ორსულობა და იმუნიზაცია

გააზიარე:

მუცლადყოფნის პერიოდში დედისეული ანტისხეულები იცავს ნაყოფს ზოგიერთი ინფექციისგან, დაბადების შემდეგ კი უზრუნველყოფს ჩვილის პასიურ დაცვას იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომელთა პროფილაქტიკაც ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი. იდეალურ შემთხვევაში იმუნიზაცია დაორსულებამდე ტარდება, თუმცა განსაზღვრულ შემთხვევებში ნებადართული და ნაჩვენებია ორსულის ვაქცინაციაც.

საქართველოში ორსულობის დროს ვაქცინაცია არც ერთი პროტოკოლით არ განისაზღვრება, საზღვარგარეთ კი ამ საკითხის მიმართ განსხვავებული მიდგომებია. ზოგიერთი გაიდლაინი იძლევა რეკომენდაციას, ორსულობის დროს რუტინულად ჩატარდეს ტეტანუსის, დიფტერიის, ყივანახველისა და გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია.

ორსულებმა, რომლებსაც ბავშვის ჩასახვამდე არ ჩაუტარებიათ ზოგიერთი დაავადების (მაგალითად, ტეტანუსისა და დიფტერიის) საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვაქცინის პირველი დოზა ორსულობისას უნდა მიიღონ.

ზოგადი მიმოხილვა

სასურველია, რეპროდუქციული ასაკის ქალები ჩასახვამდე აიცრან ქვეყნის ან რეგიონის მასშტაბით გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებზე მოზრდილთა იმუნიზაციის რეკომენდებული სქემის შესაბამისად.

ორსულობის დროს ვაქცინაცია გამართლებულია, როდესაც:

* მაღალია ამა თუ იმ ინფექციის რისკი;

* ინფექცია საფრთხეს უქმნის დედას ან ნაყოფს;

* სარგებელი გადაწონის ვაქცინაციის თანმხლებ რისკს.

ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოებისა და ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის რეკომენდაციების თანახმად:

* არსებობს ვაქცინები, რომელთა რუტინული გამოყენება რეკომენდებულია ყველა ორსულისთვის: ტეტანუსის, დიფტერიის, ყივანახველის და გრიპის. ეს ვაქცინები ორსულებისთვის უსაფრთხოა.

* არსებობს განსაკუთრებულ პირობებში ჩასატარებელ ვაქცინათა ნუსხა.

* მშობიარობის შემდეგ ქალმა უნდა მიიღოს ყველა ის ვაქცინა, რომელთა მიღება არ შეიძლებოდა ან ვერ მოხერხდა ორსულობის პერიოდში (მაგალითად, წითურასი, ყბაყურასი და წითურასი, ჩუტყვავილასი, ტეტანუსისა, დიფტერიისა, ყივანახველისა).

* არსებობს ორსულობის დროს აკრძალული ვაქცინები (ესენი ატენუირებული, ანუ ცოცხალი და დასუსტებული ვაქცინებია).

იმუნიზაციის ისტორია

ვაქცინაციის ისტორია 1796 წლიდან იწყება. ყვავილი, გავრცელებული და მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება, 10 000 წელიწადზე მეტხანს სდევდა თან კაცობრიობას. ბრიტანელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად მიაგნო მის წინააღმდეგ იმუნიზაციის გზას, წარმატებული ექსპერიმენტი მსოფლიო პანაცეად აქცია და კაცობრიობის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

ჯენერმა შეამჩნია, რომ მწველავებს ყვავილი არ ემართებოდათ – ისინი ავადდებოდნენ ძროხის ყვავილის მსუბუქი ფორმით, რის შემდეგაც ადამიანის ყვავილის მიმართ უგრძნობნი ხდებოდნენ. თავისი მოსაზრების შესამოწმებლად ჯენერმა 8 წლის ბიჭუნას კანქვეშ ძროხის ყვავილით გამოწვეული ჩირქოვანი გამონაყარიდან აღებული სითხე შეუყვანა. ბავშვი ავად არ გამხდარა, მხოლოდ ოდნავ აუწია ტემპერატურამ. რამდენიმე თვის შემდეგ ჯენერმა ბიჭს შეუყვანა ადამიანის ყვავილით გამოწვეული გამონაყარიდან აღებული სითხე და დარწმუნდა, რომ მან ბიჭს ვერაფერი დააკლო. ახალ პროცედურას ჯენერმა ვაქცინაცია უწოდა (ეს ტერმინი ლათინური ვაცცა-სგან წარმოდგება, რაც "ძროხას" ნიშნავს).

იმუნიზაციის პროცესი

იმუნიზაცია ორგვარად შეიძლება განხორციელდეს – ხელოვნური და ბუნებრივი გზით. ბუნებრივი იმუნიზაცია გულისხმობს იმუნიტეტის ფორმირებას ანტიგენთან (დაავადების გამომწვევთან) უშუალო კონტაქტის შედეგად (მაგალითად, ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ), ხოლო ხელოვნური იმუნიზაციის დროს იმუნიტეტი ორგანიზმში შეყვანილი ვაქცინის საპასუხოდ გამომუშავდება.

ეს აქტიური იმუნიზაციაა. არსებობს პასიური იმუნიზაციაც. ამ დროს ორგანიზმში მზა ანტისხეულები შეჰყავთ. ამ პრინციპით ტარდება, მაგალითად, ცოფის იმუნიზაცია. პასიური იმუნიზაციის ფორმაა ახალშობილის სისხლში დედისეული ანტისხეულების მოხვედრაც.

იმუნიტეტს, რომელსაც ორგანიზმი თვითონვე გამოიმუშავებს დაავადების გადატანის ან ვაქცინაციის შედეგად, აქტიური ეწოდება, ხოლო როდესაც მას მზა ანტისხეულები მიეწოდება, პასიურ იმუნიტეტზე საუბრობენ.

იმუნური პასუხი და პლაცენტა

ჯანმრთელი ორსულის ორგანიზმი ვაქცინაზე ისეთივე იმუნურ რეაგირებას ახდენს, როგორსაც ჯანმრთელი არაორსული ქალისა. ანტისხეულების მიერ პლაცენტური ბარიერის გადალახვა დამოკიდებულია დედის სისხლში მათ კონცენტრაციაზე, ანტისხეულების ტიპსა და ორსულობის ვადაზე.

ორსულობის პირველ ნახევარში ნაყოფის სისხლში დედისეული ანტისხეულების კონცენტრაცია გაცილებით დაბალია, ვიდრე დედის სისხლში. ნაყოფის ზრდასთან ერთად მის სისხლში ანტისხეულების კონცენტრაციაც იზრდება. ორსულობის 28-32-ე კვირას ის დედის სისხლში არსებულის 50%-ს შეადგენს, ხოლო 36-ე კვირიდან დედისეულს უტოლდება და ხშირად აღემატება კიდეც.

იმუნიზაციის შედეგად დედის ორგანიზმში ანტისხეულები ნელ-ნელა წარმოიქმნება და  ვაქცინის შეყვანიდან დაახლოებით ოთხი კვირის შემდეგ აღწევს პიკს. როცა ვაქცინაციის მიზანია, ახალშობილს დაბადებიდანვე ჰქონდეს პასიური იმუნიტეტი (მაგალითად, ყივანახველას მიმართ), ორსულობის ვადას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ვაქცინაციისთვის იდეალური დრო მესამე ტრიმესტრის დასაწყისია. დედის ანტისხეულები ახალშობილს ძუძუთი კვების პერიოდშიც დიდი რაოდენობით გადაეცემა.

ინფექციასთან კონტაქტის რისკის შემცირება

ორსულები უნდა ერიდონ ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ადგილებში მოგზაურობას. თუ ოჯახში ორსულია, უნდა დარწმუნდეთ, რომ ოჯახის წევრები ვაქცინირებულნი არიან იმუნიზაციის სტანდარტული სქემის შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა – ხელების ბანა, სასმელად სუფთა წყლის გამოყენება, საკვების გარეცხვა და თერმულად კარგად დამუშავება.

უსაფრთხოება

ვაქცინის უსაფრთხოება მის ტიპზეა დამოკიდებული. ინაქტივირებული ვაქცინა არც ორსულისთვის, არც ნაყოფისთვის არ არის საშიში, მაგრამ ცოცხალმა ვაქცინამ, რომელიც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა, განვითარებად ნაყოფს შესაძლოა ავნოს.

ანატოქსინი (ტოქსოიდი), ინაქტივირებული ვაქცინები და იმუნოგლობულინები

ზოგიერთი ინფექციური აგენტის მთავარი იარაღი ცოცხალი ორგანიზმის წინააღმდეგ მათი ტოქსინებია. ტოქსინი შხამიანი ნივთიერებაა, რომელიც იწვევს მასპინძელი ორგანიზმის დასნებოვნებას. ამ ინფექციებთან საბრძოლველად შექმნილია ვაქცინები, რომლებიც უშუალოდ ტოქსინების უვნებელყოფას ისახავს მიზნად. ასეთ ვაქცინებს ტოქსოიდებს (და ანატოქსინებს) უწოდებენ. ისინი უსაფრთხო ვაქცინების რიგს მიეკუთვნებიან.

ტოქსოიდები (ანატოქსინები) იგივე ტოქსინებია, რომლებსაც მაღალი ტემპერატურისა და ფორმალდეჰიდით დამუშავების შედეგად დაკარგული აქვს პათოგენურობა – ინფექციის გამოწვევის უნარი, თუმცა შენარჩუნებული აქვს იმუნოგენური თვისებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გამომუშავებისთვის.

ტოქსოიდები და ანატოქსინები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს სრულყოფილ იმუნურ პასუხს, რაც იმით გამოიხატება, რომ დროთა განმავლობაში ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს ამ დაავადების მიმართ და იძენს იმუნიტეტს (მაგალითად, ტეტანუსის ანაქტოსინი).

ამავე პრინციპით მოქმედებს ინაქტივირებული ვაქცინები, რომლებიც დასუსტებულ ან სრულად უვნებელ ინფექციურ აგენტებს შეიცავს. მათაც შენარჩუნებული  აქვთ იმუნოგენობა და დაკარგული აქვთ პათოგენურობა (მაგალითად, ყივანახველას კომპონენტი დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას ვაქცინაში).

იმუნოგლობულინური ბუნების ვაქცინას იღებენ ჯანმრთელი დონორისგან, რომელსაც უკვე გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი განსაზღვრული ინფექციის მიმართ. ის შეიცავს მზა ანტისხეულებს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისთანავე აქტიურია (მაგალითად, ცოფის იმუნოგლობულინი).

სამედიცინო ჩვენებით უსაფრთხო ვაქცინები (ტოქსოიდები, ინაქტივირებული ვირუსული ვაქცინები და იმუნური გლობულინის პრეპარატები) კეთდება ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, პირველ ტრიმესტრშიც კი. მაგალითად, გრიპის სეზონური ვაქცინა უნდა გაკეთდეს მისი ხელმისაწვდომობისთანავე, განურჩევლად გესტაციური ასაკისა.

ზოგიერთი ვაქცინა დაუყოვნებლივ გამოყენებას არ მოითხოვს. მეორე ტრიმესტრამდე მოცდა პაციენტს თავიდან აცილებს ყალბ ასოციაციებს იმუნიზაციასა და პირველი ტრიმესტრის არასასურველ მოვლენებს (მაგ., ორსულობის შეწყვეტას, ნაყოფის თანდაყოლილ დეფექტებს) შორის. გარდა ამისა, როცა ვაქცინაცია ორსულობის 28-32-ე კვირას ტარდება, ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში უფრო მეტი ანტისხეული გადადის.

ცოცხალი ვაქცინები

ცოცხალი ატენუირებული ვაქცინები ბუნებრივი ინფექციის იმიტაციას ქმნის და სრულყოფილ იმუნურ პასუხს იწვევს, ამიტომ ამ ტიპის ვაქცინებს იმუნოდეფიციტური პირებისა და ორსულებისთვის არ იყენებენ, რადგან ამ დროს მაღალია დაავადების განვითარების რისკი. ცოცხალ ვაქცინებს აქვს ნაყოფის ინფიცირების პოტენციალიც, ამიტომ ორსულობის პერიოდში მათი გამოყენება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს დაავადება საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს.

ცოცხალი ვაქცინების გამოყენებისას რისკისა და სარგებლის თანაფარდობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა იქნეს განხილული.

ცოცხალი ვაქცინის შეყვანამდე მედპერსონალი არკვევს, არის თუ არა ქალი ორსულად (ან აქვს თუ არა ეჭვი) და აფრთხილებს პაციენტს, ვაქცინაციიდან ერთი (ზოგ შემთხვევაში – სამი) თვის განმავლობაში დაორსულებისგან თავი შეიკავოს.

ცოცხალი ვაქცინის მაგალითებია წითელას, წითურას, ყბაყურას, პოლიომიელიტის, ტუბერკულოზის, როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინები. 

კავშირი აუტისტური სპექტრის დაავადებებთან

ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს! ახლო წარსულში წამოჭრილი ეს საკამათო თეორია ვერც ერთმა კვლევამ ვერ დაადასტურა. ერთადერთი კვლევა, რომელიც ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ვაქცინაციის უარყოფით გავლენას ამტკიცებდა, განმეორებითი ანალიზის შემდეგ უარყოფილ იქნა არასწორი მეთოდოლოგიით ჩატარების გამო.

მშობიარობის შემდგომი იმუნიზაცია

მშობიარობის შემდეგ ვაქცინაცია იმ იშვიათ შემთხვევებშია რეკომენდებული, როცა დედას არ გააჩნია იმუნიტეტი იმ გავრცელებული ინფექციური დაავადებების მიმართ, რომლებიც ჩვილის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია.

მეძუძურ დედებს შეიძლება ჩაუტარდეთ იმუნიზაცია როგორც ინაქტივირებული, ისე ცოცხალი ვაქცინით, გარდა ჩუტყვავილასა და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინებისა. ძუძუთი კვება ვაქცინაციის ეფექტსა და უსაფრთხოებაზე გავლენას არ ახდენს. ჩუტყვავილასა და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, გადაუდებელი სამედიცინო ჩვენებით ტარდება, ვინაიდან კვლევები მოწმობს, რომ ძუძუთი კვებისას ვაქცინირებული დედების ჩვილებს ჩუტყვავილასა და  მენინგოენცეფალიტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

ადრეულ ლოგინობის ხანაში რეკომენდებულია იმუნიზაცია შემდეგი ვაქცინებით:

* წითელა, წითურა, ყბაყურა (წწყ) – იმ ქალებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იმუნიტეტი წითურას მიმართ;

* ყვავილი – ქალებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დაავადების მიმართ იმუნიტეტი. ძუძუთი კვება ვაქცინაციის უკუჩვენებად არ მიიჩნევა, თუმცა ქართულ რეალობაში ეს ვაქცინა ნაკლებაქტუალურია, ვინაიდან დაავადების აქტიური კერები, საბედნიეროდ, ჩვენს რეგიონში არ არის;

* დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა (დტყ) – ვაქცინაცია ტარდება იმ შემთხვევაში, თუ დედის იმუნიზება ორსულობის განმავლობაში არ მოხდა, ასევე – ამ დაავადებების მიმართ იმუნიტეტის არარსებობის დროს. ეს ამცირებს დედის ყივანახველათი დაავადების და, შესაბამისად, ახალშობილისთვის მისი გადაცემის რისკს.

საქართველო

საქართველოში ბავშვების რუტინული იმუნიზაცია 13 დაავადების საწინააღმდეგოდ ტარდება. ესენია: ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B, რიტავირუსული ინფექცია, პნევმოკოკური ინფექცია, ტეტანუსი, ყივანახველა, დიფტერია, პაპილომავირუსი (მხოლოდ გოგონებისთვის).

რუტინული იმუნიზაცია სიცოცხლის პირველი საათებიდან იწყება და 14 წლამდე გრძელდება. გეგმური კალენდარული აცრები საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია პროგრამის ფარგლებში და უფასოა.

ზრდასრულ ასაკში რევაქცინაცია რეკომენდებულია ეპიდემიური სიტუაციისა და საჭიროების მიხედვით (მაგალითად, ტეტანუსის რევაქცინაცია – თუ პაციენტმა ტრავმა მიიღო და ღია ჭრილობა აქვს). გადაუდებელ შემთხვევებში ვაქცინა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა, ხოლო სხვა შემთხვევაში პაციენტებს თავად უწევთ ვაქცინაციის საფასურის გადახდა.

იგივე სიტუაციაა სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებითაც. შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები ყოველწლიურად განსაზღვრავენ რისკჯგუფებს (ორსულები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ბავშვები), რომელთათვისაც ვაქცინა უფასოა.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: