კანქვეშა სისხლჩაქცევები
გააზიარე:
ადამიანთა უმრავლესობას ტრავმის შემდეგ კანქვეშ მცირე სისხლჩაქცევა რჩება. ის, როგორც წესი, საშიში არ არის და სახლის პირობებშიც ადვილად იკურნება. მაგრამ თუ სისხლჩაქცევა ძლიერია, სპონტანური ან ქრონიკულად ჩნდება, სამედიცინო ჩარევა აუცილებელია, რომ საშიში გართულება თავიდან ავიცილოთ.
რა არის კანქვეშა სისხლჩაქცევა?
როდესაც სისხლძარღვის კედლის მთლიანობა ირღვევა, სისხლი ახლომდებარე ქსოვილებსა და სივრცეებში იღვრება. მედიცინაში ამ მოვლენას ჰემორაგიას უწოდებენ.
როდესაც ჰემორაგია უშუალოდ კანქვეშ ვითარდება, სისხლი კანში ხვდება და ფერს უცვლის. ამ დროს კანის ფერი, როგორც წესი, წითლის, ლურჯის, შავის, იისფერის ნაზავია. ფერი და ფერშეცვლილი ადგილის ზომა დამოკიდებულია სისხლდენის ინტენსივობასა და ხარისხზე, გახეთქილი სისხლძარღვების რიცხვსა და ტიპზე. რამდენიმე მცირე კაპილარის დაზიანებისას ჩნდება პეტექიები – მცირე ზომის (2 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის) წითელი წერტილები. თუ ერთ უბანზე უფრო მეტი კაპილარი გასკდა, ვითარდება პურპურა – შედარებით მოზრდილი (2 მმ-დან 1 სმ-მდე დიამეტრის) მეწამული ლაქა. ახლო-ახლო მდებარე კაპილარების უფრო დიდი რაოდენობით დაზიანებისას კანქვეშა სივრცეში დაგროვილი სისხლი წარმოქმნის ეკქიმოზს – სხვადასხვა ზომის ლურჯი, მეწამული და შავი ლაქების ჯგუფს.
სისხლჩაქცევის უბანი უმეტესად რბილია. შესაძლოა, ოდნავ შეშუპდეს.
სისხლნაჟღენთების უმრავლესობა თავდაპირველად მოწითალოა, მაგრამ რამდენიმე საათში მუქდება, მოლურჯო-მოშავო ელფერს იღებს, ალაგებისას კი მეწამულიდან მომწვანო-მოყვითალოში გადადის.
სისხლნაჟღენთის ალაგებისთვის საჭირო დრო რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე მერყეობს და მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. საშუალო სიმძიმის სისხლნაჟღენთის გაქრობას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. ქვედა კიდურებზე არსებული სისხლნაჟღენთები კიდევ უფრო მეტ დროს მოითხოვს.
სისხლჩაქცევები უმეტესად იმ ადგილებზე ჩნდება, სადაც სისხლი უფრო ადვილად გროვდება, მაგალითად, თვალებქვეშ ან სარძევე ჯირკვლის გარშემო. სხეულის ქსოვილებში ან ღრუებში გაჩენილი სისხლჩაქცევა ჰემატომაა. ეს უფრო მძიმე მდგომარეობაა და განპირობებულია უფრო დიდი სისხლძარღვების დაზიანებით.
რა იწვევს
ყველაზე ხშირად კანქვეშა სისხლჩაქცევის მიზეზია:
* სპორტი (კონტაქტური სახეობა);
* ვარჯიში;
* დაცემა ან მოსრიალება;
* მაგარ საგანთან შეჯახება;
* შეუსაბამო ზომის სათვალე, ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი;
* ალერგიული რეაქციები;
* მშობიარობა;
* სამედიცინო მოწყობილობები: ბრეკეტები, ყავარჯნები;
* დაბერება;
* დაძაბვა ღებინების, ხველების ან ტირილის დროს.
კანქვეშა სისხლჩაქცევა ასევე შეიძლება გაჩნდეს ქიმიოთერაპიის, რადიაციული თერაპიის, ოპერაციის შემდგომ ან ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის დროს.
ზოგიერთი დაავადება და მედიკამენტი გავლენას ახდენს თრომბების წარმოქმნის უნარზე, რასაც შეუძლია, ჭარბი ან სპონტანური სისხლდენა და სისხლჩაქცევა გამოიწვიოს.
დაავადებათაგან ასეთია:
* ლეიკემია;
* სისტემური წითელი მგლურა;
* ჰემოფილია;
* თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები;
* აპლაზიური ანემია;
* დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება;
* თრომბოციტოპენიური პურპურა;
* ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი;
* K, B12 ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი;
* ვასკულიტი;
* მენინგიტი;
* ლარინგიტი;
* ქუნთრუშა;
* ინფექციური ენდოკარდიტი;
* ენტეროვირუსული ინფექცია;
* მარფანის სინდრომი;
* ელერს-დანლოს სინდრომი;
* ფონ ვილებრანდის დაავადება.
მედიკამენტებიდან სისხლჩაქცევის რისკს ზრდის:
* ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი, დიკლოფენაკი);
* სისხლის გამათხელებელი საშუალებები და ანტიკოაგულანტები (ასპირინი, კლოპიდოგრელი, აპიქსაბანი, რივაროქსაბანი, ვარფარინი, ჰეპარინი);
* სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები.
კანქვეშა სისხლჩაქცევის გაჩენის სხვა რისკფაქტორებია:
* ფიზიკური შრომა, მაგალითად, მშენებლობა;
* 65 წელზე უფროსი ასაკი;
* ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
* თამბაქოს წევა;
* ზოგიერთი საკვები დანამატის, მაგალითად, E ვიტამინის, თევზის ქონის, გინკგო ბილობას, ნივრის, კრაზანას შემცველი დანამატების ჭარბი მიღება.
დიაგნოზი
კანქვეშა სისხლჩაქცევის არსებობისას ექიმი თავდაპირველად სინჯავს პაციენტს, იკვლევს მის სამედიცინო ისტორიას დაზიანებისა და დაჟეჟილობის შესაძლო მიზეზის გამოსავლენად, ყველა თანმხლებ სიმპტომს, ისეთებსაც კი, რომლებიც ერთი შეხედვით არ უკავშირდება აღნიშნულ პრობლემას, აზუსტებს და ოჯახურ ანამნეზს, ინფორმაციას მედიკამენტების მოხმარებაზე, გადატანილ ოპერაციასა თუ ტრავმაზე, მცენარეული დანამატებისა თუ ბუნებრივი საშუალებების გამოყენებაზე. თუ სისხლჩაქცევა ბევრია ან ხშირად ჩნდება, ექიმმა უნდა გამორიცხოს ფიზიკური ძალადობაც.
სამედიცინო მდგომარეობის დასადგენად შეიძლება დაიგეგმოს:
* სისხლის საერთო ანალიზი (თრომბოციტების რაოდენობის დასადგენად);
* კოაგულოგრამა;
* შარდის საერთო ანალიზი;
* ძვლის ტვინის ბიოფსია;
* რენტგენოგრაფიული ან ულტრაბგერითი კვლევები.
მკურნალობა და შინაური მოვლა
მცირე ზომის სისხლჩაქცევის ან დაჟეჟილობის სამკურნალო სპეციფიკური წამალი არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი შინაური საშუალება ამცირებს ტკივილს და შეშუპებას და აჩქარებს განკურნებას.
ნაცადი საშუალებებია:
* ყინულის პაკეტის დადება სისხლჩაქცევის ადგილას გაჩენიდან რაც შეიძლება მალე, 10-15 წუთის განმავლობაში. გამეორება დღეში რამდენჯერმე შეიძლება. მოყინვის თავიდან ასაცილებლად ყინულის პაკეტი პირსახოცში ან ქსოვილის ნაჭერში უნდა გაახვიოთ;
* დაზიანებული ადგილის დაცვა მაღალი ტემპერატურისგან ორი-სამი დღის განმავლობაში;
* თბილი კომპრესის დადება დაზიანებულ ადგილას დღეში რამდენჯერმე, 20 წუთით, მას შემდეგ, რაც ტკივილი და შეშუპება გაივლის (ანუ ტრავმიდან ორი-სამი დღის შემდეგ);
* სისხლჩაქცევის მსუბუქი მასაჟი დღეში რამდენჯერმე, მას შემდეგ, რაც ტკივილი და შეშუპება გაივლის.
ამასთან ერთად, რეკომენებულია:
* ანტიოქსიდანტებით – A (რძის პროდუქტები, კვერცხი), ჩ (კენკრა, ფორთოხალი) და E (თხილი, მზესუმზირა, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული) ვიტამინებით – მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის მიღება;
* მოწევისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, განსაკუთრებით – ტრავმის მიღებიდან პირველი სამი დღე;
* 24 საათის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება;
* გაწოვისა და მოშუშების ეფექტის მქონე მცენარეული საცხის წასმა დღეში რამდენჯერმე, სანამ სისხლჩაქცევა გაივლის.
სისხლდენასთან ან სისხლჩაქცევასთან დაკავშირებული მდგომარეობების სამართავად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებას ექიმები არ გვირჩევენ.
უფრო მძიმე კანქვეშა სისხლჩაქცევის დროს, ასევე მაშინ, როდესაც ის ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სამედიცინო მდგომარეობებით არის განპირობებული, ექიმი ადგენს ინდივიდუალურ გეგმას. დიდი ზომის სისხლჩაქცევის დროს ზოგჯერ ოპერაციული ჩარევაც ხდება საჭირო.
როდის მივმართოთ ექიმს
მცირე ზომის კანქვეშა სისხლჩაქცევა იშვიათადაა საშიში, თუმცა ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ორ კვირაზე მეტია აქვს კანქვეშა სისხლჩაქცევა აშკარა მიზეზის გარეშე, კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოს. პირები, რომლებიც სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს იღებენ და ხშირ ან მძიმე სისხლჩაქცევებს უჩივიან, ასევე სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ექიმთან მისვლა საჭიროა მაშინაც, როდესაც ჰემატომას თან ახლავს:
* ძლიერი ტკივილი;
* სისხლი შარდში ან განავალში;
* ღრძილებიდან სისხლდენა;
* კიდურების შეშუპება;
* დროთა განმავლობაში სისხლჩაქცევის ირგვლივ კანის გამუქება;
* ცხელება;
* გულისრევა ან ღებინება;
* სისხლდენა;
* დიდი გამობერილობა, კოპი;
* თავბრუხვევა ან გულის წასვლა;
* ძვლების ან სახსრების ტკივილი.
უეცარი, აუხსნელი წარმოშობის, მძიმე სისხლჩაქცევა დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
მარიამ რამაზაშვილი