გიორგი ბოჭორიშვილი – ქირურგი, რომელიც ყველაზე რთულ შემთხვევებშიც იმარჯვებდა

გააზიარე:

მისი ბიოგრაფიის გაცნობისას შეუძლებელია აღტაცება არ მოგგვაროთ იმის გაგებამ, რა დაბრკოლებების გადალახვა მოუხდა ობლობაში გაზრდილ ბიჭს, ვიდრე თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი გახდებოდა, რა ქარ-ცეცხლი გამოიარა, ფეხის დაკარგვის მიუხედავად, რა შეუპოვრად მიიწევდა მიზნისკენ, როგორ თანაუგრძნობდა ყველა პაციენტს, რამდენი გადაურჩენია არასტანდარტული, ზოგჯერ რისკიანი გადაწყვეტილებით...

გიორგი ბოჭორიშვილის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით მის შვილს, პროფესორ გოგი ბოჭორიშვილს, რომელიც მამის ავტობიოგრაფიული წიგნის რედაქტორია და ჩვენი რუბრიკის დიდ გულშემატკივარს, მედიცინის ისტორიის მოამაგეს, გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიას.

ობლის კვერი

გიორგი ბოჭორიშვილი 1919 წლის 16 ივნისს დაიბადა ტყიბულში, ბაგრატ ბოჭორიშვილისა და ნადია კობახიძის ოჯახში. 1924 წელს მამამისი აჯანყებაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და ნახევარ წელიწადზე მეტი ქუთაისის ციხეში, უმძიმეს პირობებში გაატარა. როცა გაათავისუფლეს, ჯანმრთელობა უკიდურესად ჰქონდა შერყეული. მალევე გარდაიცვალა და თან გაიყოლა თავისი ობლების, გიორგისა და მარიამის (ცუცას), და დაქვრივებული ოცდაოთხი წლის ულამაზესი ცოლის დარდი.

ერთ დროს ტყიბულის უმდიდრესი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. ამას დაერთო ბაგრატის ძმის, ლევანის დაპატიმრებაც. შერისხულ ოჯახს ყველა ერიდებოდა. ნადიამ გაყიდა ქმრის ტანსაცმელი, თავისი გრძელი ნაწნავი, მუშაობდა მრეცხავად, მკერავად, დამლაგებლად... უამრავი ხელის მთხოვნელი ჰყავდა, რომლებიც ჰპირდებოდნენ, შენ და შენს შვილებს არაფერს მოგაკლებთო, მაგრამ ქალმა ბოლომდე უერთგულა გარდაცვილი მეუღლის ხსოვნას.

გიორგის კი მომაკვდავი მამის უკანასკნელი სიტყვები: ვინ გასწავლის, ვინ იქნება შენი პატრონიო, – მთელი ცხოვრება ჩაესმოდა და ძალას აძლევდა, რომ თავისი წარმატებით მამის ოცნება აეხდინა.

ობლების აღზრდაში ნადიას დედამთილ-მამამთილი, ივლიტა და ფირანი ეხმარებოდნენ. ფირან (სპირიდონ) ბოჭორიშვილი, ყოფილი ფერშალი და დუქნების მეპატრონე, რომელიც ოდესღაც უცხოეთის ბანკებში ინახავდა ფულს, ტყიბულში სკოლისა და სასტუმროს აშენებას და შვილის შვეიცარიაში სასწავლებლად გაგზავნას აპირებდა, თავს არ ზოგავდა შვილიშვილების გზაზე დასაყენებლად. გიორგიც მან მიიყვანა სკოლაში ნადრევად. სწავლა უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო. თუ თანაკლასელებს ვერ დაეწევა, არა უშავს, მომავალ წელს ისევ პირველ კლასში დასვითო, სთხოვა დირექტორს. შეშინებული გიორგი, მართლა პირველ კლასში არ დამტოვონო, მეცადინეობით დღესა და ღამეს ასწორებდა. თავი თუ არ გეცოდება, ნავთს მაინც გაუფრთხილდიო, – საყვედურობდნენ შინაურები.

გიორგი ბაბუას დაჰყვებოდა ყანაში, ვენახში, სათიბში, წისქვილში, ამზადებდა შეშას – ნაწილს სახლისთვის, ნაწილს გასაყიდად, მწყემსავდა საქონელს... ზაფხულობით სახერხ ქარხანაში მუშაობდა. ყველაფერთან ერთად, სამაგალითოდაც სწავლობდა. მერვეკლასელმა, ისე კარგად იცოდა ქიმია, ზოგჯერ გაკვეთილის ჩატარებასაც კი ანდობდნენ. ხელმძღვანელობდა ქიმიის წრეს, იყო სკოლის გაზეთის რედაქტორი.

სკოლა რომ დაამთავრა, სწორედ იმ წელს გამოიცა მთავრობის დადგენილება, ფრიადოსნები უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ მიეღოთ. გიორგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (მაშინდელი სამედიცინო ინსტიტუტის) სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

ექიმი ფრონტზე

გიორგიმ სიბეჯითით ყველას შეაყვარა თავი. ზაფხულობით ტყიბულის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა. მეხუთეკურსელი, უკვე თბილისის ერთ-ერთი სამშობიაროს თანამშრომელი იყო. მეანობა-გინეკოლოგიის სახელმწიფო გამოცდაზე დიდი თერაპევტი მიხეილ წინამძღვრიშვილი იქით "ჩაჭრა", ქირურგიის გამოცდაზე კი, როდესაც მისი ცოდნით აღტაცებულმა ეფრემ ზაქარაიამ თქვა, აი, როგორ ექიმს ავიყვანდი სამუშაოდო, გრიგოლ მუხაძემ მიუგო: ბოჭორიშვილი უკვე აყვანილია, ჩემთან იმუშავებსო.

თუმცა ქირურგიის მამამთავარს პირობის შესრულება არ დასცალდა – რამდენიმე დღეში საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო. გიორგი ტყიბულის კომისარიატში გამოიძახეს და ტყიბულის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ და ქირურგიული განყოფილების ორდინატორად დანიშნეს.

გავიდა რამდენიმე ხანი და ერთ-ერთი ჩინოვნიკის პირადი მტრობის გამო გიორგი ბოჭორიშვილი სხვის ნაცვლად გაიწვიეს ფრონტის წინა ხაზზე. კომისარმა პრობლემის მოგვარება სცადა, მაგრამ ახალგაზრდა ექიმმა გაგანია ომის დროს თვითონვე აღარ მოისურვა ზურგში დარჩენა. ასე მოხვდა ქერჩში, 47-ე არმიის საველე ჰოსპიტალში. სამაგალითო მუშაობისთვის მალე ჩვეულებრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ჯერ – წამყვანი ქირურგის შემცვლელად, მერე – წამყვან ქირურგად.

გაზაფხულზე ინფექციით გართულებულმა ჭრილობებმა იმატა. ასეთი დაჭრილებისთვის ცალკე განყოფილება გახსნეს და მის ხელმძღვანელად გიორგი დანიშნეს. შემდგომში იხსენებდა, რომ ქირურგებს იმდენი სამუშაო ჰქონდათ, ხშირად საჭმელადაც ვერ იცლიდნენ და სადილი მათთვის პირდაპირ საოპერაციოში მიჰქონდათ.

მაისში ყირიმის ფრონტზე ვითარება გართულდა. ამაოდ ელოდნენ უკან დახევის ბრძანებას... ბოლოს ჰოსპიტლის უფროსმა დაჭრილების ევაკუაცია გადაწყვიტა და მისი ხელმძღვანელობა გიორგის დაავალა. ევაკუაციის დროს დაბომბვაში მოჰყვნენ და ბომბის ნამსხვრევმა გიორგის მარჯვენა ფეხი მოაგლიჯა. მაშინ მან გაუგონარი რამ ჩაიდინა: ბარძაყის ზედა მესამედიდან მოგლეჯილი, კანზე ჩამოკიდებული კიდური ჯიბის დანით მოიჭრა და სისხლძარღვები ქუდში შენახული ნემსითა და ძაფით გადაიკვანძა.

ხუტა პაჭკორია:

– როცა ბანაკამდე მიაღწია, ისე იყო შეცვლილი, რომ მისმა თანამებრძოლმა და კოლეგამ, დოცენტმა ლევან ცისკარიშვილმა, ვერ იცნო... სასწრაფოდ დაუმუშავეს მიწით დაბინძურებული ჭრილობა, ძვალი მოახერხეს, ფორანზე დააწვინეს და უწყვეტი დაბომბვის ფონზე სამშვიდობოს გაგზავნეს. გერმანული გამანადგურებლები წამდაუწუმ ეშვებოდნენ დაბლა. როგორც შენ გიყურებ, ისე მიყურებდა გერმანელი მფრინავი, – ჰყვებოდა გიორგი, – მაგრამ რომ დაინახავდა, იარაღი არ მქონდა, ისევ მაღლა აიჭრებოდაო.

კიდევ ბევრი საშინელება გამოიარა, ვიდრე გულისხმიერი ადამიანების დახმარებით გროზნომდე ჩააღწევდა. იქ დედამ ჩააკითხა და თბილისში წაიყვანა. დიდმა ქირურგმა ეგნატე ფიფიამ დაამშვიდა, ქირურგობას პროთეზითაც შეძლებო და დასასვენებლად და მოსაღონიერებლად სახლში წასვლა ურჩია.

ტყიბულში გიორგიმ მალე მოიკეთა. ქუთაისში დროებით მუშაობდა მისი მასწავლებელი მიხეილ ჩაჩავა. სწორედ ის მიიწვიეს ბოჭორიშვილისთვის ფეხზე ოპერაციის გასაკეთებლად, რომლის დროსაც პაციენტი კინაღამ სპინალურ ანესთეზიას შეეწირა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

სექტემბერში გიორგი ტყიბულის მაღაროების პოლიკლინიკის ქირურგად და ვენდისპანსერის გამგედ დანიშნეს, საცხოვრებელი ოთახიც იქვე მისცეს, რომ სახლიდან სამსახურამდე ყოველდღე ხუთი კილომეტრი არ ევლო. გიორგის ეშინოდა, ტვირთად არ დასწოლოდა ოჯახს და თავდაუზოგავად შრომობდა. იმ პერიოდში ვენერული სნეულებები ძალიან იყო გავრცელებული. გიორგი ბოჭორიშვილი სისტემატურად გამოდიოდა რადიოთი, კლუბებში სპექტაკლისა თუ ფილმის დაწყებამდე ლექციებს კითხულობდა, ადგილობრივ გაზეთში სტატიებს აქვეყნებდა. ხალხში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უხილავი ძალა უფრო და უფრო ეწეოდა თბილისისკენ. ქირურგიულ კლინიკაში მუშაობაზე ოცნებობდა, თუმცა ამას არავის უმხელდა.

ახდენილი ოცნება

1943 წლის ბოლოს გიორგიმ სამსახურის საძებნელად თბილისს მიაშურა. მიხეილ ჩაჩავა გაახარა მისმა დანახვამ, გრიგოლ მუხაძის კაბინეტში შეუძღვა. მან ერთადერთი რამ ჰკითხა: უჯოხოდ თუ გაივლიო, – და როცა დადებითი პასუხი მიიღო, ჯანდაცვის სამინისტროში უშუამდგომლა, რომ რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს პირველი ქირურგიული განყოფილების ორდინატორად მიეღოთ.

ბევრი იწვალა გიორგიმ, ვიდრე ბინას მიიღებდა. ხშირად სხვების ნაცვლად მორიგეობდა, რომ საავადმყოფოში ღამის გათევის საშუალება ჰქონოდა. საბოლოოდ სამსახურთან ახლოს პატარა ოთახი მისცეს. გრიგოლ მუხაძემ პირადად მიაკითხა კავშირგაბმულობის მინისტრს და მისთვის პირველივე დღეს დაადგმევინა ტელეფონი, რამაც მეზობლების დიდი გაოცება გამოიწვია.

გიორგის ძალიან უყვარდა ბიბლიოთეკაში მუშაობა. ახალ პაციენტს რომ მიიღებდა და ანამნეზს შეკრებდა, მაშინვე ბიბლიოთეკას მიაშურებდა და ამ დაავადების შესახებ მეტის გასაგებად წიგნებს ჩაუჯდებოდა ხოლმე.

– ოპერაციის დაწყებამდე ერთხელ კიდევ გადახედავდა სპეციალურ ლიტერატურას, – იხსენებს მისი ვაჟი, გოგი ბოჭორიშვილი, – მამის გავლენით, ეს მეც ჩვევად მექცა. და მართლაც, ათასჯერ, ათიათასჯერ წაკითხულში ყოველ ჯერზე ვპოულობ რაღაც ახალს და მკურნალობის განსხვავებულ გზას ვხედავ.

ცენტრალური სამედიცინო ბიბლიოთეკის გამგემ პატივისცემის ნიშნად ჟურნალები გამოუწერა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამის გამო გრიგოლ მუხაძე დარჩა ჟურნალების გარეშე, ამიტომ გიორგი, წაიკითხავდა თუ არა ახალ ნომერს – რამე არ მკითხოს და არ შევრცხვეო, გრიგოლთან მიჰქონდა. ამის წყალობით მუდამ სიახლეების კურსში იყო. პენიცილინის შესახებაც მან შეატყობინა მუხაძეს, რომელმაც ეს წამალი საგანგებოდ გამოაწერინა მოსკოვიდან მძიმე შემთხვევებისთვის.

თანდათან პედაგოგიურ საქმიანობაშიც ჩაერთო. თავდაპირველად სამედიცინო ინსტიტუტის მესამეკურსელებს ამზადებდა ფერშლებად, მერე სამედიცინო ტექნიკუმის სტუდენტებს ასწავლიდა ქირურგიას. მეცადინეობას ხშირად ფართო დერეფანში ატარებდა და გრიგოლ მუხაძე ისე არ ჩაუვლიდა გვერდით, რომ არ შეჩერებულიყო და არ მოესმინა. საბოლოოდ ისე მოიხიბლა მისი პედაგოგიური ნიჭით, რომ ერთი წლის მუშობის შემდეგ კათედრის ასისტენტად წარადგინა.

გიორგი ამ ასპარეზზც ბოლომდე იხარჯებოდა. მეცადინეობისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. ქირურგიასთან ერთად სტუდენტებს ასწავლიდა, როგორ ემუშავათ ლიტერატურაზე, როგორ დაემყარებინათ ურთიერთობა პაციენტებთან, როგორ ჩაენერგათ მათთვის განკურნების იმედი...

საოცრად დაკვირვებული თვალი ჰქონდა. მისი წინასწარი დიაგნოზი ოპერაციის დროს, როგორც წესი, მართლდებოდა. ბევრჯერ შეცდომით დაგეგმილი ოპერაციისგან გადაურჩენია პაციენტი. ბევრი მხოლოდ მას ანდობდა საკუთარ ჯანმრთელობას. ისიც იბრძოდა, ვიდრე ადამიანის გადარჩენის თუნდაც მცირე შანსი არსებობდა. ასეთ დროს არც რისკს ერიდებოდა. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ გადაწყვეტდა კიდურის ამპუტაციას, რადგან პირადი გამოცდილებით იცოდა, რა იყო ხეიბრობა.

ხუტა პაჭკორია:

– მკურნალობდა ყველაზე მძიმე, უიმედო ავადმყოფებს, რომლებსაც სხვა ქირურგები ხელს არ ჰკიდებდნენ და უმეტესად იმარჯვებდა.

ქირურგიული პაციენტი თუ მოხვდებოდა ჩემთან, მასთან მიმყავდა გასასინჯად. თუ ოპერაცია გახდებოდა საჭირო, მეც მიმიწვევდა – თერაპევტი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს თავისი პაციენტის ოპერაციას, ამით ბევრს შეიძენსო. მართლაც ბევრი რამ ვისწავლე. არაერთი სასწაულის მომსწრეც ვყოფილვარ... უკვე ასაკში შესულიც კი ვირტუოზულ ოპერაციებს ატარებდა. დღედაღამ მუშაობდა. ღამის ორ-სამ საათზეც კი დამირეკავს მისთვის და ისიც უსიტყვოდ გამომყოლია პაციენტის გადასარჩენად.

უამრავი შემთხვევა საქართველოში პირველმა მან აღწერა. ღრუბელივით ისრუტავდა ცოდნას და საოცარ დიაგნოზებს სვამდა. ერთხელ ცნობილი გინეკოლოგები დაიბნენ – მშობიარეს სისხლის ნაცვლად რძისმაგვარი გამონადენი ჰქონდა. გიორგის მიმართეს, მან კი ტელეფონითვე დასვა პანკრეატიტის დიაგნოზი. დაინიშნა შესაბამისი მკურნალობა და ქალი გადარჩა.

გაუკვალავი გზები

1947 წელს გრიგოლ მუხაძემ გიორგი ბოჭორიშვილი მოსკოვში, სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტში მიავლინა სამუშაოდ და დისერტაციისთვის მასალის მოსაგროვებლად. იქიდან გიორგიმ ბევრი სიახლე ჩამოიტანა: მწვავე ჩირქოვანი პერიტონიტის დროს საპნის ხსნარით მუცლის ღრუს გამორეცხვა, მოტეხილობის დროს ოსტეოსინთეზის მეთოდის გამოყენება... ამ მიმართულებით ისეთ წარმატებას მიაღწია, ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის დირექტორადაც კი დანიშნეს, მაგრამ თანამდებობაზე თვითონვე თქვა უარი. დახელოვნდა საყლაპავი მილის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, ძუძუს კიბოს ოპერაციულ მკურნალობაში. ძუძუს გაფართოებული ამპუტაციის დროს ასისტენტობას ხშირად უწევდა ჯერ კიდევ სტუდენტი კოტე მადიჩი, რომელიც შემდეგ ბრწყინვალე მამოლოგი გახდა.

1949 წელს კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. მისი დისერტაცია ეხებოდა სპინალურ ანესთეზიას – მეთოდს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ კინაღამ გადაიყოლა. იმხანად ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ გრიგოლ მუხაძის ნაცვლად კონსტანტინე ერისთავი დანიშნეს. ყველას ეგონა, გიორგი დისერტაციას ვერ დაიცავდა, რადგან ერისთავი ადგილობრივი ანესთეზიის მომხრე იყო, მაგრამ ახალმა გამგემ კათედრის პირველივე სხდომაზე განაცხადა: ბოჭორიშვილის ნაშრომი ისე მომწონს, მისი ოპონენტი ვიქნებიო.

1950-იანი წლების დასაწყისში პოპულარული გახდა საქონლის ქსოვილით მკურნალობა. გიორგი როსტოვში, იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტთან მიავლინეს სამუშაოდ. მან ბრწყინვალედ აითვისა ეს მეთოდი და საქართველოშიც დანერგა.

იმავე პერიოდში რამდენიმე თვით სამცხე-ჯავახეთში გაგზავნეს, რომელიც ქირურგების ნაკლებობას განიცდიდა. მალე მოიპოვა ნდობაც და სახელიც, ერთმა შემთხვევამ კი განსაკუთრებით ასწია მისი ავტორიტეტი.

გოგი ბოჭორიშვილი:

– მამა არაჩვეულებრივი თამადა იყო, სმაც შეეძლო, მაგრამ პროფესიულ მოვალეობას არასოდეს ივიწყებდა. ერთხელ ახალციხის რაიკომის მდივანმა მიიპატიჟა სადილად. მამა ღვინოს არ სვამდა, რადგან ყოველ წუთს შეიძლებოდა ოპერაციის ჩასატარებლად გამოეძახებინათ. ამან მდივანი ძალიან გაანაწყენა... შუა ქეიფში რაიონის მთავარ ექიმს, ლევან აბაშიძეს, შეტყობინეს, რომ ვარძიასთან ხევში ხალხით სავსე ავტობუსი გადავარდა... იმ ღამეს მამამ უამრავი ოპერაცია ჩაატარა. მეორე დღეს რაიკომის მდივანმა რომ ნახა, რა ხდებოდა საოპერაციოში, გონება დაკარგა. როცა მოასულიერეს, უთქვამს: ამიერიდან ამ კაცს ვინმემ სმა რომ დააძალოს, თავს წავაცლიო.

გიორგი ბოჭორიშვილმა შეიმუშავა კუდუსუნის არეში განვითარებული დერმოიდული ცისტის მკურნალობის ახალი მეთოდი – გაკვეთის ნაცვლად უბნის ამოკვეთა, რაც რეციდივისგან აზღვევდა პაციენტს. ჩაატარა პირველი წარმატებული ემბოლექტომია საქართველოში. მკურნალობდა თრომბოფლებიტიან ავადმყოფებს. ცნობილი ანგიოქირურგი, პროფესორი ნოდარ ბოხუა, ამბობდა, სისხლძარღვთა ქირურგია საქართველოში ბოჭორიშვილმა დაიწყოო. ისე კარგად შეისწავლა თრომბოემბოლიური დაავადება და თრომბოფლებიტი, მისი პრობლემატიკის შესახებ წიგნიც კი გამოსცა.

სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა გიორგიმ ლენინგრადში დაიწყო. თემად ძვლის რეგენერაციაში ნერვული სისტემის როლი შეარჩია.

ხუტა პაჭკორია:

– გიორგის ლენინგრადი მიაჩნდა საუკეთესო საექიმო საზოგადოების ქალაქად, სადაც თვითონაც დიდი ცოდნა შეიძინა. ერთხელ კონფერენციაზე ლენინგრადის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტის დირექტორი და ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე, ბუმბერაზი ქირურგი იუსტინე ჯანელიძე გააცნეს. ის ოპერაციის დროს ოპერატორების გარდა არავის იყენებდა გვერდით. გიორგი რომ გაიცნო და მისი ამბავი გაიგო, საქართველოში მის დაბრუნებამდე გვერდიდან აღარ მოუშორებია.

გიორგი ბოჭორიშვილი ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკაში დამწვრობათა მკურნალობასაც ხელმძღვანელობდა. ატარებდა კანის პლასტიკას. საქართველოში პირველმა ჩაატარა იმ დროისთვის უჩვეულო ოპერაცია – პაციენტს, რომელსაც ალმოდებული ხალიჩა დაეცა და კანის უდიდესი ნაწილი დაეწვა, ძმების კანი გადაუნერგა. სამკურნალო ფიზკულტურის შემდეგ ქალმა სიარული დაიწყო და განკურნებული გაეწერა.

გოგი ბოჭორიშვილი:

– განსაცვიფრებელია, როგორ ახერხებდა პროთეზით საოპერაციო მაგიდასთან საათობით დგომას... მხოლოდ ოჯახის წევრებმა ვიცოდით, ღამღამობით როგორ ტანჯავდა ტაკვის ნევრინომის გამო ფეხის ტკივილი. ტკივილგამაყუჩებელს ვერ სვამდა – წნევას უქვეითებდა. მიუხედავად ამისა, არასოდეს გაუცდენია ლექცია, არასოდეს გადაუდვია ოპერაცია. სტუდენტობისას, როცა მამა ღამით ოპერაციის გასაკეთებლად მიჰყავდათ, ხანდახან მეც მივყვებოდი, ასისტენტობას ვუწევდი და საკუთარი თვალით ვხედავდი მის საოცარ ოსტატობას. როცა გარდაიცვალა, ექიმებმა თქვეს, ოქროს თაობას უკანასკნელი ბურჯიც გამოეცალაო.

შეცდომების აღიარებისა არ ეშინოდა. მეტიც – კოლეგებთანაც მსჯელობდა ამაზე, რომ სხვები იმავე შეცდომებისგან დაეზღვია. მან მასწავლა ავადმყოფის მოვლა. მისი დამსახურებაა, რომ ნაოპერაციებ პაციენტს არათუ ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ვნახულობ.

თუ მამას ახლობელი მოხვდებოდა ჩემთან, ოპერაციას თვითონაც ესწრებოდა. არაერთხელ შევუქივარ და მადლობა გადაუხდია, მე კი ოპერაციის დროს საშინლად ვიძაბებოდი – ზურგს უკან უდიდესი ქირურგი მედგა, თანაც მამაჩემი.

ხუტა პაჭკორია:

– მახსოვს მისი საოცარი ქარიზმა და არტისტული მიმზიდველობა... პირველად ლექციაზე ვნახე, მეხუთე კურსის სტუდენტებს კრონის დაავადებაზე გვესაუბრა. ძლიერი და მჟღერი ხმა ჰქონდა, მოყოლაც საინტერესო იცოდა. სულგანაბულები ვუსმენდით. ერთხელ დიდი ქირურგის, აკადემიკოს მამია კომახიძის იუბილეზე სიტყვით გამოსვლა სთხოვეს. ისე გამოსულა, იქვე მდგომ შალვა ნუცუბიძეს უთქვამს, შენ ვინ ყოფილხარ, მე კი ჩემი თავი მეგონა დიდი ორატორიო.

ავადმყოფს ოპერაციის შიშს თუ შეატყობდა, პროთეზზე ხელს დაადებინებდა – ნახე, მე რა გადავიტანე და შენ რამ შეგაშინაო. ეს ბევრს მართლაც მატებდა მხნეობას.

თავის გასაჭირს არავის აგრძნობინებდა. გარეთ პროთეზით დადიოდა. ერთხელ სახლში ვნახე ყავარჯნებით, პროთეზის გარეშე, და გული მომიკვდა – ყავარჯნები თუ არ მივაშველე, ტაკვი ამდენს ვერ გაუძლებსო.

სულ რამდენიმე ქირურგი ვიცი, რომლებიც ფეხის დაკარგვას არ შეეპუვნენ და უმაღლეს დონეზე გააგრძელეს მუშაობა: ნიკოლაი ბოგორაზი, რომელმაც ორივე ფეხის ამპუტაცია გადაიტანა, სვიატოსლავ ფიოდოროვი, რომელმაც ცალი ფეხი დაკარგა...

1974 წელს მიხეილ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა და ზოგადი ქირურგიის კათედრა გიორგი ბოჭორიშვილს გადააბარეს. ჩაჩავას ყოფილ კაბინეტში კათედრის ახალ გამგეს არაფერი შეუცვლია, მხოლოდ პატარა სამუშაო მაგიდა დაადგმევინა თავისთვის კართან. ასე რომ, როცა მიხეილ ჩაჩავა კლინიკაში მიდიოდა, თავისი სამუშაო ადგილი ხელუხლებელი ხვდებოდა.

მედეა

ფეხის დაკარგვის შემდეგ გიორგის დაოჯახებაზე აღარ უფიქრია, მაგრამ მოულოდნელმა სიყვარულმა გეგმები შეაცვლევინა. მედეა ბარამიძე მისი სტუდენტი იყო. გიორგის დანახვისთანავე შეუყვარდა, მედეას კი ის თურმე გაცილებით ადრე, საკანდიდატო დისერტაციის დაცვაზე ჩავარდნია გულში, მაგრამ ამაში ქმარს მხოლოდ ორმოცდაერთი წლის შემდეგ, სიკვდილის წინ გამოუტყდა.

მედეამ გიორგის უბედნიერეს ადამიანად აგრძნობინა თავი. ახლობლებმა რა არ სცადეს, რომ ქალს “ცალფეხაზე” გათხოვება გადაეფიქრებინებინა, მაგრამ მედეა ყველაზე უკეთ იცობდა თავის რჩეულს... მალე მისი სანათესავოც დარწმუნდა, რომ გიორგი მართლა ღირსეული ადამიანი იყო.

გოგი ბოჭორიშვილი:

– ჩემს მშობლებს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ამ ომგამოვლილი კაცისთვის, რომელსაც ადვილად ვერავინ ვერაფერს შებედავდა, ათი წლით უმცროსი ცოლის სიტყვა კანონი იყო. დედას ძალიან თბილი და რბილი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ თუ რამეს მოისურვებდა, მამა აუცილებლად შეუსრულებდა... სახლში ყველაზე ადრე დგებოდა და ყველაზე გვიან წვებოდა. ყველაფერს აკეთებდა, რომ მამასთვის სიმშვიდე და მყუდროება შეექმნა. მუშაობასაც ასწრებდა – მეანი იყო ჩაჩავას სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

მე და ჩემს და-ძმას მკაცრად და სამართლიანად გვზრდიდნენ. თვითონ არასოდეს გვაქებდნენ, ის კი არა, თუ სხვა დაიწყებდა ჩვენს ქებას, სასაუბროდაც აღარ უჩერდებოდნენ, თუმცა საამაყო ნამდვილად ჰქონდათ: სამივემ წარჩინებით დავამთავრეთ სკოლაც, უმაღლესი სასწავლებლიც და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გავხდით დოქტორები. დღეს რევაზი საფრანგეთში ცნობილი გინეკოლოგია, ნანა ოჯახითურთ ამერიკაში ცხოვრობს. მეც თუ რამეს მივაღწიე და ჩემს პროფესიაში სიტყვა მეთქმის, სწორედ იმ შრომის შედეგია, რომელსაც მშობლება მიმაჩვიეს.

სიკვდილის წინ დედამ მითხრა, დისერტაცია ქართულ ენაზე უნდა დაიცვაო. ორ კვირაში ვთარგმნე, მოსკოვში დანიშნული დაცვა გავაუქმე და თბილისში დავიცავი. 1960-იანი წლების შემდეგ მგონი ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელსაც სადოქტორო დისერტაცია ორ ენაზე ჰქონდა დაწერილი. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ დედას სურვილი შევუსრულე, თუმცა დაცვას ვეღარ მოესწრო. მახსოვს, მამა როგორი სიამაყით იჯდა ჩვენს დაცვაზე. მის თვალებში ჩამდგარი სითბო ყოველგვარ ქებას სჯობდა... ალერსი, კოცნა, ჩახუტება არ უყვარდა, თუმცა სიყვარულს გამოხატავდა წერილებში, რომლებსაც მოსკოვში მწერდა: “ჩემო საყვარელო, ჩემო იმედო”, – ასე იწყებდა წერილებს, თუმცა პირადად ეს სიტყვები არასოდეს უთქვამს. შვილიშვილებს გაცილებით თბილად ეპყრობოდა.

ბრაზობდა, როცა ვინმეს ნიჭიერებისთვის აქებდნენ – შრომა თუ უყვარს, ესაა საქმე, თორემ მარტო ნიჭი რას უშველისო. ზარმაცებს ვერ იტანდა. არ მახსოვს უქმად მყოფი. მის სამუშაო მაგიდაზე მუდამ ეწყო გადაშლილი წიგნი და ხელნაწერები. ყავარჯნებზე მდგომი, მიწასაც კი ბარავდა.

რასაც სხვებისგან ითხოვდა, თვითონაც ზედმიწევნით ასრულებდა. ზამთარ-ზაფხულ დილაობით ვარჯიშობდა. აუცილებლად გააკეთებდა ბეჭყირას – ე.წ. სანთლის პოზას. ტანს ცივი წყლით დაიზელდა... ადრე წვებოდა და გამთენიისას დგებოდა. ზღვაზეც დილაუთენია მიდიოდა საბანაოდ, პროთეზს მოშორებით მოიხსნიდა, ცოცვით მივიდოდა წყალთან და შორს გაცურავდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეთერთმეტე სართულზე ფეხით ადიოდა, მაშინ როდესაც მასზე გაცილებით ახალგაზრდები და ჯანმრთელები ლიფტის რიგში იდგნენ. თამბაქო ისე სძულდა, მისი თანდასწრებით მოწევას ვერავინ ბედავდა.

დედას გარდაცვალება მისთვის დიდი ტრაგედია იყო. დედა 1990 წელს კუჭის კიბომ შეიწირა დიაგნოზის დასმიდან სამ თვეში. მის გახსენებაზე სულ ეტირებოდა. ჩვენთან არ გადმოვიდა, საკუთარ სახლში მარტო ყოფნა ამჯობინა. მას შემდეგ კიდევ ოცდაერთი წელი იცოცხლა და ორიათას თერთმეტში წავიდა ამ ქვეყნიდან.

ხუტა პაჭკორია:

– მეუღლე ავად რომ გაუხდა, ჩვენს განყოფილებაში მოიყვანა ენდოსკოპიის ჩასატარებლად. პირველად ვნახე სასოწარკვეთილი ბატონი გიორგი, ეს ოპტიმიზმით სავსე კაცი... მას შემდეგ მოტყდა, ადრინდელი შემართება დაკარგა, თუმცა პაციენტებს ეს არ უგრძნიათ – ჩვეული ოსტატობით ატარებდა ურთულეს ოპერაციებს, რომ ადამიანები სიკვდილის კლანჭებისგან გამოეხსნა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: