პირადი ჰიგიენა - ბრძოლის წინა ხაზზე
გააზიარე:
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში ჰიგიენის ცნება სხვადასხვანაირად ესმოდათ. ჰიგიენის წესებს ზოგჯერ რელიგიური კანონები განსაზღვრავდა, ზოგჯერ – ადამიანის წამომავლობა. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც მიკრობები აღმოაჩინეს, იქცა ჰიგიენა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად.
დღესაც, XXI საუკუნეში, ადამიანებს კიდევ ერთხელ მოუხდათ იმის აღიარება, რომ ზოგიერთი გადამდები დაავადების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება ჰიგიენის წესების დაცვაა, თუნდაც ხელების ხშირად და სწორად ბანა.
რაში გვჭირდება
მიკრობები ყველგან არიან: ჰაერში, წყალში, ნიადაგში, მცენარეების, ცხოველების და, რაღა თქმა უნდა, ადამიანების ორგანიზმში. ფაქტობრივად, არ არსებობს ზედაპირი (თუ საგანგებოდ არ არის დამუშავებული), მიკრობებით რომ არ იყოს დასახლებული.
მიკრობების უმრავლესობა უვნებელია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქადის, ამიტომ რაც უფრო მეტი გვეცოდინება ამ პაწაწინა არსებების შესახებ, მით უფრო ადვილად დავიცავთ თავს მათ მიერ გამოწვეული ინფექციებისგან.
ინფექციის გამომწვევები სხვადასხვა ფორმისა და ზომის ორგანიზმებია. მათ მიეკუთვნება ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, უმარტივესები და ჰელმინთები. მოდი, გავიხსენოთ, რა განსხვავებაა მათ შორის:
ბაქტერია ერთუჯრედიანი ორგანიზმია, რომლის დანახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი. ჩვენს სხეულში ბევრი სასარგებლო ბაქტერია ცხოვრობს, მაგალითად, ლაქტობაქტერიები – რძემჟავა ბაქტერიები. ისინი გვეხმარებიან საჭმლის მონელებაში, საკვები ნივთიერებების წარმოქმნაში, ანადგურებენ ზოგიერთი დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს. თუმცა სხვა ბაქტერიები დაავადებებს იწვევენ. მათი დამსახურებით ვითარდება ანგინა, ტუბერკულოზი, საშარდე გზების ინფექცია...
ვირუსი ბაქტერიაზე მცირე ზომის ორგანიზმია, ფაქტობრივად, უჯრედიც კი არა – მხოლოდ გენეტიკური მასალა, რომელიც კაფსულაშია მოთავსებული. გამრავლებისთვის ვირუსს სხვა ორგანიზმი სჭირდება. ის მასპინძლის უჯრედებს აიძულებს ვირუსების წარმოქმნას, რის შედეგადაც თავად ეს უჯრედები ზიანდება. ვირუსული დაავადებებია გრიპი, გაციება, ჩუტყვავილა, წითელა, შიდსი, გენიტალური ჰერპესი... ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს.
სოკოს ბუნებაში მრავლად ვხვდებით: საჭმელს, ობისას, საფუარისას... ზოგი სოკო კი დაავადებას იწვევს, მაგალითად, კანდიდა, რომელიც ხშირად არის პირის ღრუს სოკოვანი დაავადების მიზეზი ჩვილებსა და იმ ადამიანებთან, რომლებმაც ანტიბიოტიკოთერაპია ჩაიტარეს ან იმუნური სისტემა აქვთ დასუსტებული. სოკო იწვევს ფრჩხილების დაზიანებას (ონიქომიკოზს) და მრავალ სხვა დაავადებასაც.
უმარტივესები ერთუჯრედიანი ორგანიზმები არიან და ქცევით ცხოველებს ჰგვანან: ნადირობენ და სხვა მიკრობებით იკვებებიან. ჩვენს ნაწლავებში უამრავი უმარტივესი ცხოვრობს და არაფერს გვიშავებს, ლამბლია, მალარიის პლაზმოდიუმი, ტოქსოპლაზმა და ზოგიერთი სხვა კი ავადმყოფობას იწვევს. ხშირად უმარტივესები თავიანთი სასიცოცხლო ციკლის გარკვეულ ნაწილს მასპინძელი ორგანიზმის გარეთ ატარებენ: საკვებში, წყალში, მწერის ორგანიზმში... თუ ასეთი საკვები მივიღეთ, წყალი დავლიეთ ან მწერმა გვიკბინა, ისინი ჩვენს ორგანიზმში აღმოჩნდებიან და აინფიცირებენ ან აავადებენ მას.
ჰელმინთები ანუ ჭიები სხვა გამომწვევებთან შედარებით საკმაოდ დიდები არიან. თუ პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, ბინას დაიდებს ნაწლავში, ფილტვში, ღვიძლში, კანში, ტვინშიც კი, სადაც მასპინძელ ორგანიზმში არსებული საკვები ნივთიერებებით საზრდოობს. გავრცელებული ჰელმინთებია ასკარიდა, მახვილა, ექინოკოკი, ტრიქინელა, სოლიტერი...
ინფიცირება და დაავადება
სხეულში გამომწვევის შეჭრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას. ეს ინფიცირებაა. ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობი გამრავლებას იწყებს და როდესაც ამის გამო უჯრედები დაზიანდება, დაავადებაც ვითარდება.
გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრის რამდენიმე გზა არსებობს:
* დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტი (კოცნა, ჩახუტება), საერთო ჭიქის ან სხვა ჭურჭლის გამოყენება;
* იმ ჰაერის ჩასუნთქვა, სადაც დაავადებულმა დაახველა ან დააცემინა;
* დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღება;
* დაბინძურებული ზედაპირის, ნიადაგის, მცენარის შეხება;
* ფეკალიების შეხება, მაგალითად, საფენის გამოცვლისას, მერე კი ამ ხელის თვალზე, ცხვირზე მოკიდება, პირში ჩადება;
* გამომწვევის მატარებელი მწერის ან ცხოველის კბენა;
* ახალშობილისთვის – დაავადებული დედის სამშობიარო გზების გავლა.
ინფიცირების საპასუხოდ იმუნური სისტემა მოქმედებას იწყებს. ბრძოლაში ერთვება თეთრი უჯრედებისა და ანტისხეულების მთელი არმია. ამოქმედდება სხვა მექანიზმებიც, რომ სხეული შემოჭრილი მტრისგან დაიხსნას. მაგალითად, გაციების დროს იმატებს ტემპერატურა, ადამიანს აცემინებს, ახველებს...
გადამდები დაავადების თავიდან აცილება ხშირად უმარტივესი წესების დაცვითაა შესაძლებელი: ხელების რეგულარული ბანით, ავადმყოფთან ახლო კონტაქტისგან თავის შეკავებით, ხშირად გამოყენებული ზედაპირების გასუფთავებით, საკვებისა და წყლის დაბინძურებისგან დაცვით, ვაქცინაციით და შესაბამისი წამლების მიღებით.
ქცევის წესები კი ასეთია:
* ხველებისას და ცემინებისას ცხვირსა და პირზე ნაჭერი, ქაღალდის ხელსახოცი ან მკლავი (იდაყვის შიდა მხარე) აიფარეთ.
* ხელები ხშირად და კარგად იბანეთ. ხელების დაბანა აუცილებელია:
. საკვების მომზადების წინ, მომზადების პროცესში და მომზადების შემდეგ;
. ჭამის წინ;
. ღებინების ან დიარეის მქონე ადამიანის მოვლისას – კონტაქტამდე და კონტაქტის შემდეგ;
. ჭრილობის დამუშავებამდე და დამუშავების შემდეგ;
. ბავშვისთვის საფენის გამოცვლის ან ანუსის მიდამოს გასუფთავების შემდეგ;
. ცხვირის მოხოცვის, დახველების, დაცემინების შემდეგ;
. ცხოველის`ფრინველის, მისი საკვების, ფეკალური მასების შეხების შემდეგ;
. ნაგვის შეხების შემდეგ;
. თუ ხელს ეტყობა, რომ ჭუჭყიანია.
თუ საპონი და წყალი ხელთ არ გაქვთ, შეიძლება ხელების ჰიგიენური გამწმენდის – სანიტაიზერის, სადეზინფექციო საშუალების – გამოყენება, რომელიც, სულ ცოტა, 60% ალკოჰოლს შეიცავს.
ასევე:
* დარჩი სახლში, თუ ავად ხარ.
* მოერიდე ავადმყოფთან კონტაქტს.
* დაიცავი საკვების უსაფრთხოების წესები მისი მოგროვებისას, მომზადებისას და შენახვისას.
ხელების სწორად ბანა
ხელების გასასუფთავებელ საუკეთესო საშუალებებად წყალი და საპონი მიიჩნევა. ამასთან, ანტიბაქტერიული საპონი სულაც არ არის ჩვეულებრივზე ეფექტური. ის კი არა, ასეთმა საპონმა შესაძლოა კანზე არსებული სასარგებლო ბაქტერიებიც გაანადგუროს.
ხელების დაბანისას რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროთ:
* დაისველეთ ხელები სუფთა გამდინარე წყლით, არ აქვს მნიშვნელობა, ცივით თუ თბილით.
* წაისვით საპონი და კარგად ააქაფეთ. ასე ხელებს მოსცილდება ჭუჭყი, ცხიმი და მიკრობები.
* ენერგიულად გაისუფთავეთ ხელები 20 წამის განმავლობაში. არ გამოგრჩეთ მაჯები, თითებს შორის არეები. კარგად გაისუფთავეთ ფრჩხილისქვეშა არეები, სადაც განსაკუთრებით ბევრი ჭუჭყი გროვდება.
* კარგად ჩამოიბანეთ საპონი სუფთა, გამდინარე წყლით.
* ხელები სუფთა პირსახოცით შეიმშრალეთ ან ელექტროსაშრობით გაიშრეთ.
სანიტაიზერი
ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება წყალსა და საპონს ვერ ცვლის, თუმცა მისაღები ალტერნატივაა. ის, როგორც გითხარით, 60% ალკოჰოლს მაინც უნდა შეიცავდეს. ასეთი საშუალება ძლიერ დაბინძურებული ხელების გასაწმენდად არ გამოდგება. ის ამცირებს მიკრობების რაოდენობას, მაგრამ ყველას ვერ ერევა. ასევე შესაძლოა, ვერ მოაცილოს ქიმიური დამაზიანებელი ნივთიერებები, მაგალითად, პესტიციდები და მძიმე მეტალები. თუმცა მას იმდენად ხშირად იყენებენ, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) სერიოზულად დაიწყო მასში შემავალი სამი ძირითადი ნივთიერების: ეთანოლის, იზოპროპილის სპირტისა და ბენზალკონიუმის ქლორიდის, – ადამიანისთვის უვნებლობის შესწავლა, ხოლო 28 ნივთიერება, რომელთა სანიტაიზერებში არსებობა არ მიიჩნია მიზანშეწონილად და რომელთა გამოყენების თანმხლები რისკი აღემატებოდა სარგებელს, წარმოებიდან ამოაღებინა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ დღეს სანიტაიზერებით სარგებლობენ სახლებში, სკოლებში, ოფისებში, მაღაზიებში, მანქანებში, მათ აქტიურად იყენებენ ბავშვები, ორსულები, მეძუძური დედები.
სანიტაიზერმა ეფექტურად რომ იმუშაოს, მისი გამოყენების წესები უნდა დაიცვათ:
* ხელისგულზე დაისხით იმ რაოდენობის სანიტაიზერი, რომელიც შეფუთვაზეა მითითებული.
* შეაერთეთ ხელები და კარგად შეიზილეთ სადეზინფექციო საშუალება ორივე მტევნის მთელ ზედაპირზე, ვიდრე არ შეგაშრებათ.
* დაეხმარეთ ბავშვებს სადეზინფექციო საშუალების სწორად გამოყენებაში.
როდის და როგორ
სხეულის სისუფთავის დაცვა პირადი ჰიგიენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რეგულარული ბანაობა ადამიანს თავდაჯერებასაც მატებს, ფიზიკურ და ემოციურ კომფორტსაც უქმნის და, რაც მთავარია, მრავალი დაავადებისგანაც იცავს.
დაბანა კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყს, ბაქტერიებს და გამაღიზიანებელ ქიმიურ ნივთიერებებს.
დაბანისგან, გარდა სისუფთავისა, სხვა სარგებელსაც ვიღებთ: წყლის პროცედურები (აბაზანა, შხაპი, საუნა) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ორგანიზმის იმუნურ ფუნქციას, ამცირებს კუნთების ტკივილს, შეშუპებას, დაღლილობას, ზრდის კონცენტრაციის უნარს, ამსუბუქებს სუნთქვას.
თუმცა დაბანისას ამ ყველაფერზე არ ვფიქრობთ – უბრალოდ, სისუფთავეს ვიცავთ.
სიხშირე
ბანაობის სიხშირე ინდივიდუალურია და ხშირად იმ კულტურაზეა დამოკიდებული, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის. დერმატოლოგები გვირჩევენ, სახე, იღლიები და გენიტალიები დასაბანი საშუალებებით დღეში მხოლოდ ერთხელ დავიბანოთ. უფრო ხშირი ბანა კანს ბუნებრივ ცხიმს აცლის და აღიზიანებს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შხაპის ყოველდღიური მიღება ნორმად მიიჩნევა, თუმცა ის უფრო ჩვეულებაა, ვიდრე აუცილებლობა. სამედიცინო თვალსაზრისით, საჭიროა მთელი სხეულის რეგულარული ბანა, თუმცა ყოველდღე ამის კეთება აუცილებელი არ არის. თუ ადამიანს განსაკუთრებულ გარემოში არ უწევს ყოფნა, შესაძლოა, მთელი სხეულის კვირაში ორ-სამჯერ დაბანაც ეყოს, თუმცა სასურველია, ყოველდღე დაიბანოს იღლიები, გენიტალიებისა და ანუსის მიდამო და ფეხები.
სეზონები
გარემო პირობების ცვლილებები, როგორც წესი, კანზეც აისახება. ზამთარში გარეთ სიცივის და ოთახში გამათბობლის ზემოქმედება კანის გამოშრობას იწვევს, ამიტომ ტანის უფრო იშვიათად ბანაა სასურველი, მაშინ როდესაც ზაფხულში ყოველდღიურმა ბანამ კანს შესაძლოა არ ავნოს.
გთავაზობთ სხვა რეკომენდაციებსაც ცივი სეზონისთვის:
* შხაპის ხანგრძლივობა 5-10 წუთამდე შეამცირეთ.
* სააბაზანოს კარი დახურეთ, რათა წარმოქმნილმა ორთქლმა ტენიანობა გაზარდოს.
* ცხელი წყალი და საპონი შეცვალეთ თბილი წყლით და მსუბუქი დასაბანი საშუალებით.
* გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები ოდენობის დასაბანი საშუალება.
* დაბანის შემდეგ კანი ძალიან ნაზად შეიმშრალეთ.
* დაბანის შემდეგ პირველი სამი წუთის განმავლობაში ტანზე წაისვით საკმარისი რაოდენობის ცხიმოვან ფუძეზე დამზადებული დამატენიანებელი.
ასაკი
ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ჩვილების ყოველდღე ბანა არ არის აუცილებელი. ყოველდღიურ ბანაობაზე შეიძლება გადავიდეთ მას შემდეგ, რაც მათ რაციონში დამატებით საკვებს ჩავრთავთ. ამერიკის დერმატოლოგთა აკადემია კი 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების კვირაში ერთხელ ან ორჯერ დაბანისკენ მოგვიწოდებს. რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს (მაგალითად, ბავშვი ეზოში თამაშის დროს გაჭუჭყიანდა, აუზში, ტბაში, მდინარეში, ზღვაში იბანავა, გაოფლიანდა...). სქესობრივი მომწიფების ასაკში კი უფრო ხშირად ბანაობაა საჭირო. თინეიჯერები ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან, ამიტომ ზოგჯერ ყოველდღეც უწევთ დაბანა.
მოხუცებს ყოველდღიური ბანა არ სჭირდებათ – კვირაში ერთ-ორჯერ ბანაობა მათთვის, როგორც წესი, საკმარისია. ვისაც დაბანა უჭირს, შეუძლია, სხეული თბილ წყალში დასველებული პირსახოცით გაიწმინდოს.
სამსახური
ზოგიერთი ადამიანი ისეთ სამუშაოს ასრულებს, რომ უფრო ხშირად სჭირდება დაბანა. მაგალითად, მუშაობს საშიშ სუბსტანციებთან (კოროზიულ მეტალებთან, რადიაქტიურ ნივთიერებებთან), ცხოველებთან, ყასაბია, მეეზოვეა, მენაგვეა, მეშახტეა... ასეთმა ადამიანებმა სამუშაო ცვლის დასრულებისთანავე უნდა დაიბანონ.
სამუშაოს დასრულებისთანავე დაბანა რეკომენდებულია მათთვისაც, ვინც მიწაზე (ბაღში, ბოსტანში, ყანაში, ვენახში) მუშაობს – ეს ამცირებს ალერგიისა და კანის დაზიანების რისკს.
აბაზანა თუ შხაპი?
არჩევანი ინდივიდუალურია. ორივე მათგანს თავისი უპირატესობა აქვს. აბაზანა კარგია მოსადუნებლად. შეიძლება წყალში სპეციალური ზეთის ჩამატებაც, რომელიც კანის ხარისხს აუმჯობესებს. ორთქლი ხელს უწყობს კანის ფორების გახსნას და მათ გასუფთავებას.
მაგრამ აბაზანაში ჩაწოლა არ ღირს, თუ კანი მეტისმეტად ჭუჭყიანია (მაგალითად, ღია ცის ქვეშ სპორტული აქტივობის შემდეგ, როცა უხვად გამოყოფილ ოფლს მტვერიც ემატება). ეს ჭუჭყი აბაზანის წყალში რჩება და, ფაქტობრივად, ადამიანი ჭუჭყიან წყალში ბანაობს. ასეთ დროს ჭუჭყის მოცილება შხაპით ჯობია. შხაპსაც აქვს თავისი უპირატესობა: ადამიანს ამხნევებს, ენერგიას მატებს, თანაც ჭუჭყის უდიდეს ნაწილს თავიდანვე აცილებს და წყალიც ნაკლები იხარჯება.
დაბანისას და დაბანამდე
* დასაბანად უმჯობესია ნეიტრალური PH-ის მქონე საშუალებები გამოვიყენოთ, რომ კანი ზედმეტად არ გამოშრეს.
* დაბანის შემდეგ აუცილებელია კანის დატენიანება.
* დაბანას რომ მორჩებით, არ დაგავიწყდეთ აბაზანის გასუფთვება, მით უმეტეს – თუ ზეთოვანი ნივთიერება გამოიყენეთ, რომ მომდევნო ადამიანს, რომელიც სააბაზანოთი ისარგებლებს, ფეხი არ აუსრიალდეს.
* კანი ფაქიზად, პირსახოცის შეხებით უნდა შეიმშრალოთ. არ შეიძლება უხეშად გამშრალება-გახეხვა.
* პირსახოცი ყველას საკუთარი უნდა ჰქონდეს და სასურველია, ყოველი გამოყენების შემდეგ გაირეცხოს, რადგან შესაძლოა, ტენიან პირსახოცზე ბაქტერია გამრავლდეს და დაავადება ადვილად გავრცელდეს.
ჰოლანდიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, შხაპის ბოლოს ცივი წყლის გადავლება ჯანმრთელობას აკაჟებს. ადამიანები, რომლებიც ბანაობას ოცდაათწამიანი ცივი შხაპით ასრულებდნენ, ავადმყოფობის გამო სხვებზე 29%-ით ნაკლებ სამუშაო დღეს აცდენდნენ.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
ფიზიკურად ან გონებრივად უნარშეზღუდულ ადამიანს ჰიგიენის ნორმების დაცვაში დახმარება სჭირდება.
ჩვილი ისე დაბანეთ, როგორც თქვენი პედიატრი გირჩევთ, ოღონდ წინასწარ აუცილებლად შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა, რომ არც დაწვათ პატარა და არც გააცივოთ.
ბავშვებისა და მოხუცების დაბანისას სასურველია აბაზანაში ჩააფინოთ სპეციალური საფენი, რომელიც ფეხის ასრიალებისგან იცავს.
გოგონებს გენიტალიები წინიდან უკან უნდა ჩაბანოთ, რომ ანუსიდან ბაქტერიები საშოში არ გადაიტანოთ.
დაბანეთ თბილი და არა ცხელი წყლით, რომ კანი არ გამოშრეს
ტანის დასაბან ღრუბელს, ნეჭას, ფლანელის სახეხს შეუძლია, ბაქტერიები სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადაიტანოს, ამიტომ აჯობებს, საპონი თუ გელი ხელებით გაინაწილოთ ტანზე. სახეხი საშუალება კი ყველას თავისი უნდა ჰქონდეს და რეგულარულად ცვალოს.
ზედმეტი გულმოდგინებით
გადაჭარბებული არაფერი ვარგა. ზოგჯერ ზედმეტი ბანაობაც ვნებს ჯანმრთელობას. წყალი კანიდან ჩამორეცხავს არა მხოლოდ მავნე, არამედ სასარგებლო ბაქტერიებსაც, რომლებიც მავნე მიკრობებისგან გვიცავენ, დასაბანი საშუალებების ინგრედიენტები კი აშრობს კანს, აჩენს ნახეთქებს.
ასე რომ არ მოხდეს, ბანაობის ინტენსივობისა და დასაბანი საშუალების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ კანის ტიპი და კლიმატი. შხაპის შემდეგ კანის დაჭიმულობის შეგრძნება სისუფთავეზე სულაც არ მიუთითებს – ეს იმის ნიშანია, რომ კანი ზომაზე მეტად გამოშრა. ამ პრობლემას ზოგჯერ ყოველდღიური შხაპიც იწვევს.
თუ მეტისმეტად ხშირად იბანთ, შესაძლოა:
* კანი აგექავოთ;
* კანი გამოგიშრეთ და აგექერცლოთ;
* გაგიმწვავდეთ კანის ქრონიკული დაავადება: ეგზემა, ფსორიაზი.
როცა იშვიათად ვიბანთ
დაუბანლობა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. ადამიანის სხეული დაფარულია საოფლე ჯირკვლებით, საიდანაც სიცხის, სტრესის, ჰორმონული ცვლილებების, ფიზიკური აქტივობის გავლენით ოფლი გამოიყოფა. ოფლი უსუნოა, მაგრამ როდესაც მასში ბაქტერიები მრავლდება, სუნიანი ხდება.
ეს არ არის დაუბანლობის ყველაზე უარესი შედეგი: დაუბანელ კანზე გროვდება მკვდარი უჯრედები, ჭუჭყი, ოფლი, რაც იწვევს აკნეს, ამძიმებს ფსორიაზს, დერმატიტს, ეგზემას, არღვევს მავნე და სასარგებლო ბაქტერიების ბალანსს, კანზე ჩნდება ჭარბად პიგმენტირებული უბნები.
ჰიგიენა აუცილებელია ისეთი დაავადებებისგან თავის დასაცავად, როგორიცაა მუნი, წითელი ლიქენი, ტრაქომა, კონიუნქტივიტი, პარტახტიანი ტიფი...
საბოლოო ჯამში, ადამიანი არც დაუბანელი უნდა დარჩეს და არც ზედმეტი გულმოდგინებით ავნოს თავს. ოქროს შუალედი ყველამ თვითონ, საკუთარ თავზე დაკვირვებით უნდა იპოვოს.
როგორ დავიბანოთ თავი
შამპუნით თუ უშამპუნოდ
თავის დაბანის სიხშირეც ინდივიდუალურია. ზოგი ყოველდღე იბანს, ზოგი – ძალიან იშვიათად. ეს დამოკიდებულია თმისა და თავის კანის ტიპზე, ცხიმიანობის ხარისხსა და პირად წარმოდგენებზე.
რა საჭიროა შამპუნი
მნიშვნელოვანია, რითი ვიბანთ თავს. არიან ადამიანები, რომლებიც შამპუნის გამოყენებაზე უარს ამბობენ და თავს მხოლოდ წყლით იბანენ. წყალი თმას ჭუჭყს აცილებს, მაგრამ სუნსა და ცხიმს ტოვებს, შამპუნით დაბანისას კი თმას ჭუჭყიც სცილდება, სუნიც და ცხიმიც.
თავის კანზე არის სპეციალური ჯირკვლები, რომლებიც ცხიმს გამოყოფს. ცხიმი თმას ტენიანობას უნარჩუნებს. ტენიანი თმა ადვილად არ ზიანდება, არ იფიტება, მაგრამ დაბანიდან რამდენიმე დღეში ჭუჭყიანი შესახედაობა ეძლევა. თმიდან ზედმეტი ცხიმის მოცილებასა და სისუფთავის მეტხანს შენარჩუნებაში კი შამპუნი გვეხმარება.
როგორ მუშაობს
შამპუნის შემადგენლობაში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. სურფაქტანტები თმას ჭუჭყს აცილებს, სულფატები კი კარგად აქაფებს და ცხიმს აცლის. ვინაიდან თმას სჭირდება ცხიმი, ზოგი უსულფატო შამპუნს ამჯობინებს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ კვლევას არ დაუმტკიცებია, რომ ასეთი შამპუნები ნაკლებად აგრესიულია, ზოგიც თავის იშვიათ ბანაში ან ყოველგვარ შამპუნზე უარის თქმაში ხედავს გამოსავალს.
რეკომენდებული სიხშირე
მეტისმეტად მშრალი თმის პატრონები უნდა ეცადონ, რაც შეიძლება იშვიათად იხმარონ შამპუნი. შესაძლოა, მათთვის კვირაში-ორ კვირაში ერთხელ დაბანაც საკმარისი იყოს. შუალედებში კი შეუძლიათ წყალი გადაივლონ. ასე თმაც შეინარჩუნებს ტენიანობას, სირბილესა და ბრწყინვალებას და არც კანი აიქერცლება.
თმა, როგორც წესი, მშრალია, როცა სქელია, ხვეულია, ჭაღარაა ან ქიმიკატებითაა დამუშავებული. ცხიმიანი თმა კი სწორია და კიდევ უფრო ცხიმიანი ხდება ჰორმონული ცვლილებების, მაგალითად, სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
ძალიან ცხიმიანი თმა შესაძლოა დაბანიდან რამდენიმე საათის შემდეგ თავიდან იყოს დასაბანი. მას ყოველდღე ან დღეგამოშვებით მაინც სჭირდება შამპუნით ბანა. უამისოდ თავის თმიანი ნაწილის კანზე შესაძლოა აკნე გაჩნდეს.
ადამიანთა უმრავლესობა ამ ორ უკიდურესობას შორისაა და თავს კვირაში 2-5-ჯერ იბანს.
მშრალი თუ ცხიმიანი
გთავაზობთ კითხვებს, რომელიც თმის ტიპის განსაზღვრაში დაგეხმარებათ:
* როდის უფრო ლამაზია თქვენი თმა? ცხიმიანი თმა შამპუნით დაბანის დღეს გამოიყურება უფრო კარგად, ნორმალური – მეორე დღეს, მშრალი კი – დაბანიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
* თმა ადვილად ხომ არ გემტვრევათ? მშრალი თმა ადვილად იმტვრევა და ბოლოების გაყოფაც ახასიათებს, ცხიმიანი კი უფრო ელასტიკურია.
* როგორ გამოიყურება თქვენი თმა? მშრალ თმას უსიცოცხლო შესახედაობა აქვს, განსაკუთრებით – ხშირი ბანის შემდეგ, ცხიმიანი კი დავარდნილია დაბანის მომდევნო დღეს.
სამედიცინო საჭიროება
არსებობს შამპუნები, რომლებიც ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის (ტილების, ფსორიაზის, კანის სხვა დაავადებების) დროს გამოიყენება. ასეთი შამპუნი დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს. მანვე უნდა განუსაზღვროს პაციენტს თავის ბანის სიხშირეც, რადგან შამპუნის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გაამწვაოს ეგზემა, გააღიზიანოს მშრალი კანი და ხელი შეუწყოს ქერტლის წარმოქმნას.
ალტერნატივა
თხევადი შამპუნი თავის დასაბანი ერთადერთი საშუალება არ არის. ის შეიძლება შეიცვალოს მშრალი შამპუნით, რომელიც ფხვნილის სახით გამოდის. ის ცხიმს იწოვს, თუმცა ჭუჭყს არ აშორებს. არ არის სასურველი მისი ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში გამოყენება – შესაძლოა, კანი გააღიზიანოს.
კიდევ ერთი არჩევანია დეტერგენტებისგან ანუ ძლიერი ქიმიური სარეცხი საშუალებებისგან თავისუფალი შამპუნი (Dეტერგენტ-ფრეე სჰამპოო). ის არ შეიცავს სულფატებს და სხვა აგრესიულ ნივთიერებებს და კარგია მშრალთმიანი და ხვეულთმიანი ადამიანებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვინც თავს ყოველდღე იბანს და თან თმას უფრთხილდება.
მათთვის, ვისაც ნორმალური ან მშრალი თმა აქვს, შამპუნის კონდიციონერით შეცვლაც შესაძლებელია.
სასარგებლო რჩევა
ნუ დაიძინებთ სველი თმით. ეს არ გაგაციებთ, მაგრამ გაზრდის თავის თმიანი ნაწილის კანზე სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკს. შესაძლოა, გაჩნდეს ქერტლი, ჩამოყალიბდეს დერმატიტი. თანაც სველი თმა საწოლში ტრიალის დროს ადვილად წყდება.
თუ მაინც სველი თმით მოგიწიათ დაწოლა, შეეცადეთ, მაქსიმალურად შეიშროთ, არ შეიკრათ, ისხუროთ კონდიციონერი და ქოქოსის ცხიმი გადაისვათ
იღლიები, ფეხები, სასქესო ორგანოები
უსიამოვნო სუნი ბაქტერიების დამსახურებაა. მას ბრომჰიდროზს ან ოსმიდროზს უწოდებენ. ცუდი სუნი განსაკუთრებით ახასიათებს სხეულის ზოგიერთ ნაწილს და მის თავიდან ასაცილებლად ჰიგიენური ჩვევები ადამიანმა გარდატეხის ასაკამდე უნდა გამოიმუშაოს.
სხეულის სუნზე ჰიგიენასთან ერთად სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას: რას ჭამს ადამიანი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელ მედიკამენტებს იღებს... უსიამოვნო სუნს უმთავრესად ისინი უჩივიან, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, რეგულარულად მიირთმევს ცხარე კერძებს ან დიაბეტითაა ავად.
ოფლი უსუნოა. მას ცუდ სუნს აძლევენ ბაქტერიები, რომლებიც ოფლში შემავალ ნივთიერებებს მჟავებად შლიან, მაგრამ როცა ოფლი ზედმეტად მარილიანია, ბაქტერიები მას ვერ ამუშავებენ, ამიტომ ჰიპერჰიდროზი – ჭარბოფლიანობა – ყოველთვის არ უწევს პროვოცირებას ცუდ სუნს.
ოფლის შემადგენლობა დამოკიდებულია ადგილზე, სადაც ის გამოიყოფა და პროცესში ჩართული საოფლე ჯირკვლების ტიპზე.
სუნი ყველაზე ხშირად ჩნდება:
* ფეხებზე;
* იღლიებში;
* საზარდულში;
* ბოქვენის თმიან არეში;
* ჭიპში;
* ანუსის მიდამოში;
* ყურების უკან.
სხეულის დანარჩენ ადგილებზე ადამიანს სასიამოვნო და სპეციფიკური, ინდივიდუალური სუნი აქვს, ისეთი, რომ მისი მეშვეობით პიროვნების იდენტიფიკაციაც კია შესაძლებელი. სწორედ ასე ცნობენ ადამიანებს ძაღლები და სხვა ცხოველები.
მიზეზები
უსიამოვნო სუნის გაჩენაში უმთავრესად აპოკრინულ ჯირკვლებს მიუძღვით ბრალი. ამ ტიპის ჯირკვლები ოფლს თმის ფოლიკულში გამოყოფენ, საიდანაც ის სხეულის ზედაპირზე ამოდის. აპოკრინული ჯირკვლები მრავლადაა სასქესო ორგანოების მიდამოში, იღლიებში, ძუძუსთავების გარშემო, ქუთუთოებზე. მათ მიერ გამოყოფილი ოფლი მდიდარია ცილებით, რომლებსაც ბაქტერიები ადვილად შლიან, დაშლის პროდუქტებს კი ცუდი სუნი აქვს.
დანარჩენი კანი უმთავრესად ეკრინული ჯირკვლებით არის დაფარული, რომელთა სადინარებიც პირდაპირ კანზე იხსნება. მათ მიერ გამომუშავებული ოფლი სხეულს გაგრილებაში ეხმარება.
ეკრინული ჯირკვლებითაა დაფარული ტერფებიც, თუმცა მათაც ადვილად უჩნდებათ ცუდი სუნი. საქმე ის არის, რომ ტერფი, ფაქტობრივად, სულ ჩაფუთნულია, ფეხსაცმელები და წინდები ოფლს აორთქლების საშუალებას არ აძლევს, ისიც გროვდება და ბაქტერიებს მეტი გასაქანი ეძლევათ.
სუნის მიზეზად შეიძლება იქცეს ფეხის სოკოვანი დაავადებაც, რომლის განვითარებისთვის სინოტივე ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის.
იღლიები
აპოკრინული ჯირკვალი განსაკუთრებით ბევრია იღლიებში, ამიტომ აქ უსიამოვნო სუნი ძალიან მალე ჩნდება.
სუნის თავიდან ასაცილებლად:
* იღლიები ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე იბანეთ. თუ ჩვეულებრივი საპონი უძლურია, გამოიყენეთ ანტიბაქტერიული.
* არ მისცეთ იღლიის თმას გაზრდის საშუალება. თმა ოფლისა და, შესაბამისად, ბაქტერიების რეზერვუარია. ის უნდა მოიშოროთ.
* გამოიყენეთ დეოდორანტი ან ანტიპერსპირანტი.
რა განსხვავებაა?
დეოდორანტი კანზე უფრო მჟავა გარემოს ქმნის და ამით ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, ანტიპერსპირანტი კი ოფლის გამოყოფას აფერხებს.
თუ არც ამან გაჭრა, ექიმი პაციენტს იღლიაში ბოტოქსის ინექციას ურჩევს. ის ამცირებს ოფლის გამოყოფას და, სესაბამისად, სუნსაც. ბოტოქსი უფრო მეტად ჰიპერჰიდროზის დროს გამოიყენება, მისი ეფექტი რამდენიმე თვე გრძელდება და გამეორებას მოითხოვს.
ფეხები
სუნიანი ფეხები ნაკლებად სოციალური პრობლემაა, ვიდრე სუნიანი იღლიები, რადგან ფეხსაცმელი, ასე თუ ისე, აკავებს ფეხის სუნს, თუმცა ასეთი ფეხიდან გახდილი ფეხსაცმელი მთელ სახლში მძიმე სუნს ატრიალებს.
სუნის მოსაცილებლად:
* ფეხები დღეში ერთხელ მაინც დაიბანეთ, უმჯობესია, თბილი წყლით, და კარგად შეიმშრალეთ, განსაკუთრებით – თითებშუა არეები.
* შეარჩიეთ ისეთი მასალის წინდები, რომელიც ოფლს აორთქლების საშუალებას მისცემს. საუკეთესოდ მიიჩნევა ხელოვნური ბოჭკოსა და შალის ნარევი. წინდები ყოველდღე გამოიცვალეთ.
* ოფლის ასაორთქლებლად უმჯობესია ფეხსაცმელი შიგნიდან ტყავით იყოს ამოფენილი. თუ ფეხი ადვილად გიოფლიანდებათ, გირჩევთ, ერთი და იგივე ფეხსაცმელი ზედიზედ ორი დღე არ ჩაიცვათ – ერთი დღე მაინც აცადეთ, რომ კარგად გაშრეს.
* ბაქტერიები კარგად მრავლდებიან მკვდარ უჯრედებზე, ამიტომ დაბანისას გაუხეშებული კანი პემზით მოიცილეთ.
* შეიძლება ფეხის დეოდორანტის ან ანტიპერსპირანტის გამოყენებაც, ოღონდ ამას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა კანი ჯანმრთელია. ფეხის სოკოვანი დაავადების დროს სუნის გამქრობი საშუალებები ვერ გიშველით – მას მკურნალობა სჭირდება.
იარეთ ფეხშიშველმა, როცა ამის საშუალება გექნებათ. უკიდურეს შემთხვევაში, ეცადეთ, დღეში რამდენჯერმე გაიხადოთ ფეხსაცმელები და მათაც და ფეხებსაც განიავების საშუალება მისცეთ.
ქალი
სასქესო ორგანოების ჰიგიენა ყოფითი კულტურის განუყოფელია ნაწილია, მაგრამ ზოგიერთი ქალი მას გადაჭარბებულად იცავს: იტარებს საშოს გამორეცხვას, იბანს არომატული საშუალებებით...
მაინც რა არის ამაში ცუდი?
საშოს გარემო ბუნებრივადაა დაბალანსებული. წყლით გამორეცხვა და ქიმიური საშულებებით ბანა ბალანსს არღვევს. შედეგად შეიძლება მივიღოთ საშოს ტკივილი, ენდომეტრიოზი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი, სოკოვანი დაავადება და საშვილოსნოს კიბოც კი; იზრდება ისეთი მდგომარეობების რისკი, როგორიცაა საშვილოსნოსგარე ორსულობა, ახალშობილის მცირე წონა, ქორიონამნიონიტი (ჩანასახოვანი გარსების ანთება), ნაადრევი მშობიარობა.
ქალმა მხოლოდ გარეთა სასქესო ორგანოები უნდა დაიბანოს, მაგრამ რბილი, უსუნო საპნითა და წყლით. საკმარისია დღეში ერთხელ დაბანა, დამატებით – სქესობრივი აქტის შემდეგ. დაბანისას მნიშვნელოვანია მიმართულება – წინიდან უკან, რათა ანუსის გარშემო მობინადრე ბაქტერიები საშოში ან შარდსადენში არ მოხვდნენ და ინფექცია არ გამოიწვიონ. შესამშრალებელი პირსახოცი პირადი უნდა იყოს და ყოველი დაბანის შემდეგ გაირეცხოს.
მენსტრუაციის დროს რეკომენდებულია ბამბის საცვლების ტარება – ეს შეამცირებს ოფლის გამოყოფას და ანუსიდან საშოსკენ ბაქტერიების გავრცელებას.
არ შეიძლება სასქესო ორგანოების მიდამოსთვის დეოდორანტის გამოყენება. არც საგანგებოდ ამ მიდამოსთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებების გამოყენებაა რეკომენდებული.
მამაკაცი
სასქესო ორგანოები და ანუსი დღეში ერთხელ მამაკაცმაც უნდა დაიბანოს, დამატებით – სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, განურჩევლად იმისა, იყენებს თუ არა კონდომს. ოღონდ არ უნდა ეცადოს შარდსადენი მილის, ურეთრის, შიგნიდან გამორეცხვას – ამან შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს. წინადაუცვეთავმა მამაკაცმა ასოს დაბანისას ჩუჩა ფრთხილად უნდა გადაიწიოს, ასოს თავი მსუბუქად მოიბანოს საპნითა და თბილი წყლით, გაამშრალოს და ჩუჩა უკანვე დააბრუნოს. გადაწეულ მდგომარეობაში მისი დატოვება არ შეიძლება.
როცა ასო არასწორად, არასათანადოდ სუფთავდება, მის შიგნით სმეგმა გროვდება.
პატარა ბიჭებმა, რომლებსაც ჩუჩა არ ეწევათ, ასო გარედან უნდა დაიბანონ.
რეკომენდებულია ბამბის თავისუფალი საცვლების ჩაცმა – უსიამოვნო სუნის გაჩენის რისკს ესეც ამცირებს.
არ შეიძლება გაპარსვის შემდეგ ლოსიონის დასხმა უშუალოდ სასქესო ორგანოებზე.
სმეგმა
სმეგმა ყველისმაგვარი კონსისტენციის ნივთიერებაა, რომელიც სასქესო ორგანოების არეში წარმოიქმნება. მასში შედის კანის უჯრედები, ცხიმი და წყალი. სმეგმის დაგროვება არ არის რეკომენდებული – შესაძლოა, ცუდი სუნის გაჩენას ან ინფექციის განვითარებას შეუწყოს ხელი, ამიტომ ისეთი ადგილები, სადაც სმეგმა გროვდება, რეგულარულად გულდასმით უნდა გასუფთავდეს.
სმეგმა უმეტესად წინადაუცვეთავ მამაკაცებს უჩნდებათ, თუმცა არც წინადაცვეთილები არიან დაზღვეულნი. შესაძლოა, ქალსაც გაუჩნდეს სასქესო ბაგეებს შორის და კლიტორის ჩუჩის გარშემო.
სმეგმის მოცილება არ არის რეკომენდებული ჩვილი და მცირეწლოვანი ბიჭებისთვის – შესაძლოა, მათი ჩუჩა ჯერ კიდევვ მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ასოს თავთან, ძალით მისი გადაწევა კი გამოიწვევს ძლიერ ტკივილს, სისხლდენას, ნაწიბურებს.
ზოგადი რეკომენდაციები
თუ ცუდი სუნი ადვილად გიჩნდებათ, შესაძლოა, დღეში ერთ-ორჯერ მოგიწიოთ წყლის გადავლება. ბანაობისას არ გამორჩეთ ჭიპი – გარედანაც და შიგნიდანაც გულდასმით, მაგრამ ნაზად გაასუფთავეთ და სოკო რომ არ გაჩნდეს, კარგად, მაგრამ ასევე ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით.
ტანსაცმლის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ნატურალური ქსოვილი – შალი, აბრეშუმი, ბამბა – კანსაც აძლევს სუნთქვის საშუალებას და არც ოფლის აორთქლებას აფერხებს.
ერიდეთ მძაფრსუნიან სანელებლებს: კარის, ნიორს.
სწორი მოვლა
თვალები, ყურები, ცხვირი ის ორგანოებია, რომელთა მეშვეობითაც გარე სამყაროსთან კონტაქტს ვამყარებთ. მათი ჯანმრთელობა ნიშნავს, რომ გარე სამყაროსთან კავშირს ღრმა სიბერემდე შევინარჩუნებთ.
თვალები
თვალების ჰიგიენა თუ არ დავიცავით, შესაძლოა, მათში მიკრობები შეიჭრან, გამრავლდნენ და ანთება გამოიწვიონ. ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში გარკვეული წესები უნდა დავნერგოთ. მაგალითად:
* ძილის წინ აუცილებლად მოვიშოროთ მაკიაჟი. არსებობს მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური საშუალებები. მათი კარგი ალტერნატივაა ქოქოსის ზეთი, განსაკუთრებით – მდგრადი ტუშის მოსაშორებლად. თუ თვალები შეშუპებული გაქვთ, გრილი კომპრესები დაიდეთ. ვიდრე თვალებს შეეხებოდეთ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები. იქონიეთ პირადი პირსახოცი, კოსმეტიკური საშუალებები, თვალის წვეთები. არც მათი სხვისთვის გაზიარება შეიძლება და არც სხვისი კუთვნილი ამ ნივთების გამოყენება, რათა ერთმანეთი მიკრობებით არ დაასაჩუქროთ. თუ ქუთუთოებზე ფუფხი გაგიჩნდათ, თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით და ხელოვნური ცრემლით მოიშორეთ.
* ნუ მოწევთ. მოწევა ხელს უწყობს მაკულის დეგენერაციას, უვეიტის, კატარაქტის განვითარებას, მშრალი თვალის სინდრომის ჩამოყალიბებას. მწეველები ხანდაზმულ ასაკში ოთხჯერ უფრო ხშირად ბრმავდებიან.
*ეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროთ ეკრანთან, რა მოწყობილობისაც არ უნდა იყოს ის. ეკრანი თვალს აღიზიანებს, აშრობს, ღლის, ამიტომ მისი ყურებისას თვალის კუნთები დროდადრო უნდა მოადუნოთ. არსებობს ნაცადი ხერხი – 20`20`20: ყოველ 20 წუთში მზერა 20 წამით გადაიტანეთ თქვენგან 20 ფუტის ანუ დაახლოებით 6 მეტრის მოშორებით მდებარე საგანზე.
ოთახში განთება ისე დაარეგულირეთ, რომ ეკრანს მკვეთრი სინათლე არ ეცემოდეს. შეამცირეთ მისი სიმკვეთრე, შეცვალეთ თეთრი ფონი მშვიდი, ჩამქრალი ფერებით.
თუ სათვალეს ხმარობთ, გაიკეთეთ გამოსხივების საწინააღმდეგო სათვალე, რომელიც ეკრანის განათებას შთანთქავს.
ლინზები
ცალკე საკითხია კონტაქტური ლინზების მოხმარების ჰიგიენა. მათ ჩასმამდე და ამოღებამდე აუცილებელია ხელების საპნით დაბანა. ლინზების შესანახი სითხე ყოველღამე უნდა ცვალოთ, კონტეინერი კი – დაახლოებით სამ თვეში ერთხელ. ლინზები სპეციალური სითხით რეცხეთ, კონტეინერი კი გადადუღებული წყლით – ონკანის წყალი სტერილური არ არის.
ნუ გადააცილებთ ლინზების მოხმარების რეკომენდებულ ვადას. შესაძლოა, ვერავითარ ცვლილებას ვერ ატყობდეთ, მაგრამ მათ ზედაპირზე გროვდება ლორწო და ცილა, რაც ინფიცირების რისკს ზრდის.
მზე და თვალები
მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას შეუძლია, ხელი შეუწყოს მაკულის დეგენერაციას, კატარაქტის, თვალების ირგვლივ კანის კიბოს განვითარებას. რისკის შესამცირებლად იხმარეთ მზის სათვალე ხარისხიანი, ფართო ლინზებით, რათა დაიცვათ არა მხოლოდ თვალები, არამედ მათ გარშემო არსებული ნაზი კანიც, რომელზეც მზისგან დამცავი კრემის წასმა არ არის რეკომენდებული.
ყურები
ყურების მოვლას ბევრი გოგირდისგან მათ გასუფთავებასთან აიგივებს. სინამდვილეში ყურებს გამოწმენდა უმეტესად არ სჭირდება. მართალია, გოგირდოვან მასაში გროვდება ჭუჭყი, მაგრამ ეს მასა თანდათანობით თავისთავად გამოდის გარეთ ყბების მოძრაობის (ღეჭვის, ლაპარაკის) დროს.
შესაძლოა, გოგირდი ყურში დაგროვდეს და საცობი წარმოქმნას. გოგირდის დაგროვებას ხელს უწყობს სასმენი აპარატისა და ყურსასმენების ხმარება, ყურების ჩხირებით წმენდა. საცობმა შესაძლოა გამოიწვიოს ყურის ტკივილი, სისავსის შეგრძნება, ხმაური, სმენის დაქვეითება, უსიამოვნო სუნი, თავბრუხვევა... თუ ეჭვობთ, რომ ყურში საცობი გაქვთ, დამოუკიდებლად ნუ ეცდებით მის ამოღებას – ექიმს მიმართეთ.
როგორ მოვუაროთ
ამბობენ, ყურში იდაყვზე პატარა საგანი არ უნდა შეიყოო. რა თქმა უნდა, ეს გაზვიადებაა, მაგრამ ყურში წვრილი საგნის – საწმენდი ჩხირის, კალმის, ფანქრის, სარჭის – შეყოფა მართლაც სარისკოა: შესაძლოა, დაზიანდეს დაფის აპკი, რომელიც გარეთა ყურს შუა ყურისგან ყოფს და გოგირდის გარეთ გამოსვლაც შეაფერხოს, პირიქით, უკანვე ჩააბრუნოს და საცობის წარმოქმნას შეუწყოს ხელი, ამიტომ დაბანის შემდეგ მხოლოდ ნიჟარა შეიმშრალეთ პირსახოცით.
ერიდეთ ხმაურს. ხმაურიან გარემოში ყურის საცობები გაიკეთეთ. გაითვალისწინეთ, დაზიანებული სმენის რეცეპტორები აღარ აღდგება.
ყურსასმენების გამოყენებისას ყურები დროდადრო დაასვენეთ. ხმა იმდენად ზომიერი უნდა იყოს, რომ გვერდით მდგომი ვერ მიხვდეს, უსმენთ თუ არა რამეს.
თუ სმენის გაუარესება იგრძენით ან ყურებში ხმაური ჩაგესმით, მიმართეთ ექიმს.
მოცურავის ყური
ყურის ინფექცია შესაძლოა მასში დაგუბებულმა წყალმაც გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ვითარდება ე.წ. მოცურავის ყური, რომლის დროსაც გარეთა სასმენი მილი შეშუპებული და გაღიზიანებულია.
ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად:
* ცურვისას დაიხურეთ რეზინის ქუდი და გაიკეთეთ ყურის საცობები;
* კარგად გაიმშრალეთ ყურები ცურვის, აბაზანის, შხაპის შემდეგ;
* თუ ყურში წყალი ჩაგივიდათ, თავი გვერდულად, იატაკის პარალელურად დახარეთ და ბიბილო სხვადასხვა მხარეს ამოძრავეთ, რომ წყალი გარეთ გადმოვიდეს.
* თუ ყურში მაინც დარჩა წყალი, ფენით გაიშრეთ, ოღონდ ყურიდან მოშორებით დაიჭირეთ და არც მეტისმეტად ცხელი ჭავლი გამოიყენოთ.
* ცურვის შემდეგ შეგიძლიათ, ყურებში ჩაიწვეთოთ ყურის წვეთები, რომლებსაც ექიმი გირჩევთ ყურის დათვალიერების შემდეგ – საქმე ის არის, რომ თუ დაფის აპკი დაზიანებულია, ყურის წვეთების გამოყენება არ შეიძლება.
ყურის ტკივილისა და გამონადენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ნახვრეტი ყურზე
განსაკუთრებული მოვლა სჭირდება ყურის ბიბილოს გახვრეტის შემდეგ. სანამ ჭრილობა კარგად არ მოშუშდება, საყურე არ უნდა მოიხსნათ, თორემ ხვრელები შესაძლოა შეხორცდეს. დილა–საღამოს ნახვრეტზე, ორივე მხრიდან, მიიდეთ სპირტში ან წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბამბის ტამპონი, მერე საყურე კარგად აამოძრავეთ, დარწმუნდით, რომ მან ნახვრეტში სითხე კარგად შეიტანა. თუ ნახვრეტის ირგვლივ ქსოვილი შეშუპდა, გაწითლდა, გაცხელდა და მტკივნეული გახდა, ჭრილობა, სავარაუდოდ, დაჩირქებულია და ექიმთან უნდა მიბრძანდეთ.
ცხვირი
ცხვირი მტვერს აცილებს, ათბობს და ანოტივებს ფილტვებისკენ მიმავალ ჰაერს, მაგრამ ინფექციამ თუ ალერგიამ შესაძლოა ამ ფუნქციის შესრულებაში ხელი შეუშალოს.
გაჭედილი ცხვირის გასუფთავება მოხერხებულია პირის დაბანასთან ერთად.
ამჟამად მსოფლიოში ძალიან პოპულარულია პატარა ჩაიდნის ან სხვა მოწყობილობის დახმარებით ცხვირის უფრო ფუნდამენტური გამორეცხვის პროცედურა, რომელიც ასუფთავებს ცხვირს ჭუჭყისგან, ლორწოსგან, ბაქტერიებისა და ალერგენებისგან, ამსუბუქებს სინუსიტის, ალერგიის, გაციების სიმპტომებს. თუმცა ცხვირის გამორეცხვის წესები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ, რათა არ გავზარდოთ ინფიცირების რისკი. უპირველეს ყოვლისა, გამოვიყენოთ მხოლოდ სტერილური, გამოხდილი ან ანადუღარი წყალი. ონკანის წყლის სმა ნაკლებად სარისკოა, მისი მეშვეობით ცხვირის გამორეცხვა კი – საშიში, ვინაიდან კუჭის წვენი წყალში არსებულ ბაქტერიებს ანადგურებს, ცხვირში კი ისინი ცოცხლები რჩებიან.
გამორეცხვის წესები ასეთია:
* დაიბანეთ და შეიმშრალეთ ხელები, დარწმუნდით, რომ ჩაიდანი სუფთა და მშრალია.
* მოამზადეთ მარილწყალი (ნახევარ ლიტრ წყალზე – ერთი ჩაის კოვზი მარილი) ან აიღეთ მზა ფიზიოლოგიური ხსნარი და ჩაასხით ჩაიდანში.
* ნიჟარასთან თავი გვერდულად დახარეთ, ისე, რომ შუბლი და ნიკაპი ერთ დონეზე იყოს, რათა წყალი ცხვირიდან ყელში არ გადავიდეს.
* ისუნთქეთ პირით. ჩაიდნის მილი ზედა ნესტოში მოითავსეთ და წყალი შეუშვით. წყალი ქვედა ნესტოდან უნდა გადმოიღვაროს.
* შემდეგ თავი მეორე მხარეს დახარეთ და პროცედურა მეორე ნესტოდან გაიმეორეთ.
* გარეცხეთ და გააშრეთ ჩაიდანი.
აჯობებს, ამ პროცედურის ჩატარების ნებართვა თქვენი ექიმისგან (თუ ბავშვს უტარებთ – პედიატრისგან) აიღოთ.
არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთი წესი – ცხვირი ყოველთვის ნაზად და ფაქიზად გაისუფთავეთ. ნუ ჩაბერავთ ღონივრად და ორივე ნესტოთი ერთდროულად.
პირის ღრუს ჯანმრთელობაში ჰიგიენას მართლაც ლომის წილი უდევს. მისი სწორი მოვლით სავსებით შესაძლებელია პირის ღრუს დაავადებათა უმრავლესობის თავიდან აცილება. კბილის ჯაგრისი, ფლოსი და ჯანსაღი საკვები ის ჯადოსნური საშუალებებია, რომლებიც კბილებსა და ღრძილებს – ჯანმრთელობას, ხოლო ღიმილს სილამაზეს უნარჩუნებს.
ჯაგრისი
პირის ღრუს ჰიგიენა კბილის ჯაგრისთან მეგობრობით იწყება. როცა კბილის ღრძილთან შეერთების ადგილი სუფთაა, ღრძილის დაავადებებისგან დაზღვეული ვართ, ხოლო კბილის ზედაპირის სისუფთავე კარიესის საუკეთესო პრევენციაა.
ჯაგრისის გამოყენების წესები
* გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ. არ იჩქაროთ. გახეხვას ორი წუთი მაინც დაუთმეთ. ნუ გაიხეხავთ კბილებს ჭამის დამთავრებისთანავე, მით უმეტეს – თუ მჟავე საჭმელი ან გაზიანი სასმელი მიირთვით. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდა ჯაგრისით ან ენის სპეციალური სკრაბით.
* გამოიყენეთ ისეთი სირბილის მქონე ჯაგრისი, როგორსაც თქვენი სტომატოლოგი გირჩევთ და ფთორიანი პასტა. ელექტროჯაგრისი უკეთ აცილებს ნადებს და უმკლავდება ღრძილების მსუბუქ დაზიანებას, ვიდრე მექანიკური ჯაგრისი.
* ჯაგრისი მცირე კუთხით დაიჭირეთ, ისე, რომ მისი წვერები ღრძილებისა და კბილების საზღვრისკენ იყოს მიმართული. წრიულად ისვით მთელ კბილზე, ოღონდ ფაქიზად. ძლიერმა ზეწოლამ შესაძლოა ღრძილები დააზიანოს.
* კბილების გახეხვის შემდეგ ჯაგრისს კარგად გადაავლეთ წყალი და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ისე, რომ რომ სხვის ჯაგრისებს არ შეეხოს. ნუ ჩამოაცმევთ თავს, აცადეთ ჰაერზე გაშრობა, რომ მასში ბაქტერიები თუ სოკოები არ გამრავლდეს.
* ჯაგრისი ცვალეთ სამ თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად.
ფლოსი
კბილთაშორის სივრცეში კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს და იქ დაბუდებულ ბაქტერიებს ვერ სწვდება. ამისთვის არსებობს სპეციალური კბილის ძაფი – ფლოსი, თუმცა მის გამოყენებასაც თავისი წესები აქვს:
მოწყვიტეთ 40-50 სმ სიგრძის ძაფი, დაიხვიეთ დიდი ნაწილი ერთი ხელის შუა თითზე, დანარჩენი – მეორისაზე, კარგად დაიჭირეთ და დაჭიმეთ ცერა და საჩვენებელი თითებით. ნაზად გაატარეთ კბილებს შორის, ქვედა ყბაზე – ქვევიდან ზევით, ზედაზე – ზევიდან ქვევით. როგორც კი ღრძილს მიუახლოვდება, მორკალეთ და ამოსწიეთ
ნუ გამოიყენებთ ნახმარ ძაფს სხვა კბილებისთვის.
თუ ფლოსის გამოყენებას ვერ ახერხებთ, მოიძიეთ კბილთაშორისი ჯაგრულები.
და სხვა საშუალებები
პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის კარგია ფთორის შემცველი სავლების გამოყენებაც. ერიდეთ კბილის საჩიჩქნ ჩხირებს და სხვა ისეთი საგნებს, რომლებსაც შეუძლია, ღრძილები დააზიანოს და მათ ინფიცირებას შეუწყოს ხელი. თუ მწეველი ხართ, გირჩევთ, მიატოვოთ – თამბაქო სხვა დაავადებებთან ერთად ღრძილების დაავადების რისკსაც ზრდის.
რეგულარულად ჩაიტარეთ კბილების სტომატოლოგიური წმენდა. თუ შეამჩნიეთ, რომ ღრძილები გაწითლებულია, შეშუპებული, ხეხვისას სისხლი დის, კბილის ყელსა და ღრძილს შორის სივრცე გაჩნდა, მოგერყათ კბილი, იმატა მგრძნობელობამ ცხელი და ცივი საკვებისა და სასმლის მიმართ, გაწუხებთ პირიდან უსიამოვნო სუნი ან ცუდი გემო გაქვთ პირში, ღეჭვა კი ტკივილს გაყენებთ, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს. დროული მკურნალობა მოგცემთ შანსს, მთელი სიცოცხლე ჯანსაღი პირის ღრუთი მოიწონოთ თავი.
ფრჩხილები
ფრჩხილების ჰიგიენა ფრჩხილების რეგულარულ წმენდასა და დამოკლებას გულისხმობს. ფრჩხილების ქვეშ გროვდება ჭუჭყი და მიკრობები, რომლებიც შესაძლოა პირში მოხვდეს და დაავადება გამოიწვიოს, – მაგალითად, სწორედ ჭუჭყიანი ფრჩხილებია ენტერობიოზის ერთ-ერთი ხშირი წყარო, ამიტომ ფრჩხილები მოკლე უნდა იყოს, ხოლო ფრჩხილის კიდეები ხშირად იბანოთ საპნით და თბილი წყლით.
წყალთან ან აგრესიულ ქიმიკატებთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში ჩაიცვით ბამბაგამოკრული რეზინის ხელთათმანები.
სუფთად შეინახეთ ქლიბი, საკვნეტელა, მაკრატელი. ეცადეთ, საკუთარი გქონდეთ, ხოლო თუ სხვაც იყენებს, ფრჩხილების მოვლის პროცედურამდე დაამუშავეთ ანტისეპტიკური საშუალებით.
ნუ გამოიყენებთ დაბლაგვებულ ხელსაწყოებს.
ხელების დაბანის შემდეგ დამატენიანებელი კრემი ფრჩხილსა და კუტიკულაზეც შეიზილეთ.
მარი აშუღაშვილი