ადამიანები სუპერშესაძლებლობებით
გააზიარე:
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის უჯრედების ყოველი გაყოფისას ასამდე ახალი მუტაცია ხდება. მათი უმეტესობა უმნიშვნელოა, მაგრამ გვხვდება ისეთი მუტაციებიც, რომლებიც იშვიათ, შეიძლება ითქვას, სუპერშესაძლებლობებს განაპირობებს.
უშიშარი ქალი
შუახნის ქალი ს. მ. აუღელვებლად ეხება შხამიან გველებსა და ობობებს, უშფოთველად ათევს ღამეს დიდი ხნის წინ მიტოვებულ სახლში და აუჩქარებლად აქცევს ზურგს დანით შეიარაღებულ თავდამსხმელს. შარშან, დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თავის ტვინის იშვიათი დაზიანება მას ხელს უშლის შიშის შეგრძნებაში.
ს. მ-ს აქვს უჩვეულო გენეტიკური პათოლოგია – ურბახ-ვიეტეს დაავადება, რომელიც ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად ვითარდება. მთელ მსოფლიოში ამ დაავადების სულ სამასამდე შემთხვევაა აღრიცხული. პაციენტები 6-დან 67 წლამდე ასაკისანი არიან. მათი უმრავლესობა ევროპელია (გერმანელი, ჰოლანდიელი), რამდენიმე – ახლო აღმოსავლეთიდან და ინდოეთიდან (ეს შემთხვევები ნათესაური ქორწინების შედეგია). დაავადება ჩვილ ასაკში ვლინდება კანის, პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის ცვლილებებით. პროცესი სქესობრივ მომწიფებამდე პროგრესირებს, მერე კი სტაბილიზდება. პირველი სიმპტომებია ხმის ჩახლეჩა, ქოშინი, მშრალი ხველა და პატარა ბრტყელი ან ნახევარსფერული მოყვითალო, ელასტიკური კონსისტენციის კვანძები ენაზე, ლოყებზე, შუბლსა და ტუჩებზე, თანდათანობით ვითარდება მეჭეჭისებრი წარმონაქმნები. კვანძების გაწოვის შემდეგ კანზე პიგმენტური ნაწიბურები რჩება. იშვიათად დაავადება იწვევს ამიგდალას – ნუშისებრი სხეულის – დაზიანებას.
ნუშისებრი სხეული თავის ტვინში მდებარეობს (თითო ნახევარსფეროში – თითო) და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ემოციების ფორმირებაში, თუმცა მარჯვენასა და მარცხენას რამდენადმე განსხვავებული ფუნქციები აქვს: ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მარჯვენა ამიგდალას ელექტრული სტიმულაციის დროს უმეტესად ნეგატიური ემოციები – შიში, მწუხარება აღმოცენდება, მარცხენას სტიმულაცია კი ორივე ტიპის (სასიამოვნო და უსიამოვნო) ემოციებს იწვევს. ამასთან ერთად, ამიგდალა აკონტროლებს ემოციურ მეხსიერებას (ემოციებთან დაკავშირებული მოვლენების დამახსოვრებას).
ზემოხსენებული პაციენტის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნუშისებრი სხეულის ფუნქციის მოშლამ გამოიწვია პათოლოგიური ემოციური აშლილობა, რის გამოც ს. მ. გახდა მსოფლიოში ცნობილი პირველი “უშიშარი” ქალი. მას აქვს საშუალო IQ, კარგი მეხსიერება, მეტყველება და აღქმის უნარი, თუმცა შიშს სხვა ემოციებისგან ვერ განასხვავებს. ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ შეშინებული სახის დახატვა არ შეუძლია, რადგან არ იცის, როგორია ის.
ადამიანები სრულყოფილი მეხსიერებით
წარმოიდგინეთ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ყოველი სიტყვა სამუდამოდ რომ დაგამახსოვრდეთ... ეს არის პრობლემა, რომელსაც სუპერავტობიოგრაფიული მეხსიერების მქონე ადამიანები ეჯახებიან. დიახ, ჰიპერთიმეზიას პრობლემად აღიქვამენ და არა ბედის წყალობად. ასეთი ადამიანების შესწავლა 2000 წელს კალიფორნიის კლინიკის ექიმმა ჯეიმს მეგამ დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ჰიპერთიმეზიის მქონე ადამიანის გონება კომპიუტერის მყარი დისკივით "იწერს" ყველაფერს: თარიღებს, საბუთების ნომრებს, თუნდაც იმას, რასაც ყოველდღე მიირთმევს სადილად.
ამჟამად აღრიცხულია სუპერმეხსიერების სამოცამდე შემთხვევა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ უამრავი სხვა ჯერ არ გამოვლენილა.
სპეციალისტების თქმით, მდგომარეობა გარკვეულწილად ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასთან არის დაკავშირებული.
სუპერავტობიოგრაფიული მეხსიერების პირველი შემთხვევის აღმოჩენიდან ორი ათეული წელი გავიდა და მეცნიერებს ჯერ კიდევ ვერ აუხსნით ამ მოვლენის ნეირობიოლოგიური ასპექტები. ტყუპის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჰიპერთიმეზია გენეტიკურად არ გადაეცემა. გაირკვა ისიც, რომ სუპერმეხსიერება არა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, არამედ მოზარდობის პერიოდშიც შეიძლება გამოვლინდეს (კვლევაში ჩართულია 6-დან 9 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი), რაც მოწმობს, რომ ჰიპერთიმეზიის დასწავლა შეუძლებელია.
გაგაცნობთ სრულყოფილი მეხსიერების მქონე ოთხ ადამიანს, რომლებიც კვლევის პირველი ობიექტები გახდნენ.
ბ. პ., ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ტელეარხის პროდიუსერი, ტელეფონის ნომრებს სხვებივით მობილურში კი არა, საკუთარ გონებაში ინახავს, თუმცა მისი გამორჩეული უნარი სპორტული ღონისძიებების სრული სიზუსტით გახსენებაა. თუ მას საყვარელი გუნდის რომელიმე თამაშის სტოპკადრს აჩვენებთ, დაუფიქრებლად გეტყვით ამ შეხვედრის თარიღსა და საბოლოო ანგარიშს. ბ. პ-ს ზედმიწევნით ახსოვს თავისი ცხოვრების ყველა დეტალი 5 წლიდან დღემდე.
ჯ. პ., ჰიპერთიმეზიის მქონე ოთხი ადამიანიდან ყველაზე ცნობილი, ამბობს: “ეს არის უწყვეტი, უკონტროლო და აბსოლუტურად გამომფიტავი მდგომარეობა, უმეტესობამ ის ბედის საჩუქრად შერაცხა, მე კი მას ტვირთად მივიჩნევ”. ჯ. პ. პირველია, ვისაც სუპერმეხსიერების დიაგნოზი დაუსვეს. მან ახლახან გამოსცა მემუარები სათაურით “ქალი, რომელიც ვერ ივიწყებს”. წიგნის ავტორს, 14 წლიდან მოყოლებული, თავისი ცხოვრების ყოველი დეტალი ახსოვს. თავის მოგონებებში ჯ. პ. სუპერმეხსიერებას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ნაწილობრივ – იმის გამოც, რომ ვერ ივიწყებს ცხოვრებაში განცდილ მტკივნეულ წუთებს.
ვისკონსინის რადიოს წამყვანი ბ. ვ. კი ამაყობს კიდეც თავისი შესაძლებლობით, გაიხსენოს, მაგალითად, 1991 წლის 7 ნოემბერს მომხდარი ამბავი (ამერიკელმა კალათბურთელმა მეჯიქ ჯონსონმა განაცხადა, რომ აივდადებითი იყო). ახსოვს დღეც – ხუთშაბათი – და ისიც, რომ ერთი კვირით ადრე ვისკონსინს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა. წამყვანი აღნიშნავს, რომ არასდროს მიუჩნევია თავი უჩვეულო ადამიანად, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია, "ოსკარის" ყველა ლაურეატი ჩამოთვალოს. ამჟამად მზადდება სრულმეტრაჟიანი ფილმი ბ. ვ-ს ცხოვრების შესახებ, სათაურით "დაუვიწყარი".
ოჰაიოს მკვიდრმა რ. ბ.-მ ტელევიზიით გამოაცხადა თავისი სუპერუნარის შესახებ მას შემდეგ, რაც ჯ. პ.-ზე დაწერილი სტატია წაიკითხა. თავის სრულყოფილ მეხსიერებას ის უმთავრესად შეჯიბრებებში იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევარია, ძალიან საზრიანია, ხშირად მონაწილეობს კონკურსებში და იმარჯვებს კიდეც. მისი ჯილდოების ჩამონათვალში შედის რესტორნების სასაჩუქრე ბარათები, სპორტული ღონისძიებების ბილეთები და ფასიანი საგზურები. რ. ბ. ამბობს, რომ, 11 წლიდან მოყოლებული, თავისი ცხოვრების ყველა დეტალი ახსოვს.
ადამიანი-ვამპირი
28 წლის ამერიკელმა მოდელმა მელანი გეიდოსმა მოდის ინდუსტრიაში არსებული ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია, გოგონა, რომელიც ვამპირს ჰგავდა, ცნობილი ფოტოგრაფების რჩეული გახდა.
იმავე გენეტიკურ დაავადებას ხელი არ შეუშლია მაიკლ ბერიმანისთვის, ცნობილი მსახიობი გამხდარიყო. თავისი ეგზოტიკური გარეგნობის წყალობით მან შესანიშნავად მოირგო ბოროტმოქმედთა როლები.
ჰიპოჰიდროზული (ანჰიდროზული) ექტოდერმული დისპლაზია (ჰედ), იგივე კრისტ-სიმენს-ტურენის სინდრომი, კანის იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. ახასიათებს თავისა და სხეულის თმოვანი საფარველის გაღარიბება, ოფლის გამოყოფის შეუძლებლობა და კბილების განვითარების დარღვევა. საფუძვლად უდევს ნაყოფის განვითარების შეფერხება მუცლად ყოფნის დროს. ვინაიდან დაავადება X ქრომოსომასთან არის შეჭიდული, უმეტესად მამრობითი სქესის პაციენტებთან ვლინდება. ამ სინდრომით 17 000-დან ერთ ადამიანია დაავადებული. ჰედ-ის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ცალკეული სიმპტომების კორექციით არის შესაძლებელი.
ადამიანები უსაზღვრო გონებრივი შესაძლებლობებით
სავანტიზმი (ფრ. Savant– სწავლული, მეცნიერი) – ბევრმა ეს სიტყვა “წვიმის კაციდან” გაიგო (ეს შესანიშნავი ფილმი თქვენც გექნებათ ნანახი). მაგრამ ხელოვნებას მოვლენათა შელამაზება სჩვევია. რა არის სინამდვილეში სავანტის სინდრომი და, საერთოდ, არსებობს თუ არა?
განსაზღვრული პათოლოგიის მქონე ადამიანებს აქვთ განსაკუთრებული უნარები ერთ ან რამდენიმე სფეროში საერთო გონებრივი ჩამორჩენილობის ფონზე. მეცნიერებმა არ იციან, რა იწვევს ამ სინდრომს. არსებობს მრავალი თეორია, თუმცა ბოლომდე ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის აღნიშნულ მოვლენას. ექიმების მონაცემებით, აუტიზმის მქონე ადამიანთა 10%-ს სავანტის სინდრომი აქვს, თუმცა ის თავის ტვინის შეძენილი ტრავმის და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაზიანების ფონზეც შეიძლება განვითარდეს.
ზოგი ადამიანი ადრეულ ბავშვობაში იწყებს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, – მაგალითად, აუტიზმის მქონე პირები, – ზოგი კი მოულოდნელად იძენს სავანტის სინდრომს უბედური შემთხვევის ან ავადმყოფობის, მაგალითად, ინსულტის, შედეგად. ამ სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობები მრავალფეროვანია. ზოგი ზეპირად ამრავლებს და ყოფს მრავალნიშნა რიცხვებს, ზოგი დაუფიქრებლად პასუხობს კითხვაზე “კვირის რომელი დღე იყო 1932 წლის 22 მარტი?” ზოგს ოცამდე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ხელსაწყოების გამოუყენებლად მანძილის გაზომვა, რამდენიმე დღეში უცხო ენის შესწავლა ან დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლია.
გაგაცნობთ სავანტის სინდრომის მქონე ორ ადამიანს:
მიუხედავად იმისა, “წვიმის კაცის” მთავარი პერსონაჟი რეიმონდი გამოგონილია, რეჟისორ კიმ პეიკის შთაგონების წყარო ნამდვილი ამბავი იყო. რეიმონდს აუტიზმი აქვს, კიმს კი ორი ჰემისფეროს დამაკავშირებელი ნერვების კონის დეფიციტი ჰქონდა. ის განსაცვიფრებელი მეხსიერებით გამოირჩეოდა. თავისი სიცოცხლის განმავლობაში მან დაიმახსოვრა 12 000-ზე მეტი წიგნი, მათ შორის – ბიბლია, და ექსპერტი გახდა 15 სფეროში, მათ შორის – გეოგრაფიაში, მუსიკაში, ლიტერატურაში, ისტორიასა და სპორტში. კიმს შეეძლო, ათიოდე წამში ერთდროულად გადაეკითხა ორი გვერდი: მარცხენა თვალით – მარცხენა, მარჯვენით – მარჯვენა, და ორივე უშეცდომოდ დაემახსოვრებინა.
სტეფან ვილშტაერს მცირე ასაკში აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი, ჯერ ცხოველებს ხატავდა, მერე – ავტობუსებს, შენობებს, ბოლოს – ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. ენა გვიან ამოიდგა, მანამდე კი ნახატებით ცდილობდა გარშემო მყოფებთან კომუნიკაციას. დღეს იშვიათი ნიჭის მქონე მხატვარს “ადამიანი-კამერის” მეტსახელით იცნობენ. მას ლანდშაფტისთვის თვალის ერთი შევლებაც ჰყოფნის, რომ თითოეული დეტალი ფოტოკამერის სიზუსტით აღბეჭდოს ქაღალდზე.
ადამიანები ტკივილის შეგრძნების გარეშე
ტკივილი აუცილებელია სამყაროსთან ადაპტრებისა და მასში უსაფრთხოდ არსებობისთვის. ის თვითგადარჩენის ძირითადი საშუალებაა. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაბადებიდანვე არიან მოკლებულნი ფიზიკური ტკივილის განცდის უნარს. მათ შეუძლიათ, განასხვაონ ბასრი ბლაგვისგან, ცივი – ცხელისგან, მაგრამ ვერ გრძნობენ, მაგალითად, ცხელი სასმლით ენის დაწვას.
ტკივილის განცდის შეუძლებლობის გამო ასეთ ადამიანებს ხშირად უგვიანდებათ სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანების დიაგნოსტიკა, რასაც საბოლოოდ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრ დაქვეითებამდე მივყავართ.
თანდაყოლილი ანალგეზია იშვიათი მდგომარეობაა – სამეცნიერო ლიტერატურაში მისი ოცამდე შემთხვევაა აღწერილი. დამემკვიდრება ხდება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. შჩN9A გენის მუტაცია არღვევს ნატრიუმის არხების წარმოქმნას, დაზიანებული ადგილიდან ტკივილის სიგნალი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ვეღარ გადაეცემა და ადამიანი ტკივილისადმი ინდიფერენტული ხდება.
თანდაყოლილი ანალგეზია მიჩნეულია პერიფერიული ნეიროპათიის ფორმად, რადგან ამ დროს დაზიანებულია პერიფერიული ნერვები, რომლებიც შეხების, ყნოსვისა და ტკივილის მიმღებ უჯრედებს თავისა და ზურგის ტვინთან აკავშირებს. ეს პათოლოგია ყურადსაღებია, რათა არცერთი ტრავმა არ გამოგვეპაროს და დროულად მივმართოთ ექიმს მკურნალობისთვის.
მარი მარღანია