პანდემიები: ბრძოლისა და გამარჯვების ისტორია
გააზიარე:
დღეს, როდესაც კორონავირუსული დაავადების პანდემიის გამო სრულიად განსხვავებულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება და მუშაობა, უამრავ ჩვენგანს უჩნდება კითხვა: როგორ გაუმკლავდება მსოფლიო ამ გამოწვევას? როდემდე მოგვიწევს ცხოვრება ასე იზოლირებულად? გადავურჩებით თუ სახადივით მოვიხდით? ამ კითხვებზე პასუხს ჩვენს სტატიაში ვერ იპოვით, რადგან პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. მაგრამ შეგახსენებთ, რომ კაცობრიობამ უამრავი მძიმე დაავადება დაამარცხა: მალარია, ტიფი, შავი ჭირი, ყვავილი, ქოლერა, ესპანური გრიპი... მოგითხრობთ რამდენიმე მათგანზე, ყველაზე მეტად გავრცელებულსა და საშიშზე, რომელთა შესახებ დიდი ხანია აღარავის სმენია.
იუსტინიანეს ჭირი
VI საუკუნეში, 540-541 წლებში, როდესაც აღმოსავლეთ რომის იმპერიას იმპერატორი იუსტინიანე I განაგებდა, ეგვიპტისა და ეთიოპიის სიახლოვეს ახალმა, უცნობმა დაავადებამ იფეთქა და მალე პალესტინას და ბიზანტიასაც გადასწვდა, ბოლოს კი მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთს მოედო.
ისტორიული წყაროების თანახმად, უცნობ დაავადებას ლიმფური ჯირკვლების გადიდება, დიარეა და წყლულები ახასიათებდა. მას ვერსად დაემალებოდი – ვერც კუნძულზე, ვერც გამოქვაბულში და ვერც მთის მწვერვალზე. ის ყველგან აღწევდა და სიცოცხლეს ანადგურებდა.
მხოლოდ კონსტანტინოპოლში იუსტინიანეს ჭირმა მოსახლეობის 66% იმსხვერპლა, საერთო ჯამში კი ევროპაში 25 მილიონი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.
ეპიდემიამ სრულიად შეცვალა იმპერიის პოლიტიკური კურსი. იუსტინიანეს მიზანი იყო, ისტორიულ საზღვრებში აღედგინა რომის იმპერია, მაგრამ ჭრიმა დამანგრეველი ეკონომიკური შედეგი მოიტანა და ხელი შეუშალა ამ გეგმის განხორციელებას.
მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ჭირმა 50 მილიონი ადამიანი შეიწირა, რაც მაშინდელი მსოფლიოს მოსახლეობის 26% იყო.
შავი სიკვდილი
ევროპის მუზეუმებში თუ არა, ნახატებზე ან ფილმებში მაინც გექნებათ ნანახი ნიღბები, რომლებიც უცნაურ პრეისტორიულ ფრინველს მოგაგონებთ. ისინი არც ვენეციური კარნავალისთვის შექმნილა და არც ჰელოუინზე ავსულების დასაფრთხობად; ისინი XIV საუკუნის უდიდესმა განსაცდელმა – შავმა ჭირმა შვა. პანდემიას, რომელმაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში 75-დან 200 მილიონამდე ადამიანი, მაშინდელი მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი გამოასალმა სიცოცხლეს.
პანდემია გობის უდაბნოდან დაიწყო, ამჟამინდელი ჩინეთისა და მონღოლეთის საზღვართან ახლოს. როგორც ჩანს, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა საკვების დეფიციტმა ზაზუნები და სხვა მღრღნელები, რომლებიც ამ მიდამოებში ცხოვრობდნენ, აიძულა, ადამიანის საცხოვრებელ გარემოსთან უფრო ახლოს გადასახლებულიყვნენ. შავი ჭირის ბაქტერიის ბუნებრივი გადამტანი კი სწორედ მღრღნელების რწყილი გახლდათ. ვითარებას ის ართულებდა, რომ მონღოლები ზაზუნას ხორცს დელიკატესად მიიჩნევდნენ და სიამოვნებით შეექცეოდნენ. ასე რომ, მალე დაავადება ადამიანებს შორისაც გავრცელდა. თავდაპირველად მან ჩინეთი და ინდოეთი მოიცვა, მერე კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად ევროპაში შეიჭრა, რომელსაც ელვის სისწრაფად მოედო. მისთვის დამახასიათებელი იყო თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება, მაგრამ მთავარი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები სხვა ავადმყოფებისაგან გამოირჩეოდნენ, ჩირქიანი წყლულები – ბუბონები გახლდათ. ბუბონები იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში ჩნდებოდა. გამონაყარი თავდაპირველად ვარდისფერი იყო, მერე მეწამული ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეების მედიცინას პანდემიასთან ბრძოლისთვის არავითარი იარაღი არ გააჩნდა, ექიმები ავადმყოფების დახმარებას მაინც ცდილობდნენ, ამისთვის კი საჭირო იყო, თავად არ გამხდარიყვნენ შავი ჭირის მსხვერპლნი.
დაავადების გავრცელებას მიაზმებს აბრალებდნენ — მომაკვდინებელ ნაწილაკებს, რომლებსაც ხრწნადი სხეულები გამოყოფდა და რომლებიც ჰაერის საშუალებით ვრცელდებოდა. ეს უცნაური ფორმის ნიღბებიც სწორედ დასნებოვნებული ჰაერის შესუნთქვისგან თავის დასაცავად მოიფიქრეს. ნისკარტს ვარდის ფურცლებითა და ნელსურნელებით ავსებდნენ, რომ ხრწნის სუნი არ ეგრძნოთ.
მიაზმების თეორია მედიცინაში XIX საუკუნემდე ბატონობდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ ეპიდემიის ინფექციური აგენტი იყო ბაცილა Yერსინია პესტის, რაც შავი ჭირით გარდაცვლილთა ნარჩენების გამოკვლევამაც დაადასტურა.
მესამე პანდემია
შავი ჭირის მესამე ტალღამ 1855 წელს ჩინეთში, იუნიანის პროვინციაში იფეთქა ბუბონური და ფილტვის ჭირის სახით და მალე ყველა დასახლებულ კონტინენტს მოედო. მხოლოდ ჩინეთსა და ინდოეთში მან 12 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ეპიდემიამ რამდენიმე ათწლეული გასტანა. იმ დროს უკვე ცნობილი, იყო, რომ შავი ჭირის გავრცელებას ანტისანიტარია, ნესტი და ავადმყოფებთან სიახლოვე უწყობდა ხელს, თუმცა ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რა იწვევდა დაავადებას. XIX საუკუნის მიწურულს შვეიცარიელმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრე იერსენმა შავი ჭირის გამომწვევ ბაცილას მიაგნო და ისიც გაარკვია, როგორ ხდებოდა მისი გავრცელება, ეს კი მეცნიერებს ვაქცინის შექმნასა და შავ ჭირთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებაში დაეხმარა.
შავმა ჭირმა უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოს ისტორიაზე, ქვეყნების კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, ადამიანების რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებზე... თუმცა დღეს ის კაცობრიობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ თითქმის აღარ გვხვდება, არსებობს შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატებიც, რომელთა დროული გამოყენებისას ავადმყოფი იკურნება.
ყვავილი
ამ დაავადების წარმოშობის დროზე მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან, თუმცა ცნობილია, რომ მისი ისტორია ათასობით წელს ითვლის. ვარიოლა ვირუსით გამოწვეულ ამ მძიმე ინფექციურ დაავადებას XX საუკუნის 50-60-იან წლებამდე ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა.
ყვავილი გამონაყარს, ჭრილობებს, ღებინებას, ტკივილს, ცხელებას და სიბრმავესაც კი იწვევდა. დაავადების ლეტალურობა 20-დან 40 პროცენტამდე მერყეობდა, გამოჯანმრთელებულებსა და გადარჩენილებს კი კანი ნაწიბურებით ჰქონდათ დაფარული, რომლებიც მათ სამუდამოდ ამახინჯებდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყვავილი ძველეგვიპტური მუმიებისგან გავრცელდა და ინდოეთსა და ჩინეთში ის სწორედ ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს.
ყვავილის პირველმა ცნობილმა ეპიდემიამ IV საუკუნეში იფეთქა ჩინეთში. VI საუკუნეში დაავადებამ კორეაც მოიცვა. მერვე საუკუნეში კი ყვავილმა იაპონიის მოსახლეობის თითქმის მესამედს გაავლო მუსრი. ამის შემდეგ ის ევროპაშიც გავრცელდა და მილიონობით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. XV საუკუნის ევროპაში ყვავილი უკვე ჩვეულებრივ სახადად მიიჩნეოდა, რომლითაც თითქმის ყველა ავადდებოდა სიცოცხლეში ერთხელ.
ევროპიდან ყვავილი ამერიკის კონტინენტზეც გავრცელდა, სადაც XVI საუკუნის 20-იან წლებში აბორიგენთა მთელი ტომები გაანადგურა.
ყვავილის ვაქცინა XVIII საუკუნეში ექიმებმა სუტონმა და ფიუსტერმა შექმნეს. ისინი დიდხანს აკვირდებოდნენ დაავადებას, რომლითაც ძროხები და ცხენები ავადობდნენ და რომელიც ძალიან ჰგავდა ყვავილს. ძროხისა და ცხენის ყვავილი ხშირად ადამიანებსაც (მწველავებს, ჯარისკაცებს, მეჯინიბეებს) ემართებოდათ. თუმცა ცხოველებიც და ადამიანებიც მისგან ადვილად იკურნებოდნენ, ძროხის ყვავილგადატანილ ადამიანს კი ადამიანის ყვავილი აღარ ხვდებოდა.
ეს დაკვირვება სუტონმა და ფიუსტერმა ლონდონის სამედიცინო საზოგადოებას გაცნეს, თუმცა მათი მოსაზრება სერიოზულად არავის მიუღია.
მათგან დამოუკიდებლად ყვავილის ეს თავისებურება ინგლისელმა ექიმმა და ნატურალისტმა ედვარდ ჯენერმაც შეამჩნია და გადაწყვიტა, ძროხის ყვავილით ადამიანი აეცრა. ასეც მოიქცა: ძროხის ყვავილი, რომლის ნიმუშიც მწველავისგან აიღო, 8 წლის ბიჭუნას ჯეიმს ფიპსს შეუყვანა. ბავშვი ძროხის ყვავილით დაავადდა და გამოჯანმრთელდა კიდეც. სამაგიეროდ, იმავე წლის ივლისში, როდესაც მას ნატურალური ყვავილის ვირუსი შეუყვანეს, ბავშვის ორგანიზმი მდგრადი აღმოჩნდა დაავადების მიმართ.
საქართველოში ყვავილის ვაქცინა ევროპელმა მეცნიერებმა და კათოლიკე მღვდლებმა შემოიტანეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ დაავადებაზე აცრეს, იყო ერეკლე მეორის შვილი, იულონ ბატონიშვილი.
XIX საუკუნიდან ჩრდილოეთ ამერიკასა და მთელ ევროპაში ყვავილის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.
მიუხედავად ამისა, ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში (სადაც ნატურალური ყვავილი ენდემურ დაავადებად ითვლება) მომდევნო 200 წლის განმავლობაში ამ დაავადებამ კიდევ მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. მხოლოდ XX საუკუნეში მსხვერპლმა 500 მილიონს მიაღწია. 1967-1979 წლებში 300 მილიონამდე ამერიკული დოლარი დაიხარჯა ყვავილის ლიკვიდაციისთვის. დღეისთვის ის დამარცხებულია. მისი უკანასკნელი შემთხვევა 1979 წელს აღირიცხა.
ქოლერა
XIX საუკუნის ოციან წლებში მსოფლიოს ახალმა ეპიდემიამ შეუტია. დაავადება, რომელსაც დიარეით, ღებინებით, ორგანიზმის გაუწყლოებით, ტემპერატურისა და არტერიული წნევის დაცემით, საერთო სისუსტით, კრუნჩხვებით, ტაქიკარდიით, კანის სიმშრალით და თავბრუხვევით მიმდინარეობდა, პირველად ბენგალში აღირიცხა 1817 წელს, იქიდან კი მთელ ინდოეთს, ჩინეთს, მალაიზიასა და კასპიის ზღვის ქვეყნებს მოედო. 1826 წლისთვის მხოლოდ ინდოეთში ქოლერით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა. ეს საშიში დაავადება, რომელსაც ქოლერის გამომწვევი ადამიანის კუჭ-ნაწლავში დაბინძურებული წყლისა და საკვების საშუალებით ხვდებოდა.
ქოლერის საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 2-3 დღე-ღამე გახლდათ. ტიპიურ შემთხვევაში დაავადება იწყებოდა ინტენსიური წყლისებრი ფაღარათით (30-40-ჯერ დღე-ღამეში), რასაც პირღებინება ერთვოდა. ორგანიზმის გაუწყლოებისა და მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვის შედეგად წნევა და ტემპერატურა ეცემოდა, იწყებოდა ქოშინი, კრუნჩხვა, ავადმყოფს თვალები და ლოყები უცვივდებოდა, ნელ-ნელა კარგავდა სმენას, ებინდებოდა გონება, კომაში ვარდებოდა და ბოლოს კვდებოდა.
XIX-XX საუკუნეებში მსოფლიოში ქოლერის 7 პანდემია აღირიცხა. საქართველოში ქოლერა პირველად 1840 წელს გავრცელდა. ის მთელ ოჯახებს და გვარებსაც კი ანადგურებდა იხოცებოდნენ. გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა ვიცით, რომ სიკვდილიანობა ძალიან დიდი იყო.
ქოლერის მეორე ეპიდემია 1919 წელს დაიწყო. ერთი ვერსიით, დაავადება უცხოელებმა შემოიტანეს თბილისში და ადგილობრივ მოსახლეობას გადასდეს. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ეპიდემიიის წყარო დაბინძურებული მტკვრის წყალი იყო, რომელსაც იმხანად სასმელადაც იყენებდნენ.
თბილისს ქოლერასთან ბრძოლის გამოცდილება უკვე ჰქონდა და შესაბამისი ზომებიც მალევე მიიღეს: ქარხნებისა და ფაბრიკების მეპატრონეებს აეკრძალათ მუშებისთვის აუდუღარი წყლის მიწოდება. ზედმიწევნით კონტროლდებოდა სანიტარიული მდგომარეობა. იმდროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ქოლერის დროს შემოღებული წესების დაცვასა და დამრღვევებთან ბრძოლაში. ხალხს აფრთხილებდნენ, რომ არ ეჭამათ ხილი, რომელსაც ბუზები ასხდებოდნენ. ესვათ მხოლოდ გადადუღებული წყალი, დროულად გაეტანათ ნაგავი და ა.შ.
ქოლერა ორთაჭალის ციხეშიც გავრცელდა. პატიმრებს დაენიშნათ უფრო ხშირად ბანაობა, აეკრძალათ უმი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, აუდუღარი წყლის სმა.
დღეს ქოლერა დამარცხებულად მიიჩნევა. მისი შემთხვევები ძალიან იშვიათია, არსებობს ქოლერის ვაქცინაც, ავადმყოფებს კი ანტიბიოტიკებითა და რეჰიდრატაციული პროცედურებით წარმატებით მკურნალობენ.
ნინო ბაზერაშვილი