როგორ ვებრძოლოთ ჩაშავებულ უპეებს

გააზიარე:

XXI საუკუნის სტრესული ყოველდღიურობიდან გამომდინარე, აღარავის უკვირს დილაობით ოფისში თანამშრომლების ჩაშავებული უპეების დანახვა. შევეჩვიეთ მეგობრის გამუდმებულ წუწუნს, რომ ვერაფრით აქრობს თვალების ქვეშ გაჩენილ შავ წრეებს. ან იქნებ თავად გაწუხებთ ეს პრობლემა. ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია იცოდეთ მასთან გამკლავების ხერხები – თუ თავად არ დაგჭირდებათ, მეგობარს ან თანამშრომელს მაინც დაეხმარებით. თანაც, როგორც ამბობენ, თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა. ასე რომ, პრევენცია ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.

მუქი წრეების გასაქრობად, პირველ რიგში, მათი გაჩენის მიზეზი უნდა გავარკვიოთ. ეს შეიძლება იყოს უბრალო გამოუძინებლობა ან მემკვიდრეობა (დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, სიშავე თვალების გარშემო ზოგჯერ მემკვიდრეობითაც გადაეცემა). სტატიიდან გაიგებთ, რა იწვევს სიშავეს, რა უნდა გავაკეთოთ მისი გაჩენის თავიდან ასაცილებლად და როგორ მოვიქცეთ, თუ მან უკვე იჩინა თავი.

რისი ბრალია ჩაშავებული უპეები

მტერთან ბრძოლის საუკეთესო სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭიროა, კარგად გავიცნოთ ის.

თვალების გარშემო სიშავეს ბევრი რამ იწვევს. ერთ-ერთი მიზეზი კანის ელასტიკურობის დაქვეითებაა, რაც ასაკთან ერთად მეტ-ნაკლებად ყველას ემუქრება.

კიდევ ერთი მიზეზია კანის ჭარბი პიგმენტაცია.

მემკვიდრეობა უკვე ვახსენეთ – თუ თქვენს მშობლებს ან და-ძმას ჩაშავებული უპეები აქვთ, დიდია ალბათობა, თქვენც გახდეთ მათი მფლობელი.

თვალების გარშემო მუქ წრეებს აჩენს გადაღლა, ძილის ნაკლებობა, დეჰიდრატაცია, არასწორი კვება, კანის დაჭიმულობა, გამოწვეული კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომით, ალერგია, თვალების გამოშრობა, მზის სხივების ჭარბი მოხვედრა თვალების არეში.

ჩაშავებული უპეები შესაძლოა ღვიძლის, გულის, თირკმლის და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებითაც იყოს გამოწვეული.

რკინის ნაკლებობა კიდევ ერთი მიზეზია, რომელმაც შეიძლება თვალების გარშემო მუქი წრეების გაჩენას შეუწყოს ხელი.

ხშირად მაკიაჟი ადვილად ნიღბავს სიშავეს, მაგრამ უმჯობესია, ისე მოვიქცეთ, რომ მაკიაჟით მისი შენიღბვის აუცილებლობა აღარ გვქონდეს.

მოიწესრიგეთ ძილი

როცა ადამიანი მუდმივ სტრესს განიცდის ან დაძაბულ გარემოში უწევს მუშაობა, სისხლის ცირკულაცია ნელდება. თვალბუდისქვეშა სისხლძარღვებშიც ირღვევა სისხლის მიმოქცევა და შედეგად ჩაშავებულ უპეებს ვიღებთ. მათ გასაუფერულებლად, უპირველეს ყოვლისა, საკმარისი ძილია საჭირო.

მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ნუ დალევთ ძილის წინ კოფეინიან სასმელებს – ყავას, ჩაის, კოკა-კოლას, ნუ შეჭამთ შოკოლადს. დაწექით შედარებით ადრე, ეცადეთ, ძილის წინ თვალები არ გადატვირთოთ. თუ დაწოლისთანავე ჩაძინებას ვერ ახერხებთ, ფილმს კი ნუ ჩართავთ, წიგნის წაკითხვა სცადეთ. დალიეთ პიტნის ჩაი, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას.

სვით ბევრი სითხე

გაგონილი მაინც გექნებათ, რომ დეჰიდრატაცია ჯანმრთელობას ვნებს. სითხის არასათანადო რაოდენობით მიღება უპეების ჩაშავებასაც უწყობს ხელს. წყალი ორგანიზმიდან გამოდევნის მარილს, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს უპეების შეშუპებასთან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს კანის დანოტივებას.

დაიწყეთ რეტინოლის გამოყენება

რეტინოლის უნიკალური დაბერების საწინააღმდეგო თვისებების შესახებ ალბათ გაგიგონიათ. მისი კიდევ ერთი ღირსება ჩაშავებული უპეების გაქრობაა.

რეტინოლის შემცველი თვალის შრატი ასტაბილურებს მელანოციტებს (კანის პიგმენტის წარმომქმნელ უჯრედებს, რომელთა გადაჭარბებულ აქტიურობას უპეების ჩაშავებამდე მივყავართ), ასქელებს კანს, აუმჯობესებს მის ტექსტურას, ხელს უწყობს მიმიკური ნაოჭების გასწორებას, ათანაბრებს ფერს.

ჩართეთ კოფეინი კანის მოვლის რუტინაში

ყველამ იცის, რომ კოფეინი აფხიზლებს. ჩვენ კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ამ ნივთიერების შემცველი კოსმეტიკური პროდუქცია კანს გამოძინებულის იერს აძლევს. კანზე მოხვედრილი კოფეინი ვაზოკონსტრიქციას (თვალების ქვეშ სისხლძარღვების შევიწროებას) უწყობს ხელს და შეშუპებაც იკლებს.

ვიტამინები აუცილებელია

ვიტამინების შემცველი კრემის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ არსებობს კონკრეტული ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია კანისთვის თვალების გარშემო.

მათ, ვისაც ჩაშავებული უპეები აქვთ, მსოფლიოს წამყვანი კოსმეტოლოგები ჩ ვიტამინის შემცველი შრატის გამოყენებას ურჩევენ. ჩ ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია – იცავს კანს თავისუფალი რადიკალებით  გამოწვეული დაზიანებისგან, რაც სტრესის შედეგია და ხელს უწყობს ჰიპერპიგმენტაციას.

მოსინჯეთ ფილერი

პროფესიონალი კოსმეტოლოგის ხელში ფილერი ძლიერი იარაღია. კანი თვალების გარშემო დროთა განმავლობაში კარგავს ელასტიკურობას და იკუმშება. შედეგად თვალების ქვეშ ჩნდება ჩაღრმავება, რომელშიც ჩრდილი წვება და ჩაშავებული უპეების ეფექტს ქმნის. თუ თქვენი პრობლემაც ესაა, მოსინჯეთ ფილერის – კანი ამოივსება და ჩრდილი და სიშავე გაქრება.

დაძლიეთ მავნე ჩვევები

თუ ეწევით ან ხშირად და ბევრს სვამთ, უნდა აცნობიერებდეთ, რომ თქვენი ორგანიზმი მუდმივ ინტოქსიკაციას განიცდის, შესაბამისად, კანიც უფრო სწრაფად ბერდება და უპეების ჩაშავების ალბათობაც საშუალოზე მაღალია. თუ გსურთ, თავად არ შეუქმნათ პრობლემა საკუთარ თავს, ეცადეთ, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე. ეს მხოლოდ მუქი წრეების პრობლემას კი არ მოაგვარებს, მთელი ორგანიზმისთვის ჯანმრთელობისთვისაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

იკვებეთ სწორად

არასწორი კვება დიდ გავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე, ამიტომ ეცადეთ, რაციონიდან ამოიღოთ შემწვარი საკვები. ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით მარილს. ერიდეთ მჟავეს და ცხარეს. ივახშმეთ დაძინებამდე, სულ მცირე, ორი საათით ადრე.

გამოიყენეთ თვალის პაჩები

თვალის პაჩების ღირსებები უმეტესად გაზვიადებულია, მაგრამ თვალების ირგვლივ შეშუპების გაქრობა მათ ნამდვილად შეუძლიათ. მათი გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება, ოღონდ აუცილებლად სუფთა კანზე. ვიტამინებით და კოლაგენით გაჯერებული პაჩები დაძინებამდე 15-20 წუთით ადრე დაიფინეთ თვალების გარშემო და გაიჩერეთ იმდენ ხანს, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული ან დაიფინოთ დილით და მხოლოდ მათი გამოყენების შემდეგ, კარგად დატენიანებულ კანზე, გაიკეთოთ მაკიაჟი.

აიმაღლეთ სასთუმალი

დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ გძინავთ. თუ ლიმფის მიმოქცევა დაირღვა, შესაძლოა, თვალების გარშემო კანმა ფერი იცვალოს. როცა ლიმფა სისხლძარღვებში კარგად ვერ მოძრაობს, ის თვალების ქვეშ გროვდება, ეს ადგილები შუპდება და მუქდება.

ექსპერტები გვირჩევენ, ძილის დროს თავი მაღალ სასთუმალზე დავდოთ. ეს ხელს შეუშლის თვალებქვეშ სითხის ჩაგროვებას. შესაბამისად, დილით დასივებული თვალებით აღარ გაიღვიძებთ.

თუ ჩაშავებული უპეები ცხოვრების არაჯანსაღი წესის დამსახურებაა, ზემოთ მოყვანილი რჩევები მათგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ, მაგრამ თუ ატყობთ, რომ ყველა რჩევას ასრულებთ, შეშუპება და სიშავე კი, ნაცვლად გაქრობისა, თანდათან იმატებს, უმჯობესია, ოჯახის ექიმს მიმართოთ და მასთან ერთად გაარკვიოთ, რისი ბრალია თქვენი ჩაშავებული უპეები, მერე კი ამ პრობლემის აღმოფხვრას შეუდგეთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: