როგორ შევარჩიოთ სპორტული სამოსი?

გააზიარე:

თუ გადაწყვიტეთ, ვარჯიშს სერიოზულად მოჰკიდოთ ხელი და სტაბილური ფიზიკური დატვირთვით არა მხოლოდ სხეულის ფორმები, არამედ განწყობაც გაიუმჯობესოთ, უპირველეს ყოვლისა, მოხერხებული ტანსაცმელი დაგჭირდებათ. მნიშვნელობა არ აქვს, ფიტნესდარბაზში ჩაეწერებით თუ შინ, ტრენაჟორზე ვარჯიშით დაიკლებთ ჭარბ კილოგრამებს – სწორად შერჩეული სამოსი ყველგან გამოგადგებათ.

გაითვალისწინეთ, რომ სპორტული სამოსი ზედმიწევნით მოხერხებული უნდა იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, აუცილებლად განიერი ტანსაცმელი გვეცვას. პირიქით, უმჯობესია, ტანზე მომდგარი, მაგრამ წელვადი ფაქტურის სამოსი შევარჩიოთ, რომელიც მოძრაობის თავისუფლებას არ შეგვიზღუდავს. სპორტული ტანსაცმელი სხეულს კანივით უნდა იყოს მორგებული, არსად გიჭერდეთ და არც კანს გიხეხავდეთ.

  • საუკეთესო ქსოვილი

ვარჯიშის დროს ხელოვნური ბოჭკოს სამოსი უფრო მოხერხებულია, ვიდრე ნატურალური ქსოვილისა. მაგალითად, ნატურალური ბამბის მაისური კანს სუნთქვის შესაძლებლობას აძლევს და კარგად იწოვს სისველეს, თუმცა ტენის დიდხანს შენარჩუნების თვისებაც აქვს, რაც საკმაოდ არასასიამოვნოა _ დამძიმებული და სველი სამოსი ვარჯიშის დროს დისკომფორტს შეგიქმნით და შესაძლოა, კანიც გაგიღიზიანოთ.
თანამედროვე სპორტული ტანსაცმელი, რომელიც სპეციალური სინთეტიკური ქსოვილებისგან მზადდება, ჰაერის კარგი გამტარია და სწრაფადაც შრება, ამასთან, მსუბუქი და ელასტიკურია.
ზოგი სინთეტიკური მასალა საგანგებოდ ორგანიზმიდან ოფლის ჭარბად გამოსადევნად არის შექმნილი. ასეთი ქსოვილი ტენს იწოვს, თუმცა, ბამბისგან განსხვავებთ, სწრაფადაც აორთქლებს. თუ სწორედ ასეთი სპორტულების შეძენა გსურთ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ეტიკეტზე იყოს ამ თვისების დამადასტურებელი მინიშნება – COOLMAX და SUPPLEX. ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია ქსოვილის შესახებ. სასურველია მის შემადგენლობაში არ იყოს რეზინი, რადგან ის ტენის შეწოვას და, მით უფრო, აორთქლებას ხელს უშლის და სხეულს მაღალ ტეპერატურას უნარჩუნებს.

  • სპორტული ნაკრები

სპორტული ტანსაცმლის სრული კომპლექტი შედგება ტოპისგან, შორტებისგან ან ელასტიკისგან, ქურთუკისა და შარვლისგან.
თუ ღია ცის ქვეშ ვარჯიშობთ, ცივ ამინდში, სანამ გულისცემა გახშირდება და სხეულის ტემპერატურა მატებას დაიწყებს, სასურველია გეცვათ ქურთუკი ან ჟილეტი, რომელიც სიცივისგან დაგიცავთ და რომელსაც იოლად გაიხდით, თუ დაგცხებათ.
სიცივეში ყოველთვის დაიფარეთ თავი, ყურები და ხელები.
სველ და ქარიან ამინდში შეარჩიეთ საწვიმარი, რომელიც ნანოტექნოლოგიური ბოჭკოსგან არის შექმნილი და ჰაერისა და წყლის მოლეკულებს მხოლოდ ერთი მიმართულებით ატარებს – წვიმა არ დაგასველებთ, ქურთუკის შიგნით კი სათბურის ეფექტი არ წარმოიქმნება და სხეული არ გადახურდება.
ასე რომ, სეზონური სამოსი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც ტოპი და შორტია.

  • ტოპი

ცნობილია, რომ ქალების უმრავლესობა ტოპს ფერისა და ბრენდის მიხედვით არჩევს. აკვირდება, რამდენად უხდება თვალის ფერს, შორტს, ტრენაჟორს ან, საერთოდ, ინტერიერს... ტოპის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები კი ავიწყდებათ.
აი, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტოპი სწორად იყოს შერჩეული, არ დავიზიანოთ მკერდის რბილის ქსოვილი, არ გამოვიწვიოთ მისი დეფორმაცია და ტკივილი და, ამასთან, ვარჯიშის დროს მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნოთ თავი:

  • უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ, რომელი მოვირგოთ სამი სხვადასხვა ტიპის ტოპიდან (ბიუსტჰალტერიდან). თუ შედარებით პატარა მკერდი გაქვთ ან მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა გაქვთ განზრახული, მაგალითად, გსურთ დაკავდეთ იოგათი, პილატესით ან ველოტრენაჟორზე ივარჯიშოთ, შეარჩიეთ მაისურის ფორმის ტოპი, რომელსაც ცალკე გამოყოფილი ფიალები არ აქვს. საშუალო სიმტკიცის ბიუსტჰალტერი შედარებით აქტიური ვარჯიშისთვის, მაგალითად, აერობიკისა და სირბილისთვის არის გათვალისწინებული, ხოლო მტკიცე, ფიალებიანი ტოპი აქტიური ვარჯიშისა და დიდი ზომის მკერდისთვის არის გათვლილი.
  • სპორტული ბიუსტჰალტერი ხარისხიანი ქსოვილისაგან იკერება, რომელიც კარგად იწოვს სისველეს და სხეულს სიგრილეს უნარჩუნებს. სასურველია, ტოპს ნაკერები შიგნითა მხარეს არ ჰქონდეს. იმასაც მიაქციეთ ყურადღება, ზურგზე ბადისებური ქსოვილი თუ დაჰყვება – ეს დეტალი ოფლის ზომიერ გამოყოფასა და სწრაფ აორთქლებას შეუწყობს ხელს.
  • სასურველია, სარტყელისა და სამხრეების სიგანე 4-5 სმ იყოს, წვრილმა ზონრებმა სხეულზე ნაჭდევები რომ არ დაგიტოვოთ. თუ სარტყელის სიგრძე შესაკრავით რეგულირდება, გაითვალისწინეთ, რომ მან კანი არ უნდა დააზიანოს. სასურველია, ის კაუჩუკისა ან რეზინისა იყოს. ამასთან, შეამოწმეთ, რამდენად საიმედოდ იკვრება, რომ ვარჯიშის დროს მოულოდნელად არ გაიხსნას და უხერხულობა არ შეგიქმნათ.
  • ტოპის შერჩევისას გაითვალისწინეთ სხვა ნიუანსებიც:
  • ხელების თავს ზემოთ აწევისას ტოპის ქვედა სარტყელი მაღლა არ უნდა იწეოდეს. ამასთან, რბილი უნდა იყოს და იმდენად ფართოც, რომ მკერდთან ხელისგული გეტეოდეთ. სამხრეები მტკიცე უნდა იყოს და მხრებიდან არ ვარდებოდეს. ხარისხიანი ტოპი მჭიდროდ უნდა აფიქსირებდეს მკერდს.

შორტი
თეძოსა და დუნდულების ფორმის კორექციისთვის არა მხოლოდ სწორ ვარჯიშს, არამედ სწორად შერჩეულ სპორტულ ტანსაცმელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი ქსოვილია. ის ოფლის ჭარბ გამოყოფასა და აორთქლებას უნდა უწყობდეს ხელს. სასურველია, ნაკერები გარეთ ჰქონდეს, რომ მუდმივი ზემოქმედებით არ გახეხოს და გააღიზიანოს კანი. ყურადღება მიაქციეთ სარტყელს. სასურველია, ის ბრტყელი და რბილი იყოს, რომ სხეულზე ნაჭდევები არ დატოვოს.

  • ფეხსაცმელი

თუ ფიტნესტრენაჟორებზე ვარჯიშს გეგმავთ, იოგას ან პილატესს ანიჭებთ უპირატესობას, ნებისმიერი მოხერხებული, რბილი ფეხსაცმელი გამოგადგებათ, რომელიც პრიალა ზედაპირზე არ სრიალებს და ფეხს საიმედოდ აფიქსირებს, მაგრამ თუ სირბილი გადაწყვიტეთ ან ფიზიკური დატვირთვის აქტიური ფორმა აირჩიეთ, მაგალითად, ცეკვა ან აერობიკა, ფეხსაცმლის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • სარბენი ბოტასი

უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ, რამდენად მსუბუქია ფეხსაცმელი და რამდენად დრეკადია მისი ლანჩა. ამასთან, მთავარი კრიტერიუმები ამორტიზების ამპლიტუდა და კარგი ვენტილაციის უნარია. სპეციალური ზამბარისებური ლანჩა სირბილის დროს წვივსა და სახსრებზე დარტყმის ძალას ამცირებს. ამორტიზატორები უმთავრესად ქუსლთან და ფეხის თითებთან არის განლაგებული.
ფეხსაცმლის ძირზე საუსრველია ამობურცული ნაწილის _ სუპინატორის არსებობა. ის ფეხსაცმლის ძირთან ტერფის სრულფასოვან კონტაქტს უზრუნველყოფს, შესაბამისად, ფეხსაცმელზე თანაბრად ნაწილდება სხეულის სიმძიმე და ხერხემლის დატვირთვა მცირდება.

ღია ცის ქვეშ, ბუნებაში სირბილისას შეარჩიეთ შედარებით მყარძირიანი ბოტასი, რომელსაც საიმედო მოჭიდება აქვს.

მასალა, რომლისგანაც ბოტასის ზედა ნაწილია დამზადებული, სასურველია ნატურალური ან ბადისებური ქსოვილისა იყოს. მთავარია, ჰაერის კარგი ვენტილაცია უზრუნველყოს. შიდა ჩანართიც არ უნდა სრიალებდეს და ტერფს საიმედოდ აფიქსირებდეს.

მან, ვისაც ტერფის მაღალი თაღი აქვს, სასურველია, მაქსიმალური ამორტიზაციის მქონე ფეხსაცმელი აირჩიოს. ამ კატეგორიის ფეხსაცმელს ეტიკეტზე შესაძლოა ჰქონდეს წარწერა flexible ან cusioned.
თუ, პირიქით, დაბალი თაღი გაქვთ, გახსოვდეთ, რომ ბრტყელტერფიანობის ფონზე სირბილი ტრავმის რისკს წარმოშობს. შეარჩიეთ კატეგორია motion control ან stabillity, რომელიც დაიცავს ტერფსა და ხერხემალს დაღლილობისგან, კუნთებს დაჭიმვისა და ტრავმებისგან.

შეარჩიეთ კატეგორია neutral _ (ნეიტრალური), თუ ტერფის თაღი სტანდარტული ზომისაა.

გაითვალისწინეთ, რომ განსაზღვრული ხნის შემდეგ სარბენი ფეხსაცმელი უნდა გამოცვალოთ, რადგან ძველი, ფორმადაკარგული და გაცვეთილი ბოტასი ტრავმებისგან სათანადოდ ვერ დაგიცავთ.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: