გულის სარქველების აღდგენითი ოპერაციები - ცხოვრება ვარფარინის გარეშე

გააზიარე:

გულს, სისხლის მამოძრავებელ ტუმბოს, ოთხი სარქველი აქვს, რომლებიც სისხლის ერთი მიმართულებით დინებას უზრუნველყოფს. დაზიანებული სარქველები სათანადოდ ვეღარ იღება და იხურება, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

საბედნიეროდ, დღეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოშიც, გულის სარქველების დაზიანებას წარმატებით მკურნალობენ ქირურგიულად, თუმცა ხელოვნური სარქვლის ჩანერგვის შემდეგ პაციენტი იძულებულია, მთელი სიცოცხლე მიიღოს სისხლის გამათხელებელი საშუალებები და ბევრ რამეზე თქვას უარი.

თანამედროვე კარდიოქირურგიაში უკვე დანერგილია ოპერაციები, რომელთა ჩატარების შემდეგ ვარფარინის მუდმივი მიღება აუცილებელი აღარ არის.

იმის შესახებ, როგორ აღადგენენ დაზიანებულ სარქველებს, როდის რომელი ოპერაცია ტარდება და რომელს რა უპირატესობა აქვს, გულის ქირურგი, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი გვესაუბრა.

– რა არის გულის სარქვლის მანკი და რა იწვევს მას?

– გულის სარქვლის მანკი პათოლოგიაა, რომელიც არღვევს სარქვლის ნორმალურ ფუნქციობას. მისი ყველაზე გავრცელებული სახეებია სარქვლის კარედების (აფრების) დაზიანება, სარქვლის ფიბროზული რგოლის (სარქვლის ჩარჩოს) ზომისა და ფორმის შეცვლა, ქორდალურ-მყესოვანი აპარატის ზომების შეცვლა ან გაწყვეტა (მიტრალური და ტრიკუსპიდული სარქველების შემთხვევაში).

სარქვლის მანკი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. შეძენილი მანკი შეიძლება გამოიწვიოს რევმატულმა ცხელებამ, კარდიომიოპათიამ – გულის კუნთის დაავადებამ, ინფარქტის შედეგად გულის კუნთის დაზიანებამ, ინფექციით გამოწვეულმა ენდოკარდის – გულის შიგნითა გარსის – ანთებამ, ფიბროელასტოზმა, ორგანიზმის გენეტიკურმა მიდრეკილებამ სარქველების ფორმის შეცვლისკენ, რომლის დიაგნოზიც ბოლო დროს, დიაგნოსტიკური საშუალებების განვითარების კვალდაკვალ, სულ უფრო ხშირად ისმება.

სარქველების დაზიანება შესაძლოა გამოვლინდეს გულის არეში შუილით, ტკივილით, ქოშინით (განსაკუთრებით – ძლიერი დატვირთვისას), ფეხების შეშუპებით, მუცლისა და გულმკერდის ღრუებში სითხის დაგროვებით, დაღლილობით, თავბრუხვევით, გონების დაკარგვით, გულის რიტმის დარღვევით...

თუ სარქველების დაზიანებით გამოწვეული მდგომარეობა სხვაგვარი მკურნალობით ვერ კომპენსირდება, საჭიროა ოპერაცია – სარქველების გამოცვლა ან აღდგენა.

აღდგენილი სარქველები

– სარქველების აღდგენის მეთოდიკის შემუშავებას დიდხანს ცდილობდნენ კარდიოქირურგები. ფრანგმა ქირურგმა ალენ კარპანტიემ და მისმა მოწაფეებმა მიტრალური (ორკარიანი) სარქვლის აღდგენის ოპერაცია უმაღლეს დონეზე აიყვანეს და მისი სისტემატიზება მოახდინეს. მათი დამსახურებით ეს ოპერაციები მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ნებისმიერი მონდომებული ქირურგისთვის გახდა ხელმისაწვდომი. შედეგად პაციენტები გათავისუფლდნენ სიცოცხლის ბოლომდე ვარფარინის მიღების აუცილებლობისგან.

ანტიკოაგულანტი ხელს უშლის სისხლის შედედებას, ამიტომ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ანტიკოაგულაციურ მკურნალობას იტარებენ, ნებისმიერი სხვა ოპერაციის ჩატარება, კბილის ამოღებაც კი, სახიფათოა. ასევე საფრთხის შემცველია სპორტი და, საზოგადოდ, ყოველგვარი აქტივობა, რომელსაც ტრავმის და სისხლდენის საშიშროება ახლავს თან.

– როდის არის შესაძლებელი მიტრალური სარქვლის პლასტიკა?

– როცა რევმატულად დაზიანებული სარქვლის კარედები მთლიანად კალცინირებულია, ალტერნატივა არ გააჩნია ხელოვნურ სარქველს, ხოლო როცა სარქვლის კარედები შენარჩუნებულია, საუკეთესოდ მიიჩნევა აღდგენითი ოპერაცია.

სარქვლის რგოლის გაფართოებისას, ქორდალური აპარატის დაგრძელებისას, დამოკლებისას ან გაწყვეტისას სარქვლის ფუნქციის აღდგენა სავსებით შესაძლებელია – სპეციალური რგოლების ჩაკერებით, გაწყვეტილი ქორდის ხელოვნურით ჩანაცვლებით, დაზიანებული კარედის ნაწილის ამოკვეთით და აღდგენით.

აღდგენილი სარქველი ოპერაციის მსვლელობისას ტრანსეზოფაგური (საყლაპავისმხრივი) ექოსკოპიით მოწმდება. პაციენტი ფაქტობრივად სრულფასოვან, ხანგრძლივად მომუშავე ჯანსაღ სარქველს იღებს. ასეთი სარქველები ათეულობით წლის განმავლობაში ფაქტობრივად ისევე ფუნქციონირებს, როგორც იმავე ასაკობრივი ჯგუფის ადამიანის არანაოპერაციები, ჯანმრთელი სარქველები.

– კიდევ რომელ სარქველებზე ტარდება აღდგენითი ოპერაციები?

– მიტრალურის მსგავსი ანატომია აქვს ტრიკუსპიდულ სარქველს, ამიტომ მისი აღდგენის ოპერაციული ტექნიკაც მიტრალური სარქვლის ოპერაციებისას ჰგავს.

ვინაიდან ტრიკუსპიდულ სარქველს უფრო დაბალი წნევის პირობებში უწევს მუშაობა, აღდგენას უმეტესად კარგად ექვემდებარება და უფრო იშვიათადაც ზიანდება.

ყველაზე ხშირია აორტის სარქვლის სტენოზი (ანუ შევიწროება), თუმცა ეს უკანასკნელი აღდგენით ოპერაციას არ ემორჩილება. ამ დროს საჭიროა ხელოვნური – მექანიკური ან ბიოლოგიური – სარქვლის ჩანერგვა.

ხელოვნური და ბიოლოგიური

– სარქვლის ამოკვეთა და მისი ხელოვნური ანალოგის ჩაკერება ქირურგისთვის ყველაზე ადვილია. ხელოვნური სარქველი მაღალი კლასის პოლიკარბონისგანაა დამზადებული და ყოველმხრივ სრულფასოვანია.

მექანიკური სარქველი შეუცვლელია კარედების დაზიანებისას. მისი იმპლანტაციის შემდეგ ეფექტური სანათურიც (ხვრელი, რომელიც წარმოიქმნება სარქვლის სრული გახსნის შემდეგ)  ოპტიმალური ზომისა რჩება, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ის ნაკლი აქვს, რომ ნაოპერაციებ პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე ანტიკოაგულანტების მიღება უწევს.

ბიოლოგიური სარქველი ბიოლოგიური მასალისგან (ღორის, ხბოს, ხარის შესაბამისი ქსოვილისგან) არის დამზადებული, ამიტომ მისი ჩანერგვის შემდეგ ანტიკოაგულანტების მიღება მხოლოდ ორი თვეა საჭირო, თუმცა ასეთი სარქველი, პაციენტის ასაკის, სარქვლის პოზიციისა და მწარმოებლის მიხედვით, მხოლოდ 8-დან 15 წლამდე ძლებს. მისი ეფექტური სანათურიც მცირეა. ახალგაზრდებს ასეთი სარქვლის რესურსი უფრო მალე ეწურებათ (ამაზე საუბრისას ხშირად მომყავს არნოლდ შვარცენეგერის მაგალითი, რომელსაც პირველად 28 წლის ასაკში ჩაუნერგეს ბიოლოგიური სარქველი და მას შემდეგ რამდენჯერმე შეუცვალეს), სამოც წელს გადაცილებულ ადამიანებს კი ის უფრო მეტხანს ემსახურება, ამიტომ მისი ჩანერგვა უფრო მეტად ასაკოვან პაციენტებთანაა რეკომენდებული.

ბოლო ხანს გაჩნდა სხვა შესაძლებლობაც: უკვე ხუთი წელია, ვატარებთ იაპონელი ქირურგის  – შიგეიუკი ოზაკის მიერ შემუშავებულ ოპერაციას – აორტის სარქვლის ჩანაცვლებას საკუთარი პერიკარდით – გულის პერანგით. პერიკარდისგან სარქველი ოპერაციის მსვლელობისას იკერება, პერიკარდის ამოკვეთილ ნაწილს კი ხბოს ან სხვა ბიოლოგიური მასალით ვანაცვლებთ.

ეს მეთოდი თერთმეტი წლის წინ შემუშავდა და დღეისთვის გერმანიის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის კლინიკებშიცაა დანერგილი, თუმცა მისი ჩატარება გარკვეულ მომზადებას მოითხოვს, ამიტომ ყველგან არ ტარდება. ჰემოდინამიკური თვალსაზრისით ასეთი სარქველი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ზემოთ აღწერილი სხვა სარქველები და ბუნებრივს უახლოვდება. ერთადერთი, ჯერჯერობით უცნობია მისი რესურსი, ვინაიდან მისი გამოყენების მხოლოდ თერთმეტწლიანი გამოცდილება არსებობს. ელექტრონული მიკროსკოპიის შედეგების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ თხუთმეტ წელზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ოპერაცია და მისი შემდგომი პერიოდი

– ოპერაცია ღია, გაჩერებულ გულზე ტარდება. მომუშავე გულზე მხოლოდ კორონარული შუნტირების ჩატარებაა შესაძლებელი. მართალია, შუნტირების ოპერაციების 90%-ს ჩვენც მომუშავე გულზე ვატარებთ და ეს ნამდვილად უფრო დამზოგველი მეთოდია, მაგრამ ერთადერთ სწორ გამოსავლად არ მიმაჩნია. ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და ამერიკაში მისი წილი 20%-არ აღემატება.

– როდის იკავებთ თავს ოპერაციისგან?

– მაშინ, როცა პაციენტს აქვს ონკოლოგიური დაავადება, რომლის გამოც მისი სიცოცხლის პროგნოზი ისედაც ხანმოკლეა; როცა პაციენტის საერთო მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ პოსტოპერაციულ პერიოდს ვერ გაუმკლავდება; როცა აქვს სხვა ისეთი დაავადება, რომელმაც შესაძლოა ოპერაციის შემდგომ პერიოდში სერიოზული პრობლემები წარმოშვას (მაგალითად, რომელიმე სისტემური დაავადება).

– რამდენად რთულია ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რა განსაკუთრებულ მითითებებს აძლევთ პაციენტებს?

– როდესაც ოპერაცია მხოლოდ ერთ სარქველზე ტარდება, დაახლოებით ხუთი სანტიმეტრი სიგრძის განაკვეთიც საკმარისია. ქსოვილების ტრავმაც მინიმალურია. ასეთი განაკვეთის შემთხვევაში პაციენტი ოპერაციის მეორე დღესვე იწყებს სარულს, 5-7 დღის შემდეგ კი სახლში ეწერება და ეძლევა რეკომენდაცია, დღეში რამდენიმე კილომეტრი გაიაროს, თუმცა პანდემიის გამო ვურჩევთ, ერიდოს ხალხმრავალ ადგილებს, ხოლო მათ, ვისაც მკერდის ძვალი მთლიანად გახსნილი აქვთ, დამატებით ეკრძალებათ ორი თვის განმავლობაში გვერდზე დაწოლა, რათა ძვალი სრულფასოვნად შეხორცდეს.

სარქველებზე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია აქტიურ ცხოვრებას გულისხმობს. რაც უფრო აქტიურია პაციენტი, მით უფრო სწრაფად გადის რეაბილიტაციას და მეტხანს ინარჩუნებს ოპერაციით მიღებულ შედეგს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: