შეგრენის სინდრომი
გააზიარე:
ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ნაცნობი ავტოიმუნური დაავადების ცნება. ეს ისეთი პათოლოგიური პროცესია, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა მტერსა და მოყვარეს ვეღარ არჩევს და საკუთარ ქსოვილებსა და უჯრედებს ესხმის თავს. ამჯერად გვინდა, ერთ ასეთ დაავადებაზე – შეგრენის სინდრომზე მოგიყვეთ.
სინდრომს სახელი შვედი ოფთალმოლოგის ჰენრიკ შეგრენის პატივსაცემად უწოდეს – მან 1951 წელს აღწერა მშრალი კერატოკონიუნქტივიტის მქონე 81 პაციენტი, რომელთაგან 50-ს ართრიტიც აწუხებდა.
როგორ ვლინდება
შეგრენის სინდრომის დროს პირველი დარტყმა ლორწოვან გარსებსა და იმ ჯირკვლებს ადგება, რომლებიც თვალისა და პირის ღრუს ლორწოვანის ტენიანობას უზრუნველყოფს. შედეგად თავს იჩენს თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალე. ამგვარად გამოხატულ შეგრენის სინდრომს პირველადს უწოდებენ, ხოლო როცა დასტურდება იმუნური სისტემის სხვა დაავადებაც, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ან წითელი მგლურა, საქმე გვაქვს მეორეულ შეგრენის სინდრომთან.
შეგრენის სინდრომი ქრონიკული პათოლოგიაა. მისი წამყვანი სიმპტომები ნერწყვისა და ცრემლის შემცირებულ გამოყოფასთანაა დაკავშირებული:
* თვალების სიმშრალეს თან ახლავს წვის, ქავილის ან ქვიშის ჩაცვენის შეგრძნება;
* პირის ღრუს სიმშრალის დროს პაციენტები ამბობენ, რომ პირში თითქოს ბამბა უდევთ. უჭირთ ყლაპვა და მეტყველება.
ზოგჯერ ამ სიმპტომებს ერთვის: სახსრების ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა; სანერწყვე, განსაკუთრებით – ყბისქვეშა და ყბაყურა ჯირკვლების შეშუპება; კანის სიმშრალე ან გამონაყარი, განსაკუთრებით – მზეზე ყოფნის შემდეგ; ვაგინალური სიმშრალე; ქრონიკული მშრალი ხველა; გახანგრძლივებული სისუსტე.
კლინიკურ სურათს ამძიმებს მოწევა, ფრენა, კონდიციონერი, ქარიანი ამინდი.
რა იწვევს
შეგრენის სინდრომი, როგორც ვთქვით, ავტოიმუნური პათოლოგიაა – ორგანიზმის იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებსა და უჯრედებს ესხმის თავს. მისი უშუალო მიზეზი დღემდე უცნობია. განსაზღვრული გენების არსებობა სინდრომისადმი გენეტიკურ განწყობას განაპირობებს, მაგრამ, როგორც ჩანს, დაავადების განვითარებისთვის საჭიროა გამშვები მექანიზმიც – ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია. სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლებსა და სახსრებთან ერთად შესაძლოა დაზიანდეს ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელები, ღვიძლი, ფილტვები, კანი, ნერვები.
რისკფაქტორები
შეგრენის სინდრომის განვითარების ალბათობა მაღალია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი, ორი ან სამივე რისკფაქტორის არსებობისას:
* ასაკი – ჩვეულებრივ, დაავადება დიაგნოზს 40 წლის შემდეგ იჩენს თავს;
* სქესი – უფრო ხშირია ქალებთან;
* სახსართა დაავადებები – შეგრენის სინდრომის განვითარებამდე ბევრს რევმატოიდული ართრიტი ან სისტემური წითელი მგლურა აღენიშნება.
გართულებები
შეგრენის სინდრომი ყველაზე ხშირად რთულდება:
* კბილების კარიესით – შეგრენის სინდრომის დროს, როგორც ითქვა, მცირდება ნერწყვის გამომუშავება, ნერწყვი კი კბილებს ბაქტერიების მავნე ზემოქმედებისგან იცავს;
* სოკოვანი, განსაკუთრებით – პირის ღრუს, კანდიდური ინფექციით;
* სინათლისადმი ზემგრძნობელობით, მხედველობის დაბინდვით, რქოვანას დაზიანებით.
უფრო იშვიათად მოსალოდნელია:
* პნევმონია, ბრონქიტი ან ფილტვის სხვა დაავადება;
* თირკმელების ფუნქციის გაუარესება;
* ჰეპატიტი, ციროზი;
* ლიმფური კვანძების სიმსივნე – ლიმფომა;
* ნეიროპათია (ეს უკანასკნელი ხელ-ფეხის დაბუჟების, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნებით გამოიხატება).
დიაგნოსტიკა
შეგრენის სინდრომის დიაგნოზის დასმა არც ისე ადვილია, რადგან კლინიკური სურათი მრავალფეროვანია, ზოგჯერ კი სხვა დაავადებისას ჰგავს. არსებობს ისეთი მედიკამენტებიც (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი, ორალური კონტრაცეპტივები), რომლების შეგრენის სინდრომის მსგავს გვერდით მოვლენებს იწვევს. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება დამატებითი კვლევები:
* სისხლის ანალიზით ფასდება სისხლის უჯრედების რაოდენობა, შეგრენის სინდრომისთვის დამახასიათებელი ანტისხეულების, ანთებითი პროცესის, თირკმლებისა და ღვიძლის პრობლემების არსებობა-არარსებობა.
* თვალების სიმშრალეს სპეციალური შიმერის ტესტის მეშვეობით ადგენენ – მცირე ზომის ფილტრის ქაღალდს ქვედა ქუთუთოს შიგნით ათავსებენ და აფასებენ მისი დანოტივების ხარისხს. ამასთან ერთად ათვალიერებენ რქოვანას.
* სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციას გამოსახვითი კვლევებით ამოწმებენ.
* ყბაყურა ჯირკვლებში შეჰყავთ სპეციალური საღებავი და რენტგენოლოგიურად ამოწმებენ, რამდენი ნერწყვი გამოიყოფა პირის ღრუში, თუმცა ეს მეთოდი, სიალოგრაფია, სულ უფრო იშვიათად გამოიყენება.
* რადიაქტიური იზოტოპის დახმარებით აფასებენ სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციას. ამ მეთოდს სცინტიგრაფია ეწოდება.
* ზოგჯერ ტარდება ბიოფსიაც – ტუჩის სანერწყვე ჯირკვლებიდან მცირეოდენი ქსოვილის აღება და მიკროსკოპით შესწავლა შეგრენის სინდრომისთვის დამახასიათებელი ანთებითი უჯრედების გამოსავლენად.
მკურნალობა
ბევრ პაციენტს თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალის სამართავად ურეცეპტოდ გასაცემი თვალის წვეთები და წყლის ხშირი სმაც ჰყოფნის, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა უფრო სერიოზული მკურნალობა, ქირურგიული ჩარევაც კი.
გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც:
* ამცირებს თვალების ანთებას – რეცეპტით გასაცემი თვალის წვეთები (ციკლოსპორინი, ლიფტეგრასტი) თვალების საშუალო და მძიმე სიმშარალის დროს;
* ზრდის ნერწყვის წარმოქმნას (პილოკარპინი, სევიმელინი), ზოგჯერ – ცრემლის წარმოქმნასაც. გვერდითი ეფექტებია ოფლიანობა, მუცლის ტკივილი, შარდვის გახშირება.
* სპეციფიკური გართულებების, მაგალითად, ართრიტის დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები (ასპირინი, ნაპროქსენი, იბუპროფენი) ან ართრიტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები, პირის ღრუს სოკოვანი ინფექციის დროს – სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები.
* როდესაც სახსრების ტკივილს თან ახლავს სისუსტე და გამონაყარი, მდგომარეობა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტირევმატოიდულმა პრეპარატებმა (ჰიდროქსიქლოროქინი – მედიკამენტი, რომელიც მალარიის სამკურნალოდ შეიქმნა), იმუნური სისტემის დამთრგუნველმა საშუალებებმა (მეთოტრექსატი).
ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება მცირემასშტაბიანი პროცედურა – წერტილოვანი ოკლუზია: კოლაგენის ან სილიკონის საცობებით ახშობენ საცრემლე სადინარებს, რაც არეგულირებს ცრემლის დრენაჟს და ამცირებს თვალების სიმშრალით გამოწვეულ დისკომფორტს.
ცხოვრების წესი და შინაური მოვლა
შეგრენის სიმპტომები უმეტესად ექვემდებარება შინაურ მოვლას:
* თვალების სიმშრალის შესამცირებლად გამოიყენება ხელოვნური ცრემლი ან თვალების ლუბრიკანტი (გამაპოხიერებელი) წვეთების, გელის ან მალამოს სახით. ლუბრიკანტს ისე ხშირად არ იყენებენ, როგორც ხელოვნურ ცრემლს, რადგან შედარებით სქელია და შესაძლოა, მხედველობის დაბინდვა გამოიწვიოს ან წამწამებზე დაგროვდეს. მის წასმას ძილის წინ ურჩევენ. თვალის წვეთებიდან კი უპირატესობა ენიჭება უკონსერვანტო პრეპარატებს, რომლებიც ზედმეტად არ აღიზიანებს თვალს. გარდა ამისა, რეკომენდებულია შენობის შიგნით ტენიანობის გაზრდა და ჰაერის პირდაპირი ნაკადის ზემოქმედების შემცირება, კონდიციონერისა და თმის საშრობის ნაკლებად გამოყენება, შინიდან გასვლისას დამცავი სათვალის გაკეთება.
პირის ღრუს სიმშრალის შესამცირებლად საჭიროა:
* მოწევის შეწყვეტა – სიგარეტი უფრო მეტად აღიზიანებს და აშრობს პირის ღრუს;
* მეტი სითხის, განსაკუთრებით – წყლის, მიღება;
* ყავის ან ალკოჰოლის შეზღუდვა, რადგან პირის ღრუს უფრო მეტად გამოშრობა მათაც შეუძლიათ;
* მჟავა სასმელების (კოკა-კოლა, ზოგიერთი სპორტული სასმელი) შეზღუდვა, რადგან მჟავა კბილის მინანქარს აზიანებს;
* ნერწყვის წარმოქმნის სტიმულირება – უშაქრო საღეჭი რეზინის ღეჭვა ნერწყვის გამოყოფის გასაძლიერებლად. ვინაიდან შეგრენის სინდრომის დროს მაღალია კარიესის განვითარების ალბათობა, უნდა შეიზღუდოს ტკბილეულის მიღება, განსაკუთრებით – კვებასა და კვებას შორის;
* ცხვირის ფიზიოლოგიური შესასხურებლების გამოყენება – ისინი ატენიანებენ და ასუფთავებენ ცხვირის გასავლებს და აიოლებენ ცხვირით სუნთქვას.
აუცილებელია პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. რეკომენდებულია:
* კბილების გამოხეხვა ყოველი ჭამის შემდეგ;
* სტომატოლოგთან რეგულარული სტუმრობა – წელიწადში, სულ მცირე, 2-ჯერ;
* პირის ღრუს ფთორის შემცველი და ანტიმიკრობული სავლებების გამოყენება.
მარიამ რამაზაშვილი