რა ემუქრება გულს

გააზიარე:

  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების შედეგად ყოველწლიურად ათობით მილიონი ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილიანობის საერთო რიცხვის მესამედია. აქედან 82% საშუალო და დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებზე მოდის, თუმცა რიცხვები არც განვითარებულ ქვეყნებშია სანუგეშო: სტატისტიკოსებმა და კლინიცისტებმა გამოთვალეს, რომ 2030 წლისთვის 23.6 მილიონი კაცი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით (უმთავრესად – ინსულტითა და ინფარქტით) გარდაიცვლება. ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ მსოფლიოს ყველა ექსპერტს მიაჩნია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილება ათიდან რვა შემთხვევაში შესაძლებელია და თუ ამას ვერ ვახერხებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგია.
დავაზუსტოთ, როგორ
გულს კვებაც და ჟანგბადიც ისევე სჭირდება, როგორც მთელ დანარჩენ ორგანიზმს, რომლის მომარაგებაზეც ხსენებული ორგანო ასე დაუღალავად ზრუნავს. გულს კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიები კვებავენ. ზემომოყვანილ სტატისტიკაშიც საკმაოდ დიდი წილი სწორედ მათ დაზიანებას შეაქვს. დასავლური სამედიცინო ლიტერატურა ამას კორონარული არტერიების დაავადებას (კად) უწოდებს, ყოფილი საბჭოთა სკოლა კი გულის იშემიურ დაავადებას (სიტყვა “იშემია” ადგილობრივ სისხლნაკლებობას ნიშნავს). 2004 წელს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით გარდაცვლილი 17.1 მილიონი კაციდან 7.2 მილიონი სწორედ გვირგვინოვანი არტერიების დაავადებამ შეიწირა.
გულის მკვებავ ძარღვებს ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზული ფოლაქები (სისხლძარღვის კედელში დაგროვილი ქოლესტეროლი) ან უსწორმასწორო ზედაპირის გამო გაჩენილი თრომბები ავიწროებს. პათოლოგია წლობით შეუმჩნევლად მიმდინარეობს. იშემია რომ განვითარდეს, ამისთვის სისხლძარღვთა სანათურის  50-70%-ზე მეტი უნდა დაიხშოს.
როცა დაზიანების ხარისხი ზღვარს გადააჭარბებს, გიდ სამალავიდან გამოდის და მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოგვიდგება. ეს რამდენიმე ფორმით შეიძლება მოხდეს:
. გულის ანგინა (სტენოკარდია) – შემბოჭველი ხასიათის ტკივილი გულმკერდის შუა ხაზზე, მკერდის ძვლის უკან; ზოგჯერ გადაეცემა კიდურებს, კისერს, ქვედა ყბას, მუცლის ზედა ნაწილს (უპირატესად – მარცხნივ). იშემიურ ტკივილს არც აძლიერებს და არც ამსუბუქებს გარეგანი ზემოქმედება: გულმკერდზე ხელის დაჭერა, შეტრიალ-შემოტრიალება, გაჭინთვა, ჩახველება. ასეთი ტკივილი, წესისამებრ, ფიზიკურ თუ ემოციურ სტრესს მოჰყვება და მიზეზის აღმოფხვრიდან (მაგალითად, დამქანცველი საქმიანობის შეწყვეტიდან) რამდენიმე წუთის შემდეგ გაივლის. ის ხანმოკლეა – 2-დან 5, იშვიათად 15 წუთამდე გრძელდება. უფრო ხანგრძლივი ტკივილი ან არ არის იშემიური, ან იშემიის უფრო მძიმე ვარიანტზე – მიოკარდიუმის ინფარქტზე მიუთითებს.
. მიოკარდიუმის ინფარქტი – ამ დროს გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვები სისხლს აღარ ატარებს, რასაც მიოკარდიუმის განსაზღვრული უბნის მხოლოდ იშემია კი არა, ნეკროზიც (კვდომა) მოსდევს. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტკივილი გაცილებით ძლიერი და ხანგრძლივია – ნახევარ საათამდე. გარდა ტკივილისა, შეტევის დროს ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავბრუხვევამ, სულხუთვამ, გულისრევის შეგრძნებამ, ღებინებამაც კი. ავადმყოფი ფერს კარგავს, სხეული ცივი და წებოვანი ოფლით ეფარება და შესაძლოა, გონიც კი დაკარგოს. ხდება ხოლმე, რომ ინფარქტი უჩვეულო ფორმით გამომჟღავნდება და სხვა პათოლოგიის არსებობას გვაფიქრებინებს. მაგალითად, ის შესაძლოა ჰგავდეს კუჭის ტკივილს, კარდიული ასთმის შეტევას და, თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის ტკივილსაც კი. გულის კუნთის რა ნაწილი შეეწირება ამ მდგომარეობას, დროულ და ადეკვატურ მკურნალობაზეა დამოკიდებული, ამიტომ მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი გამოიძახეთ სასწრაფო.
. არითმია – ჟანგბადოვანი შიმშილი ან ინფარქტის შემდეგ განვითარებული ნაწიბური ზოგჯერ გულის კუნთში ელექტრული იმპულსის წარმოქმნასა და გატარებას უშლის ხელს; ყალიბდება გულის რიტმისა და გამტარობის მოშლა.
გულის უკმარისობა: კუნთოვანი ბოჭკოების დაღუპვას გულის მთავარი – ტუმბოს – ფუნქციაც ეწირება და ორგანოების სისხლით ადეკვატური მომარაგება ვეღარ ხერხდება.
წამქეზებელ-ხელშემწყობნი
შესაძლოა, დაზიანების მექანიზმი დანამდვილებით არ ვიცოდეთ, მაგრამ რისკფაქტორები უკვე ზომა-წონით არიან აღნუსხულ-შესწავლილნი და სპეციალური სქემებიც კი არსებობს, რომლებიც რამდენიმე წამში ზუსტად გამოგითვლიან, რამდენი პროცენტია შანსი, უახლოეს ათ წელიწადში ინფარქტი დაგემართოთ.
ეს ფაქტორებია:
. ასაკი. საზოგადოდ,  ასაკთან ერთად სისხლძარღვების დაზიანებისა და შევიწროების საფრთხეც იმატებს, თუმცა ბოლო ხანს აშკარად შეინიშნება ამ პათოლოგიის გაახალგაზრდავების ტენდენცია.
. სქესი. მამაკაცებს გვირგვინოვანი არტერიების დაზიანების საფრთხე მეტად ემუქრებათ, თუმცა მენოპაუზის შემდეგ რისკი ქალებთანაც იმატებს. ასეა თუ ისე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები ორივე სქესის პაციენტთა სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზია.
. მომატებული არტერიული წნევა. წნევის მომატება ყველაზე ხშირად ასოცირდება ხსენებულ პათოლოგიათა რისკის მომატებასთან, მისი ნორმის ფარგლებში დაბრუნება კი სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
. სისხლში ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა. სტატისტიკის თანახმად, თუ მისი  საერთო დონე 240 მგ-მდეა მომატებული (ნორმაში 200 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს), გულის იშემიური დაავადების განვითარების საფრთხე 2-ჯერ იმატებს, ხოლო თუ 300 მგ-ს აღემატება – 5-ჯერ, მეტადრე – თუ საერთო დონის ცვლილებები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. ცუდი ქოლესტეროლის) მომატებისა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. “კარგი” ქოლესტეროლის) შემცირების ფონზე აღინიშნება.
. თამბაქოს წევა. ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ნახშირჟანგი კი მათ შიდა კედელს აზიანებს და ათეროსკლეროზისადმი მიდრეკილებას ზრდის. ქალებს, დღეში 20 და მეტ ღერ სიგარეტს რომ ეწევიან, ინფარქტის ალბათობა არამწეველებთან შედარებით 6-ჯერ მეტი აქვთ, მწეველ მამაკაცებს კი არამწეველებზე 3-ჯერ მეტი საფრთხე ემუქრებათ.
. შაქრიანი დიაბეტი. შაქრის დონის ცვლილებები სისხლძარღვების (მათ შორის – გვირგვინოვანის) მნიშვნელოვან დაზიანებას იწვევს. 
. ჭარბი წონა და სიმსუქნე. ამავე დროს ერთიც და მეორეც ზრდიან სხვა რისკფაქტორების, მაგალითად, წნევის მომატებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. იმასაც აქვს მნიშვნელობა, სად არის დაგროვილი ჭარბი ცხიმი. კარდიოვასკულურ გართულებებთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი აქვს აბდომინურ სიმსუქნეს, ანუ ღიპს.
. ჰიპოდინამია ანუ ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი. ამ დროს ცხიმები და ქოლესტეროლი არასრულად იშლება, ნარჩენი ნივთიერებები არტერიის კედელზე ლაგდება და წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რაც, თავისთავად, ხელს უშლის სისხლის დინებას. ფიზიკური დატვირთვა აუმჯობებს ლიპიდურ (ცხიმების) ცვლას, ამცირებს თრომბების წარმოქმნის ალბათობას და გულის კუნთს მეტ ჟანგბადსაც აწვდის. ჯანმოს მონაცემებით, გულისა და სისხლძარღვების ფორმაში მოსაყვანად ზომიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას დღეში ნახევარი საათი მაინც უნდა დავუთმოთ.
. სტრესი. უსტრესო ცხოვრება არ არსებობს, საბედნიეროდ, მასთან გამკლავება ყველას შეუძლია ისწავლოს.
. ალკოჰოლი. ზომიერად მსმელებს (მამაკაცებისთვის – დღეში მხოლოდ ორი-სამი ჭიქა, ქალებისთვის – ერთი) პათოლოგიის განვითარების რისკი არამსმელებზე დაბალი აქვთ, სასმლის ოდენობის ზრდა კი საფრთხესაც ზრდის. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, მკვლევარებს სხვა ფაქტორები გამორჩენოდათ, თანაც, ვინაიდან რეკომენდებულს არავინ სჯერდება, ჯანმოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინმეს ალკოჰოლის თუნდაც ზომიერი მოხმარება ურჩიოს.
. მემკვიდრეობა. ახლო ნათესავებში გულის დაზიანება გვირგვინოვანი არტერიების დაავადების რისკს ზრდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობელს პათოლოგია 60 წლამდე განუვითარდა.
საფრთხე რომ ავიცილოთ

თამბაქოსთან, ფიზიკურ აქტივობასა თუ ალკოჰოლთან დაკავშირებული რეკომენდაციები არაერთხელ მოგისმენიათ. რაკიღა ზოგიერთი რისკფაქტორი, როგორც თავად გვირგვინოვანი არტერიების დაავადება, შესაძლოა წლობით უჩინარი დარჩეს, ცხოვრების წესის გაჯანსაღებასთან ერთად განსაზღვრული პერიოდულობით სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებასაც გვირჩევენ. წნევა რომ წნევაა, მასაც კი ხშირად ჩუმ მკვლელს ეძახიან, რადგან სიმპტომების გარეშე, პირდაპირ გართულებებით გვაცნობს თავს, ამიტომ, თუნდაც რკინის ჯანმრთელობით გამოირჩეოდეთ, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ წნევა უნდა გაიზომოთ. თუ მანომეტრის სვეტმა 140`90-ზე მაღალი რიცხვები აჩვენა, ექიმთან ვიზიტი და მისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებაა საჭირო. გარდა ამისა, 35 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სისხლში ქოლესტეროლისა და ლიპიდების ფრაქციების განსაზღვრაა საჭირო. თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ ან თქვენს ახლო ნათესავს გულის დაავადება ადრეულ ასაკში დაემართა, პროფილაქტიკური შემოწმება 20 წლიდან დაიწყეთ. თუ რომელიმე მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს გასცდა, ყველაფერთან ერთად სისხლში გლუკოზის დონის გადამოწმება და შაქრიანი დიაბეტის გამორიცხვაც აუცილებელია.
რაც შეეხება წამლებს, არტერიების დაზიანების პირველად პრევენციაში (ანუ დაავადების თავჩენამდე პროფილაქტიკაში) მათი როლი უმთავრესად წნევისა და ქოლესტეროლის დონის დაწევით შემოიფარგლება. ინფარქტის ძალიან მაღალი რისკის დროს ამას ასპირინის მცირე დოზებიც ემატება, ოღონდ ექიმის რეკომენდაციით. რაც შეეხება ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, B, C, E ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კარდიოვასკულური რისკის შესამცირებლად ჯანმო მათ რეკომენდაციას არ უწევს.
პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე საკითხია სწორი კვება. ანტიათეროგენულ დიეტაზე არაერთხელ გვისაუბრია, ამიტომ ამჟამად მოკლედ შეგახსენებთ:
. ცხიმის წილად დღიური კალორიების დაახლოებით 30% უნდა მოდიოდეს, ნაჯერი (ცხოველური) კი აქედან 10%-ზე ნაკლები უნდა იყოს. 
. ეცადეთ, რაციონიდან სართოდ ამოიღოთ ტრანსცხიმები (ისინი მარგარინის მრავალ სახეობაში შედის). 
. კერძი მცენარეული ზეთით მოამზადეთ. დადგენილია, რომ მასში შემავალი უჯერი ცხიმები არამცთუ არ აბინძურებს სისხლძარღვებს, არამედ  პირიქით, ათეროსკლეროზისგან იცავს.
. უპირატესობა ნაკლებცხიმიან ან უცხიმო რძის ნაწარმს მიანიჭეთ. გამოყენების წინ რძეს ნაღები აუცილებლად მოხადეთ.
. ეცადეთ, კვირაში ერთხელ მაინც გქონდეთ სუფრაზე თევზი. გულისთვის ძალზე სასარგებლოა ქაშაყი, თინუსი, სკუმბრია, ორაგული, ზუთხი, კალმახი.
. დღის განმავლობაში მიირთვით არანაკლებ 400 გ ხილი და ბოსტნეული. რაციონში ჩართეთ გაუწმენდავი მარცვლეულიც.
. არ გამოტოვოთ საუზმე, სადილი და ვახშამი, შუალედში კი აუცილებლად წაიხემსეთ – მიირთვით 1-2 ცალი ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული. 
. დღის განმავლობაში მიიღეთ, სულ მცირე, 1,5 ლ სითხე.
. თავი არიდეთ ფასთფუდს: ჰოთ-დოგს, ჰამბურგერს, ჩიფსებს.
წნევის წვლილი
არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლის სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკფაქტორს ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის. სიკვდილის ძირითად მიზეზად მთელ მსოფლიოში სწორედ ეს დაავადებები გვევლინება. ამავე დროს, შთამბეჭდავია არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება. მრავალ ქვეყანაში ის ყველაზე ხშირი პირველადი დიაგნოზია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, არტერიული ჰიპერტენზია მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით მილიარდ კაცს აქვს და მასთან არის დაკავშირებული ყოველწლიურად სიკვდილის 7 მილიონზე მეტი შემთხვევა.

ჯანმოს 2005 წლის ანგარიშში, 2002 წლის მონაცემების საფუძველზე, ნათქვამია, რომ საქართველოში არტერიული ჰიპერტენზიის წილი სიკვდილობის მიზეზთა შორის 48,8%-ს შეადგენს.
დადასტურებულია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის ადეკვატური კონტროლი პოპულაციურ დონეზე ამცირებს თავის ტვინის ინსულტისა და გულის კორონარული დაავადების განვითარებას და ამ დაავადებათა მიზეზით განპირობებული სიკვდილობის რისკს.
არტერიული ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადება და, ამავე დროს, გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების, უპირატესად კი მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების უმთავრესი რისკფაქტორიც არის.
ნორმა VS პათოლოგია არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 140 მმ ვწყ სვ-ის ტოლი ან უფრო მაღალია, ანდა დიასტოლური წნევა უტოლდება ან აღემატება 90 მმ ვწყ სვ-ს. არტერიული ჰიპერტენზიის ასიდან 90-95 შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელი რჩება. ამას პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზია ეწოდება. როდესაც არტერიული ჰიპერტენზია რაიმე სპეციფიკური მიზეზით ვითარდება, მას მეორეულ ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიას ვუწოდებთ.
ესენციური ჰიპერტენზიის ეტიოპათოგენეზი მულტიფაქტორულია, მარტივად რომ ვთქვათ, მრავალი მიზეზი აქვს, ხოლო საფუძვლად არტერიული წნევის რეგულაციის დარღვევა უდევს, რომელშიც ერთმანეთთან დაკავშირებული ნეიროჰუმორული და უჯრედულმოლეკულური ფაქტორებია ჩართული.
ფიზიოლოგიურად არტერიული წნევის სიმაღლეს ორი ფაქტორი: გულის წუთმოცულობა და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობა – განაპირობებს.
საზოგადოდ, განიხილება არტერიული წნევის სამი კატეგორია:
1. ნორმული;
2. პრეჰიპერტენზია:
I სტადია;
II სტადია;
3. ჰიპერტენზია.
–––––––––––––––––––––––––––––––––––
არტერიული წნევის კლასიფიკაცია 18 წელს გადაცილებულთათვის
არტერიული წნევის კატეგორია    სისტოლური წნევა        დიასტოლური წნევა
ნორმალური    პრეჰიპერტენზია    120-139    ან    80-89
ჰიპერტენზია            
I სტადია    140-159    ან    90-99
II სტადია    ≥ 160    ან    ≥ 100

აბი წნევისთვის
ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის მიზანი კარდიოვასკულური და თირკმლის დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირებაა.

ჰიპერტენზიულ პირებთან, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულებთან, პირველი რიგის ამოცანა სისტოლური წნევის კონტროლია. სამიზნე არტერიულ წნევად ანუ იმ წნევად, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ, მიჩნეულია <140/90 მმ ვწყ სვ, რადგან ამ შემთხვევაში კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების ალბათობა საგრძნობლად მცირდება.
მათთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სამიზნე წნევაა <130/80 მმ ვწყ სვ.
ჰიპერტენზიულ პირთა დაახლოებით ორ მესამედთან სამიზნე არტერიული წნევის მიღწევა ორი ან მეტი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის საშუალებით ხერხდება. შემთხვევათა მხოლოდ ერთ მესამედშია შესაძლებელი ეფექტური მკურნალობა ერთი მედიკამენტის საშუალებით, რასაც კვლევებიც ადასტურებს. პაციენტთა უმრავლესობამ ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ან სამიზნე არტერიული წნევის მიღწევამდე კიდევ ერთი შემოწმება უნდა გაიაროს, სამიზნე წნევის მიღწევის შემდეგ კი მომდევნო ვიზიტები შეიძლება 3-6 თვეში ერთხელ განხორციელდეს.
მეორე სტადიის ჰიპერტენზიისა და თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებს ექიმთან ვიზიტი უფრო ხშირად სჭირდებათ. თანმხლები დაავადებების, მაგალითად, გულის უკმარისობისა და დიაბეტის დროს ვიზიტები ხშირად არის საჭირო. პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს სხვა კარდიოვასკულური რისკის ფაქტორების კორექცია.
წნევა ბავშვებში
ბავშვებსა და მოზარდებში არტერიულ ჰიპერტენზიაზე ლაპარაკობენ, თუ რამდენიმე გაზომვით ზედიზედ მიიღეს არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებელი. ბავშვებთან ჰიპერტენზიის შემთხვევაში ექიმმა მეორეული ჰიპერტენზია უნდა ივარაუდოს და კლინიკური მონაცემების საფუძველზე შესაბამისი გამოკვლევა დაიწყოს.
მოზარდებში არტერიული ჰიპერტენზია ხშირად ასოცირებულია სიმსუქნესთან, მჯდომარე ცხოვრების წესთან, ჰიპერტენზიისა და სხვა კარდიოვასკულური გართულებების ოჯახურ ანამნეზთან.
როცა მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით არტერიული ჰიპერტენზიის მართვა ვერ ხერხდება, ფარმაკოლოგიური თერაპია აუცილებელია. ინიშნება იგივე ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, რომლებიც მოზრდილ პაციენტებთან, ოღონდ დოზა უნდა იყოს მცირე და დიდი სიფრთხილით შეირჩეს. გაურთულებელი ჰიპერტენზიის პირობებში ბავშვებს ფიზიკური აქტივობა არამც და არამც არ უნდა შევუზღუდოთ, რადგან ხანგრძლივი ვარჯიში არტერიულ წნევას აქვეითებს.
ისევ და ისევ შეზღუდვების შესახებ
ჰიპერტენზიის პრევენციის უმნიშვნელოვანესი გზა ყველა ადამიანისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰიპერტენზიის მკურნალობის დროსაც.
ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს:
1. წონის დაკლებას მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აქვს;
2. რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს (სწრაფ სიარულს სუფთა ჰაერზე მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში კვირაში 4-5 დღე მაინც);
3. დიეტურ კვებას ანუ კალიუმითა და კალციუმით მდიდარი (ხილი, ბოსტნეული, დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები) და ნატრიუმით ღარიბი საკვების მიღებას (ნატრიუმის დღიური ოდენობა 100 მმოლამდე უნდა შემცირდეს; ეს 2,4 გრამს უდრის, რაც 4 გრამ სუფრის მარილს შეესაბამება);
4. ალკოჰოლის შეზღუდვას დღეში 30 მილილიტრამდე (ეთანოლზე გადაანგარიშებით) მამაკაცებში და 15 მილილიტრამდე ქალებსა და მცირე წონის პირებში.
როგორ დავძლიოთ კრიზი(სი)
უეცრად განვითარებული ძლიერი ჰიპერტენზიის აღსანიშნავად ექიმებმა ტერმინი “ჰიპერტონიული კრიზი” შემოიღეს. ამგვარ  შეტევებს თავი რომ არ დააჩაგვრინოთ, ერთი მარტივი წესის დაცვა დაგჭირდებათ:
. თუ არტერიული წნევის მკვეთრ მომატებასთან ერთად თავი იჩინა სიცოცხლისთვის საშიშმა გართულებებმა, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სტაციონარული მკურნალობა (ანუ კრიზში მყოფის საავადმყოფოში გადაყვანა), ამიტომ წნევის მომატებისას ყურადღება მიაქციეთ სამიზნე ორგანოთა დაზიანების ნიშნებს: თავის ძლიერ ტკივილს, ჰაერის უკმარისობას, ქოშინს, გულმკერდის ტკივილს, მხედველობის  გაუარესებას. მათი შემჩნევისას აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, შემდეგ კი სტაციონარს მიმართეთ. თუ თქვენს გვერდით ვინმეს უეცრად სახიფათოდ აუწია არტერიულმა წნევამ (სისტოლურმა მაჩვენებლმა მიაღწია 180-ს ან დიასტოლურმა – 110-ს), ეცადეთ, კონსულტაციისთვის დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს ან კარდიოლოგს, ანდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახოთ. ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი მშვიდ, მყუდრო გარემოში მოათავსეთ. ურიგო არ იქნება, თუ ფეხებს თბილ წყალში ჩააყოფინებთ. თუ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტს სვამს, მიეცით დამატებითი დოზა, ოღონდ წამლის მოქმედების ხანგრძლივობის გათვალისწინებით: თუ ხანგრძლივმოქმედი მედიკამენტი ერთი საათით ადრე აქვს მიღებული, დოზას ნუ დაამატებთ – როდესაც მანამდე მიღებული მედიკამენტიც დაიწყებს მოქმედებას, შესაძლოა, წნევა ნორმაზე მეტად დაეცეს. შეგიძლიათ დაალევინოთ შედარებით ხანმოკლე მოქმედების წნევის დამწევი მედიკამენტი (კაპტოპრილი, ანაპრილინი, ნიფედიპინი, ნიტროგლიცერინი, ლაზიქსი), მაგრამ ასეთი მედიკამენტების თვითნებური მიღება რეკომენდებული არ არის, ამიტომ ჯობს, ექიმს ტელეფონით მაინც დაუკავშირდეთ. გახსოვდეთ: ექიმის კონსულტაციის გარეშე ჩატარებულმა თვითმკურნალობამ შესაძლოა საბოლოოდ არასასურველი შედეგი გამოიღოს. 
ყოველგვარი მედიკამენტის თვითნებური მიღება საშიშია, განსაკუთრებით კი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატებისა, რადგან მათ აქვთ როგორც ჩვენებების, ასევე უკუჩვენებების ფართო სპექტრი. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ნიტროგლიცერინის მიღება ჰიპერტენზიის დროს არამც და არამც არ შეიძლება. კერძოდ, ამ მედიკამენტის მიმართ მგრძნობელობის მომატებისას, დახურულკუთხოვანი გლაუკომის არსებობისას, ვიაგრას დალევის შემდეგ, მწვავე ინსულტისას... თუმცა ხდება პირიქითაც, როცა ნიტროგლიცერინი არჩევის პრეპარატია ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული სტენოკარდიის სამკურნალოდ. არასამედიცინო პროფესიის ადამიანისთვის ეს ყველაფერი, ცხადია, რთულია, ამიტომ სასურველია, მედიკამენტი ინდივიდუალური მგრძნობელობის, ჩვენებისა და უკუჩვენების გათვალისწინებით მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციურმა ექიმმა დანიშნოს.
რამდენიმე ტექნიკური დეტალი
ტონომეტრით წნევის გაზომვისას: მაჯაზე ვპოულობთ პულსს და ჰაერს ჩავტუმბავთ. როცა პულსი შეწყდება, ავდივართ ზემოთ 30 ერთეულით, მერე კი მანჟეტიდან ჰაერს ნელ-ნელა ვუშვებთ.
ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ მეტი სიზუსტისთვის მაინც შეგახსენებთ რამდენიმე წესს: 
. წინამხარი, რომელზეც იზომება წნევა, სასურველია გულის მწვერვალის დონეზე იყოს მოთავსებული.
. მანჟეტი არც მეტისმეტად მჭიდროდ უნდა იყოს შემოხვეული და არც მეტისმეტად მოშვებული – მასა და სხეულის ზედაპირს შორის ერთი თითი უნდა ეტეოდეს.
. პაციენტს უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს დალეული ყავა, მოწეული თამბაქო და გადატანილი სერიოზული ფიზიკური დატვირთვა.
. ფეხი ფეხზე არ უნდა ჰქონდეს გადადებული და წნევის გაზომვისას მშვიდად უნდა იყოს.
. წნევა სასურველია გაიზომოს ზედიზედ 3-ჯერ, 1-2-წუთიანი ინტერვალებით. მინიმალური მაჩვენებელი მიიჩნევა რეალურ წნევად.
. წნევა იზომება ორივე ხელზე – რეალურად მიიჩნევა იმ ხელზე მიღებული მაჩვენებელი, რომელზეც წნევა უფრო მაღალია. უმეტესად მარჯვენა ხელზე ზომავენ. მემარჯვენეებს მარჯვენა ხელზე წნევა, როგორც წესი,  5-10 ერთეულით მაღალი აქვთ.
. წნევის გაზომვა მანიად არ უნდა იქცეს. თუ ადამიანს არაფერი აწუხებს, დღე-ღამეში წნევის 3-ჯერ გაზომვა საკმარისია.
ვებრძვით წნევას მცენარეებით
. აიღეთ თანაბარი რაოდენობის თავშავა და კატაბალახა. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ერთი საათით დააყენეთ. სვით თბილი, მესამედი ჭიქა დღეში სამჯერ.
. 15 გ თავშავას დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი და გაგრილებული წყალი, 12 საათის განმავლობაში დააყენეთ თავდახურული ჭურჭლით. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.
. კუნელის ერთ სუფრის კოვზ გამომშრალ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათით დადგით სითბოში (თუნდაც ღუმელში), შემდეგ კი გაფილტრეთ. სვით 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.
. ერთ სუფრის კოვზ ნიახურის ფესვს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, 4 საათი გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ შემთბარი, მესამედი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე. 
. აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი კალენდულას ყვავილი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და დააყენეთ ერთი საათით. გემოვნებისამებრ დაამატეთ თაფლი და სვით თბილ-თბილი, დღეში 3-4-ჯერ, უმჯობესია, ჭამამდე.
ეფექტურია კალენდულას სპირტხსნარიც (40-გრადუსიან სპირტზე დამზადებული). უნდა მიიღოთ 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ.
. აიღეთ თითო ჭიქა ჭარხლის, სტაფილოს, პირშუშხას წვენი (გახეხილ პირშუშხას დაასხით წყალი და დღე-ნახევარი დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში), ერთი ჭიქა თაფლი და ერთი ლიმონის წვენი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან 3 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
. აიღეთ ერთი ჭიქა ძახველის ნაყოფი, დაასხით ამდენივე ცხელი წყალი, 10 წუთით წამოადუღეთ, გაფილტრეთ და დაამატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ეფექტურია კანიანად მოხარშული კარტოფილის ჭამა.
******
ძალიან საშიში თამბაქო
თამბაქოს წევა გულ-სისხლძარღვთა დაავადების ერთ-ერთი რისკფაქტორია. საზოგადოდ, ის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მავნე ჩვევად მიიჩნევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 15 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის დაახლოებით 1.3 მილიარდი მწეველია. მათი 4/5 დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს. 
ჯანმო იმასაც გვამცნობს, რომ სადღეისოდ თამბაქოს ეწევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%. მწეველია მამაკაცთა 50-65% და ქალთა 16-22%. სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა იზრდება. საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ, გოგონები – 12-13 წლის ასაკში. თუ მათ თამბაქოს წევა გააგრძელეს, ჩამოუყალიბდებათ მისდამი ძლიერი დამოკიდებულება, რაც მრავალი გართულების, უპირველესად კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბების წინა პირობაა. 
თამბაქოსთვის თავის დანებება
 ბევრს უჭირს, თუმცა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ უთამბაქოოდ გატარებულ თითოეულ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. დამტკიცებულია, რომ:
.  ყოფილი მწეველები ჯერ კიდევ მწეველებზე მეტხანს ცოცხლობენ. მაგალითად, თუ მოწევას 50 წლამდე დაანებებთ თავს, მომდევნო 15 წლის განმავლობაში გარდაცვალების რისკი 1,5-ჯერ დაბალი გექნებათ, ვიდრე მათ, ვინც მოწევას განაგრძობს.
.  თავის დანებება ამცირებს გულის დაავადების, კიბოს, ინსულტის, ფილტვის ქრონიკული დაავადების განვითარების საფრთხეს.
.  ქალებს, რომლებმაც თამბაქოს წევას დაორსულებამდე ან ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში დაანებეს თავი, მცირეწონიანი ბავშვის დაბადების ალბათობა თითქმის ისევე მცირე აქვთ, როგორც არამწეველებს.
პირველივე ცდაზე მოწევისთვის თავის დანებებას ნიკოტინის მომხმარებელთა მცირე ნაწილი თუ ახერხებს. ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ აშშ-ში დღევანდელი მონაცემებით არსებული 45 მილიონი მწეველიდან 70%-ზე მეტს სურს მოწევისთვის თავის დანებება და დაახლოებით 44% აცხადებს, რომ ამის გაკეთებას ყოველწლიურად ცდილობს.
განვდევნოთ თუ არა ცხიმი
ეს ნივთიერება ორასი წლის წინათ აღმოაჩინეს ნაღველში და ქოლესტერინი უწოდეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სპირტების კლასს ეკუთვნის, ამიტომაც, ყველა წესის თანახმად, მისი სახელი -ოლ ბოლოსართით უნდა მთავრდებოდეს. 1900 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ლიტერატურაში ასეც იხსენიება. გამონაკლისი მხოლოდ რუსულენოვანი (უფრო სწორად, საბჭოთა) სკოლა აღმოჩნდა, თუმცა დღეს უკვე რუსულ და, სხვათა შორის, ქართულ ლიტერატურაშიც ისმის მოწოდებები, შევუერთდეთ ცივილიზებულ მსოფლიოს და მოძველებულ და არაკორექტულ ტერმინზე უარი ვთქვათ.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც სასწაულით ორგანიზმიდან მთელი ქოლესტეროლი გავაქრეთ. იმავე წუთში, არც მეტი, არც ნაკლები, სრული ქაოსი დაისადგურებს: აღარ გვექნება არც ერთი ჰორმონი – არც სტეროიდული, არც ანტისტრესული, არც ანთების საწინააღმდეგო, არც წყალმარილოვანი ცვლის მარეგულირებელი და არც სასქესო; შეწყდება ესოდენ აუცილებელი D ვიტამინის სინთეზი; ცხიმებს საერთოდ ვეღარ ავითვისებთ, ვინაიდან ჩვენს ორგანიზმში აღარ იარსებებს ნაღვლის მჟავები; ნერვულ სისტემაში რა მოხდება, ღმერთმა იცის; იმპულსის გატარება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქოლესტეროლის დონის შემცირებისას 49%-ით მცირდება ინტელექტის კოეფიციენტი. პირველი სიგნალი მხედველობის გაუარესება იქნება – ტვინი ბუნდოვან, თითქოსდა გადარეცხილ სურათს მიიღებს, რადგან კოლბებს, ჩხირებს (თვალის მგრძნობიარე რეცეპტორებს) და მხედველობის ნერვს ქოლესტეროლის გარეშე მუშაობა არ შეუძლია, ამას კი დარღვევების მთელი კასკადი მოყვება. სხვათა შორის, ქოლესტეროლის დონის დაქვეითება სეროტონინის – დადებით ემოციებზე პასუხისმგებელი ჰორმონის – გამომუშავებასაც ამცირებს, ასე რომ, აპათია, მელანქოლიის შეტევები, დეპრესია შესაძლოა ქოლესტეროლის უკმარისობის ნიშანიც იყოს. საბედნიეროდ, უკიდურესზე უკიდურესად ვეგეტარიანული დიეტაც რომ დავიცვათ, ამ დღეში მაინც არ ჩავცვივდებით. ქოლესტეროლის  80%-ს ორგანიზმი თვითონვე ასინთეზებს. თვითრეგულაციის მექანიზმიც ენერგიულად მუშაობს: თუ საკვებს ზომაზე მეტი ქოლესტეროლი მოჰყვა, ორგანიზმში მისი წარმოქმნა შემცირდება, თუ ნაკლები – პირიქით, მოიმატებს. ამითაც აიხსნება, რომ ყველაზე მკაცრი ანტიათეროგენული დიეტაც კი სულ 10-12%-ით თუ ამცირებს ქოლესტეროლის დონეს. ეს თვითრეგულაციის დახვეწილი მექანიზმი გახლავთ. 
მთავარი ბრალდება
მთავარი ბრალდება, რომელსაც ქოლესტეროლს უყენებენ, ათეროსკლეროზის პროვოცირებაა. შეგახსენებთ: ამ დაავადების დროს არტერიების კედლებზე ცხიმოვანი ბალთები ჩნდება. სისხლძარღვის შევიწროებული სანათური პრობლემის მხოლოდ ნაწილია – უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანი სულ მთლად დაახშოს. თუ ასეთი რამ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ინფარქტი განვითარდება, თუ ტვინის სისხლძარღვებში – ინსულტი. თუმცა მთელი ამ უსიამოვნების მხოლოდ ქოლესტეროლისთვის დაბრალება უსამართლობა იქნებოდა.  დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ ათეროსკლეროზი ორგანიზმის ცვლილებათა შედეგია, რომლებსაც გენეტიკური და აუტოიმუნური ბუნება აქვს. ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ათეროსკლეროზზე ბევრი რამ ვიცით. ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები გვაუწყებს, რომ საწყის სტადიებზე თვითონ ბალთაც კი დამცველობით ფუნქციას ასრულებს და ლორწოვანის დაზიანებულ უბანს ერთგვარ საკერებლად ევლინება. არ გეგონოთ, თითქოს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ქოლესტეროლის გამართლებას ვაპირებდეთ – ხორცის მოყვარულ ქვეყნებში ინფარქტიც და ინსულტიც გაცილებით ხშირია, ვიდრე იქ, სადაც მცენარეული საკვები და ზღვის პროდუქტები უფრო უყვართ. სტატისტიკოსებმა ისიც გამოთვალეს, რომ სისხლში 200მგ`დლ-ის შემდეგ ქოლესტეროლის დონის ყოველი 50 მგ`დლ-ით მომატებისას ინფარქტის საფრთხე ორჯერ იწევს მაღლა.
უფრო დაწვრილებით
ქოლესტეროლი, ორგანული წარმოშობის ცხიმოვანი სპირტი, უჯრედთა აუცილებელი კომპონენეტია – მათი მემბრანის ძირითადი საშენი მასალა. ეს არის მაღალმოლეკულური ნივთიერება, რომელიც მუდმივად ცირკულირებს ჩვენს ორგანიზმში. იგი ძირითად ცხოველური წარმოშობისაა, მაგრამ მისი სინთეზი მიმდინარეობს რამდენიმე მცენარეშიც. 
ორგანიზმში ქოლესტეროლის გადატანა აკისრია სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებსაც ლიპოპროტეინებს უწოდებენ. არსებობს რამდენიმე სახის ლიპოპროტეინი: დაბალი სიმკვრივისა – ე. წ. ცუდი ქოლესტეოლნი, მაღალი სიმკვრივისა – ე. წ. კარგი ქოლესტეროლი – და ტრიგლიცერიდები. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა არასასურველი შედეგი გამოიღოს საერთო ქოლესტეროლის დონის არა მარტო მომატებამ, არამედ დაქვეითებამაც. ჩვენს ორგანიზმში ის 3.6-დან 5.1 მმოლ`ლ-მდე უნდა მერყეობდეს. ქოლესტეროლის დონის მატების გრადაცია ამგვარია: მსუბუქად მომატებული, როდესაც ქოლესტეროლის დონე მერყეობს 5.1-6.4 მმოლ/ლ-ის ფარგლებში, საშუალოდ მომატებული – 6.5-7.8 მმოლ/ლ და ძალიან მაღალი, როცა მაჩვენებელი აღემატება 7.8 მმოლ/ლ-ს. ჰიპერქოლესტერინემია ანუ ქოლესტეროლის სიჭარბე მრავალი დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია. იგი აზიანებს სისხლძარღვის კედელს, იწვევს ათეროსკლეროზს, ათეროსკლეროზული ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს და სისხლძარღვს ელასტიკურობას აკარგვინებს. შესაძლოა, საქმე სისხლძარღვის სრული დახშობამდეც კი მივიდეს, რასაც ხშირად გულის იშემიური დაავადება მოჰყვება. როდესაც ზიანდება გულის სისხლითა და ჟანგბადით მომმარაგებელი არტერია, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. ჰიპერქოლესტერინემიის დროს ხშირია სტენოკარდიული შეტევა (ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში), არტერიული წნევის მკვეთრი მატება. ჰიპერქოლესტერინემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის, თირკმლის, ნერვული სისიტემის მძიმე დაავადებები, სიმსუქნე, პანკრეატიტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპოთირეოზი.
როცა ქოლესტეროლის დონე ნორმაზე დაბალია, მცირდება სასქესო ჰორმონების, კერძოდ, ანდროგენებისა და ესტროგენების სინთეზი, რასაც საბოლოოდ სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებამდე მივყავართ. სუსტდება უჯრედის დამცავი გარსიც, რის გამოც უჯრედში იოლად აღწევს მავნე ნივთიერებები. ხშირად ქოლესტეროლის დაბალი დონე ცხიმში ხსნადი ვიტამინების, განსაკუთრებით კი D ვიტამინის, დონის დაქვეითებასაც იწვევს.
რას დავაბრალოთ

ქოლესტეროლის მატების ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კვება. ცხოველური წარმოშობის ცხიმიანი საკვები ორგანიზმს აქტიურად ამარაგებს ამ ნივთიერებით, ამიტომ ჰიპერქოლესტერინემიის დროს აუცილებელია რაციონის შერჩევა და დიეტის დაცვა. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც. დამტკიცებულია, რომ მას, ვინც ცხოვრების უძრავს წესს მისდევს, სისხლის პლაზმაში მომატებული აქვს ცუდი ქოლესტეროლის, ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე.
ქოლესტეროლის დონის მატებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევები, თუმცა ვერც გენეტიკური ფაქტორის მნიშვნელობას უგულებელვყოფთ. 
საზოგადოდ, ორგანიზმში ქოლესტეროლის სინთეზი აქტიურად მიმდინარეობს და ასაკთან ერთად ძლიერდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკოვან პირებში ამ ნივთიერების კონტროლს. 40 წლიდან მისი შემოწმება რეკომენდებულია წელიწადში 1-2-ჯერ, ხოლო 50 წლიდან – წელიწადში 2-3-ჯერ. რეგულარული კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე ან მეტაბოლური სინდრომი. აქვე გეტყვით, რომ მწეველთა ორგანიზმში ქოლესტეროლის დონე არამწეველებზე თითქმის 2-ჯერ მეტია. 
ვიწყებთ კონტროლს
ქოლესტეროლის და, საზოგადოდ, დარღვეული ლიპიდური სპექტრის მოსაწესრიგებლად სადღეისოდ უამრავი მედიკამენტი არსებობს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია: სტატინებს, რომელთაც მკვეთრად აქვთ გამოხატული ქოლესტეროლისა და მისი წარმოებულების სინთეზის ბლოკირების უნარი, მაგრამ ვნებენ ღვიძლს; ფიბრატებს, რომელთაც უფრო ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითების უნარი შესწევთ; ნიაცინს ანუ ვიტამინ B3-ს (აუცილებლად დიდი დოზით) და ე.წ. თევზის ქონის, ანუ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წარმოებულებს, რომლებსაც როგორც მცენარეული ცხიმებისგან, ასევე თევზის ქონისგანაც ამზადებენ. ბოლო ხანს მკვეთრად გაიზარდა მათი გამოყენება დისლიპიდემიური ცვლილებების დროს. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აქვეითებს ჩვენს ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ე.წ. ცუდი ქოლესტეროლის დონეს, ხოლო კარგი ქოლესტეროლისას ზრდის. ამავე დროს, დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დაბოლოს, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აქვეითებს ინსულინრეზისტენტობას, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სასქესო ჰორმონების წარმოქმნას.

რამდენიმე ხრიკი
იმისთვის, რომ ქოლესტეროლს არც ჯანმრთელობა შევალახვინოთ და არც განწყობა გავაფუჭებინოთ, აუცილებელია, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს: სწორად შევადგინოთ კვების რაციონი და რეჟიმი, მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი, შევზღუდოთ ალკოჰოლის, თამბაქოსა და ყავის მოხმარება – რა გასაკვირიც უნდა იყოს, დუღილის დროს ყავაში წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებიც ზრდის სისხლში ქოლესტეროლის შემცველობას. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარ პროდუქტებს: ღორის, ცხვრის ხორცს, კარაქს, მაიონეზს, ძეხვეულს, ტკბილეულს. უმჯობესია მივირთვათ კარგად მოხარშული ძროხის მჭლე ხორცი, კანგაცლილი ქათმისა და ინდაურის თეთრი ხორცი, ბურღული. რაციონი გავიმდიდროთ ხილითა და ბოსტნეულით. ზეთი, სასურველია, ზეითუნისა გამოვიყენოთ. ხშირად მივირთვათ პროდუქტები, რომლებიც უშუალოდ ამცირებს ქოლესტეროლის დონეს: ალუბალი, მოცვი, ლობიო, ნიგოზი. ძალიან კარგია ხაჭოც – მისი ცილა შეიცავს შეუცვლელ ამინმჟავებს: მეთიონინს, ტრიპტოფანს, ლიზინსა და ქოლინს, – რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტეროლისა და ჭარბი სითხის გამოძევებას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აუცილებელია ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის. განსაკუთრებით მავნებელია სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები.
სასმელებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ჩაის. ჩინეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ როგორც მწვანე, ისე შავი ჩაი ქოლესტერინის დონეს თითქმის 16%-ით ამცირებს. არსებობს მოსაზრება, რომ ცოტაოდენი წითელი ღვინო – დღეში ერთ ჭიქამდე – ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ხშირად ჭარბი წონა და “ცუდი” ქოლესტეროლი თანაარსებობენ, ამიტომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ყველა ასაკის ადამიანისთვის – ამ დროს ქოლესტეროლი უფრო აქტიურად გარდაიქმნება ნაღვლის მჟავებად.
საშიში ზედმეტი კილოგრამები
თუ თვალს გადავავლებთ სტატისტიკას, იოლად შევამჩნევთ ერთ კანონზომიერებას: ჭარბწონიანებს ტანწერწეტებზე ხშირად ემართებათ ინფარქტი და ინსულტი. მართლაც, სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს საგრძნობლად ზრდის.
სიმსუქნე როგორც სოციალური პრობლემა ბრიტანელებს ყოველწლიურად 13 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჯდებათ, ამერიკელებს – 70 მილიარდი დოლარი. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მესამე მოქალაქის წონა დასაშვებს აღემატება. შეგვიძლია ვიამაყოთ – ამ მაჩვენებლით მათ არც ქართველები ჩამოვუვარდებით. საქმე მხოლოდ გარეგნობას და სილამაზის ნორმებს როდი ეხება. ექიმებმა უამრავი საბუთი მოიპოვეს და უკვე ეჭვიც აღარ ეპარებათ, რომ ჭარბი წონა საშიშ სნეულებებს უკავშირდება: არტერიულ ჰიპერტენზიას, შაქრიან დიაბეტს, ნაღველკენჭოვან დაავადებას, ონკოლოგიურ პათოლოგიებს… თურმე გაცხიმოვნებით დაავადებულთა ნახევარს წნევა მომატებული აქვს, გამხდრებში კი ეს მაჩვენებელი ოდნავ
 თუ აღემატება 10%-ს. ჩათქვირებულთა 65%-ს ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად აქვს მომატებული და, შესაბამისად, სისხლძარღვებიც დაზიანებული. შედეგად მიოკარდიუმის ინფარქტიც 4-5-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია ყოველთვიურ შენატანს გაცხიმოვნების ინდექსის მიხედვით აწესებს. ვერც გავამტყუნებთ – ინფარქტებისა და ინსულტების ძვირად ღირებული მკურნალობის ასანაზღაურებლად ფულის ფანტვა, ბუნებრივია, არავის სიამოვნებს.
შაქრიანი დიაბეტი საშიში დაავადება, რომელსაც მძიმე გართულებები მოსდევს: თირკმლის დაზიანება მის სრულ უკმარისობამდე, მხედველობის დაკარგვა, ქვედა კიდურების განგრენა, იგივე ინფარქტი და ინსულტი… თუ დიაბეტი 35 წლის შემდეგ განვითარდა, ათიდან რვა შემთხვევაში მსხვერპლი სიმსუქნესაც უჩივის. მეტიც: ნორმალური წონა რომ ჰქონოდა, დაავადება არც კი დაემართებოდა.
კიდევ?
ძალიან მსუქან ქალებს ხშირად გინეკოლოგიური პრობლემებიც აწუხებთ: ციკლის დარღვევა, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის, უნაყოფობა. ზოგჯერ ამას სახისა და სხეულის ჭარბთმიანობაც ემატება. ენდოკრინოლოგთა აზრით, მიზეზი სასქესო ჰორმონების ცვლაში ცხიმოვანი ქსოვილის ჩართვაა, ეს კი მამაკაცური ჰორმონების შედარებით სიჭარბეს წარმოშობს (შეგახსენებთ – მცირე რაოდენობით მათ ქალის ორგანიზმიც გამოიმუშავებს). მამაკაცებთან სიმსუქნე სხვა პრობლემებს აჩენს – მამაკაცური ჰორმონების რაოდენობა, პირიქით, მცირდება, ეს კი სქესობრივი ლტოლვისა და პოტენციის დაქვეითებას, ზოგჯერ კი სარძევე ჯირკვლების გადიდებასაც იწვევს.
ტანსრული ადამიანების ხერხემალს გაცილებით მძიმე ტვირთი აწევს. შედეგად მალათაშუა დისკები უფრო ხშირად განიცდის გადაგვარებას და ნერვთა მოჭყლეტის გამო აუტანელი ტკივილებიც უფრო ხშირია.
ონკოლოგიური დაავადებებიც ჭარბწონიანებს უფრო ხშირად ემართებათ. მსხვილი ნაწლავის, თირკმლის, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის კიბო ქალური ორგანოების სიმსივნეები გამხდრებში გაცილებით იშვიათია.
სტატისტიკა მოწმობს, რომ მსუქნები უფრო ადრე ბერდებიან და ნაკლებ ხანს ცოცხლობენ. გამოთვლილია, რომ II ხარისხის სიმსუქნისას სიცოცხლის ხანგრძლივობა – საშუალოდ ხუთი, III ხარისხის სიმსუქნისას (როცა წონა ნორმას 50%-ზე მეტით აღემატება) კი საშუალოდ ათი-თხუთმეტი წლით ნაკლებია ვიდრე ნორმალური წონის შემთხვევაში.
ასე რომ, მედიცინის მუშაკთა საერთო აზრით, კარგი იქნება, თუ იდეალურთან მიახლოებულ წონას შევინარჩუნებთ. მაშინ მეტხანსაც ვიცოცხლებთ, სისხლძარღვებიც წესრიგში გვექნება და აღარც წნევის მომატება შეგვაწუხებს.
სად ვეძებოთ სათავე
მცდარია მოსაზრება, რომ სიმსუქნე მოზრდილთა პრობლემაა. ძალიან ხშირად ის სტარტს ბავშვობიდან იღებს. ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბ წონას, უპირველეს ყოვლისა, დიეტოთერაპიით მკურნალობენ. დიეტა აუცილებლად ბალანსირებული და პროფესიონალის შერჩეული უნდა იყოს. არ შეიძლება მზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტების რაციონიდან ამოღება, თუმცა კარგი იქნება, თუ უარს ვიტყვით რაფინირებულ ნახშირწყლებზე – შაქარზე, საკონდიტრო ნაწარმზე, მურაბებზე... დიეტის ფონზე აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების, ზოგ შემთხვევაში – კალციუმის პრეპარატების მიღება. ასევე აუცილებელია სწორად შერჩეული, დოზირებული ფიზიკური აქტივობა, სამკურნალო ფიზკულტურა, წყლის პროცედურები. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის.

ბავშვები მოზრდილებთან შედარებით ადვილად იკლებენ წონას, ოღონდ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ფსიქოლოგიურ მიდგომას, ბავშვის მოტივირებას. პუბერტატული ასაკის გოგონასთან შეიძლება მოხდენილობაზე დავსვათ აქცენტი, ბიჭებთან კი მამაკაცურ თვისებებზე.
საყოველთაოდ მიღებული აზრი, რომ მკურნალობას პრევენცია სჯობია, ჭარბ წონასთან მიმართებითაც მართებულია. თუ გსურთ, ბავშვის წონა ყველა ასაკში ნორმის ფარგლებში დარჩეს, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ტრადიციად აქციეთ. 
ხშირად ბავშვებს მავნე ჩვევებს ჩვენ თვითონ ვუნერგავთ, ამიტომ:
. ნუ დააჯილდოებთ ბავშვს ტკბილეულით კარგი საქციელისთვის. ნუ ეცდებით, კანფეტებით აღკვეთოთ მისი ცელქობა.
. ნუ მოსთხოვთ კერძის ბოლომდე შეჭმას. მიაჩვიეთ, მხოლოდ მაშინ ჭამოს, როცა მოშივდება.
. ბევრს ნუ ილაპარაკებთ “მავნე საკვებზე”. ნურც საყვარელ ტკბილეულს ამოიღებთ მისი რაციონიდან – აკრძალული ხილი, ხომ იცით, გემრიელია, ბავშვებს კი აჯანყება სჩვევიათ.
. თუ შესაძლებელია, ჩვილს აუცილებლად აწოვეთ ძუძუ. მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად ბუნებრივი კვება წონის ჭარბ მატებასაც უშლის ხელს.
. რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებისთვის ზრუნვა. მცირე ასაკიდანვე შესთავაზეთ ბავშვს მრავალფეროვანი და ჯანსაღი რაციონი. ზოგჯერ ათი ცდაც არ კმარა, ბავშვი ახალ გემოს რომ მიეჩვიოს. ასე რომ, მოთმინებით აღიჭურვეთ.
. ყოველდღე ასაუზმეთ.
. ეცადეთ, მთელმა ოჯახმა ერთად ისადილოთ. ყოველდღიურად მიირთვით სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული.
. არ მისცეთ ბავშვს უფლება, დიდხანს იჯდეს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან. გადაააჩვიეთ ტელევიზორის ყურებისას ჭამას.
. ხელი შეუწყვეთ, რომ ფიზიკურად იაქტიუროს. დაეხმარეთ სპორტის ისეთი სახეობის პოვნაში, რომელიც შეუყვარდება და აღარასოდეს მიატოვებს. ნუ აიძულებთ, მაინცდამაინც თქვენ მიერ შერჩეულ სექციაში იაროს.
. თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვმა დროის მცირე მონაკვეთში მკვეთრად მოიმატა წონა, კანზე გაუჩნდა პიგმენტური ლაქები, ნახეთქები, მით უმეტეს, თუ სქესობრივი მომწიფების ასაკი უდგას, აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
ცოტა არითმეტიკა 

ექიმები დიაგნოსტიკას ყველაზე ხშირად სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით იწყებენ. ეს არის თქვენი წონა (კგ-ში), გაყოფილი თქვენივე სიმაღლის კვადრატზე (მეტრებში). მიღებული ინდექსი ცხრილში მოძებნეთ და დაადგენთ, რომელ წონით კატეგორიას ეკუთვნით.
სხეულის მასის ინდექსი     
18,5-ზე ნაკლები – ნორმაზე ნაკლები წონა
18,5-24,9 – ჯანსაღი წონა
25-29,9 – ჭარბი წონა
30 და მეტი – გაცხიმოვნება (სიმსუქნე)
ამ პრინციპით, 170 სმ სიმაღლის ადამიანისთვის ნორმად ითვლება 55 კგ-ც და 72 კგ-ც. ადამიანმა შესაძლოა რამდენიმე კილოგრამის მომატება ან დაკლება მოისურვოს, თუმცა ამ ფარგლებში მერყეობისას წონა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ ქმნის. თუმცა ყველანაირი სიმსუქნე ერთნაირი როდია – ცოტა ხნის წინ დამტკიცდა, რომ ცხიმის გადანაწილებასაც ჰქონია მნიშვნელობა. მაგალითად, თუ ის მუცელზე გროვდება, ზემოხსენებული დაავადებების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე მაშინ, როცა თეძოებსა და დუნდულებზე იყრის თავს.
ეს ადვილი დასადგენია: წელის გარშემოწერილობა თეძოსაზე გაყავით. თუ მაჩვენებელი ქალებისთვის 0,81-ს, მამაკაცებისთვის კი ერთს აღემატება, შეშფოთების მიზეზი აშკარად გაქვთ.
გაითვალისწინეთ: ეს ფორმულები მხოლოდ ზოგადი ორიენტირებია. მთავარია, თქვენს იდეალურ წონას მიაგნოთ. თუ ძლიერი და ჯანმრთელი სხეული გაქვთ, სწორედ ეს წონა ყოფილა თქვენთვის ოპტიმალური.
დაბალკალორიული მაღალეფექტური რჩევები
წონის დაკლების პრინციპები მეტ-ნაკლებად ცნობილია. საიდუმლო არავისთვის არის, რომ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს ცხიმებს და ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (ტკბილეულს), რომ საჭიროა ფიზიკური დატვირთვის გაზრდა, რომ საკვების ძირითადი ნაწილი, ჯობს, დღის პირველ ნახევარში მივიღოთ. 
წონის მომატება ხშირად თან სდევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას. ამ დროს ადამიანი, რაც არ უნდა სწორად იკვებებოდეს, წონას მაინც მოიმატებს. იგივე ითქმის თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებზე, რომლებიც ჰიპერკო
რტიციზმით (კორტიზოლის სიჭარბით) მიმდინარეობს. ორივე შემთხვევაში გამოკვლევის შედეგებს მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ინსულირეზისტენტობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, დისლიპიდემია დიეტოთერაპიასთან ერთად მედიკამენტურ ჩარევასაც მოითხოვს, ენდოკრინული პათოლოგიის შემთხვევაში კი წონის დასარეგულირებლად ძირითადი დაავადების მკურნალობაა აუცილებელი.
მაღალი ხარისხის სიმსუქნისა და მასთან ასოცირებული რისკების დროს შესაძლოა უფრო აგრესიული მიდგომა გახდეს საჭირო, რაც კვების მენეჯმენტთან ერთად მედიკამენტურ თერაპიასაც გულისხმობს.
მხოლოდ სიმსუქნის შემთხვევაში მკურნალობის პირველსავე ეტაპზე წონის საკორექციო მედიკამენტების ჩართვა მიზანშეწონილი არ არის. თუ ორგანიზმს შესწევს უნარი, დიეტისა და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე მიაღწიოს სასურველ შედეგს, წამალი აღარ უნდა დაინიშნოს. ის ერთგვარი დამხმარე ძალაა იმ შემთხვევისთვის, როცა დიეტოთერაპია საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდება ხოლმე. III ხარისხის სიმსუქნის დროს კი ენდოკრინოლოგმა შესაძლოა თავიდანვე საჭიროდ მიიჩნიოს წამლის დანიშვნა. დაიხსომეთ, რომ გასახდომი აბებიდან მხოლოდ ორს აქვს FDA-ს (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის) სერტიფიკატი და, შესაბამისად, ოფიციალურად უკავია ადგილი სიმსუქნესთან ბრძოლის სტრატეგიაში. ესენია ორლისტატი, რომელიც ცხიმის შეწოვას უშლის ხელს და სიბუტრამინი, რომელიც მადას თრგუნავს. საკუთარი ინიციატივით ამ პრეპარატების სმას არავის ვურჩევთ. ბევრი მათი მიღებისას წონას იმატებს კიდეც – ჰგონიათ, რომ ამ ფონზე დიეტის დაცვა საჭირო აღარ არის და აბების იმედად მაღალკალორიულ, დაუბალანსებელ საკვებს მიირთმევენ, ამას კი ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. დაიხსომეთ: აბი დამხმარე საშუალებაა. 
წონის სწრაფი დაკლების მსურველთათვის სიმსუქნე არ არის მწვავე დაავადება, როგორც, მაგალითად, გრიპი, რომლისგანაც შეიძლება განვიკურნოთ და დავივიწყოთ. სიმსუქნეს ნებისმიერი სახელმძღვანელო ქრონიკულ მორეციდივე დაავადებად განიხილავს. დაავადებულს ჭარბი წონისადმი მიდრეკილება ზედმეტ კილოგრამებთან განშორების შემდეგაც რჩება. თუმცა არც სწრაფი დაკლებაა სასურველი – საკმარისია, თვეში საშუალოდ 5-7 კგ-ს გამოვეთხოვოთ. სწრაფი დაკლებით დიეტის დასრულების შემდეგ ორი იმდენის მომატების რისკს ვზრდით. გარდა ამისა, სწრაფი დაკლება ორგანიზმს სტრესს აყენებს. ამ დროს იმატებს ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წონის კლება ყოველ ჯერზე უფრო და უფრო რთულდება. გამოსავალი ერთია: მკურნალობისას შეძენილი უნარ-ჩვევები მთელი სიცოცხლე უნდა გაგვყვეს. დიეტა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამთრგუნველი. დიეტაზე მყოფს არც შიმშილი უნდა აწუხებდეს, არც სისუსტე და მისი ერთადერთი სურვილი დიეტის დასრულება არ უნდა იყოს. დიეტის მთავარი დანიშნულება ის არის, ადამიანმა ცხოვრების წესი, აზროვნება, ჯანმრთელობისადმი მიდგომა შეიცვალოს.

გააზიარე: