რეზო სიგუა – დიდი კლინიცისტი, უბადლო პედაგოგი და ქართული ნევროლოგიის ისტორიის მემატიანე

გააზიარე:

ნევროლოგი რევაზ სიგუა სიმონ ყიფშიძის ერთ-ერთი უკანასკნელი მოწაფე იყო – კაცისა, რომელმაც საქართველოში ნევროლოგიის ევროპულ სკოლას ჩაუყარა საფუძველი. რეზომ ღირსეულად გააგრძელა მასწავლებლის გზა და თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიცისტი, პედაგოგი და მეცნიერი გახდა.

რევაზ სიგუას შესახებ ნევროპათოლოგი, პროფესორი ნინული ნინუა და გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია გვესაუბრნენ.

რეზო 1927 წლის 12 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. მამამისი, აკაკი სიგუა, ეკონომისტი იყო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დედა, თინათინი – ექიმი ფთიზიატრი. ცოლ-ქმარს ორი ვაჟი ჰყავდა – რეზო და ოთხი წლით უფროსი ოთარი. მშობლებმა შვილებს თავიდანვე ჩაუნერგეს სწავლისა და შრომის სიყვარული.

ბევრი სხვა ოჯახის მსგავსად, სიგუებმაც იწვნიეს 1937 წლის სიმწარე. აკაკი ხალხის მტრობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. მიუხედავად ყველაფრისა, რეზოს სწავლაზე გული არ აუცრუებია, პირიქით, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

ალბათ დედის გავლენით გადაწყვიტეს ძმებმა, მედიცინას გაჰყოლოდნენ. ოთარი ნეიროქირურგი გახდა, ცნობილი ნეიროქირურგის ბონდო ჩიქოვანის მოწაფე, მისი საქმის გამგრძელებელი და თანამედროვე ნეიროქირურგიის ფუძემდებელი. ის სამი ათეული წლის განმავლობაში ედგა სათავეში ნევროლოგიური ინსტიტუტის ნეიროქირურგიულ კლინიკას. მანვე ჩაუყარა საფუძველი საქართველოში თავის ტვინის არტერიული ანევრიზმების ქირურგიულ მკურნალობას.

რეზომ 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ერთხანს ამავე ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე მუშაობდა ორდინატორად, მერე – რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ განყოფილებაში, სიმონ ყიფშიძის მიერ დარსებულ კათედრაზე. ის სიმონის ყველაზე ახალგაზრდა მოწაფე იყო. მოგვიანებით აკადემიკოს პეტრე ქავთარაძის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ზურგის ტვინის გარსების ქრონიკულ ანთებით დაავადებებს ეხებოდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი დოქტორის წოდებაც მოიპოვა. 

საქმეები

რეზო იყო ბრწყინვალე კლინიცისტი, უბადლო პედაგოგი და კარგი მეცნიერი, გენეტიკური დაავადებების შესწავლის წამომწყები საქართველოში.

რეზო ნერვულ სნეულებათა კათედრის სასწავლო ნაწილს ხელმძღვანელობდა. მას ჰქონდა მინდობილი სარედაქციო საქმიანობის წარმართვა: არედაქტირებდა და გამოსცემდა რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმებისა და სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის თანამშრომლების ნაშრომებს, კათედრის ყოველწლიურ გამოცემებს, ექსპერტიზას უტარებდა ექიმთა სადისერტაციო თემებს, ორგანიზებას უწევდა ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოების სხდომებს, მონაწილეობდა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. იყო საზოგადოება “ცოდნის” ლექტორი, გამომცემლობა “საქართველოს” სარედაქტორო კომისიის წევრი, სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოების მდივანი, სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

ამ ყველაფერთან ერთად, რეზოს მეცნიერული ბიოგრაფია ითვლის 116 ნაშრომს, სამ სახელმძღვანელოს, პუბლიკაციებს, მონოგრაფიას.

ერთგული მეგობარი

რევაზ სიგუა უზომოდ განათლებულ პიროვნებად ახსოვთ. ამბობენ, რომ არ არსებობდა საკითხი, რომელშიც ის ვერ ერკვეოდა, არ დარჩენილა ნევროპათოლოგიის მიმართულება, რომელშიც თავისი სიტყვა არ ეთქვას. უცოდინრობას ვერც სხვებს პატიობდა. ალბათ ამიტომ, განსაკუთრებით დაუმეგობრდა ნინული ნინუას – ახალგაზრდა ექიმს, რომელიც შემდეგ თავადაც ცნობილი ნევროპათოლოგი გახდა და სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრას ჩაუდგა სათავეში.

ქალბატონმა ნინულიმ სიყვარულით და მოწიწებით გაიხსენა უფროსი კოლეგა:

– კათედრაზე ოცდასამი წლისა მივედი. რეზო უკვე ცნობილი ნევროლოგი და სახელგანთქმული მეცნიერი იყო. არათუ ახალბედებს, გამოცდილ კოლეგებსაც კი არ ზოგავდა, მოულოდნელად დაუსვამდა ხოლმე ჩამჭრელ კითხვებს. ამის გამო ბევრს ეშინოდა მისი. მე ეს არ ვიცოდი და ძალიან გავოცდი, როცა ახალგაცნობილმა რეზომ პაციენტის შემოვლაზე უცბად მაჯახა: აბა, არტერია მენინგეა მედიას ტოტი რომელიაო. მე დეიდის, სოფიო ენუქიძის გამოზრდილი ვიყავი (დეიდაჩემიც სიმონ ყიფშიძის მოწაფე გახლდათ, ცნობილი ნევროლოგი, აფაზიოლოგიაში მომუშავე პირველი ქალი დოქტორი) და, რა თქმა უნდა, ვერაფერში გამომიჭირა. მერე, ძალიან რომ შემაწუხა, იქით ვუსვამდი ხოლმე კითხვებს. გაოცებას ვერ მალავდა – ვინ არის, ნევროპათოლოგია ასე კარგად რომ იცისო. მხოლოდ კათედრის ხელმძღვანელმა, პეტრე ქავთარაძემ იცოდა ჩემი და სოფიოს ახლო ნათესაობის შესახებ. რეზომ ვერ მოისვენა, გამოიძია და ბოლოს გაარკვია ეს ამბავი.

მას შემდეგ დავმეგობრდით. ოცდაათი წელი ვიმუშავეთ ერთად. ერთობლივ ნაშრომებსაც ვაქვეყნებდით. გამოცემის საკითხს, როგორც წესი, თვითონ აგვარებდა... ერთად ვმუშაობდით სიმონ ყიფშიძის უზარმაზარ არქივზე, ვსწავლობდით და ვახარისხებდით პეტრე ქავთარაძის მიერ თავმოყრილ პაციენტთა ისტორებს, შემოვლების ჩანაწერებს, დღესა და ღამეს ვასწორებდით ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად და რა სამწუხაროა, რომ დღეს ეს არქივი აღარ არსებობს.

ერთხელ, ჯერ კიდევ ახალბედა ექიმი, პეტრე ქავთარაძემ ლენინგრადში, საერთაშორისო კონგრესზე გამგზავნა. ძალიან ვინერვიულე – მე ხომ მედიცინის კორიფეების წინაშე უნდა წარვმდგარიყავი მოხსენებით. რეზომ და ლეილა ბარამიამ – ჩვენმა თანამშრომელმა და საერთო მეგობარმა – როცა დაინახეს, როგორ ვღელავდი, მარტო არ გამიშვეს, თან გამომყვნენ. ლეილამ ხელკავით მიმაცილა კათედრამდე... მერეც ხშირად გვიწევდა კონფერენციებზე ერთად სიარული.

იმხანად რესპუბლიკურ საავდამყოფოსთან არსებობდა სამედიცინო კონსულტაციების საავიაციო სამსახური. უმძიმესი სამუშაო იყო, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლებოდა, საქართველოს რომელიმე რეგიონში გამოეძახეთ. ორი შვილის დედა ვიყავი და რეზო მზოგავდა, ხშირად ჩემ მაგივრად მიფრინავდა. ის იყო ჩემი ქალიშვილის, მანანა გორდეზიანის, საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, ხელმძღვანელობდა ჩემი ორი სადისერტაციო ნაშრომის რუსულიდან ქართულად თარგმნას. შესანიშნავად იცოდა ქართული ენა და ლიტერატურა და ყოველთვის ითხოვდა, ტექსტი ზედმიწევნით გამართული ყოფილიყო.

მალულადაც დამხმარებია: სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა რამაზ ხეცურიანმა კათედრის გამგის თანამდებობა შემომთავაზა. მე სასტიკი უარი განვაცხადე. მაშინ რეზომ რამაზთან შეთანხმებით მოაგროვა ჩემი საბუთები და კონკურსზე წარადგინა. ასე რომ, ფაქტის წინაშე დავდექი...

ოჯახი

– ახლობლებთანაც კი არ ღალატობდა თავშეკავება. არასოდეს გამიგონია მისგან უცენზურო ანეკდოტი, ბილწი სიტყვა... იყო საოცრად პატიოსანი, არავის პატიობდა თაღლითობას, პლაგიატს... მისი სიმკაცრე მეც გადმომედო და ექიმების შეცდომებზე მეტისმეტად მკაცრად ვრეაგირებდი.

სხვათა შორის, მეუღლე, ნელი ჯავახიშვილი, მე გავაცანი. ისიც ექიმი იყო, ჰემატოლოგი. ერთხელ გასინჯვა მთხოვა. ვიფიქრე, რა იქნება, ჩემ ნაცვლად რეზო რომ გავგზავნო, კარგი წყვილი გამოვა-მეთქი. ასეც მოვიქეცი. მერე საერთო ნაცნობებიც აღმოაჩნდათ... მოკლედ, ჩემმა ავანტიურამ გაამართლა – დაქორწინდნენ და სამაგალითო ოჯახი შექმნეს. რეზო არაჩვეულებრივი მეუღლე აღმოჩნდა. ნელიც შესანიშნავი ადამიანი იყო, ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე, ოჯახის ბურჯი, მეგობრების სული და გული... სანამ შვილები შეეძინებოდათ, კონფერენციებზეც დადიოდა ჩვენთან ერთად.

ორი ვაჟი გაზარდეს. რეზო გადაყოლილი იყო შვილებსა და შვილიშვილებს... უდიდესი სიყვარული შეეძლო, მაგრამ იშვიათად გამოხატავდა, უყვარდა ჩუმად, თავისთვის. ადამიანებიც და თავისი პროფესიაც.

მაღალი ზნეობის ადამიანი, ერთგული მეგობარი და მასწავლებელი – ასეთი იყო რეზო ჩემთვის.

რამდენიმე დამატებითი შტრიხი

– ძალიან ნიჭიერი, განათლებული, გონებამახვილი და მჭევრმეტყველი იყო რეზო, – იხსენებს ბატონი ხუტა პაჭკორია, – პოლემიკიდან თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა.

თავად საუკეთესო ნევროპათოლოგი, უშურველად გასცემდა ცოდნას, ამიტომ ორდინატურასა თუ ასპირანტურაში ყველა მასთან მოხვედრას ცდილობდა. მისი შემოვლები არა მხოლოდ სტუდენტებისა და ორდინატორებისთვის, არამედ გამოცდილი ექიმებისთვისაც დიდი სკოლა იყო. მის ლექციებს უამრავი ხალხი ესწრებოდა. ნევროლოგიის ისტორიის ბრწყინვალე მკვლევარმა, დატოვა ნაშრომები დიდ სიმონ ყიფშიძეზე, აკადემიკოს პეტრე ქავთარაძესა და სხვებზე. უზომოდ აფასებდა ბრწყინვალე კლინიცისტს, ნევროლოგ ნიკო ფოფხაძეს, მუდამ მოწიწებით იხსენიებდა უდიდეს ქირურგს, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას და თერაპევტ გიორგი მხეიძეს, რომლებსაც პროფესიონალიზმის მაგალითებად მიიჩნევდა.

ერთხელ ოთარი, რეზოს ძმა, გულმა შეაწუხა. გაიმართა კონსილიუმი, გაჩაღდა კამათი. ბოლოს ინფარქტი ივარაუდეს, გოგიმ კი გულდასმით მოუსმინა ოთარს და ფაქტობრივად მხოლოდ ამით დაუსვა პერიკარდიტის დიაგნოზი. ძნელად ამოსაცნობი დაავადებების დიაგნოსტიკაში ბადალი მართლაც არ ჰყავდა.

რეზო ფასდაუდებელი კონსულტანტი იყო სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის, რომლებსაც ნერვული სტატუსის კარგად მცოდნე ექიმი სჭირდებოდათ. ხშირად იწვევდნენ რაიონებშიც. განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ ზუგდიდში. მეგობრობდა ზუგდიდელების საყვარელ ექიმებთან – ვალიკო მეუნარგიასთან, სიმონ ჩიქოვანის ნამოწაფართან, რომელიც ზუგდიდში თავისივე დაარსებულ ნევროლოგიურ საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა, და მურმან ფონიასთან – ვალიკოს მოწაფესთან. მათი ორგანიზებით იმართებოდა გასვლითი სესიები ზუგდიდსა და სხვა რაიონებში. ორჯერ ვიყავი რეზოსთან ერთად კონფერენციაზე – 2007 და 2008 წლებში. ბრწყინვალედ ართმევდა თავს თავმჯდომარის მოვალეობას. როცა კონფერენციაზე ჩასვლას ვერ ახერხებდა, მიწვეულთა ნახევარი შეკრებას აღარ ესწრებოდა ხოლმე.

ოსტატობის კანდიდატი

– ერთხელ რეზომ თავისი ახალგაზრდობის დროინდელი ფოტო მაჩვენა, რომელზეც ფეხბურთელის ფორმაში ჩაცმულ თანაგუნდელებთან ერთად იყო გადაღებული. ასე გავიგე, რომ სტუდენტობისას თსსუ-ს ფეხბურთელთა ნაკრებში უთამაშია, რომლის კაპიტანიც ცნობილი ქირურგი ზაზა კახიანი იყო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჭადრაკს კიდევ უფრო უკეთესად თამაშობდა. ოსტატობის კანდიდატის წოდება ჰქონდა, რომლის მოპოვებაც მაშინ ძალიან ძნელი იყო. პიონერთა სასახლეში დადიოდა, ჭადრაკის წრეზე, სადაც გაიცნო ტიგრან პეტროსიანი, შემდგომში – მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. თითქმის თანატოლები იყვნენ და მეგობრობდნენ. იმ დროს თბილისში იყო ევაკუირებული ცნობილი მოჭადრაკე დავით ბრონშტეინიც. ასე რომ, საქართველოს დედაქალაქი ერთგვარ საჭადრაკო ცენტრად იქცა. რეზოს მოჭადრაკეთა წრეებში კარგად იცნობდნენ. იყო საქართველოს პრიზიორი მოსწავლეთა შორის, დიდების ტურნირებშიც მონაწილეობდა. ეგონათ, ჭადრაკს გაჰყვებოდა. მედიცინა არჩია, თუმცა ჭადრაკის სამყაროსთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა დიდ მოჭადრაკეს პირადად იცნობდა. მეგობრობდა გია ნადარეიშვილთან, საერთაშორისო დიდოსტატთან, რომელიც პროფესიით ნევროლოგი  იყო და საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდებაც ჰქონდა.

ერთხელ მოსკოვში იყო, ნევროლოგთა კონგრესზე. უცბად მის წინ შავი ლიმუზინი გაჩერდა და იქიდან სიხარულით გაბრწყინებული ტიგრანი გადმოვიდა. შინ დაპატიჟა, გზად ცნობილ ელისეევის მაღაზიაში შეიარა სურსათის საყიდლად.თანამშრომლები ფეხზე წამოუდგნენ ტიგრანს, გაუჩენელი გაუჩინეს... მოკლედ, რამდენიმე დღე უმასპინძლა და ბოლოს გამოაცილა. თვითონაც, თბილისში რომ ჩამოდიოდა, რეზოსთან რჩებოდა ხოლმე. ძალიან უყვარდა საქართველოც და ქართველი მოჭადრაკეებიც.

რეზო რეგულარულად მონაწილეობდა ქალაქის სპარტაკიადებში. სამედიცინო უნივერსიტეტის ნაკრების წევრი იყო. სტუდენტებს მთავარსარდალივით მიუძღვოდა ხოლმე წინ. ვინც არ იცნობდა, მწვრთელი ან გულშემატკივარი ეგონა. თამაშს რომ იწყებდა, – თანაც რა თამაშს, – მერეღა ხვდებოდნენ, რაშიც იყო საქმე.

ბედნიერი ცხოვრება განვლო. მისი ორი ვაჟიდან ერთი მამის კვალს გაჰყვა. სამ შვილიშვილს მოესწრო. მეუღლე ადრე გარდაეცვალა, რაც რეზომ ძალიან განიცადა. თავად კი 2014 წელს გავაცილეთ იმქვეყნად. კიდევ ერთმა შესანიშნავმა ექიმმა დაგვტოვა, არა მხოლოდ დიდმა ნევროპათოლოგმა, არამედ ქართული ნევროლოგიის ისტორიის მემატიანემ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: