ნარცისს სჭირდება უპირობო უპირატესობის განცდა ყველასთან და ყველაფერში.
კუნთოვანი დისმორფია და სხვა დაავადებები
სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად იტანჯებიან შფოთვითი აშლილობით, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით ან სოციალური შფოთვითი აშლილობით, დეპრესიითა და კვებითი დარღვევით. ამ აშლილობას ბევრი საერთო აქვს ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობებთან: მას, ისევე როგორც ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას, აკვიატებული აზრები და განმეორებითი მოქმედებები ახასიათებს, სოციალური ცხოვრებისთვის თავის არიდებისკენ მიდრეკილებით კი სოციალურ შფოთვით აშლილობას ჰგავს, ამიტომ ხშირად ხდება ისეც, რომ სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანს მცდარ დიაგნოზს უსვამენ.
როგორ გავუმკლავდეთ
უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა საკუთარ თავთან უნდა აღიაროს პრობლემის არსებობა. ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, დღემდე ტაბუდადებულია მამაკაცების მხრივ პირად გრძნობებსა და გარეგნობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გულახდილად საუბარი. კუნთოვანი დისმორფიის მქონე ადამიანები ხშირად უარყოფენ პრობლემის არსებობას და უარს ამბობენ სპეციალისტთან მისვლაზე. ნაცვლად ამისა, პლასტიკურ ქირურგს მიმართავენ შეცდომით აღქმული “ხარვეზების” გამოსასწორებლად. მკურნალობაზე უარის თქმა ობსესიური ფიქრებითა და კომპულსიური ჩვევებით ცხოვრებას ნიშნავს. ამასთან, მკურნალობა ნაკლებ ვარჯიშს და ჰორმონების მიღების შეწყვეტასაც გულისხმობს, რაც კუნთოვანი მასის შემცირებას გამოიწვევს და განწყობაზე უარყოფითად აისახება.
მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად იგეგმება. ის აუცილებლად ამ სფეროში სპეციალიზებულმა ექიმმა უნდა წარიმართოს. აუცილებელია პაციენტის განათლება, მისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება სხეულის ჯანმრთელი მოდელის, სწორი კვებისა და ზედმეტი ვარჯიშის საშიშროების შესახებ. შემეცნებითი ქცევის თერაპია პაციენტებს საშუალებას აძლევს, ამოიცნონ ირაციონალური ფიქრები და თავი დააღწიონ ნეგატიურ აზრებს. ისინი სწავლობენ არაჯანსაღი აზრების იდენტიფიცირებას და მათ სასიამოვნო ფიქრებით ცვლიან.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ხშირად აწუხებთ დისმორფოფობიის მქონე პირებს, ანაბოლური სტეროიდების (ხელოვნური ტესტოსტერონი), ადამიანის ზრდის ჰორმონებისა და სხვა ნივთიერებების ბოროტად გამოყენებას ეხება. მათი მწარმოებლები გვპირდებიან, რომ ეს დანამატები საოცნებო სხეულის გამოძერწვაში დაგვეხმარება. ანაბოლური ჰორმონების მომხმარებლები უმეტესად ათლეტები არიან, რომლებიც ცდილობენ, იპოვონ საშუალებები, რომლებიც კუნთების გაზრდას და გაძლიერებას, ენერგიის მომატებას შეუწყობს ხელს. ჰორმონებს უდავოდ აქვს ხანმოკლე ეფექტი, მაგრამ ხშირად იწვევს გუნება-განწყობის ცვლილებებს, შფოთვის, დეპრესიისა და ბრაზის მწვავე შეტევება. უფრო მეტიც: ამ მედიკამენტებს შეუძლია, გააუარესოს მამაკაცური გარეგნობა და კანის პრობლემები, მათ შორის – გამონაყარი, გამოიწვიოს. მათი მიღება უარყოფითად აისახება სასქესო ორგანოების მუშაობაზეც.
ჰორმონების მიღების შეწყვეტა აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ერთბაშად, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, არ უნდა მოხდეს.
კითხვარი: გაქვთ თუ არა კუნთოვანი დისმორფია?
ამ კითხვარს ორი ძირითადი მიზანი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სკრინინგული ტესტი იმის გასარკვევად, გაქვთ თუ არა სხეულის დისმორფიული აშლილობა. გაითვალისწინეთ: დიაგნოზის დადასტურება მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია. კითხვარი გულისხმობს, რომ თქვენი “დეფექტი” სხვისთვის ადვილად შესამჩნევი არ არის.
კითხვარი სიმპტომების სიმძიმის შესაფასებლადაც გამოიყენება. მისი შევსება მკურნალობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ შედეგის შეფასებაში დაგეხმარებათ.
კითხვარი 9 კითხვისგან შედგება. მოგროვებულ ქულათა დიაპაზონია 0-72.
I კითხვა: რამდენად ხშირად ათვალიერებთ თქვენს კუნთებს სარკეში (მაღაზიის ვიტრინაში)?
8 – დღეში დაახლოებით 40-ჯერ ან მეტჯერ
6 – დღეში დაახლოებით 20-ჯერ ან მეტჯერ
4 – დღეში დაახლოებით 10-ჯერ ან მეტჯერ
2 – დღეში დაახლოებით 5– ჯერ ან მეტჯერ
0– არცერთხელ
II კითხვა: რამდენად მიმზიდველი გეჩვენებათ თქვენი კუნთები?
8 – ძალიან უშნოა
6 – აშკარად არ არის მიმზიდველი
4 – არც ისე მიმზიდველია
2 – მიმზიდველია, მაგრამ არც ისე
0 – მიმზიდველია
III კითხვა: რამდენად გაწუხებთ თქვენი კუნთების ამჟამინდელი მდგომარეობა?
0 – სულაც არ მაწუხებს
2 – ოდნავ მაწუხებს
4 – ზომიერად შემაწუხებელია
6 – მაშფოთებს
8 – უკიდურესად მაწუხებს
IV კითხვა: რამდენად ხშირად გიბიძგებთ თქვენი კუნთოვანი მასის მდგომარეობა, თავი აარიდოთ სოციალურ ურთიერთობებსა და საქმიანობას?
8 – ყოველთვის
6 – შემთხვევათა 3/4-ში
4 – შემთხვევათა ნახევარში
2 – შემთხვევათა 1/4-ში
0 – არასდროს
V კითხვა: რამდენად ხშირად ფიქრობთ თქვენს კუნთებზე და გიჭირთ სხვა რამეზე ყურადღების გადატანა?
0 – საერთოდ არ ვფიქრობ
2 – იშვიათად
4 – ზომიერად
6 – მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ
8 – უკიდურესად ბევრს ვფიქრობ
VI კითხვა: რამდენად ახდენს გავლენას თქვენი კუნთების მდგომარეობა შეყვარებულთან ურთიერთობაზე?
0 – არ ახდენს
2 – ოდნავ
4 – ზომიერად
6 – მეტისმეტად
8 – უკიდურესად
VII კითხვა: რამდენად გიშლით ხელს თქვენი კუნთების მდგომარეობა მუშაობასა და სწავლაში?
0 – საერთოდ არ მიშლის
2 – ოდნავ
4 – ზომიერად
6 – მეტისმეტად
8 – მუშაობას/სწავლას საერთოდ ვერ ვახერხებ
VIII კითხვა: რამდენად ახდენს გავლენას თქვენი კუნთების მდგომარეობა თქვენს სოციალურ ცხოვრებაზე?
0 – საერთოდ არ ახდენს
2 – ოდნავ
4 – ზომიერად
6 – საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს
8 – უკიდურესად დიდ გავლენას ახდენს
IX კითხვა: ხშირად ფიქრობთ, რომ გარეგნობა თქვენი პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია?
0 – სულაც არ ვფიქრობ ასე
2 – იშვიათად
4 – ზომიერად
6 – მეტისმეტად ხშირად
8 – უკიდურესად ხშირად
თუ მოაგროვეთ 40 ან მეტი ქულა, გირჩევთ, მიმართოთ სპეციალისტს, რადგან, დიდი ალბათობით, კუნთოვანი დისმორფია გექნებათ.
თუ 30-40 ქულა მოაგროვეთ, დიაგნოზის გამოსარიცხავად მაინც ეწვიეთ ექიმს.
თუ 30-ზე ნაკლები ქულა მოაგროვეთ, დისმორფოფობია არ გაქვთ.
მარი მარღანია